ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

გოგა გუგავა – სხეული, როგორც იდენტობის ნაწილი და ცეკვა, როგორც პროტესტის გამოხატვის საშუალება

,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის კვლევის ბათუმის სეზონური სკოლა” დაარსდა 2022 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე. პროექტი არის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ მოწვეული პროფესორები, რომლებიც კონკურსის წესით შეარჩიეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

პროექტის მხარდაჭერი და პარტნიორი იყო არილი, რომელმაც ფულადი ჯილდო დააწერა გამარჯვებულისთვის.

არილი აქვეყნებს სკოლის ფინალური ღონისძიების – ესეების კონკურსის გამარჯვებულ ტექსტს.

სხეული, როგორც იდენტობის ნაწილი

ადამიანის სხეულს არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სოციალური ფუნქციებიც აქვს. სოციალური სხეულით ადამიანები სამყაროს უკავშირდებიან. ვიტალისტური ბიოლოგიის აღმოცენებამდე  მატერიის მატარებლად მოიაზრებოდა „სხეული“, რომელიც პროფანული სიცარიელე იყო.  თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, სხეული არ არის უბრალო ჭურჭელი, რომელიც შეიცავს ჭეშმარიტ მეს, იგი მისი შემადგენელი ნაწილია. ეს საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა კუთხით არის შესწავლილი. როგორ ამოიცნობენ ადამიანები ერთმანეთს? რა თვისებებია უნიკალური თითოეული ადამიანისთვის? და როგორ აყალიბებს ბიოლოგიური სხეული ადამიანის სოციალურ სხეულს და პირიქით? რებეკა გოულენდი და ტიმ ტომპსონი თავიანთ ნაშრომში “Human Identity and Identification” იკვლევენ ამ და სხვა საკითხებს და განიხილავენ ადამიანების ბიოლოგიური და სოციალური იდენტობის ჩამოყალიბების პროცესს.

გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფუნქცია/ნიშანი, რომლებიც სხეულს აქვს მხატვრულ ტექსტებში:

  1. აღწერა: ავტორები ხშირად მიმართავენ ნათელ და სენსორულ აღწერილობებს პერსონაჟების ფიზიკურობის გასაცოცხლებლად. გარეგნობის, ჟესტების, მოძრაობებისა და სხეულის შეგრძნებების დეტალური გამოსახვის საშუალებით მკითხველს შეუძლია, შექმნას პერსონაჟების გონებრივი სურათი და უფრო ღრმად ჩაერთოს თხრობაში.
  2.  სიმბოლურობა: სხეული ლიტერატურაში შეიძლება იყოს ძლიერი სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა თემასა და იდეას. ეს შეიძლება იყოს სილამაზის, დაუცველობის, სიძლიერის, მოკვდინების ან თუნდაც საზოგადოების ნორმებისა და მოლოდინების სიმბოლო. სხეულის სიმბოლურ გამოსახულებებს შეუძლია, ლიტერატურულ ნაწარმოებს სიღრმე და მნიშვნელობა შესძინოს.
  3. იდენტობის შესწავლა: ლიტერატურა ხშირად იკვლევს ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტობის არაერთგვაროვნებას და სხეული მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ კვლევაში. ავტორები შეიძლება იკვლევდნენ სქესის, რასის, სექსუალობის ან ფიზიკური შესაძლებლობების საკითხებს.  ამ კვლევისას კი პერსონაჟების სხეულები ხშირად იქცევა საკუთარი თავის აღმოჩენის, თვითგამოხატვის ან საზოგადოებრივი შეზღუდვების დაძლევის საშუალებად. ავტორებმა, შესაძლოა, გამოიყენონ სხეული, როგორც ინსტრუმენტი კუთვნილებისა  და იდენტობის კონსტრუირების საკითხების კვლევისას.
  4. სუბვერსია და დანაშაული: ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოები ეჭვქვეშ აყენებს სხეულისა და მისი შეზღუდვების შესახებ შექმნილ ჩვეულებრივ წარმოდგენებს. ავტორებმა შეიძლება განზრახ დაარღვიონ საზოგადოების ნორმები არატრადიციული სხეულების გამოსახვით ან ფიზიკური სამყაროს გამოცდილების ალტერნატიული გზების გამოკვლევით. ასეთ ნამუშევრებს შეუძლიათ დაუპირისპირდნენ მკითხველის წინასწარგანწყობას და შეცვალონ სხეულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება.
  5. მეტაფორული გამოკვლევა: სხეული შეიძლება იყოს მეტაფორების მდიდარი წყარო ლიტერატურაში. მწერლები ხშირად იყენებენ სხეულებრივ მეტაფორებს აბსტრაქტული ცნებების გადმოსაცემად ან სენსორული გამოცდილების გამოსაწვევად. სხეულის მეტაფორული წარმოდგენები გვთავაზობენ განსხვავებულ პერსპექტივებს, უსვამენ ხაზს კონტრასტებს და ქმნიან თვითმყოფად გამოსახულებებს.

იდენტობის ზემოთ აღნიშნული მარკერები კარგად იკვეთება ქართულ მოდერნისტულ ლიტერატურაში. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ პროზაში ვხვდებით როგორც სხეულის გაუცხოების, ისე სხეულის გაქრობის მოტივებს. ამ ტიპის ტექსტებში კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს სხეულს ადამიანის იდენტიფიკაციის პროცესში. ამის საილუსტრაციოდ, მინდა, რამდენიმე მოთხრობაზე ვისაუბრო. დავიწყოთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობით “ყბაჩამ დაიგვიანა”. ამ ტექსტის მთავარი გმირი უსინათლო თინაა, რომელიც მამასთან ერთად სოფელში ცხოვრობს. მან მოწიფულობის ასაკს ისე მიაღწია, რომ თავისი თავის შესახებ თითქმის არაფერი იცის. ის ვერ აკვირდება თავის თავს გარე დამკვირვებლის პოზიციიდან, ამიტომ უჭირს საკუთარი იდენტობის განსაზღვრა. თინას უჩნდება სხეულებრივი მოთხოვნილებები და თავის შეცნობას იწყებს სხვების დახმარებით. ჟაკ ლაკანის თეორიით, საკუთარი თავის შეცნობის პროცესი “სარკის სტადიით” იწყება. თინას კი სარკეში ჩახედვა არ შეუძლია, ამიტომ იგი მამას სთხოვს მისი ყველა ნაკვთის დეტალურად აღწერას. მამის შემოსვლა იდენტიფიკაციის პროცესში უკვე არღვევს მის მიმდინარეობას. ეს იგივეა, თინასა და სარკეს შორის კიდევ ერთი სარკე რომ ჩაიდგას.  სარკის ხატებით მეს აღმქმელ ფუნქციას ლაკანი თავის თეორიაში მტრედების მდგომარეობას ადარებს. მტრედები საკუთარი ჯირკვლების მომწიფებას მათივე სახეობის მტრედებზე დაკვირვებით ხვდებიან, ისინი მათთვის სარკის ფუნქციას ასრულებენ. მსგავსია ადამიანის შემთხვევაც: მეს ხატება სარკეში ჩანს, როგორც მთლიანი და სხეულის აღქმით იწყება ინდივიდუალიზაციის პროცესი. თინას მთელი ბავშვობა თავისი ტოლ-ამხანაგი ყბაჩა უყვარდა, თუმცა მოთხრობის განვითარების ეტაპზე, როცა ყბაჩა დროებით სხვაგან გადადის საცხოვრებლად, თინას სექსუალური სახის ურთიერთობა აქვს მასზე გაცილებით უფროს, ფეხებდამტვრეულ და სახედამწვარ სოლოსთან და აპირებს რომ ცოლადაც მას გაჰყვეს. მისი ურთიერთობა სოლოსთან, ერთი შეხედვით, სიყვარულს ჰგავს, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ეს ურთიერთობა ისევ და ისევ საკუთარი თავის იდენტიფიკაციის კიდევ ერთი საშუალებაა, ამ შემთხვევაში იდენტიფიკაცია სხეულის დახმარებით ხდება. პირველი სექსუალური გამოცდილება იმ მომენტში, როცა თინას ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ქმნის სიყვარულის ილუზიას, რაც კარგად ჩანს მოთხრობის ბოლოს, როცა თინას ოპერაციას უკეთებენ და თვალის ჩინს უბრუნებენ. უკვე თვალხილული თინა აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში სულ სხვა ადამიანი ჰყვარებია და სხეულმა ის სასტიკად მოატყუა. თვალის ახელის შემდეგ თინა სარკეში პირველად ხედავს თავის თავს, თუმცა უკვე გვიანია და მას თავისივე სხეულის მიმართ უჩნდება პროტესტი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ, არის სხეულის გაქრობის მოტივი. ქრისტინა ფონ ბრაუნის აზრით, მე-19 საუკუნეში ისტერია იყო ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც ქალის არსებობას, როგორც სქესით განსხვავებულისას, ჯერ კიდევ ასახავდა. თუმცა, რომანტიზმმა, დეკადანსმა და ესთეტიზმმა დაამკვიდრა ხელოვანის ახალი ტიპი – ხელოვანი მამაკაცის, რომელიც ქალის მსგავსად განიცდიდა ისტერიას. ამ უკანასკნელმა ქალურ ისტერიას უბიძგა ტრანსფორმაციისაკენ და მე-20 საუკუნეში ქალის სხეული უკვე გაქრობისკენ მიდრეკილი გახდა. შესაბამისად, ანორექსია აღქმულია ისტერიის განახლებულ ფორმად. იქ, სადაც რეალობა არაფერია, გარდა ხორცადქცეული ლოგოსისა, მატერიალიზებული იდეოლოგიისა, ანორექსია აღარ არის ცხოვრების მტერი, არამედ  – უკანასკნელი თავშესაფარია სრულიად გამქრალი ცხოვრებისა. [1]

ჟან პოლ სარტრსა და სიმონ დე ბოვუარს სხეულთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრება ჰქონდათ: “სხეული  მუნჯი ფაქტია, რომელიც მნიშვნელობას  ცნობიერებით იძენს”. სწორედაც რომ ფაქტების კრებულია ადამიანის სხეული. სხეულზე, როგორც დაფაზე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცარცით არ იწერება. ეს ინფორმაცია მხოლოდ მინის ნატეხებით შეიძლება ამოიკაწროს, ამ ნაკაწრის წაშლა კი საშლელით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სხეული ვერასოდეს დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას და ვერასოდეს იქნება “ტაბულა რასა”.

ლეო ქიაჩელის მოთხრობაში “თავადის ქალი მაია” ვხვდებით ქონებაჩამორთმეულ, ხალხისგან მარგინალიზებულ და ყველაფრისგან გადაღლილ მთავარ გმირს, რომელიც  ცდილობს, საკუთარ ისტორიას გაექცეს, თუმცა ამის საშუალებას მას თავისივე სხეული არ აძლევს. მოთხრობის დასაწყისიდანვე ჩანს, რომ მაიას უკვე მოფიქრებული აქვს სამყაროსგან თავის დაღწევის გეგმა. იგი მიემართება ზღვისკენ, რომელიც, ძირითადად, თავგადასავლების დაწყების სივრცეა, თუმცა ქიაჩელის შემოქმედებაში მას, როგორც წესი, საპირისპირო დატვირთვა აქვს ხოლმე.

მოთხრობის ბოლოს ზღვაში შესულ მაიას თავისი მსახური ნაპირიდან გასძახის:

– ქალბატონო, ძალიან შორს მიდიხარ, ზღვის სიღრმე აქ საშიშია. გნებავს, დავბრუნდეთ?

– მეც სიღრმეს ვეძებ, დაფინო! ზღვის სიღრმეს, რომელსაც შეუძლია ისე დამმალოს, ისე დამფაროს… რომ ეს ჩემი ტანი…

ამ სამ წერტილში ყველაფერი ნათლად იკითხება. მაიას სურს, თავისი ტანი გააქროს ამ სამყაროდან. ზღვა კი ამის უბადლო ოსტატია. თუ მაია მოახერხებს სხეულის გაქრობას და პროტესტის ამ რადიკალურ ფორმას “ხორცს შეასხამს”, იგი დროითი ხაზიდანაც გაქრება და მოხვდება წარსულთა სამყაროში, რომელშიც დედამიწაზე ოდესღაც მცხოვრები ადამიანები უკვე დაივიწყეს.

ცეკვა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება

სხეული მჭიდროდ არის დაკავშირებული ემოციებთან და გამოცდილებასთან,  ლიტერატურა კი ხშირად ასახავს ამ კავშირს. ფიზიკურ შეგრძნებებსა და სხეულებრივ რეაქციებს შეუძლია პერსონაჟის შინაგანი ემოციური მდგომარეობის გადმოცემა, რაც გავლენას ახდენს ადამიანის აზრებსა და გრძნობებზე. იმის გამოკვლევით, თუ როგორ რეაგირებს სხეული სიხარულზე, ტკივილზე, სურვილზე ან შიშზე, ავტორები ქმნიან უფრო სიღრმისეული კითხვის გამოცდილებას. ცეკვა, როგორც პროტესტის გამოხატვის საშუალება, სხეულის გარეშე შეუძლებელია. ადამიანები ცეკვის მეშვეობით ამცნობენ აუდიტორიას, ვინ არიან ისინი, როგორც პიროვნებები. ასევე, ცეკვის საშუალებით ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ისტორიას. მაგალითად, მოცეკვავეს, რომელმაც დაკარგა საყვარელი ადამიანი, შეუძლია, გამოიყენოს ცეკვა თავისი ემოციების გადმოსაცემად და ამ დანაკარგის შესახებ უსიტყვოდ მოგვიყვეს.

ცეკვა ხელოვნების უკიდურესად პერსონალური ფორმაა, რადგან ეს არის მოცეკვავისთვის თავისი ინდივიდუალობისა და ემოციების გამოხატვის საშუალება. ადამიანს აქვს არჩევანი, იცეკვოს თავისი თავისთვის ან სხვისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თვითონ მოცეკვავე, რომელიც ასრულებს ამ ცეკვას. ნანა ექვთიმიშვილის ფილმში “გრძელი ნათელი დღეები” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ეკა, თავის დაგროვილ ემოციებს და ბრაზს ერთ ცეკვაში ათავსებს. თავისი მეგობრის ქორწილში შესრულებული ცეკვით ეკა გამოხატავს პროტესტს, რომელიც ვერბალური კომუნიკაციით გადმოცემას უბრალოდ ვერ გაუძლებდა და პირდაპირ სიტყვების სასაფლაოზე ამოყოფდა თავს. ცეკვით გამოხატულ პროტესტს შეუძლია დაუპირისპირდეს საზოგადოებრივ ნორმებს, ძალაუფლებრივ სტრუქტურებსა და რეპრესიულ რეჟიმებს. მოძრაობის, რიტმისა და კრეატიულობის გამოყენებით მოცეკვავეები ეჭვქვეშ აყენებენ ავტორიტეტებს. ცეკვის პერფორმატიული ასპექტი საშუალებას იძლევა პროტესტი არავერბალური, ხორცშესხმული წინააღმდეგობის ფორმით გადმოიცეს.

ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობაში “თინას ლეკური” თავდადებული ბებია ცეკვით გამოხატავს წინააღმდეგობას. ცეკვა  მისი სხეულის ნაწილია და სხეულისვე მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი. გამოხატვის ეს ფორმა ირიბად ემსახურება სხვისი მომავლის გადარჩენის მისიას. მთავარი გმირი საკუთარი ფიზიკური სხეულის მოკვდინებით მომავალს ჩუქნის შვილიშვილებს. აქ თინას ცეკვა მოგვაგონებს “გედის უკანასკნელ სიმღერას”. გაბაშვილმა ზუსტად აღწერა ის ტრაგიკომედია, რომელიც გიორგობისთვის ერთ სუსხიან დღეს ვითარდება. პირმოკუმული თინა, თავისი ლეკურით, უპირისპირდება საზოგადოების ყიჟინას, ირონიას, ჟივილ-ხივილს და აგდებულ დამოკიდებულებას. თუ ექვთიმიშვილის კინოპერსონაჟი ეკა, თავისი, ერთი შეხედვით, გაუცხოებული მეგობრისკენ დგამს ნაბიჯს და პროტესტის ამ ფორმით თავის ემოციებსაც ათავისუფლებს და ლატენტურ სიძულვილსაც უჩვენებს გარშემო მყოფ საზოგადოებას, მისგან განსხვავებით, თინათინა წინასწარ “ვა-ბანკზე” მიდის და ფსონად თავის სხეულს ჩამოდის. იგი იჭერს წამს, ოღონდ ეს ჩვეულებრივი წამი როდია, ეს პითაგორას წამია, რომელშიც დრო გაყინულია და ერთი წამი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თინას ფსონი იმდენად დიდია, რომ მას ამ წამში მოხვედრის უფლება ეძლევა, ისიც იღებს ამ გამოწვევას და მთელი სიამოვნებით ეშვება  წამის უსასრულობაში. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ზემოხსენებული ორივე პერსონაჟის პროტესტი საკუთარი სხეულიდან იწყება და შემდეგ უკვე თავისთავად ხდებიან ისინი მიწისძვრის ეპიცენტრები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სხეული იმაზე უფრო მეტყველია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სხეულს აქვს თავისი ენა და მეხსიერება, რომელიც მიბმულია ადამიანის იდენტობაზე. სხეულის მიმართ გაუცხოება ან მისი გაქრობის სურვილი ჩნდება მას შემდეგ რაც ადამიანი ვერ ახერხებს თვითიდენტიფიკაციას. ამის საპირისპიროდ ადამიანი, რომელიც სამყაროში იდენტიფიცირდება თავისივე სხეულის დახმარებით, ამ სხეულს იყენებს, როგორც პროტესტის გამოხატვის მექანიზმს და მისი დახმარებით ახერხებს საკუთარი თავის სრულად გამოვლენას.


[1] სალომე პატარიძის გამოუქვეყნებელი სკრიპტი

© არილი

Facebook Comments Box