თარგმნა მარინე ხუციშვილმა
მრავალი მათ შორის – ვინც დღეს მსჯელობს, თუ რა მოხდა XX საუკუნის ბოლო 30 წლის განმავლობაში და რამდენად ზემოქმედებს სრულიად ახალი საინფორმაციო საზოგადოების გლობალური სტრუქტურა წიგნის როლსა და სტატუსზე – თვლის, რომ ახლა, XXI საუკუნის დასაწყისში საზოგადოების კულტურული ცხოვრების არნახული გადატრიალება ხდება. თუმცაღა მე მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა ადამიანის ცხოვრების კულტურაზე და არა იმაზე, რასაც დღეს ინფოკომუნიკაციას უწოდებენ (რადგან ეს სპეციფიკური ტერმინია), შემედარებინა ამ სფეროში მიმდინარე მოვლენები იმ პროცესებთან, რაც XV საუკუნეში ხდებოდა ევროპაში წიგნის ბეჭდვის გამოგონების შემდეგ.
ის, რაც ახლა ხდება, მახსენებს სხვა გადატრიალებას, თუმცა ეს სიტყვა არ შეეფერება დღევანდელ სიტუაციას. გადატრიალება ჩვენს კონტექსტში იმას აღნიშნავს, რომ შედარებით მოკლე ხანში შეიცვალა ტრადიციის ჩვეული გადაცემის საშუალებები, ანუ კულტურული ფასეულობები, შეიცვალა დროსა და სივრცეში ტექსტების თაობიდან თაობისთვის გადაცემის პრინციპებიც. გადატრიალება იყო ძველი, ზეპირი ტრანსლაციიდან წერილობითზე გადასვლა, რაც სულ ცოტა 3500 წელს გაგრძელდა (ქრონოლოგიური დიაპაზონით ჩვ.წ.აღ-მდე V ათასწლეულის დასასრულიდან IV-ის დასაწყისამდე და ლამის ჩვ.წ.აღ-ით II ათასწლეულამდეც კი). ეს ძალიან საინტერესო ფენომენია. როცა ზეპირი გადაცემის ტრადიცია თანდათან წერილობითზე გადავიდა, იმდენად შეიცვალა ტრანსლაციის პირობები, რომ ახლა, ყოველი გამოცდილი ფილოლოგი, აღარ ვლაპარაკობ ტექსტოლოგზე, ტექსტის კითხვისას თითქმის მაშინვე დაინახავს, თავიდანვე დაიწერა იგი, თუ ზეპირი ფორმით არსებობდა და შემდეგ ჩაწერეს. ეს იყო საგრძნობი გადატრიალება, რადგან მან მიგვიყვანა ტექსტის მატერიალიზებასა და ფიქსაციამდე. მაგრამ რა ხდებოდა მანამდე? მე სპეციალურად მინდა შევჩერდე ტექსტის ზეპირად გადაცემისადმი კრიტიკულად განწყობილ ამ ძალზე საინტერესო ისტორიულ ვითარებაზე.
არსებობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე-მეოთხე ათასწლეულში ძველ ინდურზე ადრინდელი, ჩვენამდე მოუღწეველი ტრადიციები, სადაც ზეპირიდან წერილობით ფორმაზე გადასვლა მოხდა. როგორც ჩანს, ათეულობით თუ ასეულობით ტრადიცია არსებობდა, მათ შორის ძველეგვიპტურიც, რომელთა ზეპირი ტრანსლაციის სტილზე ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცით.
მაგრამ როცა ვფიქრობთ ყველა ამ ტრადიციის არსებობაზე, გვეჩვენება, რომ კაცობრიობის ისტორიის რომელიღაც პერიოდში ყველაფერი ლოკალური იყო და ერთი კულტურული სივრციდან მეორეში ტრადიციის ტრანსლაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისთვის წერილობითი ფორმის მიცემის შემდეგ. მე ვფიქრობ, ეს ასე სულაც არ იყო. ტრადიციის ზეპირი გადაცემის პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ გახსნილი იყო, კულტურები ურთიერთშეღწევადნი იყვნენ, უბრალოდ, ტრანსლაცია სრულიად სხვა საშუალებებით ხორციელდებოდა. ამაზე ირიბად მიგვანიშნებს იეროგლიფურ, იდეოგრაფიულ და პიქტოგრაფიულ დამწერლობათა პირველი სისტემების გავრცელება. ახლა ფილოლოგისა და ლინგვისტისათვის აღარაა საიდუმლო ის, რომ როგორც ჩანს, ევროპულ, აფრიკულ, აზიურ კულტურულ სივრცეში დამწერლობის სათავედ იქცა შუმერი, საიდანაც იგი გავრცელდა, უეჭველად, არა მხოლოდ ეგვიპტეში, არამედ – ჩინეთშიც. ამგვარად, კულტურული ფასეულობების ტრანსლაცია დამწერლობაშიდაც ხორციელდებოდა წერილობითი ტექსტების გარეშე, საიდანაც თვით დამწერლობა გავრცელდა დაუწერელი ტექსტების ტოტალური სიჭარბის დროს, გადადიოდა რა ერთი ენიდან მეორეში. გარკვეული აზრით შეგვეძლო გვეთქვა, რომ არსებობდა “გლობალური” ინფორმაციის რაღაც, გასარკვევად განსაკუთრებით ძნელი სისტემა, თუმცაღა სიტყვა “ინფორმაცია” აქ ნაკლებად გამოდგება და არ მინდა, მოდის სასარგებლოდ იგი ბოროტად გამოვიყენო, როგორც ვიყენებთ ბოროტად სიტყვებს, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა დღეს ბევრმა არც იცის. მაგრამ სამაგიეროდ ასეთი სიტყვები ზოგავენ ჩვენს აზროვნებას: ისინი ჩვენ დაუფიქრებლად შეგვიძლია გავიმეოროთ. ამრიგად, ჩემი აზრით, ყოველმხრივ ნათელია, რომ დამწერლობამდელი პერიოდი გაცილებით თავისუფალი იყო ერთი კულტურიდან მეორე ტრადიციისა და მისი ელემენტების გადაცემის თვალსაზრისით.
თვით წიგნის, ანუ ნაწერის, შემდგომ უკვე წიგნის, როგორც ნაბეჭდი ტექსტის გამოჩენას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი გაგრძელება; მათ შორის, ერთი სრულიად თვალსაჩინოა: წიგნის გადაგზავნა დედამიწის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი, ანუ წიგნის ბეჭდვა შემდგომი კულტურული ტრადიციების გლობალიზაციასთან მიმართებაში რევოლუციურ ნაბიჯად და, თუ შეიძლება ასე ითქვას, უნივერსალური კულტურისაკენ მოძრაობად იქცა. მეორე მხრივ (და ეს უფრო საინტერესოა), წარმოიშვა რა გეოგრაფიულად დაშორებულ სხვადასხვა სფეროებში, წიგნის კულტურა მნიშვნელოვნად დაცალკევდა. ეს ფაქტი კარგადაა ცნობილი ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთი აფრიკის ისტორიიდან. აღარაა საუბარი სპარსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ანტიკურ კულტურებზე. თვითონ ტექსტის მატერიალიზაციის ფაქტს, მის ზეპირიდან წერილობით ფორმაში გადატანას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, უფრო მეტიც კი, ვიდრე ხელნაწერი ტექსტის ნაბეჭდ წიგნად გადაქცევის ფაქტს. მაგრამ, ამასთან ერთად, თვით ამ ფაქტს ცალკეულ კულტურათა ტექსტები არა მარტო გლობალიზაციისა და უნივერსალიზაციისაკენ მიჰყავდა, არამედ, რა თქმა უნდა, მათ განცალკევებამდეც, რადგან ნებისმიერი მატერიალიზება, ტექსტის მკაფიო ფიქსირება, მიუხედავად ამ ტექსტის დროსა და სივრცეში ნებისმიერი გადაგაადგილებისა, თავის თავში გულისხმობდა სპეციალიზაციის შესაძლებლობასაც.
ჩვენს დროში წიგნმა დაკარგა თავისი სპეციფიკა. მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებაზე: ტექსტის დამწერლობამდელი მდგომარეობიდან წერილობითზე გადასვლა შეეხო მხოლოდ სპეციფიკურ ტექსტებს. ზოგი მათგანი ჩაიწერა, მეორენი ზეპირი ფორმით განაგრძობდნენ არსებობას. უფრო მეტიც, იყო აუარება ტექსტი, რომელიც ჩაწერას სხვადასხვა მიზეზით არ ექვემდებარებოდა, ანუ ის იყო ან საკრალური, საიდუმლო, ან იმდენად დაბალი დონის ყოფითი მნიშვნელობისა, რომ საჭიროც აღარ გახდა წერილობითი გაფორმება.
წიგნის განვითარება XV საუკუნიდან ევროპაში და ბოლოს და ბოლოს XIV საუკუნიდან ჩინურ-ტიბეტურ კულტურულ სივრცეში სრულიად ნათლად გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში წიგნი ტექსტის მატერიალიზების ისეთივე უნივერსალურ საშუალებად იქცა, როგორც კულტურის ფაქტებისა და ელემენტების მატერიალიზაციის სხვა საშუალებები. XX საუკუნის შუა წლებში ნაბეჭდი წიგნი კულტურის მატერიალიზაციისა და ფიქსაციის უნივერსალურ ფაქტორად იქცა. წიგნში შესაძლებელია ყველაფერი მოაქციო, რაც დღევანდელი გლობალური ინფორმაციის იდეას შეესაბამება. ახლა, როცა ყველა სასურველი ინფორმაციის შეტყობინება შესაძლებელია, წიგნმა დაკარგა თავისი სპეციფიკური დანიშნულება; როგორც კულტურის ტრანსლაციის ობიექტი, იგი საშიშროების წინაშეც დადგა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ კულტურის არც ერთი ობიექტი არ შეიძლება იყო უნივერსალური. თვით კულტურის გაგება გულისხმობს, რომ იგი კონკრეტული სპეციფიკური ობიექტებისაგან შედგება. დაკარგა რა თავისი კონკრეტულობა, იქცა რა სულ უფრო და უფრო უნივერსალურ ობიექტად და ერთი რეგიონიდან – მეორეში, ერთი თაობიდან მეორეში კულტურის გადატანის საშუალებად, წიგნი აღარაა სპეციფიკური ინფორმაციის ტრანსლატორი, მან დაკარგა თავისი უნივერსალობაც.
ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა ბრალდებები, რომელსაც კონსერვატორები კომპიუტერულ კულტურას უყენებენ: ამ ახალი კულტურის გამოჩენამდეც წიგნი უკვე იქცა უნივერსალურ ობიექტად, რამაც თავისთავად შეუქმნა საშიშროება მის, როგორც კულტურის ფაქტისა და ფაქტორის არსებობას.
თავს უფლებას მივცემ, გამოვთქვა ერთი ვარაუდი: წიგნი შესაძლოა, დაუბრუნდეს თავის პირვანდელ მდგომარეობას, ანუ გახდეს ისეთივე ობიექტი კულტურისა, რომელშიც დაფიქსირდება და რომლის საშუალებითაც გადაეცემა მხოლოდ გამორჩეული ინფორმაცია, ან ასე ვთქვათ, კულტურის სპეციფიკური შინაარსი, ხოლო სხვა შინაარსი დროსა და სივრცეში სხვა საშუალებით გადაიცემა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წიგნს იგივე დაემართება, რაც თავიდან წერილობით ტექსტებს, რომელშიც მხოლოდ სპეციფიკური შინაარსის ზეპირი ტექსტები გადადიოდა.
© ”არილი”