დაფნა დიუ მორიეს მოთხრობა „ჩიტები“ 1952 წელს გამოქვეყნდა. „ჩიტები“ აპოკალიფსური ამბავია, რომელშიც კორნუოლში მომხდარი უჩვეულო მოვლენების შესახებაა მოთხრობილი. უფრო კონკრეტულად, აქ ჩიტები უმიზეზოდ და სასტიკად ესხმიან თავს ადამიანებს.
მოთხრობის მიხედვით, ზუსტად 60 წლის წინ, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო ალფრედ ჰიჩკოკმა.
როგორც ამბობენ, ჩიტები პლანეტის ჯანმრთელობის ბარომეტრები არიან. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 2022 წლის მონაცემებით, ჩიტების სახეობების ნახევარზე მეტის პოპულაცია სულ უფრო და უფრო მცირდება. დიუ მორიეს მოთხრობის გადაკითხვა გვარწმუნებს, რომ მწერალმა დღევანდელი ეკოლოგიური პრობლემები დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა.
1989 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მოჯადოებული კორნუოლი“ დაფნა დიუ მორიე იხსენებს, რა იქცა მისთვის შთაგონების წყაროდ. მან ნახა სცენა, რომელმაც მოთხრობის დაწერისკენ უბიძგა – ტრაქტორი მიწას ამუშავებდა და ამ დროს გარშემორტყმული იყო ახმაურებული თოლიებით. ეს ეპიზოდი მის მოთხრობაშიც მოხვდა. ტრაქტორი ტექსტში მექანიზაციის სიმბოლოდ გვევლინება, ბუნებრივ გარემოში უხეშ ჩარევასა და შეუქცევად ცვლილებებს გამოხატავს. ჩიტების ქცევის ცვლილება კი დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექნოლოგიური განვითარების გავლენასთან.
ისტორიკოსი ჯონ რობერტ მაკნილი თავის წიგნში „რაღაც ახალი მზის ქვეშეთში“ განმარტავს, რომ აგრიკულტურამ და ეკოლოგიურმა ცვლილებებმა 1950-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად შეცვალა ცხოველების მდგომარეობა. მათი გადარჩენის შანსები და რეპროდუქცია დამოკიდებული გახდა იმაზე, რამდენად ახერხებდნენ ადამიანების ქმედებებთან შეგუებას.
„ჩიტების“ ცენტრალური ფიგურა ნეთ ჰოქენია, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც მიწას ამუშავებს და ჩიტების უჩვეულო ქცევას აკვირდება. მას ერთ-ერთი პერსონაჟი, უსახელო ტრაქტორისტი ეუბნება, რომ შეშინებული ვეღარ ხედავდა, რა ხდებოდა. ჩიტების თავდასხმა და ხედვის შეუძლებლობა მეტაფორაა – მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები ვერ ხედავენ იმ ცვლილებებს, რომლებიც ბუნებაში ხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ნეთი, სხვებისგან განსხვავებით, ტექნოლოგიების გამოყენებას ტრადიციულ მეთოდებს ამჯობინეს და სწრაფად აანალიზებს, რომ ფერმის მფლობელის მცდელობები, ესროლოს ჩიტებს და ასე უშველოს თავს, უშედეგოა. მაგრამ ნეთს ყურადღებას არ აქცევენ. მუშაობის ტრადიციული მეთოდები, რომლებსაც იგი იყენებს და ის ფაქტი, რომ ჩიტებს დიდი ყურადღებით აკვირდება, სხვებს მეტისმეტად უცნაურად ეჩვენებათ.
ასე ქმნის დაფნა დიუ მორიე ისეთ სამყაროს, რომელშიც ადამიანები გაუცხოებულები არიან თავიანთ საცხოვრებელ სივრცესთან. „ჩიტები“ შეცვლილ, გადასხვაფერებულ ბუნებაზე მოგვითხრობს, სადაც ჩიტები სიკვდილის სასტიკი მაცნეები ხდებიან. მორიე თანამედროვე მკითხველს მომავლის შემაშინებელ ხედვას სთავაზობს. იმ მომავლის, რომელიც მალე ჩვენს აწმყოდ იქცევა.
თუმცა, დაფნას მოთხრობაში შესაძლებელია პოლიტიკური სისტემის კრიტიკის დანახვაც. ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, ჩიტები პოლიტიკური ალეგორიაა და კაპიტალიზმის ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ცივი ომის მავნე ზეგავლენას ეხება. ამ ინტერპრეტაციის თანახმად, ტექსტში შეგვიძლია დავინახოთ ბირთვული ომის შიშიც.
ნებისმიერ შემთხვევაში, „ჩიტებში“ არაფერია ზებუნებრივი. შემაშინებელიც სწორედ ისაა, რომ ბუნება იქცევა არაბუნებრივად და საფრთხეს აპოკალიფსური დაავადების, შტორმებისა და წყალდიდობების ფორმა კი არ აქვს, არამედ ჩიტების – უწყინარი არსებების, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ.
უკვე ხსენებული ფილმი, რომელიც 1963 წელს გადაიღეს, დაფნა დიუ მორიეს აშკარად არ მოსწონდა. უკვირდა, ასეთმა დიდებულმა რეჟისორმა რატომ დაამახინჯა ამდენად მისი მოთხრობა. არ მოსწონდა არც ის, რომ ფილმი და მისი მოთხრობა ამდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
სცენარსა და ორიგინალ მოთხრობას აერთიანებთ ის, რომ ფილმშიც და ტექსტშიც ჩიტები ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესხმიან თავს ადამიანებს. სხვა მხრივ, ცოტა რამ თუ აქვთ საერთო. ჰიჩკოკმა დაიქირავა სცენარისტი, რათა სცენარი ამერიკისთვის მოერგო ინგლისის ნაცვლად და ავტორისეული პერსონაჟებიც შეცვალა.
ფილმში ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო თემა – ჰიჩკოკთან აშკარაა, რომ ფილმის მთავარი გმირები თვითკმაყოფილები, ამაო და წვრილმანი საქმიანობით დაკავებული ადამიანები არიან. ბუნება კი მათ ნამდვილ და მძაფრ გამოცდილებას სთავაზობს. რაღაც ისეთს, რაც სრულიად ცვლის მათი ცხოვრების რიტმს და მათგანაც სწორედ ამას მოითხოვს – ცვლილებას.
© არილი