ესე,  პორტრეტი

თაკო წულაია – ლასლო კრასნაჰორკაი – ფატალურობის მელანქოლია

„ჩემს ტექსტებს, ჩემს წინადადებებს, ვწერ ჩემს თავში — მის მიღმა საშინელი, თითქმის აუტანელი ხმაურია, მის შიგნით კი საშინელი, თითქმის აუტანელი, მგრგვინავი სიჩუმე“.

ლასკო კრასნაჰორკაი

აპოკალიფსური ძრწოლის შუაგულში მყოფი მკითხველებისთვის ხელოვნების ძალის კიდევ ერთხელ შეხსენებისა და დამტკიცებისთვის 2025 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა.

ნობელამდე იყო ბუკერის საერთაშორისო პრემია, რომელიც მან 2015 წელს მიიღო მთელი შემოქმედებისთვის (და არა კონკრეტული წიგნისთვის, როგორც ბოლო წლებში გაიცემა). მანამდე ეს ჯილდო ისეთ მწერლებს ჰქონდათ მიღებული, როგორებიც არიან: ისმაილ კადარე, ჩინუა აჩებე, ელის მანრო, ფილიპ როთი… ბუკერის დაჯილდოებიდან მალევე, The Week-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ირიბად სვამდა შეკითხვას, გახდებოდა თუ არა ლასლო კრასნაჰორკაი მკითხველებისთვის პოპულარული მწერალი.

სტატიის ავტორის თქმით, 2015 წელს თანამედროვე ლიტერატურაში ორი მწერლის სახელი დომინირებდა — ელენა ფერანტე და კარლ უვე კნაუსგორი — „იდუმალი ქალი“ და ლამის „ლიტერატურის როკ-სთარი“ ნორვეგიიდან და, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურენოვანი კრიტიკოსებისგან არც პრემიებამდე აკლდა ლასლოს ყურადღება, მისი მკითხველების რიცხვი მშობლიური ქვეყნის გარეთ ბევრად მცირე იყო, ვიდრე ზემოთ ხსენებული ავტორებისა. 2015 წელს იგი ჯერ კიდევ უცნობი იყო მკითხველების დიდი ნაწილისთვის, რაც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ თითქმის მთელ გვერდზე გადაჭიმული წინადადებები, რომელთა წაკითხვა და გაგება ფაქტობრივად გამოწვევაა, ისეთივე მიმზიდველი არ იყო, როგორიც, მაგალითად, ფერანტესა და კნაუსგორის ბევრად უფრო ადვილად გასაგები, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი პროზა.

საერთაშორისო აღიარებამდე და დიდ ლიტერატურულ ჯილდოებამდე კი იყო ძალიან საინტერესო გზა, რომელიც რუმინეთის საზღვრის სიახლოვეს, პატარა ქალაქ გაილაში დაბადებულმა მწერალმა გაიარა.

ვისაც კრასნაჰორკაის ტექსტები წაუკითხავს, არ გაუკვირდება, რომ მასზე წერა კაფკაზე წერით უნდა დავიწყოთ.

„კ. გვიან საღამოს ჩამოვიდა. მთელი სოფელი თოვლის საბურველში გახვეულიყო. გოდლისგორა არ მოჩანდა, ჯანღსა და წყვდიადში გაუჩინარებულიყო და ვეება ციხეს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა, სხივი რაა, ისიც კი არ კრთებოდა. დიდხანს იდგა კ. შარაგზიდან სოფელში მიმავალ ხის ხიდზე  და მოჩვენებით სიცარიელეს გაჰყურებდა.“[1]

წაიკითხა კრასნაჰორკაიმ მეტისმეტად ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ სიტყვების გასაგებად მზად არ იყო, თუმცა მათ მომნუსხველ ძალას გრძნობდა. ლასლოს უფროსი ძმა ჰყავდა, რომელსაც  გამუდმებით ჰბაძავდა, მის წიგნებსაც იპარავდა და კითხულობდა, რათა დამსგავსებოდა. ასე ჩაუვარდა ხელში „გოდოლი“.

იმდენად მძაფრი იყო შთაბეჭდილება, რომელიც კაფკამ მასზე დატოვა, რომ კრასნაჰორკაიმ სამართლის შესწავლა გადაწყვიტა, რამაც ძალიან გააკვირვა მამამისი, რომელიც ფიქრობდა, რომ მის შვილს მხოლოდ ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია აინტერესებდა… ერთი სიტყვით, ყველაფერი, გარდა სამართლისა. კაფკასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებისკენ იმანაც უბიძგა, რომ კრიმინალური ფსიქოლოგია იტაცებდა, ის, რაც მაშინ უნგრეთში აკრძალული მეცნიერება იყო, დასავლურად და, შესაბამისად, საეჭვოდ მიჩნეული. თუმცა, მიუხედავად თავდაპირველი ინტერესისა, ლასლომ სწავლა სამ კვირაში შეწყვიტა და არა მხოლოდ ფაკულტეტი, არამედ ქალაქი სეგედიც დატოვა.

აქ ახალ პრობლემას შეეჩეხა: რაკი უნივერსიტეტი მიატოვა, იძულებული გახდა, სავალდებულო სამხედრო სამსახური დაეწყო, რაც ჯამში ორ წელს გასტანდა. ამის თავიდან ასარიდებლად ბუდაპეშტში რელიგიისა და ფილოლოგიის სწავლა დაიწყო, მოგვიანებით ძველ ბერძნულსა და ლათინურსაც დაუბრუნდა, თუმცა უნივერსიტეტში იშვიათად დადიოდა და გამოცდების ჩაბარება უჭირდა. საბოლოოდ, სამხედრო სამსახურისგან შვილებმა იხსნეს – საშინელი ვალდებულებისგან შვილების დაბადების შემდეგ გათავისუფლდა.

კრასნაჰორკაი სამხედრო სამსახურში გატარებულ დროს სიკვდილს ადარებს და უსიამოვნოდ ახსენდება ბანაკში ყოფნის პერიოდი, როცა კაფკას კითხვაში გართულს თავს ოფიცერი წამოადგებოდა ხოლმე და კითხვის შეწყვეტას აიძულებდა; კაფკას კითხვა ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე „ბრიყვი ოფიცრების“ მოსმენა, ამიტომაც ლასლოს ხშირად უწევდა ბანაკის ციხეში სასჯელის მოხდა.

ამ პერიოდიდან განსაკუთრებით ერთი შემთხვევა დაამახსოვრდა: როცა ღამის მატარებლით მგზავრობდა სხვა ჯარისკაცებთან ერთად, სრულიად განადგურებულმა აღმოაჩინა, რამდენად განსხვავდებოდა მათგან, როგორი უცხო იყო და სწორედ ამ დროს ერთ ახალგაზრდას შეხვდა, რომელთანაც მალე გამონახა საერთო ენა და დამშვიდობებისას შეხვედრაზეც შეუთანხმდა. ერთი კვირის შემდეგ, როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდა, ლასლო მართლაც წავიდა მის მოსაძებნად იმ შენობისკენ, სადაც წესით მისი ახალი ნაცნობი უნდა დახვედროდა. როგორც აღმოჩნდა, იგი რაღაცისთვის დაესაჯათ და საბრძოლო მასალების მაღაზიაში გაეწესებინათ იარაღების გასაწმენდად. სწორედ იმ წამს, როცა ლასლომ ამ მაღაზიის კარი შეაღო, ახალგაზრდა კაცმა პირში ტყვია დაიხალა.

მაშინ იგი ჯერ კიდევ არ აპირებდა მწერლობას. გვიან სამოციან წლებში, როცა წერაზე ფიქრობდა, მხოლოდ ის უნდოდა, რომ ერთადერთი წიგნი დაეწერა, მერე კი დრო სხვა რაღაცებისთვის დაეთმო, ნამდვილი ცხოვრება ენახა, რომელიც უთუოდ სადღაც სხვაგან მიედინებოდა. უნდოდა, რომ უღარიბეს ხალხთან ერთად ეცხოვრა, გაღატაკებულ სოფლებში და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, სოფლიდან სოფელში გადადიოდა.

სწორედ ამ პერიოდში, როცა ნელ-ნელა მცირე მოცულობის ტექსტების გამოქვეყნება დაიწყო, პოლიციაში დაიბარეს. პოლიციელების ყოველ შეკითხვას მხოლოდ იმას პასუხობდა, დამიჯერეთ, პოლიტიკასთან არაფერი მესაქმება, თანამედროვე პოლიტიკაზე საერთოდ არ ვწერო; ბოლოს პოლიციელების დაჟინებულმა დაკითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ბრაზით მიუბრუნდა ოფიცრებს: მართლა გგონიათ, რომ თქვენნაირ ხალხზე რამეს დავწერო? რამაც, ცხადია, მსმენელები ისე გაანაწყენა, რომ კრნასჰორკაის პასპორტის ჩამორთმევა დაუპირეს. ლასლოს მხოლოდ წითელი პასპორტი ჰქონდა, რაც დიდად საინტერესო არ უნდა ყოფილიყო პოლიციელებისთვის, რაკი ამ პასპორტით მხოლოდ სხვა სოციალისტურ ქვეყნებში შეეძლო მოგზაურობა. მიუხედავად ამისა, პასპორტი მაინც ჩამოართვეს და 1987 წლამდე არც დაუბრუნებიათ.

წლების შემდეგ, როგორც იგი იხსენებს, საიდუმლო პოლიციის ფაილებში იპოვა ჩანაწერები, სადაც პოტენციურ ინფორმატორებსა და ჯაშუშებს განიხილავდნენ. ამ ჩანაწერებში იკითხებოდა, რომ ლასლო სრულიად გამოუსადეგრად მიიჩნიეს, როგორც მეტისმეტად ანტიკომუნისტი ადამიანი. თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, პატარა სოფლებში მოხეტიალე ლასლო, რომელიც თავის პირველ რომანზე მუშაობდა, მართლაც არ იყო პოლიტიკურად აქტიური და ვინმესთვის საინტერესო.

გარდა საცხოვრებელი ადგილებისა, ლასლო ხშირად იცვლიდა სამსახურებსაც. ცოტა ხნით მეშახტე იყო, შემდეგ ბუდაპეშტისგან მოშორებით მდებარე პატარა სოფლების კულტურის ცენტრების დირექტორი. თითოეულ ასეთ პატარა სოფელს თავისი კულტურის სახლი ჰქონდა, სადაც ხალხი კლასიკური ლიტერატურის საკითხავად იკრიბებოდა. ყოველდღიური ცხოვრების გასახალისებლად ბიბლიოთეკების გარდა ადგილობრივებს თითქმის არც არაფერი ებადათ, ამიტომაც პარასკევობით ან შაბათობით კულტურის სახლის დირექტორს მუსიკალური წვეულებების ან მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება ევალებოდა. ლასლო შვიდი ასეთი კულტურის სახლის დირექტორი იყო და გამუდმებით ერთი სოფლიდან მეორეში გადაადგილდებოდა; მშვიდად ცხოვრობდა საკუთარი ბურჟუაზიული ოჯახისგან მოშორებით.

შემდეგ ღამის დარაჯად მუშაობდა ძროხების ფერმაში, იქ, სადაც არც სოფლები იყო, არც ქალაქები და არც რაიმე დასახლება. ასეთ ღამეებში კომპანიას წიგნები უწევდა — ერთ ჯიბეში დოსტოევსკის წიგნი ედო, მეორეში – „ვულკანის ქვეშ“, კიდევ ერთი რომანი, რომელსაც მასზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა.

ამ წლებში დაიწყო სმაც, რაც ერთგვარი უნგრული ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელება იყო — ნამდვილი გენიოსები აუცილებლად ლოთები უნდა ყოფილიყვნენ და ლასლოც ამ გზას დაადგა. სმა ერთმა შემთხვევამ შეაწყვეტინა: სხვა უნგრელ მწერლებთან ერთად იყო და უსმენდა, რა ნაღვლიანად თანხმდებოდნენ, უნგრელი გენიოსი აუცილებლად ლოთი უნდა იყოსო. ლასლომ ამის დაჯერებაზე უარი თქვა და სანაძლეო დადო — 12 ბოთლ შამპანურზე — რომ აღარასოდეს დალევდა.

კაფკასთან ერთად, კრასნაჰორკაიმ უნგრელ მწერლებს შორისაც იპოვა თავისი იდეალი: გიულა კრუდი (Gyula Krúdy). როგორც თავად ახასიათებს, ბრწყინვალე და უთარგმნელი მწერალი. „ყველა სხვა პროზაიკოსისგან განსხვავებულად იყენებდა წინადადებებს. იგი ყოველთვის ისე ჟღერდა, როგორც ოდნავ შემთვრალი კაცი, რომელიც მელანქოლიას შეუპყრია, ცხოვრებაზე ილუზიები აღარ შერჩა და ძალიან ძლიერია, თუმცა სრულიად უსარგებლოა მთელი მისი ძალა“. კრუდი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მას წერისაკენ უბიძგა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მწერალი მისთვის იდეალი არასოდეს ყოფილა.

თუკი გავლენებზე ვისაუბრეთ, უნდა ვახსენოთ ზოგადად დასავლური ლიტერატურის გავლენაც. როგორც კრასნაჰორკაი იხსენებს, სამოციან წლებში მასობრივად ითარგმნებოდა უნგრეთში უმნიშვნელოვანესი ავტორები: ფოლკნერი, კაფკა, რილკე, მილერი, ჰელერი, პრუსტი, ბეკეტი… უნგრელი მწერლები კომუნისტური რეჟიმის გამო საკუთარ ნაწარმოებებს ვერ აქვეყნებდნენ, ამიტომაც იძულებულნი გახდნენ, მთარგმნელებად ქცეულიყვნენ; ასე გაჩნდა უნგრულად შექსპირის, დანტეს, ჰომეროსის ბრწყინვალე თარგმანები.

რაც შეეხება დოსტოევსკის, რომლის წიგნებსაც კრასნაჰორკაი ჯიბით ატარებდა — დოსტოევსკი მისთვის სტილის ან მოთხრობილი ამბების კი არა, პერსონაჟების გამო იქცა გარდამტეხი მნიშვნელობის ფიგურად:

„გახსოვთ „თეთრი ღამეების“ მთხრობელი? მთავარი გმირი მიშკინს მოგვაგონებს „იდიოტიდან“, იგი ერთგვარი წინარე-მიშკინია. ამ მთხრობელზე ვგიჟდებოდი და შემდეგ უკვე მიშკინზეც — თაყვანს ვცემდი მათ დაუცველობას. დაუცველი, ანგელოზური ფიგურები. ყველა რომანში, რაც კი დამიწერია, აუცილებლად იპოვით ასეთ ფიგურებს – პერსონაჟებს, რომლებსაც სამყარომ ჭრილობა დაუტოვა. ამ ჭრილობებს არ იმსახურებენ და ისინი იმიტომ მიყვარს, რომ სჯერათ სამყაროს მშვენიერების, მათ შორის ადამიანების არსებობის მშვენიერების და დიდ პატივს ვცემ მათ მორწმუნეობას. თუმცა მათი აზროვნების წესი, მათი შეხედულებები სამყაროზე და უმანკოებისადმი რწმენა – ჩემთვის შეუძლებელია.

ჩემთვის, ჩვენ უფრო მეტად ცხოველთა სამყაროს ვეკუთვნით. ცხოველები ვართ, უბრალოდ გამარჯვებული ცხოველები.“

პირველი რომანი და პირველი „მსხვერპლი“

ლასლო კრასნაჰორკაის პირველი რომანი — სატანტანგო — 1985 წელს გამოიცა. არავის წარმოედგინა, რომ ამ რომანის გამოქვეყნება საერთოდ შესაძლებელი იყო. თუმცა მწერალს გაუმართლა, ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორი საიდუმლო პოლიციის ყოფილი უფროსი გამოდგა და როგორც ლასლო ვარაუდობს, სატანტანგოს დაბეჭდვაზე თანხმობით იმის დამტკიცება სცადა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა საკმარისი ძალაუფლება და გამბედაობა ასეთი წიგნის გამოსაქვეყნებლად.

ზემოთ ხსენებული „იდეალი“ მსხვერპლისა, დაუცველი და უმანკო პერსონაჟის, პირველად სწორედ სატანტანგოში განახორციელა, ესტიკას სახით.

„მას სჯერა ყველაფერი, რასაც საყვარელი ადამიანები ჰპირდებიან. იგი სრულიად დაუცველია. მიყვარს ასეთი ხალხი. უზარმაზარ მასაშიც კი ვცნობ მათ. ისინი ერთმანეთსაც ამჩნევენ. საიდუმლო გაერთიანება არსებობს მათ შორის, თუმცა ყოველთვის მარტოები არიან. ერთმანეთს ვერაფრით ეხმარებიან. მათი ბედისწერა მხოლოდ ესაა: დაკარგონ საკუთარი თავი. ისინი ყოველთვის მსხვერპლად დარჩებიან. ესაა მათი ერთადერთი დავალება, ერთადერთი სასტიკი დავალება ამ სამყაროში. მათ გარეშე სამყაროს ერთიანი მექანიზმი ვერ იმუშავებს. „სატანტანგო“ ამის საუკეთესო მაგალითია. ამ ამბავში ადამიანები ვერ იარსებებენ მსხვერპლისა და მსხვერპლშეწირვის გარეშე.“

პირველივე რომანს მოჰყვა უცნაური შემთხვევა, რომელმაც ტექსტებთან და პერსონაჟებთან სიფრთხილე ასწავლა. რომანის დაწერიდან რამდენიმე წელიწადში კრასნაჰორკაი „სატანტანგოს“ ერთ-ერთ პერსონაჟს პირადად შეხვდა:

„შეგიძლია, დაამტკიცო, რომ მიშკინი მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟია? რა თქმა უნდა. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მიშკინი, შესაძლოა, რეალობაში სხვისი გავლით შემოვიდა — დოსტოევსკის გავლით — თუმცა ახლა ჩვენთვის ის ნამდვილი ადამიანია. სატანტანგოს დაწერიდან რამდენიმე წელიწადში, ერთ ბარში ვიყავი და ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. ეს ჰალიჩი იყო, „სატანტანგოდან“. მართლა! არ ვხუმრობ! სწორედ ამიტომ გავხდი უფრო ფრთხილი იმის მიმართ, თუ რას ვწერ. მაგალითად, „ომი და ომის“ თავდაპირველი ტექსტი საკმაოდ განსხვავდებოდა იმ ვერსიისგან, რომელიც გამოვაქვეყნე. პირველი ასი გვერდი თავიდან კორინის თვითდესტრუქციას ეხებოდა, მაგრამ შემეშინდა, რომ მოგვიანებით მას ამ მდგომარეობაში შევხვდებოდი და ვერაფრით შევძლებდი მის დახმარებას. მეშინოდა იმის, რომ მას შესაძლოა არასოდეს დაეტოვებინა თავისი პატარა ქალაქი, ამიტომაც გადავწყვიტე, იქიდან გამეყვანა“.

მიუხედავად იმისა, რომ დიდია ცდუნება, სატანტანგო ერთგვარ პოლიტიკურ ალეგორიად იყოს აღქმული, თავად მწერლის გაცხადებული მიზანი წერისას სულ სხვა იყო: მას მხოლოდ ის აწუხებდა, გაეგო, რატომ იყო მის გარშემო ყველა ასეთი სევდიანი, რატომ იყო თავად ასეთი სევდიანი და თავისი მსგავსი ადამიანებით გარშემორტყმული. „უცნაურია, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. საბჭოთა კავშირის ნგრევამ და პოლიტიკურმა დამოუკიდებლობამ უნგრელებს ახალი სახელმწიფოს აშენების შანსი მისცა, მაგრამ ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ სინამდვილეში მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ ავაშენებდით ახალ სახელმწიფოს ძველი ხალხით?“ – ამბობდა ლასლო მოგვიანებით სატანტანგოზე საუბრისას.

ბელა ტარი და წინააღმდეგობის მელანქოლია

სატანტანგოს შემდეგ, 1989 წელს „წინააღმდეგობის მელანქოლია“ გამოქვეყნდა. სწორედ ამ რომანის გამო უწოდა კრასნაჰორკაის „აპოკალიფსის ოსტატი“ სიუზენ ზონტაგმა და ზონტაგის შემდეგ — მისი შემოქმედების არაერთმა მკითხველმა.

მალევე გამოვიდა ორივე წიგნის კინოადაპტაცია. ჯერ „სატანტანგო“ იქცა შვიდსაათიან ფილმად, შემდეგ კი 2000 წელს „წინააღმდეგობის მელანქოლია“ვერქმაისტერის ჰარმონიებად. ორივე ფილმზე კრასნაჰორკაიმ ბელა ტართან ერთად იმუშავა.

თავისთავად ბელა ტარისა და კრასნაჰორკაის ურთიერთობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კოლაბორაციაა მწერალსა და რეჟისორის შორის და მათი ურთიერთობის დინამიკაზე კრასნაჰორკაიმ არაერთხელ ისაუბრა.

ყველაფერი 1985 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც „სატანტანგო“ გამოქვეყნდა. ბელა ტარს, მის ცოლს, აგნესს და ლასლოს ამ წიგნზე ფილმის გადაღება სურდათ, მაგრამ ბელა ტარი უნგრეთის კინოსამყაროში არ უყვარდათ და არაერთხელ მოუწია უარის მოსმენა. საბოლოოდ, უთხრეს, რომ სატანტანგოს გადაღება საერთოდ დაუშვებელი იყო. ლასლო ბელა ტარს დროებით დაემშვიდობა.

დამშვიდობებიდან დაახლოებით ორ კვირაში კრასნაჰორკაის აგნესი ესტუმრა და სთხოვა, ახალი სცენარი დაწერე, თორემ ბელა თავს მოიკლავსო. „კარგად ვიცნობ. თუ შენთან ერთად ფილმს არ გადაიღებს, თავს მოიკლავს,“ — უთხრა აგნესმა. ამ ვიზიტით აგნესმა კრასნაჰორკაი დაიყოლია.

„მასთან მუშაობა მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კოლაბორაცია. ყველაფერი გავიღე და მანაც მთლიანად მიიღო ის, რასაც გავცემდი. ყოველთვის ერთად ვმუშაობდით, მე ვწერდი სცენარებს, მაგრამ ფილმები მისი იყო. კინოხელოვნება უსამართლოა. თუ მწერალი ხარ და რეჟისორს შენი ნამუშევრის ადაპტაცია სურს, უნდა შეეგუო, რომ რეჟისორი ისაა და ფილმიც მისი იქნება.

ჩემი სცენარები ყოველთვის ლიტერატურული ნაწარმოებები იყო. ვიყენებდი ფორმას, დიალოგს… როცა დავწერე მთავარ გმირზე, „იგი ფიქრობს სამყაროზე ღმერთის გარეშე“, ბელამ მითხრა, ეს არ არის სცენარი, ეს როგორ უნდა ვაჩვენოო? ამიტომაც ცოტა შეშინებული ვიყავი მუშაობისას. თუნდაც, როცა პერსონაჟი სამოთხეში მიდის. ბელა მეკითხება – ეს როგორ უნდა გადავიღო?..“

საინტერესოა ისიც, რომ როგორც კრასნაჰორკაი იხსენებს, სამუშაო პროცესში მას ერთგვარი ფილოსოფოსის როლი ჰქონდა. მუშაობისას ჰყვებოდა ჰერაკლიტეზე, შექსპირზე, ბერნჰარდზე, მათზე, ვის შესახებაც ბელა ტარს არაფერი სმენოდა, რადგან კომუნისტური ცენზურის გამო არ ჰქონდა წაკითხული.

The New Yorker-ში „წინააღმდეგობის მელანქოლიაზე“ წერდნენ, ეს არის წიგნი ღმერთის შესახებ, რომელიც უბრალოდ კი არ ჩაიჭრა, საერთოდ არ გამოცხადებულა გამოცდაზეო. ეს რომანი პატარა უნგრულ სოფელზეა, სადაც ერთხელ ჩამოდის უცნაური ცირკი, რომელსაც თან ვეშაპის უზარმაზარი ჩონჩხი ჩამოაქვს. ეს ავისმომასწავებელი სანახაობა ისეთი ძალების გამოღვიძების საწინდარი ხდება რომანში, რომლებსაც ხალხი ძალადობამდე და ვანდალიზმამდე მიჰყავს. ვეშაპი, რომელიც მეტაფორულად შეიძლება ჰობსის ლევიათანადაც დავინახოთ, იგივე მოკვდავი ღმერთი, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, კრასნაჰორკაის ტექსტში მკვდარია, მხოლოდ ჩონჩხია. ამიტომ მოსალოდნელიც არის, რომ მის გამოჩენას ქალაქში აჯანყება მოჰყვება, მდგომარეობა, რომელიც ჰობსის კოშმარია — ყველა ყველას წინააღმდეგ, დაპირისპირება, რომლის თავიდან ასაცილებლადაც არსებობს ლევიათანი. მაგრამ მკვდარ ვეშაპს, რომელიც უკვე მხოლოდ სანახაობაა და არა ძალაუფლების სიმბოლო, არაფერი შეუძლია. მოჩვენებითი წესრიგის მიღმა მხოლოდ საშიში სიცარიელეა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება ქაოსით შეივსოს.

საბოლოოდ, პატარა ქალაქში ანარქიის საშიშროება დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას აჩენს. ცირკი და ვეშაპის შემაშინებელი სხეული კი მხოლოდ კატალიზატორია იმ კატასტროფის, რომელიც ისედაც გარდაუვალია.

ერთადერთი რომანი

კრასნაჰორკაის სტილზე საუბრისას ორი მთავარი მახასიათებელი შეიძლება გამოვყოთ: გრძელი წინადადებები, რომლებიც ხშირად მთელ გვერდზე გრძელდება და განმეორებადი, ამოცნობადი თემები, რომლებიც ისეთ განცდას აჩენს, თითქოს არა ცალკეულ რომანებს, არამედ ერთიანი ნარატივის ნაწილებს კითხულობ, ერთ დიდ ტექსტს, რომლის დაწერაც ავტორს გადაუწყვეტია.

წერის სტილის პოვნა თუ ჩამოყალიბება მისთვის რთული არასოდეს ყოფილა, რადგან არც არასოდეს უძებნია. მეგობრები ყოველთვის კი ჰყავდა, მაგრამ ერთბაშად — მხოლოდ ერთი და როცა მათ ხვდებოდა, დიალოგის ნაცვლად მონოლოგს იწყებდა. ერთ დღეს — მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა, მეორე დღეს — მხოლოდ მისი მეგობარი. მთავარი ის იყო, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანი სათქმელი შეერჩიათ და თან ერთმანეთიც დაერწმუნებინათ, რომ ის, რაზეც ლაპარაკობდნენ, მართლაც იყო მნიშვნელოვანი. მსმენელის დასარწმუნებლად კი წერტილები და მძიმეები სულაც არ იყო საჭირო, მთავარი იყო სუნთქვა და რიტმი, ტემპი და მელოდია. სწორედ ეს დარწმუნების სურვილი და ამ სურვილის განსახორციელებლად აუცილებელი მელოდიურობა, რიტმულობა და ტემპი გადმოჰყვა მის პროზასაც გაუცნობიერებლად.

განცდა, რომ მისი რომანები ხშირად ერთსა და იმავე თემებს უბრუნდება, სრულიად ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ კრასნაჰორკაის თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ერთადერთი წიგნის დაწერა უნდოდა, მაგრამ რაკი პირველით კმაყოფილი არ იყო, მეორე დაწერა, მეორით უკმაყოფილებამ მესამე დააწერინა და ასე შემდეგ… მისი რომანები „სატანტანგო“, „წინააღმდეგობის მელანქოლია“ „ომი და ომი“ და „ბარონი“ მას ერთ დიდ წიგნად მიაჩნდა, იმ წიგნად, რომლის დაწერასაც თავიდანვე ცდილობდა.

როცა კრასნაჰორკაის აპოკალიფსის ოსტატს უწოდებენ, უნდა გვახსოვდეს — ისაა მწერალი, რომელიც ამბობს, რომ აპოკალიფსი არაა მოვლენა, რომელიც სამყაროს დასრულებითა და განადგურებით ემუქრება. აპოკალიფსი არსებობის ფორმაა, აწმყოში არსებობის. ყოველი მომენტი აპოკალიფსურია, ჩვენი ყოველდღიურობაა აპოკალიფსური.

სწორედ ეს დამდგარი, უკვე რუტინად ქცეული აპოკალიფსი იწვევს ფატალურობის განცდას, ადამიანებისადმი უნდობლობას, მათგან ყველაზე უარესის მოლოდინს.

„ყველაფერი, რაც ადამიანის ხელში მოხვდება, ბოროტებად გარდაქმნისთვისაა განწირული. შეიძლება მკითხოთ, რას იტყვით მატარებელზე? ბორბალზე? ელექტრობაზე? მატარებლებმა აუშვიცამდე მიგვიყვანა. ბორბლები იმ ტანკებს ამოძრავებენ, რომლებიც ბახმუტის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ელექტრობას – საკმარისია, ნახო, რას უშვრება იგი სიკვდილმისჯილს ელექტროსკამზე.

ერთი წყვილი რელსი, რომლითაც მატარებელი აუშვიცისკენ მიდიოდა, სრულიად აუფასურებს იმ ფაქტს, რომ ყოველდღიურად მატარებლებით მილიონობით ადამიანი მიდის სამსახურში“.

„ჰომეროსის დევნა“ და მდევრებისა და დევნილების ვინაობის უმნიშვნელობა

 „ჰომეროსის დევნა“ კრასნაჰორკაის ნაკლებად ცნობილი, მცირე მოცულობის რომანია, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ავტორმა სრულიად კონკრეტული მოვლენა — გაქცევა და დევნილისა და მდევრის ურთიერთობის დინამიკა აქციოს მეტაფიზიკურ პრობლემად. ეს ტექსტი, ერთი შეხედვით, მარტივ სტრუქტურას მიჰყვება — უსახელო, ლამის აბსტრაჰირებული მთავარი გმირი გაურბის ვიღაცას, ასევე უსახელო, ინდივიდუალიზმს მოკლებულ არსებას. თუმცა, სინამდვილეში, ეს ტექსტი არა ამ ორ ადამიანზე, არამედ თავად დევნაზეა, დევნილობის მდგომარეობაზე და მალევე გვარწმუნებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გარბის და ვინ მისდევს გაქცეულს, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის სულის შემხუთველი განცდა, რომ რაღაც ფეხდაფეხ მოგდევს, გიახლოვდება და შენი გამოჭერა, სასტიკი მარცხი, საბოლოოდ გარდაუვალი და აუცილებელიც კია.

უპიროვნო პერსონაჟები, რომლებიც არც საკუთარ მოტივებზე ჰყვებიან, არც დანაშაულებზე და წარსულზე, მხოლოდ მექანიკური საშუალებები არიან ავტორის ხელში, რომელსაც სწორხაზოვანი სიუჟეტის, პერსონაჟების პორტრეტებისა და დამაკმაყოფილებელი, გასაგები დასასრულის ნაცვლად კლაუსტროფობიული ატმოსფეროსა და ამ ატმოსფეროში გაჭედილი დევნილის უნივერსალური ხატის შექმნა აქვს გადაწყვეტილი.

ტექსტს თან მაქს ნოიმანის ილუსტრაციები ახლავს და უნდა ითქვას, რომ ნოიმანი ზუსტადაა შერჩეული ამ როლისთვის. ნოიმანის ნახატების თავისებურებაა ისაა, რომ იგი ოსტატურად გარდაქმნის ადამიანებს აბსტრაქტულ სიმბოლოებად და ისეთ კომპოზიციებს ქმნის, სადაც ადამიანი პიროვნულობისგან მთლიანად გაწმენდილია და თითქოს საკუთარ არსამდე, პირველად მონახაზამდეა დაყვანილი. მის ნამუშევრებში ხშირად მხოლოდ კონტურები და ჩრდილებია ადამიანებისგან დარჩენილი და „უნივერსალური ჰორორი“ იგრძნობა, რაც ძალიან ახლოს არის კრასნაჰორკაის აპოკალიფსურ, ფატალისტურ ხედვასთან.

ამ მცირე რომანში თავების დასასრულს განთავსებულ ნოიმანის ნახატებში აბსტრაქტულ სახეებზე ინდივიდუალობის ნიშნები არ ჩანს, მდევრების სხეულები მხოლოდ უკონტურო ჩრდილებითაა გამოხატული, პორტრეტები მოკლებულია კონკრეტიზაციას და ფორმები არაპროპორციული, ხშირად შემაწუხებლად არაბუნებრივია. ამ ნახატებში ჩანან ადამიანები, რომლებიც თითქოს არც არიან ადამიანები — მათი სილუეტები მხოლოდ მიანიშნებს ადამიანურ ბუნებაზე და იმდენად დეფორმირებულია, რომ მნახველს ზუსტად იმავე დისკომფორტს განაცდევინებს, რასაც თავად ტექსტი. ეს უცნაური არსებები, მინიმალისტურები და შემზარავები, თითქმის მთლიანად იკავებენ ჩარჩოს, მათ მიღმა სივრცე სრულიად ცარიელი და შიშველია, სქელი კონტურებით შემოსაზღვრულ სხეულებშიც ასეთივე სიცარიელეა, ხოლო ღია პირებსა და თვალებს, ცარიელ თვალებს გუგების გარეშე, თითქოს არაფრის დანახვა და თქმა არ შეუძლიათ.

ერთ-ერთ ილუსტრაციაზე, სადაც უსქესო ფიგურის პორტრეტი პროფილშია გამოსახული, სახის ოვალში, იქ, სადაც წესით თვალი უნდა იყოს, ჩახატულია ერთადერთი შავი წრე, რომლის იდენტური მეორე წრე სახის მიღმა, ცარიელ სივრცეში ვარდება. თითქოს ფიგურას იმწამს, მნახველის თანდასწრებით ძვრება მეორე თვალი. შესაბამისად, ამ პატარა რომანისთვის დახატული ადამიანები უფრო ადამიანების ნარჩენები არიან, არსებობასა და არარსებობას შორის გაჭედილი, ცვალებადი ბუნების არსებები.

გარდა ნახატებისა, რომანში თითოეულ თავს თან ახლავს QR კოდები, რომელთა დასკანერებითაც შესაძლებელია რომანისთვის საგანგებოდ შექმნილი მუსიკის მოსმენა, რომლის კომპოზიტორიც არის სილვესტერ მიკლოში (Szilveszter Miklós). ესაა ხმები, რომლებიც ნახატებთან და სიტყვებთან ერთად დევნის მკითხველს. ამ მუსიკის რიტმი თითქოს მთავარი გმირის აჩქარებული გულისცემის გაგრძელებაა.

დევნილი საკუთარი ცხოვრების შესახებ წერს: არასოდეს განმიცდია ცხოვრება, როგორც ჩემი საკუთრება; როგორც რაიმე, რაც მხოლოდ მე მეკუთვნის და რაშიც სხვა ვერავინ შემოიჭრება, რაშიც ვერავინ დამინახავს, ისე, თითქოს ფარდები იყოს ჩამოფარებული; სიმართლე რომ ვთქვა, არც მიფიქრია ჩემს ცხოვრებაზე და ისიც კი არ ვიცი, სად შეიძლება მდებარეობდეს ის, რაც წესით ჩემი ცხოვრებაა. სხვების ცხოვრებას ვხედავ, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება არც ეგაა, ისინი ჩემზე მეტად როდი ფლობენ თავიანთ ცხოვრებას, როგორც ისეთ საკუთრებას, რომლებსაც მათ ვერავინ წაართმევს.

სწორედ ამაზე ფიქრს მიჰყავს იგი იმის გაცნობიერებამდე, რასაც კრასნაჰორკაის პერსონაჟების უმრავლესობა ერთხელ მაინც გაიფიქრებს — ცხოვრებას თავისთავად არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება მხოლოდ პატარა ნაწილაკია არსებობის, რომელიც თავისთავად სხვა არაფერია, თუ არა პროცესი, დინება ერთი მდგომარეობიდან მეორისკენ. ამიტომაც არის იგი განგრძობითი, მიზეზშედეგობრივიც კი, მაგრამ უაზრო.

ამ პატარა ტექსტში სრულყოფილად ჩანს კრასნაჰორკაის სტილი: მისი ტექსტები, როგორც თავადაც ამბობს, იმ არსებას ჰგავს, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბის, სუნთქვაშეკრული, თან რაღაც განსაზღვრულ ბედისწერას დაატარებს, ერთდროულად რაღაცისგან გარბის და რაღაცისკენ მიექანება. ამის საჩვენებლად კი წერტილებზე უფრო გამოსადეგი რიტმის, ტემპისა და მელოდიურობის ოსტატური გამოყენებაა.

ამ წიგნის ატმოსფერო ძალიან ჰგავს საბჭოთა უნგრეთის კრასნაჰორკაისეულ აღწერას: „ეს იყო ზედროული საზოგადოება, რადგან უნდოდათ, გვეფიქრა, რომ არაფერი შეიცვლებოდა. ყოველთვის ერთი და იგივე ნაცრისფერი ცა და უფერული ხეები, პარკები, ქუჩები, შენობები, ქალაქები და პატარა დასახლებები; ბარებში — საშინელი სასმელი, სიღარიბე და სათქმელად აკრძალული სიტყვები. თითქოს მარადისობაში ცხოვრობდი. საშინლად დამთრგუნველი იყო.“

სწორედ ამ დათრგუნულობიდან და ზედროულობიდან იბადება „დისციპლინირებული სიგიჟე“, განცდა, რომ დევნა და გაქცევა არასოდეს არ დასრულდება.

რჩევა

თუ ამ ტექსტის მკითხველს ჯერ ლასლო კრასნაჰორკაის არცერთი წიგნი არ წაუკითხავს, დასასრულს ვურჩევდი იმას, რასაც ასეთ ადამიანს თავად ლასლო კრასნაჰორკაი ურჩევდა:

„თუ არსებობენ მკითხველები, რომლებსაც ჩემი წიგნები არ წაუკითხავთ, მათ ვერაფერს შევთავაზებ წასაკითხად; ამის ნაცვლად, ვურჩევ, გარეთ გავიდნენ, სადმე დასხდნენ, თუნდაც ნაკადულის პირას, და არაფერი აკეთონ, არაფერზე იფიქრონ, უბრალოდ სიჩუმეში დარჩნენ, ქვებივით. საბოლოოდ, ისინი შეხვდებიან ადამიანს, რომელსაც ჩემი წიგნები უკვე წაუკითხავს.“


[1] გოდოლი, მთარგმნ: რუსუდან კანჯიანომ

© არილი

Facebook Comments Box