დათო ტურაშვილი, ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე), „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ. 2013.
დავით აღმაშენებელი მგონი ერთადერთი მეფეა, რომელსაც ყველა ქართველი გააზრებულად თუ გაუაზრებლად ფავორიტი დიდი ქართველების სამეულში მაინც ასახელებს. ეს არის მეფე, რომელსაც წარმატებულად იყენებდა ქართული პროპაგანდა გარკვეული მიზნებისთვის. მეფე, რომელსაც მოუსვენარი, მოხეტიალე ძეგლი დაუდგეს. მეფე, რომლისადმი მიძღვნილი ლექსის სტროფიც ყველამ იცის და მეფე, რომელზეც დაწერილია ალბათ ყველაზე სქელი ქართული ისტორიული რომანი. დიდგორი და მეფის გვერდით ამხედრებული თავად წმინდა გიორგი, ხატში მოხვედრილი ისარი, სამაგალითოდ დასჯილი მოღალატეები, მარცხი მშენებლობაზე, უცხოტომელების ჩამოსახლება, ძლევაი საკვირველი, გალობანი სინანულისანი – ყველამ ყველაფერი ვიცით, ტყუილი თუ მართალი, ლეგენდა თუ ჭორი. პირდაპირ რომ ვთქვათ, მოყირჭებული თემაა მწერლისთვის, რადგან რაიმე ახლის აღმოჩენა ან თუნდაც ახალი რაკურსის დაჭერა, საკმაოდ რთულია.
„ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე)“ დათო ტურაშვილის ახალი ნაწარმოებია, რომელიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. წიგნი ავტორთა თუ სცენარისტთა ჯგუფის საკმაოდ უცნაური სტილის მიმართვით იწყება, სადაც მკითხველი გებულობს, რომ თურმე ეს ადრე სცენარი იყო, თურმე ფილმი უნდა გადაღებულიყო და ბევრი შრომაც დაღვრილა მასალების მოძიებაში და ა.შ. და ა.შ. ამ ოფიციალური ტონიდან კი პირდაპირ გადადის თხრობაზე, რაც მკითხველს აბნევს და დისკომფორტს უქმნის დასაწყისშივე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ერთგვარ წინათქმაში ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს ის დავით აღმაშენებელი არაა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ და რომ ისინი ეცადნენ სტერეოტიპების დანგრევას და მეფის უდავოდ საინტერესო ტიპაჟის სხვანაირი კუთხით ჩვენებას. მისასალმებელი ინიციატივაა, ცხადია, თუმცა ფაქტი ჯიუტია – ავტორმა მექანიკურად მოაქუჩა წიგნისთვის „გაცვეთილი“ დავით მეფე, ავტომატურად შეაკოწიწა მასთან დაკავშირებული ლეგენდები და მითები და სტერეოტიპების ნგრევისა და სხვა კუთხით ჩვენებისა რა გითხრათ, მაგრამ საპირისპირო ეფექტს კი მიაღწია.
პირველი თვალში ენა მომხვდა. რა ენაზე მეტყველებდნენ გმირები? ეს ფსევდოარქაული ქართული ხომ მეცხრამეტე საუკუნეზე ძველი არ იქნებოდა და რატომ აირჩია მაინცდამაინც ეს ენა თხრობისთვის? თუ სიძველის ეფექტის შექმნა და რეკონსტრუქცია უნდოდა, მეტი შრომა უნდა გაეწია და დავითის ეპოქის ენა გაეცოცხლებინა, რაც მკითხველს კითხვას გაურთულებდა, თუმცა სტილის სიწმინდისთვის ამ მსხვერპლზე წასვლა ნამდვილად ღირდა. ან საერთოდაც დღევანდელი ქართულით უნდა მოეთხრო ძველი ამბები და ამით ზედმეტი შრომა და სირთულეები თავიდან აეცილებინა, რისთვისაც არც არავინ დაძრახავდა ავტორს. ეს აღმოსავლურ-ქართული დიალექტისა და ილია ჭავჭავაძის პერსონაჟების ენა კი ძალიან დამაბნევლად მოქმედებს, თევზის ფხასავით გეჩხირება ყელში.
რა დასამალია და, ენის არჩევა მაშინაა ადვილი, როდესაც ზუსტად იცი, სად დგას მთხრობელი, ვინაა ის, საიდან იცქირება და რა პოზიციაშია. ამ წიგნში ავტორს წარმოდგენა არა აქვს ვინაა მთხრობელი, ის საერთოდაც გამქრალია. ვიღაც გიყვება ამბავს, მაგრამ ვინაა ვერ ხვდები, რა ეპოქიდანაა, რას მოითხოვს. ეს არც სცენარისტთა ჯგუფია, რომელიც ნაწარმოებს იწყებს მიმართვით და არც ტურიკა და არც ჟამთაამწერელი და არავინ საერთოდ, „ვიღაცაა“, ამ წიგნში შემთხვევით მოხვედრილი და უჩინარი „ვიღაც“. სცენარისთვის რა მოგახსენოთ და, პროზისთვის, მით უმეტეს ისტორიული რომანისთვის, უდიდესი მინუსია, როცა მთხრობელი არ ჩანს არა გააზრებულად და შეგნებულად, არამედ გაუაზრებლად და შემთხვევით.
წიგნის კითხვისას მიმყარდებოდა განცდა, რომ ეს იყო მართლაც ნაჩქარევად მოკრებილი სცენარის ფრაგმენტები, რომლებიც სრულიად დაუმუშავებლად და ნედლი სახით მოგვაწოდა ავტორმა და შემოგვასაღა პროზად. ის, რის გამოც პროზა მოგვწონს, ამ წიგნს არ აქვს. სცენები ისე უადგილოდ და მოულოდნელად დახტუნავენ იქით-აქეთ, რომ გეგონება ძალითაა ერთმანეთს მიკერებული, უბრალოდ ასე ეწყო ფურცლები და ბასტა. არც პერსონაჟების გამოსახვაზე დახარჯულა დიდი შრომა და ჯაფა აშკარად იმიტომ, რომ ბოლომდე ვერცერთი პერსონაჟი გაშლილი ვერაა, რომ არაფერი ვთქვათ მათ ორიგინალურობაზე. ყველამ ვიცით, რომ გიორგი ჭყონდიდელი ბრძენი და ჭკვიანი ადამიანი იყო. ისტორიული რომანებისთვის, ჟანრის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ასეთი ტიპაჟები მისწრებაა. მთელი წიგნის მანძილზე დაეხეტებიან აქეთ-იქით და საინტერესო, ვრცელ, შიგადაშიგ პათეტიურ და ბრძნულ დიალოგებს მართავენ ხოლმე მეფეებთან თუ სხვებთან. აქაური ჭყონდიდელიც თითქოს მსგავსი უნდა იყოს, თუმცა ვერც ბრძნადმეტყველებით გამოირჩევა მაინცდამაინც (ალაგ-ალაგ ორგროშიან და ბანალურ, არაორაზროვან სიტყვას თუ წარმოთქვამს) და ვერც ისეთი პათეტიკით, რომელიც მკითხველს დაბურძგლავს და გაახელებს, ამ ჟანრის ნაწარმოებების მკითხველები კი ამ ემოციას ხშირად ითხოვენ ხოლმე ავტორებისგან. დავით მეფის სამეგობროც თითქოს კარგი მასალაა დასამუშავებლად, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ აქაც დაეზარა ავტორს პერსონაჟების უფრო მეტად გაშლა და კონსპექტურად, ერთგვარი დოსიეების სახით გადმოგვცა მათი ფსიქოპორტრეტები.
მთავარ გმირზეც ვთქვათ ორი სიტყვა ბარემ. დავითი კარგა ხანი არ ჩანს პრაქტიკულად. ტყეების მეფეო, გებულობს მკითხველი და მორჩა, თითქოს საკმარისია. უბრალოდ დადის და სუნთქავს, სრულიად უმიზნოდ. Aაი, მაშინ კი, როცა უნდა გამოჩნდეს მთელი თავისი დიდებულებით და მრისხანებით და სიმტკიცით და სისუსტეებით, მაშინაც რაღაცნაირი ფერმკრთალია. არადა, საინტერესო ფსიქონევროტული შტრიხები იკვეთება მის ბუნებაში, იქ ამბობს, რომ უნდა გძულდეთო, იქ მიზანთროპსაც კი წააგავს შიგადაშიგ, მაგრამ ეს მეტამორფოზები და შინაგანი ქარტეხილები, რასაც წიგნის არცთუ ისე ცოტა დრო და ადგილი უნდა დათმობოდა, გამოტოვებული და ამოგდებულია და შედეგად გვრჩება ის, რომ დავით აღმაშენებელმა მოიგო დიდგორის ბრძოლა, ჰყავდა ორი მეუღლე, მის შვილს, დემეტრეს, ბავშვობაში ცვატას ეძახდნენ და ა.შ., მეშვიდე კლასის ისტორიის სახალისო კონსპექტები, მოკლედ რომ ვთქვათ.
წიგნში ყველა ის ლეგენდაა დავით მეფის შესახებ, რომელსაც სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვიცნობთ. გაგიკვირდებათ და, ზუსტად იმ ფორმითვეა ეს ლეგენდები და მითები მოცემული, როგორც ხსენებულ სახელმძღვანელოებშია. გაუგებარია, მწერალმა თუ მათი ახლებური გააზრება არ შემოგვთავაზა, საერთოდ რაში დასჭირდა ან რაში გამოიხატებოდა „სხვანაირი დავითის“ ჩვენების ამბიცია. ისინი ისე გაუთლელად, დაუმუშავებლად და ნედლად არის ჩაყრილი წიგნში, რომ რაღა დაგიმალოთ და, ცოტათი ბრაზდები კიდეც კითხვისას. გრჩება შთაბეჭდილება, რომ წიგნი განკუთვნილია საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, რომლებმაც ქართული იმ დონეზე იციან, რომ თხრობის ენა არქაულს მიაწერონ და აღფრთოვანდნენ და ეს ისტორიები კი პირველად მოისმინონ და ასევე აღფრთოვანდნენ, თუმცა მეეჭვება აქ ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტსაც კი არ სმენოდეს იმის შესახებ, რომ გვყავდა დიდი მეფე, რომელიც ბევრ წიგნს კითხულობდა და ერთხელ კითხვისას ჩაეძინა, ისარი გულზე დაკიდებულ ხატში მოხვდა და ა.შ. და ა.შ.
კითხვისას მოუთმენლად ველოდი კულმინაციას, როგორც მოსაჭიდებელ ხავსს, რომელიც როგორც მიხვდით ალბათ, დიდგორის ომი უნდა ყოფილიყო. და აი, ისიც, ძლევაი საკვირველი, რომელშიც ავტორმა არჩეულ გზას ჯიუტად არ უღალატა – დავითის სიტყვა, რომელიც ასევე ყველამ ვიცით, ბატალური სცენების არც ისე შთამბეჭდავი აღწერა, ბოლომდე ვერმიყვანილი დრამა და ტრაგედია, სულ ეს იყო. ერთი სიახლე აქ ისაა, რომ ის ორასი ადამიანი, რომლებიც პოპულარული ვერსიის თანახმად ჯვაროსნები იყვნენ, ავტორმა ფიცელი ბერებით და მეფის უერთგულესი მეომრებით დააკომპლექტა. ეს ისტორიული ნიუანსი დიდის ამბით იყო აღნიშნული წინასიტყვაობაშიც, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია ის ლიტერატურული ნაწარმოებისთვის, თავად განსაჯეთ.
წიგნში არ იგრძნობა არანაირი სტილი. ზემოთაც ვთქვი და აქაც გავიმეორებ, მთელი წიგნი ერთად თავმოყრილ და შემთხვევით აკინძულ ფურცლებს ჰგავს, რომლებიც ავტორმა სცენარის წერის შემდეგ მოაქუჩა და როგორც მოაქუჩა, ისევე გამოუშვა, ხელშეუვლებად. ნაწარმოები მიეკუთვნება ისტორიულ რომანს, თუმცა ვერ დაიკვეხნის ვერც ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ერთგვარი სტილური წეს-კანონების დაცვით და ვერც მათი მიზანმიმართული განადგურებითა და ამოტრიალებით.
დაბოლოს: „მგონი ათი წლის ამბავია, დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღების თაობაზე ხმაური რომ ატყდა და ტურიკა და მე რომ ამ ფილმისთვის დიალოგებს ვწერდით. ხმამაღალი ლაპარაკი იყო და იმდენი ჭორიც იყო, რომ დიდი ხალისი ამ საქმეში არ დაგვიტოვეს, და გარემო კი, როგორც აკაკი იტყოდა, სრულიად ჩვენებური გამოვიდა. მერე ამ დიალოგების წერა მოვამთავრეთ და თანდათან გაირკვა, რომ ეს, ტელევიზორებსა და გაზეთებს საკამათოდ მოდებული ამბავი, წაუკითხველად აღარ აინტერესებთ. ტურიკაც ადგა და იმ სცენარისთვის მოგროვილი მასალების მიხედვით ეს წიგნი დაწერა. ყველას თავისი ჟინი აქვს და ყველა თავისებურად უყურებს რაიმე ამბავს და ტურიკა ასე უყურებს. და მგონია, რომ ხანდახან სწორია, როცა ადამიანს თავისი ნაშრომი დაენანება. მგონი, ეს უფრო სიყვარულის ბრალია და სიყვარულით დაწერილ რომანში კი მთავარი მაინც სიყვარულია…“, წერს ბოლოთქმაში აკა მორჩილაძე და გამიჭირდება არ დავეთანხმო, რადგან ძალიან ზუსტად ასახავს წიგნის სტრუქტურას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სცენარისთვის განკუთვნილი ერთად თავმოყრილი დიალოგები, რომელსაც რთულად ეთქმის ისტორიული რომანი და ალბათ უფრო ვერგადაღებული ფილმის სინოფსისად თუ გამოდგება.
© “არილი”