ესე (თარგმანი)

დებრა დინ მერფი – რატომ უნდა ვიკითხოთ მერი ოლივერის პოეზია

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ხუროშვილმა

როცა არგუმენტები ვღალატობს, სიტყვების ჯადოქრობას მივმართავთ

დღეს ადამიანებს სწყურიათ პოეზია. ამ დებულების სიმართლეში დამარწმუნა როგორც საკუთარმა, ისე იმ ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობის გამოცდილებამ, რომელთა შორისაც სრულიად განსხვავებული აღქმის მქონენი არიან − ღრმად რელიგიურნიც და ისინიც, ვისაც თითქმის არაფრის სწამთ.

პოეზია მუდამ მნიშვნელოვანი იყო ღვთისმეტყველებისა და ლიტურგიისათვის. წმინდა წერილი იწყება და მთავრდება პოეზიით და ალაგ-ალაგ პოეზიითვეა ნაქსოვი მისი ვრცელი ტექსტი. ქრისტიანული ღვთისმსახურების წესებმა საუკუნეებს გაუძლო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს წესები პოეზიაა − ბაგეთა მიერ წარმოთქმული, პოეზიაა − ყურთა მიერ მოსმენილი და პოეზიაა, რომლითაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. ღვთისმეტყველური გამჭრიახობის მქონე სახელგანთქმული პოეტები მუდამ ხელს უწყობდნენ ერთგულ მორწმუნეთა მიერ ღვთისმოსაობის შენარჩუნებას: ეფრემ სირიელი, ჰილდეგარდ ბინგენელი, დანტე ალიგიერი, ჯორჯ ჰერბერტი, ქრისტინა როსეტი, ტ. ს. ელიოტი, ჯერარდ მენლი ჰოპკინსი და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. 

უდავოა, რომ პოეზიისადმი დიდი მიზიდულობა მრავალი მიზეზითაა გამოწვეული, თუმცა, ალბათ, ამ კულტურულ მომენტში ერთ, განსაკუთრებულად თვალსაჩინო მიზეზს ვხედავთ: არგუმენტაციის მარცხს. პროპოზიციურ მეტყველებასა[1] და განმარტებით წერას მსმენელისა და მკითხველის დასარწმუნებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად ყოველთვის შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ, რის გამოც ისტორიაში საუკეთესო ორატორები და ავტორები პოეზიის ენით იგებდნენ ადამიანთა გულებს; პოეზიის ენით, რომელშიც ჭარბობდა მხატვრული სახეები, მეტაფორები, ორაზროვნება, ლირიზმი და რომლისთვისაც უცხო იყო ჭკუის დარიგება და ზნეობრიობის ქადაგება. იმ ქრისტიანთათვის, რომელნიც აცნობიერებენ, რამდენად ერთფეროვანი და მოსაწყენია მხოლოდ ასეთ მშრალ მტკიცებათა დაჯერება და მათ მიხედვით ცხოვრება, პოეზია ხდება „მსგავსი მცივანთათვის დანთებული ცეცხლისა, გზაარეულთა საშველად ჩაგდებული თოკისა, ისეთივე აუცილებელი, როგორიც პურია მშიერთა ჯიბეებში“.

ეს სტრიქონი მერი ოლივერს ეკუთვნის, პოეტს, რომლის შემოქმედებაც მიყვარდა, რომელთანაც ჭიდილი მქონდა გამართული, რომელიც გულის წყრომით მავსებდა და რომელსაც კვლავ და კვლავ ვუბრუნდებოდი მრავალი წლის განმავლობაში.

ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი ქალაქის გარეუბანში დაბადებული ოლივერი დიდხანს ცხოვრობდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ პროვინსტაუნში თავის პარტნიორთან, ფოტოგრაფ მოლი მელოუნ კუკთან ერთად. პოეტმა თავის პოეზიასა და პროზაში აღბეჭდა ტყეებსა და ზღვის სანაპიროზე გატარებული დრო და შექმნა ისეთი ნაწარმოებები, რომლებმაც უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, ეროვნული წიგნის ჯილდო და პულიცერის პრემია. შესაშურია ოლივერის პოპულარობა (პოეტურ ნაწარმოებთა გაყიდვის თვალსაზრისით მას ბადალი არ ჰყავს ამერიკის ბაზარზე), რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ მისი შემოქმედება ნაკლებადაა გამოკვლეული: პოეზიის მისაწვდომობა, როგორც ჩანს, ხელს უშლის სამეცნიერო ინტერესის გაჩენას.

ოლივერი ბუნების სამყაროს მისტიკოსია და არა ეკლესიის ღვთისმეტყველი. ის არ მიეკუთვნება ისეთი პოეტების რიცხვს, როგორებიც არიან რ. ს. თომასი, ჯეფრი ჰილი ან დენიზ ლევერტოვი. აღსანიშნავია, რომ ოლივერის ღვთისმეტყველური მსოფლმხედველობა არ შეესაბამება ორთოდოქსულ ქრისტიანობას. მიუხედავად ამისა, ქრისტიანებს, სულ მცირე, სამი მიზეზის გამო, შეუძლიათ ბევრი შეიძინონ ოლივერის პოეზიის კითხვით.

უპირველესად, მის შეხედულებას შესაქმესთან დაკავშირებით შეუძლია წვლილი შეიტანოს სამყაროს შესახებ ღრმა ღვთისმეტყველური ხედვის ჩამოყალიბებაში. ლექსი ერთგვარი სამკვიდროა − მყუდრო და საიმედო; ოლივერი კი ქმნის ლექსებს, რომლებიც სხვა საბინადრო ადგილებისკენ გვეპატიჟება, რათა ვიცხოვროთ უფრო გააზრებულად, უფრო გულწრფელად, უფრო თავდადებულად და უფრო მეტი მიზანდასახულობით, ვიდრე სხვა შემთხვევაში ვიცხოვრებდით. ამასთან დაკავშირებით, ის ეხმაურება მოწოდებას მნეობასა[2] და ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც დაბადების წიგნის დასაწყისში ვკითხულობთ.

მეორე, ოლივერის პოეზია მოყვასისადმი დიდი სიყვარულის მოწმობაა. ის, ძირითადად, წერს ტყეებსა და მინდვრებზე, ტბორებსა და ზღვის სანაპიროებზე, თუმცა მისი ყველაზე სულში ჩამწვდომი ლექსებიდან ბევრი ეძღვნება შრომასა და ნიჭიერებას, სხვათა კეთილდღეობისაკენ სწრაფვას.  

დაბოლოს, საღვთისმეტყველო სიღრმეთა კვლევის ნაკლებობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოლივერის პოეზიას მიმზიდველს ხდის მკითხველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი ბოლოდროინდელ ლექსებში უფრო და უფრო ხშირად და დაუფარავად იყენებს ქრისტიანულ ლექსიკას, ამას ისეთი მიამიტობითა და ცნობისმოყვარეობით აკეთებს, რომ მისი ლექსები ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი ცინიზმის გამოწვევად იქცევა. როგორც ჩანს, მერი ოლივერის ლექსებისთვის დამახასიათებელი უბრალოება და მისაწვდომობა ნუგეშია კამათით დაღლილთათვის, „მსგავსი მცივანთათვის დანთებული ცეცხლისა, გზაარეულთა საშველად ჩაგდებული თოკისა, ისეთივე აუცილებელი, როგორიც პურია მშიერთა ჯიბეებში“.

 ხანდახან მოყვასი, რომელსაც ცხოვრება გვახვედრებს, რათა გვიყვარდეს, ჩვენივე დაჭრილი „მეა“

ოლივერის მთელ შემოქმედებაში იგრძნობა ბუნების სამყაროსთან სიახლოვე − ქმნილებათა შორის არსებული ის მჭიდრო კავშირი, რომელიც ბიბლიის პირველივე სტრიქონებშია აღწერილი. პოეტს არ აინტერესებს ვითომდა ურღვევი ზღვარი ადამიანებსა და დანარჩენ სამყაროს შორის, დამკვირვებელსა და დაკვირვების საგანს შორის, და მოურიდებლად, ყოველგვარი ცბიერების გარეშე მიმართავს ბუნების გაპიროვნებას.

ზემოთქმულს ოლივერის უამრავი ლექსის სტრიქონი გვიდასტურებს. ის წერს ჩიტბატონებზე, რომლებიც „მელოდიურად კამათობენ“; ბაყაყებზე, რომლებიც „ყვირიან საკუთარ სურვილზე, საკუთარი კმაყოფილების გრძნობაზე“; ფარვანაზე, რომელსაც „აქვს მოხდენილობა და გაბედულება“; დედამიწაზე, რომელმაც „ისე ფაქიზად მიმიღო უკან და გაისწორა მუქი კაბის კალთანი, ჯიბენი“; კუზე, რომელიც „სავსეა ძველი, ბრმა ნატვრით“ და ხეებზე, რომლებიც „სიხარულის ნიშნებს აფრქვევენ“.

პოეტების მიერ ბუნების სამყაროს ამგვარი გახმოვანება, მართალია, უნებლიე, მაგრამ მაინც უმეცრებასა და უპატივცემულობაზე მიანიშნებს და, ასევე, განსხვავებულის – ერთი კონკრეტული ჩიტბატონას, ფარვანის თუ გლედიჩიას – ინდივიდუალური ღირებულების უგულებელყოფაზე. სამეცნიერო თვალსაზრისით, რაიმეს სახელით ლაპარაკი ობიექტურობის დაკარგვას ნიშნავს, ხოლო მხატვრული თვალსაზრისით, შესაძლოა,  ამპარტავნებაზე მიუთითებდეს. შედეგად, ასეთი დამოკიდებულება გულისამაჩუყებელი ან ზედმეტად სენტიმენტალური გამოდის ზედაპირულ ემოციათა გამომწვევი გაცვეთილი ხერხების გამოყენებით – ირმისა თუ ზვიგენის მხატვრული სახის შექმნით საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

ოლივერის პოეზიის კითხვისას ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ის სწორედ ამ შეცდომის თავიდან არიდებას ცდილობს და რომ ნაცვლად ამისა, ხორცს ასხამს იმას, რასაც ღვთისმეტყველი დაგლას კრისტი აქებს მჭვრეტელობით ცხოვრებაში, ზოგადად: „შესაძლებლობა და მზადყოფნა იმისა, რომ გახდე მცირე, აღიარო ცოცხალი სამყაროს აღმატებულება, მთლიანად გადაიშალო ცოცხალი დედამიწის წინაშე და ამ დროს მიზნად არაფერს ისახავდე, გარდა თავად ამ ქმედების მეშვეობით უბრალო სიამოვნების მიღებისა: ასეთი გულწრფელი უბრალოება და უმანკოება შეიძლება საფუძვლად დაედოს ჩვენს სამყაროში უფრო გულისხმიერ თანაარსებობას.“

ამ თვალსაზრისით, ოლივერი  შთაგონებას იღებს „გასულიერების გრამატიკიდან“ − ეს გახლავთ მცენარეთა ეკოლოგის, რობინ უოლ კიმერერის ტერმინი, რომელსაც ის ლინგვისტური მოდელებისა და სტრუქტურების აღსანიშნავად იყენებს. ეს მოდელები და სტრუქტურები ჩვენს საუბარს ავსებს პატივისცემით ყოველივე ცოცხლის მიმართ და მსოფლიოს „ადამიანების გარდა სხვა ქმნილებათა სამკვიდროს“ უწოდებს. აქ ჟღერს გამოძახილი დაბადების I თავის ლიტურგიული ლექსისა, რომელშიც ყოველი არსება ჰარმონიულად ურთიერთქმედებს და ეს შემოქმედისთვის მშვენიერებას  ნიშნავს.

ლექსში „ზღვა“ (კრებულიდან „ამერიკული პირველადობა“) ცურვისას ავტორი იხსენებს დასაბამიერ არსებობას, რომელიც საერთოა ოკეანის დედობრივი მკლავებიდან ზედაპირზე ამოსული ყველა ცოცხალი არსებისათვის:

გაწოლილი ვარ

დედობრივ კალთაში,
მარილისა და მოძრაობის
ოცნების სახლში, 
მონატრების

ეს რა ნაკადი
იღვრება ძვლებიდან?!

ამ სტრიქონებში ამოხეთქილი გრძნობები ეხმაურება თომას ბერის ცნობილ დებულებას იმის შესახებ, რომ სამყარო სუბიექტთა ერთობაა და არა ობიექტთა ერთობლიობა. ოლივერის მიერ ადამიანების გარდა სხვა ქმნილებების ამეტყველება მათი განსხვავებულობისადმი პატივის მიგების საშუალებაა და არა ამ განსხვავებულობის უარყოფისა და დამცირების მცდელობა. ის არ არის მუცლით მეზღაპრე და არც იმის სჯერა, რომ თავისი ძაღლი, პერსი, სინამდვილეში, ბეწვის სამოსში გადაცმული სულიერია. გასულიერების გრამატიკა ცნობს სუბიექტთა მრავლობითობას, ჩვენს გონებრივ შესაძლებლობათაგან განსხვავებულ გონებრივ შესაძლებლობებს და მისთვის დასაშვებია „რაღაცის მეშვეობით ლაპარაკი“ ისე, რომ ადამიანური და „არაადამიანური“ ერთმანეთთან არ გააიგივოს. პირიქით, ასეთი ლაპარაკი შეგვახსენებს იმას, რომ სხვა ქმნილებებს შესწევთ უნარი, გვასწავლონ, ფლობდნენ ცოდნას და იყვნენ ჩვენთვის აუცილებელი გზამკვლევნი.

ადამიანი-მოყვასის არსებობა ოლივერის შემოქმედებაში გამოჩნდება ლექსში „სინგაპური“ (კრებულიდან „სინათლის სახლი“), რომელშიც პოეტი ქმნის განსაცვიფრებელი სინაზის სცენას საზოგადოებრივ საპირფარეშოში:

სინგაპურში, აეროპორტში,
სიბნელე ჩამომგლიჯეს თვალებიდან.
ქალთა საპირფარეშოში ღია იყო ერთი კაბინა.
იქ ერთი ქალი მუხლებზე იდგა, რაღაცას  რეცხავდა
თეთრ თასში.

ზიზღი აფუთფუთდა ჩემს მუცელში
და ჯიბეში ბილეთი მოვისინჯე.

შესაძლოა, იმის გამო, რომ ოლივერმა იცის, ასეთი ლექსი შეიძლება მოულოდნელობა აღმოჩნდეს მკითხველისთვის, ლირიკული გმირი სწრაფად და თამაშ-თამაშით ცვლის სცენებს: 

ლექსში ყოველთვის უნდა იყვნენ ჩიტები.
ალკუნები, მაგალითად, უშიშარი მზერითა და ჭრელი ფრთებით.
მდინარეები საამოა და ხეებიც, რასაკვირველია. 
ჩანჩქერი, ანდა თუ ის არ იქნება,
შადრევანი − რომელიც ამოსჩქეფს და შემდეგ ეცემა.
ადამიანს  ლექსშიც ბედნიერ ადგილას დგომა სურს.

თუმცაღა, ნაწარმოების მოქმედების ცენტრის მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ ოლივერი ჩვენს მზერას ისევ თავისკენ მიმართავს, მაშინაც კი, როდესაც ლექსის ლირიკულ გმირს კიდევ უფრო ღრმად ითრევს ამ უხერხული შეხვედრის სცენაში:

ქალი რომ შემობრუნდა, ვერ შევძელი, მისი გამოხედვისთვის მეპასუხა.
მისი მშვენიერება და შეცბუნება ერთმანეთს ეხლებოდა
და ვერცერთი ვერ იმარჯვებდა…

ის საფერფლეების ზედაპირებს რეცხავს ლურჯი ჩვრით,
ეს საფერფლეები საბურავის დისკის ხუფივით დიდებია.
მისი პატარა ხელები ატრიალებენ ლითონს,
ხეხავენ და ავლებენ წყალში.
არც ნელა მუშაობს და არც სწრაფად. მდინარესავითაა.

მისი მუქი თმა ჩიტის ფრთებსა ჰგავს.

მდინარე და ალკუნი ისევ ბრუნდებიან, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ მდუმარედ მომუშავე ქალს არ მოვაშოროთ თვალი; რომ ვუყუროთ მისი სახის ნაკვთებსა და მის საქმიანობას. ოლივერის ლექსის გმირი, თავისდა გასაკვირად და შესაშფოთებლად, მოყვასს, რომელიც უნდა უყვარდეს, აღმოაჩენს არა კეიპ-კოდის დიუნებზე, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზოგადოებრივ საპირფარეშოში. ლექსი ასე მთავრდება:

მე სულაც არ ვგულისხმობ რაიმე სასწაულებრივს,
არამედ მხოლოდ სინათლეს, რომელსაც შეიძლება სიცოცხლე აფრქვევდეს.
ვგულისხმობ იმას, როგორ შლიდა და კეცავდა ქალი ლურჯ ქსოვილს,
ჩემ გამო როგორ იღიმოდა;
ვგულისხმობ, ხეებითა და ჩიტებით სავსე ამ ლექსს.


            სხვა ლექსებში ოლივერი შეგვახსენებს, რომ „ხანდახან მოყვასი, რომელსაც ცხოვრება გვახვედრებს, რათა გვიყვარდეს, ჩვენივე დაჭრილი „მეა“.პოეტი, რომელიც ბავშვობაში მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რამდენიმე ლექსში აღწერს ძალადობით გამოწვეულ ტრავმას. ლექსიდან „რისხვა“ (კრებულიდან „სიზმრის ნამუშევარი“):

მაგრამ შენ წითელი სიმღერაც იყავი ღამეში,
ბორძიკით იკვლევდი გზას საკუთარ სახლში,
ბავშვის საწოლისკენ,
მისი სხეულის ნოტიო ვარდისკენ.
მერე კი მწარე გემოს ტოვებდი.

ლექსში „მოგზაურობა“ ოლივერი გამოთქვამს აზრს იმის შესახებ, რომ მსგავს ჭრილობათა მოვლა შეიძლება საკუთარი თავისადმი სიყვარულისა და სულგრძელობის გამოხატულება იყოს, თუნდაც გაუბედავი, თუნდაც ისეთი, რომ ბოლომდე ვერასოდეს ამოშალოს საკუთარ თავში დაეჭვებისა და დანაშაულის გრძნობები − გამოწვეული იმით, რომ სხვა დაუცველი ადამიანები ვერ ვიხსენით: 

… მიუხედავად იმისა, რომ

მთელი სახლი აცახცახდა
და კოჭებთან ძველმა ნატკენმაც

თავი შეგახსენა,…

… უფრო და უფრო შორს შედიოდი
სამყაროს სიღრმეში,
მტკიცე განზრახვით,
რომ ის ერთადერთი საქმე დაგესრულებინა,
რაც ნამდვილად შეგეძლო –
მტკიცე განზრახვით გადაგერჩინა
ის ერთი სიცოცხლე,
რომელსაც შენ გარდა სხვა ვერვინ იხსნიდა.

ნაწყვეტში წიგნიდან „ლურჯი საძოვრები“, ოლივერი წერს, თუ ბავშვობაში როგორ წაიყვანა მამამ ციგურებზე სასრიალოდ და შემდეგ „დავავიწყდი და შინ წავიდა“. რამდენიმე საათის მერე კი გახსენებია და მეზობლის მანქანით მისულა წამოსაყვანად. ოლივერი იხსენებს:

„არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი კაცი; ლაპარაკობდა, იცინოდა, თავისუფლად და ძალდაუტანებლად მოძრაობდა, ნათელი, ცისფერი თვალები ჰქონდა. მას უბრალოდ, როგორც თავად თქვა, დაავიწყდა ჩემი არსებობა… ამ თავისუფლებით იყო თითქოს იგი გარემოცული. შემდეგ პალტო ჩავიცვი, მანქანაში ჩავსხედით და ის კვლავ საკუთარი თავის საშინელ საპყრობილეს დაუბრუნდა, ძველმა საფარველმა დაუფარა თვალები და სიტყვა აღარ დაუძრავს.“ 

ლექსში, სახელწოდებით „ყინული“ (ახალი და რჩეული ლექსები, ტომი I ),ოლივერი წერს იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა მისმა მოხუცებულმა მამამ „უკანასკნელი ზამთარი ფეხსაცმელებისთვის ყინულზე მოსაჭიდებლების დამზადებაში“. ავტორი აღწერს, რამდენად გულმოდგინედ, თავაუღებლად მუშაობდა იგი „ფარღალალა სახელოსნოში“, სადაც „მისი შეჩერება არაფერს შეეძლო“.

მასაჩუსეტსის მსუბუქი თოვლისთვის

მან შეფუთა და ფოსტით გამომიგზავნა
ალბათ, ასე, თორმეტი წყვილი.
ერთი ამდენიც ჩემი დისთვის გაუგზავნია, კალიფორნიაში.

მერე გავიგეთ, როგორ ურიგებდა ფეხსაცმელებს 
მეზობლებს მოხუცი კაცი, რომელიც
სიცივისაგან გალურჯებული ლოყებით ჩნდებოდა თითოეულ კართან.
არავის უთქვამს უარი მისთვის.

რადგან ყველასთვის ცხადი იყო, რომ გაცემა თხოვნას ნიშნავდა,
ეს იყო ვედრება, მიეღოთ იგი. მთავარი იყო, ვინმეს რამეში გამოსდგომოდა.

პოეტი არ გვთავაზობს ქალიშვილისა და მამის პირდაპირ შერიგებას, თუმცა ამ ორი, მოკლე ნაწყვეტიდან ნათელი ხდება, რომ პოეტი ამ კაცის სისასტიკესაც ხედავს და დაუცველობასაც, რამდენადაც ამის საშუალებას დრო და მანძილი აძლევს. ესეც მოყვასის სიყვარულის ფორმაა: ვხედავდეთ და ვიცნობდეთ სხვას, მაგრამ არა იმისათვის, რომ რაღაც ან ვიღაც გამოვასწოროთ, არამედ იმისათვის, რომ სხვას გულწრფელად მოვეპყროთ, ვცნოთ პიროვნული სირთულეები მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობის მთლიანობის აღდგენა უკვე შეუძლებელია.   

2005 წელს სიმსივნით გარდაიცვალა ოლივერის საყვარელი ქალი, რომელთან ერთადაც ის მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ერთი წლის შემდეგ პოეტმა გამოაქვეყნა ლექსების კრებული „წყურვილი“, რომელშიც ჩანს პოეტის ჭიდილი მწუხარებასთან; ვხედავთ, როგორ ესწრაფვის, შვება და მხნეობა მოიპოვოს რწმენაში, ლიტურგიული პრაქტიკის რიტუალებსა და რითმებში. ამ ლექსთაგან რამდენიმე დაწერილია როგორც ლოცვა, რასაც ხშირად ახალმოქცეულის მოშურნეობა ახასიათებს, თუმცა მათში ფსალმუნთა სულისკვეთებაც იჩენს თავს:  

უფალო ღმერთო, შენს ხელთაა წყალობა,
გადმოღვარე მცირედი ჩემზე.
სინაზეც შენს ხელთაა.
ძალიან მჭირდება…

… პირველად როცა გიპოვე,
სინათლით ვიყავი სავსე, ახლა კი სიბნელე იზრდება –

ის აღსავსეა სიმრუდენით, რაც ერთდროულად

მწარეა და უძლური, თან ყოველ მათგანს ჩემი სახელი ჰქვია.

მერი ოლივერი იმის შესახებაც წერს, რომ:

… ვცდილობ, ვიპოვო გაკვეთილი

ხვალისათვის. რომელიღაც მუხლი მათეს სახარებიდან.
რომელი საკითხავია? არ დამვიწყებია

გზა-იესო, თუმცა, მგონი,

მისკენ მიმავალი გზა დამავიწყდა .

პოეტი აღიარებს, რომ ლიტურგიისას უხერხულობას გრძნობდა და არა გულგრილობას:

ღვთის სახლში მყოფი სიტყვებში ვბორძიკობდი,
საკუთარ გონებაში უგზო-უკვლოდ ვეხეტებოდი,
ლაპარაკით ვუშლიდი ხელს ღვთისმსახურებას.
ერთხელ სახარების სანთელი ყველა დანარჩენის შემდგომ ჩავაქრე,

მაგრამ არასოდეს დამიყოვნებია მადლობის შეწირვა ტუჩებთან თასის მიტანისას.

მერი ოლივერის ნაწარმოებებში ხშირად გვხვდება შეპირისპირება იმისა, რასაც ის „ინსტიტუციურ მადლსა“[3] და ბუნების სამყაროს დიდებულებას უწოდებს. ლექსში, სახელწოდებით „უნაპირო ოკეანე ეკლესიის კედლებს იქით იწყება: ზიარება“, პურისა და ღვინის მეშვეობით ქრისტეს ნამდვილი თანდასწრების განცდა ერწყმის ავტორის სწრაფვას, იხილოს იესო „სანაპიროზე, სეირნობისთვის გამოსული მშვენიერი კაცი“.   

ამ ლექსთაგან მრავალი, ერთდროულად, შეურყვნელობასა და მუდმივ დაძაბულობას ავლენს, რაც ყოველთვის ვერ აღწევს მიზანს, რადგან მათში იგრძნობა ბავშვური, ხანდახან თვითკმაყოფილი შეცბუნება, რაც მკითხველის მოთმინებისა და კეთილგანწყობის ნამდვილი გამოცდაა. ხოლო მაშინ, როცა ოლივერი მიზანში არტყამს, როცა საკუთარ ცნობისმოყვარეობასა და აღტაცებას აძლევს ნებას, რომ მკითხველის ყურადღება გადაიტანოს მისგან, როგორც ავტორისგან, ამით ის ახალ სინათლეს ჰფენს ნაცნობ ამბებს, ახალ სიბრძნეს − ღვთისმოსაობის მოძველებულ გამოხატულებებს.

„გეთსიმანიაში“ პოეტი წმინდა წერილის მიხედვით შენიშნავს, რომ „მოწაფეებს ეძინათ“, თუმცა ის ამ ისტორიას სძენს მგრძნობიარობას, რომელიც იშვა ათწლეულების განმავლობაში ბუნების ცოცხალ, მობზუილე, მღელვარე, მფეთქავ სამყაროზე დაკვირვების შედეგად. ამიტომაც ავტორს შეუძლია, ვარაუდი გამოთქვას და წარმოიდგინოს:   

იესომ თქვა: „დაიცადეთ ჩემთან ერთად“.
და შეიძლება ვარსკვლავები ასეც მოიქცნენ.
შეიძლება, ქარი ვერცხლის ხეში გაეხვა და ჩადგა,
შეიძლება სულგანაბული შედგა და თვალგახელილი იცდიდა

შორეული ტბა, რომელზეც ერთხელ ისე გადაიარა იესომ,
თითქოს ის ლურჯი ქვაფენილი ყოფილიყო.

ამ ბიბლიური მონაკვეთის შესახებ სწავლებისა და ქადაგების ძირითადი აზრი თითქმის ყოველთვის ადამიანური სიმყიფე და მარცხია. ოლივერი კი მისთვის დამახასიათებელი ანთროპომორფიზმით გვიჩვენებს, რომ მსგავსი ანთროპოცენტრიზმი ისტორიის დამახინჯებაა. თუკი სახარება კოსმოსურ მასშტაბთა მქონე მონათხრობია, მაშ, ის, როგორც ავტორი, სიმართლეს ამბობს.

ლექსში „ლოცვა“ მთავარი გმირი მსუბუქი გამხნევებითა და შთამბეჭდავი სახეებით განმსჭვალავს უძველეს სიბრძნეს ლოცვის უბრალოების, მადლიერებისა და სიჩუმის უპირატესობის შესახებ; ეს გამხნევება და სახეები კი არა შინაგანი განცდებიდან, არამედ ბუნებასთან ურთიერთქმედებიდან მომდინარეობს. ლექსის გმირი არ იჩენს კადნიერებას და არ ამტკიცებს, რომ დახელოვნებულია ლოცვაში, არამედ მხოლოდ თავმდაბლურად გვთავაზობს რჩევა-დარიგებათა ჩამონათვალს, თითქოს იცის, რომ თავადაც საკუთარ რჩევას უნდა დაუჯეროს:

… უბრალოდ
ყურადღება გაამახვილე და
შემდეგ რამდენიმე სიტყვა შეაერთე ერთმანეთთან,
არ შეეცადო მათ დახვეწას,
ეს შეჯიბრება როდია, არამედ კარი
მადლიერებისა
და სიჩუმისკენ,
რომელშიც სხვა ხმა შეიძლება ალაპარაკდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ოლივერი უფრო და უფრო ხშირად მიმართავს საღვთისმეტყველო თემებს და ფართოდ იყენებს ქრისტიანული თხრობის ენას, ერთგული რჩება იმისა, რასაც მთელი შემოქმედება მიუძღვნა – ის გამუდმებით მიმართავს მკითხველის ყურადღებას თანდასწრების ნიჭისკენ და ლექსებით, რომლებიც ხშირად მაცდურად მარტივი შეიძლება გვეჩვენოს, შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, რაც მოცემულ მდგომარეობაში ჩვენ წინაშეა. ეს განცვიფრების ნიჭიცაა, აღქმის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც ქრისტიანები ხანდახან ჩვენი მოწოდების ნაწილად მივიჩნევთ − მოწოდებად იმისკენ, რომ ვიცხოვროთ ჩვენი პიროვნული სისრულით, როგორც ღვთის ხატების (Imago Dei) მატარებლებმა, მივბაძოთ ერთობლივი თანდასწრების ღვთაებრივ ცეკვას, ურთიერთაღიარებასა და ურთიერთსიყვარულს. ოლივერის ლექსები არ არის რელიგიური, კლასიკური გაგებით, თუმცა მათში დევს მკითხველთათვის განკუთვნილი მოწოდება წარმოსახვის გარდაქმნისა და განცვიფრება-აღტაცებისკენ.

განცვიფრების ღვთისმეტყველებას არ ძალუძს უგულებელყოს ბუნების დამანგრეველი მხარე ან ის კატასტროფული ზიანი, რაც ადამიანებმა გამოიწვიეს (და კვლავაც იწვევენ) ეკოსისტემებსა და მთელ სახეობებში და რაც კვლავ გრძელდება. ოლივერი პირდაპირ არ ეხება ამ სინამდვილეს თავის ლექსებში და ზოგს უკვირს, რატომ.  ვის შეუძლია იმაზე უკეთესად შემოჰკრას განგაშის ზარებს მოახლოებული ეკოლოგიური კატასტროფის გამო, თუ არა სახელგანთქმულ ბუნების მოყვარულ პოეტ-ნატურალისტს, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ნიადაგს, ზღვის სანაპიროებს, ტყეებსა და ჭაობებს მიუძღვნა?  – ეს გონივრული კითხვაა, რომელზეც, ჩემი აზრით, ოლივერი პასუხს სცემს ისე, როგორც ხელოვანი უპასუხებდა. ყველაზე ცუდი პოეზია ის არის, რომელიც ჭკუას გვასწავლის და გვეკამათება. ოლივერი მკითხველს მოუწოდებს განცვიფრებას, „თანდასწრების მომკას“[4], რათა სულ ცოტა ხნით საკუთარი თავის დავიწყებისა და, ვთქვათ, ერთი მწვანე ფარვანის „მოხდენილობასა და გაბედულებაზე“ დაკვირვებით (თუნდაც ყოველგვარი საწინდრის გარეშე, რადგან ესაა რისკი, რომელსაც ხელოვნება ეწევა) ვიქცეთ ჩვენ წინაშე გადაშლილი სამყაროს ნაწილად, სიბრძნის ფორმად, სიცოცხლის წესად, რომელშიც, დროთა განმავლობაში, ვისწავლით, თუ გატაცებითა და მიზანდასახულობით უფრო მეტად როგორ უნდა ვიზრუნოთ მოყვასზე, ადამიანებსა და სხვა არსებებზე, რომლებსაც საზიარო გვაქვს ეს ერთი დედამიწა.


[1] პროპოზიციური მეტყველება მიემართება ენას, რომელიც გადმოგვცემს მკაფიო, ფაქტობრივ ან კონცეპტუალურ მტკიცებას, რაღაცას, რაც შეიძლება შევაფასოთ, როგორც სწორი ან არასწორი. პროპოზიციური მეტყველება მიზნად ისახავს ინფორმაციის გადმოცემას, ლოგიკურ აზროვნებასა და დოქტრინალურ მტკიცებას და არა ემოციურ ტონსა (მთარგმნ. შენ.)

[2] მნე – პირი, რომელსაც დაწესებულებაში, ორგანიზაციაში აბარია სამეურნეო საქმეები. ბიბლიური გაგებით, მნე არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ღვთის მიერ ქრისტიანთათვის მიცემულ ყოველ ნიჭზე და რომელიც აცნობიერებს, რომ ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის. აქ იგულისხმება ადამი და ევა;  როგორც დაბადების წიგნის პირველივე თავში ვკითხულობთ, ღმერთმა მათ ჩააბარა ედემის ბაღი, რათა მოევლოთ და ეზრუნათ მასზე. (მთარგმნ. შენ.)

[3] ინსტიტუციური მადლი გულისხმობს ღვთიური მადლის განცდას, რომელიც ადამიანს გადაეცემა ორგანიზებული რელიგიის – მისი ინსტიტუციების, რიტუალების, სწავლებებისა და საიდუმლოებების – მეშვეობით. (მთარგმნ. შენ.)

[4] Harvest of presence – პოეტ დევიდ უაიტის ტერმინი, რომლის მიხედვით „მშვენიერება არის დიდი ყურადღებისა და საკუთარი თავის დავიწყების მდგომარეობა“. (მთარგმნ. შენ.)

© არილი

Facebook Comments Box