ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
შესანიშნავმა ამერიკულმა პოეზიამ სიმწიფეს მხოლოდ გასული სამოცდაათი წლის განმავლობაში მიაღწია (მეცხრამეტე საუკუნის გენიალური პოეტები – უოლტ უიტმენი და ემილი დიკინსონი შემოქმედებით მუშაობას მტრულ გარემოცვაში ეწეოდნენ). ერთი ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში დაიბადნენ უდიდესი თანამედროვე პოეტები: უოლეს სტივენსი – 1879 წელს, ხოლო ტომას ელიოტი – 1888 წელს. იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ეს თარიღები მოიცავს, დაიბადნენ ჰილდა დულითლი, რობინსონ ჯეფერსი, ჯონ კროუ რენსომი, უილიამ კარლოს უილიამსი, ეზრა პაუნდი და მერიენ მური.
მერიენ მურმა თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს. მათ ქება–დიდებას ასხამდნენ ევროპაში ემიგრირებული ტ.ს. ელიოტი და ეზრა პაუნდი. ჩიკაგოში ჰარიეტ მონროს ჟურნალი Poetry, რომელიც გამუდმებით აქვეყნებდა ახალგაზრდა პოეტების ლექსებს, ბეჭდავდა მერიენ მურის ნაწარმოებებსაც, მაგრამ მური, ძირითადად, გრინვიჩ–ვილიჯის ჯგუფის პოეტი გახლდათ – ჯგუფისა, რომელიც გამოსცემდა ჟურნალებს Others და Broom.
იმისთვის, რათა მოინახულოთ მერიენ მური მის სახლში (ბრუკლინში), უნდა გადაჭრათ ბრუკლინის ხიდი, გახვიდეთ მირტლ–ავენიუზე, გაიაროთ ერთი თუ ორი მილი ესტაკადაზე, შემდეგ კი მარჯვნივ შეუხვიოთ. სახლის გარშემო რამდენიმე ხეა, ის მარჯვედაა განლაგებული საბაყლო მაღაზიასა და პრესვიტერიანულ ეკლესიას შორის, რომელსაც პოეტი დროდადრო ეწვევა ხოლმე.
მერიენ მურს ინტერვიუ ჩამოვართვი 1960 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მის ბინაში გრძელი ვიწრო დერეფნის მარჯვენა მხარეს ოთახებია, ხოლო ბოლოს – ვრცელი სასტუმრო ოთახი, რომელიც ქუჩას გადაჰყურებს. დერეფანში დგას წიგნის უზარმაზარი კარადა, რომლის ერთ–ერთ თაროზე თვალი მოვკარი სამკერდე ნიშანს ნიქსონის პორტრეტით.
მის მური და მე სასტუმრო ოთახში დავსხედით. შუაში მიკროფონი დავდგი. ოთახში ყველგან წიგნები ეწყო. კედლებზე ეკიდა მასიური, მოყავისფრო ზეთის საღებავებით დახატული სურათები (ერთ–ერთი მათგანი მექსიკიდან ძღვნად გამოუგზავნა მეიბლ დოჯმა), რომლებითაც ამერიკელები ამშვენებდნენ თავიანთ ბინებს 1914 წლამდე. ავეჯი მუქი და ძველებური ყაიდისა იყო.
მის მური საუბრობდა მისთვის დამახასიათებელი სიდინჯითა და იუმორით. განსაკუთრებით ენამახვილური გამოთქმის ჩართვისას სწრაფად შემავლებდა ხოლმე თვალს, რათა ჩემი რეაქცია შეემოწმებინა, შემდეგ კი წყნარად იღიმებოდა. მოგვიანებით მის მურმა სადილად მიმიწვია მეზობელ რესტორანში, მაგრამ ნიქსონისგამოსახულებიანი სამკერდე ნიშანი არ მიუბნევია, რადგან ის არ უხდებოდა მის პალტოსა და ქუდს.
დონალდ ჰოლი
– მის მურ, რამდენადაც ვიცი, სენტ–ლუისში დაიბადეთ, ტ.ს. ელიოტის დაბადებამდე ათი თვით ადრე. თქვენი ოჯახები იცნობდნენ ერთმანეთს?
– არა, ჩვენ არ ვიცნობდით ელიოტებს. მისურის შტატში, ქირქვუდში ვცხოვრობდით, სადაც ბაბუაჩემი პირველი პრესვიტერიანული ეკლესიის პასტორი იყო. ტ.ს. ელიოტის ბაბუა – უილიამ ელიოტი – უნიტარიანელი გახლდათ. როდესაც ქირქვუდი დავტოვეთ, დაახლოებით შვიდი წლისა ვიყავი. ბაბუაჩემი 1894 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა.
– რა ასაკში დაიწყეთ ლექსების წერა?
– დაიცადეთ, გავიხსენო… ბრინ-მორის კოლეჯში სწავლის დროს დავიწყე. თვრამეტი წლისა ვიყავი, როდესაც ბრინ-მორის კოლეჯის სტუდენტი გავხდი. 1887 წელს დავიბადე, კოლეჯში კი 1906 წელს შევედი. მაშ, რამდენი წლისა ვყოფილვარ მაშინ? შეგიძლიათ, ჩემი იმდროინდელი ასაკი განსაზღვროთ?
– თვრამეტი თუ ცხრამეტი წლისა იქნებოდით.
– იმხანად ლიტერატურული გეგმები არ მქონდა, მაგრამ სტუდენტურმა ყოველთვიურმა ჟურნალმა დამაინტერესა და, ჩემდა გასაკვირად (მისთვის ორიოდ სტატია დავწერე), გამომცემლებმა რედკოლეგიის წევრად ამირჩიეს. ეს მეორე კურსზე მოხდა. როდესაც კოლეჯი დავამთავრე, თანამშრომლობა შევთავაზე კურსდამთავრებულთა ჟურნალ Lantern-ს, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ჩემი პოეზია მთელ მსოფლიოში გაითქვამდა სახელს.
– როდის გაითქვა სახელი თქვენმა პოეზიამ მთელ მსოფლიოში?
– არასოდეს გაუთქვამს! იმხანად ფერწერით ვიყავი გატაცებული, ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა. მახსოვს, როგორ მკითხა მისის ოთის სქინერმა გამოსაშვებ საღამოზე, რა პროფესიას აირჩევდიო.
– მხატვარი მინდა გავხდე, – მივუგე მე.
– ჰო-ო? არ მიკვირს. – მიპასუხა მისის სქინერმა. იმ საღამოს მეცვა საზაფხულო კაბა, რომელიც მას ძალზე მოეწონა და შეაქო. დიახ, სულაც არ მიკვირსო, თქვა.
მიყვარს მხატვრული პროზა, მაგრამ – რაც საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერს – ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, ჩემთვის პოეტური შემოქმედება უფრო უპრიანია. განა ერთხელ არ დავწერე „Part of a Poem, Part of a Novel, Part of a Play”? ვფიქრობ, საკმაოდ გულწრფელი ვიყავი, შემეძლო წარმომედგინა სხვადასხვაგვარი სცენები და მშურდა, როგორ ბრწყინვალედ ახორციელებდა ამას ჰენრი ჯეიმსი. ლექსების წერა რომ არ შემეძლოს, პიესების თხზვას ვამჯობინებდი. ჩემთვის თეატრი – დასვენების ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე საყვარელი ფორმაა.
– ხშირად დადიხართ თეატრში?
– არა. არასოდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საგანგებოდ მიმიწვევენ. ლილიან ჰელმანმა მიმიწვია სპექტაკლზე Toys in the Attic, რამაც ძალზე გამახარა. ეს სპექტაკლი რომ არ მენახა, წარმოდგენა არ მექნებოდა ამ შესანიშნავი ნაწარმოებისა და ჰელმანის, როგორც დრამატურგის, ოსტატობაზე; მას კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვნახავდი. როგორი ზუსტი ენა აქვს ჰელმანს! სწორედ ამისკენ მივისწრაფვი. ყოველთვის ვიწერ ადგილობრივ, კუთხურ გამოთქმებს და კილოკავებს. კარგი იქნებოდა, რომელიმე ფილოლოგიურ კვლევა-ძიებაში მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ საგანგებოდ არასოდეს გამომიყენებია კუთხური გამოთქმები ჩემს ეგრეთ წოდებულ ლექსებში.
– საინტერესოა, რას ნიშნავდა ბრინ–მორის კოლეჯი თქვენთვის, როგორც პოეტისთვის. ბრინ–მორში სწავლისას დროის უმეტეს ნაწილს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ატარებდით. ნუთუ ლიტერატურაზე მეტად მოგწონდათ ბიოლოგია, როგორც სასწავლო საგანი? ბიოლოგიის შესწავლამ რაიმე ზეგავლენა მოახდინა თქვენს პოეზიაზე?
– ზოგადად, მინდოდა, ფრანგული და ინგლისური ენები ჩემი ძირითადი სასწავლო საგნები ყოფილიყო და გავიარე ინგლისური ენის აუცილებელი ორწლიანი კურსი -ხუთი საათი კვირაში. პირველი კურსის ბოლოს დავაგროვე აუცილებელი ოთხმოცი ქულა და შემდეგ შევარჩიე მეჩვიდმეტე საუკუნის ლიტერატურა – ფულერი, ჰუქერი, ბეკონი, ეპისკოპოსი ენდრიუსი და სხვები. ფრანგული ენის ლექციები ფრანგულად იკითხებოდა. ფრანგულ ზეპირმეტყველებას სათანადოდ ვერ დავეუფლე.
მოახდინა თუ არა ზეგავლენა ლაბორატორიულმა კვლევებმა ჩემს პოეზიაზე? რა თქმა უნდა, მოახდინა. მიტაცებდა ბიოლოგიის სასწავლო საგნები. არსებითად, მედიცინის შესწავლას ვაპირებდი. ასე მგონია, მეცნიერებისთვის დამახასიათებელ სიზუსტეს, ლაკონიურ ფორმულირებებს, ლოგიკას, გარკვეული მიმართება აქვს წარმოსახვასთან.
– იცნობდით თუ არა ლიტერატორებს, მაგალითად, ბრაიერს და ჰილდა დულითლს, სანამ ნიუ–იორკში ჩამოხვიდოდით?
– ძალზე ძნელია ამ მოგონებების თანმიმდევრულად გადმოცემა. ბრაიერი 1921 წელს გავიცანი ნიუ-იორკში; ჰილდა დულითლთან ერთად ბრინ-მორში ვსწავლობდი. იქ, მგონი, ორი წელი გაატარა. არ ვიცოდი, რომ ლიტერატურულ შემოქმედებას ეწეოდა.
– ეზრა პაუნდი და უილიამ კარლოს უილიამსი ჰილდამ გაგაცნოთ? მათ პენსილვანიის უნივერსიტეტიდან იცნობდა, ხომ ასეა?
– დიახ. ისინი იქ გაიცნო. 1916 წლამდე, სანამ ნიუ-იორკში ჩავიდოდი (ერთმა კარლაილელმა მეგობარმა მთხოვა, თან წავყოლოდი), არცერთ მწერალს არ ვიცნობდი.
– მათ შორის, თანამედროვე პოეტებსაც?
– დიახ.
– ეს იყო თქვენი პირველი მოგზაურობა ნიუ–იორკში? და იქ გატარებული ექვსი დღის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ ამ ქალაქში უნდა დასახლებულიყავით?
– არა. დედას მე და ჩემი ძმა ხშირად დავყავდით ნიუ-იორკში ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად. 1909 წელს, კოლეჯის ბოლო კურსზე სწავლისას, სააღდგომოდ, ნიუ-იორკში სტუმრად ვეწვიე ჩარლზ სპრეგსმითის ქალიშვილს, ჰილდას. მოვისმინე ლუი ანსპახერის ძალზე საინტერესო ლექციები Cooper Union-ში.
– როგორ გადაწყვიტეთ, რომ ნიუ–იორკში დასახლებულიყავით?
– ეს მოხდა მაშინ, როდესაც მის კაუდრიმ (კარლაილიდან) შემთავაზა, მასთან ერთად ნიუ-იორკს ერთი კვირით ვწვეოდი. სწორედ ამ ვიზიტის დროს (1916 წელს) მომინდა იქ დასახლება. არ ვიცი, რატომ წამიყვანა. შესაძლოა, ჩემ გარეშე გაცილებით უკეთ გაატარებდა დროს. მის კაუდრი ძალზე სკეპტიკურად ეკიდებოდა ჩემს სიყვარულს ბოჰემური წრეებისადმი, მაგრამ ეს არ მაშინებდა. ვფიქრობდი, რომ იქ ზიანს არავინ მომაყენებდა. რომც ეცადათ, არაფერი გამოუვიდოდათ. არასოდეს მიფიქრია, მცველი მჭირდება-მეთქი.
– თქვენი აზრით, ნიუ–იორკში დასახლებამ და იმან, რომ ნიუ–იორკელ მწერლებს მოსწონდათ თქვენი ნაწარმოებები, გიბიძგათ ინტენსიური პოეტური შემოქმედებისადმი?
– დარწმუნებული ვარ, ასეც იყო. ჩემზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა ისიც, რომ ლიტერატორთა გარემოცვაში ვიმყოფებოდი. საერთოდ კი, მანამდე არასოდეს მიფიქრია ლექსების წერა. ახლაც, როდესაც ვწერ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი მცდელობაა. მაგრამ შემდეგ რაღაც განცდა ან იდეა მაიძულებს, ვწერო. რაც კი დავწერე, ლიტერატურის კითხვის ან ადამიანებისადმი ინტერესის შედეგია. ამაში დარწმუნებული ვარ. მწერლობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა.
– ბრინ–მორის კოლეჯის დამთავრების შემდეგ თქვენ ასწავლიდით კარლაილის ინდიელთა სკოლაში, შემდეგ დასახლდით ნიუ–იორკში, სადაც 1918 წლიდან კერძო სკოლაში ასწავლიდით და ბიბლიოთეკაში მუშაობდით. რაიმე კავშირი აქვს თუ არა ამ საქმიანობას თქვენთან, როგორც მწერალთან?
– ვფიქრობ, მათ მნიშვნელოვნად გაამყარეს ჩემი ინტელექტუალური პოტენციალი. ბიბლიოთეკაში მუშაობამ უდიდესი დახმარება გამიწია. ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ დღეს ჩემთან მოვიდა მის ლეონარდი ნიუ-იორკის (ჰადსონ-პარკის) საჯარო ბიბლიოთეკიდან, რომელიც ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. შინ არ გახლდით და მის ლეონარდმა ჰკითხა დედაჩემს, ხომ არ დავთანხმდებოდი ბიბლიოთეკაში მუშაობაზე, რადგან ასე მიყვარდა წიგნები და მათ შესახებ საუბარი მკითხველებთან. დედაჩემმა უარით უპასუხა. ეგონა, რომ თუკი ვიმუშავებდი, კითხვისთვის დრო აღარ დამრჩებოდა. როდესაც შინ დავბრუნდი, დედამ ყველაფერი მიამბო. ვუთხარი: „ძალიან კარგია. შესანიშნავია. მაგრამ მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ვიმუშავებ“. მთელი დღის განმავლობაში (და შესაძლოა, საღამოობით და ზეგანაკვეთით) რომ მემუშავა, ეს „შესანიშნავი“ აღარ იქნებოდა.
მომწონდა, რომ ბიბლიოთეკაში წიგნებს სარეცენზიოდ გვაძლევდნენ. საზღაურს არ გვიხდიდნენ, მაგრამ კრიტიკული განხილვის საშუალება გვეძლეოდა. მგონი, ამ რეცენზიების ასლები სადღაც შენახული მაქვს. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ მაძლევდნენ სარეცენზიოდ ნაშრომებს, რომლებიც ეძღვნებოდა ხელოვნებას, ან მედიცინას, ან ისტორიას და თუნდაც კრიტიკას. არა, რეცენზიებს მუნჯი კინოს შესახებ ვწერდი.
– იმ დროს მოგზაურობდით? საერთოდ, ევროპაში გიმოგზაურიათ?
– 1911 წელს დედასთან ერთად ინგლისში ორი თვე (მგონი, ივლისი და აგვისტო) გავატარე. შემდეგ გავემგზავრეთ პარიზში და დავსახლდით სენის მარცხენა სანაპიროზე, პანსიონში ვალერის ქუჩაზე, სადაც კალვინმა დაწერა თავისი „დარიგებები“. მახლობლად იყო პანთეონი და ლუქსემბურგის ბაღი. ძალზე დამაინტერესა სილვია ბიჩის წიგნმა ეზრა პაუნდისა და პარიზში მისი ცხოვრების შესახებ. ერთ საღამოს გასეირნება მომინდა – 1911 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცხელი იყო – და მივედით ოდეონის ქუჩაზე, რათა გვენახა სილვია ბიჩის მაღაზია. აზრად არ მომსვლია მეთქვა, მწერალი ვარ და გამესაუბრეთ-მეთქი. საერთოდ, ამგვარი სურვილი არ გამჩენია. მინდოდა დამეთვალიერებინა იქაურობა. პარიზის თითქმის ყველა მუზეუმი დავათვალიერეთ, ორის გარდა.
– ევროპაში კიდევ დაბრუნდით?
– პარიზში არ დავბრუნებულვარ, მხოლოდ ინგლისში – 1935 თუ 1936 წელს. მიყვარს ინგლისი.
– 1929 წლის შემდეგ, ძირითადად, ბრუკლინში ცხოვრობდით, ხომ?
– გარდა იმ დროისა, როდესაც ოთხჯერ ვიმოგზაურე ამერიკის დასავლეთში: ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში, პიუჯეთ საუნდსა და ბრიტანეთის კოლუმბიაში.
– გენატრებოდათ თუ არა დოჯერები, მას შემდეგ, რაც დასავლეთში გადასახლდით?
– ძალიან მენატრებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მათაც ვენატრებოდი.
– ძალზე მაინტერესებს თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი წლები ნიუ–იორკში. უილიამ კარლოს უილიამსი თავის „ავტობიოგრაფიაში“ საუბრობს გრინვიჩ–ვილიჯის მწერალთა დაჯგუფების შესახებ და წერს, რომ თქვენ ჩვენი პოეზიის ხერხემალი იყავით. ამ დაჯგუფების წარმომადგენლებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს Others-ში.
– არასოდეს არაფრის ხერხემალი არ ვყოფილვარ! უილიამსის ავტობიოგრაფია წავიკითხე და გავაკრიტიკე იმის გამო, რომ მასში მოყვანილია არასწორი ცნობები რობერტ მაკელმონისა და ბრაიერის შესახებ. ისეთი აღშფოთებული ვიყავი, რომ გამომრჩა სხვა ხარვეზებიც, რომლებიც უნდა შემემჩნია.
– როგორ ჩამოყალიბდა ეს დაჯგუფება?
– ალფრედ კრეიმბორგის ინიციატივით. იმხანად მისი მეუღლე იყო გერტრუდ ლორდი – ულამაზესი ქალი. მათ ჰქონდათ პატარა ბინა ვილიჯში. ჯგუფის წევრებს საერთო მიზანდასახულება აერთიანებდათ.
– ერთხელ ალფრედ კრეიმბორგს თქვენი აღმომჩენი უწოდეს. მართლაც ასეა?
– შესაძლოა, ასეც იყო. ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ჩემთვის გზა გაეკვალა. მის მონრომ და ოლდინგტონმა ერთდროულად შემომთავაზეს, ჩემი ლექსები გამომექვეყნებინა Poetry-სა და Egoist-ში 1915 წელს. ალფრედ კრეიმბორგი წინააღმდეგი არ ყოფილა. მე რამდენადმე განვსხვავდებოდი სხვებისგან. ალბათ, ფიქრობდა, რომ რაღაც სიახლეს შევიტანდი ამერიკულ პოეზიაში.
– როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ჰილდა დულითლმა და ბრაიერმა 1921 წელს თქვენ დაუკითხავად გამოაქვეყნეს თქვენივე ლექსების პირველი კრებული, Poems? თვითონ რატომ არ გამოეცით ეს ნაწარმოებები?
– ჩემი უმწიფარი პროდუქციის გამოქვეყნება ნაადრევად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, რომ ტერმინი „პოეზია“ მიემართება მხოლოდ ჩოსერის, შექსპირის ან დანტეს თხზულებებს. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ – ესაა ხელსაყრელი, თითქმის აუცილებელი ტერმინი (თუმცა არ მიესადაგება ჩემს ექსპერიმენტებს რიტმის ან კომპოზიციის სფეროში). როგორც უკვე ვთქვი, იმას, რასაც ვწერ, შეიძლება პოეზია დაერქვას მხოლოდ იმის გამო, რომ არ არსებობს სხვა კატეგორია, რომელსაც ჩემი ნაწერები შეიძლება მივაკუთვნოთ. მაგრამ მადლიერი ვარ ამ კეთილშობილური ინიციატივის – 1921 წელს ჩემი ლექსების გამოქვეყნების გამო, რომლებშიც უფრო მნიშვნელოვანია ფორმა, ვიდრე შინაარსი. ასევე, მადლიერი ვარ, რომ 1935 წელს ფეიბერისა და მაკმილანის კომპანიებმა ერთდროულად შემთავაზეს ჩემი „რჩეული ლექსების“ გამოქვეყნება. თუმცა, სავსებით მაკმაყოფილებდა ის, რომ ჟურნალები დროდადრო ბეჭდავდნენ ჩემს ლექსებს.
– გზავნიდით თუ არა ჟურნალებში ლექსებს მანამ, სანამ Egoist თქვენს პირველს ლექსს გამოაქვეყნებდა?
– დიახ. პატარა ბლოკნოტში სისტემატურად ვიწერდი ყველა შემთხვევას, როდესაც ჩემს ლექსებს იღებდნენ ან უკან მიბრუნებდნენ. ეს, მგონი, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ახლა ასე აღარ ვიქცევი. საერთოდ, ძალზე მიჭირს აზრის სიტყვიერად გამოხატვა. და ძალზე იშვიათად ვწერ ისე, როგორც მინდა.
– ბოლოს როდის დაწერეთ ლექსი?
– აგვისტოში გამოვაქვეყნე. რაზე იყო? კარნეგი-ჰოლზე.
– როგორ იწყებთ ხოლმე ლექსის წერას?
– გონებაში ამომიტივტივდება ხოლმე სიტყვა ან, შესაძლოა, ორი სიტყვა, რომლებიც ჩვეულებრივ, მიემართება რაიმე აზრს ან საგანს, და ვწერ: „მზის სხივებში ლაპლაპებდა კალიების ფრთები.“ ლექსებში ვიყენებ როგორც მსუბუქ, შეუმჩნეველ რითმებს, ასევე – მკვეთრ რითმებსაც:
and yet, when someone’s near,
we manage to appear
as impervious to fear
as anybody here.
ჩემი ინტერესი ლაფონტენისადმი მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისი ლექსების ვირტუოზულმა ფორმამ, რომელიც შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოვიტანე:
I fear that appearances are worshiped throughout France
Whereas pre-eminence perchance
Merely means a pushing person.
ხშირად ვიყენებ მახვილიან ნახევარრითმას:
By Love and his blindness
Possibly a service was done,
Let lovers say. A lonely man has no criterion.
– რა სახის ლიტერატურულმა გამოცდილებამ გაიძულათ, რომ ამგვარი მანერით გეწერათ? რა დახმარება გაგიწიათ იმაჟიზმმა?
– არავითარი დახმარება არ გაუწევია. მიკვირს, რატომ ახსენებენ ამ მიმდინარეობას ჩემთან მიმართებაში.
– თქვენი ლექსების აღწერითობა აქ არავითარ როლს არ ასრულებს?
– არა მგონია. ვწუხვარ, რომ პარიად ვიქეცი, რომ არცერთ დაჯგუფებასთან ან მიმდინარეობასთან არ მაქვს არავითარი კავშირი. მაგრამ მადლიერებას განვიცდი Others-ის მიმართ.
– საიდან მომდინარეობს თქვენი ლიტერატურული სტილი? აქვს თუ არა მას გარკვეული ლიტერატურული ფესვები?
– რამდენადაც ვიცი, არავითარი ფესვები არა აქვს. ეზრა პაუნდმა თქვა, რომ ჩემს სტილში თავს იჩენს ლაფორგისა და სხვა ფრანგი ავტორების ზეგავლენა. სამწუხაროდ, ბოლო ხანებამდე არცერთი მათგანი არ წამიკითხავს. ახლა ვხვდები, რომ ფრენსის ჯეიმსის ლექსების სათაურები და პოეტური ხედვა მნიშვნელოვნად წააგავს ჩემსას. ამიტომ ერთგვარი პლაგიატორი შეიძლება მეწოდოს.
– თქვენს ლექსებში ციტატების ხშირ გამოყენებაზე რას იტყვით?
– თუკი რამე სრულყოფილადაა ნათქვამი, უკეთ ხომ ვერაფერს იტყვით? თუკი ჩემს სათქმელს სხვა იდეალურად გამოხატავს, ამით მხოლოდ ჩემს პატივისცემას დაიმსახურებს.
– რომელიმე პროზაიკოსის სტილი ხომ დაგეხმარათ საკუთარი პოეტური სტილის შემუშავებაში? ელიზაბეტ ბიშოპი თქვენს შემოქმედებასთან დაკავშირებით ახსენებს ედგარ პოს პროზას. ასევე, თქვენს მკითხველებს ასოციაცია უჩნდებათ ჰენრი ჯეიმსის ნაწარმოებებთან.
– ძალიან მომწონს ძველი მწერლები. დოქტორი ჯონსონი წერდა რიჩარდ სევიჯის შესახებ: „ის… დაგმო პარლამენტმა, უარყო დედამ, და ყველასგან დავიწყებულს, სიღატაკეში ამოხდა სული. ცხოვრების ოკეანეში მხოლოდ იმისთვის იქნა გადასროლილი, რომ შთაენთქა მოძრავ ქვიშებს ან კლდეებს მიხეთქებოდა… საბედნიეროდ, არ შეხვედრია უცხო ადამიანი, რომელიც მისი მეგობარი არ გამხდარიყო. თუმცა, არ ჰყოლია მეგობარი, რომელიც მისთვის უცხო ადამიანად არ ქცეულიყო“. ედმუნდ ბერკი კოლონიების შესახებ წერდა: „შეიძლება გაკრიჭოთ მგელი, მაგრამ განა ამით მას მოაშინაურებთ?“ სერ ტომას ბრაუნი ფუტკარს „შრომისმოყვარე ბუზს“ უწოდებდა, ხოლო თავის სამშობლოს – „სკას“-ს. სერ ფრენსის ბეკონი: „სამოქალაქო ომი წააგავს ციებ-ცხელებას, ხოლო სხვა სახელმწიფოთა ომი – სამხედრო წვრთნას“. ჩელინი: „ჩემი ძაღლი თუთასავით შავი იყო“. შესანიშნავია იულიუს კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ“ და ქსენოფონტეს „კინეგეტიკუსი“ – თითოეული დეტალისადმი მძაფრი ინტერესით! ჰენრი ჯეიმსის შემოქმედებაში განსაკუთრებით მომწონს ესეები და წერილები. ეზრა პაუნდი მიზიდავს რომანტიკული სულისკვეთებით, სპეციფიკური კილოთი. ჩარლზ ნორმანი ეზრა პაუნდის ბიოგრაფიაში წერს, რომ ეზრამ გაიხსენა შექსპირი და დანტე და შენიშნა: „ვერ ვიტყვით, რომელი ჯობია; თითოეული მათგანის შესახებ უნდა ვთქვათ: „ის სწორუპოვარია“.
– არის თუ არა თქვენს ნაწარმოებებს შორის საყვარელი და არც ისე საყვარელი ნაწარმოებები?
– რა თქმა უნდა, არის. ჩემთვის ყველაზე უფრო რთულია საკმარისი სიცხადის მიღწევა, ისე, რომ ლექსის საზრისი მაკმაყოფილებდეს. ეს ძნელია. არ მომწონს ჩემი „ენიგმები“. ერთხელ დედაჩემს ვუსაყვედურე: „რატომ მომეცი უფლება, რომ ეს დამებეჭდა?“. მან კი მიპასუხა, ჩემთვის რჩევა არ გიკითხავსო.
– ერთხელ გისმენდით, როგორ კითხულობდით საკუთარ ლექსებს. მაშინ თქვით., რომ არ მოგწონთ “In Distrust of Merits,” რომელიც თქვენი ერთ–ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ლექსია.
– მომწონს. გულწრფელად გეუბნებით. მაგრამ მას ლექსად არ მივიჩნევ. ის მეტყველებს მხოლოდ იმის შესახებ, რომ ომი ამაზრზენი და უსამართლოა.
– რატომ არ მიიჩნევთ ამ ნაწარმოებს ლექსად? რის საფუძველზე?
– უსისტემო ტექსტია. უფორმო. ესაა მარტოოდენ პროტესტი – აბნეული, ხმაურიანი. მისი წერისას ძალზე აღგზნებული ვიყავი.
– დედათქვენმა თქვა, რომ მისთვის რჩევა არ გიკითხავთ. ოდესმე გიკითხავთ თუ არა რჩევა თქვენი ოჯახის წევრებისა ან მეგობრებისთვის?
– მეგობრებისთვის არა, მაგრამ, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს, ძმას ვაკითხებ ხოლმე ჩემს ლექსებს. ჩემთვის რჩევა არ გიკითხავსო, დედაჩემმა მრავალი წლის წინ მითხრა. იმხანად მან დამიწუნა “A Face”-ის თავდაპირველი ვარიანტი. ეს ლექსი სირილ კონოლის თხოვნით დავწერე „Horizon“-ისთვის. ესაა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ლექსებიდან, რომლებიც იოლად, ძალდაუტანებლად დავწერე. დედაჩემმა მითხრა, მომწონსო. ეს კარგად მახსოვს. დიდი ხნით ადრე დავწერე „The Buffalo”. გავიფიქრე, თუკი ლექსი არ ვარგა, მაშინ ძმა ამის შესახებ მეტყვის-მეთქი. მან ლექსი მომიწონა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
– ოჯახის ზეწოლის გამო ოდესმე უარი გითქვამთ რომელიმე ნაწარმოების გამოქვეყნებაზე ?
– დიახ. ეს იყო “The Adder and the Child with a Bowl of Porridge“. მისი გადაკეთებაც კი არ მომინდომებია. სეინტსბერი ამბობს, რომ ენდრიუ ლენგმა დაიწუნა ედგარ პოს ნაწარმოებები. სეინტსბერის თქმით, „მას შემდეგ, რაც ნაწარმოები დაწუნებულ იქნა, მას ვერ შევთავაზებდი სხვა რედაქტორს“. მე კი ოცდათხუთმეტი რედაქტორისთვის შემითავაზებია ჩემი ერთი და იგივე ნაწარმოები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს.
– ეს ლექსი იყო?
– ჰო. ძალზე ჯიუტი ვარ.
– ოდესმე ვინმეს უთხოვია, რომ მისთვის ლექსი დაგეწერათ?
– გამუდმებით მთხოვენ დავწერო ლექსი ამა თუ იმ თემაზე, დაწყებული ძაღლის სიკვდილით და დამთავრებული საალბომო მცირე ზომის ლექსებით.
– და თქვენ მათ წერთ?
– ზოგჯერ ვწერ, მაგრამ, ჩვეულებრივ, სხვისი ლექსების ციტირებით ვიფარგლები. ერთხელ, როდესაც ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, მის ლეონარდისთვის წვეულება მოვაწყვეთ. ჩემ მიერ დაწერილი ორიოდ სტრიქონი ვუძღვენით მას, იების თაიგულთან ერთად. ჩანაფიქრი კარგი იყო, მაგრამ ლექსი არ ვარგოდა. კოლეჯშიც დამავალეს სონეტის დაწერა. მდარე ლექსი იყო.
– მაინტერესებს თქვენი პოეტური შემოქმედების პრინციპები და მეთოდები. რაში მდგომარეობს სილაბური ლექსის არსი? რით განსხვავდება ის თავისუფალი ლექსისგან, რომელშიც სტრიქონის სიგრძე განისაზღვრება ვიზუალურად და არა არითმეტიკულად?
– არასოდეს მიფიქრია, რომ იმას, რასაც ვწერ, შეიძლება რაიმენაირი განსაზღვრება მივუსადაგოთ. წინადადება დაჭიმული უნდა იყოს, ისევე, როგორც იჭიმება ქსოვილი გრავიტაციის ზეგავლენით. მომწონს სტრიქონი, რომლის დასასრულიც ემთხვევა წინადადების დასასრულს და არ მომწონს სიტყვების ინვერსიული წყობა; მომწონს სიმეტრია.
– როგორ განსაზღვრავთ სტროფების ფორმას? ვგულისხმობ სილაბურ ლექსებს. რომლებშიც გამოიყენება განმეორებადი ფორმის სტროფები. ოდესმე გიცდიათ ექსპერიმენტირება სტროფის ფორმის გრაფიკულად მონიშვნის მეშვეობით?
– წინასწარ არასოდეს „განვსაზღვრავ“ სტროფს. სიტყვები ერთმანეთს ქრომოსომების მსგავსად უკავშირდებიან. არასოდეს „არაფერს მოვნიშნავ გრაფიკულად“. რითმებს ვაფერადებ ხოლმე წითელი, ლურჯი ან სხვა ფერის ფანქრით – იმდენი ფერის ფანქრებით, რამდენი განსხვავებული რითმაცაა ლექსში. მაგრამ თუკი ფრაზების არქიტექტურა ძალზე არამწყობრია, თუ ვამჩნევ, რომ სიტყვების მელოდია შეუსაბამოდ ჟღერს, შეიძლება გადავავადო მისი დასრულება ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში. მომჭირნე ვარ. ვინახავ ყველაფერს, რაც შეიძლება ლექსად იქცეს, და ვიწერ პატარა ბლოკნოტში.
– დაგეხმარათ თუ არა თქვენ, როგორც პოეტს, ლაფონტენის იგავ–არაკების თარგმნა?
– ნამდვილად დამეხმარა. შესანიშნავი სამსახური გამიწია. ისე მოხდა, რომ გამომცემელი, რომელმაც „იგავ-არაკების“ თარგმნა შემიკვეთა, გარდაიცვალა. ვიფიქრე, გამომცემლობას ხელშეკრულების გაუქმება ხომ არ უნდა-მეთქი. ასეთ შემთხვევაში შემეძლო იგავ-არაკების შეთავაზება სხვა გამომცემლობისთვის, მაგალითად, მაკმილანისთვის, რომელსაც ეს თარგმანი შეიძლებოდა მოსწონებოდა. შეიძლებოდა. ნათარგმნი ლიტერატურის რედაქტორმა მაკმილანის გამომცემლობაში მითხრა: „იცით, მე ვსწავლობდი ფრანგულ ენას კორნელის უნივერსიტეტში, შესაბამისი სამეცნიერო ხარისხიც მაქვს. მიყვარს ფრანგული ენა და… ალბათ, უმჯობესია, თქვენი თარგმანების გამოქვეყნება გარკვეული ხნით გადავდოთ“. „რამდენი ხნით?“ – ვკითხე მე. „დაახლოებით ათი წლით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თარგმნა ხელს შეუშლის თქვენს საკუთარ შემოქმედებას.“. „ოჰ, – ვუთხარი მე. – ეს ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ამ საქმეს ხელი მოვკიდე, ისაა, რომ გამოცდილების შეძენა მინდოდა… მაინც, რა არ მოგწონთ? განა ფორმა ან შინაარსი არასწორად გადმოვიტანე?“ რედაქტორი კი განუწყვეტლივ მიმეორებდა, ტექსტებში შეუსაბამობები არისო. არ ვიცი, რა სახის შეუსაბამობები იყო.
ვუთხარი, „ნუ გამომიგზავნით თავაზიან წერილს. გთხოვთ, უბრალოდ, დამიბრუნოთ მასალა“. მასალა იანვარში გავგზავნე, ახლა კი მაისი იყო. ვშფოთავდი და ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. მაგრამ ულტიმატუმი გამანადგურებელი იყო.
იმავე დროს მონრო ენგელმა Viking Press-დან მომწერა და მირჩია ლაფონტენის იგავ-არაკები მისი გამომცემლობისთვის გადამეცა გამოსაქვეყნებლად. მის მიმართ მარად მადლიერი ვიყავი და ვიქნები, მაგრამ ვუთხარი, რომ ვერ შევთავაზებდი იმას, რაც სხვამ დაიწუნა. ტექსტს რედაქტირება სჭირდებოდა.
მისტერ ენგელმა მკითხა: „როგორ ფიქრობთ, ვინ ითავებს ამ საქმეს? ვის კანდიდატურას დამისახელებთ?“
ჰარი ლევინი-მეთქი, ვუთხარი, რადგან ლევინმა შესანიშნავი ესე მიუძღვნა ედნა სენტ-ვინსენტ მილეისა და ჯორჯ დილონის მიერ ნათარგმნ ბოდლერის სონეტებს. მისტერ ენგელმა მითხრა: „ვკითხავ ლევინს, მაგრამ დიდხანს უნდა ველოდოთ. ძალიან დაკავებულია. თქვენი აზრით, როგორი ანაზღაურება უნდა შევთავაზოთ?“.
– არავითარი სტიმული არ ექნება, თუკი ოც დოლარზე ნაკლებს შევთავაზებთ.
– ასეთ შემთხვევაში, თქვენი ავანსი მნიშვნელოვნად შემცირდება.
– არ დავეძებ ავანსს, არც კი მიფიქრია ამის შესახებ. – ვუთხარი მე.
შემდეგ ჰარი ლევინმა საკმაოდ მალე გვითხრა, რომ სიამოვნებით შეუდგებოდა საქმეს, მაგრამ არავითარ ანაზღაურებაზე არ დათანხმდებოდა.
– აქამდე ლექსებზე ვსაუბრობდით და ეს თემა, რასაკვირველია, ყველაზე მეტად მაინტერესებს, მაგრამ თქვენ, ასევე, The Dial-ის რედაქტორი იყავით და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ. 1925-1929 წლებში გამოსცემდით ამ ჟურნალს, ხომ? პირველად როგორ დაუკავშირდით მას?
– დაიცადეთ, გავიხსენო… ინიციატივა მე გამოვიჩინე. რედაქტორებს გავუგზავნე რამდენიმე ლექსი, რომლებიც უკან დამიბრუნეს. სწორედ იმხანად ლოლა რიჯმა წვეულება მოაწყო – საკმაოდ დიდი ბინა ჰქონდა. მოწვეულთა შორის იყვნენ ჯონ რიდი, მარსდენ ჰარტლი (ძალიან კარგი მხატვარი) და სკოფილდ თაიერი – The Dial-ის რედაქტორი. მთხოვეს, წამეკითხა ჩემი რომელიმე ლექსი. სკოფილდ თაიერმა შემომთავაზა, ჩემი ნაწარმოები The Dial-ში გამეგზავნა.
– უკვე გამოგიგზავნეთ – ვუთხარი მე.
– კიდევ ერთხელ გამოგზავნეთ, – მითხრა მან. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა.
ერთხელ თაიერმა მითხრა: „მინდა, რომ გაგაცნოთ ჩემი მეგობარი, სიბლი უოტსონი“. მან ჩაიზე დამპატიჟა თავის ბინაში. ძალიან მომეწონა. ექიმი ჯეიმს სიბლი უოტსონი უჩვეულო პიროვნება გახლდათ. ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ ის, რაც თქვა, გასაოცარი და მოულოდნელი იყო. მათ მთხოვეს, The Dial-თან მეთანამშრომლა.
– ახლახან გადავხედე ჟურნალის იმ ნომრებს, რომელთა რედაქტორიც იყავით. არაჩვეულებრივი ჟურნალია.
– The Dial? მართლა მოგეწონათ?
– დიახ. ერთსა და იმავე ნომერში გამოქვეყნებულია როგორც ჯორჯ სეინსტსბერის, ისე ეზრა პაუნდის თხზულებები. როგორ ახსნით ამას?
– ჯერ ერთი, არაფრისა მეშინოდა. არაფრად გვენაღვლებოდა, თუ რას იტყოდნენ ჩვენ შესახებ სხვა ადამიანები. არცერთი სხვა ჟურნალი არ იყო ასეთი დამოუკიდებელი. თითოეული ჩვენგანი აკეთებდა იმას, რაც სურდა და როგორც სურდა. როდესაც უხეშ შეცდომებს ვუშვებდით, ვწუხდით, მაგრამ გვეცინებოდა კიდეც.
– ლუიზ ბოგენმა თქვა, რომ The Dial-მა გამოავლინა ამერიკულ ავანგარდსა და ამერიკულ ტრადიციულ ლიტერატურას შორის არსებული ზღვარი. როგორ ფიქრობთ, ასეთი გამიჯვნა დღესაც აქტუალურია? ხომ არ იყო ეს ერთგვარი წინასწარგანზრახული ჩანაფიქრის შედეგი?
– ვფიქრობ, ინდივიდუალობა ძალზე ფასეული რამაა. ამ მხრივ ყველასგან განვსხვავდებოდით. რა თქმა უნდა, არავითარი წინასწარი ჩანაფიქრი არ გვქონია, გარდა იმისა, რომ ძალზე ხშირად მესმოდა სიტყვა „ინტენსივობა“. ნაწარმოები „ინტენსიური“ უნდა ყოფილიყო. ეს თავისებური კრიტერიუმი გახლდათ, რომელიც შეეხებოდა ჩვენს საკუთარ ლიტერატურულ მანერასაც. ლიტერატურული ქმნილებები საკუთარი გემოვნების მიხედვით უნდა შეგვექმნა, ვფიქრობ, ამას ვახერხებდით და სულაც არ გვაინტერესებდა, რომ ისინი სხვადასხვაგვარი იყო. არისტოტელემ თქვა, რომ პოეტის დამახასიათებელი თვისებაა მსგავსების გამოვლენა განსხვავებულ საგნებს შორის. ეს ძალზე გვიზიდავდა.
– დღეს, როდესაც ამერიკული ლიტერატურა ესოდენ შეიცვალა, როგორი იქნებოდა The Dial, იგივე რედაქტორები რომ ჰყოლოდა? გამოირჩეოდა თუ არა ოციან წლებში ამერიკული ლიტერატურა განსაკუთრებული თავისებურებებით?
– ვფიქრობ, ყოველთვის გამოირჩეოდა.
– საინტერესოა, The Dial –ს ოცდაათიან წლებამდე რომ ეარსება, ამ უღიმღამო ლიტერატურულ ათწლეულს ხომ არ გამოაცოცხლებდა?
– ალბათ, გამოაცოცხლებდა.
– ჟურნალის გამოცემა ფინანსური პრობლემების გამო შეწყდა?
– არა, დეპრესიის გამო არ შემწყდარა. უბრალოდ, გარემოებები შეიცვალა. სკოფილდ თაიერს ნერვული აშლილობა დაემართა და მუშაობა აღარ შეეძლო. უოტსონი ფოტოგრაფიამ გაიტაცა – და მედიცინას შეისწავლიდა. როჩესტერში ცხოვრობდა. მარტო დავრჩი. რედაქციაში მუშაობის დაწყებისას განვაცხადე, რომ არ დავწერდი სტატიებს და ავტორებსაც არ შევხვდებოდი, მაგრამ შემდეგ სტატიებსაც ვწერდი და ავტორებსაც ვხვდებოდი. ვფიქრობ, ჟურნალის გამოცემის შეწყვეტამ გარკვეული სარგებლობა მომიტანა, რადგან საკუთარი შემოქმედებისთვის ახლა უკვე მეტი დრო მრჩებოდა.
– ჰარტ კრეინი ჩიოდა, რომ თქვენ გადააკეთეთ მისი “The Wine Menagerie”-ს ტექსტიც და სათაურიც. როგორ ფიქრობთ, მართებულად მოიქეცით? ბევრ პოეტს სთხოვდით მათი ნაწარმოებების გადაკეთებას?
– არა. ჩვენ გვქონდა ურყევი კანონი: პუნქტუაციაც კი არ შეგვეცვალა, იმისდა მიუხედავად, სწორი იყო ის თუ არა. მაგრამ ჰარტ კრეინის შემთხვევაში ვიგრძენი, რომ ამ კანონისთვის უნდა მეღალატა. ის უკმაყოფილო იყო? მეც არანაკლებ უკმაყოფილო გახლდით მისით. მატერიალურად ძალზე უჭირდა. ვკითხე, ოდნავ ხომ არ შეცვლიდა ტექსტებს. უზომოდ მადლიერი იყო, მაგრამ მოგვიანებით ასევე გადაჭრით უგულებელყო შესწორებები. ძალიან უნდოდა, რომ მიგვეღო მისი ლექსები და საოცრად გაუხარდა, რომ გამოქვეყნებაზე დავთანხმდით. „ცოტაოდენი ცვლილებები რომ შეგეტანათ, – ვუთხარი მე, – უფრო მოგვეწონებოდა“. ჩემი მხრივ ტექსტის შეცვლის მოთხოვნა უკანონობა იყო. რედაქციის დაუწერელი კანონი დავარღვიე.
– გთავაზობდნენ თუ არა რედაქტორები თქვენს ლექსებში ცვლილებების შეტანას?
– არა, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდები ყოველგვარ დახმარებაზე. Times, Herald Tribune, The New Yorker არაერთხელ მისწორებდნენ ტექსტებს. თუკი შეგხვდებათ ისეთი გენიალური რედაქტორები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ტ.ს. ელიოტი, ეზრა პაუნდი, ჰარი ლევინი, ირიტა ვან დორენი, ბელ როზენბაუმი, ბედი გქონიათ.
სასარგებლოა თუ არა „დახმარება“? ჩემი აზრით, ნამდვილად სასარგებლოა; როდესაც The Dial-ში ვმუშაობდი, ჰერმან გეორგ შეფაუერს შევთავაზე, შეეცვალა ერთი თუ ორი წინადადება თომას მანის Unordnung und frühes Leid-ს მისეულ თარგმანში. შეფაუერმა კრიტიკა სიამოვნებით მიიღო. გილბერტ სელდესმა შემაქო იმის გამო, რომ შევკვეცე მისი „ჯონათან ედვარდსი“ ( The Dial-ში გამოსაქვეყნებლად); მარკ ვან დორენსაც ამგვარივე რეაქცია ჰქონდა, როდესაც დავტოვე რამდენიმე სტრიქონი მის ლექსში, რომელთა გამოტოვებაც მსურდა თავდაპირველად (და ეს სონეტი არ გახლდათ).
ჩვენ უნდა განვსაჯოთ სხვა მწერალთა შემოქმედება იმისდა მიხედვით, თუ როგორია მისი უმეტესი ნაწილი, ხოლო ჩვენი თხზულებები დეტალურად უნდა შევაფასოთ. უნდა შეგვეძლოს, ლაფონტენის მკაცრი კრიტიკოსის მსგავსად, ვუთხრათ ავტორს: „თქვენი წინადადებები ზედმეტად გრძელია, შინაარსი კი – უხეირო. დაამსხვრიეთ საბეჭდი მანქანა და ჩამოასხით ახალი შრიფტი“. კენეთ ბერკი ამბობს „Counter-Statement-ში“: „დიდი ხელოვანები შესაძლებლობად მიიჩნევენ იმას, რაც სხვებს საშიშროებად წარმოუდგებათ. ვფიქრობ,… ამის საფუძველია ხელოვანის პროფესიული ინტერესი სირთულეების დაძლევისადმი“.
-The Dial-ის რედაქტირებისას, ალბათ, გაიცანით ბევრი იმდროინდელი მწერალი. ჰარტ კრეინს მანამდე იცნობდით?
– დიახ ვიცნობდი. გახსოვთ „Broom“? როდესაც 1921 წელს დაიწყო ამ ჟურნალის გამოცემა, ძალზე სტუმართმოყვარე ლოლა რიჯმა წვეულებაზე დაგვპატიჟა (სანამ The Dial-ში მუშაობას დავიწყებდი): კეი ბოილი და მისი ქმარი – ფრანგი სამხედრო პირი; ასევე – ჰარტ კრეინი, ელინორ უაილი და ზოგიერთი სხვა ლიტერატორი. ჰარტ კრეინი ძალზე მომეწონა. მოკრძალებული იყო და ნამდვილი ბიბლიოფილი გახლდათ, ამიტომ განსაკუთრებით დამაინტერესა. უოტსონი და სკოფილდ თაიერი ფიქრობდნენ, რომ კრეინი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი გახლდათ; კრეინს უჭირდა საარსებო სახსრების მოპოვება და ამიტომ ვაქვეყნებდით ყველაფერს, რასაც კი წერდა.
ვიცნობ მის ბიძაშვილს, ჯო ნოვაკს, რომელიც ამაყობს კრეინით. ის ახლა ბრუკლინში ცხოვრობს, ბანკში მუშაობს და ანტიკვარიატის შეგროვებითაა გატაცებული.
– რას იტყვით „Others“-ის შესახებ?
– „Others“ ქრონოლოგიურად წინ უძღოდა „Broom“-ს და აერთიანებდა ალფრედ კრეიმბორგსა და სიპტვით ჩანელს, ასევე – უოლეს სტივენსს და უილიამ კარლოს უილიამსს. უოლეს სტივენსი გავიცანი1943 წელს, Entretiens de Pontigny-ს კოლეჯში (მაუნთ ჰოლიოკზე), რომელსაც სათავეში ედგა პროფესორი გუსტავ კოენი. უოლეს სტივენსი ჰენრი ჩერჩის საყვარელი პოეტი გახლდათ. ჩერჩი აქვეყნებდა სტივენსის, ზოგიერთი სხვა ამერიკელი მწერლის და ჩემს ნაწარმოებებს Mésure-ში, პარიზში. მათ რაიმონ კენო თარგმნიდა.
იმ საღამოს მაუნთ ჰოლიოკზე უოლეს სტივენსი გამოვიდა სიტყვით გოეთეს შესახებ. იმ წვეულებას დედაჩემი და მე ვესწრებოდით და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი აზრი ამ სიტყვის შესახებ. ჰენრი ჩერჩს საოცრად ლამაზი ფარფლებიანი ქუდი ეხურა და ყელზე ჭრელი შარფი ჰქონდა შემოხვეული. ეს ლექცია მდელობზე ჩატარდა.
გრძელ სასადილო მაგიდასთან დაგვსხეს და ვიღაც ქალიშვილმა ჰკითხა სტივენსს: „მისტერ სტივენს, „ოთხი კვარტეტი“ წაიკითხეთ?“.
„რა თქმა უნდა, წავიკითხე, მაგრამ ელიოტს ხშირად არ ვკითხულობ, სხვა შემთხვევაში ჩემი, როგორც პოეტის ინდივიდუალობას ვერ შევინარჩუნებ“ – იყო პასუხი.
– ახალგაზრდა პოეტების ლექსებს კითხულობთ? ცდილობთ თუ არა, რომ დროს ფეხი აუწყოთ?
– ახალგაზრდა პოეტების ლექსებს ყოველდღე მიგზავნიან, მაგრამ ეს ხელს მიშლის მუშაობაში. ამ ლექსების კითხვას ბევრ დროს ვერ ვუთმობ. და მაინც, სინდისი უფლებას არ მაძლევს, უგულებელვყო ისინი. ბევრ წერილსა და ღია ბარათს ვუგზავნი ახალგაზრდა ავტორებს.
არასწორი ციტირების შემთხვევები არც ისე იშვიათია, მაგრამ ჩემი თხზულებებისა და გამონათქვამების ციტირებისას, მგონი, ყველაზე უფრო ხშირად უშვებენ შეცდომებს. რა საშინელებაა! თავის წიგნში „ეზრა პაუნდი“ ჩარლზ ნორმანი ზედმიწევნით ზუსტად იმოწმებს სხვადასხვა ადამიანის გამონათქვამებს. მახსოვს, პირველად, როდესაც ეზრა პაუნდი აქ ჩამოვიდა ჩემი და დედაჩემის მოსანახულებლად, ვუთხარი, ჰენრი ელიოტი, როგორც მხატვარი, ჩემთვის უფრო ახლოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვისაც კი შევხვედრივარ-მეთქი. „ფრთხილად იყავით“, – მითხრა ეზრამ. შესაძლოა, ზუსტად ეს სიტყვები არ უთქვამს, მაგრამ ნორმანი ზუსტად იმოწმებს ჩემს სიტყვებს, ანუ იმას, თუ როგორ ვუამბე ეს ეპიზოდი.
– ტომას ელიოტის ძმას, ჰენრი უეარ ელიოტს გულისხმობთ?
– დიახ. როდესაც ელიოტები ჩიკაგოდან ნიუ-იორკში გადასახლდნენ (მგონი, სამოცდამერვე ქუჩაზე, სადაც ჰანტერ-კოლეჯია), სადილად დამპატიჟეს (ალბათ, ტ.ს. ელიოტის ინიციატივით) და მაშინვე შემიყვარდა ეს ოჯახი. ასე მეგონა, თითქოს მათ დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი. გარკვეული ხნის შემდეგ ასეთივე გრძნობით გავიმსჭვალე ტ.ს. ელიოტის მიმართ.
მახსოვს, როდესაც ეზრა პაუნდის სანახავად სენტ-ელიზაბეტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მივედი, ამ საავადმყოფოს თანამშრომელმა მითხრა: „რა კარგია, რომ მის სანახავად მოხვედით“. „კარგია? – შევეპასუხე მე. – ვერ წარმოიდგენთ, რამდენი სიკეთე დათესა ეზრამ“. ეს მოხდა პირველი (და არა ბოლო) ვიზიტის დროს.
არ მჩვეოდა დახმარების თხოვნა ექსპერტებისთვის ან სხვა ადამიანებისთვის. გამონაკლისს წარმოადგენდნენ მხოლოდ ბიბლიოთეკარები ან პედაგოგები. მაგრამ ძალიან შევწუხდი, როდესაც მაკმილანმა უარი თქვა ჩემი „იგავ-არაკების“ გამოქვეყნებაზე, ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი მათზე და რამდენიმე მათგანი გავუგზავნე ეზრა პაუნდს, თუმცა მისი შეწუხება არ მსურდა, ამის გარეშეც უამრავი საქმე ჰქონდა. მაგრამ ბოლოს ვკითხე: „იქნებ მითხრათ, რა ნაკლი აქვს ჩემს ლექსებს?“
– მან გიპასუხათ?
– დიახ, მითხრა: „იმ ნაძირალებს კარგი ნაწარმოებები ეჯავრებათ!“
– 1916 წელს, როდესაც პირველად წაიკითხეთ პაუნდის თხზულებები, სათანადოდ შეაფასეთ თუ არა ისინი?
– რა თქმა უნდა. The Spirit of Romance. მე მგონი, ყველა მკითხველი მიხვდება ამ წიგნის ღირსებებს.
– რას იტყვით პაუნდის ადრეულ ლექსებზე?
– რამდენადმე დიდაქტიკური ხასიათისაა, მაგრამ მაინც მომწონს.
– თავისი „რჩეული ლექსების“ შესავალში ელიოტი საუბრობს თქვენი, როგორც პოეტის დამოკიდებულებაზე ცოცხალი ენის მიმართ. როგორ ზემოქმედებს პოეზია ცოცხალ ენაზე? როგორია ამ ზემოქმედების მექანიზმი?
– პოეტი ირჩევს საგნების აღნიშვნის გარკვეულ ფორმებს ან გადაჭრით უარყოფს საგნობრივ სამყაროს, შეაქვს ენაში რაღაც ახალი, იგონებს ვარიანტს ან აღადგენს ძირეულ, პირველსაწყის მნიშვნელობას.
– მინდა გკითხოთ Ford Motor Company-სთან თქვენი მიწერ–მოწერის შესახებ – იმ წერილების შესახებ, რომლებიც The New Yorker-ში გამოაქვეყნეთ. ისინი ეძებდნენ სახელს ავტომანქანისთვის და გთხოვეს მოგეგონებინათ სახელწოდება, რომელიც ადამიანებს ამ მანქანას მოაწონებდა…
– მიმზიდველი და დახვეწილი უნდა იყოსო…
– მოკლედ, სახელწოდება, რომელიც ადამიანების ცნობიერებაში ძალზე მიმზიდველ ხატს წარმოქმნიდა... ასე ეწერა მათ პირველ წერილში, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეს. საინტერესოა… გახსოვთ, რას ამბობდა პაუნდი ენობრივი გამოხატულებისა და საზრისის ურთიერთმიმართების შესახებ? როდესაც ენობრივი გამოხატულება და საზრისი ერთმანეთს არ შეესაბამება, მაშინ კულტურა სავალალო მდგომარეობაშია. მაინტერესებს, ხომ არ გულისხმობდა Ford Motor Company-ს შეთავაზება იმას, რომ გამოხატულება რამდენადმე დაგეშორებინათ საზრისისგან.
– არ მგონია. თუნდაც იმის გამო, რომ არ დაჩრდილულიყო ავტომანქანის ღირსებები. ძრავები, ტურბინები და ბორბლები შევისწავლე. ძალზე დამაინტერესა მექანიკამ. მაინტერესებს მექანიზმები და, ზოგადად, მექანიკა. მომეწონა დავალებაც, თუმცა, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა.
– კიდევ ერთი რამ; კრიტიკულ წერილებში ხშირად ერთმანეთს ადარებთ პოეტსა და მეცნიერს. როგორ ფიქრობთ, მიესადაგება თუ არა ეს ანალოგია თანამედროვე პოეტს? ადამიანთა უმრავლესობა ამგვარ შედარებას პარადოქსად ჩათვლიდა და ივარაუდებდა, რომ პოეტი და მეცნიერი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
– განა პოეტისა და მეცნიერის საქმიანობა ერთმანეთს არ წააგავს? ორივე დიდ ძალისხმევას ახარჯავს თავის საქმიანობას; ორივენი მომთხოვნნი არიან საკუთარი თავის მიმართ; თითოეული მათგანი ძიების პროცესშია, თითოეულის წინაშე არჩევანია, თითოეული სიზუსტისკენ მიისწრაფვის. განა ასე არაა? ჯეკობ ბრონოვსკი წერს The Saturday Evening Post-ში, რომ მეცნიერება არაა აღმოჩენების უბრალო ერთობლიობა, მეცნიერება აღმოჩენის უწყვეტი პროცესია. ყველა შემთხვევაში, ის ერთხელ და სამუდამოდ არაა ჩამოყალიბებული. ის ვითარდება.
– და უკანასკნელი კითხვა: დამაინტერესა თქვენმა აზრმა, რომ „უოლეს სტივენსის სახით ამერიკას ჰყავს ხელოვანი, რომელსაც ვერ გაანადგურებს პროფესიონალიზმი“. რა სახის ლიტერატურულ პროფესიონალიზმს გულისხმობთ? როგორ ფიქრობთ, ეს ჯერ კიდევ დამახასიათებელია ამერიკისთვის?
– დიახ, დამახასიათებელია. არადა, მწერლისთვის აუცილებელია სიახლეების ძიება, ნორმების ნგრევისადმი მისწრაფება. უოლეს სტივენსს ძალზე აღიზიანებდა ის, რომ ხდებოდა მისი შემოქმედების კატალოგიზება, კლასიფიცირება, მეცნიერული კვლევა, რათა ის გასაგები ყოფილიყოს სკოლის მასწავლებლებისთვის; იგივე მოხდა უილიამ კარლოს უილიამსის შემთხვევაში. ვფიქრობ, უილიამსი ესოდენ დიდ წვლილს ვერ შეიტანდა დიდ ამერიკულ ლიტერატურაში, უფრო კონფორმისტულად განწყობილი რომ ყოფილიყო. და სწორედ ესაა კარგი. უილიამსი არღვევდა ყოველგვარ ტრადიციებსა და ნორმებს. თუ ასეთი არ ხარ, რა აზრი აქვს ლიტერატურას?
The Art of Poetry No. 4, The Paris Review, 1961, No. 26
© არილი