პროზა (თარგმანი)

იან მაკიუენი – ორი მოთხრობა

Ian-McEwan 43245

“ორმოცდაცამეტი წლის ვარ და მას შემდეგ ვწერ, რაც ოცდაერთის გავხდი. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, ახლა უფრო მეადვილება წერა, ვიდრე მაშინ? ვშიშობ, რომ არა. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ წერა არაა საქმიანობა, რომელიც ასაკთან ერთად მარტივდება; შეუძლებელია, უცებ გამოაცხო რომანი, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ათწლეულია, ამ საქმეს მისდევ. ხანდახან ისიც კი მეჩვენება, რომ ყველაფერი ფიზიკურ გამძლეობაზეა დამოკიდებული: წერას ულევი ენერგია სჭირდება. ასე რომ, დაბერება საქმეს არ შველის. მთავარია, დარწმუნებული იყო, რომ რაღაც ახალი, ცინცხალი გაქვს ხელში, რაღაც ისეთი, რაც სრულიად განსხვავდება ყველაფრისგან, რაზეც აქამდე დაგიწერია. თუმცა, შეიძლება, ესეც მხოლოდ ილუზია იყოს. მერე, ცხადია, ბოლომდე უნდა ჩაყვე, ჩაეძიო, ჩხრიკო და იკვლიო, რომ მისწვდე მასალას, ნედლეულს, რომელიც ჯერ არ გამოგიყენებია. წლების მატებასთან ერთად უკეთ იცნობ შენს გონებრივ ჩვევებს, საკუთარი აზრების სტრუქტურას. სკეპტიკური ხდები და გსურს, მაქსიმალურად აიცილო თავიდან გამეორება. ღრმად მწამს, რომ ერთი რომანიდან მეორემდე მწერლის ცხოვრების ნაწილი უნდა იდოს. ვფიქრობ, ყოველი შემდეგი რომანი ოდნავ განსხვავებულმა ადამიანმა უნდა დაწეროს”.

იენ მეკიუენი, რადიო BBC Radio 3

ნოემბერი, 2000

ეს დამწიფება, დაძველება, დალექვა, ახალი განცდების, ახალი შთაბეჭდილებების ლოდინი მეკიუენის ყველა რომანს ეტყობა. მეკიუენი არაფერს წერს იმიტომ, რომ გამომცემელი ელოდება, ან უბრალოდ იმიტომ, რომ “წერა ეხერხება”. მეკიუენი წერს, როცა სათქმელი აქვს. სწორედ სათქმელის “დაგროვებას” გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომანიდან რომანამდე ავტორის ცხოვრების წლებიაო.

მეკიუენის თარგმნა, ტექნიკურად, თითქოს, რთული არაა. განსაკუთრებით – ადრეული მეკიუენის და განსაკუთრებით – მისი მოთხრობების. გეჩვენება, რომ რაღაცნაირად მოკლედ, მშრალად, “ადვილად” წერს. მაგრამ ძნელია, მის “სიმარტივეს” ხელი მოჰკიდო, მით უფრო, ზაზა ჭილაძის შემდეგ.

“კოკერი თეატრში” ირონიაა სექსზეც, სექსის ფიქციაზეც, მათზე, ვისაც მართლა აქვს სექსი და იმათზეც, ვინც სექსს თამაშობს; მათზეც, ვინც იყენებს სექსს, “ქმნის” სექსს, ან უყურებს სხვის სექსს. “გავოგნდი, როცა კრიტიკამ სექსით შეპყრობილ კაცად მომნათლა, არასოდეს მიფიქრია, რომ სექსზე ვწერდიო”, ამბობს მეკიუენი პირველ კრებულზე, ერთ ძველ ინტერვიუში. ასეცაა, 28 წლის მეკიუენი სექსზე არ წერს: ამ პაწაწინა და პირველიდან უკანასკნელ სიტყვამდე ირონიული მოთხრობის გული მაინც კოკერის (თუ ყვინჩილას?) ბოლო სიტყვებია: “აუცილებლად ვნახავთ, გმადლობთ, ბატონო კლივერ”. და ბურთი, ყელში რომ ეჩხირება კლივერს. მერე რა, რომ არ იტირებს და პაპიროსს მოუკიდებს.

მოკლედ, არ აჰყვა კრიტიკას და 1978-ში მეორე კრებული გამოსცა, პროვოკაციული სახელით “ზეწრიდან საბნამდე”. ყველამ ვიცით, ძილის გარდა, რაც ხდება ზეწარსა და საბანს შორის, მაგრამ მეკიუენი მაინც მეკიუენია. “გაათავა და მოკვდა” სწორედ ამ კრებულიდანაა.

“სექსით შეპყრობილად” მონათლული 30 წლის მეკიუენი მარტოობაზე, სასოწარკვეთაზე, ილუზიაზე წერს. შეუძლებელია, მისმა ეროტიკულობამ გული არ აგიჩქროლოს კითხვისას (კაცნი ვართ) და თან ძარღვებში სისხლი არ გაგიყინოს, გულ-ღვიძლი არ ამოგიბრუნოს სიყვარულის ობიექტის (ვაიმე, ელენ!) გაცნობიერებამ. უკიდურესი ირონიით დახატული ყველაზე ნამდვილი სასოწარკვეთა და გულისშემძვრელი ობსესია, რომელსაც პირობითად ელენი ჰქვია, სრულიად უნივერსალურია: მნიშვნელობა არ აქვს, ქალია, მამაკაცი, ნივთი თუ მოვლენა. რა მნიშვნელობა აქვს, მზისფერი ქვედაბოლოს აფრიალებული კალთა გაგიჩერებს გულს შემოდგომის დაისის შუქზე თუ სხვა რამე, სხვა დროს. მეკიუენი სექსზე არ წერს, შეპყრობილობას აღწერს, გრძნობითს, გონებრივს, ინტელექტუალურს, ჩვევითს, სექსუალურს; და სასოწარკვეთას, ისეთს, რომ გგონია, ხელით შეეხები.

მარტოობა-მეთქი. თუმცა მეკიუენი ერთად ყოფნაზეც წერს, იმაზე, რა სავსე და მეტყველია დუმილი, როცა მასში თანამოაზრეობაა, მოსმენაა, სიმყუდროვეა. დუმილი მაშინ ხდება ჩუმი, როცა მისი ხმა აღარ გესმის. წერს, როგორ ხევდება და სისხლისგან იცლება ვნებიანი (!) სხეული და ცნობისმოყვარე (!) სახე, როცა ურთიერთობას (ვაიმე, ელენ!) უნდობლობის ბზარი გადასერავს. არ გასვენებს ეს მოთხრობა, დამდუღრულივით კითხულობ, დროდადრო კი ცივი შხაპივით გაფხიზლებს, დაგცინის, აბუჩად გიგდებს, თავს უხერხულად გრძნობ, იშმუშნები, დანაშაულზე წასწრებულივითაც კი მიმოიხედავ.

ჰო, რაღაცნაირად წამლეკავი მოთხრობაა ეს, დამამარცხებელი და გულისამომგლეჯი. არა მგონია, მხოლოდ ჩემთვის ამოეგლიჯოს გული: მერე რა, რომ მე განსაკუთრებულად მიყვარს მეკიუენი.

ხათუნა ცხადაძე

 

იან მაკიუენი

გაათავა და მოკვდა

ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

პოზიორ ქალებს ვერ ვიტან. მაგრამ მან მაშინვე მომტაცა თვალი. გავჩერდი, მივაშტერდი. ფეხები ზომიერად გაედგა გან-განზე, მარჯვენა თამამად წინ გამოეწია, მარცხენა კი რაღაცნაირად, თითქოს დაუდევრად დარჩენოდა უკან, ვითომ შემთხვევით… მარჯვენა ხელი ვიტრინისკენ გაეწვდინა, ნატიფი მტევანი ზევით აეპყრო, ნაზი ყვავილის აშლილ ფურცლებს მიუგავდა თლილი თითები. მარცხენა ხელით თითქოს ფეხებთან მოთამაშე ლეკვებს უპირებდა მოფერებას. თავი ოდნავ უკან გადაეგდო, ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მოწყენილობაჩამდგარი თუ ნეტარებით გაყურსული თვალები ოდნავ დაეჭუტა. ვერ მიხვდებოდი, მოსწონდა თუ ყელში ამოსვლოდა გარე სამყარო. უდავოდ ხელოვნური იყო ეს ყველაფერი, თუმცა, არც მე ვარ მარტივი კაცი. საოცარი ქალი იყო. ყოველდღე ვხედავდი, ხან – დღეში ორ-სამჯერაც. განწყობის  მიხედვით სხვადასხვა პოზაში იდგა ხოლმე. ხანდახან, სწრაფად რომ ჩავურბენდი ვიტრინას (სულ მეჩქარება) და მალულად შევავლებდი თვალს, მეჩვენებოდა, რომ რაღაცნაირად მიწვევდა, თითქოს სიცივეში თავშესაფარს მთავაზობდა. ის ქანცმიხდილი, უსასოო უნდილობაც არაერთხელ შემინიშნავს მასში, ბრიყვებს ქალურობა რომ ჰგონიათ.

ტანსაცმელზე ვაკვირდებოდი. მოდაზე ეცვა. გასაკვირი არცაა, მისი ხელობა ეს იყო. თუმცა იმ დაშაქრული, ზერელე, უსქესო სიხისტის მისხალიც არ იყო მასში, რაც ასე მძულს იმ საკიდივით, აწოწილ ქალებში, სული რომ ძლივს უდგათ და მაღალი მოდის კუტურიეების ქმნილებებს დააზოზინებენ ამაზრზენი მუსიკების ფონზე იმ სულისშემხუთავ სალონებში. ის სულ სხვა არსება იყო: მარტო კონკრეტული სტილის წარმოსაჩენად, კონკრეტული ეპოქის მოდის საჩვენებლად როდი შეექმნა ბუნებას. ამ ყველაფერზე მაღლა იდგა, ამ ყველაფრის მიღმა. ტანსაცმელი მისი მშვენიერების დანამატი იყო მხოლოდ. ძველი ქაღალდის ტომარა რომ წამოეცვა, მაინც მომხიბლავი იქნებოდა. მედიდურად ატარებდა ყველანაირ სამოსს, ყოველდღე იცვლიდა. მისი სხეული ტანსაცმლის ქვეშიდან ასხივებდა ბრწყინვალებას… არადა, ყველაფერი ულამაზესი ეცვა. შემოდგომა იდგა. მუქი ჟანგისფერი მოსასხამები ამშვენებდა, გრძელი, გაშლილი, გლეხური ქვედაკაბები, ჭაობისფერი, ან ჩამავალი ბაჯაღლო მზისფერი; ხანაც – მოუხეშავი ქსოვილის, თამბაქოსფერი კოსტიუმები. გაზაფხული დადგებოდა და კუბოკრული მიტკლის მხიარულ ქვედაბოლოებს აფრიალებდა, ათასგვარი ხილით მოწინწკლული თეთრი ბატისტის ჰაეროვან პერანგებს, ფირუზისფერ ან მსუყე ზურმუხტისფერ აბრეშუმის კაბებს. დიახ, შევნიშნე მისი ტანსაცმელი, რადგან ის ისევე გრძნობდა ქსოვილს, როგორც მეთვრამეტე საუკუნის პორტრეტის დიდოსტატები შეიგრძნობდნენ მასალის ბარაქიან, დიდებულ ფაქტურას: მის სხეულზე მოლივლივე ქსოვილი ბოლომდე ამჟღავნებდა საკუთარ თვისებებს და ყოველი ნაკეცის, თითოეული გვირისტის სიფაქიზეში მთელი დიდებულებით აჩენდა ოსტატის დახვეწილ ხელოვნებას. ყოველ დანახვაზე ახალი მიმოხვრით, ახალი მოძრაობით იტალღებოდა მისი სხეული, თითქოს ბოლომდე ერგებოდა და იმეორებდა იმ ქმნილების ფორმასა და ფაქტურას, ლამაზ ტანზე რომ ელამუნებოდა. მისი სრულქმნილი სხეულის უსულო გრაცია ნაზი კონტრაპუნქტით გამოკვეთდა თერძის მაღალი ოსტატობით ნაქარგ თვალისმომჭრელ არაბესკებს.

შორს წავედი. გული გაგიწყალეთ ამ ლირიკულობით. დღე დღეს მისდევდა. ხან ყოველდღე ვხედავდი, ხან – დღეგამოშვებით ან დღეში რამდენჯერმე. მისი ნახვა-არ-ნახვა ძალაუნებურად იქცა ჩემი ცხოვრების არსებით ნაწილად, მალე კი – ვერც მივხვდი, როგორ – მთავარ ღერძად. ვნახავდი დღეს? მისი ნახვა გააუფერულებდა, გადასწონიდა იმ დღის ყოველ წუთსა და წამს? შემომხედავდა? ვახსოვდი? მცნობდა? გვქონდა საერთო მომავალი? გავბედავდი ოდესმე მასთან მიახლოებას? ღმერთო! რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს მილიარდებს ან სამი ქორწინების ნანგრევებზე ნაგროვებ სიბრძნესა და გამოცდილებას? მიყვარდა… მინდოდა, ჩემი ყოფილიყო. ამისთვის კი, როგორც ჩანს, მისი ყიდვა მომიწევდა.

ალბათ, ცოტაოდენი ჩემზეც უნდა გითხრათ. მდიდარი კაცი ვარ. ლონდონში ათიოდე ადამიანი თუ იქნება ჩემზე მდიდარი. შეიძლება, სულაც ხუთი ან ექვსი. რა მნიშვნელობა აქვს ამას. მოკლედ, მდიდარი ვარ და მთელი ჩემი ქონება ტელეფონით გავაკეთე. შობას ორმოცდახუთი წლის ვხდები. სამჯერ შევირთე ცოლი და ჩემმა ქორწინებებმა, ქრონოლოგიურად, რვა, ხუთი და ორი წელი გასტანა. ბოლო სამ წელიწადში ცოლი აღარ შემირთავს, მაგრამ დრო უქმად არ გამიცდენია. ორმოცდაოთხი წლის კაცს გასაცდენი დრო არ აქვს. სულ მეჩქარება. ყოველთვის, როცა ჩემს სათესლე ჯირკვალში, თუ სადაცაა, ერექციის იმპულსი ისახება, ჩემს ცხოვრებაზე გათვლილი ორგაზმების სრულ ოდენობას ერთი აკლდება. ფიქრის, თავისტეხის, შინაგანი ძიებებისა და სერიოზული ურთიერთობების დრო არ მაქვს. არ მჭირდება უხმო საყვედურები, მდუმარე თავდაცვა. არ მჭირდება ქალები, რომლებსაც სექსის შემდეგ ლაპარაკი უყვართ. მინდა, უხმოდ, უძრავად ვიწვე და ორგაზმისშემდგომი სიმშვიდითა და ნათელით დავტკბე. მერე წინდები და ფეხსაცმელი ჩავიცვა, თმა გადავივარცხნო და საქმეებს მივხედო. ამიტომ მირჩევნია ჩუმი ქალები, უხმოდ, თითქოს სრულიად უგრძნობლად რომ ათავებენ. მთელ დღეს ხმაურში ვატარებ, ათასნაირი ხმა ჩამესმის ყოველი მხრიდან, ტელეფონზე, საუზმეზე, შეხვედრებზე. საწოლში ხმები აღარ მინდა. არ ვარ-მეთქი ადვილი კაცი, ვიმეორებ, თუმცა, არც ეს სამყაროა მარტივი. სამაგიეროდ, მოთხოვნები მაქვს მარტივი, ალბათ, მეტისმეტად მარტივიც. ყოველგვარი სულიერი ოხვრა-გმინვით გაუსვრელი, სუფთა სიამოვნება მირჩევნია.

უფრო სწორად, მერჩივნა, ადრე… სანამ ის შემიყვარდებოდა, სანამ თვითგანადგურების მახრჩობელა ვნებას გავუგებდი გემოს, სრულიად გაუგებარი მიზეზით რომ ისახება და ღვივდება ადამიანში. თუმცა ახლა, ორმოცდამეხუთე დაბადების დღეს მიახლოებულს, რაში მანაღვლებს მიზეზების რკვევა? თითქმის ყოველდღე ჩავუვლიდი მის მაღაზიას და შევცქეროდი. პირველ დღეებში მისთვის უბრალოდ თვალის მოკვრაც მყოფნიდა, მერე ჩემს საქმეზე გავრბოდი, კოლეგასთან, პარტნიორთან, საყვარელთან შესახვედრად… ვერ ვიხსენებ, როდის მივხვდი, რომ შეყვარებული ვიყავი. წეღან ვთქვი, ჯერ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ კი მისი მთავარი ღერძი გახდა-მეთქი. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. როგორ მუქდება და თანდათან ალისფრდება ცისარტყელას ნარინჯისფერი? ადრე ვიტრინას ჩავუქროლებდი, წამით გავხედავდი ხოლმე. მერე შეყვარებულ კაცად ვიქეცი… მასზე… სრულიად თავდავიწყებით შეყვარებულ კაცად. სხვა ქალები… სხვა ქალები, რომლებსაც ვიტრინაში ვხედავდი, არაფერს ნიშნავდნენ ჩემთვის. სადაც არ უნდა მდგარიყო ჩემი ელენი, მაშინვე ვხედავდი. სხვები უბრალოდ მანეკენები (ვაიმე, ჩემო სიყვარულო), საძაგელი თოჯინები იყვნენ. სილამაზის კამკამა მუხტით ფეთქავდა მასში სიცოცხლე. დიდხანს შევნატროდი შუშის მიღმა მისი წარბების ნაზ მოხაზულობას, მისი ნატიფი ცხვირის კონტურს, ღიმილს, მოწყენილობისა თუ ნეტარებისგან მინაბულ თვალებს (როგორ მივმხვდარიყავი, რომელი იყო?). ბედნიერი ვიყავი, რომ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა მას. სიყვარულისგან შეშლილმა წერილებიც კი მივწერე, ვაღიარებ. დღემდე ვინახავ იმ წერილებს. ელენი შევარქვი (“ძვირფასო, ელენ, რამე მანიშნე… ვიცი, რომ იცი…” და ამისთანები). მაგრამ მალე ისე დავკარგე თავი, რომ მისი დაუფლების გარდა აღარაფერზე ვფიქრობდი. მინდოდა, ჩემი ყოფილიყო, შემეწოვა, შემესრუტა, შემეჭამა. მინდოდა, საწოლში გვერდით მყოლოდა, შევხებოდი. ცეცხლი მედებოდა, ისე მეწადა, ჩემთვის გაეშალა ფეხები. მოსვენება არ მეღირსებოდა, სანამ მის ფერმკრთალ, ჩამოსხმულ ბარძაყებს შორის არ მოვექცეოდი და იმ გულისმომკვლელ ბაგეებს ენით არ დავუსიებდი. ვიცოდი, მალე მომიწევდა მაღაზიაში შესვლა და მისი ყიდვა.

ამაზე ადვილი რა არისო, იტყვით. მდიდარი ხარ, თუ მოისურვებ,Mმთელ მაღაზიას იყიდი, ან მთელ ქუჩასო. ცხადია, იმ ქუჩასაც ვიყიდდი და სხვა ბევრსაც, მაგრამ ეს უბრალო გარიგება არ იყო. მიწის ნაკვეთს კი არ ვყიდულობდი ახალი საწარმოს გასახსნელად. ბიზნესში არავის არაფერს ჩუქნი, რისკავ და მორჩა. მაგრამ ამ საქმეში ვერ გავრისკავდი. ამ საქმეს ვერ ჩავაფლავებდი, ჩემი ელენი მინდოდა. ჩემი ელენი მჭირდებოდა. გულის სიღრმეში მეშინოდა, არ გამეცა საკუთარი სასოწარკვეთა. ვერ გამეგო, რა ჯობდა, შევაჭრება თუ პირდაპირ მეტის შეთავაზება. თუ მეტისმეტი მომივიდოდა, მაღაზიის დირექტორი დაეჭვდებოდა, რატომ ვაკეთებდი ამას? თუ ის ჩემთვის ძვირფასი იყო, შესაძლოა, სხვისთვისაც (დირექტორი საქმის კაცია) დიდი ფასი ჰქონოდა. არადა, უკვე რამდენიმე თვე გადიოდა, რაც ელენი იმ მაღაზიაში ჰყავდათ. იქნებ მალე – ეს აზრი უკვე მოსვენებას აღარ მაძლევდა – მოეშორებინათ კიდეც, სულაც გაენადგურებინათ.

ვიცოდი, რომ დასაკარგი დრო არ მქონდა და მეშინოდა.

ორშაბათი შევარჩიე: ნებისმიერ მაღაზიაში მშვიდი დღეა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორად მოვიქეცი, იქნებ შაბათი ჯობდა, ხალხმრავალი, უქმე დღე. მოკლედ, არ ვიცოდი, რა აჯობებდა. პირისპირ მდგარ სარკეებში არეკლილი გამოსახულებებივით ეხლებოდა ერთმანეთს ჩემი ფიქრები. ღამე არ მეძინა, მეგობრებს ვეუხეშებოდი, საყვარლებთან ვეღარაფერს ვახერხებდი, საქმეშიც უკან მივდიოდი. ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და დღე შევარჩიე. ოქტომბერი იყო, გულის გამაწვრილებლად ცრიდა. მძღოლი დავითხოვე და მარტო წავედი მაღაზიაში. რა ვქნა, წესის თანახმად, მევალება, აღგიწეროთ ჩემი ელენის პირველი საცხოვრებელი? ეს სულელური ჩვეულება სულ არ მანაღვლებს. დიდი მაღაზია იყო, უშველებელი ფართი მხოლოდ ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ეკავა. ესკალატორებიან დარბაზში მოწყენილობა გამეფებულიყო. კმარა. გეგმა მქონდა. შევედი.

მოლაპარაკების დეტალები უნდა გაგაცნოთ, სანამ იმ მომენტზე გადავალ, როდესაც სანატრელი არსება ხელში ავიტატე? დროს არ დავკარგავ. გამყიდველს დაველაპარაკე. ის მეორეს გამოელაპარაკა. მერე მესამეს დაუძახეს. სამივე ერთად მეოთხეს მოეთათბირა და მეოთხე ვიღაც მეხუთის დასაძახებლად წავიდა. მეხუთე დირექტორის მოადგილე აღმოჩნდა, ვიტრინების მოწყობა, თურმე, სწორედ მას ევალებოდა. ჩემ გარშემო შექუჩდნენ ცნობისმოყვარე ბავშვებივით, ფული, ძალაუფლება იყნოსეს, მაგრამ ვერ მიხვდნენ, როგორ ვღელავდი. ვუთხარი, უცნაური თხოვნა მაქვს-მეთქი. აცმუკდნენ, თვალებში არ მიყურებდნენ. აღგზნებული ვლაპარაკობდი. ვიტრინაში რომ პალტოა, იმის ყიდვა მინდა, ოღონდ ჩექმები და შარფიც მინდა ვიყიდო, რომელიც პალტოს ახლავს-მეთქი. მერე ვუთხარი, რომ ჩემი ცოლის დაბადების დღე იყო და მანეკენის (ღმერთო, ელენ!) ყიდვაც მინდოდა, ტანსაცმელს ასე უფრო ლამაზად დავახვედრებდი. მინდა, ცოლს სიურპრიზი მოვუწყო, უნდა დამეხმაროთ-მეთქი. აღვუწერე, გარდერობს როგორ გამოაღებდა და იქ გამოწყობილი მანეკენი დახვდებოდა. ვეცადე, ცოცხლად დამეხატა სცენა. გამომივიდა. ვერაფერს მიხვდნენ. აღფრთოვანდნენ სიურპრიზით გახარებული ქალის წარმოდგენაზე. ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. მორიდებულად შემომხედეს. რა ქმარია! თითოეულმა თავი ჩემს ცოლად წარმოიდგინა. ცხადია, თქვენც არ გაწყენინებთ-მეთქი, ვუთხარი ბოლოს… რას ბრძანებთო, დირექტორის მოადგილემ დამატებითი გასამრჯელოს გაგონებაც არ ისურვა და დაამატა, მოხარულები ვართ, რომ გეხმარებითო. ვიტრინისკენ გამიძღვა. უკან ავედევნე. სისხლისფერი ბურანი ჩამოწვა ირგვლივ, ხელისგულები დამეცვარა, მეტყველების უნარი წამერთვა, გახევებული ენა კბილებზე ამეკრო, დაოსებულმა, ძლივს ავწიე ხელი, რომ ელენზე მიმეთითებინა და ამოვილუღლუღე: აი, ის.

ოდესღაც ვიყავი ადამიანი, რომელიც უდარდელად ჩაუქროლებდა ხოლმე მაღაზიას და სწრაფად შეავლებდა თვალს ვიტრინას… ახლა უგონოდ შეყვარებული კაცი ვიყავი, რომელსაც მანქანისკენ მიჰყავდა ხელში ატატებული სანატრელი არსება. მართალია, მაღაზიაში შემომთავაზეს, ყველაფერს შეგიფუთავთო, მაგრამ წარმოგიდგენიათ მამაკაცი, თავის ერთადერთ სიყვარულს ოქტომბრის წვიმაში შიშველს რომ გაიყვანს ქუჩაში? მკლავებზე გადაწვენილი მიმყავდა და, ბედნიერებისგან გონებადაბნელებული რაღაცას ვბოდავდი. ის კი ტანზე მეკრობოდა, პაწაწინა მაიმუნივით მებღაუჭებოდა პიჯაკის საყელოზე. ვაიმე, ჩემო სიხარულო, ტკბილო ელენ. ფაქიზად გადავაწვინე უკანა სავარძლებზე და ციმციმ მივიყვანე სახლში.

 

ყველაფერი მზად მქონდა. ვიცოდი, რომ დასვენებას მოისურვებდა… საძინებელში შევიყვანე, ჩექმები გავხადე და ახალდაგებულ, ტკიცინა თეთრეულში ჩავაწვინე. ნაზად ვაკოცე ლოყაზე, ჩემ თვალწინ ჩაეძინა დაქანცულს. რამდენიმე საათი კაბინეტში ვმუშაობდი, მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. მშვიდად ვგრძნობდი თავს, რაღაცნაირად, შიგნიდან ვიყავი გაცისკროვნებული, გაბრდღვიალებული. თითქოს შრომის უნარიც გამათმაგებოდა. მუშაობას მოვრჩი და ფეხის წვერებზე გავედი საძინებელში. ენით უთქმელი სიმშვიდე და კდემა გადაჰფენოდა მძინარეს სახეზე. ბაგეები ოდნავ შეხსნოდა. დავიჩოქე და ტუჩებზე დავეკონე. კაბინეტში გამოვბრუნდი, პორტო ჩამოვისხი და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს მივუჯექი. განვლილ ცხოვრებაზე, წარუმატებელ ქორწინებებზე, ჩემს ბოლოდროინდელ სასოწარკვეთაზე დავფიქრდი. მეჩვენებოდა, რომ იმ ტანჯვითა და უბედურებით დავიმსახურე ეს ბედნიერება. ახლა ჩემი ელენი მყავდა, ჩემს საწოლში ეძინა, ჩემს სახლში. არავინ და აღარაფერი მანაღვლებდა. ჩემი იყო.

ათი საათი იქნებოდა, საბანქვეშ რომ შევუცურდი. ვფრთხილობდი, თუმცა ვიცოდი, ეღვიძა. ახლაც გული მიბაგუნებს, როცა ვიხსენებ, რომ მაშინვე არც კი მივკარებივართ ერთმანეთს. გვერდიგვერდ ვიწექით (ღმერთო, რა ცხელი იყო) და ვლაპარაკობდით. მოვუყევი, როგორ დავინახე პირველად, როგორ გამიღვივდა გულში სიყვარული, როგორ გადავწყვიტე, მაღაზიიდან წამომეყვანა. სამივე ქორწინებაზე მოვუყევი, სამსახურზე, ჩემს საყვარლებზე. გადაწყვეტილი მქონდა, არაფერი დამემალა მისთვის. იმაზეც მოვუყევი, რაზეც წეღან, პორტოთი ხელში ვფიქრობდი,ცეცხლს მიჩერებული. მომავალზე ველაპარაკებოდი, ჩვენს საერთო მომავალზე. ვუთხარი, რომ მიყვარდა, ჰო, ეს ნამდვილად ბევრჯერ გავუმეორე. მისთვის ჩვეული მდუმარე ყურადღებითა და სითბოთი მისმენდა. მომიწევდა, მესწავლა ამ დუმილის პატივისცემა და სიყვარული. ხელზე მეფერებოდა, რაღაცნაირი, ბავშვური გაოცებით სავსე თვალებით მიყურებდა. პალტო გავხადე. საწყალი გოგო. ქვეშ არაფერი ეცვა. არც ჩემს მეტი ჰყავდა ვინმე ამქვეყნად. მივიზიდე, მისი შიშველი სხეული ვიგრძენი ტანზე და უცებ, ფართოდ გახელილ თვალებში ენით გამოუთქმელი შიში დავინახე… ქალწული იყო. რაღაც ვუჩურჩულე. დავპირდი, ფრთხილად ვიქნები, გამოცდილი კაცი ვარ, თავის გაკონტროლება შემიძლია, ნუ გეშინია-მეთქი. უხმოდ ჩავსრიალდი საბანქვეშ, ბარძაყებს შორის მოვექეცი და ენით ვიგრძენი მისი უმანკო და ავხორცი, სურნელოვანი სითბო. ხელზე ხელი მოვკიდე. ქვევით ჩავაცურე მისი მტევანი. თლილი თითებით მეფერებოდა გამაგრებულ, მფეთქავ ასოზე (რა გრილი ჰქონდა ხელი). – ნუ გეშინია – ჩავჩურჩულე – ნუ გეშინია. და ისე უცებ, ნაზად შევსრიალდი მასში, როგორც ვეებერთელა გემი ღამით – პაწაწინა, მოციმციმე ნავსადგურში. თვალებში რაღაც გაუკრთა, ტკივილივით, რომელიც წამში გადაფარა სიამის ტალღამ. მსგავსი ნეტარება არასოდეს განმეცადა. ბოლომდე გვესმოდა ერთმანეთის… თითქმის სრული იდილია იყო. თითქმის… უბიწო ქალწული გაუმაძღარ საყვარლად ქცეულიყო ჩემს ხელში. მეტი უნდოდა, ვერ ვანაყრებდი, არ მეშვებოდა, სულის ამოთქმის საშუალებას აღარ მაძლევდა. მთელი ღამე ასე გავატარეთ. მთელი ღამე კლდის ქიმთან იდგა თითქოს, წამიც და გადაეშვებოდა იმ ტკბილი სიკვდილის უძირო უფსკრულში… მაგრამ არა, ვერაფრით ვაიძულე (ყველაფერი ვცადე), ბოლომდე მისულიყო, ნეტარების ქვესკნელში გადაშვებულიყო. დილის ხუთი საათი იქნებოდა, უცებ მოვწყდი მის სხეულს, ქანცგალეული, გონებაამღვრეული, გულმოკლული და მარცხისაგან სასოწარკვეთილი. კვლავ უხმოდ ვიწექით გვერდიგვერდ და მის დუმილში უთქმელი საყვედური ამოვიკითხე. განა მე არ წამოვიყვანე მაღაზიიდან, სადაც, თავისთვის, მშვიდად ცხოვრობდა და საწოლში არ ჩავიწვინე? თავსაც ხომ ვიწონებდი მასთან საკუთარი ცოდნითა და გამოცილებით? ხელზე ხელი მოვკიდე. მტრულად გახევებოდა. პანიკამ ამიტანა, მივხვდი, რომ შეეძლო, მივეტოვებინე. რა დროს ამაზე ფიქრი იყო, ჩვენ ხომ ახლა ვიწყებდით ყველაფერს… თითქმის არაფერი ჰქონდა, რაც დააკავებდა. არც ფული, არც ხელობა, არც ტანსაცმელი, მაგრამ მაინც შეეძლო ჩემი მიტოვება. სხვა კაცები ხომ არსებობდნენ. შეეძლო, ისევ მაღაზიაში დაბრუნებულიყო სამუშაოდ. – ელენ – გული მიბაგუნებდა – ელენ… ხმას არ მცემდა, უძრავად იწვა, მომეჩვენა, რომ სუნთქვასაც კი იკავებდა. – ყველაფერი გამოგვივა, აი ნახავ… ნახავ… – და ისევ მის სხეულში ვიყავი, ჩემი სხეულის რიტმზე ვარწევდი… ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ… და როცა ლონდონის თავზე ოქტომბრის ღრუბლები აისის პირველმა სხივმა გაარღვია, ელენმა გაათავა, ხელში ჩამადნა, ჩამაკვდა, სადღაც გაფრინდა და მიატოვა მთვარისქვეშეთი… პირველი ორგაზმი. კიდურები დაეჭიმა, მზერა სადღაც ჩაეღვარა, ოკეანის დამანგრეველი ტალღასავით დაუარა ტანში კრუნჩხვამ და ბავშვივით მოკუნტულს ჩაეძინა ჩემს მკლავებში.

მეორე დილით გვიან გამეღვიძა. ელენს ჩემს მკლავზე ეძინა. ისე გამოვაცურე ხელი, რომ არ გამეღვიძებინა. საბნიდან გამოვსრიალდი, ფაფუკი ხალათი გადავიცვი – ჩემი მეორე ცოლის საჩუქარი – და სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად. სხვა კაცი ვიყავი. მიმოვიხედე. სამზარეულოს კედელზე უტრილოს ნახატს გავხედე, მერე – როდენის ქანდაკების ასლს, წინა დღის გაზეთებს. ახლებური სხივი ჩასდგომოდა ძველ ნივთებს, თითქოს ვეღარაფერს ვცნობდი. ხელით მინდოდა, შევხებოდი ირგვლივ ყველაფერს. სამზარეულოს მაგიდის ხის ზედაპირს გადავუსვი გაშლილი ხელი. ვნეტარებდი, როცა ყავის მარცვლებს რაკარუკით ვყრიდი საფქვავში, მწიფე ფორთოხალი გამოვიღე მაცივრიდან: მისი ქერქის გრილი ბორცვებიც სხვანაირად იგრძნო ხელისგულმა. მთელი სამყარო მიყვარდა, რადგან ჩემი ცხოვრების ქალი მყავდა გვერდით. ელენი მიყვარდა და ვიცოდი, რომ მასაც ვუყვარდი. თავისუფლება ვიგრძენი. სწრაფად გადავიკითხე დილის გაზეთები. მთელი დღე მახსოვდა უცხო ქვეყნების მინისტრების გვარ-სახელები იმ დილას თვალჩაკრული სტატიებიდან. სასწრაფო წერილები დავწერე, გავიპარსე, წყალი გადავივლე და ჩავიცვი. ელენს დავხედე ოთახში, ღრმად ეძინა, ნეტარებისგან გათანგულს. გვიან გაეღვიძა. ადგომა არ ისურვა, ტანსაცმელი არ ჰქონდა. მძღოლი გამოვიძახე და “უესთ ენდში” წავედი, ნახევარი დღე გავატარე მისთვის ტანსაცმლის ყიდვაში. არ გეტყვით, რამდენი დავხარჯე, მაგრამ უკვე გითხარით, ლონდონში ბევრი არაა ჩემსავით მდიდარი. მხოლოდ ლიფი არ მიყიდია. ყოველთვის მეზიზღებოდა ლიფები. მართლა გულს მირევს, თუმცა, მგონი, მხოლოდ სტუდენტი გოგოები და ახალი გვინეის აბორიგენი ქალები არ ხმარობენ ლიფს. ისინი და ელენი. არც ჩემს ელენს უყვარდა ლიფის ტარება. ამაში საშინლად გამიმართლა.

 

სახლში რომ დავბრუნდი, ეღვიძა. მძღოლს ვუთხარი, მისაღებში დაეწყო ყუთები და დავითხოვე. ნაყიდი ნივთები საძინებელში შევუტანე. ელენი მონუსხულივით შესცქეროდა ახალ ტანსაცმელს. თვალები უბრწყინავდა, სუნთქვა ეკვროდა. ორასამდე ახალი კაბა ჰქონდა. ერთად შევარჩიეთ, რა უნდა ჩაეცვა: გრძელი, ცისფერი აბრეშუმის, საღამოს კაბა. დავტოვე, რომ თავისი ახალი გარდერობით დამტკბარიყო და სამზარეულოში გავედი გემრიელი ვახშმის მოსამზადებლად. ცოტა ხანში უკან დავბრუნდი, რომ ჩაცმაში დავხმარებოდი. უძრავად იდგა, მოშვებული, მანებებდა, დავმტკბარიყავი მისი სილამაზით. თქმაც არ უნდა, რომ კაბა უნაკლოდ ადგა ტანზე. კიდევ ერთხელ მივხვდი, რა გენიალურად იცოდა ტანსაცმლის მორგება, ისე დავინახე ამ ქმნილების მშვენიერება, როგორც არასდროს, არც ერთ მამაკაცს არ დაენახა… ნამდვილი ხელოვნება იყო ელენი, ხაზისა და ფორმის სრულყოფილება. გასხივოსნებული მეჩვენა. უხმოდ შევხედეთ თვალებში ერთმანეთს. მერე ვკითხე, სახლს ხომ არ დაათვალიერებ-მეთქი.

ჯერ სამზარეულო დავათვალიერებინე. უტრილოც დავანახე კედელზე (თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ფერწერა დიდად არ ხიბლავდა) და როდენის ასლიც ვუჩვენე. ხელში მივაწოდე როდენი, მაგრამ თავი შეიკავა, არ გამომართვა. მერე აბაზანაში გავიყვანე, რომ მარმარილოს ავზი მენახვებინა. ონკანების ნაცვლად ალებასტრის ლომები ანთხევდნენ წყალს დაბჩენილი ხახებიდან. ვკითხე, ცოტა ზედმეტი ხომ მომივიდა-მეთქი? ხმა არ გაუცია. სასადილო ოთახში შევიყვანე… სხვა ნახატებითაც მოვიწონე თავი. მგონი, გული გავუწყალე. მერე ჩემს კაბინეტში შექსპირის პირველი ბეჭდური გამოცემა, ძველი ტელეფონები და სხვა ანტიკვარიატი დავათვალიერებინე. შეხვედრების ოთახიც ვანახე. ისე, რა საჭირო იყო ამდენი… გადავამლაშე. ბოლოს ელენი ვრცელ დარბაზში შევიყვანე, რომელსაც მე უბრალოდ ოთახს ვეძახი და ყველაზე მეტად მიყვარს ამ სახლში. აქ ვატარებ ყველაზე სასიამოვნო წუთებს, აქ ვისვენებ. ზედმეტი დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ… მოკლედ, კომფორტული და ფრიად ეგზოტიკური ოთახია.

მაშინვე მივხვდი, რომ ელენს მოეწონა ოთახი. დიდხანს იდგა ზღურბლზე, ნატიფი მკლავები ჩამოეშვა, თითქოს სურდა, თავად დამსგავსებოდა იმას, რასაც უყურებდა. რბილ, ფუმფულა სავარძელში ჩავსვი და ის დავუსხი, რაც სჭირდებოდა: მშრალი მარტინი. ელენი სავარძელში დავტოვე და სამზარეულოს მივუბრუნდი. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო საღამო, რაც კი ოდესმე გამეტარებინა ქალთან, ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანთან. ათასჯერ მომიმზადებია გემრიელი სადილი მეგობარი ქალებისთვის, მართლა შესანიშნავი მზარეული ვარ, მაგრამ აქამდე იმ საღამოებს ყოველთვის ამღვრევდა რაღაც. ქალები მუდამ დამნაშავედ გრძნობდნენ თავს, რომ მე ვამზადებდი ვახშამს და არა ისინი, რომ მე შემომქონდა კერძები, მე ვალაგებდი მაგიდას. გაუთავებლად, გაოცებულები ვიშვიშებდნენ ხოლმე, რომ მე, სამქორწინება გამოვლილი და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე მამრი, ასეთ საოცარ კერძებს ვამზადებდი. ელენი – არა. ის ჩემი სტუმარი იყო და მორჩა. არც სამზარეულოში შემომვარდნია, არც გული გაუწყალებია შეკითხვებით: – მე რა გავაკეთო? რით დაგეხმარო? იჯდა, როგორც სტუმარს შეჰფერის, მაცლიდა, და მეც ვემსახურებოდი. მერე, საუბარი?.. ჩემს სტუმარ ქალებთან საუბარი ბარიერებით სირბილს მაგონებდა ხოლმე, თხრილებითა და დასაძლევი სიმაღლეებით დანაღმულს, წინააღმდეგობებით, გაუგებრობებით, უთანხმოებებით, გაჯიბრებებითა და ათასი სხვა რამით სავსეს. ჩემთვის დიალოგი იდეალური მაშინაა, როცა ორივე მხარეს აქვს საშუალება, შეუზღუდავად წარმოაჩინოს საკუთარი ნაფიქრი, ისე, რომ ყოველ წამს არ უწევდესსაწყისი მოცემულობის ხელახლა განსაზღვრა, თავისი მოსაზრებების დაცვა, დასკვნების გამოტანა, მაშინაც, როცა არანაირი დასკვნა არ გააჩნია. ელენთან მოვახერხე ეს. შევძელი, მესაუბრა მასთან. ის უძრავად იჯდა, თვალს არ აშორებდა რაღაც წერტილს თავისი თეფშის წინ და მისმენდა. უამრავი რამ ვუთხარი, რაც არასოდეს არავისთვის გამემხილა. ჩემს ბავშვობაზე მოვუყევი, მამაჩემის სიკვდილისწინა ხროტინზე, ძრწოლაზე, რომლითაც დედა აღიქვამდა სექსუალობას სიცოცხლის ბოლომდე; პირველ სასიყვარულო თავგადასავალზე ჩემზე უფროს ბიძაშვილ გოგოსთან. მოვუყევი, როგორ მიდიოდა ქვეყნისა და მსოფლიოს ამბები, ვესაუბრე დეკადანსზე, ლიბერალიზმზე, თანამედროვე პროზაზე, ქორწინებაზე, ორგაზმზე და სნეულებებზე. ისე გავიდა ხუთი საათი, ვერც კი შევნიშნეთ, ოთხი ბოთლი ღვინო და ნახევარიც – პორტო დავცალეთ. საბრალო ელენი. ხელში ატატებული მივიყვანე საწოლთან და გავაშიშვლე. ტიტვლებს, ერთმანეთში გადახლართულებს ჩაგვეძინა, ღრმა, ნეტარი ძილით.

ეს იყო ჩვენი ერთად გატარებული პირველი დღე. ასე გავატარეთ მომდევნო, ტკბილი თვეებიც. უბედნიერესი კაცი ვიყავი. ჩემს დროს ელენსა და ფულის კეთებას შორის ვანაწილებდი. ფულის შოვნა კიდევ უფრო კარგად გამომდიოდა. ისე გავმდიდრდი, რომ მთავრობაში გადაწყვიტეს, საშიში იყო, ჩემთვის რამე თანამდებობა არ შემოეთავაზებინათ. და როცა რაინდად დამასახელეს, დავთანხმდი და მე და ელენმა საგანგებოდაც აღვნიშნეთ ეს მოვლენა, თუმცა, თანამდებობაზე უარი განვაცხადე. მთავრობა ყოველთვის ჩემს მეორე ცოლს მაგონებდა, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, დიდი ზეგავლენა ჰქონდა ქვეყნის მმართველ წრეებზე. შემოდგომა მალე ზამთარში გადაიზარდა, სულ მალე კი ჩემი ბაღის ნუშის ხეები კვირტებით გადაიპენტა და ხეივანში მუხებსაც ამოეწვერა პირველი, ხასხასა ფოთლები. ჩემი და ელენის ჰარმონიას არაფერი არღვევდა. ღამით სიყვარულით ვნეტარებდი, დღისით ფულს ვაკეთებდი და ვლაპარაკობდი, ელენი კი მისმენდა.

რა ბრიყვი ვიყავი. ხანგრძლივი ხომ ქვეყნად არაფერია. ეს ყველამ იცის, მაგრამ ყველას ჰგონია, რომ გამონაკლისი მაინც არსებობს. სამწუხაროდ, დროა, ბრაიანზე, ჩემს მძღოლზე, მოგიყვეთ.

ბრაიანი იდეალური მძღოლი იყო. ხმას მხოლოდ მაშინ იღებდა, თუ რამეს ჰკითხავდი და მხოლოდ პასუხით იფარგლებოდა. თავის წარსულზე, სურვილებზე, ხასიათზე კრინტი არასოდეს დაეძრა და ეს სრულიად მაკმაყოფილებდა. არ მაინტერესებდა, საიდან იყო, რა უნდოდა ან თავი ვინ ეგონა. პროფესიონალურად,  ზომიერად სწრაფად ატარებდა მანქანას. ყოველთვის იცოდა, სად გაეჩერებინა, სად დაეყენებინა მანქანა, საშინელ მოძრაობაშიც ახერხებდა, თავში მოქცეოდა მანქანების რიგს, იშვიათად, რომ საცობში გაჭედილიყო. ყველა მოკლე გზა და ასახვევი იცოდა, ხუთი თითივით იცნობდა ლონდონის ქუჩებს. დაუღალავი ადამიანი იყო. შეეძლო, მთელი ღამე ეცადა ჩემთვის, ნებისმიერ ადგილას, ისე, რომ არც სიგარეტს მოუკიდებდა და არც პორნოგრაფიულ ჟურნალს გადაფურცლავდა. მუდამ იდეალურად გაკრიალებული ჰქონდა მანქანაც, ფეხსაცმელიცა და უნიფორმაც. ფერმკრთალი, ხმელი, მოწესრიგებული კაცი იყო, ნებისმიერი ასაკის შეიძლებოდა ყოფილიყო, თვრამეტიდან ოცდათხუთმეტ წლამდე.

გაგიკვირდებათ ალბათ, რომ ასე ვამაყობდი ელენით და არასოდეს არავისთვის გამიცვნია ის. დიახ, ჩემს არც ერთ მეგობარს არ ენახა ელენი. მეჩვენებოდა, რომ ჩემ გარდა არავინ სჭირდებოდა. მეც ასე მაწყობდა. რატომ უნდა მეთრია ძალით ლონდონის გატყლარჭულ წრეებში? თანაც, ელენი საშინლად მორცხვი იყო. თავიდან ჩემთანაც კი მორცხვობდა. არც ბრაიანთან დამიშვია გამონაკლისი. მართალი გითხრათ, არც მიფიქრია ამაზე, უბრალოდ, მძღოლს ოთახში არ ვუშვებდი, როცა იქ ელენი იყო. თუ სადმე ელენთან ერთად მსურდა წასვლა, ბრაიანს ვითხოვდი (გარაჟის თავზე ცხოვრობდა) და თავად ვჯდებოდი საჭესთან.

ყველაფერი მარტივად იყო. მაგრამ მერე ბზარი გაჩნდა. ნათლად მახსოვს, როდის დაიწყო ეს ყველაფერი. მაისის შუა რიცხვები იქნებოდა, საშინელი დღე მქონდა, გასავათებული დავბრუნდი სახლში. მაშინ ჯერ არ ვიცოდი (თუმცა ეჭვი კი მქონდა), რომ ერთი პატარა შეცდომის გამო თითქმის მილიონი ფუნტი დავკარგე. თანაც, მხოლოდ ჩემი შეცდომა იყო. ელენი თავის საყვარელ სავარძელში იჯდა. ოთახში რომ შევედი, რაღაც დავიჭირე მის მზერაში, რაღაც უცნაური, მოუხელთებელი, აუხსნელად სისხლისგამყინავი. არ შევიმჩნიე. ორიოდე ჭიქა სკოჩი გადავკარი და თავი უკეთ ვიგრძენი. გვერდით მივუჯექი და დავუწყე მოყოლა, როგორ გავატარე დღე, რა მოხდა, როგორ მომივიდა ის შეცდომა. ვუთხარი, წარმოიდგინე, თავიდან სხვას დავაბრალე და მერე მისთვის ბოდიშის მოხდაც მომიწია-მეთქი… და ასე შემდეგ… ისეთ უსიამოვნო ეპოზოდებსაც ვუყვებოდი ხოლმე ელენს, რომლებსაც მხოლოდ ცხოვრების მეგზურს თუ გაუზიარებ. ოცდათხუთმეტი წუთიც არ იქნებოდა გასული, რაც ვლაპარაკობდი და უცებ შევნიშნე, ელენი საერთოდ არ მისმენდა. მუხლებზე მოუქნელად დაწყობილ საკუთარ ხელებს დასჩერებოდა. სადღაც, აუტანლად შორს იყო. ისე შემაძრწუნა ამ აღმოჩენამ, რომ რამდენიმე წუთი ვერაფერი მოვიფიქრე (პარალიზებულივით ვიყავი), ავტომატურად განვაგრძობდი ლაპარაკს. მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი. სიტყვა შუაზე გავწყვიტე, წამოვდექი, ოთახიდან გავედი და კარი გავიჯახუნე. ელენს არც გამოუხედავს. საშინლად ვიყავი გაცოფებული, ხმის გაცემაც არ შემეძლო მისთვის. სამზარეულოში დავჯექი და სკოჩი მოვიდგი – კიდევ კარგი, სამსახურიდან გამოსულმა ვიყიდე. მერე აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებად.

ოთახში რომ დავბრუნდი, თავს აშკარად უკეთ ვგრძნობდი. მოვეშვი, ცოტა ალკოჰოლიც მომეკიდა, მზად ვიყავი, დამევიწყებინა მომხდარი. ელენიც უფრო მომლბალი მეჩვენა. მინდოდა, მეკითხა, რა მოხდა-მეთქი, მაგრამ ისევ ჩემს დღეზე წამოვიწყეთ საუბარი და იმედი მომეცა, რომ ყველაფერი ძველებურად იყო. უაზრობა იქნებოდა, წეღანდელს მივბრუნებოდი, ახლა, როცა ყველაფერი ჩვეულ წესრიგს დაბრუნებოდა. ნავახშმევს კარზე დარეკეს. იშვიათად ხდებოდა ასეთი რამ. წამოვდექი და წამით ელენის მზერაში იგივე შიში დავიჭირე, რაც ჩვენს პირველ ღამეს. ბრაიანი იყო. რაღაც ქაღალდი მომიტანა ხელმოსაწერად. მანქანის საბუთი იყო, მშვენივრად შეიძლებოდა, მეორე დილას მოგვეგვარებინა ის საქმე. სანამ ქაღალდს ჩავყურებდი, თვალის კიდით დავაფიქსირე, რომ ბრაიანს ჩემს მხარს უკან, ოთახისკენ ეპარებოდაGთვალი. – რამეს ეძებ? – ვკითხე მკვახედ. – არა, ბატონო. ხელი მოვუწერე და კარი მივხურე. გამახსენდა, რომ მანქანა გარაჟში ედგა ტექნიკური კონტროლისთვის, ამიტომ მთელი დღე სახლში იქნებოდა. დილას სამსახურში ტაქსით წავედი. ეს ამბავი, თან ელენის უცნაური ქცევა… ამის გაფიქრებაზე ისეთი გულისრევა მომერია, რომ მეგონა, თავს ვერ შევიკავებდი და აბაზანაში გავვარდი.

გული არ ამრევია. სარკეში ჩავიხედე. მიყურებდა კაცი, რომელიც შვიდ თვეში ორმოცდახუთის გახდებოდა, თვალების გარშემო სამი შეუმდგარი ქორწინება შემოღარვოდა; ტუჩის კუთხეები ტელეფონზე გატარებულ წლებს მოემჩვარა. სახეზე ცივი წყალი შევისხი და ელენთან დავბრუნდი. – ბრაიანი იყო – ვუთხარი. ხმა არ ამოუღია. თვალებში ვერ მიყურებდა. – ვიგრძენი, როგორ გამიშრა ყელი. ხმა ჩამეხრინწა.  – ასეთ დროს არასოდეს მოსულა… – ის ისევ დუმდა. ან რას ველოდი? უცებ ადგებოდა და გამომიტყდებოდა, რომ ჩემი მძღოლის საყვარელი იყო? ელენი უხმო ქალი იყო, არ უჭირდა საკუთარი გრძნობების დამალვა. ვერც მე ვამხელდი, რასაც ვფიქრობდი. გული მისკდებოდა შიშისგან, რომ მართალი აღმოვჩნდებოდი. ვერ ავიტანდი, რომ დადასტურებულიყო ეჭვი, რომლის გაფიქრებაზეც კი ზიდება გულ-მუცელს მიტრიალებდა. ისე, უაზროდ წარმოვთქვი ის სიტყვები, რომ საშუალება მიმეცა ელენისთვის, განეგრძო თვალთმაქცობა… საშინლად მინდოდა, ეთქვა, ცდებიო, თუნდაც დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ტყუოდა. მივხვდი, რომ მის ხელთ ვიყავი.

იმ ღამეს ცალ-ცალკე გვეძინა. სტუმრების ოთახში გავიშალე ლოგინი. არ მინდოდა მარტო დაძინება, ამის გაფიქრებაც კი გულს მიკლავდა. როგორც მახსოვს (საშინლად მქონდა გონება ამღვრეული), ვცდილობდი, მეხმაურა, საგანგებოდ ვფართხაფურთხობდი, რომ ელენს ეკითხა, რას აკეთებო. მინდოდა, მისი გაოცება მომესმინა, რომ ბედნიერად გატარებული ამდენი თვის შემდეგ, უსიტყვოდ, ცალკე ვიშლიდი ლოგინს. მინდოდა, ეთქვა, ნუ სულელობ, ჩვენს ლოგინში, ერთად დავიძინოთო. მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს. უხმოდ მიიღო ყველაფერი… მორჩა, ერთ საწოლში ვეღარ დავიძინებდით. მისი დუმილი მომაკვდინებელ თანხმობას ნიშნავდა. ან, იქნებ, იყო მკრთალი, უსუსური შანსი (თვალებდაჭყეტილი ვიწექი საწოლში), რომ უბრალოდ გააღიზიანა ჩემმა კაპრიზებმა? ვეღარაფერი გამეგო. მთელი ღამე ვერ ამოვიგდე თავიდან ეს აზრები, ვწრიალებდი, ათასგვარად ვატრიალებდი გონებაში მომხდარს. იქნებ არასოდეს ენახა ბრაიანი, იქნებ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო? მძიმე დღე მქონდა, დაღლილი ვიყავი… ვერ ვიჯერებდი, რომ სხვადასხვა საწოლებში გვეძინა… ან რა უნდა მექნა? რა უნდა მეთქვა? ათასი რამ ავწონ-დავწონე გონებაში, გახუმრება, შურისმაძიებელი დუმილი, რამე ენამოსწრებული გამოთქმა, რომელიც წამში ნამსხვრევებად აქცევდა ჩვენს შორის აღმართულ კედელს. იქნებ ახლა მასაც ეღვიძა, ფიქრობდა? თუ გემრიელად ეძინა? როგორ გამეგო ეს ისე, რომ არ მიმეხვედრებინა, თვალს რომ ვერ ვხუჭავდი? რას ვიზამდი, რომ მივეტოვებინე? მუჭში ვყავდი მომწყვდეული.

სიტყვები არ მეყოფა მომდევო კვირების განცდების აღსაწერად. კოშმარი იყო. ენით აღუწერელი საშინელება. ელენი შამფურზე წამოგებული ხორცის ნაჭერივით მატრიალებდა ნელ ცეცხლზე. ვერ ვახერხებდი, თავი დამერწმუნებინა, რომ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, თუმცა ახლა მჯერა, შემეძლო, ბოლო მომეღო საკუთარი ტანჯვისთვის. სტუმრების ოთახში ძილი წესად მექცა, სიამაყე ხელს მიშლიდა, საქორწინო სარეცელს დავბრუნებოდი. მინდოდა, ელენს გამოეთქვა ამის სურვილი. მას ჰქონდა სათქმელი ჩემთვის და არა – მე. ბროლივით სუფთა და უმანკო ვიყავი მის წინაშე. სასოწარკვეთილსა და დაბნეულს, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. რამეს ხომ უნდა მოვბღაუჭებოდი… როგორც ხედავთ, გადავრჩი. გავცივდით, დავშორდით, ერთმანეთის მზერას თვალს ვარიდებდით. სიგიჟე იყო, მაგრამ მეგონა, რომ თუ გავძლებდი და ხმას არ ამოვიღებდი, ელენი გატყდებოდა, დამელაპარაკებოდა, მეტყოდა, რა ხდებოდა ჩვენს შორის. ნელ ცეცხლზე ვიწვოდი. ღამით კოშმარები მაღვიძებდა აკივილებულს, ცივ ოფლში გაღვრილს, საღამოობით საათობით ვფიქრობდი და ვცდილობდი, ხელახლა გამეაზრებინა, რაც თავს დამატყდა. საქმეებს ვერ მივატოვებდი, ხშირად მიწევდა გამგზავრება, ხანდახან ასობით კილომეტრზეც და დარწმუნებული ვიყავი, ბრაიანი და ელენი ზეიმობდნენ ჩემს სიშორეს. აეროპორტებიდან, სასტუმროებიდან ვრეკავდი სახლში, მაგრამ არასოდეს არავინ მპასუხობდა. ზარებს შორის მკაფიოდ ჩამესმოდა საწოლ ოთახში ნეტარების მწვერვალზე მყოფი ელენის გმინვა. გონებას შავბნელი ფიქრები მიბინდავდა, თვალებს – ცრემლები. რასაც არ უნდა მიეპყრო ჩემი მზერა და გონება, ლეკვთან მოთამაშე ბავშვი იქნებოდა, მდინარეში არეკლილი ჩამავალი მზის ლიცლიცა სხივები თუ სარეკლამო ტექსტი, მაშინვე გული მიჩუყდებოდა. და როგორც კი, შორეული მოგზაურობიდან სითბოსა და სიყვარულს დანატრებული, სახლის ზღურბლს გადავაბიჯებდი, ვგრძნობდი, რომ ბრაიანი ახალი წასული იყო. არაფერი მქონდა ხელშესახები, მაგრამ მისი ყოფნის შეგრძნება ჰაერში ტრიალებდა, რაღაც იყო სხვანაირი იდეალურად გასწორებულ საწოლში, სხვაგვარი სუნი – აბაზანაში, სკოჩის ბოთლიც კი უჩვეულოდ იდგა სინზე. ელენი არ იმჩნევდა ჩემს იქ ყოფნას, გამწარებული დავქროდი ოთახიდან ოთახში, კედლებს ვაწყდებოდი, მას კი ვითომ არ ესმოდა ჩემი სასოწარკვეთილი სლუკუნი აბაზანიდან. ალბათ მკითხავთ, რატომ არ დავითხოვე მძღოლი. პასუხი მარტივია: მეშინოდა, ბრაიანი რომ წასულიყო, ელენი თან გაყვებოდა. მძღოლთან არასოდეს არაფერი შემიმჩნევია. რასაც ვეტყოდი, იმას ასრულებდა, მარად ინარჩუნებდა იმ თავის ცივ თავაზიანობას. არაფერი შემინიშნავს მის ქცევაში განსხვავებული, თუმცა, ყურადღებით არც დავკვირვებივარ. დარწმუნებული ვარ, არასოდეს უფიქრია, რომ ყველაფერი ვიცოდი. ესღა მაძლევდა მასზე გარკვეული უპირატესობის შეგრძნებას.

მაგრამ ეს ყველაფერი პერიფერიული, უმნიშვნელო დეტალებია. სინამდვილეში შიგნიდან ვიხრწნებოდი. ვისპობოდი, ვნადგურდებოდი. ტელეფონზე მეძინებოდა. თმის ცვენა დამეწყო, პირი წყლულებით გამევსო, ჩემს ამონასუნთქს გახრწნილი ლეშის სიმყრალე მოყვებოდა. შევნიშნე, რომ კოლეგები, როცა ველაპარაკებოდი, უკან იხევდნენ. საჯდომი ჩირქიანი ფურუნკულებით ამევსო. განადგურებული ვიყავი. დამარცხებული. ვაცნობიერებდი, რა ფუჭი იყო ჩემი ლოდინი. აღარაფერი გვაკავშირებდა მე და ელენს, იმედი მეწურებოდა. თუ სახლში ვიყავი, მთელ დღეს სავარძელში ატარებდა. ხანდახან ღამითაც იქ რჩებოდა. დილაობით ხშირად დამხვედრია სავარძელში უძრავად, ხალიჩის ნახატებს დასჩერებოდა. ხშირად საღამოს, სახლში დაბრუნებულსაც ასე გაუნძრევლად, იმავე ადგილზე მხვდებოდა. ზეცამ იცის, როგორ მინდოდა, დავხმარებოდი, მიყვარდა. მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი, სანამ ის არ მოინდომებდა ჩემს დახმარებას. საკუთარი გონების სასოწარკვეთილ მიწისქვეშეთში გამოვიკეტე, გამოსავალს ვერ ვხედავდი. ადამიანი, ოდესღაც სულ რომ სადღაც მიიჩქაროდა და სწრაფად შეავლებდა თვალს მაღაზიის ვიტრინებს, პირაყროლებულ კაცად ქცეულიყო, რომელსაც წყლულები და ფურუნკულები ულპობდა სხეულს. ცოცხლად ვიხრწნებოდი.

სამკვირიანი კოშმარის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ არაფერი შეიცვლებოდა, გადავწყვიტე, დუმილი დამერღვია. დასაკარგი აღარაფერი მქონდა. მთელი დღე ჰაიდ პარკში გავატარე, ვცდილობდი, ჩემი დაფანტული გონების უკანასკნელი საღი ძაფები მომეკრიბა, ნებისყოფისთვის მომეხმო, მთელი ჩემი სითბო და გულისხმიერება მომეკრიბა  იმ საღამოს. სკოჩით გავიმხნევე თავი და საღამოს შვიდ საათზე ფეხაკრეფით მივუახლოვდი საძინებლის კარებს. მეორე დღე იყო, ელენი ოთახიდან არ გამოდიოდა. ჩუმად დავუკაკუნე, დაველოდე. პასუხი არ ისმოდა, კარი შევაღე. ჩაცმული იწვა საწოლზე, ხელები სწორად, სხეულის გასწვრივ ჩამოეშვა. გაცრეცილი, ჩითის წინსაფარი ეკეთა. ფეხები გაეშალა და თავი ოდნავ გვერდულად ედო ბალიშზე. თითქოს ძლივს მიცნოო, რაღაც გაუკრთა მზერაში. გული ამოვარდნაზე მქონდა, ჩემმა გამონასუნთქმა მხუთავი კვამლივით გაავსო ოთახი. – ელენ – ვუთხარი და გავჩერდი, რომ ხმა ჩამეწმინდა. – მერე ხმის ამოღება არც დავაცადე, ყველაფერი ერთად ვუთხარი. ვუთხარი, რომ ვიცოდი მის საყვარელზე. ფურუნკულის ამბავიც კი გავუმხილე. მუხლი მოვიყარე საწოლთან. – ელენ, – ვემუდარებოდი – ასეთი ლამაზი, ასეთი მნიშვნელოვანი იყო ორივესთვის ჩვენი ურთიერთობა. იქნებ გადავარჩინოთ ჩვენი სიყვარული. – დუმილი. თვალები დახუჭული მქონდა, მომეჩვენა, რომ ვიგრძენი, როგორ ამომივიდა სული სხეულიდან, შავი ღრუბელივით ამოიშალა, მერე დაპატარავდა და ქინძისთავივით წვრილ, წითელ სხივად გადაიქცა. თვალი გავახილე, შევხედე. ელენის მზერაში მშვიდი, შიშველი ზიზღი დავინახე. ყველაფერი დამთავრებული იყო. გონება დამიბნელდა და ერთბაშად მომაწვა ორი აზრი, ორი დაუძლეველი და ერთმანეთის მსგავსი სურვილი: გამეუპატიურებინა და მომეკლა. გაუაზრებელი მოძრაობით ავაგლიჯე წინსაფარი. შიგნით არაფერი ეცვა. ჩასუნთქვაც ვერ მოასწრო, ისე მოვექეცი ზევიდან. წამში აღმოვჩნდი მასში, გიჟივით, ღონივრად, დაუზოგავად ვუბიძგებდი, ვცდილობდი, რაც შეიძლება, ღრმად შემეღწია, როგორც ვერძი – რქებით რომ ეკვეთება მეტოქეს. მარჯვენა ხელი ნაზ, ქათქათა ყელზე შემოვაჭდე, მარცხენათი კი ბალიში დავაფარე სახეზე.

სული რომ დალია, იმ წამს გავათავე. სიამაყით ვამბობ ამას. ვიცი, სიკვდილი მისთვის უძირო ნეტარების წამი იყო, ბალიშის ქვეშიდან მესმოდა მისი ღმუილი. ჩემი  სიტკბოების აღწერით თავს აღარ მოგაბეზრებთ. ნამდვილი ფერისცვალება ვიგრძენი. ელენი უსულოდ იწვა ჩემ ქვეშ. რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ გამეაზრებინა, რა ჩავიდინე. ჩემი ძვირფასი, ტკბილი, სათუთი ელენი მკვდარი იწვა, უსულო და საწყალობლად შიშველი. გონება დავკარგე. როცა გონს მოვეგე, მომეჩვენა, რომ უსაშველოდ დიდი დრო გასულიყო. გვამი რომ დავინახე, თავის მიბრუნებაც ვერ მოვასწარი, ისე ამერია გული ზედ ელენის სხეულზე. მთვარეულივით გავლასლასდი სამზარეულოში, დანას დავწვდი და ნაკუწებად ვაქციე უტრილოს ტილო. როდენის ასლი ნაგავში ჩავუძახე. დედიშობილა, გადარეულივით დავქროდი ოთახებში და ვლეწავდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. მხოლოდ სკოჩის ბოთლის გამოსაცლელად შევჩერდი ერთხელ. ვერმეერი, ბლეიკი, რიჩარდ დადი, პოლ ნეში, როტკო… ვფხრეწდი, ვამსხვრევდი, ფეხით ვთელავდი, ვწიხლავდი, ვაშარდავდი და ზედ ვარწყევდი ჩემს ძვირფას ქონებას… ჩემს ფასდაუდებელ… ვცეკვავდი, ვმღეროდი, ვხარხარებდი… დიდხანს, დიდხანს მოვთქვამდი ღამეში.

 

კოკერი თეატრში

ფიცარნაგი მტვრიანი იყო, სიღრმეში სანახევროდ შეღებილი კედელი მოჩანდა. სცენაზე ტიტველი ადამიანები იდგნენ. პროჟექტორების ჩახჩახა შუქზე თვალისმომჭრელად ჩანდა მათი გახურებული ტანების სიშიშვლე და იატაკზე დაფენილი მტვერი. ჩამოსაჯდომი არსად იყო და ასე, რაღაცნაირად, უმწეოდ ჩამომდგარიყვნენ, არც ჯიბე ჰქონდათ, ხელები რომ ჩაეწყოთ, არც სიგარეტი.

– პირველად ხარ? – ყველანი პირველად იყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ რეჟისორმა იცოდა. ზოგიერთები კი იცნობდნენ ერთმანეთს, დროდადრო რაღაცას გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე გვერდით მდგომს. როგორ გინდა, დედიშობილა უცნობს გაუბა ბაასი? ჰოდა, ვერ ახერხებდნენ. პროფესიონალები – ცხადია, პროფესიული მიზნებით – გარკვეულ ადგილებში აკვირდებოდნენ ერთმანეთს, დანარჩენები კი – რეჟისორის მეგობრები, ცოტა ფულის საშოვრად რომ იყვნენ აქ – მალულად ათვალიერებდნენ გოგოებს. დარბაზის ბოლოში ჟასმინმა კოსტიუმების ოსტატთან თათბირი მოათავა და უელსური აქცენტით გასძახა სცენისკენ:

– ხო ყველამ დაანძრიეთ, ბიჭებო? ძალიან კარგი. – (ისე, შეკითხვაზე არავის უპასუხია) – იცოდეთ, ვისაც აუდგება, გარეთ გავისვრი. სამაიმუნოდ არ ვართ აქ. – გოგოებს გაეცინათ. რამდენიმე ბიჭმა – დამწყებებმა – უკან დაიხია, თითქოს სურდათ, სინათლეს მორიდებოდნენ. სცენის მუშებმა ვეებერთელა, დახვეული ხალიჩა შემოიტანეს. – ზურგებს უფრთხილდით – უთხრა ერთმა ახალგაზრდებს. იმათ კიდევ უფრო ტიტვლებად იგრძნეს თავი. მიჭყლეტილბერეტიანმა, თეთრპერანგა ტიპმა მაგნიტოფონი ჩართო სუფლიორის ჯიხურში. დამცინავი სახით ამზადებდა ფირს. სექსის სცენა.

– ჯეი სი ჩართე, ჯეკ – უთხრა ჟასმინმა – მინდა, ჯერ მოისმინონ, სანამ დავიწყებთ. სცენაზე ოთხი ვეებერთელა დინამიკი იყო დამონტაჟებული.

“მოგეხსენებათ, სექსი ფრიად ინტიმური რამაა,

ჰოდა, გეტყვით, ჩემო კარგებო,

რომ მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ,

ერთი-ორი-სამი, ერთი-ორი-სამი… ჩვენი ცხოვრება

ერთი დიდი, კოლექტიური ჟიმაობაა”.

სამხედრო ორკესტრი უკრავდა, ვიოლინოები წრიპინებდნენ, გუნდის შემდეგ ტრომბონების, დაირებისა და ზანზალაკების ხალისიანი მარში შემოდიოდა ორ ტემპში. ჟასმინი სცენას მიუახლოვდა.

– აჰა, ესეც თქვენი სატყნაურო მუსიკა. – პერანგის ზედა ღილი შეიხსნა. მისი დაწერილი იყო.

– დეილი სადაა? დეილი მინდა! – სცენის სიღრმიდან ქორეოგრაფი ქალი გამოჩნდა. მოხდენილი ლაბადა ეცვა. გამხდარ წელზე მაღალი ქამარი შემოეჭირა. მკერდი თითქმის არ ჰქონდა, მზის სათვალე ეკეთა და გადატკეცილი თმა ჩალმაში დაემალა. სიარულისას მაკრატელს ჰგავდა შორიდან. ჟასმინმა, არც მიბრუნებულა, ისე დაუყვირა მამაკაცს, პარტერის უკანა კარიდან რომ გადიოდა:

– მინდა-მეთქი ის პარიკები, ჰარი. გესმის? თუ პარიკები არ იქნება, შენც არაფერში მჭირდები. – და პირველ რიგში დაჯდა. ხელები მლოცველივით შეატყუპა ცხვირთან და ფეხი ფეხზე გადაიდო. დეილი სცენაზე ავიდა. ფიცარნაგზე, ხალიჩის შუაში დადგა და დოინჯი მოიყარა: – გოგოები იატაკზე წვებიან, V-ს ფორმაზე, ხუთი იქით, ხუთი – აქეთ. თავად იქ დადგა, სადაც კომპოზიციის წვერი უნდა ყოფილიყო. გოგოები დასხდნენ, დეილი მათ შორის დაფაცურობდა, აქეთ-იქით აჩოჩებდა, ასწორებდა ტიტველ სხეულებს. მახვილი, წაგრძელებული კუთხე გააკეთა, მერე ცოტა გააგანიერა, მერე ისევ შეავიწროვა, მერე რკალივით მოამრგვალა და ბოლოს საერთოდ ნახევარმთვარესავით გაშალა. საბოლოოდ ისევ V-ს ფორმაზე განალაგა გოგოები.

– შესანიშნავია, დეილ. – კომპოზიციის წვერი სცენის სიღრმისკენ იყო მიმართული. დეილმა ერთი გოგო წამოაყენა შუიდან და წვერში მყოფით ჩაანაცვლა. ხმას არ იღებდა, იდაყვში წაავლებდა ხელს რომელიმეს, წამოაპორწიალებდა, ადგილს უცვლიდა. თვალები არ უჩანდა იმ მუქშუშებიან სათვალეში, ვერ მიხვდებოდი, რა უნდოდა, ვის უყურებდა. მერე ბიჭები ჩამოარიგა გოგოებთან: ზურგში უბიძგებდა ახალგაზრდებს და ისე უთითებდა ყველას თავ-თავის პარტნიორს. წყვილებს ფეხები შეუერთა, ბეჭები საგულდაგულოდ გაუსწორა, თავებიც სათანადოდ დაუყენა და ერთმანეთს ჩაახუტა. ჟასმინმა სიგარეტს მოუკიდა. ფიცარნაგზე დაფენილ ხალიჩაზე ორ მწკრივად განლაგებული ათი წყვილი კუთხეს კრავდა სცენის ბოლოში.

როგორც იქნა, დეილი მორჩა და წელში გაიმართა: – ტაშს რომ დავუკრავ, მოძრაობას იწყებთ, წინ და უკან იხრებით, ტალღისებურად, ყველანი ერთ ტემპში!

რხევა დაიწყეს. ბავშვებს ჰგავდნენ, ნიჩბოსნობანას რომ თამაშობენ. რეჟისორი ისევ პარტერის სიღრმეში გადაჯდა.

– საყვარელო, უფრო მკვეთრად უნდა იმოძრაონ, აქედან ეფექტი საერთოდ არ იგრძნობა. – გამოსძახა დეილს. დეილმა კიდევ უფრო მიატყუპა წყვილები. ახალგაზრდები ბოქვენებით ეხახუნებოდნენ ერთმანეთს. უჭირდათ ერთ ტემპში მოძრაობა. გაწაფვის ამბავი იყო, მეტი არაფერი. გვერდიდან ერთი წყვილი გადაყირავდა და გოგომ იატაკს დაარტყა თავი. წამოიწია, უხერხულად მოიქექა დარტყმული ადგილი. დეილი მიუახლოვდა, ღონივრად გაუსვა ხელისგული თავზე, წამოსვა და საგულდაგულოდ გაასწორა. ჟასმინი გრძელი ნახტომებით მივიდა სცენასთან.

– მუსიკაზე ვცადოთ. ჯეკ, მიდი. ბიჭებო, გოგოებო, ყურადღებით, ხომ გახსოვთ, გუნდის შემდეგ ორ ტემპში გრძელდება.

“მოგეხსენებათ, სექსი ფრიად ინტიმური რამაა…”

შიშველი სხეულები ისევ ტალღისებურად მოძრაობდნენ სცენაზე. დეილი ტაშს უკრავდა. ერთი, ორი, სამი, ოთხი. ჟასმინი დოინჯშემოყრილი იდგა პარტერის შუაგულში. უცებ ხელები გაშალა და აყვირდა:

– ვიცი, ძნელია, მაგრამ ისეთი იერი უნდა გქონდეთ, თითქოს ძალიან გსიამოვნებთ! – (ხმას აუწია) – ზოგს მართლა მოსწონს ეს საქმე, გაგონილი გექნებათ, ალბათ. ჟიმაობთ, ხალხო, პანაშვიდზე კი არ ხართ! – ისევ დაუწია ხმას: – თავიდან ვიწყებთ. მეტი ენთუზიაზმი მინდა. ჯეკ, მიდი, თავიდან. – დეილმა საგულდაგულოდ გაასწორა წყვილები, რომლებიც ამ რხევა-რხევაში მწკრივიდან გამოსულიყვნენ. ჟასმინი კვლავ მიუახლოვდა ფიცარნაგს. დეილი გვერდით ამოუდგა. ერთად გახედეს სცენას. ჟასმინმა ხელი გადახვია ქალს და მუქ სათვალეში შესცინა:

– კარგია, საყვარელო, მშვენიერი გამოდის.

დეილმა ჩუმად ჩაილაპარაკა: – ის ორი, ბოლოში, შესანიშნავად მოძრაობს. –ყველას რომ ასე ესმოდეს დავალება, უმუშევარი დავრჩებოდი.

“ზევით-ქვევით! ერთი-ორი-სამი, ერთი-ორი-სამი! ვჟიმაობთ, ვჟიმაობთ!!”

დეილი ტაშით ეხმარებოდა, რიტმიდან რომ არ ამოვარდნილიყვნენ. ჟასმინი პირველ რიგში იჯდა, ეწეოდა, სცენას აკვირდებოდა. უცებ დეილს გასძახა:

– ისინი, ბოლოში… – ყურზე იკიდებდა ხელს, ანიშნებდა, მომისმინეო. ვერ გააგონა. წამოდგა, სცენას მიუახლოვდა.

– ის ორნი, ბოლოში, მგონი ცოტა ჩქარობენ, არა? – ერთად გახედეს წყვილს. გოგო და ბიჭი, წეღან რომ ასე სანიმუშოდ მოძრაობდნენ, აშკარად ამოვარდნილიყვნენ რიტმიდან. ჟასმინმა ისევ ნიკაპქვეშ ამოიდო ხელები, დეილმა კი მაკრატელა ნაბიჯებით გადაჭრა სცენა, თავზე წამოადგა ახალგაზრდებს და ტაში შემოკრა.

– ერთი-ორი-სამი! – დასჭექა. მაგრამ იმათ არც დეილის ხმა ესმოდათ, არც ტრომბონების, არც დაირების და არც ზანზალაკების.

– ამის დედაც, ერთი-ორი-სამი! – ისევ დაჰკივლა დეილმა. მერე ჟასმინს გამოხედა: – გავგიჟდი, რიტმის აზრზე არ არიან!

მაგრამ ჟასმინს მისი ხმა აღარ ესმოდა, თავადაც ბღაოდა პარტერიდან:

– მორჩა, სტოპ! გამორთე-მეთქი ეგ დედააფეთქებული, ჯეკ! – ახალგაზრდები გაჩერდნენ. ყველანი, ბოლო წყვილის გარდა. მთელი დარბაზი მათ მისჩერებოდა. სულუფრო სწრაფად ირწეოდნენ. თავიანთი რიტმი კი ჰქონდათ, ვერაფერს იტყოდი, რაღაცნაირი, დატეხილი, კონვულსიური, ურიტმო რიტმი.

– ღმერთო! – აღმოხდა ჟასმინს. – ესენი მართლა ჟიმაობენ. – სცენის მუშებს ეცა: – გააშორეთ ერთმანეთს და მორჩით ქირქილს, თორემ მთელ ლონდონში სამსახური არ გეღირსებათ! – მერე სხვებს დაუყვირა: – დაიკარგეთ აქედან, ახლავე! ნახევარ საათში სცენაზე იყავით ისევ! არა, უფრო სწორად, დარჩით. –დეილს მიუბრუნდა. ბზარი ჰქონდა ხმაში: – მაპატიე, გეხვეწები, ვიცი, რასაც გრძნობ. რა გულისამრევია. ჩემი ბრალია. თავიდანვე უნდა შემემოწმებინა ყველანი. ასეთი რამ აღარ მოხდება. – სანამ ის ლაპარაკობდა, დეილმა ნელა დაიხია უკან, სცენის სიღრმისკენ, და კულისებში გაუჩინარდა. წყვილი ახლა მუსიკის გარეშე ირწეოდა. დარბაზში მხოლოდ ფიცარნაგის ჭრიალი და გოგოს მოგუდული კვნესა ისმოდა. სცენის მუშები გაშტერებულები ედგნენ თავზე, აღარ იცოდნენ, რა ექნათ.

– გააშორეთ-მეთქი ერთმანეთს! – ისევ იბღავლა ჟასმინმა. ერთ-ერთი მხრებში სწვდა ბიჭს, ცდილობდა, გამოეწია, მაგრამ მის გაოფლილ კანზე ხელი უცდებოდა, ვერ მოეჭიდა. ჟასმინმა ზურგი აქცია სცენას. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ვერ იჯერებდა. გოგო-ბიჭები რკალად იდგნენ და სანახაობას მისჩერებოდნენ. თითქოს მოსწონდათ კიდეც. სცენის მუშამ, წეღან რომ უშედეგოდ ცდილობდა წყვილის განცალკევებას, ვედროთი წყალი შემოიტანა. ჟასმინმა ცხვირი მოიხოცა.

– გეყოფა, სასაცილოა უკვე. – გამოსცრა. – გაათაონ ბარემ. – სიტყვა არ დაესრულებინა, იმათ ერთი ამოიგმინეს და გაათავეს კიდეც. სხეულები ძლიერი ბიძგით მოსწყდნენ ერთმანეთს, გოგო წამოხტა და კულისებში მიიმალა. ბიჭი ფეხზე იდგა, მარტო. ჟასმინი სცენაზე ავიდა და მიუახლოვდა. ბრაზისგან აკანკალებდა.

– ყოჩაღ, ყოჩაღ, პორტნოი, მაგარი იყო? ხომ უკეთ ხარ ახლა? – ახალგაზრდა კაცს ხელები ზურგზე ეწყო. გაწითლებული, სველი, წებოვანი ასო მსუბუქად უფეთქავდა.

– დიახ, გმადლობთ, მისტერ კლივერ. – უპასუხა.

– რა გქვია, ჩემო კარგო?

– კოკერი. – სუფლიორის ჯიხურიდან ჯეკის ხვიხვინი მოისმა. ყველაზე მეტად ჰგავდა სიცილს იმ ბგერებიდან, რასაც ჯეკი გამოსცემდა ხოლმე. დანარჩენებმა ტუჩები ჩაიკვნიტეს. ჟასმინმა ღრმად ამოიოხრა.

– ძალიან კარგი, კოკერ, შენცა და ეგ შენი კაცუნაც, ზედ რომ გაბია, გაქრით აქედან. ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოთ. შეგიძლია, ნელიც თან წაიყოლო. იმედია, სადმე ნახავთ განიერ საფლავს, ორივე ერთად რომ დაგიტიოთ.

– აუცილებლად ვნახავთ, მისტერ კლივერ, გმადლობთ. ჟასმინი პარტერისკენ გატრიალდა.

– დანარჩენები ადგილებზე – ჩაილაპარაკა და დაჯდა. იყო ხოლმე დღეები, როცა კლივერი სიამოვნებით იტირებდა. მაგრამ არ უტირია, სიგარეტს მოუკიდა.

© “არილი

Facebook Comments Box