პოლ რიკიორი
პლატონის “ფილებოსში” ვკითხულობთ: “მეხსიერება რომ არ არსებობდეს, ადამიანს საკუთარი სიამოვნებანიც კი აღარ ემახსოვრებოდა”. პოეზია რომ უდავოდ უკავშირდება მეხსიერების გაგებას, ამაზე ჰესიოდეც მიუთითებს თავის “თეოგონიაში”, როდესაც მეხსიერების ქალღმერთ მნემოსინეს მუზების დედას უწოდებს.
თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, პოეზიაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი სახის მეხსიერება: ეპიკური და ლირიკული.
ეპიკური კოლექტიური მეხსიერებაა, როდესაც რაფსოდი ხოტბას ასხამს თავისი ტომის საგმირო საქმეებს და ცდილობს წარსულის კოლექტიური მეხსიერების სკივრიდან ამოქექოს გმირების სამაგალითო თვისებები, რომ თავისი ტომის წარმომადგენლებში სიამაყის გრძნობა აღძრას.
ლირიკული მეხსიერება ინდივიდის მეხსიერებაა. ლირიკოსი პოეტი განამტკიცებს ინდივიდუალობის და სუბიექტურობის კონცეპტს. ის საკუთარი მეხსიერების სკივრში იქექება, რომ შექმნას საკუთარი “მე”-ს, როგორც ინდივიდის ისტორია.
ამგვარ ინდივიდუალურ ისტორიებს ქმნის გივი ალხაზიშვილი თავის პოეზიაში, რომელიც პოლიმეტრულობით ხშირად ჯაზურ კომპოზიციას მოგვაგონებს. ლექსებში ცხადად ვხედავთ, თუ როგორ მარცვალ-მარცვალ იგება სუბიექტის მიერ დანახული სამყაროს მთლიანი სურათი მხატვრული სახეების ფრაგმენტების გაერთიანებით, იმდენად, რომ მათ შეიძლება პირობითად პიქტორიალური პოეზიაც კი ვუწოდოთ. პოეტური მეხსიერება გივი ალხაზიშვილის პოეზიის კარდინალურ მოტივად შეიძლება ჩავთვალოთ: “ჩვენ ვეღარავის დავივიწყებთ,/ დრომ დაგვივიწყა/ და აღარ გვყოფნის აღარავის დასავიწყებლად/ აწმყო, რომელიც თითქოს გვქონდა,/ თითქმის არა გვაქვს/ და უდროობის ბუნდოვანი ჟამი იწყება,/ როდესაც ხსოვნა უბრუნდება ნაცნობ ადგილებს/ და ჩვენზე ისევ საუბრობენ ძველი საგნები,/ და გადავფურცლავთ ჩვენივე თავს” (“ზღვართან”); ან “ვინ იფიქრებდა, რომ ოთახებს ვინმე ახსოვდა?!” (“მარტის ქუჩა №13”); ან თუნდაც ის, რაც ყველაზე თვალსაჩინო ხდება პოეტის, როგორც ლირიკული “მე”-ს მეტაფორაში – “დიახ, ეს მე ვარ,/ იმ დღეების ჰერბარიუმი” (“…გახსოვს, მინდორში ვიპარებოდით”).
ნებისმიერი სუბიექტური ისტორია, გახსენება – ინტროვერსიას უკავშირდება, რომელიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის და საგნების შემეცნების წინაპირობად, ხოლო მეორე მხრივ, თავდავიწყების საშუალებად იქცევა. ასეა ლექსში “დილით, ყავის სმის დროს”, რომელმაც, კონცეპტუალური თვალსაზრისით, შეიძლება ჯიმ ჯარმუშის ფილმი “ყავა და სიგარეტი” გაგვახსენოს, სადაც ეს ორი კომპონენტი – ყავა და სიგარეტი სინამდვილისგან ადამიანების დროებითი გარიდების საშუალებად იქცევა: “და ფიქრში წასვლა, ერთადერთი არის ალიბი,/ რომ აქ არ ცხოვრობ და ხანდახან ტოვებ საკუთარ/ თავსაც და ფურცელს მიუყვები მელნის სიტყვებით,/ წარსულ დროში რომ გამოჰყავდა კალამს სამკუთხას”. პოეტისთვის წარსული იმაგინატიური ტოპოსია, სადაც განხორციელებული თუ განუხორციელებელი სურვილები თუ ოცნებები პოეტური შთაგონების წყაროდ გარდაიქმნება. თვით ენა კი ასეთ დროს სამყაროს შესახებ ცოდნის საუნჯეა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაშია დალექილი: “…რადგან სიტყვები/ გექცა იმ ქვებად, შენს გარშემო რომ ააყორე” (“დილით, ყავის სმის დროს”), სადაც ქვები სიტყვების, მყარი მნიშვნელობების მეტაფორად იქცევა. “ჩაბრუნებული მზერა” კი იგივე მედიტაცია, ინტროვერსიაა: “და მზერა ისევ ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,/ რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე”. მზერის ჩაბრუნება მეხსიერების წიაღში მოგზაურობას გულისხმობს, სადაც დაუნჯებულია შეგრძნებები და ეს, იმავდროულად, პირველყოფილ წიაღთან დაბრუნება, ანუ ხელახალი დაბადებაა.
თუკი ვთანხმდებით, რომ პოეზია მეხსიერებაა, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ პოეზიაში მეხსიერებამ ლირიკული “მე”-ს გარდა, შეიძლება საგნების ონტოლოგიური ასპექტიც განსაზღვროს. მაგალითად, სუბიექტ-ობიექტის ტრანსპოზიციის მომსწრე ვხდებით გივი ალხაზიშვილის ერთგვარ პიქტორიალური პოეზიის ნიმუშში “შინ”, სადაც მთლიანი სურათი საგნების გამოცდილების ფრაგმენტებით იხატება და სადაც სუბიექტსა და ობიექტს შორის ზღვარი გაუქმებულია. “მტვრიან ლარნაკებს ყელმოღერილებს ხომ ახსოვთ/ მთვარე რომ ჩაჰყურებდა წყლიან თვალებში” – ვკითხულობთ ლექსში, სადაც თავდაპირველად სუბიექტი თითქოს ლარნაკებია, რომლებსაც ახსოვთ მთვარის შუქი. მერე კი აღმოჩნდება, რომ სუბიექტი, ცენტრი, განმსაზღვრელი არის მეხსიერება, რომელთან შედარებითაც ლირიკული “მე”-ს, მთხრობელის, ავტორის პოზიციაც კი მეორეულია: “და მეც იმ ხსოვნას მივმატებოდი/ შეუმჩნევლად და ფეხაკრეფით, ისე თანდათან,/ რომ მე ვერასგზით შემემჩნია/ ხსოვნა როგორ მისრუტავდა, ყოველივე როგორ მიჰქონდა”. ქმნის, ლექსის წერის პროცესზე მინიშნება და მისთვის დამახასიათებელი ქაოსი წესრიგდება ლექსის ბოლოს, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს იკავებს, საგნები თავის ბუნებრივ არსს უბრუნდებიან და ავტორიც, ინტროვერსიის შედეგად, თითქოს დაკარგულ “მე”-ს იბრუნებს, როცა წარმოთქვამს სიტყვას – “შინ”.
ამგვარი მიმართება სუბიექტ-ობიექტს შორის, ერთი მხრივ, მოგვაგონებს იმ ტენდენციას, რომელიც მოდერნიზმიდან იწყება და მის ონტოლოგიურ ესთეტიკას უკავშირდება; მეორე მხრივ კი, ეხმაურება მომხმარებლობის თეორიას, სადაც საგნებსა და ადამიანებს შორის ზღვარი წაშლილია და სამომხმარებლო საზოგადოებაში საგნები მყიფე და წარმავალი ადამიანების ადგილს იკავებენ.
ერთგვარ ეკო-პოეზიის ნიმუშში “დეპეშა”, უიტმანისეული “ბალახის ფოთლების” ამ ერთგვარ გადაძახილში, ხე ადამიანის მეტაფორად გვევლინება და კონკრეტული ტრაგედია ზოგადადამიანურ ყოფიერების ტრაგედიად გარდაიქმნება: “ცვივა ნაფოტები,/ ჩვენი ნაფოტები…/ თუმცა აღარ ვართ,/ თითქმის აღარ ვართ,/ აღარ დავრჩით./ მხოლოდ სიკვდილი თუ მოგვძებნის…”. აქ, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ადამიანი და გარემო, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან განუყოფელ მთლიანობაშია წარმოდგენილი, როგორც ერთიანი, კომპლექსური სისტემა.
საგულისხმოა, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში გახსენება გრძნობის ხუთი ორგანოდან ერთ-ერთის საშუალებით შემოდის. საკმარისია დავასახელოთ, ერთსა და იმავე დროს, ქრისტიანული და წარმართული კონოტაციებით გაჯერებული ლექსი “პურის სუნი”: “დილას აღვიძებს პურის სუნი,/ სიცოცხლის სუნი/ და ხსოვნა წვდება ყველა მომკელს/ და კალოობა ბრუნავს სისხლში”, სადაც გახსენება ყნოსვის ორგანოს უკავშირდება, ხოლო კალოს ლეწვის სეზონური მეტაფორა მარადიულ კვდომა-აღდგომაზე მიგვანიშნებს. სხვაგან კი მოგონება სმენის საშუალებით ცოცხლდება: “ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები” (“მოხუცებულთა თავშესაფარი”).
ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია პიქტორიალური პოეზია. გივი ალხაზიშვილის ლექსებში მეხსიერების ფენებიდან ზედაპირზე სხვადასხვა სახე ამოდის და გრძნობის ორგანოები მათ ცხადად ხილვას შესაძლებელს ხდის. ასე იკვეთება ერთიანი სურათი, ვთქვათ, ეროტიკული იმიჯებით გაჯერებულ “თუშურ პასტორალში”, სადაც თანდათანობით იშლება მკითხველის თვალწინ მონტაჟის გზით აგებული თიბვის ეპიზოდი: “ჰყვაოდა მდელო და გწვდებოდა წელამდი…/ შენ დროს იზოგავდი, თითქოსდა წელავდი…/ ერთმანეთს ვეძებდით, ვავსებდით, ვთიბავდით,/ ვაწვენდით, ვკონავდით, ვკოცნიდით, ვცელავდით”, სადაც კონტექსტი ზმნებს პოლისემიურობას ანიჭებს, ხოლო პარალელიზმების ინტენსიურობის წყალობით, მკითხველი მთხრობელის ისტორიის – მეხსიერების ნაწილი ხდება.
შეიძლება ითქვას, გივი ალხაზიშვილის სეზონური მეტაფორები, თავისი რელიგიური ექსტატიურობით თუ ამაღლებულობით, გარკვეულწილად, პოლ კლოდელისეულ თუ ჯერარდ მენლი ჰოპკინსისეულ რელიგიურ აღმაფრენას მოგვაგონებს, სადაც სამყარო და ღმერთი იგივეობრივია. მსგავსი მაგალითი გვხვდება სხვაგანაც: “ცის ყველა წვეთი/ მხოლოდ მისი თვალებით გიმზერს,/ ვინც გულში გიზის/ და გარე-გარე ვის დაეძებ?!/ შენ კი არა, ის ცოცხლობს შენში.” (“გასეირნება მარტის ჭალაში”), სადაც იმავდროულად პანთეისტური კონტექსტიც იკვეთება, როგორც მსოფლხედვა, ან, გნებავთ, ზნეობრივი პოზიცია. სხვაგან ავტორი იმავეს მიგვანიშნებს: “რა მშვენიერია ველის ყვავილებით/ ზოგჯერ მიწა რომ ამოგხედავს” (“ფსალმუნის მოტივი”).
თუკი ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, მაშინ სულაც აღარ მოგვეჩვენება უჩვეულოდ, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში სამყარო/ღმერთი ამბივალენტურ ცნებებს საკუთარ თავში მოიცავს – გააჩნია როგორი რაკურსით შევხედავთ. მაგალითად, ერთ-ერთ ლექსში სიტყვები – ხელი და აყალო ასოციაციურად ერთმანეთს უკავშირდება: “და ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისგან/ ხელს და აყალოს” (“ეს დღე სად გაქრა?”), სადაც ეს პარალელი ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ძველ ლეგენდებთან გვაგზავნის. იქნებ ამიტომაც სრულდება ლექსი “მოხუცებულთა თავშესაფარი” თითქოსდა ორაზროვანი სტრიქონებით: “მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,/ როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი/ და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს”. აქ “უძველესი ზმნა” შეიძლება წავიკითხოთ, როგორც კვდომა/ აღდგომა და, ასევე, როგორც ხსოვნა/ დავიწყება; უოლტ უიტმენის ელეგიის “აკვანი რომელიც მარად ირწევა” მსგავსად, სადაც სიკვდილი და დაბადება ტოლფასი ცნებებია. თუკი სხვაგვარად ვიტყვით და ფრაზას – “უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს” – პოეზიას დავუკავშირებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლექსის ქმნა იმთავითვე გულისხმობს პროცესს, როდესაც საგნები დაეძებენ თავიანთ მნიშვნელობას – ზოგჯერ პირვანდელს, ზოგჯერ კი იმას, რაც მათ გაქვავებულ მნიშვნელობებად ქცევისგან დაიცავს. ბოლოს და ბოლოს, პოეზიის არსიც ხომ ეს არის.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“