ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ელზა გურგენიძესთან – “სანამ ჯოჯოხეთი არ მაქვს, სამოთხეში ვარ”

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დავიბადე შფოთვაში.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რეალობის, რომელიც გამონაგონია. ან შეგვიძლია, შევაბრუნოთ და პასუხი მაინც სწორი იქნება: გამონაგონის, რომელიც მწერლის რეალობაა.

ადამიანის წარმოსახვა შეზღუდულია თუნდაც სივრცის სამგანზომილებიანი ევკლიდური აღქმით და მას არ შეუძლია შექმნას ისეთი რამ, რისი პროტოტიპიც უკვე არ არსებობს მის გამოცდილებაში (თუნდაც სიზმრებში), მაგრამ გვაქვს უსასრულო კომბინატორული შესაძლებლობები.

წერისას, როცა ჩიხში შევდივარ, თავს ვეკითხები – რა მოხდება, ამ პერსონაჟმა უცებ რომ… და აქ იხსნება კოსმოსი.

თან ვცდილობ, მხატვრულ სიმართლეს არ ვუღალატო და, ამავდროულად, მაქსიმალური თავისუფლება მივცე პერვერტულ ფანტაზიას.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

უსამართლობა და პერვერსიები.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

შერლოკ ჰოლმსი.

პასუხი აზრთა ქაოსში სპონტანურად დავიჭირე, რადგან ასეთი შეკითხვა მაშეშებს. რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის ერთგულება დიდხანს არ შემიძლია. წიგნის კითხვას რომ ვასრულებ, რაღაც დროის მანძილზე ვგლოვობ მასთან განშორებას, მენატრებიან გმირები, დღის განმავლობაში მათ ველაპარაკები, მაგრამ მერე მორიგ სამყაროში გადავინაცვლებ თუ არა, გული ისევ მეხსნება ახალი სიყვარულისთვის.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებს ვივიწყებ. უბრალოდ, ალმოდებული ვნება მიცხრება და მას მშვიდი სიყვარულით ვანაცვლებ.

მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ვოინიჩის “კრაზანა” წავიკითხე და არტურ ბერტონზე ჭკუა დავკარგე. ტკივილამდე შემიყვარდა. ჩემთვის სახლში წიგნიდან წიგნიდან სცენებს ვდგამდი და არტურს განვასახიერებდი. დაახლოებით მაგ პერიოდში ვნახე მშობლებთან ერთად ქუთაისის კინოთეატრ “კომუნაში” გრემ კლიფორდის ფილმი “ფრენსისი” ჯესიკა ლანგის მონაწილეობით და ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, იმდენად უპასუხა ჩემს შფოთვებს პატრიარქალური სისტემის და დედის მიერ ფრენსისზე ძალადობამ, იმდენად გავაიგივე მასთან თავი, რომ გადავწყვიტე, თავი მომეკლა. კლასელს ვთხოვე, დედაშენი ხომ ექთანია, იქნებ ოპიუმი გამოართვა, მჭირდება-მეთქი (კრაზანაც ოპიუმით ცდილობდა სუიციდს). მეორე დღესვე ეს ამბავი დედაჩემის ყურამდე მივიდა და თავს ახალი ჯოჯოხეთი დამატყდა – მშობლები მთელი სერიოზულობით ცდილობდნენ ჩემ გამოტეხას, ვინ მორფინისტმა გაიძულა, მისთვის ოპიუმი გეშოვაო.

თავიც ვერაფრით ვიმართლე. ხომ ვერ გავამხელდი, რა მორფინისტი, ჩემთვის მინდოდა, თავი უნდა მომეკლა-მეთქი?!

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი”.

საკითხავ წიგნებს განგებ არავინ მირჩევდა. ჩემს თავს ვიყავი მინდობილი – წიგნის თაროები სახლში ან ქუთაისში ზაოდის ბიბლიოთეკა, სადაც ბებიაჩემი იყო გამგე და მთელ დღეებს მასთან, წიგნსაცავში ვატარებდი.

არჩევანი დიდი მქონდა, მაგრამ ზრდასრული მრჩევლის გარეშე წაკითხული ლიტერატურა იმდენად ეკლექტური იყო, რომ სხვა, დალაგებული ადამიანებისგან სრულიად განსხვავებული “ლიტერატურული ანამნეზი” მაქვს.

ალბათ, ყველაფერს ჩემი ასაკის შესაფერისად ვიგებდი, მაგრამ რადგან მძაფრი მგრძნობელობა და შფოთვა მდევდა დაბადებიდან, ეგზისტენციალური პრობლემებიც ნაადრევად მტანჯავდა.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

სტალინი.

არა, ეჟოვი იყოს.

НКВД-ს ნარკომი სისხლიანი ჯუჯა არასრული დაწყებითი განათლებით. მუდამ არყით გაპიჟვინებული, შარვალზე შეხსნილი საკინძით, მკლავებ დაკაპიწებულ კიტელზე პატიმრების მიმხმარი და სველი სისხლის წვეთები.

680 ათასი დახვრეტილი და 115 ათასი წამებაში შემომკვდარი.

როცა მისი ჯერიც დადგა და დასახვრეტად გაჰყავდათ, ფაღარათი დაემართა, ჩაისვარა, დაბლა ფორთხავდა და ბღაოდა, სტალინის და პარტიის ერთგული ვარო.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

კინომანი ვარ. კინოთი შეპყრობილი. ყველაფერს კინოს თვალით ვუყურებ და მგონია, რომ ეკრანზე ვხედავ, რაც ჩემს თავს ხდება. ნებისმიერ სიტუაციაში ფილმებიდან ანალოგიური სცენები მიდგას თვალწინ და სულ ვთამაშობ. რომანის წერისას წარმოსახვაში ფილმს ვიღებდი, სცენებს ვდგამდი და ვამონტაჟებდი. მეგონა, ლიტერატურას კი არა, კინოს ვაკეთებდი.

ერთი ფილმის, ერთი რეჟისორის დასახელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვიტყვი, კონკრეტულად ამ წამს, დღეს რამ შემიპყრო, ვინ მომიცვა და სრულად დაიპყრო ჩემი გონება. რამდენიმე წლის შემდეგ, წუხელ ხელახლა ვნახე ლეოს კარაქსის ANNETTE და ისე ავადმყოფურად ჩავრჩი ისევ მის სამყაროში, მივჩერებივარ ახლა წლის და სამი თვის შვილიშვილს და ველოდები, როდის ამღერდება – NOW YOU HAVE NOTHING TO LOVE…

განწყობის და მდგომარეობის მიხედვით ფილმების დიდი ჩამონათვალი მაქვს და საყვარელი რეჟისორების რეტროსპექტივებს ვიწყობ. თითო ფილმი რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, ყოველ ჯერზე ვპოულობ ახალ პასუხს ზუსტად იმ კითხვაზე, რომელიც იმ მომენტისთვის მაწუხებს.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

კონცეპტუალური თანამედროვე ხელოვნება მაინტერესებს და მასში JEFF KOONS და ანდრო დადიანი მიყვარს.

გაოცებული მივჩერებივარ, როგორ მოქმედებს ამ არტისტების ფანტაზია, შთაგონება, როგორ და რისგან ქმნიან ხელოვნებას. ერთია, ხელობა, როცა რომელიმე ფერწერული ტილოს ან მარმარილოს ქანდაკების შესრულების უმაღლესი ტექნიკით ხარ აღფრთოვანებული და ვერაფრით ხვდები, ასეთ სრულყოფილებას როგორ მიაღწია მხატვარმა ხელობაში. მაგრამ სულ სხვაა კონცეპტუალური არტი, სადაც მხატვრის, შემოქმედის განუმეორებელი იდეა მოდის წინა პლანზე და გიჩენს განცდას, თითქოს ეს ძალიან მარტივია, ადრეც გინახავს ან თვითონაც გააკეთებდი, მაგრამ მთელი საიდუმლოც ამ მოჩვენებით სიმარტივეში, რეალურად კი ექსკლუზიურ იდეაშია.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ადამიანების მიმიკებს ვასკანერებ უნებლიედ და “მათ აზრებს ვკითხულობ”. ზოგჯერ მათთვისაც გაუცნობიერებელ აზრებს. ეს ურთიერთობებში მიშლის ხელს და ზედმეტად მღლის.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ბავშვობიდან. ქუთაისში გამარჯვების მოედნიდან ჯავახიშვილის ქუჩის 10 ნომრამდე ტროტუარზე ასფალტის ყველა  ბზარი და საკანალიზაციო ჭის ხუფი ზეპირად ვიცოდი – ათასი წესი მქონდა, რაზე შეიძლებოდა ფეხის დაბიჯება და რას უნდა ავრიდებოდი, ჩანაფიქრი რომ ამსრულებოდა.

უწინ ეს ხასიათის თავისებურება მეგონა. ახლა კი ვიცით, რაც ჰქვია ამ დარღვევას და მას შემდეგ, რაც წამლის მიღება დავიწყე, ხასიათიც “შემეცვალა” და შედარებით გავნორმალურდი.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

რაც თავი მახსოვს.

ბავშვობაში ამას უფრო რიტუალური სახე ჰქონდა, წარმოვიდგენდი, როგორ ვიკლავ თავს და ამით მშობლებს ვსჯი. რატომღაც დედაჩემიც უშვებდა, რომ შეიძლებოდა ეს მეფიქრა და ჩემთან ჩხუბის შემდეგ სახლში ყველა მჭრელ და ბასრ ნივთს გადამალავდა ხოლმე. ეს უფრო ემარტივებოდა, ვიდრე უსიყვარულობის დაძლევა და ჩემი პიროვნული თავისუფლებების აღიარება. მერეც მქონდა მომენტები, როცა მეგონა, სიკვდილის გარდა ვერაფერი გადამარჩენდა. მაგრამ, ფაქტია, ცოცხალი ვარ და ახლა უკვე ბუნებრივ სიკვდილზე მეფიქრება ხოლმე. უკვე მშვიდად და რაციონალურად.

რამდენიმე წლის წინ თვითმფრინავში პანიკური შეტევა დამემართა. სალონში ყველას ეძინა. მეგონა, თვითმფრინავი მოწყდებოდა და შურდულივით დაეშვებოდა თერთმეტი კილომეტრი სიმაღლიდან მიწაზე. წამები გაგრძელდა ალბათ. მერე გამახსენდა, რამდენი დარდი მიჭამს გულს, რამდენი მოგონება მაკვნესებს მარტოობაში და უცებ მომეშვა – ჩავთვალე, რომ ასეც რომ მოხდეს და ცოცხლად დავიწვა, ამით ყველაფერს გამოვისყიდი, რის გამოც ვშფოთავ მუდამ-მეთქი და ამოვისუნთქე.

აწი, როცა არ უნდა გავქრე, დიდს ვეღარაფერს დავაზიანებ.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

კინო და ისტორიები.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

იმის დაშვების უფლებას თუ მაძლევთ, ისტორიულ მოვლენებში ჩავერიო და შედეგები შევცვალო, ბარემ მეტზე გავწევ ფეხს, რატომ ვიწუწკო და დავხურდავდე წვრილმანებზე?! საქართველოს შვეიცარიის ადგილას ჩავსვამდი.

ასე მინდა და მიყარონ ახლა კაკალი.

დიონისე თუ აპოლონი?

ხან ერთი და ხან მეორე.

თითქოს ისე ჩანს, რომ 35 წლამდე დიონისე მყავდა სულში, ხოლო მერე აპოლონმა მიჯიგრა, მაგრამ, რეალურად, დიონისე არსად წასულა და მისი ძმაც სულ იქ იყო, მამაცხონებული.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ალბათ, ბიბლიის, იმ მთავარი პირობით, რომ არცერთი მიზოგინი, ჰომოფობი, ქსენოფობი და მჩხიბავი არ გაჰკარებოდა შემდგომში ჩემ დაწერილ ტექსტს (სავლე-პავლე ვითომ-ვითომ მოციქულის გასაგონადაც ვამბობ).

ადამიანი, ვისიც გშურთ

ზოგჯერ მშურს იმათი, ვინც არასდროს რეფლექსირებს და არასდროს მსჯელობს. მშურს მათი უსინდისო სიმშვიდის. მაგრამ ეს წამიერი განცდაა ხოლმე და მერე ეს შური ბრაზში გადამდის.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

90-იანებში საქართველოდან რომ არ წავედი და ახალგაზრდობის წლები ფუჭ ჭიდილში გავფლანგე.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ზვიად რატიანი.

და კიდევ ორზე მეტი პოეტი.

თანამედროვე პოეზიის შეფასება მიჭირს, ვერ ვერკვევი. ზოგჯერ აღიარებულ მოსაზრებას არ ემთხვევა ხოლმე ჩემი აზრი, რადგან არ ვიცი, როდის, როგორ და რა განწყობაზე უნდა ვიკითხო, მაგალითად, ასეთი სტროფები:

გაზაფხულია.

მერცხალი არ ჩანს.

სანდლები მიჭერს

და ჭერზეც ობობა ბუდობს.

ვიცი, რომ ეს ჩემი უნიჭო მცდელობაა, ლენონი წავიმღერო და მეგობარმა დაასკვნას, არც ხმა ჰქონია და არც სმენა მაგ ვიღაც ლენონსო. მოკლედ, ხრუშჩოვს ავანგარდისტების გამოფენას ნუ შეაფასებინებთ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

“დაწყნარდი”. ამის მთქმელს ნაჯახით ვკლავ ხოლმე წარმოსახვაში.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

შემოგევლე, გენაცვალე, შენი ჭირი მე, ჩემო სიცოცხლე.

დაასახელეთ 21- საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

მხოლოდ სამი რომ დავასახელო, დანარჩენი 97 სიზმრებად ამეკვიატება და ჩემს უძილო ღამეებს, კიდევ ეს უნდა?!

ამიტომ, სჯობს, დუმილის უფლებით ვისარგებლო.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ყველაფერი კარგად იქნება.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია.“

და ეს სიტყვები მხოლოდ მატერიალურს არ ეხება. ჩემთვის ეს განსაკუთრებით ემოციებს უკავშირდება. ზუსტად ვიცი, რომ გაზიარების გარეშე არანაირი სიხარული არ არსებობს.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამ ენაზე ვკითხულობ: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ოღონდ პირველ ორზე – სიამოვნებისთვის, ხოლო ინგლისურად – საჭიროების გამო.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

იმ წიგნს, რომელშიც არცერთი პერსონაჟი არ მიზიდავს, ბოლომდე ვერ წავიკითხავ. შესაბამისად, ბევრნი არიან და მათ შორის ერთ-ერთის გამოყოფა ისეთივე რთულია, როგორც ყოფილი შეყვარებულების თუ ქრაშების “მაინც ყველაზე ყველაზე მეტად რომელი გიყვარდა”-ს პრინციპით გარჩევა.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ჩემი საყვარელი მწერლების უმრავლესობა მთლად კარგი საურთიერთო ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ და ამიტომ, ჯობია,  მათ ისევ წიგნებით ვიცნობდე.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

შვილების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

წარსულში ელემენტარულ ჰიგიენასთან, ინფორმაციაზე წვდომასთან, ჯანდაცვასა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებული დიდი პრობლემები იყო. მომავალი არ ვიცი, როგორი იქნება. ალბათ, დღევანდელზე უკეთესი, მაგრამ მაინც აწმყოში დავრჩები, მირჩევნია.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

სემუელ ბეკეტის “მერფი”

“The sun shown, having no alternative, on the nothing new.”

რომელია საუკეთესო დასასრული?

ჭირი იქა, ლხინი აქა!

ენა თუ ამბავი? რატომ?

პროზაში – ამბავი.

პოეზიაში, ალბათ, – ენა.

კინოშიც თანაბრად კარგია ორივე – ამბავიც და ცალკე კინოენაც.

პროზაში, განსაკუთრებით, რომანში მოჩუქურთმებული,  მდიდარი ენა ან რაიმე განსხვავებული, ექსპერიმენტული თხრობის სტილი ვერ გადაარჩენს წიგნს, რომელშიც არაა ამბავი, ან ეს ამბავი ენის სირთულის გამო თუ ვერ იკითხება.

ბეკეტი და რამდენიმე მისნაირი გამონაკლისი მხოლოდ წესს ადასტურებენ.

პროცესი თუ შედეგი?

კონკრეტული შედეგისკენ მიმართული საინტერესო პროცესი.

როგორც კავაფისი წერდა:

“ნანატრი ითაკის გზას რომ დაადგები, ისურვე წინ შორი გელოდეს სავალი.”

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

არ მოიტყუო თავი.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

“ვაიმე, ვინა ხარ ეგეთი მოდური და საყვარელი?”

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ეგეთმა ამბავმა რომანი უკვე დამაწერინა.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

სანამ ჯერ კიდევ რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ყოველი სემესტრის ბოლოს რუსული და ევროპული მხატვრული ლიტერატურის ისეთი რაოდენობის წიგნები მქონდა ხოლმე საგამოცდოდ წასაკითხი და ისეთ ტემპში ვკითხულობდი, მათი უმრავლესობიდან მეხსიერებაში მხოლოდ ემოციები შემომრჩა.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

რომ გამეთიშოს ინტერნეტი, ფლიბუსტა და ამიკრძალონ კარაქიანი პურის ჭამა.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

სანამ ჯოჯოხეთი არ მაქვს, სამოთხეში ვარ.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

რაც შეიძლება დიდსა და სქელს.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

როდის გაბრწყინდება საქართველო?

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

ჩემი გჯერა?

© არილი

Facebook Comments Box