„მარკესი წავიღეთ, სარტრი, კამიუ და კორტასარი, კაფკას ორტომეული. ყველა წიგნი თითქმის ახალი, კარგად შენახული. ტომას ვულფისთვის, ბორხესისთვის და ჰემინგუეისთვის ხელი არ გვიხლია“.
ზაალ სამადაშვილი, „წიგნების გასაყიდად წასვლა“
ისე მოხდა, რომ შარშანდელი წიგნის ბაზრობიდან ბოლო დროს დაბეჭდილ მარკესებთან ერთად, ზაალ სამადაშვილის „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ წამოვიღე – ჯიბის ფორმატი, „დიოგენეს“ 2006 წლის გამოცემა. იმ დროს კოლუმბიელი მწერლის ქართველ მთარგმნელთან, ელზა ახვლედიანთან ინტერვიუ ახალი ჩაწერილი მქონდა და გონებაში, ძირითადად, ეს ავტორი მიტრიალებდა. ამიტომაც არ გამკვირვებია (უფრო – გამიხარდა), როდესაც ერთ-ერთ მინიატურაში მარკესის სახელი შემომხვდა.
ჩანახატს „კვლავაც მოდური სილუეტები“ ჰქვია და 60-70-იანების თბილისური ცხოვრების ერთგვარი კულტურულ-ესთეტიკური მანიფესტია. მისი მომცრო აბზაცი კოლუმბიელი მწერლის ყველაზე ცნობილ რომანს ეძღვნება:
„მარტოობის ასი წელიწადი“ ახალი გამოქვეყნებული გახლდათ. ჩვენ მას ძნელად მოსაპოვებელ რუსულ ჟურნალ „Иностранная литература“-ში ვკითხულობდით და ვრცელი ტექსტის დიდი სიამოვნებით შთანთქმის შემდეგ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით პირველი აბზაცის სწორად წარმოთქმაში. გემახსოვრებათ ალბათ: „გავა მრავალი წელი და პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგარი…“
წლების შემდეგ პირველი აბზაცის სწორად წარმოთქმაში ერთმანეთს კიდევ ბევრი თაობის მკითხველები შეეჯიბრებიან, „მარტოობის ასი წელიწადის“ დასაწყისი კი სხვადასხვა ეპოქის ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ დასაწყისებში შევა. ქართულ ენაზე ეს სტრიქონები (რასაკვირველია, რომანთან ერთად) ელზა ახვლედიანის ბრწყინვალე თარგმანის წყალობით, გამორჩეულ მოვლენად იქცა.
ოთხი წელი მაკონდოში
თავის დროზე ამ ტექსტმა ისევე შეაზანზარა მაშინდელი მსოფლიოს ლიტერატურული სამყარო, როგორც თითქმის იმავე პერიოდში მუსიკალური აუდიტორია – „ბიტლზმა“. ეს იყო დიდი ცვლილებების ეპოქა, რომლის ექო ჩაკეტილ საბჭოთა კავშირშიც შემოიჭრა. რომანი გაგრძელებებით „ინოსტრანკაში“ იბეჭდებოდა და ხელიდან ხელში გადადიოდა. თუმცა, მარკესის მიმართ შედარებით ლიბერალური განწყობის მიუხედავად (მოგვიანებით სტუმრადაც ჩამოვიდა), ცენზურამ საბჭოთა მკითხველის „მორალურ“ ღირებულებებზე იზრუნა და რომანი ეროტიკული მონაკვეთებისგან გაათავისუფლა. მარკესი ამას გვარიანად გაუბრაზებია, მით უფრო, რომ დიდად მიმზიდველი არც რუსულ გამოცემაში გადახდილი ჰონორარი აღმოჩნდა. თუმცა წლების შემდეგ, როდესაც ცენზურა შედარებით შერბილდა, დაწუნებული ადგილები ტექსტში ისევ დააბრუნეს.
აკრძალვებს ვერც ქართული თარგმანი გადაურჩა. მთარგმნელი ამბობს, რომ ამოყრილი ეპიზოდების ნაცვლად მრავალწერტილების ჩასმა ურჩიეს. თუმცა ეს იყო მოგვიანებით. მანამდე კი რომანის პირველწაკითხვით მოგვრილი შთაბეჭდილება ახსენდება:
„მარკესი რუსულად 1975 წელს წავიკითხე. პირველივე აბზაციდან მივხვდი, ტექსტში რაღაც უცნაური ხდებოდა. თარგმნა მომინდა. მოსკოვის საერთაშორისო ბიბლიოთეკიდან ორიგინალი გამოვითხოვე. ამასობაში ვახტანგ ჭელიძემ დამიბარა და რომანის გადმოქართულება მთხოვა. ასლი გადავიღე და სასწრაფოდ დავიწყე მუშაობა. დავეძგერე. მაინც რა არის ახალგაზრდობა!“
ამბობს, რომ მძიმედ თარგმნის – ბევრი დრო სჭირდება. დასრულების შემდეგ ტექსტი შეიძლება ერთი წელი ედოს სახლში – გამუდმებით ჩხრიკავს და ჩხრიკავს. მარკესს ორწელიწად-ნახევარი მოანდომა. მერე ერთხანს კიდევ „დაასვენა.“ საბოლოოდ, მაკონდოში ყოფნა ოთხი წელი გაუგრძელდა.
თავად მარკესი წელიწადი და რვა თვე წერდა რომანს – ვალების გამო დაჩქარებულ ტემპში მუშაობდა. ცნობილი ისტორიაა, მისი მეუღლე, მერსედეს ბარჩა დროდადრო როგორ ყიდდა ოჯახიდან ნივთებს, თავი რომ გადაერჩინათ. თან ყოველ ჯერზე სთხოვდა მევალეებს, ცოტაც ეცლიათ. სულ ბოლოს ყველაზე ძვირფასის – მწერლის ავტომობილისა და საკუთარი თმის საშრობის დათმობა მოუწია, თუმცა შედეგი ამად ღირდა – „მარტოობის ასმა წელიწადმა“ ნამდვილი ლიტერატურული ქარიშხალი გამოიწვია.
„რომანი მეტაფორებითაა სავსე და თავადაც ერთი დიდი მეტაფორაა. ჟურნალში „ამერიკა ლატინა“, რომელიც ჩვენთანაც შემოდიოდა, ერთი მარკესოლოგი წერდა: შეიძლება წლები გავიდეს და ამ მეტაფორების მნიშვნელობა ვერ გაიგოო. თავად მარკესი უარყოფდა ტექსტში მათ არსებობას, თუმცა მკითხველს ინტერპრეტაციის უფლებას ვერ წაართმევდა. ამას ემატებოდა რეალობასა და ფანტასტიკას შორის წაშლილი ზღვარი, რაც კიდევ უფრო ართულებდა კომპოზიციურად და სტილისტურად ისედაც რთულ ნაწარმოებზე მუშაობას. ძალიან ძნელი იყო იმ დროს ამ ყველაფერში გარკვევა.
ერთ პატარა ეპიზოდში იპოვიან კაცს, რომელსაც ზურგზე ფრთების ნაკვალევი აჩნდა – ვიღაცას წაუჭრია. ვინ იტყვის, რა არის ეს სახება, რისთვის შემოიტანა ავტორმა?! კარგა ხანს ვერ ვიგებდი. მერე რუსეთში გამოიცა ესპანური ტექსტი არაჩვეულებრივი განმარტებებით, რომელიც ძალიან დამეხმარა მუშაობისას. იქ ამოვიკითხე – ზღაპრის პერსონაჟი ყოფილა“.
დღევანდელობისგან განსხვავებით, სადაც მთარგმნელებს ფაქტების გადამოწმების უამრავი საშუალება აქვთ, „უგუგლო“ ეპოქაში ეს როლი წიგნებთან ერთად, კონკრეტულ ადამიანებსაც ენიჭებოდათ. მისთვის ასეთი იყო ესპანურის პედაგოგი, ვერა გრიგორიევნა, ეროვნებით – რუსი, რომელიც ძალიან ეხმარებოდა, განსაკუთრებით, თქმულებების და ისტორიის კუთხით. თარგმნის პარალელურად, თავადაც სულ ენციკლოპედიებში იქექებოდა – ისტორიის დეტალები აინტერესებდა. მაგალითად, იყო თუ არა კოლუმბიაში ამდენი სამოქალაქო ომი („ოცდათორმეტი ომი წამოიწყო აურელიანო ბუენდიამ და ოცდათორმეტივეში დამარცხდა“).
ტექსტის ნახევარს რომ გასცდა, დამშვიდდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელით წერდა და სულ გადაწერაში იყო, პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მაგიდასთან იჯდა და კითხულობდა. რიტმიდან ამოვარდნილ მონაკვეთებს აშალაშინებდა. მუშაობდა სხვადასხვა ადგილსა და პირობებში: აგარაკზე – ბავშვებთან ერთად, საავადმყოფოში… ღამე იყო მისი ხსნა – ღამე თარგმნიდა. კიკეთში ყველაზე გვიან ვწვებოდი და ადრე ვდგებოდიო. სამ საათზე დაძინებული დილის ხუთზე წყლის რიგში იდგა. ამასობაში საქმე წინ მიიწევდა: ტექსტი გაგრძელებებით „საუნჯეში“ იბეჭდებოდა, წიგნად კი 1984 წელს გამოვიდა.
მარკესი ამბობს, რომ 17 წლისას გაუჩნდა რომანის შექმნის იდეა და მხოლოდ ოცი წლის შემდეგ დაწერა. მთელი ეს დრო თხრობის ინტონაციას ეძებდა. არანაკლებ რთული აღმოჩნდა ამ ინტონაციის ქართულ ენაზე მიგნება. განსაკუთრებით, პირველი ფრაზების, რომელთაც უნდა განესაზღვრა ტექსტის მელოდია: „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად“.
„თითქოს ზღაპრის დასაწყისია. ამბობს კიდეც, – გავიხსენე, ბებიაჩემი როგორ მიყვებოდა ზღაპრებსო და თავადაც ისე იწყებს. სხვათა შორის, თავიდან ვფიქრობდი, კაცი დახვრეტის მოლოდინშია და არც ცოლი ჰყავს, არც შეყვარებული ან ოჯახი, რომ მაინცდამაინც ყინული გაახსენდა-მეთქი?! მივხვდი, რაღაც სხვა ხდებოდა. დიდხანს ვიწვალე, ხან ასე მივუდექი, ხან – ისე. ერთხელაც თავისით მოვიდა – „გაივლის წლები და“… თითქოს ბავშვებს ვუამბობდი. მერე მივყევი და მივყევი“.
სათაურიდან გამომდინარე და ერთი შეხედვითაც, ეს წიგნი მარტოობაზეა, თუმცა ჰგონია, რომ მარკესის ჩანაფიქრი მარტოობას და საზოგადოებიდან გარიყვას ეწინააღმდეგება. ამაზე პერსონაჟების სიმრავლეც მიანიშნებს. აურელიანოების, ხოსე არკადიოების, ურსულების და სხვათა ქაოსში რომ არ ახლართულიყო, სპეციალური სქემა შექმნა, თუმცა მთავარი სირთულე მაინც სხვა რამეა.
„იმ დროს გავრცელებულ ტრადიციულ რომანთან შედარებით, აქ სიმართლის ნატამალიც არ გვაქვს. მწერლის საიდუმლო რეალობის სხვაგვარად აღქმაშია. ამიტომ ვამბობ – ეს თხზულება ერთი დიდი მეტაფორაა. ბევრი ვერ იგებს. ზოგი ამბობს, რომ სინათლის იმპულსი არ ჩანს. ზოგს სიმძიმეს უტოვებს გულში, მაგრამ შეიძლება, ავტორს სწორედ ეს უნდოდა“.
კიდევ ერთი სირთულე ნაწარმოების მელოდიურობა და თარგმანში მისი ადეკვატურად გადმოტანაა. სხვათა შორის, მარკესს ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა: მევალეებს რომ არ შევეწუხებინე და მეტი დრო მქონოდა, უკეთესად დავწერდიო. თუმცა ორიგინალის კითხვამ მთარგმნელს ეს განცდა არ დაუტოვა. მეტიც – აღაფრთოვანა ტექსტის მუსიკალობამ.
ავტობიოგრაფიულ წიგნში – „იცხოვრო, რათა მოჰყვე,“ მარკესი ამბობს: იმ პერიოდში, როდესაც წერას ვიწყებდი, მთელი ადგილობრივი შემოქმედება პოეზიით იყო გამსჭვალული და რა უცნაურია, რომ კალამმა პროზისკენ გამიწიაო. როგორც ჩანს, პოეზიისკენ ლტოლვა და სიყვარული (ძალიან კარგად იცოდა ესპანურენოვანი პოეზია და ლექსებს თავადაც წერდა) მის ადრეულ რომანებში პოეტურ პროზად გარდაიქმნა.
„მარკესი ენის, ფრაზის დიდოსტატია. საერთოდაც, პოეზიის რიტმს მიჰყვება. მე პირადად ყველა თარგმანში ვეძებ მელოდიას და გამიხარდა, როდესაც ჩემმა შვილიშვილმა ინტერნეტში იპოვა წერილი, რომლის ავტორი თარგმანის მუსიკამ მოხიბლა. არ ვიცი, სხვა ენებზე როგორ ჟღერს, მაგრამ ის, რომ რიტმული ტექსტია და პოეზიის კანონებს მისდევს, მარკესიც აღიარებდა. მუშაობისას ზუსტად ვხვდებოდი, სად აკლდა სიტყვა. ისეთი სიტყვა უნდა ჩამესვა, აზრი არ შეეცვალა. ეს კი მთელი ფრაზის გადაკეთებას ითხოვდა – მთლიანობა ირღვეოდა, მახვილი სხვაგან გადადიოდა… უმძიმესი შრომაა. “ ამ შრომის შედეგია, რომ წლების შემდეგ, როდესაც საკუთარ თარგმანებს კითხულობს, არაფრის შეცვლა აღარ უნდება.
„ამას წინათ გამომცემლობა „სიესტამ“ ანა მარია მატუტეს ტრილოგიის გამოცემა გადაწყვიტა, რომლის ერთი წიგნი – „ჯარისკაცები ტირიან ღამით“ დიდი ხნის წინ, მარკესამდე ვთარგმნე ესპანურიდან. ვთხოვე, დაბეჭდვამდე ეჩვენებინათ. წავიკითხე და 40 წლის წინ ნათარგმნ ტექსტში არაფერი ჩამისწორებია. საკუთარი თავი შევაქე კიდეც (ეღიმება – ნ. კ.). მარკესთან უფრო რთულადაა საქმე – ხასიათი თუ არ დაიჭირე, არაფერი გამოგივა. უამრავი დეტალია, ენობრივი პორტრეტი: ზოგი ჟარგონით ლაპარაკობს, ზოგი სოფლურად უქცევს, ზოგი – დახვეწილია. ბევრი ვიშრომე, მაგრამ გამომცემლობაში მიტანის შემდეგ არაფრის შესწორება აღარ იყო საჭირო – მუშაობა დასრულდა.
„მერანში“ ვინც კი წაიკითხა ტექსტი, ყველა აღტაცებული დარჩა. მახსოვს, ნიკა აგიაშვილმა, რომელმაც „სერვანტესის ცხოვრება“ თარგმნა, თავისი წიგნი მაჩუქა. მაშინ კიდევ უფრო მოკრძალებული ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ნაწარმოები მქონდა ნათარგმნი, ბევრმა არ იცოდა ჩემი არსებობა. მარკესმა განსაკუთრებული სახელი მომიტანა, მაგრამ ამ ყველაფერს გავურბოდი – არ მომწონდა საჯაროობა“.
პატრიარქის შემოდგომა
„პატრიარქის შემოდგომა“ მარკესის კიდევ ერთი გამორჩეული რომანია, რომლის წერა 1968 წელს დაიწყო. ეგონა, სამ წელიწადში დაამთავრებდა, თუმცა მხოლოდ 1975 წელს გამოიცა. ამ ხნის განმავლობაში მწერალმა ტექსტი არაერთხელ გადააკეთა: წიგნი აბსოლუტური ძალაუფლების შესახებ იმაზე ბევრად უფრო რთული სამუშაო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა.
დიქტატურის თემა მარკესს კარგა ხანია აღელვებდა – ჯერ კიდევ 1958 წლიდან, როდესაც ჟურნალისტად მუშაობისას ვენესუელაში პრეზიდენტ პერეს ხიმენესის დამხობის მოწმე გახდა. როგორც ჩანს, ეს საკითხი მის თანამოკალმეებსაც აწუხებდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა აღწერს 1960-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა მწერლების შეხვედრას ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც გაჩნდა იდეა, დაეწერათ თითო მოთხრობა „თავიანთი“ დიქტატორის შესახებ, შემდეგ კი ეს ყველაფერი წიგნად შეეკრათ: „ფუენტესი სანტა ანაზე დაწერდა, გარსია მარკესი როხას პინილას შესახებ; ჩემი დიქტატორი იყო სანჩეს სერო ან შესაძლოა, ოდრია; როა ბასტოსის „გმირი“ – დოქტორი ფრანსია, კარპენტიერის – ბატისტა და ა.შ.“ – იხსენებს ლიოსა მოგვიანებით.
ლაპარაკია 1967 წელს კარაკასში გამართულ კონფერენციაზე, სადაც ახალგაზრდა მწერლები, რომელთაც 1960-70 წლებში ლათინოამერიკული ლიტერატურის აღმავლობას ჩაუყარეს საფუძველი (ე.წ. „ლათინოამერიკული ბუმი“), შეთანხმდნენ, რომ არქეტიპული ლათინოამერიკელი დიქტატორის შესახებ დაწერდნენ რომანს. საბოლოოდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა, თუმცა ერთგვარი ბიძგი მისცა დიდ წიგნებს, მათ შორის, აუგუსტო როა ბასტოსის, ალეხო კარპენტიერის, მარიო ვარგას ლიოსას, კარლოს ფუენტესის და, რა თქმა უნდა, გაბრიელ გარსია მარკესის ტექსტებს დიქტატურაზე. „პატრიარქის შემოდგომა“ თავისი სიღრმით და მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა.
მიუხედავად ამისა, პუბლიკამ ნაწარმოები ერთგვარი სიფრთხილით მიიღო – მარკესის ახალი ქმნილება „მარტოობის ასი წელიწადისაგან“ სრულიად განსხვავდებოდა. თუმცა ცხადი იყო, საეტაპო ტექსტი შეიქმნა: მრავალშრიანი და ამასთან, შემზარავი, რომელიც თავს უყრიდა დიქტატურის თანამდევ ყველა შესაძლო კოშმარს.
ქართულ თარგმანს, ცოტა არ იყოს, დააგვიანდა – წიგნად აკინძული მხოლოდ 2006-ში იხილა მკითხველმა ( „სიესტას“ გამოცემა), თუმცა ნაწყვეტები „ლიტერატურულ საქართველოში,“ „საუნჯესა“ და „განთიადში“ 2004 წელს იბეჭდებოდა. 2007 წელს საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში პრემია „გალა“ დაიმსახურა. 2021-ში ხელმეორედ გამოსცა „ინტელექტმა“.
„დედნის ქსეროასლი ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა – მისი თარგმნა ძალიან მინდოდა. თავიდანვე ესპანურად წავიკითხე და იქ მოთხრობილმა ამბებმა შემაძრწუნა. სხვათა შორის, „მარტოობის ასი წელიწადი“ ყოველთვის უფრო პოპულარული რომანი იყო. სულ ცდილობდნენ მის გამოცემას, „პატრიარქის შემოდგომა“ კი უყურადღებოდ რჩებოდა. არადა, უძლიერესი ტექსტია, პირველ რიგში, მხატვრულობის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი არ არის, სასვენი ნიშნებიდან მხოლოდ წერტილი და მძიმე გვხვდება, გვერდები გადაჭედილია – სული გეხუთება… იმდენი პერსონაჟია, ჯერ მარტო გენერლები, ელჩები; ერთმანეთზე დამთრგუნველი ამბები და ისტორია…
გასული საუკუნის 40-იანი წლების ესპანურენოვან ლიტერატურაში ძალუმად მოიკიდა ფეხი ტრემენდიზმმა, რაც სასტიკი რეალობის ნატურალისტურად გადმოცემას გულისხმობს. „პატრიარქის შემოდგომაც“ სასტიკი რომანია, მაგრამ რანაირად წერს?! აქ ხომ ისტორიული მოვლენებია ასახული, ხომ ნამდვილად არსებობდნენ ეს საშინელი პრეზიდენტები, ტირანები?! სწორედ მათზე მოგვითხრობს მარკესი, თუმცა ამ ყველაფერს დოკუმენტურად, ფოტოგრაფის სიზუსტით კი არ აღწერს, მხატვრულ მოდელებს ქმნის. „პატრიარქის შემოდგომაში“ ის მართლაც დიდოსტატია.“
ზემოთაღნიშნული სიმძიმისა და სისასტიკის მიუხედავად, წიგნი მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. უპირველესად, იმ მხატვრული ხერხებისა და ოსტატობის წყალობით, რითაც ავტორი დიქტატურის შემზარაობაზე გვიყვება.
„ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს, როგორ განაზოგადა დიქტატურა და ნამდვილი ამბები, მოვლენები მხატვრულ–ლიტერატურულად გადააქცია; მთავარ გმირში რამდენიმე პრეზიდენტი, რამდენიმე სახე გაერთიანდა. ამიტომაც ის ხან კარეტით დადის, ხან ლიმუზინით, ხანაც რუბენ დარიოს ლექსები ხიბლავს.“
ზოგადად, შემზარავი ნატურაა პრეზიდენტი, რომლის იგუანასებრი მზერა ირგვლივ მყოფთ თავზარს სცემს. მარკესს მეგობარმა მწერალმა, მარიო ბენედეტიმ უსაყვედურა კიდეც: მერჩია, ამ კაცს ჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონოდა, დაგეხატა ლიოსას ტრუხილიოს მსგავსი პერსონა, რომელიც მხოლოდ შინაგანად იქნებოდა ცხოველი. აქ კი გარეგნულადაც და შინაგანადაც მონსტრს ვხედავთო. მართლაც, საშინელებაა ორას ოცდათორმეტი წლის დიქტატორის დანახვა, რომელიც სასახლეში სპილოსავით დადის და ყველაფერს აზანზარებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ეს ამბები მასზეც მოქმედებდა – ბევრი სხვა მთარგმნელის მსგავსად, იმ პერიოდში პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობდა. „თუ „მარტოობის ასი წელიწადის“ ოთხი წელი მაკონდოში გავატარე, „პატრიარქის შემოდგომაზე“ მუშაობისას სულ მის სასახლეში, დედამისის ჩიტებთან ერთად ვიყავი. გახსოვთ მონაკვეთი, როდესაც ბანკეტზე გენერლის შემწვარ სხეულს შემოატანინებს? კინაღამ გამანადგურა ამ სცენამ.“
მსგავსი სცენები რომანში მრავლადაა. რეალურად, დიქტატორთა მთელი ცხოვრება ერთი ამაზრზენი სცენა თუ სცენარია, შემადგენელი პატარ-პატარა ეპიზოდებით, რომლებიც მარკესთან მთავარი გმირის უკეთ წარმოჩენას ემსახურება. მოვლენები დამკვირვებლის პოზიციიდანაა დანახული და მათი მიზანი ნაკლებადაა მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა. ავტორისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, პრეზიდენტისადმი რისხვა აღძრას. ამიტომაცაა, რომ კუნძულზე გადასახლებული და შემდეგ გემით ჩაძირული ბავშვების ამბის კითხვისას მათ ბედს კი განიცდი, მაგრამ უფრო ერთპიროვნული მმართველობის საშინელებაზე გეფიქრება. დიქტატორთა ადგილი მათსავე ქვეყანაში, ჩვეულებრივ მოქალაქეთა გვერდით არ არის. ამიტომაც აღმოჩნდებიან მარკესთან ერთ კუნძულზე, სხვა ყოფილი პრეზიდენტების გარემოცვაში, რომელთა წარმოდგენაშიც ეს კუნძული დროებითი თავშესაფარია. „ყოფილები“ ბოლო წუთებამდე სამშობლოში დიდებით დაბრუნებას ელიან და ეს ილუზორული განწყობა განსაზღვრავს მთელ მათ დარჩენილ ცხოვრებას.
„პატრიარქის შემოდგომის“ სტილი სრულიად განსხვავდება „მარტოობის ასი წელიწადის“ სტილისაგან. როგორც მარკესი ამბობს, უნდოდა დაეწერა წიგნი, რომელიც „მარტოობაზე“ ბევრად უკეთესი იქნებოდა. კრიტიკამ ძალიან კარგად მიიღო რომანი, თუმცა მკითხველის დიდი ნაწილი ბუენდიების საგის ერთგული დარჩა. როგორც კრიტიკოსები წერენ, „მარტოობის ასი წელიწადი“ ფართო მკითხველზე გათვლილი ტექსტია, „პატრიარქის შემოდგომა“ – უფრო ინტელექტუალებს ხიბლავთ, თუმცა ეს დაყოფაც, როგორც ბევრი რამ ლიტერატურაში, პირობითია. სინამდვილეში, სულაც არ არის გადამწყვეტი, ვის რა მოსწონს და რომელ რომანს მეტი მკითხველი ჰყავს. ამ შემთხვევაში ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარკესი, როგორც ავტორი, ახერხებს სტილისტურ-ჟანრობრივად ორი სხვადასხვა, გამორჩეული ოპუსი შექმნას. თუმცა არის მესამე, ამ ორისგან სრულიად განსხვავებული ტექსტი, სადაც მწერალი პუბლიკის წინაშე სხვა რაკურსით წარდგება. ეს არის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.“
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“
ნაწარმოები 1981 წელს დაიწერა და ქართულად 10 წლის შემდეგ ითარგმნა. წიგნი მოგვითხრობს საზოგადოებაზე, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მთავარი გმირი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობისგან ეხსნა.
რომანს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, რომელზეც სხვა ავტორს შესაძლოა, დანაშაულის ბანალური ისტორია დაეწერა. მარკესი კი შეეცადა, ერთი შეხედვით, დეტექტიური სიუჟეტი ფსიქოლოგიურ წიაღსვლებად გარდაექმნა და მკითხველისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება გულგრილობამ და სეირის მაყურებელი ბრბოს ფენომენმა სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი დააჩქაროს.
„მრავალმხრივი ტექსტია: მხატვრული, სოციალური, ფსიქოლოგიური. ერთგვარი ჟურნალისტური გამოძიებაა, როგორც ადრე ვუწოდებდით. 30 წლის შემდეგ ამ კაცმა გადაწყვიტა გაეგო, ბოლოს და ბოლოს, რატომ მოკლეს სანტიაგო ნაზარი. წიგნი ჩემთვის ჰუმანიზმის აპოთეოზია, მოწოდება ძალადობის წინააღმდეგ – თითოეული ადამიანისადმი.
ამ ყველაფერს ასცდებოდნენ, მეტი ინტერესი რომ გამოეჩინათ და მთავარი გმირი გაეფრთხილებინათ, მაგრამ რა ქნა ხალხმა? მკვლელობის ადგილისკენ გარბოდნენ და ადგილებს იკავებდნენ სეირის სანახავად. ერთი რამ მაინც საოცარია – ნაწარმოები სიკვდილის ქრონიკაა და სიცოცხლეზე წერს.“
ტექსტს ხშირად „წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად“ მოიხსენიებენ, თუმცა მარკესმა „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ უწოდა. ეს სიტყვა თითქოს თავისით მოდის: გინდა, „წინასწარ“ თქვა, რადგან იცი, რაც მოხდება.
„სტილიც სხვანაირია – დაწურული, შეკუმშული, განსხვავებული; ამბავს ყოველთვის ბოლოდან იწყებს. რომ გგონია, ყველაფერი იცი, პირველივე აბზაციდან გითრევს და უკანასკნელ ფრაზამდე აღარ გეხსნება. მერე რა, რომ მოკლეს სანტიაგო ნაზარი – მთავარია, როგორ მოკლეს! აურელიანოსაც ხომ დასაწყისშივე ხვრეტენ?! „პატრიარქის შემოდგომაშიც“ ასეა – თავიდანვე მკვდარია და სასახლეში ხალიჩებზე ძროხები დადიან. დასასრულიდან იწყებს თხრობას და ბოლომდე ახერხებს მკითხველის „აყვანას“. ერთგვარი გამოწვევაა საკუთარი თავისა და ლიტერატურისადმი – თითქოს სურს დაამტკიცოს, რომ ლიტერატურა თხრობის ხელოვნებაა და არა მხოლოდ ამბავი.“
მარკესამდელი ამბები
მარკესამდე იყო ფრანგული ენა და ლიტერატურა. თავიდან უნივერსიტეტში სწავლას ამ მიმართულებით შეუდგა, თუმცა მალევე ესპანურის ახალგახსნილ ჯგუფში გადავიდა. მესამე კურსზე ლექსიკონებით, ალღოთი და კიდევ რაღაც გზებით სესარ არკონადას „მადრიდის ღამე“ გადმოაქართულა, ერთობ პოლიტიკური მოთხრობა. ეს გახლდათ მოსკოვში მცხოვრები ესპანელი მწერალი, რომელიც ფრანკოს რეჟიმს გამოექცა. „ლიტერატურნაია გაზეტაში“ რუსულად წაიკითხა, ორიგინალი გამოაგზავნინა, თარგმნა და „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში მიიტანა. იმ პერიოდში ძირითადად გერმანულ-ინგლისურ-ფრანგულიდან თარგმნიდნენ და აღფრთოვანებულმა რედაქტორმა ეს ტექსტი სასწრაფოდ დაბეჭდა. წარმატება მეორე დღესვე მოვიდა: ინსტიტუტში რექტორიდან – დამლაგებლამდე, ყველა მას ეძებდა.
მოგვიანებით, პედაგოგის რჩევით, ესპანელი მწერლის, ხუან ვალერას „პეპიტა ხიმენესზე“ დაიწყო მუშაობა. დაიწყო და გაჩერდა – ენამ შეაფერხა. „სხვანაირად წერდა ხუან ვალერა – მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი სტილით და ენით. რაღაც ძველი მეცა ყურში, რომელიც კარგად არ მესმოდა. არადა, მთავარი ამ სიძველის შენარჩუნებაა. ეგ შინაარსი, ხასიათი თუ ვერ გაიგე, არაფერი გამოგივა. მივხვდი, ჯერ არ იყო ამ ტექსტის დრო და გადავდე. მოგვიანებით სულ სხვანაირად ჩავუჯექი. იდიომებიც უკეთ ვიცოდი და ბევრი რამ, რაც მანამდე გაუგებარი იყო, თითქოს განათდა“.
„პეპიტა ხიმენესი“ პირველი მცდელობიდან 10 წლის შემდეგ თარგმნა. ამბობს, რომ გამორჩეულად უყვარს ეს წიგნი. ის და „პატრიარქის შემოდგომა.“
მოგზაურობა ტექსტის პერსონაჟებთან
თუ ლიტერატურა თხრობის ხელოვნებაა, თარგმანი – მთხრობლის ნაფიქრ-ნააზრევში შეღწევისა და მისი ნაწერის გასიგრძეგანების საშუალება ჰგონია. მთარგმნელიც ისეთივე შემოქმედია, როგორც მწერალი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ავტორისა და მკითხველის წინაშე. სად მთავრდება ავტორი და იწყება მთარგმნელი, ბევრისთვის გამოცანად რჩება, მისთვის კი საინტერესო თავგადასავალია, რომელშიც ტექსტის პერსონაჟებთან ერთად მიემგზავრება. მოგზაურობისას სხვა ენაში გადასული წიგნის გმირები საკუთართან ერთად, ამ ენის ელფერსაც იძენენ, მთარგმნელის თარგს ერგებიან.
„მარტოობის ასი წელიწადის“ დასაწყისში მელკიადესს, რომლის პორტრეტსაც აღწერს, დიდი შავი სომბრერო ახურავს. ისე ცხადად დავინახე ეს სცენა. მინდოდა, ორიგინალის განწყობა რაც შეიძლება ზუსტად გადმომეცა და დავწერე: „თითქოს ეხურა ფართოფარფლიანი დიდი შავი ქუდი, რომელიც გასაფრენად ფრთებგაშლილ ყვავს უფრო ჰგავდა“. მგონი, გამომივიდა.“
კიდევ ერთ ეპიზოდში დიდი ხნის უნახავი ხოსე არკადიო და მელკიადესი დასხდნენ და რაღაცას იხსენებენ. თავიანთ მოგონებებს მტვერი გადაწმინდესო – ქართულად „ამბობს“ მარკესი. ასეთი დეტალები ქმნის კარგ თარგმანს და მთარგმნელის პროფესიონალიზმსაც განსაზღვრავს. შეიძლება თუ არა ამის სწავლა?
„არა, ეს ნიჭია – შემოქმედი ხარ. როგორც ლექსის წერას ვერ ასწავლი ადამიანს, ისე ვერ ასწავლი თარგმნასაც. ძალიან რთული საქმეა – მხოლოდ ენის (მათ შორის, მშობლიურისაც) კარგად ცოდნა არ კმარა. საჭიროა სხვა ალღო, მთარგმნელის ალღოს რომ ეძახიან. მე მაგალითად, „ქალბატონ პეპიტას“ არ ვიტყვი. რაღაც უცხოური უნდა ახლდეს: სენიორა, სენიორიტა – რათა იგრძნო ორიგინალის სუნთქვა. ტექსტში ყოველთვის ვტოვებ „პატიოს“, ოღონდ სქოლიოში მივუთითებ, რომ ესპანეთში კერძო ეზოიანი სახლებისთვის დამახასიათებელი შიდა ეზოებია. ბევრ რამეს ვტოვებ. მნიშვნელოვანია, უცხო გარემო იყოს. ჩანდეს, რომ ამბავი მე-19 საუკუნის ესპანეთში მოხდა. ყველას არ გამოუვა – ამ საქმისთვის უნდა დაიბადო. დალი ფანჯიკიძეს აქვს კარგი წერილი, სადაც ამბობს, რომ თარგმანი შემოქმედებაა. რამდენჯერ უშედეგოდ მიმუშავია ფრაზაზე, დამინებებია თავი და მეორე ან მესამე დღეს ამომტივტივებია გონებაში საჭირო სიტყვა. ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ მთლიანად ჩავერთვები ხოლმე, ისე მიყვარს!“
ამ „ჩართვას“ სხვადასხვა დრო სჭირდება – წიგნს და მთარგმნელს გააჩნია: ზოგიერთზე დიდხანს უწევს ფიქრი, ზოგი შედარებით იოლად მოჰყვება. მთავარია, ზუსტად იგრძნოს იმ ეპოქის სუნთქვა და სტილი, რომელსაც მწერალი ეხება. „თანამედროვე ავტორთან რუსთაველი რომ გაგახსენდება და „მორჭმულს“ დაწერ, რა თქმა უნდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იქნება. თქვი: „ძლევამოსილი, გამარჯვებული, ბედნიერი“… 21-ე საუკუნეა. ეს იგივეა, ჰემინგუეის თარგმნისას გამოიყენო „მუნ“ და „გარნა“. ამ სიტყვების წინააღმდეგი კი არ ვარ, უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. სწორედ ეგ არის მთარგმნელის ნიჭი – საუკეთესოდ მოარგო ორიგინალს ფრაზა.“
60 წელიწადზე მეტია თარგმნის და მსგავს გადაცდომებს, კალკებს, ბარბარიზმებს საგულდაგულოდ იწერს და ინახავს: ყველას შეიძლება შეცდომა გაეპაროს, დაზღვეული არავინაა.
„ვახტანგ ჭელიძემ, გამორჩეულმა მთარგმნელმა და პიროვნებამ, სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ თარგმნა, რომლის რედაქტორი მე ვიყავი. კითხვისას რამდენიმე ადგილი არ მომეწონა. ერთგან იყო: „შემოვიდა კაცი გაბრაზებული სახით, დაჯდა“ და ა.შ. მაშინვე ვიფიქრე, „გაბრაზებული სახით“ ვერ დაჯდებოდა. უნდა ყოფილიყო -„გაბრაზებული,“ ან თუ უფრო გაშლი – „სახეზე სიბრაზე ეტყობოდა.“ რასაკვირველია, ვუთხარი და დამეთანხმა.“
მსგავსი ეპიზოდები მრავლად ახსოვს გამომცემლობებში მუშაობის პერიოდიდან. ყველაზე მეტი – 24 წელი „საუნჯეში“ გაატარა: პროზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ელზა იწონებს და ელზა იწუნებსო – ხუმრობდნენ რედაქციაში. კონსტანტინე ლორთქიფანიძე იყო მისი პირველი გზის გამკვალავი – მან მიიყვანა „ცისკარში“. თავადაც მძივივით აწყობილი ქართული ჰქონდა. ბევრი რამ ასწავლა: რედაქტორები ხართ, იცით, რამდენი შეგიძლიათო?! – ამხნევებდა ახალგაზრდებს.
იმ თაობის მწერლებს და მთარგმნელებს ენასთან სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ. საქმესაც ზღვარგადასული თავდადებით ეპყრობოდნენ. „ერთხელ მუშაობისას ჩამთვლიმა და სკამიდან გადმოვვარდი. მხარი სულ ჩალურჯებული მქონდა. თავგანწირვა სჭირდება თარგმანს, სხვანაირად არ გამოდის“.
თავგანწირვაა ისიც, რომ არ ჩერდება და ახალ ავტორებს ეძებს. თუმცა, მეორე მხრივ, თარგმანი მისთვის ჟანგბადია, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს.
„ამ საქმის გარეშე არ შემიძლია. თუ ისე მოხდა, რომ სათარგმნი არ მაქვს, ვეძებ. ახლა პარაგვაელი მწერლის, აუგუსტო როა ბასტოსის რომანს ვუტრიალებ, რომელსაც „მე, უმაღლესი ხელისუფალი“ ჰქვია. მარკესის და ლიოსას მსგავსად, წამყვანი აქაც სამხრეთ ამერიკის ტირანი პრეზიდენტების თემაა. ლიტერატორები მიიჩნევენ, რომ ეს ტექსტი არაფრით ჩამოუვარდება „პატრიარქის შემოდგომას.“ სქელტანიანი წიგნია და ძალიან მინდა ვთარგმნო. თუ მოვასწარი, რასაკვირველია.“
უნდა მოასწროს, რადგან მკითხველს მისი ნიჭი და გამოცდილება სჭირდება. თუმცა, რამდენი ავტორიც უნდა თარგმნოს, ჩვენთვის კვლავაც მარკესის მთარგმნელად დარჩება, გამორჩეულად კი – „მარტოობის ასი წელიწადის,“ რომელსაც უწინდელივით ხშირად არა, მაგრამ ხანდახან მაინც უბრუნდება.
„რომანში არის ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, პოლკოვნიკი ხერინელდო მარკესი, რომლის პროტოტიპი მწერლის ბაბუაა. ერთად გაიზარდნენ მაკონდოში ის და აურელიანო ბუენდია. აურელიანო ომშია, საველე კარავში, ხერინელდო ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა და მაკონდოში გაგზავნეს განსაკურნებლად. ერთხელაც აურელიანო ურეკავს 20-იანი წლების ტელეფონით, აი ისეთით, ერთი მხარე ხელში რომ გიჭირავს და მეორე – ყურთან. ურეკავს და უყვება, როგორი მძიმე ბრძოლებია, რა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რამდენი კაცი მოკლა. ეს კი, ხერინელდო, აქედან პასუხობს: აურელიანო, მაკონდოში წვიმს… თითქოს ეუბნება, რა დროს ბრძოლაა, მაკონდოში ჩამოდიო. ვფიქრობ, ამ პატარა ფრაზაში იმალება ნაწარმოების არსი: მოვეშვათ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას, დავტკბეთ თითოეული წამით.“
© არილი