არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა მედეა ზაალიშვილის „ცაში გამოკიდებული სახლი“ – ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, სადაც თავის რთულ გზაზე, მთარგმნელობით გამოცდილებასა და იმ ადამიანებზე გვიამბობს, რომელთაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს მისი ცხოვრება. ამ წიგნის შემდეგ ძნელია წერო ქალზე, საყვარელ საქმეს ყველაფერი რომ მიუძღვნა. მით უფრო, თუ გავიხსენებთ მის მიერ გადმოქართულებულ პოეტთა რაოდენობას: შექსპირიდან – ფროსტის, იეიტსის, პაუნდისა და ელიოტის ჩათვლით. პოეზიას ვამბობ, თუმცა, გარკვეულწილად, პროზაც იგულისხმება – პირველ რიგში, ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“. მოთხრობებსაც გატაცებით თარგმნის, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, შინაგანად მაინც ლექსის მთარგმნელია, ამიტომ მისი შემოქმედებითი პორტრეტის მთავარი ღერძი სწორედ პოეზია იქნება.
როდესაც 2017 წელს გამოცემულ თარგმანების კრებულს ვკითხულობდი, იქ თავმოყრილ ავტორთა ჟანრობრივმა და სტილისტურმა დიაპაზონმა გამაკვირვა. ეს მისი მდიდარი პროფესიული არქივის ერთი მონაკვეთია: მე-20 საუკუნის პოეტურ თარგმანთა ნაწილი ბოლო წლების ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნდა, ნაწილი – დაბეჭდვას ელოდება. ამ თარგმანებს, მღელვარე დღეებს, მუშაობაში დათენებულ ღამეებს, საყვარელ ავტორებს, რომლებიც თარგმნა და რომელთა თარგმნასაც კიდევ აპირებს, საკუთარ მოგონებებშიც ეხება. თუმცა პირისპირ საუბარი სხვა გამოწვევაა. ისე უბრალოდ ჰყვება შექსპირის, შელის, ბერნსის, ბაირონის, ელიოტის, ფოლკნერისა და სხვათა თარგმანებზე, ვითომც არაფერი, ვითომც ხიდან ხეზე ჩიტი გადაფრინდა. ყველაზე რთული ამ ისტორიების ტექსტად ქცევაა, ისეთ ტექსტად, თარგმანით შეპყრობილ მათ მთხრობელს რომ შეეფერება. შეპყრობილობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც 91 წლის ასაკში ახალი მიზნების მონიშვნის ძალას აძლევს ქალბატონ მედეას.
ცაში გამოკიდებული სახლის ამბები
როგორც წესი, ადამიანები მთარგმნელები გააზრებულად, ზრდასრულობაში ხდებიან, მისი მთარგმნელობითი გზა კი ძალიან ადრე, მოწაფეობისას იწყება. დიდწილად ეს მამის დამსახურებაა. მან ბავშვობიდან შეაყვარა პოეზია. „პატარა ვიყავი, ლექსებს რომ ვწერდი. მეშვიდე კლასში ბაირონი ვთარგმნე: ის ლექსი შევარჩიე, რომელიც თავად მომწონდა – „გნახე, სტიროდი“. ნიკო ყიასაშვილმა, რომელიც მაშინ ჩვენი მხატვრული წრის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე ადგილის შესწორება მირჩია. ერთი კვირის შემდეგ ისევ მივუტანე, ოღონდ არაფერი შემიცვლია. წაიკითხა და, – ახლა კარგიაო, – მითხრა“.
ღიმილით იხსენებს ვახტანგ ჭელიძესაც, რომელიც მაშინდელ ქალთა მე-6 გიმნაზიაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. მისგან ბევრი რამ შეითვისა, თუმცა მცირე „უთანხმოებაც“ ჰქონდათ: „ინგლისური კი მიყვარდა, მაგრამ პოეზია უფრო მაინტერესებდა. ერთხელაც მერხში მიდევს გალაკტიონის ლექსები და გამწარებული ვკითხულობ, ის კიდევ რაღაცას გვიხსნიდა. ვერ გავიგე, როგორ მომეპარა. გამოიღო წიგნი, დახურა და ხელზე დაირტყა – ამ წიგნს ვეღარ ეღირსებიო. რომ არ ვუსმენდი, ეწყინა. დედაჩემი ბიბლიოთეკის გამგე იყო, წიგნები იქიდან გამომქონდა. მერე დიდხანს დავდევდი ბატონ ვახტანგს – დამიბრუნეთ და აღარასოდეს წავიკითხავ თქვენს გაკვეთილზე-მეთქი. აღარ დამიბრუნა“.
ეს და კიდევ ბევრი ისტორია გასული საუკუნის გამორჩეულ მთარგმნელებთან მისი ურთიერთობის შესახებ კარგად მახსოვს „ცაში გამოკიდებული სახლიდან“, მაგრამ მედეა ზაალიშვილის თხრობას სულ სხვა ხიბლი აქვს. ამ თაობის ადამიანები სხვაგვარად მეტყველებენ, სხვა დროის სურნელი მოაქვთ, რაც მის ნაწერებშიც ცხადად იგრძნობა. ერთხელ თემურ კობახიძეს უთქვამს, – რად უნდა კითხვა, ვისია თარგმანი: სიტყვა „ზარდახშაა“ გამოყენებული, ესე იგი მედეა ზაალიშვილისააო.
სიტყვებთან ყოველთვის ფრთხილობდა, ცოცხალი არსებასავით ეპყრობოდა მათ, ამიტომაც ვერ გუობდა თარგმანებში სკაბრეზსა და ბილწსიტყვაობას. ლიტერატურა ლამაზი მიყვარსო, – დღემდე ასე ფიქრობს და ვერავითარი თანამედროვე ტენდენცია ვერ შეაცვლევინებს აზრს. მართალია, შედარებით „უხეშ“ ტექსტებზეც მოუწია მუშაობა, მაგრამ ფრაზებს იქაც საგულდაგულოდ არჩევდა. „ტომას ვულფს აქვს მოთხრობა – „მკვდარმაც კი იცის ბრუკლინი“, რომელიც უხამსი სიტყვებით იწყება. შევეცადე, ცოტა შემერბილებინა, თუმცა დედნის განწყობა შენარჩუნებულია. მთარგმნელის გადასაწყვეტია, რა ფორმით მიაწოდებს მკითხველს ორიგინალში არსებულ უცენზურო გამონათქვამს. შესაძლოა, პირდაპირ თარგმნილი ბევრს მოეწონოს, მაგრამ ხომ არის ხალხი, ვინც შეიძლება შეშფოთდეს და ამის გამო აღარ მივიდეს ტექსტთან? ამ შემთხვევაში, მე მათზე ვფიქრობდი“.
ტაბუდადებული შექსპირი
მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდნენ ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე უკვალავდნენ გზას. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი მთარგმნელი, გივი გაჩეჩილაძეა. სწორედ მან შენიშნა პირველ კურსზე ნიჭიერი სტუდენტი და სთხოვა, პერსი ბიში შელის ლექსები, რომლებიც ძალიან უყვარდა და ბლომადაც ჰქონდა ნათარგმნი, მწერალთა კავშირში, ახალგაზრდა მთარგმნელთა შეკრებაზე წარედგინა. საყვარელი ტექსტის, „ცვალებადობის“ კითხვისას წინა რიგებში დაინახა ზვიად გამსახურდია, რომელიც თავადაც არაჩვეულებრივად თარგმნიდა. შეხვედრის ბოლოს ზვიადმა თავისი მოსაზრება გამოთქვა: არ მოველოდი და ძალიან მომეწონა მედეა ზაალიშვილის თარგმანები, განსაკუთრებით, „ცვალებადობაო.“ მისმა შეფასებამ ფრთები შეასხა. მოგვიანებით შელის რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“, რომლის რედაქტორი იოსებ ნონეშვილი გახლდათ. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი მთარგმნელობითი პუბლიკაცია.
გივი გაჩეჩილაძემ მიიყვანა შექსპირთანაც: სწორედ მან სთხოვა „ტიტუს ანდრონიკუსის“ თარგმნა. ივანე მაჩაბლის შემდეგ შექსპირის ტრაგედიებთან მიკარება წარმოუდგენლად მიაჩნდა, თუმცა „ტიტუს ანდრონიკუსზე“ მუშაობას, რომელიც ქართულ ენაზე არ გვქონდა, დათანხმდა.
დიმიტრი ერისთავის შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული პიესა შექსპირის ხუთტომეულის პირველ ტომში შევიდა. რედაქტორი ნიკო ყიასაშვილი გახლდათ (გივი გაჩეჩილაძე ვერ მოესწრო მის დაბეჭდვას). ამის შემდეგ ბატონმა ნიკომ სთხოვა, „ვენერა და ადონისი“ ეთარგმნა. ერთი პირობა თავს იკავებდა – შექსპირი მისთვის დაუძლეველ ტაბუდ დარჩა, მაგრამ ნიკო ყიასაშვილმა დაიყოლია („თარგმნე და უკვდავი გახდებიო“ – ეხუმრებოდა). საცდელად პოემის მოზრდილი ნაწილი მოამზადა. შექსპირის კაბინეტში ტექსტის კითხვას თამაზ ჩხენკელიც ესწრებოდა. მოეწონათ და გაგრძელება გადაწყდა. „ტიტუს ანდრონიკუსისგან“ განსხვავებით, სადაც მეტი სიმძაფრისა და ემოციის მიღწევას ცდილობდა, „ვენერასა და ადონისის“ შემთხვევაში, რომელშიც წამყვანი თემა ვნება და სიყვარულია, მთავარი იყო პოემის ლირიკული ხასიათის შენარჩუნება.
„ტრაგედიას მეტი სიმძაფრე სჭირდება, ამიტომ „ტიტუს ანდრონიკუსის“ თარგმნისას ისეთ სიტყვებს ვარჩევდი, რომ ემოციური და შთამბეჭდავი ყოფილიყო. ამისთვის ბევრი ვიმუშავე. „ვენერა და ადონისი“ სასიყვარულო ამბავია და უფრო ლირიკული ხასიათი უნდა ჰქონოდა. საკმაოდ რთული იყო ვენერას ვნებების გადმოცემა: ორიგინალში პირდაპირ ძალადობს, მძაფრი როლი აქვს. ადონისი წინააღმდეგობას უწევს და ვერც უწევს. ფინალი ტრაგიკულია: ადონისს გარეული ტახი კლავს და მისი სისხლის წვეთებზე ლამაზი ყვავილები იზრდება. ეს ყველაფერი წარმოვიდგინე და რამდენადაც ლირიკული შეგრძნებები და რითმის აღქმა მქონდა, შევეცადე, კარგად მეთარგმნა“. არაჩვეულებრივად თარგმნა. ამ ჟანრის დამფასებლებისა და პოეზიის გურმანებისთვის მისი კითხვა ერთი სიამოვნებაა.
სხვათა შორის, შექსპირის სიცოცხლეში ეს პოემა, რომელიც შავი ჭირის მძვინვარებისას დაიწერა, ძალზე პოპულარული ყოფილა და არაერთგზის დაუბეჭდავთ. ტექსტი აწყობილია იამბური პენტამეტრით, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც იყენებდნენ, ამ ნაწარმოების შემდეგ „ვენერასა და ადონისის სტრიქონადაც“ მოიხსენიებოდა. მედეა ზაალიშვილის თარგმანი ძალიან კარგად გვაგრძნობინებს მის ძალას. როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ტექსტის შინაგან მუსიკალობას ეყრდნობა – ქართული თარგმანის რიტმს ორიგინალის მელოდია განსაზღვრავს.
„მე არასოდეს ვითვლი მარცვლებს – სმენით ვთარგმნი. ორიგინალის მელოდიას ვუსმენ და ვცდილობ, იგივე მელოდია შევინარჩუნო ქართულადაც. თუ ვხედავ, რომ თარგმანი არ ჟღერს დედნის ჰანგზე, აღარ ვაგრძელებ მუშაობას“. ამიტომაა, რომ მის თარგმანებში ყველა ავტორს საკუთარი ხმა და ინტონაცია აქვს: – ამ ხმის პოვნა აუცილებელია. თუ ყველაფერი შენებურად წერე და თარგმნე, არაფერი გამოვა. ის ხმა უნდა დაიჭირო, ის ტონალობა, რასაც თავად ლექსი გკარნახობს, და თუ რაღაც წაგიკითხავს და იცი მასზე – პოეტის ბუნებაც.“
ისე მოხდა, რომ „ვენერა და ადონისი“ ქართველ მკითხველთან მოგვიანებით მივიდა: ნიკო ყიასაშვილი გარდაიცვალა და შექსპირის ხუთტომეულიდან მხოლოდ სამი ტომის გამოცემა მოხერხდა. საბოლოოდ პოემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა. თხელი, ლამაზი, უხვად ილუსტრირებული წიგნი გამოვიდა. მის წარდგენას „ლიტერატურულ კაფეში“ ბევრი კარგი მთარგმნელი და ლიტერატორი ესწრებოდა, თუმცა მეხსიერებაში ერთი ეპიზოდი შემორჩა: „უცებ გავიხედე და დავინახე დავით წერედიანი და მანანა ღარიბაშვილი. გადაეშალათ ჩემი წიგნი და ჩაჰყურებდნენ. ძალიან შემეშინდა მათი შეფასების, განსაკუთრებით დავითის, რომელიც ბრწყინვალე მთარგმნელი, პოეტი და ადამიანი გახლდათ. მერე აღმოჩნდა, რომ მოსწონებია. იმავე წელს პრემია „საბაზე“ წარგვადგინეს: მე თარგმანების კრებულით, სადაც „ვენერა და ადონისიც“ შევიდა, დავით წერედიანი – „ფაუსტით.“ რასაკვირველია, „ფაუსტმა“ გაიმარჯვა. ძალიან გამიხარდა, რადგან გოეთეს თარგმნით მან უდიდესი შრომა გასწია.“
ნიკო ყიასაშვილს კიდევ ერთი შექსპირული გამოცდილება უკავშირდება: წლების წინ ლონდონიდან გამოუგზავნეს შექსპირის ახლად აღმოჩენილი ლექსი, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო და უცნობ ქალბატონს ეძღვნებოდა. ორიგინალი უსათაურო გახლდათ და „დიდი ხნის დაკარგული სტრიქონები“ დაარქვეს სიმბოლურად. მისი თარგმნა ბატონ ნიკოს ძალიან უნდოდა და მედეა ზაალიშვილმა თამარ ჯაფარიძესთან ერთად გადმოაქართულა. ისე მოხდა, რომ თარგმანის ხელნაწერი არც მას დარჩა და არც ქალბატონ თამარს. არსებობს მხოლოდ 90-იანების ბოლოს „ლიტერატურულ საქართველოში“ დაბეჭდილი ეგზემპლარები, რომელთა მოძიებას არქივში გეგმავს.
ერთადერთი, რაც შექსპირის შემოქმედებიდან საკუთარი სურვილით თარგმნა, იყო ცნობილი 66-ე სონეტი, რომელიც პოეზიის მთარგმნელთა ერთგვარი საჯილდაო ქვაა. ეს ოპუსი დანარჩენებისაგან განსხვავდება და აინტერესებდა, როგორ გამოუვიდოდა – ფაქტობრივად, საკუთარ თავს მოუწყო გამოცდა. თარგმნა და დადო, არსად დაუბეჭდავს. სულ რამდენიმე წლის წინ გამოამზეურა, როდესაც გამომცემლობა „ინტელექტმა“ 66-ე სონეტის ქართული თარგმანები ერთ კრებულად გამოსცა.
უჯრაში შენახული თარგმანები
უჯრაში კიდევ ბევრი თარგმანი აქვს შემონახული. ხანდახან ისეთ ავტორს წააწყდება ხოლმე, აღარც კი ახსოვს, როდის თარგმნა. ცოტა ხნის წინ ამერიკელი მოდერნისტის, უოლეს სტივენსის 10 ლექსი იპოვა. „ძალიან კარგი პოეტია, უცნაურზე უცნაური. წლების წინ ბუკინისტებში აღმოვაჩინე. წავიკითხე და გამაკვირვა, არავის ჰგავდა. არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს იდეები, სახეები, როგორც, მაგალითად, ლექსში – „პალმა გონების კიდეზე“, რომლის ფინალში ყველა მკითხველი თავისებურად აღიქვამს ამ ხატს: თითქოს რაღაც ამოტივტივდა, გონება მიილია და მერე გამოჩნდა პალმა. ერთგვარი ფანტაზიაა. მსგავსი საოცრებები ბევრი აქვს. ძალიან რთულია მისი თარგმნა. პულიცერის და რობერტ ფროსტის პრემიების ლაურეატია. მინდა 10 ლექსიც დავამატო და გამოვაქვეყნო“.
კიდევ ერთი გამორჩეული ამერიკელი პოეტი, სტივენსის თანამედროვე, პულიცერის პრემიის ოთხგზის ლაურეატი – რობერტ ფროსტი გასულ წელს თარგმნა. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე წლის წინ „არილში“ დაიბეჭდა, ფროსტს უოლეს სტივენსის შესახებ ეკითხებიან, ხომ არ გრძნობს მის შემოქმედებასთან ერთგვარ ნათესაობას, რაზეც ის პასუხობს:
„არა. ერთხელ სტივენსმა მითხრა: “შენ საკუთარი თემატიკა გაქვს”; მე კი ვუპასუხე, “შენ კი – სისულელეებზე წერ”. როდესაც თავისი მომდევნო წიგნი გამომიგზავნა, ზედ წააწერა: “კვლავ სისულელეებზე ვწერ”. ესე იგი, ჩემი ნათქვამი არ სწყენია! მასთან შემოქმედებით ნათესაობას არ ვგრძნობ. მეგობრები ვიყავით. აი, ასე, შორიდან“ (თარგმნა თამარ ლომიძემ).
რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ფროსტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გაწაფულობა, ოსტატობა და ასოციაციები, რასაც ნიჭთან ერთად წვრთნაც სჭირდება.თავად ფროსტის პოეზია სადაა და გამჭვირვალე, წყალივით მსუბუქად მიედინება, მაგრამ უცებ რაღაცას იტყვის მნიშვნელოვანს, დაგაფიქრებს და გონებაში ჩაგებეჭდება. მის ლექსებში, როგორც აღნიშნავენ, ბუნება ხშირად ხვდება ფილოსოფიას.
– „სულ ხესთან არის, ტყესთან არის, ნამდვილი ბუნების შვილია, მაგრამ უბრალოდ კი არ აღწერს ამ ყველაფერს, რაღაცას უკავშირებს: ხან ზეცაშია გამოკიდებული, ხან ღრუბლებში, თითქოს აღმაფრენა აქვს. მგონია, სადაცაა გაფრინდება, რომლებზეც წერს, იმ ჩიტებთან ერთად. ამასთან ერთად, ფილოსოფოსიც არის: თითქოს ჩვეულებრივ რამეს ამბობს, სადას, მარტივს, მაგრამ ამავე დროს, ღირებულს და ღრმას. ძალიან ლამაზად გადმოსცემს სათქმელს და არაჩვეულებრივი შედარებები აქვს. „მთვარის თავისუფლება“ მახსენდება, სადაც ხეებში გამომკრთალ მთვარეს ქალწულის თმაზე დაბნეულ სამკაულს ადარებს. შევეცადე, ეს ყველაფერი ქართულადაც შეძლებისდაგვარად ლამაზად გადმომეტანა:
თვალი მოვკარი ახალ მთვარეს ტოტებში ხეთა,
ფერმის ირგვლივ რომ აზიდულან ღამეულ ნისლში
თითქოს ასულის დალალებში სამკაულს ვხედავ,
და შევიგრძენი სრულყოფილი მშვენება მისი.“
სხვა განზომილება
რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო – თვალისჩინი დააკლდა. კითხვას ვეღარ ახერხებს, თუმცა შემართება ძველებური დარჩა. თანაშემწესთან ერთად მუშაობს: ის უკითხავს, თავად თარგმნის. ეს კიდევ სხვა ეტაპია – ლექსის სმენით აღქმის ეტაპი, რაც, ფაქტობრივად, ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლას უტოლდება. პოეზიის მთარგმნელისთვის აუდიალური უნარები ისედაც აუცილებელია, ამ შემთხვევაში კი „პოეტური ყურის“ მნიშვნელობა ორმაგდება. ურთულესი შრომაა, თუმცა უამისოდ ცხოვრება გაუჭირდებოდა. ასე, სმენით თარგმნა ფოლკნერის ბოლოდროინდელი მოთხრობები, ფროსტისა და პაუნდის ლექსები.
პაუნდზე მუშაობით დიდი ხნის ოცნება აისრულა, თუმცა იმის გამო, რომ ვრცელი პოემების ზეპირად თარგმნა გაუჭირდებოდა, შედარებით მომცრო ლექსებს ირჩევდა. ამ შემთხვევაში ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნებისმიერი ტექსტი მეტაფორებითაა სავსე და სიღრმისეული წვდომა სჭირდება. საკმაოდ მძიმე ბიოგრაფიის მქონე პოეტი პოეზიასაც თავის თარგზე ჭრიდა და ირგებდა. მისეული სახე-გამოცანები რთული აღსაქმელია ინგლისურენოვანი მკითხველისთვისაც. სხვა ენაზე ადეკვატურად გადატანა კი ისე, რომ შენარჩუნებული იყოს მთავარი ძარღვი, დიდ ოსტატობას მოითხოვს მთარგმნელისგან.
„მინდა, ბევრი ვიფიქრო იმაზე, რასაც ვთარგმნი. გააზრება ცალკე პროცესია: ვაკითხებ, ვაკეთებთ პირდაპირ პწკარედს. მერე ისევ ინგლისურად ვაკითხებ, რომ მელოდია ყურში ჩამიჯდეს. ამის შემდეგ ვცდილობ, პწკარედები გავრითმო და მივუსადაგო მელოდია. ბოლოს რაღაც გამოდის. პაუნდი მთლიანად ზეპირად ვთარგმნე. მისი პოეზია გაჯერებულია მეტაფორებით, რომელთა აღქმაც და თარგმნაც თანაბრად რთულია. ის იყენებს დატვირთულ პოეტურ სახეებს, რომლებიც უნდა ამოიცნო და ისე გადმოიტანო. შენც მისებრ უცნაურად უნდა გქონდეს მომართული გონება. სხვანაირად ლექსის არსი დაიკარგება და მკითხველისთვის გაუგებარი დარჩება. მაგრამ მკითხველსაც გააჩნია: უნდა იგრძნო. პოეზია თუ ვერ იგრძენი, არაფერი გამოგივა. მთარგმნელი უძლურია, თუ კარგი მკითხველი არ შეხვდა“.
ჯერჯერობით 20-მდე ლექსი გადმოაქართულა. ვიმედოვნებთ, გაგრძელება იქნება.
მინდა ვიცნობდე მისტერ ელიოტს
ელიოტზე მუშაობა წლების წინ დაიწყო და არაერთი ლექსი თარგმნა. რამდენიმე გამორჩეულად უყვარს: „უკვდავების ჩურჩული“, „ალფრედ პრუფროკის სამიჯნურო სიმღერა,“ „ბერბანქი ბედეკერით“, „ჰიპოპოტამი“, „სავარჯიშო ხუთი თითისათვის“… რასაკვირველია, „უნაყოფო მიწა“.
„უნაყოფო მიწა“ (1922 წ.) ელიოტის შემოქმედების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწარმოებია, რომელმაც ჯოისის „ულისესთან“ ერთად გასული საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ძირითადი გეზი განსაზღვრა. ეს არის განსხვავებული ნაწილებისგან შეკრული პოემა, რომელშიც ლიტერატურის ისტორიაში არსებული არაერთი თემა აისახა: ირიბად, ალეგორიულად, როგორც ამ ტალღის ავტორებს უყვარდათ. ტომას სტერნზ ელიოტს, მისი თანამოაზრის, ეზრა პაუნდის მსგავსად, მიაჩნდა, რომ „თანამედროვე პოეზია რთული უნდა იყოს“. როგორც პოეტის მკვლევარი, თემურ კობახიძე წერს, ამ მოთხოვნას ელიოტი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ შემოქმედებას უყენებდა. „მის პოეზიას დინჯი და ჩამწვდომი კითხვა უყვარს, თითქოს „უმნიშვნელო“ დეტალებზე დაკვირვება, მინიშნებული წყაროების მიგნება, მხატვრული აზრის აღქმა, როგორც ემოციის ან, თუ გნებავთ, როგორც მელოდიისა (ჯერ კიდევ ა. ა. რიჩარდზი „იდეების მუსიკად“ მოიხსენიებდა „უნაყოფო მიწას“). ყოველივე ეს განსაკუთრებულ განცდითსა და ინტელექტუალურ ეფექტს ქმნის, რომელიც, როგორც წესი, „დაგვიანებულ“ ხასიათს ატარებს – მკითხველი მას მხოლოდ უკვე ტექსტიდან მოწყვეტით, წაკითხულის შესახებ ფიქრის, მისი გახსენებისა და თავიდან გააზრების შედეგად აღიქვამს“ (თემურ კობახიძე, „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“).
რთული პოემაა „უნაყოფო მიწა,“ დიდი შრომა და ჩაკირკიტება სჭირდება. მისი კითხვა სერიოზულ ლიტერატურულ მომზადებას მოითხოვს მკითხველისგან, სათარგმნად კი – გაცილებით მძიმეა: „თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ თარგმნა, მაგრამ ნაწილები აკლდა. რომ წავიკითხე, მომინდა, სრულად შემევსო და თავიდან ბოლომდე ვთარგმნე. რა თქმა უნდა, განსხვავებულად. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტექსტია ელიოტის შემოქმედებაში – ათასნაირი თემაა, ბევრი პლასტი. ერთმანეთს ერწყმის მითოლოგია, ფილოსოფია, ლიტერატურა… ქვეთავები დასათაურებულია და ერთი მეორეს არ უკავშირდება, მაგრამ კითხვას რომ დაასრულებ, ერთიანი სახე იქმნება. თითქოს ჯერ ანაწევრებს, მერე კრავს ამ ყველაფერს და, საბოლოოდ, ხვდები, რას გულისხმობს უნაყოფო მიწის იდეა. სათაურს სხვადასხვაგვარად თარგმნიდნენ, მათ შორის, „იავარქმნილ მიწად,“ მაგრამ „უნაყოფო“ უფრო სწორ ფორმად მიმაჩნია. „იავარქმნილი“ ნიშნავს, რომ ვიღაცამ გაანადგურა და მერე გახდა უნაყოფო, ეს კი თავისთავად უნაყოფოა“.
ამ ტექსტის რედაქტირებისა და გამოცემის საქმეში ეზრა პაუნდმა დიდი წვლილი შეიტანა. სწორედ მას მიუძღვნა ელიოტმა პოემა წარწერით – Il miglior fabbro (ჩემზე დიდ ოსტატს).
ცოტა ხნის წინ „კოქტეილის წვეულება“ თარგმნა, 145-გვერდიანი რიტმული პიესა. პატარ-პატარა ლექსებს აღარც ითვლის – საკმაოდ ბევრი დაგროვდა. თარგმნა არავის უთხოვია, თავად მოინდომა – ტომას სტერნზ ელიოტი მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორია. „ლექსში – „სავარჯიშო ხუთი თითისათვის“ საკუთარ თავზე წერს: „არ მსურს ვიცნობდე მისტერ ელიოტს, მისი უჟმური სახის ნაკვთებით“. ელიოტის თარგმანები რომ წიგნად შეიკრას, დავარქმევდი – „მე მსურს, ვიცნობდე მისტერ ელიოტს…“ კარგა მოზრდილი წიგნი გამოვა“.
მშფოთვარე ირლანდიელი
კიდევ ერთი დიდი პოეტი, უილიამ ბატლერ იეიტსი წლების წინ აღმოაჩინა. იმ პერიოდში ხშირად დადიოდა მთარგმნელობით სემინარებზე მოსკოვში და აუცილებლად სტუმრობდა რამდენიმე ამოჩემებულ წიგნის მაღაზიას. იქიდან ახალი გამოცემებითა და ავტორებით დატვირთული ჩამოდიოდა. შვილები საჩუქრებს ელოდებოდნენ, ის კი გახსნიდა სავსე ჩანთას და წიგნები ამოჰქონდა. ერთ-ერთ ჯერზე ნობელიანტი ირლანდიელით, უილიამ ბატლერ იეიტსით დაინტერესდა. თავდაპირველად ბიოგრაფიული წიგნი წაიკითხა და მისმა მშფოთვარე ცხოვრებამ მოხიბლა: ირლანდიური მითოლოგიით, მისტიციზმით, ოკულტიზმით გატაცებამ, გვიანი პერიოდის ფილოსოფიურმა ძიებებმა, ურთიერთობამ საყვარელ ქალთან, მოდ გონთან, რომელზეც ვერა და ვერ იქორწინა, შემდეგ კელტური აღორძინების ერთ-ერთი მთავარი ფიგურის ლექსებითაც დაინტერესდა.
„ერთ მაღაზიაში აღმოვაჩინე იეიტსის ლექსების სქელი ტომი. მერე სხვაგანაც შემხვდა. ჩამოვიტანე და გადავწყვიტე, მეთარგმნა. მისმა პოეტურმა სახეებმა პირველი წაკითხვისთანავე გამაოცა. განსაკუთრებით მიყვარს „გრძელკანჭა მწერი“, რომელიც ასე იწყება:
ცივილიზებულ სამყარომ ბოლოს
რომ არ წააგოს ომი დიადი,
დააშოშმინეთ ძაღლი და პონი,
უფრო შორეულ ძელზე მიაბით;
ლექსში არის გამორჩეული პოეტური სახე, შედარება, რომელიც განსაკუთრებულად მხიბლავს:
მისი გონება მდუმარებაზე ცოცავს,
ვით წყალზე გრძელკანჭა მწერი.
ეს სტრიქონი ხშირად მიტრიალებს თავში, როცა სახლში მარტო ვარ, ვფიქრობ და ვდუმვარ. კიდევ აქვს არაჩვეულებრივი ლექსი – „შეშლილი, როგორც ნისლი და თოვლი“, რომლის სათაურშივე იგრძნობა პოეზიის სუნთქვა. საოცარია „ეიდი ნატრობს ზეციურ ქსოვილს“ – ბოლოში რითმები კი არა, სიტყვები მეორდება. ისეთი უცნაური ლექსია, წაკითხვისთანავე ვთქვი, რომ უნდა მეთარგმნა:
ნეტავი მქონდეს ზეციური უცხო ქსოვილი,
ამოქარგული ოქროსფერ და ვერცხლისფერ შუქით,
ცისფერი, ნაზი, დაბინდული ფერის ქსოვილი,
შექმნილი ღამის ან აისის მიმქრალი შუქით.
მე ფიანდაზად გაგიშლიდი ამ ქსოვილს ფეხთქვეშ,
მაგრამ, მე ღარიბს, დამრჩენია მხოლოდ ოცნება,
მე ფიანდაზად გაგიშალე ოცნება ფეხთქვეშ,
იარე ფრთხილად, არ გათელო ჩემი ოცნება.
ამას რომ ვკითხულობ, დღესაც მბურძგლავს. კიდევ მიყვარს „გაცურვა ბიზანტიისაკენ“ – ლამაზი, ფილოსოფიური ლექსი, სევდიანი დასაწყისით – „რა დარჩენიათ აქ მოხუცებს, ამ უცხო მხარეს“… სხვათა შორის, ეს სტრიქონი შემდეგ იდიომად იქცა და ბევრმა არ იცის, რომ მისია. ბევრი კარგი ლექსი აქვს იეიტსს. სულ მინდა, ვიპოვო რამე, ვთარგმნო, მაგრამ თვალები აღარ მემორჩილება“.
კიდევ ერთი სახასიათო ოპუსია „ინისფრის კუნძული ტბაში,“ რომელსაც ამაღელვებელი ისტორია აქვს: ლონდონში ყოფნისას სამშობლო ძალიან ენატრებოდა. ერთხელ, ქუჩაში მიმავალს, წყლის წვეთების ხმა შემოესმა. მაღაზიის ვიტრინაში პატარა შადრევანი დაინახა და ბავშვობისდროინდელი ოცნება გაახსენდა – როგორ უნდოდა ინისფრის კუნძულზე ცხოვრება. იეიტსი იხსენებს, რომ ერთხელ, როცა მამამისი ჰენრი დევიდ თოროს წიგნს – „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“ კითხულობდა, მასაც მოუნდა სიბრძნის საძიებლად პატარა კუნძულზე განმარტოებით ცხოვრება. ეს განწყობა ლექსში აისახა. მასში აღწერილი ჭრიჭინების ხმა და ოცნება თიხისგან აგებულ ქოხზე, ბუნებასთან დაკარგული კავშირის სიმბოლო გახდა. სწორედ ამაზე ისაუბრა მედეა ზაალიშვილმა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ რადიოგადაცემაში, რომელიც მთარგმნელმა პაატა ჩხეიძემ მოისმინა. დაუკავშირდა და როდესაც აღმოაჩინა, რომ იეიტსის ბევრი ლექსი ჰქონდა ნათარგმნი, სთხოვა, ეს ყველაფერი როსტომ ჩხეიძესთან რედაქციაში მიეტანა.
რედაქციებში სიარული არასოდეს უყვარდა, ამიტომ მის მდიდარ მთარგმნელობით პორტფოლიოს თავად მთარგმნელებიც ნაკლებად იცნობდნენ. ჩხეიძეებთან თანამშრომლობითა და გამომცემლობა „ინტელექტის“ დახმარებით იეიტსის ლექსების მოზრდილი კრებული გამოიცა. ცალკე წიგნად გამოვიდა „კელტური მიმწუხრი“ – რომელშიც მინიატურულ პროზად დაწერილი ძველი ირლანდიური თქმულებები, ლექსები და რამდენიმე პიესა შევიდა.
ფოლკნერი – პოეზია პროზად
პოეზიით რომ იღლება, პროზაზე გადაერთვება ხოლმე. ცოტა ხნის წინ ფოლკნერის ბოლოდროინდელ მოთხრობებზე იმუშავა. ფოლკნერი ის ავტორია, მუდმივად რომ უბრუნდება. მისი ტექსტებიც პოეზიაა, ოღონდ პოეზია – პროზად. წლების წინ „ნიუორლეანური ჩანახატები“ გადმოაქართულა – ადრეული პერიოდის მოთხრობები, თუმცა თითქოს ვერ ამოწურა და ამჯერად სასურველი გვიანდელებს შორის ეძება. „მიღმა“ და „კარკასონი“ უკვე თარგმნა, რიგში კიდევ რამდენიმეა. „ძალიან უცნაური მოთხრობებია, ენით აღუწერელი. ორივე მიღმიერ სამყაროზეა, მიცვალებულებზე. თითქმის საიქიოა, მაგრამ ისე ცოცხლად აქვს აღწერილი… მოხუცი დაკარგულ შვილს საიქიოში ეძებს. იქ პატარა ბიჭი ხვდება ქალთან ერთად, რომელიც ცხენიდან ჩამოვარდნილა და მომკვდარა. უცნაური ტექსტებია, გაორებული, თითქოს სიკვდილის წინათგრძნობა ჰქონდა. მათი დაწერიდან ძალიან მალე თავადაც ცხენიდან გადმოვარდა და მალევე გარდაიცვალა. ენობრივადაც ძალიან რთული სამუშაოა. ისეთი გარემო უნდა შექმნა, მკითხველი მიხვდეს, რომ საიქიოა, სადაც სხვა ლექსიკაა, სხვა აზროვნება. თან ისე უნდა თარგმნო, რომ ფოლკნერი იგრძნობოდეს, მისი პოეტური ენა, როგორც რომანში – „სული რომ ამომდიოდა“.
„სული რომ ამომდიოდა“ მისი მთარგმნელობითი ბიოგრაფიის ერთგვარი მაგნუმ ოპუსია. ყოველ შემთხვევაში, მკითხველთა უმეტესობისთვის მედეა ზაალიშვილის სახელი ამ რომანთან ასოცირდება. ტექსტს წლების წინ მელიქიშვილზე, ბუკინისტებში წააწყდა: Penguin-ის გამოცემა იყო – ჯიბის წიგნი, პატარა. დაინახა და გაგიჟდა. ჯერ ერთი ეგზემპლარი წამოიღო, მერე მეორე: სხვას რომ ეყიდა, თითქოს დამენანაო. მაშინ თარგმნას არ აპირებდა. უბრალოდ, წაიკითხა და მოიხიბლა. ერთ დღესაც პოეტი და მთარგმნელი გივი გეგეჭკორი და მისი მეუღლე ესტუმრნენ – ამ ზაფხულს არაჩვეულებრივი წიგნი წავიკითხეთ, ოღონდ რუსულად და იქნებ ქართულად თარგმნოო – ეს რომანი დაუსახელეს. გადმოიღო თაროდან ორიგინალი და აჩვენა. მიუხედავად იმისა, გააზრებული ჰქონდა, ფოლკნერის თარგმნა რა სირთულეებს უკავშირდებოდა, რამდენიმე თავი თარგმნა და გეგეჭკორების წყვილს წაუკითხა. „ჯერ ჩუმად იყვნენ, მერე გივიმ ხელნაწერს ჩახედა და მითხრა – გააგრძელე, ნამდვილი ფოლკნერი იქნებაო. კინაღამ სკამიდან გადავვარდი, ისე გამიხარდა. იმავე ღამეს მუშაობა გავაგრძელე. ექვს კვირაში დაიწერა წიგნი და სამ კვირაში ვთარგმნე, ისე გამიტაცა“.
ეს უცნაური რომანი ფოლკნერმა, მართლაც, ძალიან სწრაფად დაწერა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. წერდა ღამღამობით, საქვაბეში მუშაობისას. ვიდრე დაიწყებდა, იცოდა, როგორ დაასრულებდა. ბანდრენების ოჯახის ათდღიანი მოგზაურობა დედის, ედი ბანდრენის დასამარხად, არაორდინარულ სიუჟეტთან ერთად, უამრავ ალუზიასა და თემას მოიცავს. სხვადასხვა მთხრობლის მიერ მოყოლილი ერთი „მოგზაურობის“ ისტორია, რომელიც ტრაგიზმთან შერწყმული ცინიზმით გვზაფრავს, მკითხველს დიდხანს ამახსოვრდება და არაერთ საკითხზე ფიქრის საბაბს აღძრავს. უცნაურია, მაგრამ ბრწყინვალე თარგმანის წყალობით რომანის სიუჟეტი რაღაც ეტაპზე უკანა პლანზე ინაცვლებს და მთელი ყურადღება თხრობის რიტმსა და ტექსტის მხატვრულ ღირებულებაზე გადაგვაქვს. ორიგინალის მსგავსად, ქართულ ენაზე რომანი პოეზიასავით იკითხება. მთარგმნელის ოსტატობას ყველაზე მეტად ალბათ ეს ფაქტი განსაზღვრავს.
სათაურს რაც შეეხება, „როცა ვკვდებოდი,“ როგორც მანამდე მოიხსენიებდნენ რომანს, ძალზე არაპოეტურად და არაფოლკნერისეულად ჟღერდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ჰომეროსის „ოდისეას“ ქართული თარგმანიდან გაახსენდა ეპიზოდი, როცა ჯოჯოხეთში ჩასული აგამემნონი ამბობს ფრაზას: „სულამომდინარს იმ ძაღლთაპირმა ჩემმა ცოლმა თვალებიც არ დამიხუჭაო“. უცებ ამოუტივტივდა გონებაში ეს სიტყვები და მიხვდა – სწორედ ის იყო, რაც უნდოდა.
წიგნი პირველად 1989 წელს გამომცემლობა „საბჭოთა აჭარამ“ დასტამბა. ყდა მისმა ბიძაშვილმა, მხატვარმა ნინო ზაალიშვილმა გააფორმა. პირველი გამოცემა კორექტურებით სავსე და უღიმღამო გამოვიდა, თუმცა შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გამოიცა და მკითხველამდე მისასვლელი გზაც იოლად იპოვა.
უცნაურია, მაგრამ ფოლკნერი რაღაცით მამას აგონებს. წლების წინ ნათქვამ მის სიტყვებს იხსენებს: „უფსკრულში რომ ჩავარდე, სიბნელეში ხელით უნდა ეძებო ხის ფესვები, თუნდაც ხმელი, მოეჭიდო და ამოძვრე. მერე, როცა ზემოთ ამოხვალ, გულაღმა დაწექი და ცას შეხედეო. რაღაც მსგავსს ამბობდა ფოლკნერიც. სულ მახსოვდა ეს სიტყვები. როდესაც გამიჭირდა, ვფიქრობდი, – უფსკრულში ვიყავი, ამოვძვერი და ახლა უნდა გავთავისუფლდე-მეთქი“.
დიდი ხნის წინ უკვე ამოვიდა უფსკრულიდან, ცასაც შეხედა და თავისი წილი თავისუფლებაც მოიპოვა. ახლა სხვა განზომილებებს ეძებს.
© არილი