
მარიო ვარგას ლიოსა თავის ესეში, „სამყარო რომანების გარეშე“, გაბედულად წერდა იმ გამოწვევებზე, რაც ტექნიკისა და მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ მოუტანა სამყაროს. ადამიანებსა და წიგნებს შორის გაჩნდა უფსკრული, რომელიც წლების გასვლასთან ერთად ღრმავდება. ფრაგმენტაცია კარგიცაა და ცუდიც. ამ დროს ექსპერიმენტებისათვის დიდი დრო რჩება მწერალს, თუმცა იმისთვის, რომ საქმე აღსრულებულად ჩაითვალოს, მკითხველია საჭირო. მხატვრული ლიტერატურის უკანა პლანზე გადაწევა საზოგადოებას პროგრესისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად შეაფერხებს, ვინაიდან არსებობს თვისებათა ერთობლიობა, რომელთაც ჩვენ მხოლოდ ტექნიკური დეტალების ცოდნით ვერ ჩავწვდებით. აი, რას წერდა ლიოსა ამ მოვლენის გარშემო: ,,ფრაგმენტაციის შედეგად სოციალური იზოლაცია წარმოიშობა: საზოგადოება ნაწევრდება და ადამიანები იძულებულნი არიან, იცხოვრონ ტექნიკოსთა დახურულ დასახლებებში, ვიწრო პროფილის სპეციალისტთა ინფორმაციულ გეტოებში, სადაც ენა და კულტურული კოდი წმინდა სექტორალური და ფრაგმენტული ხასიათისაა. აქ თაყვანს სცემენ დეტალებს, მიუხედავად სავალალო შედეგებისა, რომლებიც დიდი ხნის წინ აისახა ცნობილ ანდაზაში: “თუ ხეებს უყურებ, ტყეს ვერ დაინახავ[1]”.
ცხადია, მოვლენა, რომელზეც ლიოსა საუბრობდა, ლიტერატურასაც შეეხო. მწერალთა გარკვეულმა ნაწილმა მიიჩნია, რომ სქელტანიანი რომანების ერა დასრულდა, რის გამოც მოკლე, ხშირად ყოველგვარი ექსპერიმენტებისგან დაცლილი ტექსტების წერა დაიწყეს. ამრიგად, გამოჩნდნენ ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ნეტფლიქსის სერიალებივით აღიქმებიან. მათი წაკითხვა მკითხველს არ ღლის. ისინი გონების ოდნავი დაძაბვის გარეშე იკითხებიან. ამ ტიპის ნაწარმოებებში სრულად გამქრალია ის ნაჯახი, რომელიც კაფკას ნაწარმოებების თავზე ტრიალებდა, რათა ადამიანებში ღრმად ჩაკირული განცდები დაელეწა.
ლიტერატურაში ექსპერიმენტების ჩატარებას დიდი გაბედულება სჭირდება. ეს მარტივი საქმე როდია, თუმცა ისეც არ მინდა გამიგოს მკითხველმა, თითქოს იმას ვამტკიცებდე, რომ სამყაროში გაბედული ავტორი აღარ დარჩა. ეს ასე არ არის. მეტიც, მისი პოვნა ამერიკის კონტინენტსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი არა, პოსტ-საბჭოთა სივრცეშია შესაძლებელი. საუბარი მაქვს 1962 წელს დაბადებულ ქალზე, ოლგა ტოკარჩუკზე, რომლის პროზაც სავსეა არაერთი „ჯადოსნური“, ზღაპრული ელემენტით. ისინი ნაწარმოებებს მითოლოგიურ საბურველში ხვევენ და მკითხველს დიდი თავგადასავლისკენ ეპატიჟებიან.
ოლგა ტოკარჩუკი ის ავტორია, რომლისთვისაც მოგონებებსა და წარსულ დროში მომხდარ მოვლენებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი საკუთარი ამბების რეკონსტრუქციას ცდილობს. მას ჯერ კიდევ იმ დროის აღდგენა სურს, როდესაც დაბადებული არ იყო. ეს არის დედის წიაღში ყოფნის წამი. იგი საკუთარ საწყის წერტილს სწორედ ამ მომენტში ხედავს. ყველაფერი ერთი მარტივი ამბიდან იღებს სათავეს. ბავშვობაში, დედა ოლგას უყვებოდა, რომ ჯერ კიდევ იმ წუთიდან ენატრებოდა პატარა გოგონა, სანამ ამქვეყანას მოევლინებოდა. აი, როგორ იგონებს ავტორი ამ მომენტს სანობელე ლექციაში: „ის სევდიანი იმიტომ იყო, რომ მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი, მას კი უკვე ვენატრებოდი და ჩემთან ყოფნა უნდოდა.
– დაბადებული თუ არ ვიყავი, როგორ გენატრებოდი? – ვეკითხებოდი. უკვე ვიცოდი, რომ მონატრებას დაკარგვა იწვევს, და ენატრებათ ის, ვისაც კარგავენ.
– იქნებ პირიქითაც ხდება, – მპასუხობდა დედა. – თუ ვინმე გენატრება, ე. ი. ის უკვე არსებობს[2].“
კარლ გუსტავ იუნგი ფიქრობდა, რომ ადამიანებს მუდამ უხილავი ჩრდილი დაგვდევს თან. ჩვენი ცხოვრებისეული მიზანი კი მისი აღმოჩენაა. სწორედ ამ წამიდან შეუძლია ადამიანს საკუთარი ცხოვრებისეული სადავეების ხელში აღება. „სანამ არაცნობიერში არსებულ იდეებს – ცნობიერში არ ამოვიტანთ, იქამდე ყველა მარცხს ბედისწერის მსახვრალ ხელს დავუკავშირებთ.“ ოლგა ტოკარჩუკი იუნგის ამ ფრაზის მნიშვნელობას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ჩასწვდა, რამაც მისი მთხრობლად ჩამოყალიბება გაამარტივა. ავტორი წერდა, რომ ყველაზე რთულ, სევდიან მომენტებშიც კი შეეძლო საკუთარი თავისათვის გარე პერსპექტივიდან შეეხედა. მისთვის აქ და ახლა ყოფნა მოცემულობად გადაიქცა, რამაც სამყაროში არსებულ უსამართლობასთან გამკლავება გაამარტივა. ამრიგად, პირველი მოგონება, რომლის რეკონსტრუქციაც ოლგა ტოკარჩუკმა შეძლო, დედასთან დაკავშირებული ამბავი გახლდათ, სადაც მან აღმოაჩინა, რომ ემოციები და განცდები ყოველდღიურობის ნაწილია, რომლის მიღმაც ბევრად კომპლექსური ისტორიები იმალება.
სწორედ აქედან იწყება მეორე, უფრო ჩახლართული ლაბირინთისკენ მიმავალი გზაც. მწერლის მოგონებებიდან ცნობილია, რომ მას მდინარის ნაპირთან სეირნობა ძალიან უყვარდა. ამ დროს ის თავს დამპყრობლად გრძნობდა. ეს არ იყო ის განცდა, რასაც იმპერიალიზმით შეპყრობილი ადამიანები განიცდიან. ავტორი მეორე მსოფლიო ომისგან გავერანებულ პოლონეთში გაიზარდა, რის გამოც ომი ბავშვობიდან სძაგდა. ამის მიუხედავად, მდინარის შემყურეს, მუდამ ჰქონდა განცდა, რომ სივრცეზე ბატონობა შესაძლებელი იყო. იგი მის ნაპირას ეგზისტენციალური მომენტის დაჭერას ცდილობდა. როგორ შეიძლება საკუთარი არსებობის დამტკიცება? პატარა ოლგას პასუხი ამ შეკითხვაზე ძალიან მარტივი იყო: თუკი ადამიანი სივრცის ნაწილია, მაშინ ის არსებობს. მწერლის სამყაროსთან გასანდოების აქტი სწორედ ნაკადულის პირას შედგა. მდინარე შეიძლება საშიშიც აღმოჩნდეს, ვინაიდან, თუკი მას არაცნობიერში არსებული მოგონებების საცავად აღვიქვამთ, მივხვდებით, რომ მოგონებების სწრაფმა დინებამ შეიძლება ადამიანის ჭკუიდან შეცდენა განაპირობოს. ოლგა ტოკარჩუკი ფიქრობდა, რომ მწერლობა მუდამ ზღვარზე სიარული გახლდათ. სარკეში არეკლილი რეალობისთვის თვალის გასწორება არასდროსაა მარტივი. ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება ამ თავზარდამცემი ემოციის დაძლევა, ისაა, რომ მასზე წერა დაიწყო. სანობელე ლექციაში ტოკარჩუკი სამყაროს უწოდებს ფარდაგს, რომელსაც ადამიანები სიტყვებით ქსოვენ. ზოგიერთი მათგანი ტლანქია, მოუქნელი, თუმცა ეს, საერთო ჯამში, მთლიანობას არ ვნებს. პირიქით, რაც მეტი განსხვავებული ამბავია თავმოყრილი ფარდაგზე, მით უფრო საინტერესოდ გამოიყურება იგი. ავტორი არც მალავს, რომ იგი ფროიდის დიდ გავლენას განიცდის. მას მტკიცედ სჯერა ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსის, რომელიც წერდა: „გამოუთქმელი ემოციები არასდროს კვდება. ისინი ჩვენში ღრმად იმარხებიან, შემდგომ კი საზარელი ფორმით იჩენენ თავს“. ერთ-ერთ ინტერვიუში ტოკარჩუკი ამბობდა, რომ მწერლობა სწორედ ფროიდმა გადააწყვეტინა. მან ფსიქოანალიტიკოსის ნაწარმოებების საშუალებით აღმოაჩინა, რომ რეალობის უამრავნაირად ინტერპრეტირება შეიძლება. თუკი ეს ასეა, მაშინ, რა უდგას წინ საკუთარი ვარიაციის შექმნას? ტოკარჩუკი ამ კითხვას ოდნავ განსხვავებული ფორმით სვამს: „როგორ გავხდეთ წერისა და ამბის გადმოცემის გზით იმ დიდი თანავარსკვლავედის ნაწილი, რასაც მსოფლიო ლიტერატურა ჰქვია?“ იგი 2018 წელს გამოსულ რომანში — Flights — (ამ ნაწარმოებში მან ბუკერის პრემიაც მიიღო) ამ საკითხს ირონიულად მიმოიხილავს. მწერალი ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს — ცოცხალ არსებათა განსხვავებული ქმედებებისაკენ სწრაფვის სურვილს უპირისპირებს, რითაც ცდილობს იმ ჰიპოთეზის დანგრევას, რომლის თანახმადაც, ყველაფრის გაზომვა, დათვლა და გაკონტროლებაა შესაძლებელი: „თუკი ვირთხებს ლაბირინთში მოვათავსებთ, ყოველთვის გამოჩნდება ერთი მათგანი, რომელიც განსხვავებულად დაიწყებს მოქმედებას. მას სრულებით არ ადარდებს მეცნიერების წამოყენებული ჰიპოთეზები. იგი უკანა ფეხებზე შედგება და სრულიად გულგრილად უცქერს საექსპერიმენტო სივრცეს. მისთვის ყოველგვარი ჯილდო აზრს კარგავს…“
ამრიგად, ტოკარჩუკისთვის მნიშვნელოვანია იმ ამბების ამოტანა ზედაპირზე, რომლებიც ადამიანებს დინების საწინააღმდეგოდ მიგვაქანებს. ის, ვინც ისტორიის მოყოლას არ აპირებს, გამოდის, რომ ცხოვრებაზე ამბობს უარს. სამყაროს არ სჭირდება ინდივიდები, რომლებიც გამოცდილების გაუზიარებლად დაიარებიან მის ზედაპირზე. მწერალი შეგვახსენებს, რომ ეს ურყევი ჭეშმარიტება კარგად აქვთ გააზრებული ტირანებსა და პოლიტიკოსებს. სწორედ ამიტომ საუბრობენ ისინი გაუთავებლად, რათა თავს მოგვახვიონ საკუთარი ხედვები სამყაროზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ დროს საზოგადოება ნაწევრდება, ნაწილებად იშლება, და სწორედ მაშინ იწყება კრიზისი. აქ ლიოსასა და ტოკარჩუკის იდეები თითქოს ერთიანდება. ტექსტში – „სამყარო რომანების გარეშე“ – მწერალი სწორედ ლიტერატურას აკისრებდა გადამრჩენის როლს. მას მიაჩნდა, რომ დღეს ერთადერთი გენერალიზებული ცოცხალი ცოდნა მხოლოდ რომანებში გვხვდება: „ლიტერატურის გარდა, არც ერთ ჰუმანიტარულ სფეროს — არც ფილოსოფიას, არც ფსიქოლოგიას, არც სოციოლოგიას, არც ისტორიას, არც ხელოვნებას — არ ძალუძს დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანთა გამაერთიანებელი მსოფლგაგება და მრავალფეროვანი ენა, რომელიც გასაგებია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ამ სფეროთაგან ვერც ერთმა ვერ გაუძლო ცოდნის დაშლა-დანაწევრების გამანადგურებელ ზეწოლას, ფრაგმენტაციის იერიშს, და მთლიანად მას დაექვემდებარნენ, განკერძოვდნენ, დანაწევრდნენ პაწაწინა სექტორებად, რომელთა ენა და იდეები ხელმისაწვდომი არაა ჩვეულებრივი მამაკაცებისა და ქალებისთვის. ლიტერატურას კი ყოველივე ეს არ ეხება და არც არასოდეს შეეხება (თუმცა ცალკეული კრიტიკოსები და თეორეტიკოსები ჯიუტად ცდილობენ მის გადაქცევას მეცნიერებად), ვინაიდან გამონაგონის დანიშნულება ის კი არაა, რომ შესაძლებელი გახდეს რაიმეს გამოკვლევა კონკრეტული სფეროს საზღვრებში, არამედ ის, რომ წარმოსახვის მეშვეობით გაამდიდროს ყველა ადამიანის ცხოვრება, – ცხოვრება, რომელსაც ვერ დაანაწევრებ, ვერ დააქუცმაცებ, ვერ ჩაატევ სქემასა ან ფორმულაში, თუ არ გაანადგურე[3].”
საინტერესოა, რომ ზოგჯერ პერსონაჟები ტოვებენ წიგნის საზღვრებს და ისინი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევიან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უმბერტო ეკომ დასვა წლების წინ, როდესაც „ანა კარენინას“ შესახებ ერთ-ერთი ლექცია წაიკითხა და მსმენელები დაარწმუნა, რომ სიცრუეა იმის მტკიცება, თითქოს ანა კარენინა ოდესმე ბეიკერ სტრიტზე ცხოვრობდა. ცხადია, ნარატიული პერსონაჟები გამოგონილები არიან. ამის მიუხედავად, თუკი მათ მკითხველის გამოცდილებასთან დავაახლოებთ, შეიძლება ისინი იმ მოჩვენებებად იქცნენ, რომლებიც ჩვენ გარშემო იქამდე იბორიალებენ, სანამ სამყარო იარსებებს. განა, ასე არ ჰგონია ბევრ ინგლისელს დღესაც, რომ შერლოკ ჰოლმსი რეალური პერსონა იყო? ტოკარჩუკი ამ საკითხს თავისი რომანების წერისას სერიოზულად ეკიდება. მას კარგად აქვს გათავისებული, რომ 21-ე საუკუნის პირველი 20 წელიწადი სერიალებმა მოიცვა. ისინი წარმართავენ ადამიანთა ფიქრებს და ამას გარკვეული მიზეზებიც გააჩნია. პირველი და უმთავრესი ისაა, რომ მათ სამყაროს აღწერის ფორმებზე რევოლუციური გავლენა მოახდინეს. განა, ასეთი რამ წარსულში არ არსებობდა? სოფოკლეს გმირები, რომლებიც პიესიდან პიესაში დამოგზაურობენ, არაფრით ჩამოუვარდებიან ნეტფლიქსისა თუ HBO-ს მიერ შექმნილ საკულტო პერსონაჟებს. იმისთვის, რომ მკითხველის ყურადღება მიიპყრო, მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილება ისე ჩართო ქარგვის პროცესში, რომ მისთვის ახლო სურათი დაიხატოს. ტოკარჩუკის ლაბირინთიც სწორედ ამ წერტილისაკენ მიემართება. შეიძლება ის, ერთი შეხედვით, ისტორიული მოვლენების აღწერით თავგზას უბნევდეს მკითხველს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დასაბამ წერტილთან მიუძღვება მათ. ასე, მაგალითად, „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“, მეთვრამეტე საუკუნის პოლონეთში არსებულ ვითარებას აღგვიწერს. ომები, სიღატაკე, გავერანებული ქვეყანა… ერთი შეხედვით, გარშემო უიმედობა სუფევს. სწორედ ამ დროს ჩამოდის სმირნიდან ახალგაზრდა ებრაელი იაკობ ფრანკი და ისტორიაც აქედან იწყება. ტოკარჩუკს განსხვავებულ აზთა ერთმანეთთან დაპირისპირება მუდამ ხიბლავდა. ის ამ მეთოდს აქაც იყენებს და იაკობ ფრანკს ორი პერსპექტივიდან წარმოგვიჩენს. ზოგიერთი ადამიანისთვის ის მესიაა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც მას საშიშ ერეტიკოსად მიიჩნევენ. იაკობ ფრანკი სწორედ მაშინ მიდის ადამიანებთან, როდესაც ხელის გამართვა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ცხადია, ტოკარჩუკი ამ უცნაური ექსპერიმენტის მიღმა ალეგორიულად ევროპაში მიმდინარე პროცესებს მოიაზრებს. თავაშვებული სექსუალური ცხოვრება, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება, სოციალური წესრიგის ცვლილება… ეს ის თემებია, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან ნაწარმოებში. საბოლოოდ, იგი ძალიან წააგავს იმ სერიალის სიუჟეტებს, რომლებზეც ავტორი სხვადასხვა ინტერვიუში საუბრობს, თუმცა წიგნს მათგან ერთი მთავარი რამ განასხვავებს — ის ადამიანთა გართობას არ ემსახურება. მეტიც, ოლგა ტოკარჩუკი კაფკასეულ ტრადიციას უბრუნდება და ფართოდ გავრცელებული მოსაზრების დანგრევას ცდილობს, რომლის თანახმადაც, ლიტერატურა დღეს სიამოვნების მიღების საშუალებადაა გადაქცეული. იგი მკითხველს ფიქრს აიძულებს და მათთან სარკე მიაქვს, რათა ადამიანებმა იქ საკუთარი თავი დაინახონ. მართლაც შემზარავია ის სურათი, რომელიც ამ დროს მოჩანს ანარეკლის სახით. ოლგა ტოკარჩუკი მოგონებების რეკონსტრუქციით ახერხებს ჩვენს პირველსაწყისებთან დაბრუნებას. იგი გვიჩვენებს იმ სიბინძურესა და სიავეს, საიდანაც მოვდივართ.
ცოდნას მუდამ დიდი მნიშვნელობა გააჩნდა, თუმცა ის, გარკვეული აზრით, ჩარჩოში იყო მოქცეული. ძველ დროში, ინტერნეტის ერამდე, ადამიანებს არ ჰქონდათ ამდენ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, მათ ბევრი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება უჭირდათ. დღეს ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ადამიანებმა თვალის დაბრმავება გადაწყვიტეს, რათა მზერა აარიდონ იმ შემზარავ მოვლენებს, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოეცათ წარსულიდან. აი, რას წერს ტოკარჩუკი ამასთან დაკავშირებით:
„ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ცოდნის ხელისმიწვდომა ადამიანებს არა მარტო ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მოუტანდა, არამედ თანასწორი უფლებების მქონე, სამართლიან საზოგადოებასაც ჩამოაყალიბებდა. ის, რისი დეფიციტიც, მათი აზრით, მსოფლიოს ჰქონდა, იყო საყოველთაოდ გავრცელებული სიბრძნე, რომელიც ცოდნიდან იღებდა სათავეს.
უნივერსალური ცოდნის იდეით შთაგონებულმა იან ამოს კომენსკიმ (კომენიუსი), XVII საუკუნის უდიდესმა პედაგოგმა, შექმნა ტერმინი „პანსოფია“, რომელიც ყველა შესაძლო შემეცნებას დაიტევდა. პირველ რიგში, ეს იყო ოცნება ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნაზე. განა ინფორმაციასთან წვდომას არ შეუძლია წერა-კითხვის უცოდინარი გლეხი რეფლექსიურ, საკუთარი თავისა და სამყაროს მცოდნე ერთეულად გადააქციოს? განა ცოდნა, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა, ვერ შეძლებს იმას, რომ ადამიანები უფრო წინდახედულნი გახდნენ და თავიანთ ცხოვრებასაც გაცილებით გონივრულად წარუძღვნენ?[4]“
იცით, რა გამოვიდა ამ საქმიდან? კვლავაც არაფერი. ადამიანებმა მოზღვავებული ინფორმაციის ფონზე, ის სარკე გატეხეს, რომელიც მათ რეალურ ვინაობას აჩვენებდა. ნამსხვრევების გამთელება კი ლიტერატურის მისიად იქცა. ტოკარჩუკის მიერ საკუთარი წარსულის აჩრდილების გამოჭერა სწორედ ამით აიხსნება. რთულია იმის თქმა, ჭარბი ინფორმაციის ფონზე, რამდენად მოიწადინებს ადამიანი საკუთარი თავის კვლავ დანახვას სარკეში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: დადგება დრო, როდესაც მას ამის გაკეთება ძალით მოუწევს. დარწმუნებული ვარ, რეპრესირებული მოგონებების ზედაპირზე ამოტანა მარტივი არ იქნება, თუმცა სხვანაირად პროგრესი არ მიიღწევა.
[1] თარგმნა თამარ ლომიძემ, გამოქვეყნებულია „არილის“ საიტზე.
[2] თარგმნა კატია ვოლტერსმა, გამოქვეყნებულია „არილის“ საიტზე.
[3] თარგმნა თამარ ლომიძემ, გამოქვეყნებულია „არილის“ საიტზე.
[4] თარგმნა კატია ვოლტერსმა, გამოქვეყნებულია „არილის“ საიტზე.
© არილი