დაკარგული ადამიანი
თქვი: ყველაფერი კარგადაა,
უბრალოდ – კარგად!
კარგად იპარსავ დილით
პირს და კარგად საუზმობ,
კარგად გადიხარ შინიდან
გარეთ, სადაც კარგებს
დღითიდღე კარგავ და
ყოველ მათგანს
კარგი კაცის მზერა აქვს
მერე, როცა კარგად
აღარ გახსოვს მათი სახელი
და ყველაფერი კარგადაა,
უბრალოდ – კარგად!..
უბრალოდ, კარგი ამინდია
და ლაპარაკობ
ადამიანთან ამ ამინდზე,
როგორც, ვთქვათ, ქალზე:
“რა მშვენიერი ამინდია”…
“დიახ ბატონო, გუშინდელზე
უკეთესი”, – გპასუხობს იგი
და მერე დიდხანს კარგად
დუმხართ. როცა მზე ჩავა,
კარგი მთვარე ამოვა, ხოლო
კარგ მთვარეს ისევ
კარგი მზე შეცვლის და
ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ –
კარგად და რა თქმა უნდა,
კარგადა ხარ შენც, ყველაფერში
რაკი ასე ძალიან კარგად
ჩახედული ხარ და ამ
სიკარგის ხვეულებში დაკარგულმა
თქვი: ყველაფერი კარგადაა,
უბრალოდ – კარგად!.. კარგად.
2000 წ.
© ”არილი”