ერთ შტუტგარტელ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მშვენივრად ხატავდა, ერთმა კრიტიკოსმა, პირველ გამოფენაზე ასე მიმართა (ცუდი განზრახვისმაგვარი გულში არ სდებია, პირიქით, მხარდაჭერა სურდა):
– ის, რასაც თქვენ ხატავთ, ნიჭიერად შესრულებული და მშვენიერია, ეგ არის, ჯერ სიღრმე აკლია.
ახალგაზრდა ქალმა ვერ გაიგო, მხედველობაში რა ჰქონდა კრიტიკოსს და მაშინვე დაავიწყდა კიდევაც. მაგრამ, ერთი დღის შემდეგ გაზეთში იმავე კრიტიკოსის რეცენზია დაიბეჭდა: – ახალგაზრდა ქალი უდავოდ ნიჭიერია, მისი ნახატები პირველივე შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, სიღრმე არა აქვსო.
ამან ახალგაზრდა ქალი ჩააფიქრა. ძველ საქაღალდეებში ქექვა დაიწყო, მთელი თავისი ნახატები გადასინჯა, მერე ტუშით სავსე ქილას სახურავი დაახურა, კალამი გაწმინდა და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გავიდა.
იმ საღამოს იგი სტუმრად იყო დაპატიჟებული. თითქოს კრიტიკოსის სიტყვები დაიზეპირესო, ყველანი მხატვარი ქალის დიდ ტალანტსა და მისი სურათების მშვენიერებაზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ უკანა პლანზე მოჩურჩულეებს და იმათ, ვინც ზურგით იდგა მისკენ, ყურს კარგად თუ დაუგდებდა, ამ სიტყვებს გაიგონებდა:
– სიღრმე არა აქვს, აი რაშია საქმე!.. ნიჭი აქვს, აი სიღრმე კი, სამწუხაროდ, არა აქვს!..
მთელი მომდევნო კვირა ახალგაზრდა ქალს არაფერი დაუხატავს. იჯდა თავის ოთახში გაჩუმებული, რაზეც არ უნდა ეფიქრა და – ნეტავი რატომ არა მაქვს სიღრმეო, – თავში გამუდმებით ეს აზრი უტრიალებდა, აზრი, რომელიც ისე შთანთქავდა ყველაფერს, როგორც ღრმა წყლების რვაფეხა.
ერთი კვირის შემდეგ ქალი ისევ შეეცადა ხატვას, მაგრამ უხეში მონახაზების მეტი არაფერი გამოსდიოდა, სულ უბრალო შტრიხის გამოყვანაც კი უჭირდა. ბოლოს ხელი ისე აუკანკალდა, ტუშის ქილაში კალმის ჩაყოფაც ვეღარ მოახერხა და ატირებულმა წამოიძახა:
– დიახ, ასეა, სიღრმე არა მაქვს!
მესამე კვირას სხვა მხატვრების ნამუშევრების შესასწავლად ტომეულებს ჩაუჯდა. დადიოდა გალერეებში, კითხულობდა წიგნებს სახვითი ხელოვნების თეორიის შესახებ. ბოლოს წიგნის მაღაზიაში გამყიდველს ყველაზე ღრმა და გონიერი წიგნი მოსთხოვა, რის პასუხადაც გამყიდველმა ვინმე ვიტგენშტეინის შრომაზე მიუთითა, მაგრამ იქიდანაც ვერაფერი გამოადნო.
ქალაქის მუზეუმში, სადაც “ევროპული ნახატის 500 წელი” იყო გამოფენილი, მოსწავლეების ერთ ჯგუფს შეუერთდა, ლეონარდო დავინჩის ერთ-ერთ ნახატთან მოულოდნელად წინ წამოდგა და მხატვრული აღზრდის მასწავლებელს, რომელიც ჯგუფს დარბაზებს ათვალიერებინებდა, ჰკითხა:
– მაპატიეთ, ხომ ვერ მეტყვით, აქვს აი ამ ნახატს სიღრმე?
მასწავლებელმა მოურიდებლად ჩაიცინა:
– პატივცემულო, თუ ჩემთან გასართობად მოხვედით, დილდილობით ცოტა უფრო ადრე უნდა ადგეთ!
ამაზე ჯგუფმა გულიანად გადაიხარხარა, ახალგაზრდა ქალი კი შინ ატირებული წავიდა.
იმ დღიდან როგორღაც შეიცვალა, უცნაური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იშვიათად ტოვებდა თავისი ატელიეს კედლებს, ხელიდან მაინც არაფერი გამოსდიოდა. დიდხანს ვიფხიზლოო, აბებით იჭყიპებოდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაში სჭირდებოდა ეს სიფხიზლე. ძალიან რომ დაიღლებოდა, სკამზე ჩამოყვინთავდა – ვაითუ ღრმად დამეძინოსო, საწოლში ჩაწოლისა ეშინოდა. მერე სმაც დაიწყო. მთელი ღამეები სინათლეს ანთებულს ტოვებდა. ერთხელაც ერთმა ბერლინელმა ანტიკვარმა დაურეკა და რამდენიმე ესკიზის გაკეთება სთხოვა: მაგრამ ქალმა ყურმილში ყვირილი დაუწყო:
– თავი დამანებეთ, სიღრმე არა მაქვს, გესმით, სიღრმე!
ხანდახან პლასტელინით ძერწავდა, უფრო სწორედ, ან უაზროდ სრესდა თითებით, ან პატარა ბურთულებს აგორგლებდა. გარეგნულადაც მოეშვა, აღარც ჩაცმას აქცევდა ყურადღებას, აღარც სახლის სისუფთავეს.
მეგობრები ღელავდნენ – რაღაც უნდა ვუშველოთ, კრიზისული პერიოდი უდგას, ეს შეიძლება პირადულიც იყოს და შემოქმედებითიც, შეიძლება ფინანსური პრობლემებითაც იყოს გამოწვეული. პირველ შემთხვევაში ჩვენ არაფერი შეგვიძლია, მეორე შემთხვევაში ამას თვითონ უნდა დააღწიოს თავი, მესამე შემთხვევაში კი შეგვიძლია, რაღაც გარკვეული თანხა გამოვუნახოთ, მაგრამ ალბათ, არ ესიამოვნებაო.
ბოლოს იმასღა დასჯერდნენ, სადილებსა და წვეულებებზე დაუწყეს პატიჟი. თავიდან ყველას უარით ისტუმრებდა, საქმეს იმიზეზებდა, სინამდვილეში კი ხელსაც არ ანძრევდა, იჯდა თავის ოთახში, გაშტერებული იყურებოდა წინ და თითებით პლასტელინს სრესდა.
ერთხელაც ისეთ სასოწარკვეთილებამდე იყო მისული, რომ მეგობრებს მიპატიჟებაზე უარი ვეღარ უთხრა. ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც მოსწონდა, გადაწყვიტა, წვეულების დამთავრების შემდეგ სახლში გაეცილებინა და გარკვეული მიზნით იმ ღამეს მასთან დარჩენილიყო. იმის გამო, რომ ის ახალგაზრდა კაცი ქალს თვითონაც მოსწონდა, უარი არ უთხრა:
– კი ბატონო, სიამოვნებით, ოღონდ სირღმე არა მაქვს და ამისთვის მზადყოფნა მოგიწევთო. ამის შემდეგ კაცმა გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა და საკუთარი განზრახვის აღსრულება გაურკვეველი დროით გადაედო.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოდესღაც ასე მშვენივრად ხატავდა, ახლა დღე და დღე კი არა, ფსკერისკენ წუთიწუთ მიექანებოდა. აღარც თვითონ დადიოდა არავისთან, აღარც ღებულობდა არავის. უმოძრაობისაგან გასქელდა, ალკოჰოლისა და აბებისაგან უცებ, თვალსა და ხელს შუა მოტყდა და დაბერდა. მისი ბინა ლამის ყარდა, უკვე თვითონაც ზინზლის სუნი უდიოდა.
სამი წელიწადი იმ 30000 ათასი მარკით იცხოვრა, რომელიც თავის დროზე მემკვიდრეობით მიიღო. ერთხელ ნეაპოლშიც იმოგზაურა, თუმცა, არავინ იცის, რა ვითარებასა ან რა გარემოებაში. თუ ვინმე გამოელაპარაკებოდა, პასუხად რაღაც გაუგებარს ჩაიბურდღუნებდა ხოლმე.
ფული რომ გაუთავდა, მთელი თავისი ნახატები გაანადგურა, ტელევიზიის კოშკზე ავიდა და 139 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა. მაგრამ, იმის გამო, რომ იმ დღეს ძლიერი ქარი ქროდა, კოშკის ძირას მოასფალტებულ მოედანზე კი არ დაეცა, ქარმა შვრიის მინდვრის იქით ისროლა და ტყის პირას, ნაძვის კენწეროს მიაგდო, – მაშინვე გარდაიცვალა.
ბულვარულმა პრესამ ეს ამბავი სიამოვნებით აიტაცა. თვითმკვლელობა… ფრენის საინტერესო ტრაექტორია… ფაქტი, რომელიც ოდესღაც დიდი იმედების მომცემ, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მხატვარ ქალს შეეხებოდა… ყოველივე ეს მაღალი საინფორმაციო ღირებულებისა იყო. მისი ბინის მდგომარეობა იმდენად კატასტროფული აღმოჩნდა, ფოტოგრაფებმა იქ მხატვრული ფოტოებიც კი გადაიღეს: უამრავი დაცლილი ბოთლი, მინგრეულ-მონგრეული ავეჯი, ნაგლეჯებად ქცეული ნახატები, კედლებზე გუნდ-გუნდად მიკრული პლასტელინი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სიბინძურით დასვრილი ოთახის კუთხეებიც კი!
გაზეთის ლიტერატურულმა ჩანართმა დასაწყისში ნახსენები კრიტიკოსის შენიშვნა დაბეჭდა, სადაც იგი გაოცებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ახალგაზრდა ქალმა ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. “ის, რომ ჩვენდაუნებურად მოწმენი ვხდებით, ახალგაზრდა ნიჭიერმა ადამიანმა საკუთარ თავში როგორ ვერ მოძებნა იმის ძალა, რათა ადგილი ეპოვა და დამკვიდრებულიყო თავის წრესა და გარემოში, ისევ და ისევ ჩვენთვის, ცოცხლებისთვის არის თავზარდამცემი… მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა და პირადი ინიციატივები აშკარად საკმარისი არ არის იქ, სადაც, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური სფეროს მეურვეობასა და მხატვრული სექტორის გონივრულ ხელშეწყობაზეა საუბარი. თუმცა კი, უნდა ითქვას, რომ ამგვარი ტრაგიკული დასასრულის ჩანასახი ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მაინც ინდივიდში იყო ჩადებული, რამეთუ უკვე მის პირველსავე, ერთი შეხედვით გულუბრყვილო ნამუშევრებიდან ეს შიშისმომგვრელი გაორება ხომ არ შემოგვცქერის, რომელიც აშკარაა და ფერთა შერევის ამ ტექნიკის, ამ საგანგებო ეფექტის მოსახდენად არის გამიზნული? ეს შიგნით ჩახვეული, სპირალივით მფოცხავი, ამავე დროს პირთამდე ემოციებით გაჯერებული, მაგრამ აშკარა ამაო პროტესტი შემოქმედისა საკუთარი, ბნელით მოცული “მე”-ს წინააღმდეგ? ეს დამღუპველი და ულმობელი სწრაფვა სიღრმისაკენ?”
© ”არილი”