
ესაუბრა და შესავალი დაურთო თამარ მღებრიშვილმა
რია ქებურიას ფონდმა მიმდინარე წელს საქართველოში უმასპინძლა ფრანგ ვიზუალურ არტისტსა და ფოტოგრაფს, ვალენტინ ფუჟერეის. ის აქ ერთი თვის განმავლობაში რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა და მის მიერ შექმნილი ნამუშევრები საბოლოოდ ფონდის სივრცეში წარმოდგენილ პერსონალურ გამოფენად იქცა.
რეზიდენციის პერიოდში შექმნილი სერია ადგილობრივ გარემოსთან და არქიტექტურულ კონტექსტთან ინტიმურ და ფენომენოლოგიურ დიალოგს ეფუძნება. მის ფოტოსერიებში იკვეთება მეხსიერებასა და დავიწყებას შორის არსებული დელიკატური და არასტაბილური ზღვარი. აბსტრაქტული, ფრაგმენტირებული ტექსტურები და თანდათანობით დეზინტეგრირებული ფორმები ვიზუალურად ასახავს დროის მყიფე, გარდამავალ და მუდმივად ცვალებად ბუნებას. ამ კონტექსტში გამოსახულება კარგავს სტაბილურ რეფერენციას და გარდაიქმნება ემოციური და აღქმითი ინტერპრეტაციის ველად. ფუჟერეის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია მინიმალისტური ვიზუალური სტრუქტურა, სიჩუმის ესთეტიკა და კომპოზიციაში ფერის ფაქიზი, თითქმის პოეტური მოდულაცია.
ვალენტინ ფუჟერეი ერთ-ერთ ფრანგულ პროვინციაში გაიზარდა. ხელოვნების სამყაროს წიგნის ერთადერთ მაღაზიაში აღმოჩენილი ჟურნალების მეშვეობით გაეცნო და, შეიძლება ითქვას, ყველაფერი აქედან დაიწყო. ფუჟერეი იხსენებს, რომ სისტემატურად ყიდულობდა ამ გამოცემებს და მათში ნაპოვნ გამოსახულებებს საკუთარი ოთახის კედლებზე ათავსებდა. ამ გზით შექმნილი პირადი ვიზუალური გარემო, რომელიც სხვადასხვა მხატვრული პრაქტიკის ფრაგმენტებს აერთიანებდა, შეიძლება მის პირველ ინსტალაციურ სივრცედაც ჩაითვალოს. თავად არტისტი ამ პერიოდს უკავშირებს იმ ცნობისმოყვარეობისა და ესთეტიკური აღფრთოვანების ფორმირებას, რომელმაც მისი შემდგომი მხატვრული პრაქტიკა განაპირობა.
მისი შემოქმედება ერთდროულად ეყრდნობა სხვადასხვა მხატვრულ დისციპლინას – მუსიკას, ფერწერას, ქანდაკებასა და ზოგადად ვიზუალურ კულტურას. თუმცა, ამ მრავალფეროვნებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყოველდღიური გარემოდან მიღებულ სენსორულ შთაბეჭდილებებს. არტისტი საკუთარ თავს აღწერს როგორც დამკვირვებელ სუბიექტს, რომელიც მუდმივად აკვირდება ქალაქის არქიტექტურას, ურბანულ ობიექტებს, რეკლამებს, ფერებს, ფორმებს, ადამიანებსა და გარშემო არსებულ ხმებს. ეს ფრაგმენტული აღქმები მის ცნობიერებაში გროვდება და ქმნის ერთგვარ ვიზუალურ და ემოციურ არქივს, რომელიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნება იდეებად და შემოქმედებით იმპულსებად.
ამასთან, მისი შეფასებით, შემოქმედებითი პროცესისათვის აუცილებელია დროის უწყვეტობა და კონცენტრირებული სივრცე, სადაც შესაძლებელია ემოციური და აზრობრივი პროცესების ბუნებრივი განვითარება. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასალებთან და ტექსტურებთან ექსპერიმენტულ მუშაობას, რაც საშუალებას აძლევს, რომ მისი ვიზუალური ენა მუდმივად იცვლებოდეს და გარდაიქმნებოდეს. ფუჟერეის პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სივრცით მუშაობასაც, კადრის გადახედვას, პერსპექტივის ცვლილებასა და ვიზუალური კომპოზიციის მუდმივ რედაქტირებას.
ვალენტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო თანამედროვე ფრანგი არტისტის, კამილ არნოს შემოქმედებაა, რომელიც მან Palais de Tokyo-ში გამართული გამოფენის დროს აღმოაჩინა. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ანროს მულტიმედიური მიდგომა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ფერწერას, ვიდეოს, ქანდაკებასა და ინსტალაციას. ფუჟერეისთვის ეს პრაქტიკა განასახიერებს შემოქმედებით თავისუფლებას, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებას. იგი განსაკუთრებით გამოყოფს ნამუშევრებს The Pale Fox და Grosse Fatigue, როგორც იმ ესთეტიკური და კონცეპტუალური თავისუფლების მაგალითებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის ხედვაზე.
ვალენტინ ფუჟერეის ადრეული ნამუშევრები, მათ შორის სერია – Balance, ეფუძნებოდა ეფემერული ინსტალაციების შექმნის იდეას და იკვლევდა მატერიის ორაზროვან მდგომარეობას, რომელიც რეალურსა და წარმოსახვითს შორის არსებულ მყიფე ზღვარს ავლენს.
2023 წელს შექმნილი სერია – Chantal – ეძღვნება არტისტის ბებიას, შანტალს, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. ეს ინტიმური და პირადი ფიგურა იქცა მეხსიერების, გაქრობისა და მოგონებების თემაზე აგებული ვიზუალური მედიტაციის საწყის წერტილად. ფერადი ბურუსებითა და თითქმის გამქრალი, მყიფე ფორმებით შექმნილ კომპოზიციებში ფუჟერეი ცდილობს დაიჭიროს ის, რაც ნელ-ნელა ქრება და ემოციურ ანარეკლად იქცევა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფიის ჩარჩოებისგან გათავისუფლებული მისი მიდგომა ფოტოგრაფიას წარმოაჩენს როგორც პოეტურ, სკულპტურულ და სენსორულ სივრცეს, სადაც გამოსახულება ემოციურ ფუნქციას იძენს. სტაბილური სიუჟეტის ან მკაფიო სუბიექტის არარსებობა მაყურებელს აძლევს თავისუფალი და ინტიმური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, სადაც ფერი და ფორმა იქცევა მეხსიერებისა და განცდის მატარებელ სტრუქტურებად.
ფრანგი არტისტის შემოქმედებით სამყაროში არაფერია საბოლოოდ განსაზღვრული ან უცვლელი, თითოეული გამოსახულება მყიფე მოგონებას ან დროის მიღმა გაყინულ ემოციურ მდგომარეობას წარმოადგენს.
არილი სიამოვნებით გთავაზობთ ინტერვიუს ვალენტინ ფუჟერეისთან.
– წელს თქვენ საქართველოში, კაჭრეთში, რია ქებურიას ფონდის რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდით. როგორ აღწერდით ამ გამოცდილებას და რა გავლენა იქონია გარემომ თქვენს სამუშაო პროცესზე?
– ეს ჩემთვის რამდენიმე თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რეზიდენციის ფარგლებში პირველად ვიყავი საზღვარგარეთ და ეს ყველაფერი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ვგრძნობდი, რომ ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკა შედარებით ექსპერიმენტული პროცესისკენ უნდა წარმემართა, ვგულისხმობ ფოტოგრაფიის, კოლაჟის, ფერწერისა და ნახატის გაერთიანებას.
გარემომ არსებითი როლი ითამაშა, თუმცა არა როგორც პირდაპირი აღწერის ობიექტმა, არამედ როგორც რაღაცამ, რაც ნელა და შეუმჩნევლად იჭრებოდა ჩემს ნამუშევრებში. ჩემი პრაქტიკა არასოდეს ყოფილა დოკუმენტური ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. უფრო მეტად მაინტერესებს, თუ როგორ შეუძლია ადგილს კვალი დატოვოს შეგრძნებების, ფერების, ტექსტურებისა და გამოცდილების ფრაგმენტების მეშვეობით.
საქართველოში ყოფნამ, განსაკუთრებით კი იმან, რომ თავდაპირველად თბილისში ჩამოვედი და შემდეგ დრო კაჭრეთში გავატარე, ჩემში გადაადგილების ძლიერი განცდა გამოიწვია. ქალაქი, პეიზაჟები, შეხვედრები და კონტექსტის უჩვეულობა – ყველაფერი ეს ხელს უწყობდა ვიზუალური გახსნილობის ერთგვარ ფორმას. ეს იყო თითქოს ცარიელი, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებლობებით სავსე სივრცე, რომელიც თანდათან ივსებოდა უცნობი, აქამდე უნახავი და, შესაძლოა, გარკვეული აზრით, უხილავი ელემენტებით.
– თქვენ ასევე ესწრებოდით Tbilisi Art Fair-ს თბილისში. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ ღონისძიებამ და როგორ შეაფასებდით მას ვიზუალური არტისტის პერსპექტივიდან?
– თბილისის ხელოვნების ბაზრობა (Tbilisi Art Fair) ჩემი რეზიდენციის ბოლოს გაიმართა, რაც ძალიან სასიამოვნო და ბედნიერ დამთხვევად აღვიქვი. ამან შესაძლებლობა მომცა, ერთ სივრცეში დავკვირვებოდი ქართულ ხელოვნებას, იმ დროისთვის კი უკვე გარკვეული შთაბეჭდილება და მგრძნობელობაც მქონდა ქვეყნისა და მისი ატმოსფეროს მიმართ.
აღმოვაჩინე ცოცხალი, გამორჩეული და ძლიერი ხასიათის მქონე ხელოვნების გარემო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის, თუ როგორ მუშაობს ბევრი ხელოვანი ისეთი სივრციდან და გამოცდილებიდან, რომელიც ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ძალიან დატვირთულია და, ამავდროულად, ისინი ახერხებენ და ქმნიან სრულიად თანამედროვე ფორმებსა და გამომსახველობით ენას.
მართალია, Tbilisi Art Fair-ზე არ ყოფილა წარმოდგენილი, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები, რომლებიც ძალიან მომეწონა და, ჩემი აზრით, შესანიშნავად გამოხატავს ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის არსებულ დიალოგს. სწორედ ამგვარი ბალანსი მომეჩვენა ქართული ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად.
ბაზრობამ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ეს იყო ხელოვნების სცენა, რომელიც ერთდროულად ინტიმურიცაა და კოლექტიურიც – ძალიან ადამიანური, თითქმის ოჯახური. აქ აშკარად იგრძნობა, რომ ხელოვანებს, ნამუშევრებსა და ადგილებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
როგორც ხელოვანისთვის, ასევე კოლექციონერისთვის, ეს იყო ძვირფასი შესაძლებლობა, გამეცნო მხატვრები და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლები, რომელთა შესახებ მანამდე ბევრი არ ვიცოდი, და მათთან მესაუბრა გავლენებზე, რეფერენსებზე, შთაგონების წყაროებსა და მხატვრულ მგრძნობელობებზე.

– თქვენს ნამუშევრებში ხშირად იკითხება კონკრეტულ ადგილთან კავშირი და დიალოგი, რაც საქართველოში შექმნილ სერიაშიც ჩანს. რამდენად გადამწყვეტი აღმოჩნდა თქვენთვის საქართველოს, და კონკრეტულად კაჭრეთის, გარემო ამ პროექტის ფორმირებაში?
– საინტერესო შენიშვნაა, რადგან ნამუშევრების შექმნის მომენტში ყოველთვის ბოლომდე გაცნობიერებული არ მაქვს გარემოსთან ეს უშუალო კავშირი. ვფიქრობ, ადგილთან ეს ურთიერთობა ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკისა და მუშაობის მეთოდის ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით რეზიდენციის კონტექსტში, რადგან სწორედ შემოქმედებითი პროცესი იყო კაჭრეთში ჩემი ყოფნის მთავარი მიზეზი.
კაჭრეთმა ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თავისი რიტმით, იზოლირებულობითა და ატმოსფეროთი. მან შემომთავაზა თბილისისგან სრულიად განსხვავებული გამოცდილება – უფრო მშვიდი, ნელი და ინტროსპექტული. ამ გარემომ გარკვეულ ვიზუალურ და მენტალურ საყრდენებს უფრო მკაფიოდ გამოკვეთის შესაძლებლობა მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნამუშევრებში საქართველოს ან კაჭრეთის პირდაპირ ასახვას არ ვცდილობ, ის, რაც საბოლოოდ ჩნდება, გარდაუვლად ყალიბდება ამ კონტექსტის გავლენით. ადგილი აქ უფრო ნაკლებად არის თემა და უფრო მეტად – ფარული, განფენილი ყოფნა, რომელიც გავლენას ახდენს ნამუშევრების ენერგიაზე, ჟესტიკულაციაზე, რიტმსა და გამოსახულებების შინაგან ბალანსზე.

– რამდენად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შემოქმედება უშუალოდ თქვენს პირად გამოცდილებას ეფუძნება და რა ფორმით გარდაიქმნება ეს გამოცდილება ვიზუალურ მასალად? ამ პროცესში, როგორ ფიქრობთ, რა არის ის საკვანძო ფაქტორი – ემოციური, ინტუიციური თუ კონცეპტუალური იმპულსი, რომელიც ყველაზე მეტად განაპირობებს თქვენი ნამუშევრების შინაარსობრივ და ფორმალურ მხარეს?
– ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკა ღრმად არის დაკავშირებული პირად გამოცდილებასთან, რადგან ის ასახავს იმას, რასაც განვიცდი, რასაც საკუთარ თავში ვაპროეცირებ და რაც ჩემში რჩება. ხშირად ვცდილობ, გადმოვთარგმნო ემოციები, რომლებიც ჩემი ცხოვრების კონკრეტულ პერიოდს უკავშირდება, თუმცა ეს თარგმანი არასოდეს არის სრულად კონტროლირებადი ან პირდაპირი. ყოველთვის არსებობს გაცნობიერებული განზრახვა, მაგრამ, ამავდროულად, უფრო ინსტინქტური და არაცნობიერი ნაწილიც.
განსაკუთრებით მაინტერესებს შემთხვევითობა, ჟესტები და რღვევები, მაგალითად, დახევის აქტი, რადგან ისინი არღვევენ ჩვეულ აღქმას და ახალ შესაძლებლობებს ხსნიან. მათ შეუძლიათ გამოავლინონ რაღაც მოულოდნელი, რაღაც ისეთი, რაც, შესაძლოა, უკვე არსებობდა, მაგრამ ჯერ კიდევ უხილავი იყო.
ჩემთვის შემოქმედებით პროცესს თითქმის თერაპიული განზომილება აქვს. ის საშუალებას მაძლევს, დისტანციიდან შევხედო გარკვეულ სიტუაციებს, კითხვებსა თუ შინაგან დაძაბულობებს. ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი იმპულსი ერთდროულად ემოციურიც არის და ინტუიციურიც. ნამუშევარი იქმნება დიალოგის შედეგად – ერთი მხრივ, საწყის განზრახვასა და, მეორე მხრივ, იმას შორის, რაც უშუალოდ შექმნის პროცესში ხდება.
კითხვის მეორე ნაწილს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ ეს პროცესი განისაზღვრება როგორც ემოციური იმპულსით, ისე ინტუიციური შემოქმედებითი მიდგომით. ყოველთვის არსებობს დიალოგი გარკვეულ საწყის ჩანაფიქრსა და იმ შინაგან აღქმას შორის, რომელიც თავად შექმნის მომენტში იბადება.
ერთი მოქმედება მეორეს იწვევს, ერთი ფიქრი ახალ ფიქრს წარმოშობს, ერთი ემოცია კი მომდევნო ემოციას ბადებს. სწორედ ამ მგრძნობიარე და უწყვეტ ჯაჭვში ყალიბდება ჩემი ნამუშევრების შინაარსიცა და ფორმაც.
– საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენად იცნობდით ქართულ კულტურას და რა წარმოდგენები გქონდათ მის შესახებ? თქვენი რეზიდენციისა და აქ ყოფნის პერიოდში გამართული შეხვედრებისა და გამოცდილების საფუძველზე, როგორ აღიქვით საქართველო და მისი კულტურული სივრცე? ასევე, როგორ შეაფასებდით ჩვენს ქვეყანას, რამდენად ნაყოფიერ ან ინსპირაციულ გარემოს წარმოადგენს ის ვიზუალური არტისტისთვის?
– საქართველოში ჩამოსვლამდე ამ ქვეყნისა და მისი კულტურის შესახებ შედარებით ცოტა რამ ვიცოდი. ძირითადად, მასზე ახლო მეგობრის მოგზაურობის ისტორიებიდან მქონდა გაგონილი, ის წინა წელს რამდენიმე კვირით იყო საქართველოში სამოგზაუროდ. მისმა მონათხრობმა კი ჩემში შექმნა წარმოდგენა მშვიდ, მოკრძალებულ, თითქოს ნაკლებად თვალსაჩინო ქვეყანაზე, რომელიც, ამავდროულად, რაღაც განსაკუთრებულსა და გამორჩეულ ნიშნებს ატარებდა.
დღეს საქართველო ჩემთვის, ერთი მხრივ, იმ ისტორიული და კულტურული სიმდიდრით აღიქმება, რომლის აღმოჩენის შესაძლებლობაც აქ ყოფნისას მომეცა, მაგრამ, მეორე მხრივ, და განსაკუთრებით, იმ ადამიანების გულწრფელი სტუმართმოყვარეობით, რომლებმაც ჩემი რეზიდენცია შესაძლებელი გახადეს და მთელი ამ პროცესის განმავლობაში გვერდში მედგნენ.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფონდის დამფუძნებელი რია ქებურია და კულტურული მენეჯერი, გამოფენის კურატორი ნინო ასანიძე, რომლის ინიციატივითაც ეს პროექტი განხორციელდა; მათი დახმარებით შევხვდი სხვა ხელოვანებსაც, რომლებთან ურთიერთობამ უკეთ გამაცნო ქართული კულტურა და მისი კავშირები დასავლურ სამყაროსთან.
რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იყო სწორედ ეს წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა და, ამავე დროს, სიამაყე, რომლითაც ადამიანები საკუთარ კულტურას უზიარებენ სხვებს.
ჩემთვის უცნობი გარემოს აღმოჩენა და ახალი ურთიერთობები ყოველთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის შემოქმედებისთვის. ჩემი ნამუშევრები, არსებითად, იკვებება განცდებით, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით, რომელთა ვიზუალურ ფორმად გარდაქმნასაც შემდეგ ვცდილობ.
განსაკუთრებით შთამაგონა თბილისმა, რომელიც თითქოს ყველგან ატარებს დროის კვალს. მისი ფენებად დალაგებული ფერები, მასალები და არქიტექტურა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ეპოქა ერთმანეთზეა გადაფენილი. თბილისი ჩემთვის იქცა ქალაქად, რომელიც განსაკუთრებულად ინახავს ისტორიას, მეხსიერებასა და წარსულის მრავალფეროვან ნიშნებს.
ამასთან, კაჭრეთში ყოფნისას, დრო შედარებით იზოლირებულ გარემოში გავატარე, რამაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემზე. ამ განმარტოებამ გააღვიძა შეგრძნებები და ემოციები, რომლებიც უფრო ინტროსპექციურ მდგომარეობაში იჩენს თავს. ჩემთვის ესაა გზა იმ ვიზუალური და მენტალური საყრდენების გამოსავლენად, რომლებიც კვებავს ჩემს კვლევას, გამოცდილებასა და მთლიანად მხატვრულ პრაქტიკას.

– თქვენს ნამუშევრებში ხშირად შეიმჩნევა მოძრაობა აბსტრაქციასა და რეალობას შორის. როგორ განმარტავდით ამ „შუალედურ სივრცეს“ თქვენს შემოქმედებით პრაქტიკაში და რას წარმოადგენს იგი თქვენთვის, როგორც აღქმის, ისე ვიზუალური ენის თვალსაზრისით?
– ძალიან მომწონს იდეა, რომ ჩემი ნამუშევრები შეიძლება არსებობდეს აბსტრაქციასა და რეალობას შორის არსებულ სივრცეში. ეს შუალედური სივრცე ჩემთვის არის გზა, მოვყვე და გავაზიარო ისტორიის ერთი ფრაგმენტი ისე, რომ მისი დასასრული ბოლომდე არასოდეს გავამჟღავნო. ეს არის ღია სივრცე, შესაძლებლობების ველი.
არ მაინტერესებს გამოსახულების დახურვა ან მისთვის ერთადერთი, ფიქსირებული მნიშვნელობის მინიჭება. პირიქით, ვცდილობ შევქმნა ვიზუალური სივრცე, რომელშიც მაყურებელი შეძლებს შესვლას, საკუთარი განცდების პროეცირებას, ინტერპრეტაციას და, შესაძლოა, რაღაც პირადულის ამოცნობას.
ეს სივრცე ნაწილობრივ ჩემია, რადგან მას საკუთარი გამოცდილებიდან ვქმნი, თუმცა, ამავდროულად, შეიძლება ეკუთვნოდეს იმასაც, ვინც მას უყურებს. ეს არის აღქმის, გაურკვევლობისა და წარმოსახვის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია დაიკარგოს კიდეც და საკუთარი თავიც აღმოაჩინოს.

– როგორ განმარტავდით ფოტოგრაფიაში „მეხსიერების ვიზუალიზაციის“ იდეას და რას ნიშნავს თქვენთვის მეხსიერების გადატანა ვიზუალურ ფორმაში?
– ფოტოგრაფიაში მეხსიერების ვიზუალიზაცია ჩემთვის ნიშნავს მისი კვალის ხილულად ქცევას ისე, რომ მისი ზუსტი რეკონსტრუქცია არ ვცადო. მეხსიერება არასოდეს არის უცვლელი და მყარი, ის ფრაგმენტების, გადაადგილებების, დანაკლისებისა და გამოძახილებისგან შედგება.
მე ნაკლებად მაინტერესებს კონკრეტული მოგონების ზუსტი წარმოდგენა, უფრო მეტად მისი ექოს, მისი ანარეკლის გამოჩენის შესაძლებლობა მიზიდავს. აბსტრაქციის, ფერისა და კომპოზიციის მეშვეობით ვცდილობ ისეთი გამოსახულებები შევქმნა, რომლებიც მეხსიერებას კი არ აღწერს, არამედ აღვიძებს.
ფოტოგრაფია იქცევა საშუალებად, ფორმა მიეცეს რაღაც არამდგრადს, ცვალებადსა და სუბიექტურს. ის წარმოსახვას საშუალებას აძლევს, გააღოს შინაგანი მეხსიერების გარკვეული უჯრები, მათ შორის ისინიც, რომლებშიც შესაძლოა დამალული ან დავიწყებული გამოცდილებები იყოს შენახული.
ამ თვალსაზრისით, აბსტრაქტული ფერწერის მემკვიდრეობა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ფერსა და ფორმას ატაროს ემოცია, მეხსიერება და შინაგანი სამყარო პირდაპირი რეპრეზენტაციის გარეშე.
– ფერს თქვენს ნამუშევრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ის ერთგვარ ვიზუალურ ენად ყალიბდება. როგორ მუშაობთ ფერთან როგორც ემოციურ სტრუქტურასთან და როგორ ქმნით და ავითარებთ ამ ფერთა ენას?
– ფერი ნამდვილად წარმოადგენს ჩემი შემოქმედებისა და მხატვრული პროცესის არსს. ხშირად ვამბობ, რომ ფერებთან ისევე ვმუშაობ, როგორც პოეტი – სიტყვებთან.
ჩემი პრაქტიკის პირველი ეტაპი იმით იწყება, რასაც მე „ვიზუალურ ლექსიკონს“ ვუწოდებ: ფერების, ნიუანსებისა და დაძაბულობების პალიტრის შექმნით, რომელიც შემდგომი ნამუშევრების ძირითად მასალად იქცევა. თითოეულ ფერს საკუთარი ინტენსივობა აქვს და მე ვცდილობ გავიგო, როგორ შეიძლება ეს ინტენსივობები შეხვდნენ ერთმანეთს, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ან შექმნან წონასწორობა.
შემდეგ ვიწყებ სხვადასხვა ელფერის, ფორმისა და ფრაგმენტის ერთმანეთთან დაკავშირებას – ზოგჯერ შერწყმას, ზოგჯერ კი შეჯახებას. ამ ეტაპზე ფერი უკვე ერთგვარ სტრუქტურად იქცევა.
ფერი ქმნის რიტმს, სიღრმეს, მოძრაობასა და ემოციურ ტემპერატურას. მაინტერესებს, თუ როგორ შეუძლია ფერს გამოხატოს ის, რასაც სიტყვები ყოველთვის ვერ გადმოსცემს. ფერი ნამუშევარს საშუალებას აძლევს დარჩეს ღია, მგრძნობიარე და ინტუიციური და, ამავე დროს, შეინარჩუნოს საკუთარი შინაგანი კონსტრუქცია და ლოგიკა.

– თქვენს ნამუშევრებში ხშირად იგრძნობა დროის არასტაბილურობა. როგორ გესმით დრო ფოტოგრაფიაში – როგორც ფიქსირებული მომენტი თუ როგორც უწყვეტი პროცესი?
– ჩემთვის დრო ღრმად ინდივიდუალური გამოცდილებაა და ეს ჩემს ნამუშევრებშიც აისახება. დიდი ხანია ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები ზედმეტად მკაფიო სივრცით და დროითი ჩარჩოებით არ შემოვფარგლო, რადგან მათ უფრო სხვადასხვა დროითი განზომილების გამოძახილად აღვიქვამ.
აქ არის წარსული – მოგონებების სახით; მომავალი – იმ პროექციების სახით, რომლებსაც ფერებზე, ფორმებზე ან ზოგჯერ შეუმჩნეველ დეტალებზე ვახდენთ; და შემდეგ არის „აქ და ახლა“ – აწმყოს მომენტი. სწორედ ამ სხვადასხვა დროს შორის არსებული არამდგრადი, მერყევი სივრცე მაინტერესებს.
ჩემი მომდევნო გამოფენა, რომელიც 2026 წლის 1-ელი ივლისიდან პარიზში გაიმართება, ატარებს სათაურს Entre deux / In Between. ეს სათაური მიანიშნებს იმ ძნელად აღსაწერ მომენტზე, რომელიც არც სრულად წარსულს ეკუთვნის და არც მომავალს, თუმცა თითოეული ადამიანის ინტიმურ გამოცდილებაში თავისებურად რეზონირებს.
სწორედ ეს თითქმის მოუხელთებელი მომენტი მიზიდავს, რომელიც ემოციებთან, განცდებთან და აღქმასთან არის დაკავშირებული. ჩემს პრაქტიკაში ნაკლებად მაინტერესებს დროის დაფიქსირება; უფრო მეტად მსურს წარმოვაჩინო ეს გარდამავალი ზონა, ეს შუალედური მდგომარეობა, რომელშიც გამოსახულებები თითქოს ერთდროულად რამდენიმე დროს იტევს.
– დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა მიმართულებით ხედავთ მის განვითარებას?
– სამომავლოდ მსურს, ჩემი პრაქტიკა კიდევ უფრო გავხსნა ახალი ფორმების, ფორმატებისა და ნაკლებად კონვენციური გამოცდილებების მიმართ. ვგრძნობ, რომ ნახატი და ფერწერა ჩემს შემოქმედებაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, რაც სულაც არ დაუპირისპირდება ფოტოგრაფიას, ეს მისი ენისა და შესაძლებლობების გაფართოების საშუალება იქნება.
ასევე მსურს შევქმნა ნამუშევრები ადამიანურ, ან თუნდაც უფრო მასშტაბურ და იმერსიულ განზომილებაში, რათა შემოქმედებით პროცესში სხეული, ჟესტი და ფიზიკური ძალისხმევა უფრო აქტიურად იყოს ჩართული. ეს მიმართულება განსაკუთრებულად მიზიდავს, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, გამოსახულებასთან ჩემი ურთიერთობა უფრო უშუალო, სივრცობრივი და ექსპერიმენტული გავხადო.
მსურს გავაგრძელო სხვადასხვა მედიუმის – ფოტოგრაფიის, ნახატისა და ფერწერის – გაერთიანება და, ამასთან, ახალი მასალების კვლევა, როგორიცაა ხე, მინა ან ფოლადი. თანდათან მინდა გავცდე ბრტყელი გამოსახულების მკაცრად ორგანზომილებიან ჩარჩოს და შევქმნა უფრო მოცულობითი ნამუშევრები, რომელთა გარშემოც შესაძლებელია მოძრაობა, ვიზუალური კვლევა და რომლებთანაც მაყურებელი უფრო უშუალო, ფიზიკურ ურთიერთობაში შევა.
ასევე ვფიქრობ ამ პრაქტიკის საფუძველზე პერფორმატიული ფორმის განვითარებაზე, ისეთი პროცესის შექმნაზე, სადაც ნამუშევარი რეალურ დროში, კონკრეტულ სივრცეში იქმნება. ეს იქნებოდა გზა, რომ ხილული გახდეს თავად შემოქმედებითი პროცესი – თავისი ჟესტებით, ყოყმანით, შემთხვევითობებითა და გარდაქმნებით.
ჩემთვის ეს მიმართულება გამოცდილების სრულიად ახალ ველს წარმოადგენს, როგორც შემოქმედის პოზიციიდან, ისე იმ ურთიერთობის თვალსაზრისითაც, რომელსაც მაყურებელი ნამუშევართან ამყარებს. ამ შემთხვევაში ყურადღების ცენტრში აღარ იქნება მხოლოდ დასრულებული ობიექტი, არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდება მისი შექმნის პროცესი, დროითი განზომილება და ის ფიზიკური თუ ემოციური ჩართულობა, რომელიც ნამუშევარსა და მაყურებელს შორის წარმოიშობა.
© არილი