ნაწყვეტი წიგნიდან “ფოლადის ქარიშხლები”
თარგმნა ეთერ ვიბლიანმა
როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარების მიხედვით მივხვდი, დიდხანს არ ვყოფილვარ გონწასული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მებრძოლების პირველმა რიგმა მიაღწია იმ ტრანშეამდე, სადაც მე ჩავვარდი. თიხიან კედელზე მიკრული, გამოვფხიზლდი თუ არა, ვიგრძენი, რომ რაღაც საშინელება მომხდარიყო. გავიგონე, როგორ უხმობდნენ სანიტრებს ასმეთაურთან, ცალი თვალით ისიც დავინახე, მეომრები ერთიმეორის მიყოლებით როგორ ხტებოდნენ იმ ტრანშეაში, სადაც მე ვეგდე და სირბილს განაგრძობდნენ.
კეთილი გამომეტყველების ხანდაზმული ჯარისკაცი შეჩერდა, დაიხარა ჩემკენ და ქამარი და მუნდირის საკინძე შემიხსნა. მარჯვენა მხარეს მკერდზე სისხლის დიდი ლაქა მაჩნდა, მსგავსი რამ სადღაც ბეჭის ქვემოთაც უნდა მქონოდა. განძრევას ვერ ვახერხებდი, სიცხისა და სივიწროვისგან მთელი ტანი ოფლით მქონდა გაწეპილი, გულმოწყალე ჯარისკაცმა ჩემი პლანშეტი აიღო და მარაოსავით დამინიავა. ჰაერის ნაკადი ხარბად ჩავისუნთქე და ცოტაოდენი შვება ვიგრძენი. ახლა ისღა დაგვრჩენოდა, მხსნელად შებინდებას დავლოდებოდით.
უცებ საპინიის მხრიდან ისეთი სროლა ატყდა, გეგონებოდა ცა და დედამიწა შეერთდაო, ჩვენც ტყვიის ქარ-ცეცხლში გავეხვიეთ. ეს, ცხადია, ბევრად მეტი იყო, ვიდრე შეტევაზე პასუხი. თავს ზემოთ ლეიტენანტ შრადერის ფოლადისჩაჩქნიანი გაქვავებული სახე დავინახე. იგი განუწყვეტლივ ისროდა და ჩახმახს შეუჩერებლად ამოძრავებდა წინ და უკან. გადავწყვიტე ხმა გამეცა, მაგრამ მასთან გამოლაპარაკებამ კოშკის სცენა მომაგონა “ორლეანელი ქალწულიდან”. ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ გახლდით, მაგრამ შესანიშნავად მესმოდა, რომ უკვე აღარაფერი მიშველიდა.
შრადერი ხანდახან თუ გადმომიგდებდა ცალკეულ ფრაზებს, მე ხომ სათვალავში ჩასაგდები აღარც ვიყავი. ვინაიდან არაფრის გაკეთების ძალი და ღონე არ მქონდა, შევეცადე, შრადერის სახის გამომეტყველებით ამომეცნო, რა ხდებოდა ზევით. ცხადი იყო, რომ კონტრშეტევაზე წამოსულებმა მნიშვნელოვნად წამოიწიეს წინ, რადგან შრადერი სულ უფრო ხშირად და კატეგორიულად მოითხოვდა ტრანშეაში მყოფთაგან კონკრეტულ მიზანში სროლას, ეს იმას ნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგის ჯარისკაცები სადღაც აქვე იყვნენ.
მოულოდნელად ტრანშეის გასწვრივ გაბმული რიგიდან შეძრწუნებული ყვირილი მოისმა: “მათ ფრონტი გაარღვიეს! მარცხნიდან მოგვიარეს!” უცაბედად თავს წამომდგარი მტრის დანახვით თავზარდაცემული ადამიანების ხმაში არსებული რეალობის მთელი საშინელება იგრძნობოდა. ამ შემზარავმა გოდებამ ჩემში სიცოცხლის ნაპერწკალი გააღვივა. ხელი ავწიე და თითები თხრილის კედელს ავაყოლე. ერთგან პაწაწინა ფოსო შევნიშნე, – თაგვის ან თხუნელას სოროს შესასვლელი თუ იყო – ორი თითით მოვეჭიდე და ტანის აწევას შევეცადე ნელ-ნელა. განძრევისთანავე ვიგრძენი, როგორ დაიწყო ფილტვებში დაგროვილმა სისხლმა ჭრილობიდან დენა. რაც უფრო ძლიერდებოდა სისხლდენა, მით უფრო თავისუფლად ვსუნთქავდი და ვიმართებოდი. ხელში ჩაბღუჯული პისტოლეტით, თავშიშველმა და მკერდგაღეღილმა გაჭირვებით მიმოვათვალიერე ბრძოლის ველი.
მოყვითალო კვამლის ბოლქვებს მიღმა დავინახე როგორ გარბოდა წინ მძიმეზურგჩანთებიანი ჯარისკაცების მწკრივი. მათგან ზოგი მოცელილივით ეცემოდა, ზოგი კი ტყვიანაკრავი კურდღელივით ჯერ ყირაზე გადადიოდა, მერე ძირს ვარდებოდა. მწკრივში უკანასკნელნი ახალწვეულებს ჰგავდნენ – ომი რომ ჯერ არ უნახავთ და ამიტომ უგუნურად მამაცობენ.
ერთ თოკად გაბმული ოთხი ტანკი მაღლობისკენ მიხოხავდა. არტილერიამ თვალსა და ხელს შუა მიწასთან გაასწორა ოთხივე. ერთი მათგანი შუაზე გაიპო და სათამაშოსავით დაიშალა. ჩემგან მარჯვნივ გულისგამგმირავი ღრიალით თხრილის ფსკერისკენ დაეშვა იუნკერი მორგანი. იგი ახალგაზრდა ლომივით მამაცი იყო; ამაში ჯერ კიდევ კამბრესთან დავრწმუნდი. ტყვია პირდაპირ შუბლში მოხვდა. ნამდვილი სნაიპერული გასროლა იყო, ბევრად უფრო ზუსტი, ვიდრე ის ჭრილობა, რომელიც ამ მამაცმა ჭაბუკმა შემიხვია.
მიუხედავად ყველაფრისა, მომეჩვენა, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო წაგებული. ენა ძლივს-ძლივობით დავიმორჩილე და ფენრიხ ვილსკის ვუბრძანე, მარცხენა მხარეს გარღვეული რკალი ტყვიამფრქვევის ცეცხლით აღედგინა. იგი რამდენიმე წუთში დაბრუნდა და მომახსენა, რომ ჩვენგან ოციოდე მეტრის მოშორებით სხვა ლეგიონის დანაყოფები ერთიანად დანებდნენ მოწინააღმდეგეს. აქამდე მარცხენა ხელით ბალახს ჩაჭიდებული ვიდექი ფეხზე და ბრძანებების გაცემასაც ვცდილობდი. ახლა როგორც იქნა შემობრუნება მოვახერხე და თვალწინ მოულოდნელი სურათი გადამეშალა. ინგლისელები შეიჭრნენ იმ ტრანშეაში, რომელიც მარცხენა მხრიდან ჩვენსას ესაზღვრებოდა. ჯარისკაცების ნაწილი მომარჯვებული შაშხანებით მიემართებოდა სანგრებისკენ. ვერც კი მოვასწარი არსებული საფრთხის სრულად გაცნობიერება, რომ სხვა უფრო დიდმა საშიშროებამ მიიქცია ჩემი ყურადღება: ზურგის მხრიდანაც გვიახლოვდებოდნენ მტრის ჯარისკაცები! მათ ხელებაწეული ტყვეები მოჰყავდათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგემ სოფელი მაშინათვე დაიკავა, როგორც კი ჩვენ შეტევაზე გადავედით. გადაგვიჭრა რა ყველა კომუნიკაცია, იგი ჩვენს ყულფში მოქცევას ცდილობდა.
ამასობაში ვითარება გართულდა… ინგლისელთა ნახევარი ასეული, გერმანელი ტყვეებიანად, ჩვენს გარშემო რკალს კრავდა და იარაღის დაყრას გვირჩევდა. ირგვლივ ისეთი არეულობა და სასოწარკვეთილება სუფევდა, თავი ძირგახვრეტილ გემზე გეგონებოდა. როგორღაც ამოვიხრიალე და ახლო-მახლო მყოფთ წინააღმდეგობის გაწევისკენ მოვუწოდე. მათაც დაუყოვნებლივ გახსნეს ცეცხლი, ოღონდ არავინ არჩევდა, სად მტერი იყო და სად თავისიანი. მოღრიალე თუ სახეჩამომტირალი ადამიანების რკალი კი სულ უფრო ვიწროვდებოდა ჩვენს ირგვლივ. შორიახლოს ორი ათეული ინგლისელი თხრილისკენ მთელი ძალით იქნევდა ხიშტებს, იქიდან კი შეწყალების მუდარით თავსზემოთ აწეული ხელების მოძრაობაღა ილანდებოდა.
ჩემს სიახლოვესაც გაისმა ჯარისკაცთა შეძახილები: “ბიჭებო, როდემდე შეიძლება! დაყარეთ შაშხანები! არ გვესროლოთ, ძმებო!”
მზერა შორიახლოს მდგარ ორ ოფიცერზე შევაჩერე. მათ უსიტყვოდ აიჩეჩეს მხრები, გამიღიმეს და დაყარეს საქამრე ღვედები…
ან ტყვია, ან ტყვეობა. სხვა გამოსავალი არ იყო. ამ ფიქრით ამოვბობღდი თხრილიდან და დავიწყე ხოხვა ფავრეის მიმართულებით. ყველაფერი ისე იყო, როგორც ცუდ სიზმარში ხდება ხოლმე – ფეხებს, თითქოს ტყვიისგან ჩამოასხესო, ვეღარ ვიმორჩილებდი. ერთადერთ ხელისშემწყობ გარემოებად შეიძლება ის ჩაგეთვალა, რომ ირგვლივ საშინელი დომხალი იყო, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა: ზოგი ისევ განაგრძობდა სროლას და ხიშტის ქნევას, ზოგნი კიდევ, გამარჯვების ნიშნად, სიგარეტით უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს. გზა ორმა ბრიტანელმა გადამიღობა. მათ რომელიღაც სხვა ლეგიონის ტყვე ჯარისკაცთა ჯგუფი მიჰყავდათ. ერთ-ერთ მათგანს ერთი-ორი ნაბიჯიღა მაშორებდა, უცებ ამოვიღე პისტოლეტი და ჩახმახს გამოვკარი. მეორემ მთელი მჭიდე მოუშვა ჩემსკენ, მაგრამ ამაცილა. მკვეთრი მოძრაობების გამო ფილტვიდან სისხლდენამ იმატა. სუნთქვა უფრო გამიადვილდა და ტრანშეის გასწვრივ გავიქეცი. ლეიტენანტი შლეგერი მიწაყრილის შვერილზე ჩამომჯდარიყო და ჯარისკაცების ჯგუფთან ერთად სროლას განაგრძობდა. დამინახეს თუ არა, შემომიერთდნენ. მოწინააღმდეგის მეომრებმა მალევე შეგვნიშნეს, მაშინათვე ჩაგვისაფრდნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს. სასწაულებრივად გადავრჩით მე, შლეგერი და ორი მხლებელი, დანარჩენები ერთიანად ამოჟლიტეს. შლეგერი ძლიერ ახლომხედველი იყო, ამასთან სათვალეც დაკარგვოდა და, როგორც მოგვიანებით მიყვებოდა, ვერაფერს ხედავდა ჩემი მოქანავე პლანშეტის გარდა. პლანშეტი იყო მისი ორიენტირი. ბევრი სისხლის დაკარგვის გამო იმგვარი სიმსუბუქე და თავისუფლება ვიგრძენი, სიმთვრალე რომ იწვევს ხოლმე. ერთი რამის მეშინოდა მხოლოდ – ძალაგამოცლილი უდროოდ არ წავქცეულიყავი.
ბოლოს და ბოლოს ფავრეის მარჯვნივ ნახევარმთვარისებურ მიწაყრილთან აღმოვჩნდით. რამდენიმე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლი არ არჩევდა მტერსა თუ მოყვარეს და იქაურობას ქვას ქვაზე ადუღებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ალყის რკალი სადღაც გარღვეული იყო და ჩვენ ისევ გაგვიმართლა. მტრის ჭურვების ნამსხვრევები სეტყვასავით მოდიოდა ჩვენი თავშესაფრისკენ. ოფიცრები ყვირილისგან იჭაჭებოდნენ, ბრძანებებს იძლეოდნენ, თავგზააბნეული ჯარისკაცები აქეთ-იქით აწყდებოდნენ, ვერ მიმხვდარიყვნენ რომელი ბრძანება შეესრულებინათ. უნტერის სამხრეებიანმა მეექვსე ასეულის სანიტარმა მუნდირი გამაძრო და მირჩია დაუყოვნებლივ დავწოლილიყავი: “თორემ სისხლისგან დაიცლები და მოკვდები”-ო…
მე ლაბადა-კარავში გამახვიეს და სოფლის უკანა მხარეს გამაქანეს. მეთაურის გაცილება ჩემი და მეექვსე ასეულის ერთ მუჭა ჯარისკაცებს დაევალათ. სოფელი უკვე გავსებულიყო ინგლისელებით და სულ მალე უმოკლესი მანძილიდან დაგვიშინეს ტყვია. მეექვსე ასეულის სანიტარი, რომელსაც სხვებთან ერთად მივყავდი, თავგახვრეტილი დაეცა ძირს. მიწაზე დავებერტყე მეც…
დანარჩენები ელვის სისწრაფით ჩაწვნენ იქვე და შემდეგ ნელა გახოხდნენ ღარტაფისკენ.
ლაბადა-კარავში გახვეული მარტო დავრჩი ბრძოლის ველზე და თითქმის გულგრილად დავუწყე ლოდინი ტყვიას, რომელიც წერტილს დაუსვამდა ჩემს ოდისეას.
მაგრამ, ამ თითქოსდა გამოუვალ სიტუაციაშიც არ აღმოვჩნდი განწირული და მიტოვებული. ღარტაფში თავშეფარებული ჯარისკაცები თვალს არ მაცილებდნენ და მალევე დაბრუნდნენ. “მე მოვიკიდებ ზურგზე ბატონ ლეიტენანტს, ან გავაღწევთ სამშვიდობოს, ან აქვე ჩავიხოცებით”, – ეს ქვემოსაქსონელი აყლაყუდა ეფრეიტორის, ჰენგსტმანის ხმა იყო.
სამწუხაროდ, ვერ გავაღწიეთ. მოწინააღმდეგის რიგებში მეტისმეტად ბევრი აღმოჩნდა მარჯვე მსროლელი. ჰენგსტმანს კისერზე მოვხვიე ხელები და იგი გაიქცა. ისეთი სროლა ატყდა, თავი პოლიგონზე გეგონებოდა. ორი-სამი ნახტომის შემდეგ ლითონზე რაღაცამ გაიფხაჭუნა და ჰენგსტმანი ნელ-ნელა ჩაჯდა… არც დაუკვნესია, ისე უხმოდ დაეცა. ვიგრძენი, რომ მიწამდე სული არ დაჰყოლია. მას ისე მაგრად ვეჭირე, ძლივს გავითავისუფლე თავი. აღმოჩნდა, რომ ტყვიას ჩემი ჩაჩქანი გამჭოლად გაეხვრიტა ორივე საფეთქელთან. მამაცი ჯარისკაცი მასწავლებლის შვილი აღმოჩნდა. როგორც კი ფეხზე დავდექი და სიარული შევძელი, ვეწვიე მის მშობლებს ჰანოვერთან ახლოს, პატარა ქალაქში და ვუამბე მათი შვილის დაღუპვის ამბავი.
ჰენგსტმანის სიკვდილმა ვერ ააღებინა ხელი დანარჩენებს ჩემი გადარჩენის ხელახალ მცდელობაზე. სამედიცინო-სანიტარული სამსახურის სერჟანტმა სტრიხალსკიმ მომიგდო მხრებზე და ტყვიის სეტყვის მიუხედავად, მოახერხა იმ უახლოეს ბექობამდე მიეღწია, რომელიც არ იბომბებოდა.
ბინდ-ბუნდი ჩამოწვა. ჩემმა მხსნელებმა მკვდარ ჯარისკაცს ააცალეს ლაბადა-კარავი, ზედ დამაწვინეს და უკაცრიელი ადგილების გავლით მატარეს. საშინლად მაწუხებდა ჰაერის უკმარისობა. როცა ათი მეტრით წინ მიმავალმა ჯარისკაცმა სიგარეტი გააბოლა, კინაღამ დავიხრჩვი.
როგორც იქნა ბლინდაჟამდე მივაღწიეთ. იქ ჩემი ძველი მეგობარი, ექიმი კაი თავის მოვალეობას ასრულებდა. მან არაჩვეულებრივი ლიმნიანი სასმელი მოამზადა, შემდეგ მორფი გამიკეთა და სასიამოვნო ბურანში გავეხვიე.
ჩემი სასიცოცხლო ძალების ბოლო გამოცდა ოღრო-ჩოღრო სამანქანო გზა იყო, რომლითაც ჰოსპიტალში მიმიყვანეს მეორე დილით. იქ მედდების მზრუნველ ხელში აღმოვჩნდი და “ტრისტრამ შენდის” კითხვაც გავაგრძელე იმ ადგილიდან, სადაც შევწყვიტე შეტევაზე წასვლის წინ.
მეგობრების დახმარებით გამიადვილდა ყველა იმ გართულების გადატანა, რაც ფილტვების ჭრილობისთვისაა დამახასიათებელი. მართალია საპინიის შეტევის მონაწილეთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დარჩა, ხოლო გადარჩენილთა უმრავლესობა ინგლისელთა ტყვეობაში მოხვდა, მაგრამ დივიზიიდან მაინც მაკითხავდნენ ჯარისკაცები და ოფიცრები. როცა კამბრეში მოწინააღმდეგის ჭურვებმა დაიწყო ცვენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მტერი დამაჯერებლად მოიწევდა წინ, ცოლ-ქმარმა პლანკოებმა ძალიან სასიამოვნო წერილი მომწერეს და ამანათიც გამომიგზავნეს – იმ ზაფხულს მათ ბაღჩაში დამწიფებული ერთადერთი ნესვი და ერთი ქილა რძე. ჩემი დენშჩიკი, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა მის წინამორბედთაგან, ჩემთან დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალში მას სურსათი არ ერგებოდა და ორიოდ ლუკმას ხვეწნა-მუდარით ძლივს შოულობდა.
ხანგრძლივად წოლას ყოველთვის თან სდევს მოწყენილობა. ერთხელაც, გასახალისებლად, გადავწყვიტე ჭრილობების დათვლა. სისხლჩაქცევებსა და უბრალო განაკაწრებს თუ არ ჩავთვლიდი, სულ თოთხმეტჯერ მქონდა იარაღი მოხვედრილი: ხუთი ტყვია, ორი ჭურვის და ოთხი ყუმბარის ნამსხვრევი, ორი მსკდომი და ერთიც შრაპნელის ტყვია. საბოლოოდ დამრჩა ოცი ნაჭრილობევი, რადგან ზოგი ტყვია გამჭოლი იყო. ომში პირდაპირი დამიზნებით იშვიათად ისვრიან, ცეცხლი ზოგადად ბრძოლის ველისკენაა მიმართული. მიუხედავად ამისა, მოვახერხე მტრის მიერ ნასროლი უთვალავი ტყვიიდან თერთმეტი მე მომხვედროდა. აქედან გამომდინარე, სრული უფლება მქონდა, თამამად დამებნია მკერდზე ჭრილობებისთვის დაწესებული ოქროს სამკერდე ნიშანი.
ორი კვირის შემდეგ სანიტარული მატარებლით მივქროდი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ზამბარებიან ლეიბზე წამოწოლილი გერმანიის ლანდშაფტს გავცქეროდი – ფოთლოვან ტყეს მკრთალი ოქროსფერი შეჰპარვოდა. საბედნიეროდ ჰანოვერში გადმომიყვანეს მატარებლიდან და წმ. კლემენტინას თავშესაფარში დამტოვეს. მალე მნახველებმაც მომაკითხეს. განსაკუთრებით გამიხარდა ჩემი ძმის ნახვა. ჭრილობების შემდეგ იგი კიდევ უფრო გამართული მეჩვენა, მაგრამ სამწუხაროდ მარჯვენა მხარე კვლავ ცუდად ემორჩილებოდა.
ოთახში ჩემთან ერთად იყო ბარონ რიჰტჰოფენის ესკადრილიის ახალგაზრდა მფრინავი ვენცელი. იგი ათლეტური აღნაგობისა და მეტისმეტად მამაცი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთა მსგავსნიც, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ იბადებიან ჩვენს ქვეყანაში. თავისი ესკადრილიის დევიზს – “რკინისებური ნებისყოფა და უკანმოუხედავი რისკი!” – ვენცელი პირნათლად ასრულებდა. მან გაანადგურა მოწინააღმდეგის თორმეტი თვითმფრინავი და მხოლოდ ბოლო ბრძოლის დროს დაიჭრა – ტყვიამ წინამხარი დაუმსხვრია.
გამოჯანმრთელება ვენცელთან, ძმასთან და რამდენიმე ფრონტელ ამხანაგთან ერთად აღვნიშნე ჰანოვერში გიბრალტარის ლეგიონის ოფიცერთა სასადილოში. მეზობელ მაგიდასთან მსხდომებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ჩვენ კვლავ შევძლებდით ფრონტზე გამგზავრებას. საშინლად აღშფოთებულებმა ეჭვის გასაქარწყლებლად იქვე მდგარი უზარმაზარი სავარძლის თავზე გადახტომა განვიზრახეთ, მაგრამ ეს ვარჯიში სამწუხარო შედეგით დასრულდა. ვენცელმა ხელი მოიტეხა, ხოლო მე ორმოც გრადუსამდე ამივარდა ტემპერატურა. უფრო მეტიც, სინდიყის სვეტი ჯიუტად მიიწევდა წითელ ნიშნულამდე, რომელიც საბოლოო წერტილს უსვამს თვით ყველაზე გამოცდილი ექიმის ხელოვნებასაც კი. ასეთი ტემპერატურით ადამიანი დროის შეგრძნებას კარგავ. ვიდრე მედდები ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ჩემს ტვინში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ წარმოსახვითი თუ რეალური სურათები.
ერთ დღეს, 1918 წლის 22 სექტემბერს, გენერალ ფონ ბუსესაგან შემდეგი შინაარსის ტელეგრამა მივიღე:
“მისმა უდიდებულესობამ იმპერატორმა დაგაჯილდოვათ Pourlemerite-ს ორდენით. მთელი დივიზიის სახელით გილოცავთ”.
© “არილი”