პოეზია

თემურ ჩხეტიანი – ლექსები

temur chxetianis 2

შებრუნებული ძილის სიზმარი

I

შებრუნებული ძილის სიზმარო,

სადღაც დილისკენ,

განთიადისკენ რომ მოდიხარ და მეჩვენები;

ასე ძალიან სხვანაირი რომ ხარ და ანგრევ

აშენებულს მანამდელი სიზმრებისაგან

და ქვას ქვაზე აღარ ტოვებ იმისაგან, რაც თითქოს იყო,

რაც ლამის ცხადად მომაჩვენეს პირველსიზმრებმა,

იქნებ სწორედ შენ

შენ მეუბნები:

რაც გადამხდა, რაც მჭირს და რაც მართლა ჩემია?..

 

უშფოთველი ძილით მეძინა

და უშფოთველ სიზმრებს ვხედავდი;

მშვიდად ვსუნთქავდი,

გულიც ასე – მშვიდად მიცემდა…

 

გამეღვიძა. ჯერ ღამე იყო.

მხოლოდ ფიქრი შემეძლო ბნელში

და მე ვფიქრობდი…

რას ვფიქრობდი?

რატომ ვფიქრობდი? – რაც იყო, იყო, –

მეგონა, რომ სწორად ვფიქრობდი,

მეგონა, სწორად ვაგრძელებდი სიტყვებს და ამბებს

ნაკარნახებს სიზმრებისაგან.

 

ვფიქრობდი და მერე ისევ ძილმა წამიღო,

ანუ ძილი შემომიბრუნდა.

 

II

სიზმრის სახილველი თვალები ხომ

ძილის დროს გვეძლევა…

 

სიზმრის დრო სხვაა,

სხვაა სივრცეც.

სხვანაირია მისი ყველა განზომილება –

მისი სპექტრი,  პარამეტრები…

 

ცხადის წუთი ფეთქდება ძილში,

ფეთქდება უხმოდ

და სიზმრებიან გალაქტიკად გაიტყორცნება;

გაიშლება სივრცეებად, ლანდშაფტებად

და შავ-თეთრ თუ ფერად კადრებად.

 

სიზმრის დრო სხვაა,

სხვაა სივრცეც

და თვითონ შენც

ერთ ღამეში არაერთი ხარ.

 

III

 

 

შებრუნებული ძილის სიზმარო,

სულ სხვანაირად,

სხვანაირად მეუბნები მომხდარს, ნასიზმრებს;

სულ სხვა რამეს მეუბნები ჩემი თავისას

და სხვანაირ სარკეს მიდგამ თვალწინ, მახედებ…

და მე შემკრთალს მეღვიძება,

გულს ვუსმენ და ნამდვილად ვტირი.

 

 

ორი ფერი ავსებს ბოლო კადრს –
თეთრი და მწვანე

და ორივე ფერი მოძრაობს  და მიედინება:

თეთრი კედლები

და თეთრით მოსილი ადამიანები;

და მწვანე ფარდები,

ოთახის კარზე დაშვებული ორ და ტოლ ტალღად.

 

ვიღაც მიღიმის,

მე კი ვდგავარ შეცბუნებული,

შევყურებ და მინდა, ვკითხო (ვერ ვეკითხები)

და მხოლოდ ვფიქრობ:

 

„- ჩემო პირველკლასელო მეგობარო,

რა იქნა შენი თეთრბაბთიანი ნაწნავები?

ვინ შეგაჭრა?

რატომ შეგაჭრა?

ნუთუ არ გეტკინა

თმები?…“

 

IV

 

სიზმრის დრო სხვაა,

სხვაა სივრცეც –

სხვანაირია მისი ყველა განზომილება.

და, როდესაც ბრუნდება ცხადი,

ეს დრო, ეს სივრცე

ერთი ხელის მოსმით გროვდება,

შეისრუტება

და ეტევა სულ ერთ წვეთ ცრემლში.

ერთ წვეთ ცრემლში,

გამოღვიძებულს ლოყაზე რომ გიგორდება

და გულმობჯენილ ყელისაკენ მიიკვლევს ბილიკს.

 

 

ტრიპტიქი

 

 

  1. 1.     აგვისტოს  ჩვენება

 

აგვისტოა და ისევ წვიმს…

ვზივარ და ვწერ ავტობიოგრაფიას,

რომელიც სადღაც სჭირდებათ

და დაწერაც ამიტომ მომთხოვეს.
ვწერ ავტობიოგრაფიას, როგორც აღიარებით ჩვენებას

სასამართლოში წარსადგენად;

ვწერ და თითქოს აღსარებას ვეუბნები

მავან მღვდელს, ანუ მამაოს,

ვინც, ღმერთმა იცის, როდის გამიმეტებს,

ჩამიშვებს და გამომაჭენებს.

მე ვწერ ავტობიოგრაფიას

და ყველაფერს გულწრფელად ვაღიარებ.

და როცა ვჩერდები და სკამიდან ვდგები,

სულის მოსათქმელად და წყლის დასალევად,
მხოლოდ მაშინღა მახსენდება:
„მამაო ჩვენო…“

და არავინაა ირგვლივ,

რომ მისმინოს და დამიდასტუროს:
„ამინ !..“

 

 

          2. სამება

 

მე ვერ ვხედავ ღმერთს,

ვერ ვხედავ სიყვარულს,

ვერ ვხედავ სიტყვას…

 

მაგრამ, როცა ვწერ სიტყვას,

მე ვხედავ მას –

ვხედავ სიტყვას;

სიტყვაში ჩნდება სიყვარული

და შორიახლო

ღმერთიც ილანდება

 

          3. წუთი

 

მარტო ვიყავი

და არავინ მიყურებდა,

არც სარკე მედგა წინ,

რომ შემეხედა

და ჩემი სახე დამემახსოვრებინა.

არადა, ღირდა!..

 

მარტო ვიყავი,

მაგრამ შენ ხომ მაინც მხედავდი,

ღმერთო ! –

იმ წუთას ხომ შენ მაინც მხედავდი ?

 

როგორი აღარ გინახივარ:

მშვიდიც, კარგიც და ნირწამხდარიც;

აუტანელიც, საზიზღარიც და სასაცილოც

და, ვინ იცის,

ჩემზე რა არ გიფიქრია,

და,  ვინ იცის,

მე როდის რას ვიმსახურებდი.

 

მაგრამ, უფალო,

გთხოვ, გადადე სხვა სურათები

და ასეთი დამიმახსოვრე:

 

როდესაც მე მარტო ვიყავი

და ახლადმიღებულ წერილს ვკითხულობდი –

ხელში ორადგაკეცილი ფურცელი მეჭირა;

 

თვალებზე ცრემლები მადგა

და სახეზე მეწერა:

გაოცება, სიხარული, მადლიერება

და თვითონ მეც

ალბათ სინათლეს ვასხივებდი

ოთხივე მხარეს.

 

ზეციური ტყე

გაზაფხულს სჩვევია

ზღუდეების მოშლა და გაფრენები;

გაზაფხულს სჩვევია ალოგიკურობა –

მთელი დღე ცხელოდა,

საღამოს კი ისე აცივდა,

გარდერობში ჯემპრი მოვიძიე.

 

ცივი ქარია…

ჯიბიდან ამოვარდნილი ერთლარიანიც

არღვევს გრავიტაციის კანონს

და თვალებნაღვლიანი შველი

გარბის ზეციური ტყისკენ,

გარბის მასთან,

ვინც ის დახატა.

 

 

ბროწეულის ყვავილი შემოდგომისას

 

ბუნებრივი,

მაგრამ  ჩვენთვის სტიქიური მოვლენები  –

ანომალია !..

რის შემდეგაც აღარ შერჩათ ხეებს ფოთოლი

ისე, როგორც ჩვენ დავკარგეთ

ავბედითი დროის გამო

დროცა და ვინმეც.

 

დგანან ხეები.

გადარჩენილი, მაგრამ უკვე

უგაზაფხულო

და ზაფხულწართმეული ხეები დგანან

და მაინც ჰყოფნით გულუბრყვილობა,

რომ კიდევ სცადონ

და კვირტები კიდევ ერთხელ გამოიტანონ,

თუნდაც ახლა –

გვიან, უდროოდ…

 

და ბროწეულზეც იფეთქა ყვავილმა,

წითელმა ყვავილმა!

იფეთქა თითქოს ნაგვიანევ სიყვარულივით.

იფეთქა არა მაინცდამაინც

ნაყოფისთვის – ბაგეების და გემოსათვის,

არამედ უფრო

თვალისათვის, გაოცებისთვის!..

 

და მერე რა,

თუ მართლა გვიანია?

მერე რა,

თუ ესეც ამაოა? –

დაე,  ყველაფერი

სევდიანი ღიმილით დასრულდეს!..

 

CAMEL

                                             გიორგი თავართქილაძეს

გახსოვს, გიო,

ორი წლის წინ რომ მესტუმრე

და ორი ბლოკი სიგარეტი ჩამომიტანე?..

 

რა კარგი საღამო იყო! –

ეზოში ვისხედით და ვსვამდით.

ცა იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებიანი

და ცაზე

დასეირნობდნენ დათვები – დიდი და პატარა.

 

ძირს კი,

ბალახზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან

გაოცებული აქლემი გვიყურებდა:

ასეთი ხალხი და ბალახი

აქამდე არც მინახავსო.

 

 

ჰაიკუს  მცდელობა

1.***

თებერვლის კიბის

ბოლო ორი საფეხური

ჩატეხილია.

 

2.***

ხის ტოტებს მიღმა

შევყურებ შენი სახლის

დახურულ ფანჯრებს.

 

3.***


 როცა ბავშვს თითი
მოეწეწკა კარის ღრიჭოში,
სამყარომ იკივლა.

 

4.***
სულ არ აკრთობს

ძაღლის ღამეული ყეფა

ფიქრის ქარავანს.

 

5.***     (დილა)
ხელი რომ გავიწოდე,

ღამის მუქი პეპელა აფრინდა

ჩემი პერანგიდან.

© “არილი

Facebook Comments Box