
ახალბერძნულიდან თარგმნა ქეთევან ცინცაძემ
მაოს ეძახიან, რადგან ჩინელივით ყვითელი ყოფილა, როდესაც დაიბადა. დედაც და დებიც კი ასე ეძახიან. მაო. მამამისი წლების წინ მოკლეს ერთ ბენზინგასამართ სადგურზე პერამაში. კომუნისტი იყო, თუმცა მშვიდი და მხიარული ადამიანი. სწორედ მან დაარქვა მაო. ახლაც, ამხელა ვაჟკაცს, მთელი უბანი მაინც მაოს ეძახის.
როგორ ხარ, მაო?
ყველას გხმარობთ.
მისი უფროსი და, კატერინა, ზაფხულში ქვის სამტეხლოში გააუპატიურეს, კატრაკიოში. ათამდე კორიდალოსელი იყო, მემუს მოედნიდან. მას შემდეგ აღარ გვინახავს. ამბობენ, დედამისმა ვიღაც ნათესავებთან გაგზავნაო რომელიღაც კუნძულზე, ქიოსზე თუ სამოსზე. დაზუსტებით არავინ იცის. საიდუმლოდ ინახავენ. ლამაზი გოგო იყო კატერინა. მთელი უბანი ამას ამბობდა. მაღალი და გამხდარი, ქერა თმითა და ნაცრისფერი თვალებით. სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, გამვლელები ჩერდებოდნენ და თვალს აყოლებდნენ. ოღონდ პატარაობიდანვე ცუდი სამეგობრო წრეში აღმოჩნდა. ღამისთევები და მისთანები. ასეთი ამბები კარგად არ სრულდება ხოლმე. დედამისსაც გამუდმებით ეუბნებოდნენ, ყურადღება მიაქციე გოგოს, კატერინას მიაქციე ყურადღება, მაგრამ ერთმა ქალმა რა უნდა გააწყოს, როცა სამ შვილს მარტო ზრდის, მთელ დღეებს ქუჩა-ქუჩა წანწალში ატარებს, კონტეინერები და ქვაბები რომ გაყიდოს როგორმე თავის გასატანად. უმცროსი ქალიშვილი თომაი სხვანაირია. ლამაზია ესეც, თუმცა უფრო მამის კვალს დაადგა. სახლი – სკოლა, სკოლა – სახლი, ყველაფერი გამოზომილად. სამეგობროებისა და კაფეტერიების ამას არაფერი გაეგება. წარჩინებული მოსწავლეა, უცხო ენებს სწავლობს და აკორდეონზე უკრავს. ცხონებულიც გიჟდებოდა აკორდეონზე, მაგრამ ქალიშვილით სიამაყე არ დასცალდა, მოუნათლავი ჰყავდათ ჯერაც, პერამაში რომ მოკლეს. მისი სახელი იმემკვიდრა, თომასი – თომაი. ღამით, მისი დაკრული რომ გვესმის, მთელ სამეზობლოს მამამისი გვახსენდება ხოლმე, ფანატიკოსი კომუნისტი, თუმცა მშვიდი ადამიანი, ჭიანჭველასაც რომ არ აწყენინებდა.
სექტემბერში, მას შემდეგ, რაც კატერინა სახლიდან გააგდეს, მაომ სკოლას თავი მიანება და საბილიარდოში დაიწყო მუშაობა ლიდოში, პერივოლაკიზე. მას შემდეგ დედამისი გაცოფებულია. ვერაფრით გადახარშა, მის შვილს წინსაფარი რომ უკეთია და კაფეში ყავას, სენდვიჩებსა და ლუდს დაატარებს. გამუდმებით ჩხუბობენ. ქვრივი ყვირის და ურტყამს – მაო კრინტსაც არ იღებს. სიტყვას არ ამბობს. შემზარავი ამბავია. მერე გარეთ გადის, მთელი ღამე კიბის საფეხურზე ზის, ეწევა და ძაღლებსა და კატებს ესაუბრება. მთელი სამეზობლო ხედავს და არავინ იცის, რა უთხრას.
ძალიან შეიცვალა მაო შარშან მერე. არც მანამდე იყო დიდად კომუნიკაბელური, მაგრამ ახლა საერთოდ სიტყვას ვეღარ დააცდენინებ. მიხალისი, პანიღირაკისი, რომლის მამაც სასაფლაოზე მუშაობს და ასეთ რამეებში ერკვევა, ამბობს, მაოს სიკვდილი აქვს თვალებში ჩამდგარიო. ამბობს, მაომ იცის მის დაზე ვინ იძალადა და ფულს აგროვებს იარაღის საყიდლად, შური რომ იძიოსო. ვიღაც მანელები იპოვაო და ეუბნებიან, ათასად კარგ დამბაჩას გაშოვნინებთო. მიხალისი ამბობს, იმათ კორიდალოსიდან შემოუთვალეს, გაინძრევი და ღამით შენს სახლშიც შემოვალთ და დედაშენს და შენს დასაც ვიხმართ, შენ კი გაყურებინებთო.
ამიტომ არ სძინავს ღამ-ღამობით. სახლს დარაჯობს, ვინიცობაა და კორიდალოსელები გამოჩნდნენ.
ტყუილია თუ მართალია, ასე ამბობს მიხალისი. სინამდვილეში მაოს თავში რა უტრიალებს, არავინ იცის დანამდვილებით, რადგან მაო არავის არაფერს ეუბნება. მხოლოდ კატებს ესაუბრება.
კაი ხანია ასეა. მთელი უბნის კატები და ძაღლები შემოიკრიბა, კვებავს, ეფერება და ებაასება. კვირაობით პურის ნამცეცებს ყრის ტროტუარზე მტრედების, გვრიტების და ბეღურების მოსაზიდად. ერთი კოჭლი კატა ჰყავს, ავგუსტოს ეძახის. მდედრია, ხვადი არაა, მაგრამ მაინც ასე ეძახის. ავგუსტო. სხვებისგან გამორჩეულად ექცევა, ყელზე ყვითელი საყელურიც კი შეაბა,ზანზალაკიანი. ამ ყველაფრის შემყურე დედამისი ფეთქდება ხოლმე. ყველა ამბობს, რომ რაღაცაა გასაკეთებელი, რადგან ყოველდღე დიდი აურზაურია უბანში ამდენი ძაღლის და კატის გადამკიდე, მაგრამ, აბა, ვინ გაუბედავს მაოს რაიმეს თქმას. თავიდანვე საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი კი იყო, მაგრამ ახლა უყურებ და სისხლი გეყინება, ისეთია. ამას წინებზე თავი გადაიპარსა და მთლად ძვალი და ტყავი დარჩა, გიყურებს ასე ჩაღამებული შავი თვალებით, ბლოკადაში შიმშილისგან მომაკვდავი ბავშვისას რომ მიუგავს.
მაოსაც ვეღარავინ ეძახის პირისპირ.
როგორ ხარ, მაო?
ყველას გხმარობთ.
* * *
ღამ-ღამობით მაოს არ სძინავს. გარეთ ათენებს, კიბის საფეხურებზე. სვამს, ეწევა და ავგუსტოს ელაპარაკება. რაც მართალია, მართალია, დიდი შვებაა უკუნ სიბნელეში მისი და მისი კატის ზანზალაკის ხმის გაგონება. დიდი შვებაა. შიგადაშიგ დგება და გუშაგივით აქეთ იქით დადის. იკონიომდე, შემდეგ უკან კასტამონიმდე და ძაველამდე. აქეთ-იქით ყოველ ღამე. ოქტომბერში, როდესაც წვიმს და მხოლოდ საწვიმრებში მორაკრაკე წყლის ხმა ისმის. რომელიც ქუჩის კუთხეში სადინარებში უჩინარდება. დეკემბერში, როდესაც ქარი ქრის და ზმუის დენის კაბელებში და თუთის ტოტები ფანჯრებს ეხლებიან სიცივისაგან გაყინული თითებივით. მარტში, როდესაც ღამეები გრილია, ფანჯრიდან გამოხედვისას ნარინჯების არომატს შეიგრძნობ, ცაში ვარსკვლავებს და ცაზე მიმოფანტულ ღრუბლებს უცქერ და ამბობ, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, შეიძლება, რაღაც მოხდეს და სამყარო და ადამიანები არც გაქრნენ. მაო იქაა. ყოველ ღამე. მთელი ღამით. ალიონამდე. არავინ იცის, როგორ იტანს ამდენ ღამისთევას და ჩვეულებრივ მიდის მერე სამსახურში.
დიდი შვებაა ოღონდ. დიდი შვებაა, როცა იცი, რომ ვიღაც გარეთ, ქუჩაში ღამეს ათევს. თუ მზერასა და სმენას მიენდობი, ისეთ რამეებს დაინახავ და მოისმენ, რასაც დღისით, დღის ყვითელ სინათლეზე ყურადღებას არ აქცევ. თითქოს საათის სვლასთან ერთად იცვლება გარემო. თითქოს ღამეს რაღაც იდუმალი ზრახვები აქვს, მაგიური ძალა, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია, დამფრთხალი ადამიანის გულის დასამშვიდებლად, ნაკლებ საშიშად, ნაკლებად მკაცრად რომ გამოიყურებოდეს ყველაფერი. მზერასა და სმენას თუ გაუღებ, დაინახავ და გაიგებ. ხელის უცაბედი გაქნევა, გაკვრა, ასანთის ალი, რომელიც სიგარეტს უკიდებს. ბოლი, მაოს პირიდან ყვითლად რომ გამოდის და ამოსუნთქვასავით სიბნელეში იფანტება. მოკიდებული სიგარეტი, ხნიერი ციცინათელასავით რომ ციმციმებს. კატა, რომელიც მაოს მკლავებში იზმორება, მისი ხელები ყველგან რომ მისწვდეს მოფერებისას. გაიგებ ზანზალაკის წკარუნის ხმას და მაოს ჩურჩულს, რომელიც ღმერთმა იცის, რას ამბობს. გაიგებ ბოთლის ხმას, რომელსაც კიბის საფეხურზე გვერდით იდგამს. მისი ნაბიჯების ხმას, აქეთ იქით რომ დადის.
შვებაა. დიდი შვებაა, როცა იცი, რომ უბანში ვიღაც ფხიზლობს მთელი ღამით. მთელი უბანი წუხს მაოზე, თუმცა, მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ, რადგან ასე მოხდა, კარგიცაა, ღამით ვიღაც რომ გვიცავს, თუნდაც მისი მიზანი ეს არც კი იყოს. გარშემო თითქმის ასი ოჯახი ცხოვრობს. ბოლო დროს ყველაფერი აირია. სკოლაში ნარკოტიკები. ჯიბის ქურდები. მძარცველები. ცოტა იქით, წმინდა ნიკოლაოსზე ერთი კვირის განმავლობაში სამი ბინა გაძარცვეს. ერთი ნაშუადღევს სკოლიდან ბავშვის გამოსაყვანად გავიდა ცოლთან ერთად და შინ დაბრუნებულებს სახლში სამი, დანებით შეიარაღებული, მძარცველი დახვდათ. პაკისტანელები, ოდესღაც თვალის გასწორებასაც რომ ვერ გიბედავდნენ. ახლა ღამ-ღამობით ბანდებად დაძრწიან. ცოტა ხნის წინ ველოსიპედით გამოსული პატარა ბიჭი გაიტაცეს. ზემოთ, წმინდა ქსენის მონასტრის ეზოში აიყვანეს და დიდი ზიანი მიაყენეს. ათი წლისაა ბავშვი.
ბოლო დროს ძალიან აირია ყველაფერი.
თუმცა ჩვენ რა გვიჭირს.
აქ ღამ-ღამობით მშვიდად ვართ.
ჩვენ მაო გვყავს.
* * *
საღამოს ცა იღუშება და სადღაც ცხრისთვის წვიმდება. სისველე ძვლებამდე აღწევს. ეს ესაა, ტელევიზორში მოვისმინეთ, რა მომხდარა გუშინ საღამოს კონდილიში. ორი ლაწირაკი უბნის პატარა მაღაზიაში შევარდნილა და შვიდი თვის ორსული გოგო დაუჭრიათ. ორ ნაბიჯშია კონდილი აქედან, ჩვენ კი ტელევიზორიდან გავიგეთ. ავირ-დავირიეთ. ადმირალი ამბობს, პოლიციაა ყველაფერში დამნაშავეო. ვაღიოსი, ტრაქტორისტი, რომლის ძმაც ძაღლია, ამბობს, ყველაფერი პოლიტიკოსების ბრალიაო. მემარცხენეები თავს იკლავენ პოლიციის ჩამოსაშლელად, რადგან სძულთ, მემარჯვენეები კი ამის საშუალებას აძლევენ, რადგან მემარცხენეების ეშინიათო. მიხალისი ამბობს, ერთი წვეთი თავმოყვარეობა მაინც რომ გვქონდეს, ნამდვილი კაცები ვიყოთ და არა კაცუნები, მაოსავით მოვიქცეოდით ტელევიზორის წინ ტირილის ნაცვლადო.
ასე იქცევიან კაცები, ამბობს მიხალისი. სიტუაციის მართვის სადავეებს ხელში იღებენ. ჩვენ ჩვრები ვართ.
დგება და ტელევიზორს რთავს, სანთელს ანთებს და ერთი ბოთლი ციპურო და ქიშმიშიანი მუხუდო მოაქვს. სიბნელეში ვსხედვართ და ფანჯრიდან ვიყურებით. რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს შიში და ბრაზი, მაინც ვერ ახერხებ, ცოტა ხნით მაინც არ მინებდე წვიმის სიმყუდროვეს. უსმენ წკაპუნს, წვიმის წვეთებს რომ გააქვთ კარნიზებზე და გგონია, გულში გეღვენთება. ცოტა ხნით თავდავიწყებას ეცემი. ცოტა ხნით გავიწყდება კონდილიში მომხდარი, ისიც, ოქტომბრიდან რომ წვიმს და, ვინ იცის, როდემდე იწვიმებს კიდევ. წვიმას უგდებ ყურს და თავდავიწყებაში გადადიხარ. თუ ფანჯარას გამოაღებ, თავს გარეთ გაჰყობ და ღრმად ჩაისუნთქავ, წვიმით გაჟღენთილი მიწისა და ნარინჯების არომატს შეიგრძნობ, ჰაერსაც, რომელსაც ამ საღამოსაც უცნაური მომწარო სურნელი დაჰკრავს. ზევითაც თუ აიხედავ, დაინახავ, როგორ ეცემა ყვითლად დაფერილი წვიმა ქუჩის ფანრების გარშემო და კიდევ უფრო ზემოთაც თუ აიხედავ, მუქ ყვითლად დაფერილ ღრუბლებსაც დაინახავ, თითქოს ხანძრის თავზე შეკრებილან, ცეცხლი მოსდებიათ და იწვიან.
თერთმეტს რომ გადასცდა, მაო შინიდან გამოდის და კიბეზე ჯდება. გვერდით სიგარეტს და ბოთლს იდებს. ციკუდიაა[1], ამბობს მიხალისი, რომელიც ბევრჯერ შესწრებია, როგორ გამოდის მაო კრეტელის მაღაზიიდან ცალდარისზე. შემდეგ კატა აჰყავს, რომელიც მანამდე მხართეძოზე იყო წამოწოლილი, იხუტებს და ეფერება. ხან გზას გაჰყურებს, რომელიც წვიმის წყლისგან ბზინავს, ხან თავს წევს და წვიმას ასცქერის, ყვითლად რომ ეშვება, მოხუცის ნიკოტინისგან გაყვითლებული წვერებივით. ვაღიოსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი მაცხოვრებელია ამ უბანში, მაოს ბაბუას, სტავროსს იხსენებს, რომელიც ასევე გიჟდებოდა კატებზე. ერთხელ თეთრი ფუმფულა კატა მოუყვანეს, ნაბილა ერქვა, მაგრამ მოხუცს, რომელიც ოთხმოცს იყო მიტანებული, კარგად არ ესმოდა და მანდილას ეძახდა. გიჟდებოდა ამ კატაზე, გვერდიდან არ იცილებდა. მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კატა დაიკარგა. პიჟამითა და ხელჯოხით გამოდგა ქუჩაში და ეძახდა, მანდილა, მანდილა. მეზობლის ქალმა გაიგო და ეგონა, დრომ უწია მოხუცს ან წნევამ დაარტყაო, დაასველა რაღაც პირსახოცი და ტყვიასავით გამოვარდა გარეთ, მივარდა მოხუც სტავროსთან, მანდილი მოგიტანე, წამო, შინ შევიდეთ, მანქანა არ დაგეჯახოსო. მოხუცს ტვინში სისხლმა აასხა, ეგონა, დასცინოდა, ხელჯოხი მოუქნია, ცოტაც და სულს გააფთხობინებდა. შენი კუბო ვნახე. ნახეს, გარდაიცვალა და დამშვიდდა, თორემ ჯერ კიდევ სისხლი უდუღდა, თუმცაღა ცალი ფეხით სამარეში იყო. მოხუცი. სისხლისმსმელი იყო ბოლო წუთამდე. ძველები ამბობდნენ, სამოქალაქო ომში ბევრს მოუსწრაფა სიცოცხლეო.
ბაბუამისივით დაასრულებს ესეც, ამბობს ვაღიოსი. აუცილებლად გამიხსენებთ. ვაღიოსი არ თმობს. ყველა კომუნისტი ასეთია. ნაძირალები.
კომუნისტია თუ ვინცაა, ჩვენ ყველას გვჯობია, ამბობს მიხალისი. იცი, რომ აქ ხალხი ვეღარ იძინებს, სანამ მაო კიბეზე არ გამოვა? აქ ხალხი ყოველ ღამე მიდარაჯებულია, მაო როდის გამოვა შინიდან. ბევრისგან გამიგია, უფრო მშვიდად გვძინავს მას შემდეგ, რაც მაომ ღამისთევები დაიწყოო. მარტო ერთისგან ან ორისგან არა, ბევრისგან.
ადმირალი დგება და ფანჯარასთან მიდის. პენსიაზე გასული მეზღვაურია და ამიტომაც ვეძახით ასე. ცოლიც კი ასე ეძახის. ხანდახან, „სატანასთან“ რომ ვათენებთ ხოლმე, რეკავს და დიმიტრის ან პავლაკოსს კი არ კითხულობს, ადმირალს კითხულობს, ადმირალი მანდაა?
მინას ხელით ასუფთავებს და გარეთ იხედება. ძალიან გახდა ამ ბოლო დროს, ტანსაცმელი ზედ ჰკიდია. ნახევრად ბნელში სახეც ყვითლად მოუჩანს, შემოდგმის თუთის ფოთლებივით. ამას წინათ ვაღიოსს უთხრა, რაც პენსიაზე გავედი, სხვა ადამიანი გავხდიო. დეპრესიაშია. არაა სწორი კაცების ასე ადრე ჩამოწერაო. ვაღიოსმა კი შეუკურთხა, ჩვენ აქ მუშაობისგან სული გვძვრება და ეგ გვკლავს, შე დარტყმულო, შენ კიდევ დასვენება გაგდებს დეპრესიაში? დამეკარგე აქედან შე გარყვნილოო. გვარიანად დასცხეს.
აი, დაუფიქრდით, ამბობს მიხალისი, დაახლოებით ასი ოჯახი ვართ აქ, ასე არ არის? ზოგი ერთმანეთს ხმას არ სცემს, ზოგიერთები სახეზეც არ იცნობენ ერთმანეთს. ამ კორპუსში ვიღაცებს მხოლოდ შობას და აღდგომას ვხედავ და მაინც, ყველა ერთნაირად ღელავს ყოველ საღამოს, ერთი სული აქვთ, კიბეზე გამოსული მაო დაინახონ. შორს რომ არ წავიდე, გუშინწინ საღამოს ვხედავ, დედაჩემს აუნთია საკმეველი და გადის აივანზე და ქუჩასაც წერს პირჯვარს. რას აკურთხებ, დედა, ვეკითხები, კატებს? არა, მაოსო. კარგად გვიმყოფოს ღმერთმა ეს ბიჭი, ღამ-ღამობით როგორ გვიცავსო. გესმით? თანაც მაოს დედასთან წლებია ნაჩხუბარია. დიდი შვებაა, ვიღაც ღამეს რომ გითენებს, როცა შენ გძინავს. დიდი შვებაა. დიდი ამბავია ღამით მშვიდად ძილი. გითხრათ კიდევ რაღაც? ყველა უბანს რომ ჰყავდეს თითო მაო, ხალხიც ყველგან უკეთესი იქნებოდა. თუ გინდათ დავნაძლევდეთ. ნუ იცინით. ესაა დემოკრატია, ღარიბები მდიდრებისგან კი არ ელოდონ დახმარებას და შველას, არამედ თვითონ აიღონ სიტუაციის მართვის სადავეები საკუთარ ხელში. მთელი უბედურების სათავე ისაა, რომ გვგონია, მდიდრები ღარიბებს ოდესმე ხელს გაუმართავენ. არ ხდება ასე. ორი სრულიად სხვადასხვა სამყაროა. ისინი სხვაგან არიან, ჩვენ – სხვაგან. ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ სადავეები ხელში. ამას აკეთებს ზუსტად მაო. როგორ ფიქრობთ, რა არის ადამიანის ყველაზე დიდი მტერი? სიკვდილი? ფული? არა, ცხადია, შიში. ესაა ყველაზე დიდი მტერი. შიში. შიში.
რაღაც ხდება, ამბობს ადმირალი. ისევ მირაფიორი. რაღაც ხდება.
ფანჯარასთან ვიყრით თავს და ვიხედებით. ყვითელი მირაფიორი მოდის გზაზე ჩამქრალი ფარებით და თუხთუხით. მაოს მკლავებში გაწოლილი კატა თავს წევს. მანქანა მაოს რომ უახლოვდება, სვლას ანელებს. მაო კიბის საფეხურიდან დგება, ამ დროს მძღოლი სიჩქარეს უმატებს და თავისი ბანდიანად მიდის. მაო შუა გზაზე გადის და მანქანას გაჰყურებს, რომელიც კვიპროსის ქუჩის კუთხეს უახლოვდება და მარცხნივ უხვევს. ისევ ჯდება. იცდის. აქეთ-იქით იყურება. წინ იხრება და კატას რაღაცას ეჩურჩულება ყურში. კატა აპრეხილი კუდითა და კითხვის ნიშანივით მორკალული უსმენს. შემდეგ მაო ბოთლიდან სვამს და სიგარეტს უკიდებს, ბოლს რომ უშვებს, ყვითელია და სქელი, თითქოს ერთი მოქაჩვით მოწია მთელი სიგარეტი.
ამ საღამოს უკვე მეორედ, ამბობს მიხალისი. ნაშუადღევსაც ჩაიარეს.
რამდენი იჯდა შიგნით? ორი დავინახე.
სამი იყო. ერთი უკანაც იჯდა.
საჩოთირო ამბები გველის, ამბობს ვაღიოსი და ფანჯარას სცილდება. მენდეთ. ვაღიოსი თავისას არ ეშვება.
* * *
წვიმამ გადაიღო, თუმცა წვეთები მაინც მოგორავს მინაზე და ნახევრად შეღებული ფანჯრიდან ტროტუარის კიდეზე მდინარესავით ჩამდინარე წყლის ხმაც ისმის. ადმირალი სიმღერას ეძებს რადიოში და რაღაც ძველ მელოდიას პოულობს, მაგრამ ცოტა ხანში რადიო ცხრაას ორის[2] სიგნალი ისმის, ვაღიოსი დგება, პიდარასტებიო იგინება და სიხშირეს ცვლის.
რა ხდება?
არაფერი.
რას აკეთებს.
არაფერს. კატას ეთამაშება.
რას ეძახის? იულიუსს?
ავგუსტოს.
აა, ჰო. მე მითქვამს, მაგრამ არ მისმენთ, ამბობს ვაღიოსი. სულძაღლი ბაბუამისივით დაასრულებს ესეც, იმის ასაკამდე თუ მიაღწევს ოღონდ, რაშიც ეჭვი მეპარება. დარწმუნებული ვარ, შარშია. მისი დის და კორიდალელების ამბავიც ამის დასტურია. მიხალაკს რაც უნდა, ის თქვას. კომუნისტების ატანა გაქვს?
კარგად მახსოვს სამოცდათვრამეტი, ამბობს მიხალისი. მაშინ პირველად გამოვიდა ქალაქის მერი ლოგოთეტისი. გახსოვთ, რა მოხდა იმ საღამოს? მთელი კომუნისტები წმინდა ქსენიში შეიკრიბნენ და ისე ღრიალებდნენ, იფირქებდი, ომი დაიწყოო. სკოლაში დავდიოდი, მაგრამ დღევანდელივით მახსოვს. მახსოვს, დედები გამოცვივდნენ, შეგვკრიბეს და სახლებში გამოვიკეტეთ მეზობლებთან ერთად. ყველა შიშით კანკალებდა, ამბობდნენ, ამ საღამოს ბოლოს მოგვიღებენ კომუნისტები, შემოიჭრებიან და დაგვხოცავენო. სიტყვით ვერ გადმოსცემ, რამდენი ვიტირეთ იმ საღამოს. სიკვდილს გავუსწორეთ თვალი. ტიროდნენ ქალები, ტიროდნენ ბავშვები, მოხუცები კი, ოთხზე დაცემულები, მეტანიებს აკეთებდნენ. პანიკა იყო. ისიც მახსოვს, მამაჩემმა და სხვა ორმა თუ სამმა კაცმა სამზარეულოს დანებს დაავლეს ხელი და მთელი ღამე კარს იცავდნენ. პანიკა. სამოცდათვრამეტზეა თან საუბარი და არა ორმოცდაათიანებზე ან სამოციანებზე. სამოცდათვრამეტში მოხდა ეს ყველაფერი.
ასე იყო, უდასტურებს ვაღიოსი. გაცოფებულები იყვნენ მაშინ კომუნისტები. ეგონათ, სტალინგრადად აქცევდნენ კოკინიას. ახლა კიდევ პარლამენტში გვყავს ეს ლეშები და ფულსაც ვუხდით. ეჰ. მოგიტყანთ ეგ დემოკრატია, მასხარებო. ცუდად ვხდები, ტო, ცუდად ვხდები, მაგათ რომ ვხედავ. განსაკუთრებით იმათ ვერ ვიტან, მაგათ დაბრუნების და სისტემაში მოხვედრის შანსი ვინც მისცა. ჰალსტუხებით და ძვირფასი მანქანებით რომ მოძრაობენ, საღამოობით ტელევიზორის წინ მოკალათებულებს ცალ ხელში პულტი რომ უკავიათ, მეორეში კი თავიანთი სირები და რევოლუციებზე ოცნებობენ. მაგ პიდარასტების ატანა არ მაქვს ყველაზე მეტად. მემარცხენეებიო, გეუბნებიან, გესმის? ერთადერთი, რაც მემარცხენე აქვთ, მაგათი მარცხენა კვერცხია. პიდარასტები.
ადმირალი წამოიწევა, ბოთლს იღებს და ჭიქებს ავსებს. ხელები უკანკალებს. სვამს, ავსებს, ისევ სვამს.
ეს არაფერია, ამბობს. სამოცდათერთმეტში ნორფოლკში გაგვგზავნეს „ნავკრატუსას“ წამოსაყვანად. გემი კი არა, მხეცი იყო, ყველაზე დიდი ჩვენს ფლოტში. მთელი ქალაქი. სადღაც ორი თვე დავრჩით იქ, კაი ჯაფა კი დაგვადგა. ყოველ ჯერზე, გარეთ როცა გავდიოდით, ერთი აყალმაყალი ტყდებოდა. დღემდე მახსოვს ზანგები რა დღეშიც გვაგდებდნენ. კორპუსებიდან ნაგავს გვაყრიდნენ. ვიეტნამის ამბები იყო მაშინ, ჩვენ კი ფორმებში გვხედავდნენ და ცოფდებოდნენ. გეგონება, ჩვენი ბრალი იყო ის ხოცვა-ჟლეტა, იქ რაც ხდებოდა. ჩვენ, საცოდავებმა, სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდით, რუკაზეც ვერ ვიპოვიდით ვიეტნამს. მახსოვს, ერთხელ, ერთ ბარში, იქიდან დაბრუნებულ საზღვაო ქვეითს გადავეყარეთ. ხელები ბინტით ჰქონდა გადახვეული. საუბარი გავაბით და გვიამბო, როგორ მოყვა მისი ბატალიონი თავდასხმაში და მისი და ერთი კანადელის გარდა, როგორ დახოცეს ყველა. მას მერე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ფრჩხილებს იჭამდა ხორცამდე. შიშის გამო, გესმით? ამიტომ ჰქონდა ხელები გადახვეული. ორმეტრიანი ვაჟკაცი იყო. დღემდე მახსოვს. ლუდით და ვისკით გავუმასპინძლდით და ჩვენი გამოშვება აღარ უნდოდა. გვეხვეწებოდა, გემში დამმალეთ და საბერძნეთში წამიყვანეთო. გეფიცებით, ორმეტრიანი კაცი ჩვილივით იქცეოდა. ახლაც მახსოვს. რაც არის, არის. ისტორიები. არადა ბავშვობიდან ვაფრენდი ამერიკაზე. სულ ვამბობდი, როგორმე იქ უნდა გადავსახლდე-მეთქი, მამაჩემი კი, რომელსაც მსოფლიო ჰქონდა მოვლილი, მეუბნებოდა, ჩვენნაირი ადამიანებისათვის არ არის ამერიკაო. ევროპაში სიღარიბე უიღბლობად მიიჩნევა, ამერიკაში კი სიღარიბე სირცხვილია და აიტან ერთდროულად სიღარიბესაც და სირცხვილსაცო? დაეტიე შენს ადგილას და შეეშვი ოცნებებსო.
ვაღიოსი მიხალისს უყურებს, შემდეგ ადმირალს.
რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, მიცოს, – ეკითხება. ბაბუა სტავროსის კატიდან ვიეტნამამდე როგორ მოვედით? ვერაფერი გავიგე.
სხვა რამის თქმა მინდა, ამბობს ადმირალი. ახლა, ამდენი წლის მერე ვფიქრობ, როგორ მაბოლებდა ცხონებული. გეგონება, აქ დარჩენით რამეს მივაღწიე. თითქოს აქ ღარიბი და ღირსება აყრილი არ ვარ. ოცდათხუთმეტი წელი ვიმსახურე და რა მივიღე? ოთხი სული ვცხოვრობთ სამოც კვადრატულ სოროში. ორი წელი პარლამენტარიდან პარლამენტართან დავრბოდი, ბიჭისთვის სამსახური რომ მეშოვა და უკვე უშვებენ. წელი გაიწყვიტა ნაწილების თრევით და ახლა მისი გამოგდება უნდათ, რადგან ქალბატონ ტოიოტას კარგად არ მისდის საქმეები, ხუთასი მილიონის ნაცვლად წელს მხოლოდ ოთხას ოთხმოცდაათი მიუღიათ თურმე. დიდი ზარალია, გესმით? ახლა თავიდან უნდა ვირბინო და ვემუდარო ყველა ნაბიჭვარს. გახსოვთ, რომ გითხარით, სამსახური პანაიოტაკოსმა უშოვა-მეთქი. ერთად ვიყავით ფლოტში, ჩემი ხელქვეითი იყო. ნავს მისცემდი და კლდეზე ლეწავდა, არაფრის მაქნისი იყო, პარლამენტარი კი გახდა. როგორცაა. სამსახური რომ უშოვა, ოფისში გავუარე, მადლობის სათქმელად. ძალიან მძაფრი სუნამო ესხა და ხელი რომ ჩამომართვა, სურნელი ჩემს ხელსაც შერჩა. არ დამიჯერებთ, ამდენი დრო გავიდა და ხანდახან ახლაც მგონია, რომ ისევ ამდის ის სუნი. გეფიცებით. ხელს ვყნოსავ და გული მერევა. თითქოს სულს მიბინძურებს. აი, ახლაც. ახლაც ვგრძნობ.
ხელი ცხვირთან მიაქვს და ყნოსავს, მერე მიხალისს უწვდენს.
ნახე. ნახე, როგორ ყარს. შეგიძლია, ამიხსნა, რა ეშმაკი ხდება?
კარგი რა, ამბობს ვაღიოსი. კარგი რა, ადმირალო, შენ რაღა გატირებს. სუნამოები და სისულელეები კიდევ. რამდენი აიღე საპენსიო დაზღვევა? პენსიას რამდენს გიხდიან? სიკეთე გვიყავი და ყველა რომ იტყვის თავისას, შენი მერე თქვი, ორმოცდაათს გადაცილებული რომ გახვედი პენსიაზე და უკანალის ტკეპნაში გიხდიან სხვებზე მეტს. თემა შევცვალოთ, თორემ ვიჩხუბებთ კიდევ. მიხალის, ამას გასდის? მოიტან რამეს, თუ ავდგე და წავიდე?
მიხალისს ციპურო მოაქვს, ჭიქებში ასხამს და ისევ ჯდება. ვაღიოსი წინ იხრება, სანთლიდან სიგარეტს უკიდებს და გვერდით აბოლებს. სიგარეტის ყუთს ცელოფანს აძრობს, კუჭავს და საფერფლეზე აგდებს, თან პავლაკოსს უყურებს გვერდულად, რომელსაც თავი ფანჯრისკენ აქვს მიბრუნებული და გარეთ იყურება.
ახლა ფული რომ ახსენეთ, ამბობს მიხალისი, შარშან მამაჩემი რომ გარდაიცვალა, საღამოს ირაკლისმა გამოიარა. ირაკლისი ხომ იცით, ლაკისი, კუთხეში, მოსახვევში რომ ცხოვრობს.
დალაქზე ამბობ? ბაზარში რომ აქვს დახლი?
ეგაა. გვიან მოვიდა, თქვენ რომ წახვედით, მერე. მოდის ერთი ბოთლი ვისკით და ვსხდებით საძინებელში, რადგან აქ ქალები იყვნენ და დედაჩემთან ერთად მოთქვამდნენ. ვსვამთ და თან ვხუმრობთ, ერთ მომენტში კი ტიპი ატირდა და მიყვება, როგორი კარგი ადამიანი იყო მამაჩემი, როგორ უყვარდა და ისეთი განცდა აქვს, თითქოს ძმა დაკარგა. ტირის და მეხვევა, მე კი არ ვიცი, რა გავაკეთო. მერე, რაღაც მომენტში მიბრუნდება და მეკითხება, დაკრძალვა რა ჯდებაო. ამდენი-მეთქი და უცებ მეუბნება, მისმინე, მიხალის, რადგან ცხონებული ძმასავით მიყვარდა და თან ვიცი ახლა როგორი სიდუხჭირე გიდგათ, დაკრძალვის ფულის გადახდა მინდაო. ფულს მე მოგცემ. მშვიდად რომ ვიყოთ. მე მოგცემ ფულს. აქ მე ვაწყვეტინებ, სახე წაშლილი აქვს, თვალები დასივებული და ვეუბნები, აბა, რასაა, რომ ამბობ, ლაკის? მადლობას გიხდი, მაგრამ ასე არ გამოვა. შენ როგორ გადაგახდევინებ მამაჩემის დაკრძალვის ფულს? არ გამოვა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, არაფრით თმობდა. ჩემთვის ისიც ვიფიქრე, მეღადავება ეს დედააფეთქებული-მეთქი, რადგან ვიცი, გაღლეტილია თვითონაც, მაგრამ, ბიჭებო, დგება უცებ და მეუბნება, დამელოდეო, ათ წუთში კი უკან ბრუნდება და კონვერტს მაძლევს ასიანით, მჩუქნის. მჩუქნის, გესმით? დედაჩემსაც უძახის და ეუბნება, ის უბედური კი აღელვებული ხმას და ტირილს უმატებს, მერე იხრება და ხელებს უკოცნის. ხელებს უკოცნიდა, ტო, ბიძაშვილები და ბიძები გვყავდა ჩამოვლილი ფულის სასესხებლად. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილით იმ ნაბიჭვარ კიოსეოღლუსთან მივდივარ და ვაშავებ ფულს კუბოსთვის, ყვავილებისთვის და კიდევ სხვა რამეებისთვის, ჰოდა, ასე თორმეტისთვის სადღაც მირეკავს ირაკლისი და მთავრდება ჩემი ზღაპარი. ძმაო, საქმე აირია, ის ფული ჩემი ცოლის იყო, რაღაც საბუთებისთვის, ბავშვების სკოლისთვისო და ასეთ სისულელეებს მეუბნება. ტირილს იწყებს და მიბოდიშებს და მიბოდიშებს. ყურმილით ხელში გავშეშდი. მუხლები მომეკვეთა.
და რა გააკეთე? ეკითხება ადმირალი. საბოლოოდ როგორ მოიქეცი? მიეცი?
მივეცი, რა თქმა უნდა. რა უნდა მექნა. აქეთ ვეცი, იქით ვეცი ნათესავებში, შევაგროვე და მივეცი. წარმოგიდგენია, ის ნაძირალა თვითონაც არ მოვიდა, ქალიშვილი გამოგზავნა გამოსართმევად. ეგ ნაძირალა.
რა ამბობ, ტო, ამბობს ვაღიოსი. ასეთი იაღლიში? აქამდე რატომ არაფერი გვითხარი?
რა უნდა მეთქვა. ვითომ რამე შეიცვლებოდა? ახლაც სიტყვამ მოიტანა. დედაჩემსაც კაი ხნის მერე ვუთხარი. დაკრძალვაზე ეგ საწყალი მე მეკითხებოდა, ირაკლისი სადაა, რატომ არ მოვიდაო და ათას დალოცვას უგზავნიდა იმ ნაძირალას. ასეთი არაფერი დამმართვია. კონვერტი რომ მომცა, ღმერთია მოწამე, გულიდან ლოდი მომწყდა, ვიფიქრე, ღმერთმა ამ ერთხელ ჩვენც გადმოგვხედა-მეთქი. მერე კი ასეთი სირცხვილი. ასეთი სირცხვილი. დაკრძალვამდე ერთი საათით ადრე წინ და უკან დავრბოდი, ორმოცდაათი ერთისგან რომ მესესხა და ორმოცდაათი – მეორისგან. სახე წამეშალა. მიწა გახსნილიყო და ჩავეტანე. რამდენიც არ უნდა ვიცოცხლო, ამას ვერ დავივიწყებ. ასეთი სირცხვილი. თუმცა, ყველა თავისას იღებს. გაიგებდით, მის ვაჟს რაც დაემართა.
ვისას? კითხულობს ვაღიოსი.
რა ვისას? გამოთვერი უკვე? ამდენი ხანი ირაკლისზე არ ვსაუბრობთ? არ გაგიგიათ, მის ბიჭს რაც დაემართა? როდოსზე გაუშვეს, კარგი სტუდენტიც იყო და ნარკომანი კი დაუბრუნდათ. ამასწინებზე შეტევა ჰქონდა, დედამისს ყელში სწვდა და კინაღამ დაახრჩო. ახლა რაღაც კლინიკაში ჰყავთ გამოკეტილი, ვულაში, ღლიფადაში და იწეწებიან, იმდენს იხდიან. ასეა, ძმაო. ყველას მიეზღვება. ყველას. დაკრძალვის დღიდან ვნატრობდი, რამე მომხდარიყო, მაგ ნაბიჭვარს რომ ცხვირში ამოდენოდა, რაც მე გამიკეთა. როცა გავიგე, მის ვაჟს რა დაემართა, სულმა გაიხარა. უცნაური კია ოღონდ. რა ძალა ჰქონია სიძულვილს. ხანდახან ვფიქრობ, რომ სიძულვილი იმ ჰაერივითაა, ქალაქის მაცხოვრებლები რომ ვსუნთქავთ, ნელ-ნელა გვკლავს, თუმცა უიმისოდაც ვერ იცოცხლებ.
მიხალისი სათვალეს იხსნის და სანთლის შუქს უყურებს, შემდეგ ისევ იკეთებს. ადმირალი სავარძელში მოკუნტულა, თავი ჩაუღუნავს და ფეხსაცმელებს დაშტერებია. ვაღიოსი დგება და ფანჯარასთან მიდის. იხრება და გარეთ იხედება. მისი სუნთქვისგან მინა იორთქლება.
რაც არ უნდა იყოს, სულ თქვენთან ერთად ვხედავ, ამბობს. გუშინწინაც „სატანასთან“ შენს გვერდით არ იჯდა?
ვიცი, ამბობს მიხალისი. ყველამ უგანა და გამუდმებით ჩემთან მოდის. შეგეცოდება. მთელი დღე მთვრალია. რა არის, ადმირალო? რატომ იმანჭები? რამე გაწუხებს?
ადმირალი სიგარეტს უკიდებს და ბოლს პირდაპირ სანთლის ალისკენ უშვებს. კვამლი რამდენიმე წამით მრუდდება და ისევ სწორდება.
არა, მიხალის, ამბობს. არაფერი მაწუხებს. სხვა რამეზე ვფიქრობ. ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ და ვხვდები, რომ ის, რაც გვაერთიანებს, ისაა, რაც გვაფრთხობს და გვძულს. როგორ ვიქეცით ასეთებად? საიდან მოვიდა ამდენი სიძულვილი და ამდენი შიში, მეტყვის ვინმე? თან რაც დრო გადის, კიდევ უფრო უარესდება ყველაფერი. არის დღეები, რაღაცების შემყურეს თავის მოკვლა მინდება. გეფიცებით. ამდენი გასაჭირი გამომივლია გემზე და ასეთი რამე აზრადაც არასდროს მომსვლია. არასდროს. ახლა სხვანაირად აღარ გამოდის. ვიხრჩობი, რასაც ჰქვია. ვიხრჩობი.
მიხალისი უყურებს ვაღიოსს, რომელიც ჯერაც ფანჯარასთან დგას, ვაღიოსი კი თვალს უკრავს სერიოზული სახით, თითი ჯერ ტუჩებთან მიაქვს, შემდეგ კი საფეთქელთან. ფანჯარას სცილდება, ადმირალის წინ ჯდება და ჭიქებს ავსებს. სვამს, შემდეგ წინ იხრება და სიგარეტს უკიდებს სანთლის ალზე.
ცუდის ნიშანია, ამბობს ადმირალი.
ვაღიოსი სანთლისკენ გადახრილი რჩება, უყურებს, თან სიგარეტი კბილებით უჭირავს. სიბნელეში სახეზე საშიში ჩრდილები დაურბის.
ცუდის ნიშანია სიგარეტის სანთლით ანთება. გემზე ვამბობდით, სიგარეტს სანთლის ალზე თუ აანთებ, რომელიმე მეზღვაური მოკვდებაო.
ჰოდა, ახლა რა განაღვლებს, ხმელეთზე ხარ უკვე.
ადმირალი თავს წევს და ისე გვიყურებს, თითქოს ეს ესაა კომიდან გამოვიდა და ცდილობს გაარჩიოს, ვინაა გარშემო. თვალები დაორთქლილი მინებივით ამღვრეული აქვს.
შემდეგ იხრება და სანთელს უბერავს. ალი ილევა, ლამის ქრება და შემდეგ ისევ წელში იმართება.
* * *
გასულ თვეში, ერთ შაბათ საღამოს ჩვეულზე გვიან გამოვიდა მაო კიბეზე. მთელი დღე წვიმდა და რომ დაღამდა, აგრილდა. კარგად თუ დააკვირდებოდი, შეამჩნევდი, როგორ ასდიოდა სველ ასფალტს ორთქლი – თითქოს რაღაც ცოცხალი არსება იყო იქ, რომელიც ათასი პირით სუნთქავდა სიბნელეში. როგორც კი გამოვიდა, დაუსტვინა და მაშინვე კატა ამოხტა იქვე დაწყობილი იოტას მაღაზიის ყუთებიდან. მაომ ერთი ქაღალდის ყუთი ხელით გაშალა, კიბის საფეხურზე დააფინა, ზედ დაჯდა და სიგარა და ბოთლი გვერდით მოიწყო. შემდეგ კატას სწვდა კისერში, მის ფეხებს რომ ელაქუცებოდა და მუხლებზე დაისვა, ეფერებოდა და ესაუბრებოდა. ისეთი სიჩუმე იყო იმ საღამოს გამეფებული, ყურს თუ მიუგდებდი, თუთის ტოტებიდან ჩამოცვენილი წყლის წვეთებისა და ტროტუარის გასწვრივ მორაკრაკე წყლის ხმასაც გაიგებდი, გაიგებდი კატის ზანზალაკის წკარუნს და მაოს ჩურჩულსაც გაიგებდი, ისეთ რამეებს ამბობდა, მისნაირი ბიჭისგან რომ არც ელი. გულისტკივილითა და ნოსტალგიით სავსე სიტყვები. ბავშვია ჯერ, რისი ნოსტალგია უნდა მოესწრო? ისეთი ტკბილი და მშვიდი იყო მისი ხმა, ღამეზე უფრო მშვიდი, ჩურჩული ტროტუარის გასწვრივ მორაკრაკე წყლის ხმას მიაგავდა. თვალებს თუ დახუჭავდი, საოცარ სიმშვიდეს შეიგრძნობდი, წყლის რაკრაკი მაოს ხმას ერთოდა. ხომ ამბობენ, რომ ღამით ვინმეს ხმის გაგება დიდი შვებაა. დიდი შვებაა იმის ცოდნა, რომ ვიღაც შიშისგან ღამეს ათენებს, როცა იცი, რომ ვიღაც რაღაცას მაინც აკეთებს შიშის დასაძლევად.
მხოლოდ მიხალისმა დაინახა, რაც იმ ღამით მოხდა.
მისაღებ ოთახში იჯდა და დოკუმენტურ ფილმს უყურებდა სამყაროს აღსასრულზე, თუმცა რაღაც მომენტში დააფრთხო იმან, რასაც უყურებდა, ტელევიზორი გამორთო, რადიო ჩართო და ვისკი მოიმარჯვა დასალევად. დედამისი საძინებელში იყო თავის დაქალებთან ერთად და რაღაც სიმღერებს უსმენდნენ ტელევიზორში. ჩვევად ჰქონდათ მიხალისის სახლში შეკრება, რადგან ქვრივებს საღამოობით შინ მარტო დარჩენის ეშინოდათ. ამაზე მიხალისი სულ ეჩხუბება დედამისს, სახლი ქვრივების თავშესაფრად აქციეო, მაგრამ ის ყურსაც არ უგდებს. ბოთლი რომ გამოცალა, საძინებელში შევიდა და ჩართული ტელევიზორის წინ ჩაძინებული დედაბრები გააღვიძა, სახლებში ჩამოარიგა, რომ დაბრუნდა, ცოტა ხანს დედამისს ესაუბრა, შემდეგ ისევ მისაღებში შევიდა, ახალი ბოთლი გახსნა, გაიხადა, სიგარეტს მოუკიდა და როგორც სჩვეოდა, ფანჯარასთან ჩამოჯდა. მაოს დაუწყო ყურება, რომელიც კიბის საფეხურზე იჯდა, ეწეოდა, სვამდა და თავის კატას ელაპარაკებოდა.
მოსწონს ღამ-ღამობით სიბნელეში ჯდომა და მაოს თვალთვალი. ბევრჯერ უფიქრია, აეღო ერთი ბოთლი ვისკი, ჩასულიყო, გვერდით მისჯდომოდა, მოხვეოდა, მის გადახოტრილ თავს მოფერებოდა და ეთქვა, კატის მაგივრად მე მესაუბრეო. ბევრჯერ უფიქრია ამის გაკეთება. არ ადარდებს, ღამის გათენება თუ მოუწევს და დილით სამსახურში გამოუძინებელი წავა, თუმცა იცის, მაოს არ მოსწონს კომპანიონები. თანაც, სამეზობლოდან თუ ვინმე თვალს მოჰკრავს, ატყდება ერთი მითქმა-მოთქმა. სჯობს თავი გაიტეხო, ვიდრე სახელი, ასე არ არის? ასეა.
სამს იყო გადაცდენილი, მირაფიორი რომ გამოჩნდა. კვიპროსიდან შემოუხვია დარღვევით, გამორთული ფარებით განაგრძო სვლა და მაოს სახლის წინ შედგა. მიხალისმა დაინახა მუხრუჭის სინათლეები რომ აინთო და ყვითელი გამონაბოლქვიც. მანქანის უკანა მინაზე მიხატული დიდი ყვითელი ღრიანკალიც შენიშნა. წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. დაიცადა. გაიფიქრა, რამეს გადავიცვამო, რადგან ნესტი ძვლებამდე ატანდა, თუმცა ვერ მოასწრო. მაო წამოხტა, კატაც ველური ჩხავილით ჩახტა მისი მკლავებიდან და მაო მთელი ძალით ეძგერა მძღოლის კარს. მირაფიორი საბურავების ღრჭიალით მოსწყდა ადგილს, თან სველ ასფალტზე სრიალებდა. მაო უკან დაედევნა. მუნჯის სახლის წინ შეჩერდა, ხელი წინ გაიშვირა და მაშინ გაისმა გასროლის ხმა, ისე ყრუდ, თითქოს ტოტი მოტყდაო, რასაც შუშის მსხვრევის ხმა მოჰყვა. მირაფიორი უკუსვლით გავიდა კასტამონისზე და თვალს მიეფარა. მიხალისი შიშველივე გადაეკიდა ფანჯრიდან. დაძახება უნდოდა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოსდიოდა. ხედავდა მაოს, რომელიც გზის შუაში იდგა წინ გაშვერილი ხელით და კოვბოისავით მოხრილი. ელოდა, სინათლეები აინთება და ხალხი გამოცვივდებაო, მაგრამ არც არაფერი მომხდარა. მაო კუთხისკენ დაიძრა. ქუჩას გახედ-გამოხედა. მაღლა ცას ახედა, რომელიც ჭირხლში იკარგებოდა. შემდეგ უკან დაბრუნდა ნელი სვლით, თან ბოტებს დასჩერებოდა, რომლებიც მძიმე ხმას გამოსცემდა ასფალტთან შეხებისას. მაღალი და ასე გამხდარი, უსხეულო აჩრდილს წააგავდა.
კიბეს რომ მიაღწია, ბოთლიდან მოსვა და სიგარეტს მოუკიდა. კატა თუთის ხიდან უცქერდა. დაუძახა, მაგრამ არ მივიდა. ერთგან სინათლე აინთო შენობაში. მაომ სიგარეტი მოისროლა და გაიქცა.
მიხალისი ისევე შიშველი გადაეკიდა ფანჯრიდან და დაინახა, როგორ გაუჩინარდა ქუჩის სიღრმეში. უზარმაზარი ჩრდილივით ჩამოწოლილმა სიბნელემ ისე შთანთქა, თითქოს მის სხეულს შეერწყა.
მართალია თუ ტყუილია, ასე ჰყვება მიხალისი.
* * *
მეორე დილით მუნჯის სახლში შევიკრიბეთ. ათი იქნებოდა. მუნჯი აღშფოთებული იყო, ტყვიას მისი მანქანის მინა ჩაემსხვრია. ხელებით ლანძღავდა მაოს და დედამისს, საკუთარ ბედსაც წყევლიდა, მანქანას სულ სახლის წინ რომ აყენებს და მაინცდამაინც გუშინ რომ დახვდა ვიღაცის მანქანა მის ადგილზე და კუთხეში მოუწია გაჩერება. ხელებს იქნევდა და თვალებს აბრიალებდა, კისერზე კი ძარღვები ისე ჰქონდა დაჭიმული, ლამის დასკდომოდა. ვიღაც სამეზობლოს აგინებდა, პოლიციას რომ არავინ შეატყობინა, ვიღაც ამბობდა, რომ ვერ მიხვდა, გასროლის ხმა თუ იყო, მაშინ პირველმა დასძინა, ყველანი ერთნაირი ქათმები ვართ და თვითონ ქორწილში რომ არ ყოფილიყო წასული, აუცილებლად გამოვარდებოდა გარეთ, ყელში სწვდებოდა იმ ნაბიჭვარს და იმ დამბაჩას უკან გასთხრიდა. ცოტა ხანში დიდი აყალმაყალი ატყდა, რადგან, ყველაზე აუღელვებლებიც კი მდგომარეობიდან გამოიყვანა მუნჯის ხელების ქნევამ და ბღუილმა, მმმმმმმ, ნნნნნნ და შეუტიეს, მოკეტე და კუთხეში დაჯექი, გვაცადეო, ის კი უფრო გაწითლდა, დიდ დავთარს დასტაცა ხელი და იმის მაგიდაზე რტყმა დაიწყო. ყველა გაცოფებული და შეშინებული იყო. ზოგი ამბობდა, განყოფილებაში წავიდეთო, დანარჩენები მაოს დედას ლანძღავდნენ, ძაღლივით რომ დაეთრევა აქეთ იქით და სახლი ბორდელად აქციაო. ერთმა ისიც თქვა, ქალებმა სამყაროს დიდი ჭრილობა მიაყენეს, მას შემდეგ, რაც სხვა რამეებით დაკავდნენ და რაც ევალებათ იმით არ არიან დაკავებული, ანუ ბავშვების გაჩენით და მათი გაზრდით, ამით თავიც გაინადგურეს, ბავშვებიც, კაცებიც და სამყაროს მოსპესო. ყველა იმაზე თანხმდებოდა, რომ რაღაც უნდა მოემოქმედებინათ, თორემ ეს ლაწირაკი ნარკომანი თუ ისევ ასე იმოძრავებს უბანში, ხვალ თუ იმის მერე, აუცილებლად ვინმეს შეიწირავსო. ირაკლისმა, დალაქმა, იკითხა, ვინ წაჰყვებოდა მაოსთან, მისთვის ცეცხლი რომ შეენთოთ, მაგრამ ვიღაცამ თქვა, გუშინდელი დღიდან გაუჩინარდაო. ყველა გაცოფებული იყო და შეშინებული. შემდეგ საქმეში მიხალისი ჩაერია, თქვა, რომ არ უნდა გაგვეზვიადებინა და რაღაც კომპრომისისთვის უნდა მიგვეგნო. თქვა, რომ მაო უბნის გუშაგია და ბევრმა მოიპოვა სიმშვიდე მას შემდეგ, რაც მაო ღამეებს ათენებს და უბანს ყარაულობს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, დის გამო რაც გადაიტანაო. არც ის დავივიწყოთ, ის კორიდალოსელი გარეწრები რომ დაემუქრნენ, ერთ ღამეს მოვალთ და დედაშენს და შენს დასაც არ დაადგებათ კარგი დღეო.
გარეკე, მიხალაკის? წამოხტა ვაღიოსი. რადგანაც და მოუტყნეს, ახლა ჩვენ უნდა მოგვტყნას? მხარსაც უჭერ.
ასეა, თქვა ირაკლისმა. საიდან ვიცით? საიდან ვიცით, რომ ყველაფერი ასე იქნება? გეუბნები, ვიღაც ნარკომანებსაა გადაკიდებული და ამიტომაც დასდევენ. წყალი არ გაუვა. ის კრავიც მაგ ამბებში იქნებოდა გახლართული და ამიტომაც გააგდეს შინიდან. დედამისიც გარეულია და ამიტომაც აფარებს ხელს. გვიცავს არა ის. ეგ ნარკომანი გმირადაც რომ გამოიყვანე.
დიდი განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს, მიხალისი და ირაკლისი წასულიყვნენ მაოს დედასთან და ენახათ, რა ეშმაკი მოხდებოდა. თავიდან განყოფილებაში წასვლა ვისაც უნდოდა, ისინიც დათანხმდნენ, რომ პოლიციის ჩარევით შეიძლება მაოც და კორიდალოსელებიც უარესად გაღიზიანებულიყვნენ და შეიძლება უარეს შარში გავხვეულიყავით – სერიოზული ამბავია, თამაში კი არა. ძაღლების და დამატებითი ისტორიების გარეშეც მშვენივრად გავერკვევით ჩვენითაცო.
ასეც მოხდა. თუმცა მაოს დედამ თქვა, რომ არ იცოდა, სად იყო მაო. ისიც თქვა, რომ ლამისაა გაგიჟებულიყო, რადგან შიშობდა, რაიმე სისულელე არ ჩაედინა იმ იარაღით. თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იარაღი იყო, ან საიდან ჰქონდა. არაფერიც არ იცოდა.
სხვებს პოლიციაში უნდათ წასვლა, ძლივს ვაკავებთ, უთხრა მიხალისმა. ვიცი, უპასუხა ქალმა. წავიდნენ. მეც გავყვები. არც კი ვიცი, სხვა რა გავაკეთო.
შემდეგ თქვა, რომ ლიდოში მაოს უფროსთან უსაუბრია და ის დაჰპირებია, მე მოვძებნიო. უთვამს, ნაშუადღევამდე დამელოდეო. ნუ გეშინია, მე მომანდვე, ვიცი, როგორ ამოვთხაროო.
კეთილი, უთხრა ირაკლისმა, როცა ესენი მოისმინა. თუმცა მუნჯიც არ დაგვავიწყდეს, იცი, შენმა ვაჟკაცმა მინა რომ ჩაუმსხვრია? მის ზარალს ვინ აანაზღაურებს?
ქალმა ორივეს შეხედა, შემდეგ სკამზე დაეცა და ატირდა. ერთიანად ცახცახებდა, სუნთქვა ეკვროდა. უმცროსი ქალიშვილი, თომაი მასთან მივიდა, მოეხვია და ცდილობდა, პიჟამას მკლავით ცრემლები მოეწმინდა. შემდეგ მაოს დედა ადგა, უჯრა გამოაღო და ორმოცდაათიანი ამოიღო.
ეს რა არის? იკითხა ირაკლისმა. ორმოცდაათი ევრო. ამით რა უნდა გავაკეთოთ, ჩემო ქალბატონო? ორმოცდაათ ევროდ წვიმის საწმენდსაც ვეღარ იყიდი მინას კი არა.
მეტი არ მაქვს, უპასუხა ქალმა. ვეცდები ერთი კვირის განმავლობაში ვიშოვო. ახლა მხოლოდ ეს მაქვს. მეტი არ მაქვს.
კეთილი, უთხრა მიხალისმა.
არა, არა, შეაწყვეტინა ირაკლისმა. ორმოცდაათი ევროთი აპირებს გამოძრომას? გუშინ საღამოს კინაღამ ხალხი შეიწირა. ასე არ გამოვა.
მეტი არ მაქვს, გაიმეორა ქალმა. აიღეთ და დამტოვეთ ჩემს სადარდებელთან. სად არის ჩემი შვილი? ჩემი მაო. რატომ არ მიდიხართ მის მოსაძებნად? რა გაუკეთეთ? სადაა ჩემი მაო?
გოგო, აქამდე ხმას რომ არ იღებდა, გავიდა და უკან აკორდეონით დაბრუნდა.
აიღეთ, უთხრა მიხალისს. გერმანულია. ათას ევროზე მეტი ღირს. აიღეთ და შეგვეშვით.
დედამ ქალიშვილს შეხედა, შემდეგ კი კაცებს. ჩანდა, რომ ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. გაფუჭებული თოჯინასავით ამოძრავებდა თავს ზემოთ-ქვემოთ. ბლუზა მხარზე ჩამოუცურდა და ლიფის ბრეტელი გამოუჩნდა. ვარდისფერი იყო.
წავედით, უთხრა მიხალისმა და მხარში სწვდა კომპანიონს. წავედით, გეუბნები. გაინძერი.
ირაკლისმა ხელი გაიწოდა და აკორდეონის შავ ღილაკს დააჭირა თითი. არანაირი ხმა. გოგო შეკრთა და უკან დაიხია. მხრები უცახცახებდა და ლოყებზე ალი ეკიდა.
არ დაგვისრულებია, თქვა ირაკლისმა. არ იფიქროთ, რომ ასე იოლად გამოძვრებით. თქვენს ვაჟკაცს კი უთხარით, რომ ველოდები. ეს ასე არ ჩაივლის, გესმით? ჩემთან არ გაგივათ.
გარეთ რომ გამოვიდნენ, ტროტუარზე შეჩერდნენ და სიგარეტს მოუკიდეს. ქარი ქროდა და წვალება მოუწიათ, კარგად რომ მოჰკიდებოდა.
ყურადღება მიაქციე? იკითხა ირაკლისმა.
რას?
მის პირს. ეგრევე ეტყობა რა ბინძურიცაა, უამრავ დუდუკზე აქვს დაკრული. ერთი ჩემი ძველი ბოზი გამახსენა, კერაცინიდან. მაგარი მწოველი იყო. ყლეს არ მაზავდა.
ესეც ისეთივეა. მიბრუნდა და სახლს გახედა.
პატარა კარგია ოღონდ. უბიწო. ძვლებსაც გაულოკავ.
მუნჯს რა ვუყოთ, თქვა მიხალისმა.
დაიკიდე ეგ დედააფეთქებული. ცოტა ხანი ვაცადოთ, ვნახოთ, რა მოხდება. „სატანასთან“ ცოტა უზო ხომ არ გადაგვეკრა? მე გეპატიჟები.
* * *
იმ შაბათ-კვირის შემდეგ მაო გაუჩინარებულია. არავინ იცის, რა შეემთხვა. კაი ხანია, დედამისი და მისი დაც აღარ დაგვინახავს უბანში. მიხალისმა შეუარა რამდენჯერმე, მაგრამ არავინ დახვდა. ამბობს, ალბათ კატერინასთან წავიდნენ იმ კუნძულზეო. ან უბრალოდ სადმე სხვაგან რჩებიან, სანამ ეს ამბავი დავიწყებას მიეცემა. ვინ იცის?
ამასობაში სხვა ამბები გვქონდა უბანში. გასულ კვირაში თვითმმართველობამ დიდი ლურჯი ნაგვის ურნები მოიტანა და ყოველ კუთხეში დადგეს თითო. რაღაც ბროშურები და სპეციალური ჩანთები დაგვირიგეს, ქაღალდი და ქილები ცალ-ცალკე შეაგროვეთო. პროგრესი. ხუთშაბათს საღამოს კი, „სატანასთან“ რომ ვიყავით, ადმირალი მოვიდა და სკოლის გვერდით რომ სოფრონისი ცხოვრობს, იმისი ამბავი თუ გაიგეთო.
რა შეემთხვა? იკითხა ვაღიოსმა. მოკვდა?
სულ აერია გონება ამ ბოლო დროს, თქვა ადმირალმა. გუშინ საღამოს ჩემი ბიჭი სამსახურიდან ბრუნდებოდა და იმ დროს წაადგა, გადასამუშავებელი ნაგვის ურნაში რომ ცდილობდა გადაძრომას. სულზე მიუსწრო. აქ რას აკეთებთ, ძია ტასოსო, ჰკითხა. გაგიჟდი? ნაგავში ხტები? და ის რას პასუხობს? შემეშვი სტეფანოსო. შენს გახარებას, შემეშვი, კაცი, რომელიც ცოლს ვერაფრით ეხმარება და სიკვდილის უფლებას აძლევს, გადასაგდებია. გამიშვი, მეც წამიყვანონ და გადამამუშაონ, იქნებ უკეთესი ადამიანი გავხდეო. გესმით? ხვდებით, რა ხდება სამყაროში? დაინახა და ჩემი ბიჭი მიეშველა. მერე კუთხეში დაჯდა და თავისთვის იცინოდა გიჟივით. არ ვართ კარგად. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საერთოდ არაფერი არ მიდის კარგად.
მახსოვს მისი ცოლი, თქვა მიხალისმა. კაი ხანს იტანჯებოდა საავადმყოფოებში და ექიმებში. კიბო არ ჰქონდა? კარგად მახსოვს.
ადმირალმა ციპურო შეუკვეთა ჩვენთვის. რაღაცის მოყოლა დაიწყო სოფრონისზე და მის ცოლზე, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ ხმას არავინ იღებდა, გაჩუმდა. არავინ იღებდა ხმას. გარეთ ქარი ქროდა. ფანჯრებს აზანზარებდა და ნაპრალებიდან უბერავდა. თერთმეტი ხდებოდა. სატანასმა ტელევიზორი გამორთო, დახლის უკან დადგა და ყურება დაგვიწყო.
ხვალ წავალ, ბავშვს კლინიკიდან გამოვიყვან, თქვა ირაკლისმა. ასე გადავწყვიტე. გვითხრეს, ექსკურსიაზე წაიყვანეთო სადმე ამ შაბათ-კვირას. სასიკეთოდ წაადგებაო. დედამისს ეშინია ოღონდ და არ უნდა წამოსვლა. მე ვერ წამოვალო, ამბობს. ეშინია. არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე.
რამდენი წლისაა? იკითხა ვაღიოსმა.
ოცის. ოცდაერთის გახდება მალე.
ვინმე რუს ქალთან წაიყვანე, ექსკურსიაზე კი არა. მარტო ეს თუ მოიყვანს აზრზე.
ჩემსას თვის ბოლოს შეაფასებენ, თქვა ადმირალმა. გუშინ შეატყობინეს. ვუთხარი, ყურადღებით იყავი-მეთქი. ყურადღებით იყავი, რწმენა არ დაკარგო. ნუ გაუწევ სამსახურს და რწმენას ნუ დაკარგავ. უნდა გწამდეს. ღმერთი რომც არ არსებობდეს, შენ უნდა გწამდეს. შენი რწმენაა ღმერთი. ასე ვუთხარი. ცოტა დასცა ამ ამბავმა ოღონდ. წუხელ ღამით გამეღვიძა და აივანზე ვიპოვე, ეწეოდა. ასე აივნის მოაჯირზე გადაყუდებული რომ დავინახე, მეც არ ვიცი, რატომ, მაგრამ სისხლი გამეყინა. სიბნელეში დავჯექი და ვუყურებდი. გული მიფრიალებდა.
ირაკლისმა სიგარეტი ჩააქრო და წამოდგა.
მივდივარ, თქვა. ადრე უნდა ავდგე.
მიმავალმა სკამს წამოკრა ფეხი და წააქცია. არც კი მიუხედავს.
ადმირალმა კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა და ისევ შეივსო. ხელები უკანკალებდა. ფანჯრიდან ირაკლისს გახედა, რომელიღაც მანქანასთან რომ იყო გადახრილი და ცდილობდა სიგარეტისთვის მოეკიდებინა. დალია, თავი დახარა, თვალები დახუჭა და ასე დახუჭული თვალებით დაიწყო საუბარი.
მე ჯერ კიდევ მწამს, თქვა. მართლა მწამს. ამ ბოლო დროს ვზივარ ლოგინში და ისტორიებს ვთხზავ. ვითომ ჯადოსნურ წამალს მივაგენი და უჩინარი გავხდი, გავიტაცე ფული ბანკებიდან და ხალხს ვურიგებ. კიდევ დიდი მიწა ვიყიდე შემაღლებულ ადგილას, ზღვის პირას და სახლს ვაშენებ, ისეთს, თვალს რომ ვერ მოსწყვეტ. ქვითა და ხით. ჩემი ცოლის სახელი დავარქვი. ვილა კონსტანტინა. ასე ვეძახი. ხუთ-ექვს სახლს ვაშენებ კიდევ, თქვენ გინაწილებთ და ვცხოვრობთ ყველა იქ ერთად და ბედნიერად. ჩემს ქალიშვილს ბაღი აქვს საკუთარ თავზე აღებული, ხეები და ყვავილები. ჩემი ბიჭი, ირაკლისის ბიჭთან და მაოსთან ერთად ზედამხედველად მყავს დანიშნული. კარგად ვუხდი, მანქანებსაც ვაძლევ სამივეს და ძალიან ბედნიერები არიან. მაოს დედა და უფროსი და სამზარეულოში გავაწესე, იქაურობაზე აგებენ პასუხს. საყიდლებზე რომ იარონ, საჭმელზე იზრუნონ და ასეთი რაღაცები. უმცროს გოგოს მუსიკის დაკვრა ევალება საღამოობით, რომ ვიქეიფოთ და გავერთოთ. ცხადია. ყველაფერი გავთვალე. უკანასკნელი წვრილმანებიც კი. ამ მიწაზე ბევრი რამე მაქვს გაკეთებული. ერთი ქვის სარდაფი მაქვს, გარშემო ფანჯრით. შიგნით აუზია, დამთბარი როა ისეთი. ზამთარში სითბოში რომ იცურაო და ფანჯრიდან წვიმას და თოვლს უყურო. კარგი რამეები. კარგი რამეები. ერთიც მაღალი შენობა მაქვს აშენებული, კოშკივით მაღალი, გარშემო ისიც შემინული. იქ ვქეიფობთ ხოლმე. მთლიანად პარკეტი აგია და დიდი მაგიდა მიდგას მთელს სიგრძეზე, ოცდაათი, ორმოცი ადამიანი თავისუფლად რომ დაეტიოს. ბუხარიცაა და საცეკვაო მოედანიც. საუკეთესო სტერეო სისტემაც მაქვს, თუმცა არ გვჭირდება, მუსიკას ხომ პატარა თომაი გვიკრავს. სპეციალური კომპიუტერიც მაქვს, დააჭერ და ჭერი ორად იხსნება, ფანჯრები კი დაბლა ეშვება. საზაფხულო ხრიკია, ხომ ხვდებით, რომ არ დაგვცხეს, თუმცაღა საუკეთესო კონდიციონერიც მიდგას. ზაფხულში საღამოობით მაღლა ვიკრიბებით, ვჭამთ და ვსვამთ კარგი დროების სადღეგრძელოებს და ვცეკვავთ გათენებამდე. მეც იქვე ვზივარ კუთხეში და გიყურებთ, როგორ ქეიფობთ და მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით რაღაც მწვავს. თქვენ არ იცით. გგონიათ, თითქოს მილიონი მოვიგე ჯოკერში ან ლატარიაში. ასე მაქვს თქვენთვის ნათქვამი. არ იცით, ჯადოსნური წამალი რომ მაქვს, რომელიც უჩინარს მხდის და ფულს ბანკებიდან ვიპარავ, ისე, რომ აზრზეც ვერავინ მოდის. არც ის იცით, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც წამალს ვყლაპავ, უხილავი რომ გავხდე, ცხოვრების ერთ წელს ვკარგავ. ასეთია შეთანხმება. ყოველ ჯერზე, წამალს როცა ვსვამ, სიცოცხლის ერთ წელს ვკარგავ. თუმცა თქვენ არაფერი იცით. თქვენ არაფერს გაგებინებთ. ჭიქებს ვუჭახუნებთ ერთმანეთს და ჩემი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამთ, ათასი წელი იცოცხლე შენს ოჯახთან ერთადო. მეც გიყურებთ ჩემი კუთხიდან და კმაყოფილი ვარ. ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც ერთობიან და ვხარობ. თვალს ვავლებ ირგვლივ ყველაფერს, რაც შევქმენი და ვამბობ, ალალია. და, როცა ქეიფი სრულდება და ყველანი დასაძინებლად მიდიხართ, სანაპიროზე ჩავდივარ, ვჯდები ჩემთვის მარტო და ზღვას გავცქერი საათობით. და სევდა მიპყრობს, რადგან უკვე ბევრი წამალი მაქვს დალეული და ბევრი დრო აღარ მრჩება. იმასაც ვფიქრობ, რომ სინამდვილეში მთელი ეს ამბავი დიდი უსინდისობაა. თუმცა არ ვნანობ. არა. რადგან თქვენი სახეები ვნახე და ვიცი. ვიცი, რომ ხანდახან სიკეთესა და სიმართლეს ერთი გზა არ აქვთ. ვიცი, რომ ხანდახან სიკეთე სიმართლეზე მაღლა დგას. ვიცი.
საუბარი შეწყვიტა, თუმცა თვალები არ გაუხელია. ღაწვები გაუყვითლდა. ვაღიოსმა გადმოგვხედა, ტუჩები მოპწკურა და თავი გადაიქნია. ადმირალის ჭიქა აიღო, შორს გადადგა და სატანასს მოუხმო თავის დაქნევით. სატანასი დახლიდან გამოვიდა, ირაკლისის წაქცეული სკამი წამოაყენა და მერე ჩვენ მოგვიახლოვდა. ნეკნს ღრღნიდა.
რა გჭირთ ყოველ საღამოს, თქვე ჩემისებო, სახლები არ გაქვთ?
ადმირალმა თავი ასწია და ახედა. დამფრთხალი ცხოველივით აფახულებდა თვალებს.
ნახევარი ლიტრიც მოგვიტანე, თქვა. ბიჭებსაც, რასაც სვამენ. რამე მისაყოლებელიც.
სატანასმა ძვალი მაგიდაზე მოისროლა, ცხვირი გამოიფერთხა და ადმირალის სკამს დაეყრდნო.
რა მისაყოლებელს ისურვებენ ბატონები? თქვა. ანჩოუსის კვერცხები გვაქვს ველური ბრინჯით და ნიანგის საგანაკი ოთხი ყველით. ან იქნებ რაიმე ტკბილი გირჩევნიათ? ნაყინი მაქვს გაკეთებული, სპეციალე, ნაღების კრემითა, კენგურუს რძითა და ტყის კენკრის სიროფით.
შემოგვხედა და შემდეგ ადმირალს შეხედა, რომელსაც ისევ ჩაეღუნა თავი. მოულოდნელად მხრებში სწვდა და სკამიდან ასწია.
ეს წაიყვანეთ და წადით, უთხრა ვაღიოსს. დროზე, გზას ეწიეთ, წადით-მეთქი.
კართან მისულები დაძახილით შეგვაჩერა.
სად ხართ? მეც დამიძახეთ ხოლმე იმ თქვენს მიწაზე საქეიფოდ, კარგი? მეც ვიბანაო იმ თქვენს აუზში. კარგად იყავი, პავლაკოს, ბანკების უჩინარო მძარცველო. მოსაწვევს ველი, კარგი? ერთი ამათ უყურე. ამათ უყურე, ვილები და აუზები მომინდომეს. სათვალავს მიხედეთ, სათვალავი არ აგერიოთ.
* * *
გუშინ საღამოს მაოს კატა მისი სახლის წინ ვიპოვეთ თუთის ხეზე ჩამოკიდებული. უკანა ფეხები მავთულით შეეკრათ, თვალებში კი მარილი ჩაეყარათ. სისხლში იყო ამოთხვრილი. თვალები ბრჭყალებით ამოეჩიჩქნათ. როცა ვიპოვეთ, სისხლი უკვე შემხმარი იყო ტროტუარზე, ნახევარი თავი კი ბუზებს ჰქონდათ გამოჭმული. ყარდა იქაურობა.
ვიდექით და უსიტყვოდ შევყურებდით. მხოლოდ მუნჯი ცდილობდა რაღაცის თქმას ხელებით, თუმცა მიხვდა, რომ არავინ აქცევდა ყურადღებას და წავიდა.
მიხალისმა კატა ტოტიდან ჩამოხსნა, გაზეთში გაახვია და ოსია ქსენიზე წაიღო გადასაგდებად.
ხალხი რომ დაიშალა მიხალისის დედამ სათლი და ჯაგრისი მოიტანა და ტროტუარიდანა სისხლის წმენდას შეუდგა. თავის თავს ესაუბრებოდა და თვალებს ჟაკეტის მკლავით იწმენდდა.
უბედური მაო, ამბობდა. რა გიყვეს იმ ნაძირალებმა, ჩემო ბიჭო, საწყალო მაო.
[1] არყის სახეობა კუნძულ კრეტადან.
[2] კომუნისტური პარტიის რადიოსიხშირე.
© არილი