
წვიმს.
წვიმაა თუ ცრემლი – რთულია გაარჩიო.
სასოწარმკვეთ სიჩუმეს ბასრი შეკითხვა ჭრის:
„ვინმეს რამის თქმა ხომ არ გინდათ?“
სველი სიჩუმე და საუკუნო მდუმარება…
ცოცხლებისა და მკვდრების დუმილს ქვითინი არღვევს.
„რა გვეშველება?“ – უსასოოდ მეკითხება გვერდით მდგომი და პირველად ხდება, რომ ამ კითხვაზე ყალბი პასუხიც კი არა მაქვს.
საუკუნო მდუმარება და სველი სიჩუმე…
მოსწავლეები მასწავლებელს დასტირიან.
ჩუმად. მდუმარედ.
ტკივილისა და უსიტყვებო გლოვის ენაზე.
***
– „ტკივილის ენა, ესე იგი, გლოვის ფენომენი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველად ყველაზე უფრო სრულყოფილად ჰომეროსმა წარმოაჩინა“ – გვამცნობს ლექტორი პირველკურსელ, დამფრთხალ სტუდენტებს კლასიკური ფილოლოგიის შესავლის ლექციაზე და აქილევსის უკვდავი ცხენების მიერ პატროკლოსის დატირების ამბავს გვიყვება; თან მისთვის დამახასიათებელი, ხელის ელეგანტური მოძრაობით წიგნების ძველ კარადაში შეყუჟულ ჰომეროსის ბიუსტზე მიგვანიშნებს. მზერას ვაყოლებ.
აქ ჯერ არ ვიცი, რომ ეს კარადა, ეს ბიუსტი, ხელის ამგვარი მოძრაობა და ეს კადრი, რომელშიც მე 17 წლის ვარ, ჩემ წინ მდგარი რისმაგ გორდეზიანი და მისი საუბარი ჰომეროსის აქილევსზე, ცხოვრების მთავარ კადრად უნდა მექცეს. ცხოვრებისა, რომელმაც 2025 წლის 13 აგვისტოს, მე და ასობით მის მოსწავლეს ობლობაში თანაზიარი მდუმარების ენა გვასწავლა.
***
მთელი თვეა ამ წერილს ვწერ და თან ვერა ვწერ.
წერა თითქმის არასოდეს გამჭირვებია. მაშინაც კი, როცა ბატონი რისმაგის სამაგისტრო კურსის გამოცდის ანუ „გალურჯებამდე წერის“ დროს, გაშეშებული მარჯვენა ხელის ნამდვილ დრამატულ პერსონაჟად გარდასახვის მომსწრე ვხდებოდი. თუმცა ამ დრამას ერთობ დროულ კვანძის გახსნად ევლინებოდა ჩვენთვის ესოდენ სანუკვარი შეძახილი – „აბა, გასტრონომიული ექსპანსია იწყება!“, რასაც თან სდევდა ბატონი რისმაგის ოთახში შემობრძანებული ვეეეებერთელა პიცა.
ახლა უნდა ვაღიარო, ანტიკური დრამის გამოცდა ანუ „გალურჯებამდე წერა“ სადღაც გვიხაროდა კიდეც სტუდენტებს.
იმ არცთუ ისე მარტივ დროში, ბევრმა ჩვენგანმა პიცის გემო პირველად სწორედ მაშინ გავიგეთ.
და ეს არ იყო უბრალოდ გემო…
ვეებერთელა ზრუნვის გემო ჰქონდა იმ პიცას.
მთელი თვეა ამ წერილს ვწერ და თან ვერა ვწერ.
ნეტავ რამდენ მუნჯ ბგერას ითვლის მასწავლებლის გლოვის ანბანი?..
***
„ანბანის რიგზე დავალაგოთ? ასე?“ – ვეკითხები უკიდეგანოდ თვითკმაყოფილი იმ პატივით, რომ ახალი სასწავლო წლის ჯეროვნად შესახვედრად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საქმე დამევალა – პაწაწინა, მაგრამ ლეგენდარული, ყვითელყდიანი სატელეფონო წიგნაკის განახლება. ამ წიგნაკში იპოვით ყველას სახელსა და გვარს, მისამართსა და ტელეფონს, ვინც მერვეკორპუსელის საამაყო სტატუსს ატარებს. ამ პაწაწინა, მაგრამ ვეება ბიოგრაფიის მქონე წიგნაკში თუ მოხვდი, ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების ხომალდი ძველბერძნულ-ლათინურ ენათა ფართო ოკეანეში გრამატიკისა და სინტაქსის სიმპლეგადებსაც გადაურჩა, ანტიკური მითოლოგიის ლაბირინთშიც გზა გაიკვლია, ბერძენ-რომაელ ავტორთა ხმაც გულისყურით მოისმინა იმგვარად, რომ სახელ-სახეთა ღრმა მორევში არ ჩაუკარგავს თავი და მრავალი ჯაფის, ღვწისა და უძილო ღამის შემდეგ, მერვე კორპუსის ნეტართა შორის ბინადრობა დაიმსახურა.
„მაჩვენე, საყვარელო!“ – მისთვის ჩვეული თბილი ტონით მეუბნება რისმაგ გორდეზიანი და ყვითელ წიგნაკს გულისყურით ათვალიერებს. ვინმეს სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი არ გამოგვრჩეს! ეს წიგნაკი ტელეფონების წიგნაკს მხოლოდ სხვათა თვალის ასახვევად ჰგავს, თორემ ნამდვილი ჯადოსნური იარაღია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ბატონი რისმაგი მოიმარჯვებს და „ჩამორეკვას“ ვიწყებთ.
„ბატონი რისმაგის თხოვნით გირეკავთ… ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე, ესა და ეს უცხოელი მეცნიერი, კონფერენცია, ღონისძიება, შეხვედრა“ და ასე შემდეგ… – ტექსტი უცვლელია, იცვლება მხოლოდ „ჩამორეკვის“ მოტივი, რადგან ჩვენს ინსტიტუტში ერთი დაუწერელი კანონი თუ წესი მოქმედებს: აქ რაც მოხდება, ყველა ამბის მონაწილე ყველა ჩვენგანი უნდა იყოს. ეს ძველი ათენური ტრადიციაა, ათენური და მერვეკორპუსული.
***
მერვე კორპუსს საკმაოდ ბევრი ხალხი სტუმრობს. მათი მთავარი მასპინძელი, რა თქმა უნდა, ბატონი რისმაგ გორდეზიანია. გარდა მერვეკორპუსელებისა, აქ ხშირად დადიან ცნობილი მეცნიერები, ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები, უცხოელი სტუმრები, სტუდენტები და არა მხოლოდ სტუდენტები; ხშირად – უცნაური ადამიანებიც.
აქ მოქმედებს სტუმრის მიღების უცვლელი და მრავალშრიანი პროტოკოლი, რომლის ცენტრალურ მოვლენასაც წარმოადგენს სტუმართმოყვარე ზევსის ოთახიდან რიტუალური სვლით კიბეების ავლა და ჩვენი ინსტიტუტის ყველა მთავარი სიწმინდის მოხილვა. ესენია: ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და, რა თქმა უნდა, კომპიუტერული ცენტრი ანუ სტუდენტურად – „ნასას ოფისი“.
სტუმართმოყვარე ზევსი ამ დროს ბედნიერია. და რიტუალში მონაწილე გმირიც ფრიად ბედნიერია, რადგანაც მყისვე იაზრებს, რომ მის წინ დგას ის „პრეისტორიული ადამიანი“, რომელიც ღმერთის ხელობას ფლობს – ქაოსიდან კოსმოსის შექმნის ხელოვნებას.
***
„თავდაპირველად იყო ქაოსი“ – ასე იწყებს ბატონი რისმაგ გორდეზიანი ქართულ ენაზე მთავარი ბერძნული ამბის თხრობას „ბერძნული მითების სამყაროს“ სერიის პირველსავე წიგნში, სახელწოდებით „ქაოსიდან კოსმოსამდე“ და ასე აგრძელებს: „მრავალფეროვანია და ვრცელი სამყარო, რომელსაც ოლიმპიელი ღმერთები მართავენ, მაგრამ იგი ყოველთვის როდი იყო ამგვარი. მან, ვიდრე ზევსი მოევლინებოდა უზენაეს ღმერთად, გარდაქმნებისა და განვითარების ხანგრძლივი გზა განვლო“.
გარდაქმნებისა და განვითარების ხანგრძლივი გზა განვლო კლასიკური ფილოლოგიის კათედრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან იმ დღემდე, ვიდრე მას რისმაგ გორდეზიანი მოევლინებოდა მმართველად და ერთ კათედრას მთელ ინსტიტუტად გარდასახავდა.
1997 წელს – მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უშუქობის ეპოქა იდგა, უნივერსიტეტის მერვე კორპუსი ალბათ ერთადერთი შენობა იყო მთელ ქვეყანაში, სადაც სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, თბილ, გარემონტებულ და იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცეში მიმდინარეობდა. ამიტომაც იყო, რომ ინსტიტუტის სტუდენტის სტატუსთან ერთად, პირველკურსელთა ცნობიერებას ეუფლებოდა რაღაც ენით აღუწერელი გრძნობა – მე ვიტყოდი, ჰიბრისიც კი, რაც მათ თავს თანაკურსელებზე აღმატებულ არსებებად აგრძნობინებდა. ვაღიაროთ, ეს, მეტწილად, ბატონი რისმაგ გორდეზიანის „ბრალი“ იყო. აბა, როგორი ამბავია: პირველ კურსზე ხარ, შედიხარ რისმაგ გორდეზიანის ლექციაზე, რომლის უცნაური სახელიც იმ უხსოვარი დროიდან გახსოვს, საოჯახო ბიბლიოთეკის თვალსაჩინო წიგნის – „ბერძნული ცივილიზაციის“ ყდაზე პირველად ამოკითხვა როცა შეძელი. ახლა ის შენი ლექტორია, შენ წინ დგას და ეგეიდის დამწერლობის სისტემებზე გესაუბრება. გესაუბრება იმგვარად, რომ ლექციიდან გამოსულს გჯერა, ძალიან მალე შენ შეძლებ იმას, რაც მეცნიერთა თაობებმა ჯერაც ვერ შეძლეს – ფესტოს დისკოსაც გაშიფრავ და A ხაზოვან დამწერლობასაც, ჰომეროსის ვინაობასაც ზედმიწევნით ზუსტად დაადგენ, ეგ კი არა – შეიძლება პროტოქართული დამწერლობის ნიმუშებსაც კი მიაკვლიო. გამოდიხარ ლექციიდან და ჯერ არ იცი, რომ იმ უშრეტ ცეცხლს, რომელიც დღეს შენმა ბრძენმა მასწავლებელმა ოსტატურად გადმოსდო შენს სულს, ბევრი წლის შემდეგ, როცა შენი სტუდენტების თვალებში შენიშნავ, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ჭეშმარიტი სიყვარული საქმის მიმართ ყველაზე უფრო იშვიათი და გადამდები სენია ამ ჩვენს სამყაროში.
***
„ანტიკური სამყარო ტრადიციულისა და ნოვატორულის ურთიერთშეხამების პარადიგმას ემყარება და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი პროგრესისთვის“ – სპეციალობის შესავლის ლექციაზე ახლა ჩემი შემდგომი თაობის სტუდენტები უსმენენ ბატონ რისმაგს და აწ უკვე დამკვირვებლის როლში მყოფი, ვხედავ, როგორ მძლავრად ღვივდება ის ნაპერწკლები, რომელიც მალე მარადუქრობ ცეცხლად იქცევა. ამ გადამდებ ცეცხლს მათი ლექტორი ზუსტად ისეთი ოსტატობით ანთებს მათ სულში, როგორც წლების წინ ჩვენში დაანთო. არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ ახლა უფრო მეტნი ვართ, ვისაც ანტიკურობის სიყვარული შეგვყარა და ამ სიყვარულის უშრეტი ცეცხლის მონათესავე ნაპერწკლების დანაწილებით, ერთმანეთთან სამუდამო ნათესაური კავშირით შეგვკრა.
მზერა ძველ კარადაში შეყუჟულ, ჰომეროსის ბიუსტზე მიჩერდება.
ჩემი სამუშაო მაგიდა ამ კარადასა და ბატონი რისმაგის სამუშაო მაგიდას შორის დგას.
შევამჩნიე – რაღაც ძალზე მნიშვნელოვანზე როცა ფიქრობს, ყოველთვის დაჟინებით უმზერს ამ ბიუსტს. თვალებში უყურებს. ამ დროს ჰომეროსის ამ პატარა ბიუსტსა და დიდ ჰომეროლოგს შორის გაბმული უხილავი ძაფი ზუსტად ჩემ წინ გადის და ვგრძნობ, რომ რაღაც საკრალურის, საიდუმლო რიტუალის თანაზიარი ვარ.
ჰომეროსის ბიუსტს ვუყურებ. ისიც მიყურებს, მერე რა რომ თვალები არ აქვს…
„რა საჭიროა თვალები, თუ ჭვრეტა არ ძალგიძს…“ – მახსენდება წლების წინ, ოიდიპოსზე საუბრისას ბატონი რისმაგის მიერ წარმოთქმული და სამუდამოდ აკვიატებული ფრაზა.
***
„რა საჭიროა თვალები, თუ ჭვრეტა არ ძალგიძს…“ – ვიმეორებ ანტიკური ლიტერატურის ისტორიის ლექციაზე ჩემს სტუდენტებთან და რისმაგ გორდეზიანის ამბის თხრობას ვიწყებ. ამბისა, რომელიც მარად აწმყოა, მარადმდინარი და ვერასოდეს დამთავრდება,
რადგან არასდროს არ მთავრდება გზა ოდისევსის,
რადგან ნეტართა კუნძულების გზა ვინაც იცის,
მისთვის არსებობს მხოლოდ გზა და არა – წერტილი.
***
„წერტილის დასმა უნდა შეგეძლოთ,“ – სიმკაცრენარენარევი ზრუნვით გვიმეორებს ათასგზის მოსმენილ ფრაზას უკვე მრავალწლიანი დოქტორანტობით დაცდილ მე და ჩემს კოლეგას ბატონი რისმაგი და სუფრასთან გვიწვევს.
„ფურშეტი“ ანუ ჩვენებურად „სიმპოსიონი“, გნებავთ – „ნადიმი“ ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთი წმინდა რიტუალია. აქ კიდევ ერთი დაუწერელი კანონი გვაქვს – კონფერენციის, შეხვედრისა თუ კარნავალის, უცხოელ მეცნიერთა საჯარო ლექციებისა თუ „ოდეონის“ სპექტაკლის შემდეგ, უკლებლივ ყველა გასტრონომიულ ნეტარებას უნდა მივეცეთ. „ამბროსიის“ სახეობებსაც თავად არჩევს და „ნექტარსაც“ პირველი თავად აგემოვნებს. აქ სტუდენტები და ლექტორები ჭიქა ღვინის თანხლებით ხშირად როლებსაც ცვლიან, უფრო მეტიც – ბევრი ჩვენგანი ახალ როლს ირგებს: ზოგი განიმედესისდარად მერიქიფეობას არჩევს, ზოგი კი დიონისეს თანმხლებ სატირებად და ბაკხ ქალებად გარდასახვას ვამჯობინებთ, მაგრამ მუდამ გვახსოვს ΜΗΔΕΝ ΑΓΑΝ პრინციპი ანუ არაფერი ზედმეტი. თუმცა არსებობს ერთი როლი, რომელიც მხოლოდ ერთს ეკუთვნის – მყარად, უცვლელად. რა თქმა უნდა, ზევსი ყოველთვის ზევსად რჩება…
***
„რა გჭირდებათ?“ – ჩვეული შეკითხვით მოგვმართავს მის კაბინეტში შეცვენილ მეოთხეკურსელ სტუდენტებს ჩვენი ზევსი და ზუსტად ვიცით – სულ რომ გიჟური იდეა იყოს, ბატონი რისმაგ გორდეზიანი აუცილებლად მხარს დაგვიჭერს. თუმცა ეს მართლაც გიჟური იდეაა: ფილმს ვიღებთ, ისე რომ მან ეს არ იცის. უფრო სწორად, „ფარულ კამერას“ ვუწყობთ ლექტორებს, რომელიც მალე ფილმად იქცევა და ბატონი რისმაგის იუბილეს მიეძღვნება. 2005 წელია. ჩვენი კამერის მორიგი და ბოლო „მსხვერპლი“ თავად ზევსია. სტუდენტები წერილობითი მოთხოვნით მივმართავთ ბატონ რისმაგს, რომ უახლოეს მომავალში მერვეკორპუსის ეზოში საცურაო აუზი გაგვიხსნას, სააქტო დარბაზის ანტიკური კოლონები კი ხარაჩოებით შეცვალოს. განცხადებას თან ახლავს სტუდენტთა ხელმოწერები და იმდროინდელ რექტორ-მინისტრთა დასტურიც. ბატონი რისმაგი, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ყურადღებით კითხულობს სტუდენტთა განცხადებას და ოდნავ დაეჭვებული სახით გვეკითხება: „ეს ვისი ხუმრობაა?“
სხვა ლექტორებისგან განსხვავებით, ბატონი რისმაგი არ ტყუვდება, რაც ყველაზე მეტად თავად მას აწუხებს – ფილმის სცენარის შესაძლო ჩაშლის გამო. არადა, თვითონ ჩვენზე უკეთ მოეხსენება – ზევსი რომ მოატყუო, სულ მცირე, პრომეთე მაინც უნდა იყო, ჩვენ კი ჯერ მხოლოდ მეოთხე კურსის სტუდენტები ვართ, მართალია – მერვეკორპუსელი, მაგრამ მაინც სტუდენტები…
***
მერვეკორპუსელ სტუდენტთათვის „შავი წიგნი“ პროფესიული ტერმინია, უფრო სწორად – პროფესიულ ცნებათა ერთობლიობა, რომელიც მთელი ძველი ბერძნული ლიტერატურის სახელ-სახეთა წყებასთან ერთად, გულისხმობს დიდ თავგადასავალს, რასაც სულ თან სდევს ერთ დროს ვირუსულად გავრცელებულ ცნობილ ფოტოზე ასახული სიმბოლიკა ღამისთევის ჩვენეული გააზრებისა – ჩაბნელებული, უზარმაზარი კორპუსის იმ ერთადერთი განათებული ფანჯრის მიღმა, კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტი ზის და „შავ წიგნს“ კითხულობს. ამ წიგნიდან შემოვიდა მთელი რიგი თაობების ცნობიერებაში ძველი ბერძნული ლიტერატურის არსი და მნიშვნელობა. ამ წიგნიდანვე ვასწავლით მას ჩვენს სტუდენტებსაც.
რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ლიტერატურის ისტორია (ეპოსი, ლირიკა, დრამა)“ ჭეშმარიტად დიდი წიგნია – არსითაც და შინაარსითაც, მაგრამ ხანდახან არც თუ ისე გულმოდგინე სტუდენტთა ტანჯვის ინსტრუმენტადაც გვევლინება. არაერთი სტუდენტური მხატვრული ტექსტი მიუძღვნიათ ამ წიგნისათვის, გამოვტყდები – „შავი წიგნის“ რეცეფციის ამ უცნაურ ამბავში მეც მიმიძღვის გარკვეული წვლილი ანუ ერთი ლექსი, რომელსაც აქ ვერაფრით ვერ წარმოვადგენ. სამაგიეროდ, შეთქმულების მერვეკორპუსულ თეორიას გავამხელ, რომლის მთავარი პერსონაჟიც „შავი წიგნია“: ჩემი თაობის სტუდენტებში არსებობს არცთუ ისე უსაფუძვლო ვარაუდი იმისა, რომ აპოკალიფსის, გნებავთ მეტეორის შეჯახების – ან რაც გინდათ წარმოიდგინეთ – დროს, მთელი სამყარო იღუპება. გადის მრავალი ათასწლეული. ამ სამყაროში ახალი მოდგმა – ჩვენებურად – მეექვსე საუკუნის ადამიანთა თაობა ჩნდება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომ მანამდე რაღაც არსებობდა. და აქ შემოდის მოქმედებაში არა „შავი ყუთი“ ან რამე მსგავსი პირობითობა, არამედ თავად „შავი წიგნი“ – ამჟამინდელი ჩვენი სამყაროს ერთადერთი გადაძახილი აპოკალიფსისშემდგომ, ახალ სამყაროში, როგორც ნიშანი იმისა, რომ ჩვენც ვარსებობდით.
***
არსებობენ ადამიანები და ალბათ ღმერთებიც არსებობენ.
არსებობენ დაწერილი წიგნები და დაუწერელი წიგნებიც სადღაც არსებობენ – იქ, იდეათა სამყაროში მაინც…
არსებობენ სიტყვები და გამოუთქმელი სიტყვებიც არსებობენ, რომლებსაც ვერსად, ვერც ერთი ფორმით გააზიარებ – მხოლოდ სიჩუმის მარადიულ ხმაში თუ ჩაწერ.
მთელი თვეა ამ წერილს ვწერ და თან ვერა ვწერ.
მასწავლებლის გლოვის ლექსიკონს ნეტავ რამდენი უხმო სიტყვა აქვს?
***
„ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებით!“ – ვამბობ და მიუხედავად იმისა, რომ ერთობ სერიოზულ საკითხზე ვმსჯელობ, გულში იმაზე მეცინება, რომ კიდევ ერთხელ გამოვიჭირე ჩემი თავი რისმაგული ლექსიკონის ოსტატურად ათვისებაში.
„რისმაგის სკოლა“ კიდევ ერთი პროფესიული ტერმინია, უფრო სწორად – პროფესიულ ცნებათა წყება, რომელიც მრავალ შრესა და ამბავს მოიცავს და განდობილთა იმ წრეს გულისხმობს, ვისაც რისმაგ გორდეზიანმა ანტიკურობის სიყვარულის იმ მარადუქრობ ცეცხლთან ერთად, მისი უზადო მეტყველების სტილიც გადმოგვდო. შეუძლებელია ბატონ რისმაგს უსმენდე და მიმესისის „მსხვერპლი“ არ გახდე. შეუძლებელია საქმისადმი მის თავდადებას და სიყვარულს ხედავდე და მის მიმბაძველად არ იქცე.
„რისმაგის სკოლა“ ერთგვარ პრივილეგიასაც ნიშნავს, რაც იმაში გამოვლინდება, რომ სადაც არ უნდა წახვიდე – კონფერენცია იქნება ეს თუ საუნივერსიტეტო მივლინება, თეატრალთა წრე თუ ფილოლოგოსთა კრებული, თავს ყველგან დაცულად გრძნობ, დაცულად და შინაურად, შინაურად და პატივდებულად, რადგან მის სახელს აქილევსის ფარის წონა აქვს. ყველგან – თბილისშიც, ათენშიც, რომშიც…
***
რომიდან ათენში მივფრინავ. თვითმფრინავში ძალიან ცოტა მგზავრია. მე ერთადერთი ქართველი ვარ, დანარჩენები ძირითადად ბერძნები და იტალიელები არიან. მათგან ერთ-ერთი – ჭარმაგი კაცი რაღაცას წერს. მეც რაღაცას ვწერ. თვალს ჯერ ჩემი ბლოკნოტისაკენ აპარებს, მერე მესალმება, რასაც ბუნებრივ გაგრძელებად მოსდევს გაცნობა. საქართველოში ნამყოფია – უფრო მეტიც, საქართველოში ცხოვრება უნდა, მაგრამ ახლა ათენში ცხოვრობს, თუმცა ისე რომიდანაა. ჩვენს ქვეყნებზე ვსაუბრობთ და ის დროც დგება, ერთმანეთს ათენში გაფრენის მიზეზს რომ ვეკითხებით. გაკვირვებას ვერ ვმალავთ ვერცერთი, როცა აღმოვაჩენთ, რომ ის კლასიკური არქეოლოგია, მე კლასიკური ფილოლოგი. ის არქეოლოგიის იტალიური ინსტიტუტის ხელმძღვანელია ათენში, მე – კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი თბილისში. და უცებ: „თქვენ რისმაგ გორდეზიანთან მუშაობთ?“ – აღმოხდება აღფრთოვანებანარევ გაოცებად ჩემს ახალ მეგობარს, რომელიც თავადაც ძალიან ცნობილი მეცნიერი აღმოჩნდება.
ათენში ჩასულს მეილი მომდის არქეოლოგიის იტალიური ინსტიტუტიდან, რომელიც მთავაზობს – ნებისმიერ დროს, სრულიად უსასყიდლოდ გამოვიყენო ინსტიტუტის სივრცე ღონისძიებებისათვის და საცხოვრებლითაც ვისარგებლო. „მოკითხვა და პატივისცემა ბატონ რისმაგ გორდეზიანს!“ – ასე მთავრდება ის წერილი, რომელიც ერთი რიგითი ამბავია იმ უამრავ ამბავს შორის, „რისმაგის სკოლის“ პრივილეგიამ რომ შეიძლება მოგიტანოს ანუ ყველა კარი გაგიხსნას.
***
კარი იღება და ანტიკური დრამის ლექციაზე, კომიკურის არსისა და ბუზის ზარბაზნით მოკვლის აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილ პარადიგმაზე შუა საუბრისას, ოთახში შეშფოთებული მესამეკურსელი შემორბის, ბატონ რისმაგს საუბარს მობოდიშებით აწყვეტინებს და ლექციიდან ჩემი გათავისუფლების სახელდახელოდ შეთხზულ მიზეზს ერთობ დამაჯერებლად გვამცნობს: „სტუდენტების პოეზიის საღამოა, ბატონო რისმაგ, და თათიამ ლექსები უნდა წაიკითხოს. ახლა დარეკეს სტუდკავშირიდან, სასწრაფოდ მოვიდესო!“
„როდის?“ – ეკითხება სიტუაციის აბსურდულობით ოდნავ დაბნეული რისმაგ გორდეზიანი და გაოცებული გვიყურებს.
„ახლა, 20 წუთში!“ – ძალიან დამაჯერებელი შეშფოთებით პასუხობს ჩემი მეგობარი, რომელსაც სინამდვილეში, თავისი სამიჯნურო თავგადასავლის თანამონაწილედ ვჭირდები. მისი ტრფობის ობიექტი კითხულობს ლექსებს სტუდენტთა პოეზიის საღამოზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და არა – მე.
ბატონი რისმაგი გაკვირვებული მიყურებს და ვხვდები, რა კითხვაც აქვს.
„არა, ბატონო რისმაგ, მე არაფერი ვიცოდი,“ – ვამბობ და საკუთარი თავის მრცხვენია, მაგრამ ვერაფრით ვუღალატებ მეგობარს, რომელმაც ცოტა ხნის წინ აქილევსისა და პატროკლოსიდან დაწყებული – მეგობრობის ყველა ანტიკური მაგალითით დამამუნათა და წაყოლაზე დამითანხმა.
„მომხსენებელმა არ იცოდეს, რომ მოხსენება აქვს – მსგავსი არაფერი გამიგია! თან 20 წუთით ადრე ატყობინებენ!“ – გულწრფელი შეშფოთებით ამბობს ბატონი რისმაგი და ჩემს ჯგუფელებს ეკითხება – შემთხვევით, მათაც ხომ არ აქვთ წასაკითხი ლექსები ასე 20 წუთში…
დარცხვენილი გავდივარ გარეთ – „ლექსების წასაკითხად“ და სანამ გავალ, მომდევნო ლექციისთვის მოსამზადებელ მასალას ვინიშნავ – იმ „შავ წიგნში“.
***
წვიმს.
წვიმაა თუ ცრემლი რთულია გაარჩიო.
აქილევსის ცხენებზე ვფიქრობ.
მის კაბინეტში, მის სამუშაო მაგიდაზე უცვლელად დევს „შავი წიგნი“ და „ყვითელი წიგნაკი“.
ძველ კარადაში შეყუჟული, ჰომეროსის პატარა ქანდაკებისკენ გამირბის მზერა.
თვალებს ვხუჭავ:
„რა საჭიროა თვალები, თუ ჭვრეტა არ ძალგიძს…“.
თვალებს ვახელ და მხოლოდ ძაფს ვხედავ – მის მზერასა და ჰომეროსის პატარა ბიუსტს შორის გაბმულ უხილავ ძაფს.
თვითონ არ არის, მაგრამ ის ძაფი, ის რიტუალი ისევ აქაა.
სმენას შორიდან სწვდება ახალგაზრდა კოლეგების ხმა, რომელშიც იმ მონათესავე ნაპერწკლების წკარუნი ისმის.
თვითონ არ არის, მაგრამ ის ცეცხლი ისევ აქაა – გადამდები და გაბევრებული…
„მის გარეშე ჩვენ რა უნდა ვქნათ?“ – სასოწარკვეთით მეკითხება წიგნების ძველ კარადაში ჰომეროსის პატარა ბიუსტს მიჩერებულს მეგობარი კოლეგა და ცრემლებს იკავებს.
ჰომეროსის იმ პატარა ბიუსტს ვუყურებ. ისიც მიყურებს. მერე რა რომ თვალები არ აქვს: „რა საჭიროა თვალები, თუ ჭვრეტა არ ძალგიძს…“
„რა გვეშველება?“
„მის გარეშე ჩვენ რა უნდა ვქნათ?“
ჰომეროსის ბიუსტს ვუყურებ.
თვალებს ვხუჭავ და:
„მთავარია, თავი ჩიხში არ შეიყვანოთ!“
***
მთელი თვეა ამ წერილს ვწერ და თან ვერა ვწერ. მხოლოდ მუნჯი ბგერები აქვს ობლობის ანბანს. ასფოდელების მდელო ალბათ ისევ მკრთალია… ლეთეს წყალი ალბათ ისევ ხსოვნისგან განბანს…
მთელი თვეა ამ წერილს ვწერ და თან ვერა ვწერ –
მასწავლებელზე, რომელიც ახლა
იქ – ნეტართა კუნძულებზე
აქილევსს
ალბათ
უკვდავ კაცთა და მოკვდავ ღმერთთა ამბავს უყვება.
© არილი