
მე(სა)მე
განაწამები და ნაწყენ-ნაწვალები
წლები – საყვარელი ქალის ნაწნავები,
ქარმა გაიტაცა.
ბოთლს და წერილებსაც ნუღარ ელოდები,
დაშრა მდინარე და ხველა მდელოების
ისმის საიდანღაც.
გადაბრძენებული ჭადრის გარდა, ქუჩებს
აღარ შეიძლება, ვინმე გადაურჩეს,
მოკვდა იანვარიც.
ღამემ ივარგა და თავი შეიმაგრა,
ვიცი, ადრე იყო წასვლა შენი, მაგრამ
ლექსი – გვიან არის.
ჩემი მოსისხლეა მხოლოდ თავიჩემი,
შენი ნაწნავებით რომ არ დავისჯები –
ესეც სასჯელია.
უნდა ჩემს ნერვებზე მიწა თამაშობდეს,
მიმეორებდეს, რომ ზეცა არასოდეს
ხელში არ მჭერია.
ქარმა დაუყვავა ბებერ სახურავებს,
ფარდა ჩემს სიჩუმეს ჩუმად აყურადებს,
მაგრამ არ ვბრაზდები.
ეჭვის გორგლები კი – ძვლებში მიძვრებიან:
გადაივსებიან სხვისი სიზმრები და
ციხე-დარბაზები,
განაწამები და ნაწყენ-ნაწვალები
შენი ნაწნავებით.
ლითონის ბალერინები
ნეკნებია შენი სულის გისოსები –
გამოკეტილს ვამშვიდებდი თითებით.
ალბათ, მაინც, შემოდგომით იზომები,
მაინც გიშრის ფოთოლცვენით ირთვები.
უახლოეს სიშორეზეც აღარ ბრაზობ,
გაუტეხავს კიდევ ერთხელ ფიცი რომ.
მინდა, ჩემით ვიცნო შენი სადარბაზო,
იწვიმოს და დავსველდე და იცინო.
შენი სიზმრის ნაზირებიც, ვეზირებიც
მიჭერია ალესილი ანკესით.
ქუჩის ძაღლის რია-რიას ვიზიარებ,
ქუჩის კატის დუმილის კი – არ მესმის.
გაძარცვული ხეივნების ვარ შეგირდი,
მეც მათსავით ორმოებზე ავმღერდი.
სისხამ დილით, შეგნებულად, არ შევრიგდით –
შერიგებას ქარი უნდა, სამხრეთის!
სარკესთანაც გარკვეულად ვკარგავთ კავშირს,
რომ საკუთარ, ავაყოლოთ ფიქრს მოდა.
იყო ქარი. ქარი ჩადგა, მაგრამ თავში –
გვიქროდა და გვიქროდა და გვიქროდა!
ჩემი ყველა არიდება უხეშია,
არის ჩემი ყველა დაბმა – ორმაგი.
ერთ ღმერთისგან დავიწყებულ კუთხეში ვარ
და ამ კუთხეს ჩვენი ღმერთი მოვარგე.
არცერთი ცა როცა აღარ მათქმევინე –
მიწას ვამბობ. მიწა მაინც ძვალია.
გავალ ტყიდან, მაგრამ აწი აქ მე ვინმეს
დავავიწყდე, მეეჭვება ძალიან.
არ იყავი და ლითონის ბალერინებს
“ვიწრო წრიდან” ვუკითხავდი ადგილებს…
ნისლები კი – ფილტვებამდეც მალე მივლენ,
ეს სტუმრობა სუნთქვას გამიადვილებს.
წინ სარკეა. შავი კაბა. თვლი, რომ ერთი
ლექსის გამო, საკუთარ თავს ამხელდი.
ახლა მხოლოდ წყალი მინდა ჩრდილოეთის,
ახლა მხოლოდ ქარი მინდა სამხრეთის!
ნიმფეა
ვდარაჯობდი შენი სუნთქვის ექოებს,
ვინ შუადღით ათენებს და ვინ – ღამით…
მერე სიზმარს დაუძველდა ნიღაბი,
გზა ზღვა იყო, მოსახვევი – მეკობრე.
მე პირველი შემოდგომა მეგონე,
რა ვიცოდი, თუ ბრმა ნისლი იყავი?!
მეცხრე დღეა, ტყავის შეცვლას ვუნდები,
შემიძლია, რომ უბრალოდ არ გავშრე.
შენ კი ჩემი იავნანას განგაშებს
აგროვებ და მაინც გსვრიან თუთები.
ხელისგულზე უნდა დადნე – თუ დნები,
მაგრამ ქვები… მაგრამ მიწა… მაგრამ – შენ!
მე და ჩემი ჩრდილი როცა ერთ აზრზე
ვიქნებით და დასრულდება კედელი,
ვიტყვი: ნახე, უჩემობა შევძელი!
მომინდება დაწერა და ვერ დავწერ.
ველურ ღამეს შეუსწორებს სევდა წვერს,
ცა იქნება ნახევარი, მე – მთელი.
და მდინარე – დარჩენილი მერვედით,
შეეცდება შეიცვალოს დინება.
თუ გამვლელი დავამშვიდო მინდება –
მოშლილი მაქვს, ესე იგი, ნერვები.
ქვიშა ხარ და მაინც არ მებევრები,
რა ხმით დუმდი – მტვრევა იწყეს მინებმა!
შენი ხმით და შენი ვიწრო გზით არევ
ჩემი ფართო მარტოობის სასახლეს.
განა მართლა არაფერი ანაღვლებთ
კუთხეებში მიტოვებულ გიტარებს:
ვინ ტკბილ ბგერებს მისტიროდა,
ვინ – მწარეს,
ხან ძველ სიზმრებს ნახულობდნენ,
ხან – ახლებს…
შერჩენია პარტნიორად ღამეღა
მთვარეს – ოდნავ სასაცილოს და მრუდეს.
მე კი თითქოს დანგრეული ვარ ბუდე,
თითქოს შენი წერილები გამეხა.
მონეტამაც გიღალატა და ვეღარ
გაგიგია: დაბრუნდე თუ დაბრუნდე…
შენ სიზმრები შემოგქონდა გარედან,
შენ რჩებოდი ყოველღამე შინ ნებით.
ხეივნებზე ჭორაობდნენ შინდები
და ხატავდნენ ჩვენი წყლების გარეკანს.
შენ ამ წყლებში შემოცურვას გაბედავ,
სასახლეებს აღარ შეუშინდები!
შენი ხმაც კი ამიწყვია ფაზლებად,
შენი სუნთქვით გამითბია პატიო
და შენს დუმილს ვთავაზობდი რადიოს…
გამოზოგეს ნარგიზები ამ გზებმა,
ნისლია და მთავარია გაძლება,
შინ ბრუნდები! დაბრუნებას გპატიობ!
მარადმწვანე თოვლი
როგორღაც საკუთარ აჩრდილებს ვაშინებ,
ზღვა როცა არა ვარ – უბრალოდ ვერ ვღელავ.
შენ ვერ შეამჩნიე, რომ “ნიმფეა”-ში მე
არ მიხსენებია ქარები ერთხელაც.
გასახედნ ღამეებს შენ თუ მომირჯულებ,
დაადგამ ივნისებს შინდისფერ უნაგირს.
ვიხსენებ მასმევდი მოწამლულ სიჩუმეს
და მერე ცისფერი სიტყვებით მკურნავდი.
თუ ჯიბით ვატარებ კვამლებს და მათარებს,
ეს ნიშნავს – მე ვირჩევ მაგიას არადნის.
მე მარადმწვანე თოვლს იმდენ ხანს გადარე,
რომ იუხერხულე… და მაინც არ დადნი!
თვალებში ჩავიზრდი ლითონის არწივებს –
ათასი სეტყვის და წყვდიადის გამზრდელი.
მოდიხარ, ჩემივე კოშმარზე მაცინებ,
ხანდახან – საკუთარ მოსვლაზე ბრაზდები.
აქ უკვე ვერაფრით დავმალავ ქარაშოტს,
ერთადერთ ჭეშმარიტ მეგობარს შავი ცის.
ჩვენ ვირჩევთ ფიგურებს და ჭადრაკს ვთამაშობთ,
არავინ იცის, რომ წესები არ ვიცით.
მივქონდი ქარების ქურუმი ქარავანს,
უდაბნო უჩემოდ არ წაიხემსებდა.
დღეს გზააბნეული სიზმრების ფარა ვარ
და მხოლოდ შენს თვალებს მივიჩნევ მწყემსებად!
სარკეშიც კი შენი დუმილის ხმა ისმის,
იმ სველი დუმილის – ფეხი რომ დამიცდა.
მე მინდა მეორედ მოვიდეს მაისი,
მე მინდა მეორედ მივიდეთ მაისთან!
ქათქათა ნისლებით მოგირთავ ნაწნავებს,
შენ ახლა იმ ქვიშის ხარ ერთი მარცვალი.
მომწვანო წარსულის დანგრევა მასწავლე,
მე კიდევ – გიტარის აწყობას გასწავლი.
დღეს თვითონ მდინარე ცურავდა დინების
საწინააღმდეგოდ და ყველა დაიბნა.
შენ ჩემთან თამაში ხვალაც მოგინდება,
ქარი ხომ ყოველთვის ამშვენებს აივანს?!
როგორც კი მოვშორდი ჩემს ქუჩებს მაშინვე
იფეთქეს ტალღებმა და ქვები დაღეჭეს.
როგორღაც საკუთარ აჩრდილებს ვაშინებ,
ამიტომ ვახსენე ქარები ამდენჯერ.
ხიდი
როგორც თორმეტი წელიწადის თვე
გავდივარ. გადის მთვარეც მოდიდან.
რომ მიმატოვო წერილს წავიღებ
და შენ მოგიტან.
იქნება ქარი ჩემი ხელწერა,
იქნება ჩემი მანერა – წვიმა.
ახლა კოშმარი ვერ დაგეწევა,
თვითონაც სძინავს.
მხოლოდ კოცნები იქნება – გვიან,
მხოლოდ ამაღამ ხატავს ზეცა ხიდს.
მე შენი ჩუმი მიგნება მქვია,
“ზღვას” ნუ მეძახი.
ისევ მომაკვდავ ღამეებს ვწველი,
დღეები კიდევ – ჰგვანან სამარხებს.
რომ მიგატოვო, დამიწერ წერილს
და არ მანახებ.
ნისლები მაინც დარჩნენ, იქნება –
ვინ იცის, სული ვის სულს ელევა…
ახლა კამათიც და შერიგებაც
სისულელეა
და ამიტომაც, როგორც შემფერის:
უმეცარს, ბრძენკაცს, გადაღლილს, მოცლილს,
უბრალო პოეტს, ძმაკაცს რეფრენის –
გკოცნი და გკოცნი.
ძილისპირული
ნუ გამაღვიძებ, ნუღარც ძილში მიგზავნი უღრანს,
ვეღარაფერი დამაბრუნებს უკან, ამ ხიდზე.
წამოდი, მაგრამ შენ თვითონვე სიზმარი თუ ხარ –
ნუ გამაღვიძებ!
ნუ გამაღვიძებ, ომი უნდა მოვიგო უმად,
ნუღარც აბჯარზე წუხხარ, ჩემო, ნუღარც – მახვილზე.
სხედან ჭადრები და არც ისე ურიგოდ დუმან,
ნუ გამაღვიძებ!
ნუ გამაღვიძებ, ჩემი იყოს მინდა ეს ქუჩა:
დავაწესებდი გულგატეხილ გულთა დაცვის დღეს.
თვალებს, ყველასგან მივიწყებულ ბინდთან შევკუჭავ,
ნუ გამაღვიძებ!
ნუ გამაღვიძებ, შეიძლება, გავშრე, იმ წლებმა
ისე მატარეს, თავთავიანთ, ყრუ დაძახილზე.
რომ დაგირღვიო სიმყუდროვე – არ შეიძლება,
ნუ გამაღვიძებ!
ნუ გამაღვიძებ, დამებედნენ ბედაურები
და შენი თმების დავახატე რუკა, აღვირზე.
უნდა ვიფრინოთ, ზურგისქარის მეთაურობით,
ნუ გამაღვიძებ!
ნუ გამაღვიძებ, ივლისია, შეგახსენებო –
ესაუბრება, ლამპიონის უკან, ძაღლი მზეს.
ჩემი ქარების, შეუცვლელო, შემასმენელო,
ნუ გამაღვიძებ!
ნუ გაიკვირვებ, ნისლებს კარი შვენით, უკანა –
იპარებიან…გავათენოთ ღამე, ფხიზლებმა.
ნუ გამაღვიძებ, დამაკლდება შენი სუნთქვა და
გამეღვიძება.
შეტყუება
არსად გარბიან ეს ფერები,
მისდევს მდინარეს არავინ.
ღრუბელს ღრუბელი ეფარება,
ქუჩებს ქოლგები ფარავენ.
მე გაგაჩუმებ: “ზემფირა”-ა!
გზები ჩამორჩნენ ქარავნებს.
გაუხედნავი ქარებივით,
ბინა შენს თმებში დავიდო
უნდა, როდესაც გარეთ ვივლი,
რომ შემიტყუო… ამიტომ –
მე ღამეები ვთვალე დილით
და შენც უცნაურამინდობ.
ნუ დაგებნევი, გეუბნები,
ნურც შემინახავ საზამთროდ!
მზე საკითხია გემოვნების,
მთვარემ კი – უნდა დაგათროს.
მეგობარი ვარ მე უბნების,
მოგიშუშდები არასდროს.
ჩრდილს იერი აქვს სამხრეთელის,
ნისლი ხეივნებს გაწირავს.
შენ, ამ გემებზე, ამღერდები,
ან შეგაკავებს აწი რა?!
ხოლმე გეძახი და ღმერთებიც
უკეთ იგებენ კაცისას.
გადაღლილ ჭადრებს შვებულების
ნებას არ რთავენ, და ლოდინს
არ წყვეტენ ხოლმე, ჩვეულებრივ,
დაიცვითება ცა როდის…
ჩემს ძველ სიზმარში მეგულები,
შენთან წაგიყვან, წამოდი!
დაზვერვა
ასი, უსულო, ავისული
ელის, დავლიო, დაისრული
სული, სრულად და საბოლოოდ,
საგულდაგულოდ, სულაც!
ქარი კოშმარი არი, სრული,
ისევ, მიწაში, გაისროლეს…
უნდა, სახეში გაბოლოთო, –
ცვლიან ნისლები სურათს.
ღამე სარკეზე გავიჭერი
და მე – პატარა ნაბიჯებით,
გამოვეშურე იმსიშორეს,
რომ ვერ ვპოულობ ნაპირს.
თუ გარიჟრაჟის არის ჯერი,
ადი თვალებით, აი, ჭერი!
დრო დრამაა და დირიჟორი:
მოდის! ჩერდება! გარბის!
გწერ ქუჩიდან და ნაჩქარევად,
არც ფიქრებმა და არც ქარებმა
უნდა იეჭვონ რამე, თორემ
გადაბუგავენ ზეცას…
ისეც მუქია ცა გარედან,
იცი, უღირსმა, აღსარება
ჩავაბარე და დავეტოლე
ხეებს, რომლებიც მეცვა.
გზაა ნამდვილი ნეტარება,
მხოლოდ ქუჩები მედარდება,
მხოლოდ სიფხიზლე მომიტევეთ,
მხოლოდ სიმღერა მთხოვეთ!
ცეცხლთან მომიყვანეს შედარებად,
ჩემი კოშმარების კენტავრებმა,
უკანასკნელი პოეტივით
რომ ვიყვარებდი ხოლმე.
ისეც, მთლიანად, დანისლული,
სარკეს არაფერს ვაიძულებ,
რაღატომ უნდა ვაბოროტო? –
ვფიქრობ…ამიტომ ვძულვარ:
ასი, უსულო, ავისული
ელის, დავლიო, დაისრული
სული, სრულად და საბოლოოდ,
საგულდაგულოდ, სულაც!
ნაღდიამბავი
გადაგლეჯილი მუხლებით,
გზებს იწონებენ ტბები.
გზებზე ყველანი, უკლებლივ,
სიგარეტებით ვთბებით.
მე გასაქცევი ვარ დილით,
ნისლი ფილმია, მთელი,
შენ ზამთარი ხარ, ნამდვილი!
ყველა სიშორე ნათარგმნი,
ყველა სიკვდილი – ყალბი…
ქარს, ამ ნაბიჭვარს, რა დაღლის?!
ერთობა შენი კაბით.
მწერს, ამ სხეულში ვინც არის,
ხან ვინ არის და ხან – ვინ…
მე კი – ვერცერთი ვიცანი.
შენც გადაგმალე და ახლა
ვეღარ გპოულობ, თითქოს.
თითქოს, მთვარეს რომ გადახვალ,
იქ გაჩერებას ვითხოვ.
ხმებს გადამწვარიც გავარჩევ,
მთების ექო ვარ, თვითონ,
მთას უძახოდნენ მამაჩემს!
გადაღეჭილი ფანჯრები
ინოყივრებენ მუცლებს.
ერთი სიზმრითაც დავრჩები,
ჯერ ღირსეულად ვუძლებ.
აჰა, ვიქნები მე ნაღდი,
ზღვა არ გეგონო, უცებ…
უცებ მეგონა, მეძახდი!
მორჩეს შიშების დებოში,
მქონდეს სიცოცხლე ჩვევად.
დაიღლებოდი, შემო შინ,
სანამ ნისლებში შევალთ!
ჩვენ ვართ ქვიშები, აბა ვინ?
და ეს სიმღერაც ჩვენ ვართ,
ჩვენ ვართ ნამდვილი ამბავი,
ქარებს გადავხდით…
გჯერა?
© არილი