თარგმანი,  ხსოვნა

უმბერტო ეკო – 140 პასუხი კითხვაზე „როგორ ხარ?“ და სხვა ტექსტები

იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

1992 წლის ზამთარში აფხაზეთში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა ერთად. გაზეთ „საქართველოში“ ვმუშაობდი და რედაქტორმა, ნოდარ გრიგალაშვილმა, ერთ ჟურნალისტზე მითხრა, მას დავაწერინებ ამ ამბავზეო. არ არის დღეს რედაქციაში, სხვა დაწერს-მეთქი. არა, მან მინდა დაწეროს, მაგას სხვანაირად სტკივაო. მაშინ 19 წლის ვიყავი, არც წერის გამეგებოდა ბევრი, არც ტკივილის და მითუმეტეს – სიკვდილის. მაშინ ვიფიქრე, რომ ნოდარი მართალი იყო, მაგრამ ახლა აღარ ვეთანხმები. ძალიან ძნელია იმაზე წერა, ვინც ძალიან გტკივა. უფრო სწორად, წერა შეიძლება, მაგრამ კარგად წერა ძალიან ძნელია. ტკივილით წერა სენტიმენტალიზმის საფრთხეს აჩენს და  კიტჩის ზღვარზე სიარულია. მახოზე ამას ვერ გავრისკავ. მარტო იმას ვიტყვი, რომ ამ ტექსტების თარგმნისას რამდენჯერმე გამკრა თავში, ამას მახოს ვკითხავ-მეთქი. ვიცი, რომ მარტო არ ვარ, ვიცი, რომ მის ბევრ მეგობარს ემართება ასე.

რომ მოესწრო, უმბერტო ეკოსავით მალხაზ ხარბედიაც დაიბარებდა, ნეკროლოგები, ჩემი საღამოები და ჩემდამი მიძღვნილი ნომრები არ დავინახოო. ეკოს გაუმართლა, მახოს – არა, მახომ ბევრი რამ ვერ მოასწრო. ამიტომ, რადგან ეს ნომერი მაინც გამოდის, მინდა, ისეთი რამე დარჩეს მასში ჩემგან, რაზეც მახო არ „დაიქრინჯებოდა“, რაც გააცინებდა და გაახალისებდა. ვიცი, ბევრს აატირებს ეს ნომერი და მე კი მინდა, ვიცინოთ, რადგან ჩემთვის ყველა იმ ტექსტში იცოცხლებს მახო, რომელიც ოდესმე გამაცინებს.

ეს ტექსტები სხვადასხვა დროს არის დაწერილი, თუმცა 1992 წელს ერთ წიგნად გამოვიდა, სახელითმეორე მცირე დღიური“. „ბეკონი“, „დეკარტიდამარქსი“ 1958 წლის ნაწერებია სახალისო ბროშურიდან „თავისუფალი ფილოსოფოსები“, ხოლოროგორ ხარ?“ 1992 წლის ტექსტია. თუ ვხუმრობთ, სერიოზულად ვიხუმროთო, წერდა უმბერტო ეკო „მეორე მცირე დღიურის“ წინათქმაში. უმბერტო ეკოს ნაწერების სამი ათას გვერდზე მეტი მაქვს თარგმნილი და სრულიად სერიოზულად ვიტყვი, რომ ყველაზე სერიოზული და ძნელი სათარგმნი სწორედ მისი სახალისო ტექსტებია. ეკო არა მხოლოდ ცოდნით თამაშობს; თამაშობს ენით, გამოთქმებით, ანდაზებით, კულტურული მინიშნებებით, ლიტერატურული ჟანრებით, თამაშობს ფილოსოფიით, მეცნიერებით. თამაშობს ყველაფრით, რაც არა მხოლოდ ერთი ენიდან მეორეზე, არამედ ერთი კულტურიდან მეორეში არ ითარგმნება და ცვლილებას, მიგნებას, მორგებას, უამრავ დროს, დიდ შრომას მოითხოვს. ეკოს იუმორისტული ნაწერების თარგმნა უჩვეულოდ თამამ გადაწყვეტილებებს ითხოვს მთარგმნელისაგან და არ არსებობს საუკეთესო გამოსავალი, რადგან ნებისმიერ დროს თავადვე შეიძლება მიაგნო რაღაც უკეთესს, უფრო კოხტას, უფრო მოხდენილს. მაგრამ არა უშავს: მნიშვნელოვანია, თითოეულ გადაწყვეტილებაზე ნაფიქრი, თითოეულ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი გქონდეს.

ხათუნა ცხადაძე

140 პასუხი კითხვაზეროგორ ხარ?“

  1. იკარუსი: წელი მტკივა.
  2. პროზერპინა: ქვესკნელში მენახეთ ყველანი!
  3. პრომეთე: რაღაცამ დამკბინა, თან რომ ვერც ვიფხან… 
  4. თესევსი: გორგალიო და კოჭი ძაფი არ მაღირსეს…
  5. ოიდიპოსი: გმადლობ, დედა კმაყოფილია.
  6. დამოკლე: უარესსაც არ გამოვრიცხავ.
  7. პრიაპოსი: სირზე მკიდიხართ!
  8. ოდისევსი: ეჰ, ცხენზე ვიჯექ, ვირზე დამსვესო, ხომ გაგიგია…
  9. ჰომეროსი: ბნელებს ვერ ვიტან!
  10. ჰერაკლიტე: ვერ ვჩერდები.
  11. პარმენიდე: გავიჭედე.
  12. თალესი: წყალწაღებულივით.
  13. ეპიმენიდე: რა ვქნა, მოგატყუო?
  14. გორგია: რავი…
  15. დემოსთენე: ძალიან ძნელი სათქმელია.
  16. პითაგორა: რაც მთავარია, ჩემი კუთხე მაქვს.
  17. ჰიპოკრატე: ჯანზე ვიყოთ და…
  18. სოკრატე: არ ვიცი.
  19. დიოგენე: ძაღლურად.
  20. პლატონი: იდეალურად.
  21. არისტოტელე: მაგარ ფორმაში ვარ.
  22. პლოტინი: ღმერთივით.
  23. კატილინა: ამათი დრო დათვლილია.
  24. ეპიკურე: ეშმაკი მწყალობს, ღმერთი რას დამაკლებს?
  25. მუციუს სცევოლა: ხელს რომ წამაშველებდეს ვინმე…
  26. მარკუს ატილიუს რეგულუსი: ვარ ჩემთვის ჩუმად, სავსე კასრი არ რახრახებსო, ხომ გაგიგია?
  27. ფაბიუს მაქსიმუსი: დამაცადეთ კაცო…
  28. იულიუს კეისარი: მეგობრების იმედი ნუ მომიშალოს ღმერთმა! ეს მარტიც მალე გავა… 
  29. იობი: ვითმენ, რა ვქნა…
  30. ლუციფერი: ღვთის ნებით, რა მიშავს…
  31. იერემია: ჯერ სადა ხარ… გადაირევი, ისეთი რამეები მოხდება!
  32. ნოე: როგორ ვიქნები? გახედე, რა ზღვაა…
  33. ონანი: საკუთარი თავის იმედად დავრჩი კაცი…
  34. მოსე: რქებით ვაწვები წუთისოფელს!
  35. ხეოფსი: ერთი გოჯი მიწაც მეყოფა ცისქვეშეთში…
  36. შეჰერეზადა: მოკლედ რომ გითხრა…
  37. ბოეთიუსი: რა ვქნა, თავს ვინუგეშებ.
  38. კარლოს დიდი: როგორ და დიდებულად!
  39. დანტე: მეშვიდე ცაზე.
  40. ჟანა დ’არკი: ეს ჯავშანი დამიჭერს?
  41. წმინდა თომა: ჯამში, არა მიშავს.
  42. ერაზმი: სულ მთლად გადარეული ვარ!
  43. კოლუმბი: ეჰ, გავდივარ გაღმა…
  44. ლუკრეცია ბორჯა: იქნებ ჯერ რამე დაგელია…
  45. ჯორდანო ბრუნო: უსასრულოდ ბედნიერი!
  46. ლორენცო დე მედიჩი: ბრწყინვალედ!
  47. დეკარტი: ვფიქრობ, კარგად.
  48. ბერკლი: თითქოს კარგად.
  49. ჰიუმი: მიმაჩნია, რომ კარგად. 
  50. პასკალი: იცი, უამრავ რამეს ვფიქრობ…
  51. ჰენრი VIII: მე რა მიშავს, ჩემი ცოლი ვერაა კარგად.
  52. გალილეო: საჩემოდ ბრუნავს ბედის ბორბალი!
  53. ტორიჩელი: რა ვიცი, წნევები მაქვს.
  54. პონტორმო: ეჰ, წახდა ხალხი, მანერები აღარ უვარგა…
  55. დეზდემონა: ასეთი ქმრის პატრონს რა მომკლავს?
  56. ნიუტონი: წესით და კანონით, კარგად.
  57. ლაიბნიცი: უკეთესად შეუძლებელია.
  58. სპინოზა: არსებითად, კარგად.
  59. ჰობსი: როგორ ვიქნები, მგლების დრო დადგა!
  60. ვიკო: ხან კარგად… ხან ცუდად… მერე ისევ კარგად და ასე…
  61. პაპენი: წნევამ ამიწია.
  62. მონგოლფიე: წნევა დამივარდა.
  63. ფრანკლინი: დამუხტული!
  64. რობესპიერი: თავი დავკარგე ამხელა კაცმა…
  65. მარატი: საბანაოდ შევდივარ.
  66. კაზანოვა: გავათავე.
  67. გოეთე: სინათლე მჭირდება, შუქი შემოუშვი, თუ კაცი ხარ!
  68. ბეთჰოვენი: რა თქვი?
  69. შუბერტი: ნუ მაწყვეტინებ, თუ ღმერთი გწამს!
  70. ნოვალისი: უკეთესზე ვერც ვიოცნებებდი.
  71. ლეოპარდი: დამცინი, არა?
  72. ფოსკოლო: ასე ყოფნას სიკვდილი მერჩივნა.
  73. მანძონი: ღვთის წყალობით, კარგად.
  74. ზახერ-მაზოხი: ღვთის წყალობით, ცუდად.
  75. დე სადი: მე – მშვენივრად!
  76. დალამბერი და დიდრო: ორ სიტყვაში როგორ გითხრათ…
  77. კანტი: კრიტიკული სიტუაციაა.
  78. ჰეგელი: სინთეზურად გითხრა?   
  79. შოპენჰაუერი: ნების არქონას არ ვუჩივი.
  80. კამბრონი: გამიხმეს ენა!
  81. მარქსი: ყველაფერი უკეთ იქნება.
  82. კარლო ალბერტო: რევოლუცია თუ გვიშველის!
  83. პაგანინი: უკვე გითხარი; სხვანაირად გითხრა?
  84. დარვინი: რა ვქნა, ვეგუები.
  85. ლივინგსტონი: მგონი, დავიკარგე…
  86. ნიევო: იცი, პატარაობაში…
  87. ნიცშე: სიკეთის მიღმა.
  88. მალარმე: თეთრი ფურცლით ვიწყებ.
  89. პრუსტი: დროს ნუ გავუსწრებთ.
  90. ჰენრი ჯეიმსი: გააჩნია თვალსაზრისს.
  91. კაფკა: მატლი თუ ჩემზე კარგად არ იყოს…
  92. მუზილი: არც არანაირად. 
  93. ჯოისი: კარგად, სიყვარულო; ხომ იცი, მიყვარს სიყვარულის სიყვარული.
  94. ნობელი: ცოტაც და ვიფეთქებ. 
  95. ლარუსი: ხომ იცი, საერთოდ ყველაფრის მოკლედ თქმა მიყვარს: ცუდად.
  96. კიური: ვბრდღვიალებ!
  97. დრაკულა: მწყურიასავით.
  98. კროჩე: ვერ ვიტყოდი, რომ არ ვარ ჯანსაღ სულიერ მდგომარეობაში.
  99. პიკასო: პერიოდულად კარგად. 
  100.  ლენინი: რას მთხოვ, რა ვაკეთო?
  101.  ჰიტლერი: მგონი გადავჭერი პრობლემა. 
  102.  ჰაიზენბერგი: გააჩნია.
  103.  პირანდელო: ვისი აზრით?
  104.  მერლინი: მგონი ჯადო გამიკეთეს.
  105.  ბლოხი: იმედია, კარგად.
  106.  ფროიდი: შენ მითხარი.
  107.  დ’ანუნციო: ვტკბები.
  108.  პოპერი: დამიმტკიცე, რომ ცუდად ვარ. 
  109. უნგარეტი: კარგად. გმადლობ.
  110. ფერმი: მაინც ავაფეთქებ!
  111. კამიუ: ჭირიანივით.
  112.  მათუსალა: ეჰ, წუთია ჩვენი სიცოცხლე!
  113.  ლაზარე: უჰჰ… თითქოს ხელახლა დავიბადე!
  114.  იუდა: მეკოცნავება.
  115.  პილატე პონტოელი: პასუხი შენთვის მომინდვია.
  116.  წმინდა პეტრე: რაღაც თავი მტკივა.
  117.  ნერონი: რა გაგიბრდღვიალებიათ ეს ქუჩები, ვერ დავიძინე! 
  118.  მუჰამედი: ცუდად, მთაში მივდივარ.
  119.  სავონაროლა: კვამლი მაწუხებს.
  120.  ორლანდო: შლეგს დამამსგავსეს კაცი!
  121.  სირანო: დავბერდი, მაგრამ ყნოსვა კარგი მაქვს.  
  122.  ვოლტი: მე არა მიშავს, ჩემი ცოლი შფოთავს, ხან პლუსში ვართ, ხან მინუსშიო…
  123.  პიეტრო მიკა: მოწევას მიშლიან…
  124.  ჟაკარდი: ვცდილობ, რაც შემიძლია… ხომ გაგიგია, თითომ თითო ძაფი გამოიძრო და შიშველს პერანგი გამოუვიდაო!   
  125.  მალთუსი: ამდენ ხალხში როგორ ვიქნები!
  126.  ბელინი: ნორმაში, ნორმაში.
  127.  ლუმიერი: გამოიწიე, მატარებელი!..
  128.  განდი: განა უმადობას ვუჩივი…
  129.  აგათა კრისტი: გამოიცანი!
  130.  აინშტაინი: ვისთან მიმართებაში?
  131.  სტახანოვი: დღეებს ვითვლი შვებულებამდე…
  132.  კარლო რუბია: ფიზიკურად, გადასარევად!
  133.  ბერეტას ცოლი: თოფი დატენილი მაქვს!
  134.  ჟაკ დე ლა პალისი: ისე ვარ, როგორც ვარ.
  135.  შექსპირი: ცუდად ვარ თუ კარგად, საკითხავი ეს არის მხოლოდ?
  136.  ალისა: საოცრად!
  137.  ლექს ლუთორი: კარგად, კარგად, აუ, რა უნდა მოგიყვე, გაგიჟდები!
  138.  ვერგა: ფაქტობრივად, კარგად.
  139.  ჰაიდეგერი: რა მეჯავრება ლაყბობა!
  140.  გრიმი: ზღაპრულად!


უმბერტო ეკო, 1992

(კრებულიდან „მეორე მცირე დღიური“)

ბეკონი

ერთხელ როჯერს,

გვარად ბეკონს,

მდელოზე ხელზე

დაასკუპდა

ნაზი პეპელა.

ვახო! – შესძახა,

ეს ვინაა,

რა ლამაზია,

ნეტავ

შიგნით

როგორიაო?

პეპელა მიხვდა,

რაც ელოდა,

გაოგნდა, გაშრა.

ეს სადაური წესიაო?! –

შეიცხადა.

გამიგია,

დააკვირდე

სქესს, სახეობას…

თქვენ რა, ასე

გაჭრა-გაფატვრით

აპირებთო

საგნების სწავლას?

აიჩეჩა ბეკონმა მხრები,

წარბი ასწია:

„მე რა გიყო, ჩემო ლამაზო?

დიახ, ასეა,

მხოლოდ და მხოლოდ

ექსპერიმენტი

თუ დაუდებს

ცოდნას სათავეს!“

შერცხვა პეპელას საკუთარი

უცოდინრობის,

თუ ეგრეა, ეგრე იყოსო,

ამოიოხრა,

ჩემი ბედის რა ვთქვიო, მართლა…

და დააყოლა:

„რას ვიფიქრებდი,

ჩემზე თუ იდგა

სვე და ბედი ცოდნის შეძენის,

მომავალი

თანამედროვე

მეცნიერების?“

დეკარტი 

ფილოსოფოსმა

რენე დეკარტმა

ამპარტავანი და უცნაური

მოიფიქრა ერთხელ ამბავი:

უარვყოფო ნაბიჯ-ნაბიჯ

დაშვებებს, და მე

გეტყვით: ვაზროვნებ? –

ვარსებობო,

მაშასადამე!

თითქოს მარტივი

ამ ნაფიქრიდან

გათამამდა, გაიჯეჯილა,

ბდღვირი ადინა ბუნდოვანებას,

მიმოფანტა იდეები უფერ-უსუნო:

ბრძანა: „დატოვეთ

მხოლოდ გარკვეული, ცხადი, მკაფიო!

და ნელა-ნელა,

ამ ცნებებიდან

მე გამოვიყვან

ჯანსაღ მეთოდს!“ – გამოაცხადა.

„ასე მოვფენ

ნათელს ყველაფერს,

რთულ საკითხებს,

მუსრს გავავლებ

კითხვებს და ეჭვებს!“

ჰგავდა მას,

ვისაც წარმოთქმული თავის პირიდან

თეორემად ეჩვენება სიტყვა ყოველი.

მაგრამ ადგა და,

ბლეზ პასკალმა,

მისმა ძმაკაცმა,

სულ ნაკიანად მიუთვალა კონცეფციები.   

ვერ არისო კარგი ნაფიქრი,

გამოაცხადა გეომეტრმა:

„მაშ, გული? სული?

სათნოებები?

უიმედოა ეგ მსჯელობები!“

ასე წამში გაუცამტვერა მიგნებები

დეკარტ რენეს

დაეჭვებულმა ბლეზ პასკალმა,

პესიმისტმა და

ჭეშმარიტმა იანსენისტმა.

და რომ იყო სწორედაც რომ იანსენისტი,

არ გაუვა ამას წყალი:

არაერთხელ დაუნახავთ

მოსეირნე პორ-როიალში!

ასე ამრიგად,

დეკარტი რენე

და ძმაკაცი მისი პასკალი

აზრთა სრული უთავსობის

გახლავთ ნიმუში:

ერთი – უფსკრულით,

გამყოფელით ფიქრის და საგნის,

მეორე  კი – კანონებით

ჰიდროსტატიკის.

საქმე ისაა, რომ ნამდვილი ადამიანი

არის ორივე, ნაზავია

დეკარტ-პასკალის:

ამპარტავანიც,

დაეჭვებულიც,

მაგრამ მაინც სათნოებით,

გულით მაშვრალი.

მარქსი

ნუ ჩაგვითვლიან პლეონაზმში თუ

ერთ ძნელ საქმეს შევეჭიდებით:

ვცადოთ მკაფიო დეფინიცია

მარქსისტების და მემარცხენე ჰეგელელების.

ვცდი, ავხსნა მოკლედ, მარტივად, ნათლად

რა თქვა „კაპიტალში“ ჩვენმა ძმაკაცმა კარლმა.

და ისიც, რა უნდოდა, როცა ენგელსთან ერთად

ორმოცდარვაში იმ მანიფესტს წერდა.

„წმინდა ოჯახის“ დაწერის შემდეგ

ალბათ ტონის შეცვლას ცდილობდა მერე,

ამიტომ განიზრახა კრიტიკა საზოგადოების

პრუდონის კონცეფციით, მისი განზოგადოებით:

„ვინ არ იცის, რომ ყაჩაღობაა

ნებისმიერი ქონების ფლობა?

ვინც გინდა იყოს, შეძლებული, პეტრე თუ პავლე,

მუშის კისერზე მცხოვრებია, თუნდ იყოს სავლეც,

მის კმაყოფაზე ჭამს, სვამს და ძღება,

ადარდე ზედმეტი ღირებულება!

ვერც იმას ვიტყვით, რომ მაინცდამაინც

ბრალია ხარბის, შლეგის, გაუმაძღრის,

ჯამში ბრალია ეკონომიკის –

ჩვენს ქმედებათა თავიდათავის.

კაცის შექმნასაც ტყუილად ვაბრალებთ

სულიწმიდის იმ შეთითხნილ ამბავს: 

არ არსებობენ ბრმა საწყისები,

და არც ძალები ზეკაცურები,

არსებობს  ძალა ეკონომიკის,

კონკრეტული და ყოვლისმომრევი.   

იმთავითვე დევს ადამიანში

ანტინომიის სასტიკი ბრძოლა,

ათა-ბაბადან ასე ყოფილა,

ბაზისიც ესაა, სუპერსტრუქტურაც.

მხოლოდ მატერიალიზმი დიალექტიკური

ხედავს კაცს, როგორც საჭიროებას,

მხოლოდ ის არის ჯანსაღი ჰუმანიზმი

და სხვა ყველაფერი არის ოცნება!

ბატონო ჩემო, მე არ უარვყოფ

არც ხელოვნებას და არც კულტურას,

მაგრამ გაფრთხილებთ, ეს შენაძენი

ოდენ ზედნაშენი არის სტრუქტურა!“

თუ ჰკითხავ, „იქნებ გაგვარკვიოთ, ბატონო კარლო,

კანტი რომ ამდენს ლაპარაკობს გონების არსზე,

რისი ბრალია?

კარგად დანაყრდა და სხვაგვარი ანალიზის

არის იშტაზე?“

მარქსი ბრაზდება:

„რას მაბრალებთ? მე ეგ გითხარით?

ვინ მოგცათ უფლება მაგ კომენტარის?

ეგ რა ბოგანო მარქსიზმია, არც კი გრცხვენიათ!

ვერც ვერაფერი გაგიგიათ, რაც აქ გსმენიათ!

მე სტრუქტურები ვახსენე ზედდაშენებული,

სტრუქტურები არადეტერმინირებული,

საკუთარ საძირკველთან ურთიერთმოქმედი,

როგორც დიალექტიკა მარად გაგრძელებული!

და, ხომ გაგიგიათ, იყო და არაო,

ჭირი იქ იყო და ლხინი აქაო?

ეს დიალექტიკაც, როგორც ზღაპარშია,

აგურ-აგურ დაშლის თქვენს ბურჟუაზიას,

და რომც იძახოთ, არ გვჯერა, არაო,

საფუძველს ჩაუყრის უკლასო სამყაროს!“

ასე და ამგვარადო, ამბობს მარქსიზმი,

რაც ახლა ხდება, ახალი ფაქტიაო,

მერე აშენდება სოციალიზმი

და დაიწყება სუფთა ფურცლიდანო.

ის, რასაც მარქსი ამბობს, სრულყოფილია,

მარტივი, რაციონალური და იდეალურია,

იმდენად, რომ ფიქრობ, ცოტა გაოცებული:

„მემარცხენეობაა, თუმცა ჰეგელიანური…“

 „მოხდენილად მსჯელობთ – შებედავთ გულანთებულს – 

მაგრამ რა ვუყოთ ბევრ განაწყენებულს –

გნებავთ კულაკებს, გნებავთ იმ უნგრელებს – 

მაგ თქვენს ჰუმანიზმს რომ ვერ მივუყენებთ?“

მარქსი მხრებს იჩეჩავს, ვერც გაამტყუნებ:

ას წელს იცოცხლა, იშრომა, მოკვდა,

სხვისი ბრალისთვის მოვკითხოთ ცოდვა?

თანაც, ისიც ვთქვათ, არ ხდება ისე,

სულ ისე იყოს ან სულაც ასე,

ბევრნაირია გამოცდილება

და მტკიცებებიც „პრაქსის“ შესახებ.

უმბერტო ეკო, 1958 

(კრებულიდან „თავისუფალი ფილოსოფოსები“)

© არილი

Facebook Comments Box