არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია დრამატურგი დავით გაბუნია:
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
უბანალურესად. საერთოდ ძალიან მიყვარს ბანალური, მარტივი რაღაცები.
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
გამონაგონი. რეალობა თავისთავად აისახება, გინდა – არ გინდა.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
რას ნიშნავს ნორმალურობა და პათოლოგია.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
ჟულიენ სორელი იყო მთელი ბავშვობა. ეს იყო ჩემს გამოცდილებაში პირველი არაიდეალური მთავარი გმირი, დაკომპლექსებული, საწყალი კრეტინი.
ახლა წესიერად აღარ მახსოვს, სორელმა რა ქნა წიგნში და მგონია, რომ სინამდვილეში ამ პერსონაჟზე ჩემი წარმოდგენა უფრო მიყვარდა. აღარც გადავამოწმებ, იყოს იქ, სადაც არის.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
„ომი და მშვიდობა“. სულ არ ვამაყობ ამ ამბით.
დღევანდელ კონტექსტში რუსულ ენაზე კითხვა ფიზიკურად ცუდად მხდის. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
სტალინი პირველ რიგში. სხვებიც ბლომად არიან, მაგრამ ეგ მაოხრებელი მკვდარია.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
ჩარლზ ლოუტონის „მონადირის ღამე“. ყველაფერს აერთიანებს, რაც კინოში მიყვარს და იმიტომ.
ყველაზე „ჩემი“ და შეიძლება ითქვას, „აუძაანჩემი“ რეჟისორი არის ფრანსუა ტრიუფო. საინტერესო და სენტიმენტალური ამბების კარგად მოყოლა ეხერხება.
და მეორე – ალფრედ ჰიჩკოკი – ერთადერთი რეჟისორია, რომლის ყველა (!) ფილმი ნანახი მაქვს.
ორივემ იცის სიმარტივის ფასი.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
პიკასო – ბავშვობის სიყვარულია და სიამაყეც – როცა მეგონა, რომ რაღაც წარმოუდგენელი სირთულე დავძლიე და გავიგე, რატომ არის ეს მარტივი სიმახინჯეები შესანიშნავი მხატვრობა. ხელოვნებაში გარკვევის გზა „გავიარე“ მასთან ერთად. თან მინდა, რომ სახლში მეკიდოს. ძალიან დამენანებოდა გაყიდვა, მაგრამ ალბათ გავყიდდი. ეჰ.
და ტვომბლი – გულს მიჩქარებს, მაშტერებს, საშინლად მომწონს, ფიზიოლოგიური რეაქციები მეწყება და ვერ ვაკონტროლებ. და არა, ვერ „დახატავდა შენი ბავშვიც ასე“, კრეტინო.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
მეტისმეტად ჩვეულებრივი ვარ. რა იქნებოდა, ცოტა იდეინი, აი, რაღაჩნაირი ტვორჩესკად გიჟე ტიპი უყოფილიყაუი… რამდენ სულელურ საქციელს გავამართლებდი. არა, სამწუხაროდ, ზედმეტად ჩვეულებრივი ვარ.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
ცრურწმენა არ მაქვს. აკვიატებები ძალიან ინტიმური ხასიათისაა და წლიდან წლამდე იცვლება ხოლმე. ვერ გავამხელ, რა პონტია.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
უფრო იმაზე, რომ სიკვდილამდე მისასვლელი გზა გრძელი, მტკივნეული და საწვალებელი იქნება. თვითონ სიკვდილს არა უშავს. უნდა დაუშვან ჩვენთანაც ევთანაზია და კრემატორიუმები. ყველანი დავწყნარდებოდით.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
ოპერა. ასე არაფერი არ მსიამოვნებს.
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
სტალინს გავასაღებდი სადმე, ბანკის ძარცვის დროს.
დიონისე თუ აპოლონი?
მეოთხე ათწლეული რომ დავხურე, მივხვდი, რომ აპოლონი, ბაზარი არაა.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“, შექსპირის „ქარიშხალი“. ნაკლებს არ ვკადრულობ. არა, სინამდვილეში გაცილებით მეტია და ჩვენს დროსთან უფრო ახლოც, მაგრამ იყოს მეტიჩრულად ძველი და კლასიკური ტექსტები. ორივე ძალიან მიყვარს, ოღონდ – მართლა.
ადამიანი, ვისიც გშურთ
ფულიანი ხალხის, ვისაც არ სჭირდება მუშაობა და შეუძლია, ფეხი ფეხზე გადაიდოს და ეგრე იყოს მთელი ცხოვრება. ძალიან მშურს. უშავესად.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
ხელიდან გავუშვი აშშ-ს ერთ კარგ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დიდი შანსი. უბრალოდ დამეზარა და ათასი მიზეზი მოვიფიქრე.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
იმ სამს დავასახელებ, ვისი ლექსებიც ბოლო დროს წამიკითხავს და მომწონებია (საუკეთესოები პოეზიის ჩემზე კარგად მცოდნეებმა ასახელონ):
ნათია გიორგაძე, ბექა ახალაია, ნინი ელიაშვილი.
(რა ცუდია, რომ ნუგზარ ზაზანაშვილზე წარსულში გვიწევს ლაპარაკი)
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
გახლდათ. როცა „იყოს“ სინონიმად იყენებენ თარგმანებში. „დედაჩემი სუპერმარკეტის მოლარე გახლდათ“ – აი, ხელები უნდა დაამტვრიო, ვინც ამას დაწერს.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
ჟრუანტელი (გარკვეული სამედიცინო გამოცდილებების შემდეგ ცოტა კი გადავაფასე მისი მნიშვნელობა, მაგრამ ჯიუტად არ ვნებდები)
ციყვი – სრულიად კრეტინული სიტყვაა, მაგრამ რა საყვარელია. თან აღსანიშნს უხდება.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
ჯერ საკმარისი დრო არ გასულა შესაფასებლად და ნებისმიერი არჩევანი ძალიან ხმამაღალ განაცხადად მოეჩვენება მავანს, მაგრამ როდის იყო, პროვოკაციის მეშინოდა? ჯანი გავარდეს:
ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“, აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა“, თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“.
რა კარგია, რომ ეს ფორმატი განმარტებებს ვერ დაიტევს.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
Festina lente. ნეტავ ჩემი ლათინურის მასწავლებელი თუ კითხულობს ახლა ამას?
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
„სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების“
და ყველაფერი, რასაც ნესტანი ეწუწუნება ტარიელს მეორე წერილში. ასეთი სილამაზე არ არსებობს. უბრალოდ გამოსაშტერებელი და დამატკბობელი ტექსტია, როგორი ეროტიკულია, გამომწვევი და ვნების აღმძვრელი. ნესტანს ეხერხება კაცებთან ლაპარაკი.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
არ ვიცი. მართლა. რაც გამახსენდა, ბოლომდე არცერთი აღარ მომწონს და რა ვქნა.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
ქართულზე, ინგლისურზე, შვედურზე, რუსულზე და ძალიან თუ დამჭირდა, გერმანულსაც ვეჭიდავები. ასევე მიჭირს, მაგრამ ვძლევ მეგრულად კითხვასაც.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
ნესტან-დარეჯანი. აი, ასე რომ წერს ქალი, როგორ არ უნდა გაგიჟდე?
ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, –
გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
შექსპირთან, დიდხანს და დაწვრილებით. მერე სახელს გავითქვამდი, როგორც დიდი შექსპიროლოგი და ხალხს მთელი ცხოვრების ნაწვალებ-ნამუშევარს ამოვუყირავებდი. ბეკონზე დავუსვამდი ორ-სამ ინტიმურ კითხვას, სხვათა შორის.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
იმაზე გაცილებით გვიან მოვკვდები, ვიდრე ვისურვებდი.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
ცოტ-ცოტა ხნით და სხვადასხვა დროში არ შეიძლება? 1920-იანი წლები კი არის საინტერესო, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს, პნევმონიით ან სიფილისით მოვკვდე. უკან დამაბრუნეთ.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
„ანა კარენინასი“. ის იშვიათი აფორიზმია, რომელიც მართლა სასარგებლოა და სახელმძღვანელო პრინციპად გამოდგება წერისას.
რომელია საუკეთესო დასასრული?
კაფკას „პროცესის“. მიყვარს მოსხეპილი და დაუღეჭავი დასასრულები. დანარჩენი თვითონ წარმოიდგინოთ, არაფერი გვიჭირს.
ენა თუ ამბავი? რატომ?
პრინციპულად არასწორი კითხვა. ენის გარეშე არაფერი არ არსებობს. არც ამბავი.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი ისეთი უსიამოვნო წვალებაა ჩემთვის, რომ, რა თქმა უნდა – შედეგი!
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
რელიგიურ დოგმატებთან და ზოგადად რელიგიასთან ისეთი ცუდი დამოკიდებულება მაქვს, რომ ასეთ უწყინარ კითხვასაც ვერ ვუპასუხებ. თუნდაც ხუმრობით. კარგი იქნება, თუ ოდესმე ყველა რელიგია გადაშენდება. რით ვეღარ გადაშენდნენ.
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
რას ნიშნავს თქვენთვის ნორმალურობა?
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
კი, აი, ზუსტად იმ ჭკუაზე ვარ ახლა, საწიგნე მასალა გავაბაზრო. დამელოდეთ.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
ისინი არსებობენ მკითხველებისთვის და ზოგადად ლიტერატურული პროცესისთვის რაღაც ფორმის მისაცემად. მწერლები არ უნდა ფიქრობდნენ კრიტიკოსებზე ბევრს. კრიტიკოსი, რომელიც მწერლის გამოსასწორებლად წერს რეცენზიას თუ რაიმე სხვას, უბრალოდ კრეტინია. ასევე კრეტინია მწერალი, რომელიც კრიტიკოსისთვის წერს. ეს მეორე მთლად მიუტევებელი კრეტინია.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
უამრავია ასეთი. თითქმის მთელი დიდი კლასიკა. რამდენიმე წლის წინ ილიაუნიში, მაგისტრატურაში სწავლის დროს დამჭირდა ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი…“ და სრულიად დარწმუნებულმა, რომ „ეგ წაკითხული მაქვს, კაცო!“ – არ გადავიკითხე. პროფესორ ნინო ფირცხალავასთან სემინარზე გაირკვა, რომ საერთოდ, აი, საერთოდ აღარ მახსოვდა, რა ხდება შიგნით. იგივე დამემართა პროფესორ ბელა წიფურიასთან გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგზე“. ღმერთო, აი, როგორ, რანაირად… ნიავდება ტვინი პერიოდულად. არა უშავს. იმახსოვრებს ჩვენს ემოციურ მიმართებას სიუჟეტებთან და შინაარსს ივიწყებს.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
გაუთავებელი ხმაური სადმე ახლოს.
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
სრული უსაქმურობა სიჩუმეში.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
„მობი დიკს“ ან „დონ კიხოტეს“.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
მინიმუმ სამია ასეთი. რა კარგი დრო იყო, ჯინების და ოქროს თევზების.
წინა რესპონდენტის, ზაზა კოშკაძის შეკითხვა: ბოლოს რა წაიკითხე საუკეთესო?
დონა ტარტის „ჩიტბატონა”.
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
რას ნიშნავს თქვენთვის ნორმალურობა?
© არილი