ესე

რა იგრძნობა პროტესტში? – ნუცა ბათიაშვილი, ნინო ჟღენტი, მარიამ კალანდაძე[1]

როდესაც გავიზარდე და ფეხებით სიარული ვისწავლე, (1-2 წლის ასაკიდან) დავიწყე დედაჩემთან ერთად აქციებზე სიარული. ჯერ მეგონა რომ აქციებზე სიარული დროის კარგვა იყო და უაზროდ დგომა იყო, მაგრამ მერე მივხვდი რომ თუ შენი ქვეყანა არ გიცავს, ქუჩაში უნდა გახვიდე და სხებსაც უნდა გაუზიარო შენი აზრი. შეიძლება ზოგმა გცემოს ამის გამო, მაგრამ ზოგი შემოგიერთდება და შემდეგ იმ ადამიანებს არ აცემინებ თავს ამდენი ადამიანი რომ იქნება შენს გვერდით;

ამიტომაც, მე და ბევრი სხვა გავაგრძელებთ აქციებზე წასვლას ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

12 წლის დუდუ, თბილისიდან. სკოლისთვის დაწერილი პრეზენტაციიდანრატომ დავდივარ აქციებზე?“

პროტესტი უძლურთა იარაღია. ვისაც ქვეყანა არ იცავს, მათთვის ქუჩაში დგომა ხანდახან ერთადერთ საშუალებად იქცევა ხოლმე, რომ ძალაუფლების პირისპირ მარტო არ დარჩნენ. თანამედროვეობაში, რამდენადაც საყოველთაოა ქუჩის პროტესტი, იმდენადვე არის მკვიდრი კულტურული რეპერტუარებით განპირობებული ის, თუ რა შინაარსებს, აფექტებსა და მოლოდინებს აჩენს ის ადამიანებში. ყველა კულტურაში, მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, პროტესტი თავისებურ სცენარებს, ლექსიკასა და სხეულებრივ აქტებს გულისხმობს; ყველგან სპეციფიკური მატერიალური ველი გააჩნია და ესთეტიკურ ჟანრებს აწარმოებს.

საქართველოში საპროტესტო აქციების კულტურაც და კულტიც, ამ ქვეყანაში გამართული პროტესტებისა და პოლიტიკური აქტების ისტორიულ ტრაექტორიას ეფუძნება. ამ ტრაექტორიაში ის სარკესავით ირეკლავს იმ შინაარსებს, რომლებითაც განისაზღვრა ქართველის პოლიტიკური ჩვევები და იდენტობა, როგორც პოსტ-საბჭოთა, ისე იმპერიულ კონტექსტებში. ეს პოლიტიკური აქტი, ისევე, როგორც ქართული ნაციონალური იდეა, ერთდროულად ილტვის მომავლისა და წარსულისკენ, განახლებისა და განმეორებისკენ, სიცოცხლისა და სიკვდილისკენ. 12 წლის დუდუსთვის ის ერთდროულად არის უაზრო დროის ფლანგვაცა და არსებობის ერთადერთი ფორმაც, რომელმაც ოდესმე დუდუ და დედამისი ამ ვალდებულებისგან შეიძლება იხსნას. ბევრი სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, საქართველოში პროტესტი თავის თავში გულისხმობს ზღვრულ პოლიტიკურ აქტს, ანუ ისეთ ქმედებას, რომელიც ზღვარზე – უფსკრულის პირას დგომისას იბადება. ამავე დროს, პროტესტი ზღვრულია იმიტომაც, რომ ის თითქმის ყოველთვის უხერხულად არის გაჩხირული უაზრობასა და საზრისში – რწმენაში, რომ რაღაც სხვა მოხდება და გათანგულობაში, რომ ჩვენ უსასრულოდ უნდა ვიმეოროთ ჩვენი დედების დათქმული პოლიტიკური ქმედებები. ეს რწმენაც და გათანგვაც არის, რაც თან სდევს პოლიტიკურ თვითგანცდას საქართველოში.

პროტესტზე ამ რეფლექსიაში არ დევს არანაირი მორალური იმპულსი. ის არც კრიტიკაა და არც განდიდება. ეს რემინისცენციაა – სოციოლოგიური, ანთროპოლოგიური და პროზაული – რომელიც თავად არის ნასაზრდოები აქციაზე დგომისას, უაზრობასა და საზრისს შორის გაჩხირული განცდებით.

სწორედ აქედან დავიწყებთ – განცდით – რადგან პროტესტს, ისევე როგორც პოლიტიკურს, არ გააჩნია შინაარსი განცდისა და ემოციის გარეშე, მაშინაც კი, როცა განცდა და შინაარსი ერთმანეთს აცდენილია ან როცა ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან. განცდები და აფექტური სულისკვეთებებია კულტურულ რეპერტუართა ქვაკუთხედიც.    

როგორც მკვლევრებსა და აქტიურ მოქალაქეებს (შესაბამისად, ჩვენი ტექსტიც ასევე უხერხულად შუაში გაჩხირული შეიძლება იყოს მეცნიერულ წიაღსვლებსა და პოლიტიკურ აფექტებს შორის), ჩვენ ეს კითხვები გვაწუხებს ხოლმე: ერთი, რას უშვრება ემოციები პოლიტიკურ პროტესტს და რაში იგრძნობა აფექტი, რომელსაც ის აწარმოებს ან ითხოვს? ამ კითხვაზე ფიქრისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს ტერმინი, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად, თან გასდევს ქართულ პროტესტს – „ხალხის მუხტი“. რატომ არის რომ რუსთაველზე დგომისას, „მუხტი“არის მთავარი, რასაც ადამიანები ზომავენ? ჩვენ იმაზეც გვინდა ვიფიქროთ, თუ საიდან მოდის ეს ბუნდოვანი ცნება და როგორ ირეკლავს წარსულის ბნელ აჩრდილებს.

მეორე, რა სცენარებსა და ნარატიულ დათქმებს ინახავს პროტესტის აქტები სხვადასხვა კულტურაში? სხვანაირად, როგორია ის მეხსიერება, რომელიც გვკარნახობს რა მოვიმოქმედოთ აქციებზე, რა განრიგით, სიუჟეტით ან გეოგრაფიული მატრიცებით ვიმოძრაოთ? და რა მოლოდინებსა და რწმენებს გულისხმობს ეს სცენარები?

დაბოლოს, ყველგან პროტესტს თავისებური ესთეტიკური განზომილება აქვს. ეს ესთეტიკურობა სპონტანურიცაა და წინასწარ განზრახულიც, იმისათვის რომ პროტესტი იქცეს იმად, რასაც ჯეიმს ჯასპერი „მორალურ ბატარეას“ უწოდებს. ხშირად, ესთეტიკური აქტები ოპტიკურ ეფექტზეა გათვლილი იმისათვის, რომ თავის სათქმელი თვალსაჩინოდ თქვას და ხმა მიაწვდინოს იქ, სადაც პროტესტის ენა არ რეზონირებს („ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ“). ამაში პროტესტები ნასესხებ ტაქტიკებსაც იყენებენ და კულტურულად უნიკალურ ჟანრებსაც ქმნიან. ესთეტიკური აქტები – მაგალითად ცეკვა, სიმღერა, ჯაჭვი, მარში – იქნება ის ხმოვანი, სხეულებრივი თუ ვიზუალური, მუდმივად რეფერირებენ სხვა ლოკალურ თუ გლობალურ კონტექსტებს და ამ რეფერირებით ქმნიან მორალურ წნეხსაც და ატმოსფერულ მუხტსაც.

ხალხის მუხტი“

რატომაა, რომ „მუხტი“ უფრო დიდი ძალა გვგონია, ვიდრე მხუთავი აირი ან წყლის ჭავლი ან სულაც ტანკი? „მუხტი“ შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ავთენტური ემოცია, რომელიც თან გასდევს პროტესტს, როგორც პოლიტიკური შინაარსის განსხეულებას. „მუხტი“ იმითაცაა საინტერესო, რომ ის არ მიანიშნებს ამ ემოციის არც დადებითობაზე და არც უარყოფითობაზე, ის მხოლოდ ინტენსივობას უსვამს ხაზს და რაღაცას გვეუბნება იმის შესახებ, რა სიძლიერისაა ეს ინტენსივობა – რამდენზეა წამსვლელი. ამიტომ ეს კითხვა ასეც შეიძლება დავსვათ: რას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს პროტესტში – ფიზიკურ ძალას თუ კოლექტიურ ემოციას?

ამაზე ბევრს ფიქრობს ის მეცნიერებაც, რომელიც სოციალურ მოძრაობებს სწავლობს. თუმცა, დიდი ხანი არაა, რაც ემოცია და პოლიტიკური პროტესტი ერთმანეთს დაუკავშირდა სოციალურ მეცნიერებებში. მეცნიერებმა საპროტესტო აქციებში ემოციების, როგორც გაცნობიერებული ფენომენის და არა ირაციონალური მდგომარეობის, აღიარება მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყეს. უკმაყოფილება, რაც მიიჩნეოდა კოლექტიური პროტესტის მიზეზად და რაც მე-19 საუკუნემდე აჯანყებების კონტექსტში განიხილებოდა, აღიქმებოდა როგორც ინდივიდუალისტურ ან რაციონალურ აზრს მოკლებული ბრბოს ქცევა. ბრბოთა ქმედებები კი შეუძლებელი იყო აგეხსნა რაციონალურად, განსაკუთრებით, იმ მეცნიერების პერსპექტივიდან, რომელიც არა ფსიქოლოგიურს, არამედ სოციალურს სწავლობდა.

ფრანგი მეცნიერი, ემილ დიურკეიმი ერთ-ერთი პირველია ვინც, მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყებს ფიქრს ემოციების კოლექტიურ ასპექტებზე. ის ამბობს, რომ „კოლექტიური“ უფრო მეტია, ვიდრე ინდივიდების ჯამი, რადგან ერთობლივი ქმედებისას, ჯგუფი კარგავს ინდივიდის დონეზე არსებულ მახასიათებლებს და იძენს ახალ თვისებებს, რაც მხოლოდ ამ ერთობისთვისაა ნიშანდობლივი. კოლექტიურ ემოციაზე მისი მსჯელობა, ძირითადად, რელიგიური ფენომენების ახსნას ეძღვნება. მაგრამ ამავე დროს, დიურკეიმს ეფიქრებოდა საფრანგეთის რევოლუციაზე და იმ განცდებზე, რომლებიც ამ ისტორიულ გარდატეხას ამოძრავებდა.

სწორედ ამ წიაღსვლებში (რელიგიურსა და პოლიტიკურს შორის) იბადება მისი ცნობილი „კოლექტიური მღელვარების“ კონცეფცია. „კოლექტიური მღელვარება“ იმ მაღალი ინტენსივობის ემოციურ ენერგიას გულისხმობს, რომლის შინაარსიც გაზიარებულ იდეებში და აქტივობებში იკითხება. სიხარულის, შიშის, ბრაზის და ა.შ. გაზიარება ქმნის ახალ ენერგეტიკულ ველს, რაც ჯგუფის, როგორც ერთობის ხელახლა დაბადებასა და კვლავწარმოებას უწყობს ხელს. ეს არის სოლიდარობისა და მიკუთვნებულობის განცდის განსხეულება, ისეთი ეპოქალური ცვლილებების პირისპირ, როგორებიცაა ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია და ამ ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული კავშირების შესუსტება. მას მერე რთული აღმოჩნდა „კოლექტიური მღელვარების“ იმ სოციალურ რეალობაზე მორგება, რომელიც უფრო და უფრო განიხილებოდა რაციონალური აზრისა და ტექნოლოგიური განვითარების პრიზმაში. ამავდროულად, „კოლექტიური მღელვარება“ მუდმივად არის ჩვენს – იმ მკვლევრების – მეხსიერებაში, ვინც საპროტესტო აქციების ხან მონაწილეები, ხანაც დამკვირვებლები ვართ.

მე-20 საუკუნის ბოლოდან იწყება ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ემოციამ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც სოციალური მოვლენის ამხსნელმა მექანიზმმა. მაგრამ მისი კონცეპტუალური გააზრება და მეთოდოლოგიური მოხელთება ერთგვარ გამოწვევად იქცა. არ არსებობდა მეცნიერული ენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ემოციების ახსნა, ამიტომ სოციოლოგების დიდი ნაწილი სოციალური პროტესტების ემოციურ მხარეს, უკვე დამკვიდრებულ მეცნიერულ ცნებებში იაზრებდნენ. ამ გზით, ემოციასთან შეხება ხდებოდა არა პირდაპირ, არამედ შფოთითა და სიფრთხილით.

ეს სიფრთხილე, რომელიც დღემდე აქტუალურია, ძალიან კარგად ჩანს ისეთი სოციალური მოძრაობების გააზრებისას, როგორიც იყო მაგალითად, სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ქალთა უფლებების მოძრაობა ამერიკაში. თავდაპირველად, ამ მოძრაობების კვლევა ოპოზიციური, წინააღმდეგობრივი ცნობიერების შესახებ მეტის გაგებას გულისხმობდა, სადაც ემოციურ შინაარსებს ცენტრალური ადგილი ეკავა. მეოცე საუკუნის ბოლოს ამერიკაში აღნიშნული მოძრაობები ყოვლისმომცველი გახდა; ქუჩის აქტივიზმის სხვადასხვა ფორმებიდან დაწყებული ხელოვნებით დამთავრებული, ყველაფერს ეხებოდა და სწორედ ეს ქმნიდა წინააღმდეგობის პოლიტიკას.

ჩვენ უნდა მივიღოთ სასრული იმედგაცრუება, მაგრამ არასდროს დავკარგოთ უსაზღვრო იმედი.“

მარტინ ლუთერ კინგი

სიყვარული მოქმედებაა და არასოდეს უბრალოდ გრძნობა.

ბელ ჰუქსი

მე ვერ დავმალავ ჩემს ბრაზს იმისათვის, რომ შენ გაგათავისუფლო დანაშაულის გრძნობისგან ან ტკივილისგან და ვერც რისხვაზე პასუხის გაცემისგან. ამის გაკეთება შეურაცხყოფს და ამცირებს ჩვენს ძალისხმევას. დანაშაული არ არის პასუხი გაბრაზებაზე; ეს არის პასუხი საკუთარ ქმედებებზე ან უმოქმედობაზე“.

ოდრი ლორდი. ამერიკელი აქტივისტი, პოეტი.“

კოლექტიური ემოციისადმი სიფრთხილე და შიში იმითაც არის განპირობებული, რომ ისტორიულად ყველაზე სისხლიანი კონფლიქტები, ვერაგი ემოციებით შეპყრობილ კოლექტივებს მიეწერება. მე-20 საუკუნის აღმოსავლეთ ევროპის ეთნიკური კონფლიქტების კონტექსტში, პოლიტიკის მეცნიერი როჯერ პიტერსენი საუბრობს, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ემოციებს მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძალადობრივ კონფლიქტში გარდაქმნაში; როგორ ხდება ეთნიკური ჯგუფების არა მხოლოდ იდეებით, არამედ ემოციებით მობილიზება, რაც ჯგუფური დაპირისპირების ჩამოყალიბებასა და მობილიზაციას გულისხმობს. მისთვის ემოცია „მექანიზმია, რომელიც იწვევს მოქმედებას მწვავე შეშფოთების დასაკმაყოფილებლად“. თავად ეს ემოციები ქმედითუნარიანი ხდება იმ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტებით, რომლებიც ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამ მხრივ, ყველა ემოციას თავისი ისტორია გააჩნია. შიში დაცვისკენ გვიბიძგებს, ზიზღი ისტორიული შურისძიების სურვილს აღვიძებს, ხოლო წყენა ერთი ჯგუფის მეორეზე დაქვემდებარების საფუძველს ქმნის.

სხვადასხვა დროსა და სივრცეში, თითოეული ეს ემოცია განსხვავებული შინაარსის მატარებელი შეიძლება იყოს. მაგალითად, „არაბული გაზაფხული“, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 2010 წელს დაწყებული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღის სახელია, ერთდროულად ბევრ ემოციას მოიცავდა; პირველ რიგში, რეჟიმის შიშს, რომელსაც დიდი ისტორია, მეხსიერება და კულტურა ჰქონდა. ეს ისტორიული შიში იქცა მობილიზაციის ღერძად, რომლის გარშემოც კულტივირდა ბრაზი, იმედი და სოლიდარობა. „არაბული გაზაფხულის“ ემოციურ რეპერტუარს თან ახლდა სიხარულის განცდაც, რომელიც ძალიან სწრაფად ახდენდა დიფუზიას და ყოველი მომდევნო დიფუზია ახალ პრეცედენტს ქმნიდა რეგიონში. საქართველოში შიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ემოციაა, რომელიც სოციალურ მოძრაობებს და, უფრო ზოგადადაც, პოლიტიკურ პროცესს მართავს. „ომის შიში“, „დარბევის შიში“, „მომავლის დაკარგვის შიში“, „გადარჩენის შიში“ – ესენია, რაც აძლიერებს პროტესტს, რაც ხან ბრძოლაში ჩართვას უალტერნატივოს ხდის და ხან კიდევ პირიქით, არსებულით დაკმაყოფილების აუცილებლობას ხდის შესაძლებელს.

მაშ, რას უშვრება ემოციები პოლიტიკურ პროტესტს? ემოციები მნიშვნელობას ანიჭებს კოლექტიურ აქტს. ის კომპასია, რომელიც საჭირო დროს საჭირო მიმართულებას გვაჩვენებს, გვკარნახობს და გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ჯეიმს ჯასპერი 21-ე საუკუნის სოციალური მოძრაობების მკვლევარია, რომელიც ფემინიზმის, გლობალიზაციის, გარემოს დაცვისა და სექსუალური უმცირესობების გარშემო შექმნილ საპროტესტო ტალღებს აანალიზებს. ამ ანალიზის საფუძველზე, ის გამოყოფს ემოციების რამდენიმე კატეგორიას, რომლებიც, მისი აზრით, პროტესტის თანმდევია და ამბობს, რომ ემოცია „იდეებს, იდეოლოგიებს, იდენტობებსა და ინტერესებსაც კი აძლევს მოტივაციის ძალას“. ემოციების კატეგორიაში ის მოიაზრებს ორი ტიპის მდგომარეობას, რასაც აფექტურ და მორალურ ვალდებულებებს არქმევს. აფექტურში ის გულისხმობს ემოციურ დამოკიდებულებებს კონკრეტული ადამიანების, სივრცეების თუ აზრის მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, ისტორიულად, წარსულით არის განპირობებული. „მორალური ვალდებულებები“ უფრო ზოგადი აბსტრაქტული ცნებების მიმართ დამოკიდებულებებია, რაც შეიძლება აისახებოდეს ეთიკურ პრინციპებში, ღირებულებებში, იდეალებში; იმაში, რაც მისაღებ და მიუღებელ ქცევად ითარგმნება. ამ სახელდებაში „ვალდებულება“ სწორედ სხვადასხვა ემოციებით „დამუხტვის“ ვალდებულებას გულისხმობს, რაც „გრძნობა-ფიქრის“ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პროტესტში. მაგალითად „მუხტის“ განცდა ქართულ პოლიტიკურ პროტესტში ერთგვარ ვალდებულების განცდას აჩენს, რომ პროტესტის ეს ემოციური ინტენსივობა საყოველთაოდ გაზიარებული იყოს. ის მართლაც არის გრძნობა-ფიქრის პროცესის ნაწილი, რომელიც პროტესტს დამატებით შინაარსებს სძენს, მათ შორის აწმყო-მომავლის მიმართების შესახებ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ემოციური რეფლექსია იმაზე, თუ რა ვიყავით, რა ვართ და რა გვინდა, რომ ვიყოთ, სწორედ „მუხტის“ აფექტურ და მორალურ კატეგორიებში იკითხება და ის თავს იჩენს იმ სიმბოლოებშიც, რომლებსაც მრავლად ვხედავთ საპროტესტო აქციებში.

ახლა ამ აქციებს რომ ვუყურებ და ვდგავარ რუსთაველზე, სულ იმაზე მეფიქრება, … მეცოდება ის ხალხი, ვინც ამ ყველაფრის ნაწილი არაა. გუშინ, მაგალითად, ძალიან ბევრი ხალხი ვიდექით და აი საოცარი განცდა იყოგანცდა იმისა, რომ რაღაცა დიდის და მნიშვნელოვნის ნაწილი ხარ და ყველაფერს შეძლებ, ამაყობ, რომ იქ დგეხარდა ეს ყველაფერი იმხელა ძალას გაძლევს და სტიმულსთითქოს გგონია, რომ თან უკვე რაღაცა შეძელი და თანაც საოცარი იმედის განცდა გაქვს, რომ აი გავიმარჯვებთ. მოკლედ, სასწაული მუხტი იყო.“

46 წლის, ნატალია, თბილისიდან. არა რუსულ კანონს აქციები, 2023 წელი. 

არ ვიცი, მოვედი, მაგრამ წასვლას ვაპირებ, არანაირი მუხტი არ იგრძნობა, უაზრობაა აქ დგომა“.

30 წლის მარი, თბილისიდან, 2020 წელი.  

რა არის ეს მუხტი, რომელსაც მუდმივად ვეძებთ, რის დანაკლისსაც განვიცდით, რისი არსებობაც გვკრავს, გვაერთიანებს, იმედს გვაძლევს და რისი არარსებობაც უცებ გვშლის და უმოქმედობაში გვაგდებს?

ფიზიკაში ელექტრული მუხტი არის მატერიის ფუნდამენტური მახასიათებელი, რომლის ძალაც ელექტრომაგნიტურ ველში იქმნება. ელექტრული მუხტების დადებითი თუ უარყოფითი თავისებურება შემდეგ განსაზღვრავს მატერიების ქცევასა და ურთიეთქმედებას, როგორებიცაა მიზიდვისა და განზიდვის ძალები.

ფიზიკის მსგავსად, საპროტესტო მუხტიც, მიზიდვისა და განზიდვის ძალად იქცევა. როგორც ფიზიკური და აფექტური მატერიები, ჩვენი სხეულებიც ქმნიან ელექტრომაგნიტურ ველს, რომელშიც დადებითი და უარყოფითი ემოციების ცვლა განსაზღვრავს ჩვენი, როგორც კოლექტიური სხეულის, ქცევას. ფიზიკისგან განსხვავებით, პროტესტის მაგნიტური ველი მორალური ვალდებულებებისგანაც იქმნება. ამერიკელი სოციოლოგი, რენდალ კოლინსი ამბობს, რომ ადამიანებს შორის ნებისმიერი ურთიერთობისას ხდება დადებითი და უარყოფითი ემოციური განწყობების გაცვლა-დამუხტვა. ამ ემოციური ტრანზაქციების ბუნება განაპირობებს იმასაც, თუ როგორ ზიარდება შინაარსები, რომლებიც ან აერთიანებს, ან აცალკევებს ადამიანებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მუხტი“ გაზიარებული ფიქრი-გრძნობის ინტენსივობაა, „ძაბვაა“, რომელიც პროტესტის მუხტისთვის ასე აუცილებლად მიიჩნევა. და ის სპონტანურიც შეიძლება იყოს და სათუთად კულტივირებულიც.

სასწაული იყო, ამდენი ხალხი ერთად... თან ყველა ძალიან წესიერი, ცივილური, არანაირი ღრეობა და უხამსობა არ ხდებოდა რა ვიცი, მგონი, ნაგვსაც არავინ ყრიდა ძირს. აი, რაღაცნარად პეპლები დადიოდა მუცელში, ისეთი აღელვება და სიხარული მოჰქონდა იქ დგომას. ამას ტელევიზორით ვერ შეიგრძნობ. იქ უნდა იყო.“

39 წლის ქეთო თბილისიდან. „არა რუსულ კანონს აქციები, 2023 წელი.

ადრე აქციაზე წასვლისთვის სულ ვეძებდი ვიღაცას. აი, მარტო რაღაცნაირად არ მინდოდა. მაინც იქ ხომ უნდა ვიდგე დიდხანს და მარტო შეიძლება ესე ვერ გამეძლო. ახლა კი არ ვიცი რა შეიცვალა, მარა სულ არ მჭირდება ვინმე. იქ რო მივდივარ, იმდენ ნაცნობს ვნახულობ. გგონია, სახლში ხარ. და რომც ვერ ვნახო, მაინც მგონია, რომ ყველა ჩემიანია, მეგობარია და ეგ ძალიან მაგარი გრძნობაა. ეგეც ხო რამხელა სტიმულია, ანუ თითქოს სახლში რო ვზივარ და ვუყურებ ეკრნზე რა ხდება ან სოც. ქსელში მაგ დროს, რაც მაკლია იმის საძებნელად თუ მისაღებად მივივარ აქციაზე. მივალ და აი მიხარიარო არ იცი რა გიხარიამერე ვიწყებ ხოლმე რეკვას რო სად ხართ, მოდით. თითქოს, ერთი მხრივ, პროტესტის რაოდენობაზე ვღელავ და ვზრუნავ, მარა თან მინდა ამ გამოდილებაში ერთად ვიყოთ. მენანება რო არ არის…“

გიო, 41 წლის, თბილისიდან. „არა რუსულ კანონსაქციები, 2023 წელი.

სად ბუდობს მუხტი?

რამდენადაც ეფემერული ან სხეულებრივია მუხტი, იმდენად მას საკუთარი სივრცითი განზომილება გააჩნია. დამახსოვრებული ფიზიკური ველები აქვს. ამ სივრცეებშია ჩაბეტონებული იმ ამბების მეხსიერებაც, რომლებიც სხვადასხვა პროტესტში წარმოქმნილმა მუხტებმა შექმნეს. ყველა ჯერზე, ამ მეხსიერებას მუხტი საკუთარ თავთან ერთად აღვიძებს.

ეს ყველაფერი დაიწყო 88 წლის ნოემბერსახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ვმუშაობდი. საღამოს მივედით [პარლამენტთან]... საერთოდ არ მქონდა ის განწყობა, რომ იქ უნდა დავრჩენილიყავით და გვეშიმშილა. იმდენად დიდი იყო მუხტი, იმდენად დიდიისეთი ერთობა იყო და ისეთი საოცარი განწყობა იყოძალიან დიდი მუხტი იყო, სიტყვასაც ვერ ვპოულობ, ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძალიან მაღალი. ვიღაც ქალბატონი მოვიდა, თბილი ლეიბი მომცა. საკმაოდ ციოდა, ცივი ღამე იყო ნოემბრის და დავრჩით და დავრჩით. მერე დავიწყეთ შიმშილი, ეს შიმშილი გრძელდებოდა 7 დღე, ჩვენ მეხუთე დღიდან ვშიმშილობდით

არ ვიცი რამდენად იცით, წინ იყო ორი ქანდაკება, აქეთ მხარეს, სკოლის მხარეს მე ვიჯექი. საოცარი რამაა, შიმშილობის მერეც მაგ ადგილას მივედი, რაღაცნაირად ეტყობა ადამიანი ისევ იგივე ადგილს ირჩევს. მერე დავაფიქსირე, რომ ყოველთვის მაგ ადგილას ვიდექი. აი დღესაც რომ მივდივარ, ისევ იქ მივდივარ.

იცი როგორი შეგრძნება მაქვს? რომ ძალას მაძლევს ყველა ის განვლილი დღე, რომელიც პირადად მე იქ გამიტარებია. თუ იმ ძველ დროში, ანუ გასულ საუკუნეში, ამ საუკუნეშიც ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ. Déjà vu-სავით არის, მივალ, დავდგები და გამახსენდება ისევ ის ძველი დრო. მაგრამ ძალას მაძლევს, ძალას მაძლევს, დიდ ძალას მაძლევს, და რაღაცნაირად პასუხისმგებლობის გრძნობაც არის იმათ წინაშე, ვინც თავის დროზე, თავისი სისხლით მოიპოვა მაშინდელი დამოუკიდებლობა.

ლელა, 61 წლის, ამონარიდი ინტერვიუდან, 2023 წელი.

მუხტი მომავლისკენ ილტვის, მაგრამ ამ პროცესში საკუთარ თავშივე მოიაზრებს წარსულის განმეორების აქტს.

ლელა არ არის გამონაკლისი, ვისთვისაც ერთხელ გენერირებული მუხტი ახლა მასში ქმედების სურვილს ბადებს და რიტუალურად ერთ კონკრეტულ ლოკაციას მიაჯაჭვებს. ნებით თუ უნებლიეთ, ალბათ ბევრ თქვენგანს, ისევე როგორც ჩვენ, პარლამენტთან საკუთარი ადგილი გაქვთ მონიშნული. შეიძლება ე. წ. არწივთან დგახართ, სინამდვილეში რომ შევარდენია; ჭიჭინაძის კუთხეში; მემორიალთან ან, ლელას მსგავსად, მარჯვენა დროშის მხარეს, შენობასთან ახლო ტერიტორიას იკავებთ. ის “მუხტი”, რომელსაც დღეს ქართველები პროტესტის წარმატების საზომად ვიყენებთ, შესაძლოა თქვენთვის, პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, თქვენს რჩეულ ადგილთანაც ასოცირდება. ამიტომაც, მომავალ რამდენიმე აბზაცში ლელას ისტორიაზე დაყრდნობით გვინდა მუხტის სივრცით განზომილებაზე გესაუბროთ.

1988 წელს ლელა 25 წლის იქნებოდა. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როდესაც პირველად მის ცხოვრებაში მასშტაბურ პროტესტში მონაწილეობა დაიწყო. როგორც ის იხსენებს, პარლამენტის წინ ნოემბრის შიმშილობა უკვე 5 დღის დაწყებული იყო, როდესაც ლელა მეგობრებთან ერთად, მშობლების დაუკითხავად აქციაზე გაემართა. იქ მისვლამდე, დარჩენაზე არც უფიქრია, მაგრამ იქაურმა მუხტმა, ტემპერატურამ და განწყობამ დაარწმუნა, რომ პარლამენტის კიბეებს პროტესტის დამთავრებამდე აღარ დატოვებდა. ლელასთვის მუხტის პირველი ნაპერწკალი იმ ახალმა ურთიერთობებმა დაბადა, რომლებიც საბჭოთა ცხოვრებაში სრულიად ახალი ფენომენი იყო. მოხუცი ქალის მიერ ყინვაში მოწოდებული ლეიბი, აქციის მონაწილეთა გამოსვლები, ერთმანეთის გამხნევება და სიყვარული იყო სწორედ ის, რასაც ლელა მოგვიანებით საუბარში „ეროვნულ გამოღვიძებას“ უწოდებს. გენერირებულ ენერგიას, იმ მუხტს, რომლის სიტყვებით ახსნაც კი რთულია, უკვალოდ არ ჩაუვლია. მან სამუდამოდ განსაზღვრა საპროტესტო ადგილი და ლელას მომავალი გეოგრაფიული ტრაექტორია. 

ამ ფენომენს საზოგადოებრივ გეოგრაფიაში ადგილთან იდენტიფიკაციას ან გეოგრაფიულ მიჯაჭვულობას უწოდებენ. ეს განცდა სუბიექტსა და გეოგრაფიულ ლოკაციას შორის წარსულ მოგონებებსა და გამოცდილებებზე დაყრდნობით ყალიბდება. როგორც ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ, სწორედ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ამგვარი ურთიერთობა აღვიძებს წარსულში გენერირებულ მუხტს და ის დღევანდელობაში ქმედების პოტენციად გარდაიქმნება. 

ლელა პროტესტებს ახლაც ესწრება. ყოველ ჯერზე კიბეებთან ახლოს, იმ ადგილს უბრუნდება, სადაც 36 წლის წინათ, მოშიმშილეების გვერდზე, ცივი ნოემბრის ღამეებს ატარებდა. ყოველი ამგვარი პროტესტი მასში ძველ მოგონებებს აღვიძებს და სწორედ ეს მოგონებები, შემდეგ, ძალისმომცემ, დამმუხტველ ენერგიად ყალიბდება. გეოგრაფიული მიჯაჭვულობა ერთხელ განცდილი მუხტის რეპროდუქციის შესაძლებლობას ქმნის და სივრცე, რომელიც წარსული მოგონებებითაა გაჟღენთილი, პროტესტის ძალას ბადებს. 

საქართველოს კონტექსტისთვის დამახასიათებელ საპროტესტო მუხტს ვერ გავუთანაბრებთ ვერც დიურკეიმის კოლექტიურ აღელვებას და ვერც უბრალო სუბიექტურ ემოციას. ჩვენს კონტექსტში ხშირად საპროტესტო მუხტი აპრიორულად მოიაზრებს მეხსიერების ადგილს, რომლის მეშვეობითაც, წარსული წინააღმდეგობების განმეორების გზით დღევანდელობის განახლების სურვილი იბადება. წარსულის აჩრდილებისადმი მოზღვავებული პასუხისმგებლობა და იმედის შეგრძნება აჩენს რწმენას, რომ მომავლის ცვლილება კვლავ შესაძლებელია. მსგავს გრძნობას ანთროპოლოგი მატიას პელკმანსი უწოდებს “მყიფე რწმენა”, რომელსაც ეჭვის მდგომარეობიდან წამიერად გამოჰყავხარ და პროტესტის ძალას განიჭებს.

ამიტომ მუხტისადმი ეს ლტოლვა პარადოქსულიცაა. ლელას ნარატივი (ისევე როგორც უმეტესობა ადამიანებისა) ქვეყნის დამოუკიდებლობას 1980-იანი წლების საპროტესტო მუხტს მიაწერს. ამ ნარატივში მუხტი გარდაუვალი გამარჯვების საწინდრად იჩენს თავს. მაგრამ ეს დაპირება მხოლოდ ნახევარია იმ მეხსიერებისა და გამოცდილების, რომელზეც მუხტი მიანიშნებს.

მუხტში არეკლილი მომავლის ლანდები და მეხსიერების აჩრდილები

ყველამ იცის, რომ 1989 წლის 9 აპრილს, იქამდე, სანამ რუსული ტანკები კატასტროფის მოლოდინში გატრუნულ ხალხს მოადგებოდნენ, რუსთაველის გამზირზე სიმღერის და ცეკვის ხმა ისმოდა. თავგანწირულთა ეს ბოლო ყიჟინის ხმა წლების განმავლობაში ექოსავით რეზონირებდა რუსთაველზეც და სხვაგანაც, როგორც თავისუფლების მისამღერი და როგორც ბოლო ტრაგიკული აკორდი. მაგრამ იმ მომენტში, როცა მოახლოებული ჯალათებისგან მიწამ უკვე გუგუნი დაიწყო, რუსთაველზე არ ისმოდა არავის და არაფრის ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ (თავის დროზე გასაიდუმლოებულ) ანგარიშში წერია, რომ ეს სიჩუმე, რომლითაც ხალხი ტანკებს შეეგება, 7 წუთს გრძელდებოდა.

ამ გარინდულ სიბნელეში, ადამიანებმა ალბათ პირველად მაშინ იგრძნეს ის, რითაც დღესაც არის დატვირთული საპროტესტო მუხტები. ზოგი ამ მომენტს „რაღაც უხილავის მოახლოების“ განცდას უკავშირებდა, ზოგი საუბრობდა „დაგუბებულ ჰაერზე“, რომელიც ეს-ესაა გასკდება, ზოგისთვის ეს სიმძიმე რაღაც სპირიტულის მანიშნებელი ან ზებუნებრივი ძალის მოახლოების ნიშანი იყო. სიჩუმე „საშინელიც“ იყო – როგორც ერთი მონაწილე იხსენებდა – და სასწაულებრივიც, რადგან მასში იყო კონდენსირებული ყველაზე მკაფიო განცდა კოლექტიური თანადგომისა და გაზირებული შიშისა. 9 აპრილს, თავგანწირულ ყიჟინასა და მოახლოებულ სიკვდილს შორის დარჩენილ 7 წუთში, დაიბადა „ხალხის მუხტი“ რუსთაველზე.

„რას აპირებთ? რამე გეგმა გაქვთ?“ ერთხელ (9 აპრილიდან დიდი ხნის მერე), აქციისას ერთ-ერთმა ჩვენგანმა ჰკითხა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რომელიც პარლამენტის კიბეებიდან გადაჰყურებდა ხალხს. „რავი, მუხტი თუ იქნება, ეს აქციები აკუმულირდება ბოლოს რამე შედეგში“. დაახლოებით ასეთი იყო პასუხი საქმიან შეკითხვაზე.

რა პოლიტიკურ შედეგში აკუმულირდება „ხალხის მუხტი“, თუ პროტესტს სამოქმედო გეგმა არ გააჩნია? ამ პასუხშიც და ბევრი ადამიანის დამოკიდებულებაშიც ჩანს, რომ მუხტში კონკრეტული სცენარებია დათქმული, რომელთაც პროცესის „რამე“ შედეგამდე მიყვანა შეუძლია, მაშინაც კი, თუ ამ პროცესის ტრაექტორია ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია. ამ სცენარებს ჩვენ არ ვახმოვანებთ ხოლმე, მითუმეტეს პოლიტიკოსები, რადგან მათში არა მხოლოდ გამარჯვებაა ნაგულისხმევი, არამედ გამარჯვებამდე გადასახდელი ხარკიც, რომელიც მსხვერპლის სახით ხალხმა უნდა გაიღოს ძალაუფლების სისასტიკის წინაშე.

მე როცა ვიდექი [რუსთაველზე], უბრალოდ აქცია იყო მშვიდობიანი და კი იქ ვიღაცეები რაღაცეებს შვებოდნენ წინა ფლანგზე, მარა დანარჩენი 10 000 კაცი იდგა უბრალოდ და ვერ იგებდა რა ხდებოდა. [აქციიდან წამოსულმა] მერე უცებ [დარბევა] რო ვნახე, ჩავედი ისევ… ვერ გავჩერდი სახლში უბრალოდ… და ისევ იქ დავდექი სადაც ვიდექი, უფრო სწორად იმ ადამიანების გვერდით… რაღაცა ეგეთი შეგრძნება მქონდა.

22 წლის დავითი თბილისიდან, „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ, ყველას, უთქმელადაც გვჯერა, რომ მუხტი დარბევის მომასწავებელია, დარბევა კი იმის, რომ მერე „რაღაც სხვა მოხდება“, ან რომ „რამე შედეგს“ ის თავისით გამოიღებს. ამიტომ გამარჯვების სცენარი, ისევე როგორც მუხტი, ორხმოვანია (9 აპრილს შერჩენილი სათაურიც – „ტრაგედიისა და გამარჯვების დღე“ – ამ ორხმოვნებას აღწერს). ის ინტენსივობას წინააღმდეგობის მოლოდინში და ამ წინააღმდეგობისთვის მზაობაში იძენს.

მიჩუმათებული ორხმოვნებით, მუხტი საკუთარ თავში ინახავს იმ დუალიზმსაც, რომელიც ქართული პოლიტიკური წარმოსახვის, ნაციონალური იდენტობის და ამ იდენტობაზე შფოთვის თანმდევია: ერთდროული რწმენა გამარჯვების და ჩუმი მზაობა დაუსრულებელი მარცხებისათვის; თვითდაჯერება, რომ გამარჯვების 1%-იც ბევრია და ჩასაფრებული ეჭვი, რომელიც საკუთარ თავში რწმენასავე უყენებს წყალს. პროტესტის მუხტიც ერთდროული მზაობაა გამარჯვებისა და ტრაგედიისათვის. ამ ლამის ტოქსიკურად ურთიერთდამოკიდებული მოლოდინების გამო, პროტესტი თავის დაუოკებელ სურვილში, რომ „მუხტი“ დაბადოს (ან სულაც მის ამარა იყოს), თითქმის ერთნაირად ილტვის განახლებისა და განმეორებისკენ.

პროტესტის ესთეტიკა და ლექსიკა

ხანგრძლივ პერსპექტივაში დანახული პროტესტების გამოცდილება (რასაც მაგალითად ნინო ჟღენტის ხელმძღვანელობით, თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთი პროექტი ეძღვნება) გვაჩვენებს, რომ აქციები ისეთივე კულტურული ფენომენია, როგორც ენა. ენასავით ისიც ყოველთვის ეფუძნება იმ წესებსა და გრამატიკას, რომლებიც შინაარსის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. წესები და გრამატიკა წარსულის არტეფაქტია, მაგრამ ცოცხალი მეტყველებასავით, პროტესტიც ენობრივი თამაშით აცოცხლებს ახალ კონტექსტებს. ენობრივ თამაშში პროტესტი ნასესხებ ფორმებსაც იყენებს ხოლმე. ამ მხრივ ის ინტერტექსტუალურია. მაგალითად, 2003 წლის ვარდების რევოლუციას თან ახლდა აღმოსავლეთ ევროპის „ხავერდოვანი რევოლუციებიდან“ გაცოცხლებული კადრები. სხვა კონტექსტებთან პარალელები კონკრეტული ქმედებების ინსპირაციისთვისაც გამოიყენებოდა, მაგრამ, ამასთან ერთად, „რევოლუციის“, როგორც არაძალადობრივი ცვლილების, ლეგიტიმაციას ახდენდა. ამერიკელი ანთროპოლოგი პოლ მენინგი წერს, რომ ვარდების რევოლუციის წარმატება მაშინ დიდწილად განსაზღვრა ვიზუალურმა სპექტაკლებმა (მათ შორის მულტფილმი „დარდუბალას“ საშუალებით ედუარდ შევარდნაძის ფიგურის მსხვრევამ), რომლებიც უნიკალურ ენასა და ოპტიკურ ეფექტს სძენდა საპროტესტო მოძრაობას.

ის ესთეტიკური ჟანრები და ლექსიკური რეპერტუარები, რომლებიც ყოველი შემდგომი პროტესტების ტალღისას იბადება, გამოძახილია ახალი თაობისა და ეპოქისთვის დამახასიათებელი მიმართებების – როგორც წარსულთან, ისე აწმყოსა და მომავალთან.

აქ ზოგიერთი ის კადრი შევარჩიეთ, რომლებიც ესთეტიკურ რეპერტუარებსა და კოლექტიურ ქმედებაში განსხეულებულ ენობრივ თამაშებს თვალსაჩინოს ხდის:

ფოტო 1: 

აქცია “არა რუსულ კანონს”, 2024 წელი, მაისი. რუსთაველის გამზირი. ტექსტი ბანერზე: არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! ფოტოს ავტორი: ნინო ჟღენტი

ფოტო 2:

აქცია “არა რუსულ კანონს”, 2024 წელი, მაისი. ჩიტაძის ქუჩა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ბანერის ავტორები: თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ფოტოს ავტორი: ნინო ჟღენტი

ფოტო 3:

25 მაისი, 2024 წელი. “განათლება საფრთხეშია” – რუსული კანონის წინააღმდეგ პროფესორ-მასწავლებელთა მარში ვაკის პარკიდან რუსთაველის მიმართულებით. ფოტოს ავტორი: ნინო ჟღენტი

ფოტო 4:

20 აპრილი, 2024 წელი. რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე მარშისთვის ემზადებიან. ტექსტი ბანერზე: Get you filthy Russian hands off my sakartvelo! (ქართ. შორს რუსული ჭუჭყიანი ხელები ჩემი საქართველოსგან). ფოტოს ავტორი: ნათია ბუკია


[1] თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთის კვლევის ლაბორატორია.

© არილი

Facebook Comments Box