არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია პოეტი ნატო ინგოროყვა
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
„მარტივია –
Google-ის საძიებო ველში
ჩაწერეთ ჩემი სახელი და გვარი…“
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
რეალობა თავს იტყუებს, თუ ჰგონია, რომ გამონაგონის გარეშეა. როგორც იტალო კალვინო წერს „კოსმოკომიკურ ამბებში“, ჩვენი ცნობიერების შენგრევის უნარი შესწევს მხოლოდ გაურკვეველ, საეჭვო, ფარულ ამბებს და არა ობიექტურ, მშრალ და დაზუსტებულ ინფორმაციას.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
კითხვითი სიტყვები კარგი მეგობრები არიან, მაგრამ მღელვარებასაც იწვევენ, ამიტომ მაღელვებს, სად ვცხოვრობ, როგორ ვცხოვრობ, რატომ ვცხოვრობ. მარადიულია „ჩემო კარგო ქვეყანავ“. მაღელვებს მიუსაფარი ცხოველები, მშიერი ბავშვები და მარტოხელა მოხუცები.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
ცვალებადი ამბავია. ერთ დროს დონ კიხოტი იყო, ზოგჯერ ჰანტაა ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობიდან“, ზოგჯერ – მარი „ღიმილის მტვრიდან“… ახლა, როცა ამ პასუხებს ვწერ, მინდა, იტალო კალვინოს „უხილავ ქალაქებში“ მარკო პოლო კი არ ესაუბრებოდეს ყუბილაი ყაენს, მე ვიყო მთხრობელი.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
ერთი ძველი, ჟანგიანი გამონათქვამისა არ იყოს, ლეგიონია მათი სახელი.
რომელი ისტორიული პირი იწვევს თქვენში ზიზღს?
ზიზღის გაჩენას ვერიდები. ეს ისეთი რამაა, გამუდმებით რომ ითხოვს საზრდოს და ამისთვის დროც და თავიც მენანება. თუმცა არც მთლად უამისობაა. მკვდრებიც ოხრად გვყავს, მაოხრებლები, ცოცხლებიდან – პუტინი.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი
ჩემი საყვარელი ფილმები იქ დარჩა – ლუკინო ვისკონტისთან, ფედერიკო ფელინისთან, პაზოლინისთან, ვიტორიო დე სიკასთან, მოკლედ, იტალიურ კინოში. თუ რომელიმე ერთი აქ და ახლა – მაშინ იყოს ჯუზეპე ტორნატორე და მისი „ახალი კინოთეატრი „პარადიზო“. ბევრი მიზეზი მაქვს საამისოდ. თანაც მამაჩემიც კინომექანიკოსი იყო და ჩემი ბედისწერის ერთ-ერთი აღმსრულებელიც.
საყვარელი მხატვარი
ესეც ცვალებადი ამბავია. ვინც მიყვარდა, კვლავ მიყვარს, ეს სია ვრცელია, მაგრამ რაც პომპეიდან დავბრუნდი, სულ იმ უცნობ, ჩვენთვის უსახელო მხატვრებთან ვარ, რომელთა მოხატული კედლებიც ვნახე პომპეიში და შემდეგ – ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში. ვულკანს ცოტათი ვემადლიერებოდი კიდეც, ანტიკური სამყაროს მხატვრობა რომ შემოგვინახა.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება
გაბზარული არაფერი მიყვარს.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
მაქვს. ვერ გაგიმხელთ, დაკარგავს ცრურწმენის სტატუსს. ლოცვებს თვითონ ვიგონებ და ყოველთვის გულში ვმღერი.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
ადამიანი ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რაც წინაა.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
წერა და კითხვა ჩემი აუცილებელი ამბიდანაა. და გზები, მოგზაურობა.
რომელიმე ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა ეს და რას შეცვლიდით?
ნებისმიერი მოვლენა, რომელმაც ადამიანი გაანადგურა და სამყარო დაამახინჯა. დავწერე თუ არა ეს წინადადება, იქვე გავიფიქრე: „და ახლა რას ვაკეთებ, როცა მონაწილეობა შემიძლია, რიტორიკის გარეშე?“
დიონისე თუ აპოლონი?
ორივე, თუმცა ბოლო დროს უფრო აპოლონი. სინათლისა და ხელოვნებისკენ ვარ. თანაც დაფნა ყოველთვის ხარობდა ჩემს ეზოში.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
ეს დასაწერი მაქვს.
ადამიანი, ვისიც გშურთ
ვინც იცხოვრა.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
მოთმინება, რომელიც ბევრჯერ გამოცადეს.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ვერა. შემიძლია, მაგრამ მერე რიგითობის გამო განმიკითხავენ.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
ბევრი დაგროვდა, თუმცა ზოგჯერ საყვარელი სიტყვებიც მაღიზიანებს.
თქვენი საყვარელი სიტყვა/სიტყვები
ყველა, რომელიც თავის ადგილზეა, ზუსტია და ნამდვილი.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
აქაც იგივე ამბავია, რაც პოეტებთან.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
არის რამდენიმე, რომლებიც არ მტოვებენ, თუმცა თავისთვის შემოძახება მიყვარს და იყოს: „ესეც გაივლის“.
საყვარელი სტრიქონები „ვეფხისტყაოსნიდან“
დასაწყისი. მაგრძნობინებს, რომ რაღაც განსაკუთრებულისთვის მამზადებს.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
ამ დიდი ლექსის წერა დაწყებულია, თუმცა ჯერ არ დასრულებულა.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
მშობლიური მშობლიურია. დანარჩენი მართლა რაოდენობაა, რადგან მათი ჩამოთვლა შესაძლებელია.
პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
ვინც გამაცინა, ვინც ამატირა, ვინც დამაფიქრა, ვინც ეცადა და ვერ დამიმსგავსა, ვისაც ვგავარ, ყველა, ვინც მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი იყო. არიან და იქნებიან.
რომელ მწერალთან ისაუბრებდით და რაზე?
ალბათ ბანალურია, მაგრამ ვისაც ვკითხულობ, მათთან დიალოგი ისედაც მაქვს. თუმცა რაინერ მარია რილკეს სიამოვნებით ვესაუბრებოდი იმაზე, რა არის სინამდვილეში მარტოობის ფუფუნება.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
ვინც მიყვარს, სულერთი არ გახდეს.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
მე აწმყო მეკუთვნის.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
არის რამდენიმე დაუვიწყარი დასაწყისი, მაგრამ რადგან პირველი იყო და ამიტომ სულ მახსოვს, დარჩეს კამიუს „უცხო“.
რომელია საუკეთესო დასასრული?
ესეც „უცხოს“ დავუთმოთ.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ენა. ერთმა სიტყვამ შეიძლება მთელი ამბავი გააფუჭოს.
პროცესი თუ შედეგი?
ცურვის ყველა ილეთის ფლობა ნეტარებაა, მაგრამ თუ ნაპირს არ აღიარებ, ფსკერიც იქვეა.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
არ მიყვარს მოწოდებები, მაგრამ მაინც: არაფერზე გაცვალო თავისუფლება.
როგორც ჟურნალისტი, რას ჰკითხავდით საკუთარ თავს?
იმდენ კითხვით სიტყვაში ვცხოვრობ, თავს დავზოგავ და კიდევ ერთს, თუ ჩემი ნებაა, ავირიდებ.
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გაგიგონიათ ან წაგიკითხავთ
ბევრი ასეთი ამბავი წამიკითხავს, მაგრამ მოსმენილს მოვყვები, ჩემი წინაპრებისას.
ამბავი პირველი: ჩემმა დიდმა ბაბუამ, რომელიც ხუროც იყო და მებუხრეც, ქობულეთში ერთ-ერთი სახლის მშენებლობის დროს კონსტანტინოპოლში გასაყიდად გატაცებული თავისი და, ჩადრში გახვეული, თვალებით იცნო. ლამაზი იყო და გოგიტიძეების ოჯახმა დაიტოვა რძლად. მომდევნო თაობები ერთმანეთთან ვნათესაობდით.
ამბავი მეორე: ჩემი დიდი ბებია ელენე მარშანია აფხაზი იყო. მზითვად აბრეშუმის საკაბეები გამოატანეს, რომლებიც ომის დროს, დაობლებული შვილიშვილების დასაპურებლად, მჭადზე გაცვალა. ბოლო საკაბე დაუწუნა ფქვილის პატრონმა და მის ნაცვლად იმ კაბის დატოვება შესთავაზა, რომელიც ეცვა. ელენემ კაბა გაიხადა და შინ მჭადის ფქვილით და ტანზე შემოხვეული დაწუნებული საკაბით დაბრუნდა.
მესამე ამბავი: ბებიაჩემი თევზს არ ჭამდა. ბაბუა მდინარე ოდერის მისადგომებთან დაიჭრა და წყალმა წაიღო. ბებია ამბობდა, რომ მისი შვილის სხეულით თევზებმა ივახშმეს.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?
უფრო საინტერესო, ალბათ მნიშვნელოვანიც, ჩემს ნაწერებზე მათი აზრი იქნებოდა.
წიგნები, რომელთა შინაარსიც არ გახსოვთ
ინფორმაციის ძალიან დიდ ნაკადში ვცხოვრობთ და ბოლო წლებია, წიგნების შინაარსი მხოლოდ კითხვის დროს მახსოვს, თუმცა არის წიგნებიც, რომლებმაც თავი დამამახსოვრა.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
მანდ უკვე ვცხოვრობ.
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
მანდაც ვცხოვრობ.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის კითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ვთხოვდი, წიგნის წერა მოესაჯათ.
კითხვა, რომლის პასუხიც გინდათ იცოდეთ
ამ კითხვას ვერ შეველევი, რადგან აღარ მექნება კითხვა, რომლის პასუხიც მინდა ვიცოდე.
წინა რესპონდენტის, პაატა ნაცვლიშვილის შეკითხვა: რატომ, საიდან, რისთვის?
სხვა ცხოვრებაში, პაატა, თუკი შევხვდებით.
რას ჰკითხავდით მომდევნო რესპონდენტს?
რასაც ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: ახლა საით?
© არილი