„სამოსელი პირველის“ სიუჟეტი და დომენიკოს თავგადასავალი გმირის მოგზაურობის, მონომითის სტრუქტურას ემთხვევა. მშობლიური ადგილის დატოვება, ინიციაციის რთული და ხანგრძლივი რიტუალი (უამრავი დაბრკოლებით, შეხვედრით, განშორებით) და დაბრუნება – ყველაფერი ისეა, როგორც ჰეროიკულ თხრობაში უნდა იყოს.
კემპბელმა წიგნში „ათასსახოვანი გმირი“ აღწერა ის ეტაპები, რომლებიც საერთოა სხვადასხვა მითოლოგიური ნარატივისთვის. ეტაპები, რომლებსაც უამრავი არქეტიპული გმირი გადის, რათა შეცვლილი და გარდასახული დაუბრუნდეს საწყის წერტილს. ასეთი დაბრუნება ზოგიერთი პერსონაჟისთვის იმდენად უსიამოვნოა, რამდენადაც პლატონის მღვიმეში ხელახალი ჩასვლა ერთხელ უკვე გათავისუფლებული ადამიანისთვის. ზოგიერთი პერსონაჟი კი, პირიქით, ამ დაბრუნებისკენ ისწრაფვის, რადგან სწორედ დაბრუნებაა მისი წასვლის გამართლება.
დომენიკოც ასეთია, მისთვის აუცილებელია დაბრუნდეს, შეაჯამოს განვლილი გზა, ფათერაკები, რათა შეკრას წრე, გაახმოვანოს მარადიული კვლავდაბრუნების იდეა და დაიკავოს ლტოლვილის ადგილი მანამ, სანამ თვითონ გახდება სოფლისთვის „მამა“.
ვიდრე დომენიკო და სხვა პერსონაჟები მიიქცევენ ყურადღებას, მკითხველის მზერას მამა იპყრობს.
დომენიკოს მამას სიმბოლური მამის თვისებები აქვს, ის უფრო სოციალური და კულტურული ფენომენია, ვიდრე მოკვდავი კაცი, რომელთანაც ბიოლოგიურადაა დაკავშირებული დომენიკო. მისი უსახელობაც იმას ამტკიცებს, რომ ინდივიდუალობისგან დაცლილი მამა უფრო მეტად სისტემაა, ტრადიციების უწყვეტი ჯაჭვი, თავისი აუხსნელი, შეუვალი წესრიგით, რომელიც თავის თავში მოიცავს მთელ სოფელს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მასა და სოფელს შორის ზღვარი არცაა. ამიტომ, სოფლიდან გასვლა მამის სხეულისგან გამოყოფაა დომენიკოსთვის. გვეგვე კი (დომენიკოს ძმა) უფრო იმ ნაყოფს ჰგავს, რომელიც დაბადებას ვერ ახერხებს და მამის წიაღშივე რჩება, როგორც განუვითარებელი ნაწილი, რომელმაც მთელისგან დამოუკიდებელი, ადამიანური არსებობა ვერ დაიწყო.
სიმბოლური მამა სოფელშია და სოფელია, მაგრამ დომენიკოს, რაკი ჯერ ლამაზ-ქალაქში, შემდეგ კი კამორაში უწევს წასვლა, სჭირდება სხვა მამა. აქ ჩნდება წარმოსახვითი მამის ფიგურა, რომელსაც, არავინ იცის, რა მექანიზმებით, შეუძლია, დომენიკო უშორეს ქალაქებშიც კი გადაარჩინოს და ყოველგვარი უბედურებისგან იხსნას. დომენიკო ახალი, იდეალური მამის შენებას იწყებს, მამის, რომელიც ჭერზე შემჩნეულ უფორმო ლაქადაც კი შეიძლება რედუცირდეს, თუკი ეს დომენიკოს დასჭირდება.
მიუხედავად ამისა, დომენიკოს ცხოვრებას, რეალურად, სხვა ადამიანები წარმართავენ და ორივე მამის ხატი უსარგებლოა. ადრე თუ ამაღელვებლად მეჩვენებოდა ის აზრი, რომ დომენიკო მამის რწმენამ გადაარჩინა, ახლა აშკარა მგონია, რომ ალექსანდროსა და მიჩინიოს გარეშე (ორი კაცი, რომლებმაც რეალური მამის ფუნქციები შეასრულა), დომენიკოს გულუბრყვილო რწმენა ბევრს ვერაფერს გააწყობდა.
სამაგიეროდ, რწმენაა ფუნდამენტი, რომელზეც სოფლისა და კანუდოსის საზოგადოებებია დაშენებული. ერთ შემთხვევაში, რწმენის ობიექტია ცაში დარჩენილი წინაპარი (და მასთან კავშირის, საიქიო ცხოვრების რწმენა), მეორე შემთხვევაში კი ქვაკუთხედი თავისუფლების იდეაა.
სოფლის მაცხოვრებლები ძალიან ჰგვანან იუნგის მიერ აღწერილ პირველყოფილ ადამიანებს, რომლებიც „კონკრეტული ადათების მეშვეობით ცდილობენ კვლავ იქცნენ წინაპრებად“. სოფლის დღესასწაულის ერთმნიშვნელოვნად ახსნა რთული იქნება, მაგრამ როგორც უნდა განვმარტოთ, სააქაოსა და საიქიოს შორის კავშირები მაინც არსებითად დარჩება. „გაუცნობიერებელი იდენტიფიცირებით“ მართული ხალხი ერთ ადამიანად, თავის რომელიღაც წინაპრად ქცევას ცდილობს, რათა ცაში, პირვანდელ წესრიგში დაბრუნდეს. ასეთ დროს ნებისმიერი ინდივიდუალური მახასიათებელი მხოლოდ ზედნაშენია, რომლისგანაც თავისუფლდება რიტუალის მონაწილე, რათა მასში დარჩეს ის, რაც კოლექტიურია. ეს კოლექტიური კი მამისა და წინაპრების რწმენაა.
სოფლისგან განსხვავებით, კანუდოსში გამკვეთრებულია ადამიანების ინდივიდუალური მახასიათებლები. სოფელში პიროვნება შეკუმშულია, აქ კი პირიქით, „მე“ მთლიანად ფარავს „სხვების“ უსახო მასას. თუ სოფელში მცხოვრები ადამიანების ღირებულება მათი ერთიანობის ხარისხით იზომება და მთლიანობიდან ადამიანების გამოცალკევება ჭირს (და არც მაინცდამაინც აუცილებელია), კანუდოსში ადამიანი ფასობს განსხვავებებით და საერთო იდეისთვის ბრძოლაც იმიტომაა ღირებული, რომ მებრძოლებს ერთმანეთთან საერთო მხოლოდ იდეა აქვთ (ხუთი დიდი კანუდოსელი ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავდება, მხოლოდ თავისუფლების რწმენა/სურვილი აქვთ ერთნაირად მძაფრი).
სოფელსა და კანუდოსს შორის მიმავალ გზაზე კი ორი ქალაქია გაშენებული. ლამაზ-ქალაქი და კამორა. სამოსელი პირველი კონტრასტების წიგნია: დოჩანაშვილი, ვფიქრობ, იმას აჩვენებს, რა განასხვავებს ორ ერთნაირს და არა სრულიად განსხვავებულების დიქოტომიას. ამიტომაც ვაწყვილებ კანუდოსსა და სოფელს და კამორასა და ლამაზ-ქალაქს.
კამორა ბოროტებაა. თუ ვნებიანი და საზიზღარი ბოროტების კონცეპტებს მივყვებით (სადაც საზიზღარი ბოროტება იდეოლოგიას ან ვინმეს ძალაუფლებას ემსახურება, ესე იგი, ადამიანის ვნებები და სურვილები კი არა, ქვეშევრდომული მორჩილება და ბოროტების ჩადენით სარგებლის მიღებაა მისი მამოძრავებელი ძალა), კიდევ უფრო საინტერესოა ის პატარა წერილი, რომელსაც დომენიკო ალექსანდროს ძმისგან იღებს: „პოლკოვნიკის, მიჩინიოს, კადიმასი და მისთანანის ნუ გეშინია – დიდი-დიდი მოგკლან. მარშალ ბეტანკურს მოერიდე – შეიძლება წარგწყმინდოს“. აქ იმ უმიზნო, თავისთავადი ბოროტების საფრთხე ჩანს, რომელსაც არ აქვს სარჩულად პირადი სარგებლის მიღების სურვილი ან უბრალოდ მოვალეობის აღსრულების აუცილებლობა. ბეტანკური ბოროტია იმიტომ, რომ ბოროტია. ესაა კრისტალიზებული, წმინდა ბოროტება. არ უნდა დაგვავიწყდეს არც მერსედეს ბოსტონი. კოშმარულია სურათი – როგორ ახრამუნებს ძვირფას თვლებს მარშალ ბეტანკურის თანამეცხედრე და ადამიანად განსხეულებული მოლოქე. უნდა ითქვას ისიც, რომ კამორაში მეორე სასარგებლო რჩევასაც იღებს დომენიკო მიჩინიოსგან – მიჩინიო მას უკრძალავს ჰალეს თქმას. რატომ? ამ კითხვას ფროიდი ასე უპასუხებდა – „თავდაპირველად სიტყვებს დათმობ, შემდეგ კი არსსაც“. იქნებ არანაირი „თავდაპირველად“ და „შემდეგ“ არ არსებობს და ორივეს ერთდროულად თმობ? თუ ენა დაავადდება კამორათი, დომენიკოც დაიღუპება, რადგან ენაა გზა, რომლითაც ბოროტებას ცნობიერებაში შეღწევა შეუძლია. ამიტომაც ლაპარაკობენ თანაქალაქელებისგან განსხვავებულად ალექსანდრო, უგო, ანა-მარია, ოთო-ექიმი – ესე იგი, ისინი, ვინც ამოვარდნილები არიან იმ ქალაქების წესრიგიდან, რომლებშიც ცხოვრობენ; მათი ენა, გარდა კომუნიკაციის საშუალებისა, ამბოხიცაა, იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, რომლებიც ერთნაირი, დასნეულებული ენით ლაპარაკობენ და სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს ამბოხი გაცნობიერებული აქტი იყოს.
რა ხდება ამ დროს ლამაზ-ქალაქში? იდილიური სურათი, რომელიც თავიდან საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება, იდილიის ილუზიაა მხოლოდ. კამორას ნაკლოვანება იმთავითვე ცხადი და ხელშესახებია, მაგრამ არც ლამაზ-ქალაქის ზედაპირულობა, სიყალბე, ფუყე ურთიერთობები, ფასადური ადამიანები და მათი ლოზუნგებად ქცეული, შინაარსისგან დაცლილი ფრაზებია ნაკლებად საშიში. ლამაზ-ქალაქი, რაც უნდა მხიარულად მოგვეჩვენოს, მაინც ფიტულებით სავსე სცენაა, სადაც მოძრავი ნიღბების მიღმა ვერცერთ ცოცხალ სახეს ვერ აღმოაჩენთ.
ამიტომაც ლამაზ-ქალაქი და კამორა კარგი/ცუდის ოპოზიცია კი არაა, ერთი „ცუდი“ მედლის ორი „ცუდი“ მხარეა.
კვლავ მონომითის სტრუქტურას თუ დავუბრუნდებით, უნდა ვახსენოთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი – მენტორი. სამოსელი პირველის მთავარი მენტორი, ჩემი აზრით, მიჩინიოა. კემპბელის დახასიათებული მენტორი თითქმის ზუსტად ასახავს მიჩინიოს როლს ტექსტში, რადგან იგი სიბრძნის, ძალის, ცოდნის, კოლექტიური გამოცდილებების განსხეულებაა, ხიდადაა გადებული ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს შორის, უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე პრაქტიკული რჩევების მიცემაა და უნივერსალურ ჭეშმარიტებებზეც ელაპარაკება დომენიკოს. მენტორის თვისებაა ისიც, რომ გმირის ბუნებას უნდა ხედავდეს, მაშინაც კი, როცა ეს ბუნება თავად გმირისთვისაა დაფარული. მენტორივე უნდა იყოს მორალური კომპასი და ამზადებდეს გმირს უცნობი თავგადასავლებისთვის. ყველა ამ ფუნქციას მიჩინიო პირნათლად ასრულებს.
მეორე მენტორი კი (ნაკლები ძალაუფლებით, მაგრამ მაინც) ალექსანდროა. ამავე დროს, მიჩინიო და ალექსანდრო, თავის მხრივ, როგორც უკვე ხსენებული ქალაქები, ერთმანეთის ბინარულ ოპოზიციებს წარმოადგენენ. ოღონდ, ქალაქებისგან განსხვავებით, მათ მიმართ ავტორიც და მკითხველიც კეთილგანწყობილია. ამგვარად, მათი ქცევა არსით იდენტურია, ოღონდ შებრუნებულია იმ ადგილების შესაბამისად, სადაც ცხოვრობენ. ორივე მათგანი ერთი შეკითხვის ორი პასუხია და ერთი პრობლემის ორი გამოსავალი.
ხოლო ის, ვინც სვამს კითხვას, დომენიკოა. ოღონდ დომენიკო ვერაფერს უნდა ხვდებოდეს დიდხანს, რათა მკითხველი მიხვდეს. დომენიკომ არ უნდა დატოვოს დრაჰკანი სოფელში, მკითხველმა დრაჰკანის დატოვების აუცილებლობა რომ გააცნობიეროს. დომენიკოს გიჟი უნდა ეგონოს ალექსანდრო, მკითხველმა მასში ჭკვიანი რომ ამოიცნოს. დომენიკომ ყველაზე გვიან უნდა ამოხსნას ყველა საიდუმლო (როგორც ბარტი წერს, „იმის ყურება, რომ ვიღაც რაღაცას ვერ ხედავს, საუკეთესო საშუალებაა იმის შესამჩნევად, რასაც ეს ადამიანი ვერ ხედავს“). დომენიკოს სისულელესთან მიახლოებული გულუბრყვილობა, მისი გამოუცდელობა და არცოდნა საუკეთესო გზაა მისგან რადიკალურად განსხვავებული მკითხველის შესაქმნელად.
ის, ვინც სვამს კითხვას, მაინც მეტისმეტად არასრული განსაზღვრებაა დომენიკოსთვის. უფრო ზუსტად, დომენიკო ცარიელი გვერდია, რომელსაც არ შეუძლია, საკუთარი თავი თავად დაწეროს, ამიტომაც მისი პიროვნება მხოლოდ ინტერაქციით, რეალობასა და სხვა ადამიანებთან პირდაპირი შეხლით, წინააღმდეგობებითა და დაპირისპირებებით იწერება. ჩემთვის დომენიკო არც წიგნის და არც საკუთარი ცხოვრების მთავარი გმირი არ არის. ჩემი აზრით, მას მკითხველთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე პროტაგონისტის სახესთან. რადგან, როგორც მკითხველი, ისიც მინებებულია თხრობის დინებას, თითქმის არ იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და, ძირითადად, დამკვირვებლისა და განმცდელის პასიური როლით კმაყოფილდება. ტექსტის დასასრულამდე, მასში ჯერ კიდევ არაფერია თვითნაბადი, ყველაფერი მხოლოდ გარე გამღიზიანებლებზე ინსტინქტურად გაცემული პასუხებია. ამიტომაც როცა სოფელში ბრუნდება, ის სწავლობს იმას, როგორ უნდა დაიწყოს სწავლა. კირკეგორი „სატანჯველის სახარებაში“ წერს, რომ სატანჯველი ხშირად გარედან მოდის, მაგრამ სწავლა იწყება მხოლოდ მაშინ, როცა სატანჯველი შიგნიდანაა. დომენიკოში სატანჯველი გარედან – შიგნით მაშინ მოექცევა, როცა ღორების მწყემსი გახდება, როცა გარემო ვეღარაფერს შესთავაზებს ისეთს, რასაც მისი ყურადღების მიპყრობა შეეძლება და იძულებული იქნება, შიგნით, საკუთარ თავში ჩაბრუნდეს, დაიწყოს თვითანალიზი და წარსულის შეფასება. მაგრამ საკუთარი თავისკენ მზერის მიპყრობა ან მამის დატოვება და სახეტიალოდ წასვლა მხოლოდ ზოგიერთებს შეუძლიათ. ლტოლვილი დომენიკოში წასვლის სურვილს კი არ აღძრავს, უკვე არსებულ სურვილს ამძაფრებს. დომენიკოს ბავშვობაში ერთი თამაში უყვარს, სახელად „სადღაციდან დაბრუნება“, რაც სხვა არაფერია, თუ არა ნამდვილი დაბრუნების რეპეტიცია, ათასჯერ გავლილი მანამ, სანამ მართლა სადღაციდან დაბრუნება არ მოუწევს. ასე რომ, ლტოლვილის ამბავი აქ უბრალო ექსპოზიცია კი არა, წინასწარმეტყველებაა.
უკვე ვთქვი, დომენიკო მაინცდამაინც მთავარი გმირი არ მგონია-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ დასასრულამდე. ის, რაც დომენიკოში ყველაზე მომხიბვლელია, მისი არარსებობაა, უფრო სწორად, ჯერ არ არსებობა, ამიტომ სამოსელი პირველი უძღები ძის ამბავზე მეტად, მთავარი გმირის დაბადების ამბავი მგონია. კემპბელი გმირის გზას ასე აჯამებს – „საშვილოსნოს სამარხიდან სამარხის საშვილოსნომდე“. მისივე თქმით, ადამიანი დაუმთავრებელი არსებაა, მოუმზადებელი სამყაროსთან შესახვედრად. სწორედ დაბადებისა და შეხვედრის სურათია ტექსტში ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი – ანუ როგორ იწვის სამოსელი პირველი. სანამ ყველა პერსონაჟი და ამბავი კვამლად მიდის ცისკენ, ხვდები, რომ ყველაფერი, რაც ამ წუთამდე მოხდა, საბოლოოდ, დომენიკოს ბიოგრაფიად იქცა, დომენიკოს, როგორც ახლად დაბადებული გმირის ბიოგრაფიად. ამბის მოყოლა მისი ახსნის მცდელობაცაა, მეტიც, ხანდახან ამბის არსებობა იწყება არა მაშინ, როცა ხდება, არამედ მაშინ, როცა მის მოყოლას იწყებ. „არ არსებობს სიცოცხლე ნარატივში და ნარატივის გავლით განცდილი ხელახალი დაბადების მიღმა“ (არენდტი). ყველა ქალაქი, სახლი, ადამიანი და ისტორია ხელახლა იბადება იმ ცეცხლის შუქზე, რომელზეც იწვის სიტყვა (სამოსელი პირველი) და ესაა ნამდვილი დაბადება, რომელიც გმირის მოგზაურობის დასასრულს ემთხვევა. სიტყვა უნდა ითქვას, სამოსელი პირველი უნდა დაიწვას, რათა თავისი ფუნქცია შეასრულოს. გმირის მოგზაურობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს შემდგარ მოგზაურობად, თუკი მისი მემატიანეები გამოჩნდებიან.
ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ ვპასუხობ ჩემთვის მთავარ კითხვას – მამასთან საუბრის შემდეგ, მარადახალი მდინარის პირას მჯდარი დომენიკო როგორი ტონით ამბობს უკანასკნელ სიტყვებს. გულდაწყვეტილი? იმედგაცრუებული? იქნებ გაკვირვებული? და რა ემოციითაც უნდა ამბობდეს, რითაა ეს ემოცია გამოწვეული?
თუ ადამიანი ჯამია იმ ამბებისა, რომლებიც თავს გადახდა, მაშინ დომენიკო მოგზაურობასაც ამიტომ იწყებს – საკუთარი, უნიკალური ამბების საძებნელად; მოგზაურობს, რათა გმირად და თავისივე თავის ავტორად იქცეს. მაგრამ ამ მოგზაურობის ბოლოს ხომ არ აღმოაჩენს, რომ მის ამბავში ახალი არაფერია? რომ მისი ამბავი სინამდვილეში მისი არც არის? „ნუთუ ყოველივე ეს“ იმედგაცრუება ხომ არაა, რომელიც იმის გაცნობიერებამ გამოიწვია, რომ თურმე უხილავი, ტელეოლოგიური წესრიგის ნაწილი ყოფილა და მის ძალისხმევას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს?
ხომ შეიძლება, დომენიკო შეცდომილი შვილი კი არა, მუდმივად განმეორებად სიუჟეტში გამოკეტილი პერსონაჟი იყოს, რომელმაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ თვითონ კი არ წარმართავდა თავის ცხოვრებას, არამედ მას წარმართავდა ცხოვრება და ამ ცხოვრების შემადგენელი ამბები? თუ ასეა, დომენიკო არქეტიპების სამყაროში დამწყვდეული უიღბლო გმირია, რომელსაც იყენებს ამბავი, რომელსაც უნდა, რომ, ვინ იცის, უკვე მერამდენედ მოხდეს.
© არილი