წიგნით მოვაჭრეთა ამასწინანდელი გასტუმრება თბილისის ქუჩებიდან რამდენიმე განმარტებას მოითხოვს – მერიისა და საკრებულოსგან არა. ჩვენგან, მოქალაქეებისგან.
სწორი ნაბიჯია, როცა ყველის, ვაშლატამას, კარტოფილისა და სხვა ასეთი სიკეთეების ქუჩაში გამყიდველებს გამოუყოფ ტერიტორიას და იქ მოუყრი თავს. ეს მეთოდი ქალაქის მერობისას ჯერ კიდევ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა, როცა დინამოს სტადიონის მეავეჯენი ნაძალადევში გადაიყვანა სავაჭროდ. ახლა ვისაც მეორადი ან აქ დამზადებული ავეჯი უნდა, ჯერ კიკვიძის ბაღთან წავა. ამავე მიდგომას ავლენს დედაქალაქის ხელისუფლება წიგნით მოვაჭრეებთანაც: გინდა ძველი ან მაღაზიებს მიღმა დარჩენილი ახალი წიგნები? ახლო მომავალში მიაკითხე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დედაენის ძეგლის მიდამოებში. ალბათ, ასე უფრო იოლი იქნება მათი დაბეგვრაც.
მაგრამ წიგნს აქვს ერთი თავისებურება – ავეჯისა თუ ჭირნახულისგან განსხვავებით. ის არ ითვლება, რომ წიგნი არ იჭმევა და ხშირად ამ დროს არა სურსათს – არამედ სწორედ წიგნს ფუთავენ ქუჩის ჭუჭყისგან დასაცავად. წიგნთან შეხვედრა ჰგავს შეხვედრას უნახავ ახლობელთან, როცა აღმოაჩენ, რომ ის თურმე მოგნატრებია. არადა, მანამდე არც კი გახსოვდა. ყველაზე სრულყოფილი კარტოფილიც კი ვერ გამოიწვევს სიხარულს, რომლის მონიჭება შეუძლია წიგნს, როცა ის მოულოდნელად გხვდება – იქ, სადაც არ ელოდი. კარტოფილის (რას ჩავაცივდი!) დანახვამ, შესაძლოა, შეგახსენოს, რომ ის გჭირდება. წიგნთან შეხვედრა კი გასურვებს მას. საჭიროება ხშირად მეორადია. წიგნს მოაქვს სპონტანურობის განცდა, რომელიც ფერს ჰმატებს შენს ყოფას. თბილისში ბოლო დრომდის სპორადულად მდგარი წიგნის სტელაჟები ასეთ განცდას ბადებდნენ ბევრგან – გლდანით დაწყებული, ისნით დამთავრებული. ეს იყო პატარა რიფები, რომელზეც ბევრი ჩვენგანი მოაცურებდა ან შეაჩერებდა მზერას – აღმოჩენისა და სიხარულის მოლოდინით. არსებითია, რომ, შეიძლება, სულ არ იცოდე, რისი ყიდვა გსურს – წიგნი თავად მოგიყვანს აზრზე და გაგიჩენს ასეთ სურვილს. დედაენის ძეგლთან სპეციალურად უნდა წახვიდე, რომ წიგნები ნახო. მანამდე კი წიგნებს წააწყდებოდი და იყიდდი წინასწარი განზრახვის გარეშეც.
ერთ ძალიან ტრაგიკულ ქართულ რომანში „Maid in Tiflis” აკა მორჩილაძეს შემოაქვს ძველი, კარგახნის ნაგროვები წიგნების მოტივი. ოჯახს თავი გააქვს ამ წიგნების ნელ–ნელა გაყიდვით. თავის დროზე ოჯახის უფროსი მათ იმისთვისაც აგროვებდა, რომ შთამომავლობას ძნელბედობისას გაეყიდა. სინამდვილეშიც, ძველი წიგნების გაყიდვა უწინარესად ასარგებლებს ჩამბარებელს და მერე უკვე მყიდველს ან უშუალო გამყიდველს. მტკვრის გასწვრივ, ერთ რიგად თავმოყრილი ძველი წიგნები ერთმანეთს უფრო მძაფრ კონკურენციას გაუწევენ, ვიდრე სხვადასხვა უბანში, პატარა ულუფებად გაყიდვისას, რადგან ამ დროს ერთი და იგივე წიგნები ერთად ვერ მოხვდებიან. გაჭირვების წლები ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის არ დასრულებულა. გასაყიდი – გასაკეთებლის არ იყოს – ჯერაც ბევრია. სახლიდან გამოტანილ წიგნს ის ყიდის, ვისაც არ ულხინს. და უკეთ გაყიდის, თუ გვერდით ტყუპისცალი წიგნი არ უდევს.
არაფერი მოხდება, თუ წიგნით მოვაჭრეებს ძველ ადგილებზე დავტოვებთ. ამით შეჭირვებულ მოქალაქეებსაც უფრო შევეშველებით და ამ ქალაქშიც შევინარჩუნებთ წერტილებს უცაბედი სიხარულის წამოსანთებლად.

© tabula
Facebook Comments Box