აგვისტოში თბილისის მერიამ ქუჩებში ვაჭრობა აკრძალა, რამაც ავტომატურად გამოიწვია წიგნით გარევაჭრობის აკრძალვაც. ბუკინისტებს მერიამ დედაენის პარკში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი შესთავაზა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა, ვინც აქამდე წიგნებით ქუჩებში ვაჭრობდა.
წიგნები
თბილისის ქუჩებიდან ერთბაშად გაქრა წიგნებით მოვაჭრე რამდენიმე ათეული ადამიანი. ამ ამბავს კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე – მედიაში. გამოქვეყნდა უამრავი წერილი თუ კომენტარი, სადაც ჭარბობს ემოციები და ნაკლებადაა ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა. იყო პოლიტიკური განცხადებებიც, მაგალითად ერთ-ერთმა ჯგუფმა ინგლისურ ენაზე (!) გაავრცელა მიმართვა, რომელიც ასე იწყებოდა: საქართველოს ხელისუფლებამ წიგნების გაყიდვა აკრძალა!
გარევაჭრობის მომხრეთა მოსაზრებები, არგუმენტები და ემოციები ყველაზე სრულად ჩანს მალხაზ ხარბედიას სტატიაში “ისინი იდგნენ” (გამოქვეყნებულია რადიო “თავისუფლების” ვებ-გვერდზე), ამიტომ უფრო მეტად ამ სტატიას გამოვეხმაურები. შემხვდა კიდევ ორი განსხვავებული მიდგომა: ია ანთაძის შეთქმულების თეორია იმის თაობაზე, რომ წიგნის მაღაზიათა მეპატრონეების ლობირებით მოხდა ეს ამბავი, დაახლოებით იმას ჰგავს, სურსათით გარევაჭრობის აკრძალვა სუპერმარკეტების მფლობელთა ლობირებას რომ დააბრალო; იყო ასევე სასაცილო თეორია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას ამგვარად სურს წიგნიერების წართმევა ერისათვის, რათა ხალხით მანიპულირება უფრო ადვილად მოახდინოს. ამ ორ არასერიოზულ მოსაზრებას აქ არც განვიხილავ. მოდი, შევეცადოთ, ყოველგვარი ეგზალტაციისა და ზედმეტი ემოციების გარეშე გავერკვეთ სიტუაციაში და საკითხს სხვადასხვა კუთხით შევხედოთ:
საკითხის სამართლებრივი მხარე
იყო თუ არა ქუჩაში ვაჭრობა ლეგალური? ვარდების რევოლუციამდე ყველა გარემოვაჭრე (მათ შორის წიგნით მოვაჭრენიც) ყოველდღიურ ხარკს (5-10 ლარის ოდენობით) უხდიდნენ უბნის პოლიციელებს, რადგან გარევაჭრობა ოფიციალურად არ იყო ნებადართული. გარკვეულ ადგილებზე გაიცემოდა ხოლმე დროებითი ნებართვა. ხელახალ დროებით ნებართვას დამატებითი წვალება, ნაცნობობა და ქრთამი სჭირდებოდა. გარევაჭრობა არასოდეს ყოფილა ლეგალიზებული და შესაბამისად, წიგნით მოვაჭრენიც, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან შეიძლება, ქრთამს აღარ აძლევდნენ პოლიციელებს, სამართლებრივი თვალსაზრისით, უკანონოდ საქმიანობდნენ. როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი? მართლაც, დავუშვათ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და წიგნებით გარევაჭრობაზე გამონაკლისი ოფიციალურად გასცა. ვისთვის უნდა იქნას დაშვებული ეს უფლება, ნებისმიერი მსურველისათვის თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც უფლების გამცემი პირადად იცნობს როგორც ყოფილ მოვაჭრეს? თუ ნებისმიერ მსურველს უნდა მიეცეს ქალაქის ნებისმიერ ადგილას წიგნით გარევაჭრობის უფლება, მერე საკითხი ასე დადგება: მაქვს თუ არა უფლება პირადად მე, ცენტრალურ გამზირებზე, ნებისმიერ ადგილას განვათავსო წიგნების სტენდები და დავაყენო იქ დაქირავებული თანამშრომლები? როგორ უნდა მოგვარდეს ორ გარემოვაჭრეს შორის ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა? ვთქვათ, მივიდა რომელიმე ალიკა, ვაგანა ან როინი (სახელები აღებულია მალხაზ ხარბედიას წერილიდან) იმ ადგილას, სადაც წინა დღით იდგა და იქ დახვდა სხვისი სტენდი, როგორ მოგვარდება ეს პრობლემა, ვის “ეკუთვნის” ეს ადგილი? ერთი სიტყვით, ამ საკითხის სამართლებრივი მოგვარება ისე, რომ წიგნებით გარევაჭრობა არ აიკრძალოს გამზირებზე, შეუძლებელია. მაშინ ყველაფერი უნდა დარჩეს სტიქიურად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, რადგან წიგნებით გარევაჭრობა ფაქტობრივად სტიქიურად დაკანონდება, წახალისდებიან ახალი სუბიექტები, რომლებიც მოისურვებენ ლეგალურად დაშვებულ საქმიანობას. მაგალითად მე პირადად სიამოვნებით დავდგამ ოციოდე სტენდს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, თუ ეს არ იქნება აკრძალული. დარწმუნებული ვარ, ასევე მოიქცევა ბევრი სხვა სუბიექტი, რომელიც აქამდე ასე არ იქცეოდა.
არიან თუ არა “ისინი” ბუკინისტები?
შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, მათ შორის, ამ მოვაჭრეთა კლიენტებმაც, რომ სინამდვილეში ქუჩებში მოვაჭრეთა მოზრდილი ნაწილი დაქირავებული პერსონალი იყო. არსებობენ პიროვნებები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ერთდროულად არაერთი სტენდი (მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ასეთ მეპატრონეს), აყვანილი ჰყავდათ თანამშრომლები, რომლებიც იღებდნენ როგორც დღიურ გასამრჯელოს, ისე _ გარკვეულ პროცენტს ყოველი გაყიდული წიგნიდან. სტენდების უმრავლესობა ვაჭრობდა არა ბუკინისტური წიგნებით, არამედ, ძირითადად, რუსულენოვანი ლიტერატურით, თუმცა ბევრ მათგანთან შეხვდებოდით ცნობილი ბრიტანული ლექსიკონებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ირანში დაბეჭდილ, მეკობრულად დასტამბულ, იაფ ვერსიებს. ეს უკანასკნელი ნიშა ყველაზე მომგებიანი სეგმენტი იყო სტენდების ქსელების მფლობელთათვის, რადგან მეკობრული გამოცემები თავადვე შემოაქვთ ირანიდან. რატომ აძლევდათ ხელს ამგვარი ვაჭრობა მფლობელებს? ძირითადად იმიტომ, რომ დადგნენ ყველაზე ხალხმრავალ ადგილებზე, სადაც შემთხვევითი გამვლელების ნაკადი დიდია და შესაბამისად, ნებისმიერი რამ იყიდება (მათ შორის, წიგნებიც), დანახარჯები ჰქონდათ მინიმალური და შეეძლოთ, მიეღოთ მეტი მოგება. ბუნებრივია, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადასვლა ამ ტიპის მოვაჭრეებს (ბუკინისტებისაგან განსხვავებით) არ აწყობთ, რადგან მათი საქმიანობა ეფუძნებოდა გამვლელების ნაკადს და არა _ სპეციალურად მისულ მუშტარს. სხვაგან, მით უმეტეს, დედაენის ბაღში გადასვლით, მათი ინტერესები სერიოზულად ილახება. განსაკუთრებულ მოგებას ნახულობდნენ ასეთი მოვაჭრეები გარკვეული დასახელების წიგნებზე (მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოებზე) დეფიციტის შექმნით და ფასების ხელოვნური გაბერვით.
რა თქმა უნდა, გარემოვაჭრეთა შორის იყვნენ ბუკინისტური წიგნებით მოვაჭრენიც და მათი უმეტესობა, რასაკვირველია, დამოუკიდებლად მოქმედებდა: იბარებდნენ ძველ წიგნებს და მერე ყიდდნენ. თუ ბუკინისტურ წიგნებზე არის მოთხოვნა (ეს მოთხოვნა ნამდვილად არის და, რაც მთავარია, დღითიდღე იზრდება), მაშინ ეს ადამიანები აუცილებლად იპოვნიან თავიანთ ნიშას ორგვარად: ან გადავლენ დედაენის პარკში, სანაპიროს გასწვრივ და საწყობის ფულსაც დაზოგავენ, რადგან ბუკინისტისთვის საჭირო წიგნის შესანახი სათავსოები იქ გამზადებული დახვდებათ (თანაც, უფასოდ); ანდა – გახსნიან მომცრო ბუკინისტურ მაღაზიებს, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან წარმატებულიც გახდება, თუ მოთხოვნა გაიზარდა. ანუ საბოლოოდ მივიღებთ როგორც ახალ ბუკინისტურ მაღაზიებს (ცნობისათვის, თბილისში რამდენიმე ბუკინისტური წიგნის მაღაზიაა), ისე _ ბუკინისტების სპეციალურ ადგილს, დაახლოებით იმის მსგავსს, როგორიც პარიზშია.
როგორც ბუკინისტებისათვის, ისე ბუკინისტური წიგნების კლიენტებისთვის მერიის წინადადება, რომ გამოიყოს ერთი დიდი ადგილი (უკვე გამოყოფილია, კარგა ხანია) ბუკინისტური წიგნებით მოვაჭრეთათვის, იდეალურია. თუ ადამიანს სურს კონკრეტულად რომელიმე ბუკინისტური წიგნის შეძენა, მას აღარ მოუწევს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში წანწალი ალიკასთან, ვაგანასთან და როინთან, რადგან ეს უკანასკნელნი ერთ ადგილას იქნებიან თავმოყრილნი. დაიზოგება უამრავი დრო და ენერგია.
მაღაზიები და სტენდები
წიგნებით გარევაჭრობის თაობაზე ისეთი ვნებათაღელვა ატყდა, თითქოს ვინმე წიგნებს ებრძოდეს და აქამდე წიგნი მხოლოდ ქუჩაში არსებობდა; ხოლო გარემოვაჭრენი ლამის წიგნიერებისათვის წამებულ რაინდებად შერაცხეს. რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრი კარგი ადამიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წიგნსმოწყურებული მკითხველები სულიერი საზრდოს გარეშე რჩებიან. მით უმეტეს დღეს, როდესაც ნებისმიერი ქვეყნიდან ახალი წიგნების შეკვეთას აღარ სჭირდება მაინცდამაინც ალიკასთან, ვაგანასთან თუ როინთან მისვლა _ ამის გაკეთება ინტერნეტითაც შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად რუსულენოვანი ლიტერატურით ვაჭრობდნენ (ასეთია გარევაჭრობის ტრადიცია თბილისში), ზოგიერთ სტენდთან მაინც შეხვდებოდით თანამედროვე ქართულენოვან გამოცემებს. ბევრს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ წიგნები სტენდებზე უფრო იაფი იყო, ვიდრე მაღაზიებში. საქმე ის გახლავთ, რომ წიგნების (ისევე, როგორც ჟურნალ-გაზეთების) სარეალიზაციო ფასს აწესებენ არა მოვაჭრენი, არამედ გამომცემლები და შესაბამისად, ეს წიგნები პრაქტიკულად ერთსა და იმავე ფასად იყიდება მთელ საქართველოში. ზოგი გამომცემელი გასაყიდ ფასს აწერს კიდევაც გარეკანზე, ზუსტად ისევე, როგორც ჟურნალ “ლიბერალს” აწერია ფასი. ამიტომ ქართული წიგნები სტენდებზე იმდენივე ღირდა, რამდენიც _ მაღაზიაში.
ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ სტენდების სიმრავლე აუმჯობესებს წიგნების დისტრიბუციას და ამიტომ უკეთესია მომხმარებლისთვის. სინამდვილეში, წიგნებით ამგვარად გარევაჭრობა არათუ ხელს უწყობს, არამედ აფერხებს წიგნის ბაზრის განვითარებას და აი, რატომ: ერთ სტენდზე შეიძლება, დაეტიოს, მაქსიმუმ, 50 დასახელების წიგნი. ზოგ მოვაჭრეს ჰქონდა ერთდროულად სამი სტენდიც ერთმანეთის გვერდიგვერდ. მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც კი, მის სტენდებზე დაეტეოდა 150 დასახელების წიგნი (ანუ გაცილებით ნაკლები, ვიდრე თუნდაც ერთ მოზრდილ გამომცემლობას აქვს გაყიდვაში). შესაბამისად, მოვაჭრე ხელოვნურად ზღუდავს არჩევანს და მას ფარგლავს მხოლოდ საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნებით, რაც ძალიან ცუდია მომხმარებლისთვის (ზოგმა არც კი იცის, რომ სხვა ქართული წიგნებიც არსებობს ამქვეყნად, გარდა ალიკას, ვაგანას და როინის მიერ “შერჩეული” ქართული გამოცემებისა).
გამომცემლობა “სამშობლოს” წინ ქალაქში წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი იყოო, მალხაზ ხარბედია რომ წერს, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ერთ სტენდზე შეიძლება, დაეტიოს მაქსიმუმ 50 დასახელების წიგნი, ისიც თუ ბელეტრისტიკაა, ხოლო ლექსიკონები და საბავშვო გამოცემები _ კიდევ უფრო ნაკლები. თუ ჩავთვლით, რომ გამომცემლობა “სამშობლოს” წინ თუნდაც 20 მოვაჭრე იდგა, წიგნების საერთო რაოდენობა მაქსიმუმ 1000 გამოვა. ეს მაშინ, როცა თბილისის წიგნის მაღაზიებში (კარგ მაღაზიებს ვგულისხმობ) დასახელებების რაოდენობა 15-დან 25-ათასამდეა, ხოლო ყველაზე პატარა მაღაზიაშიც კი დაახლოებით 5 000 წიგნი აწყვია.
“ქალაქში დარჩა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, საიდანაც ძვირიანი ალბომები იწონებენ თავს მანეკენებივით. ძვირიანი კალენდრები, პლაკატები, კალმები, ფლომასტერები, ჭრელი მარკერები და რაც მთავარია – ნამცხვრები, ნამცხვრები, ნამცხვრები! სხვანაირად ვერ იტყუებენ იქ ადამიანებს,” – წერს მალხაზ ხარბედია. მალხაზი ან ლიტერატურული კაფეს გარდა სხვა წიგნის მაღაზიაში არაა ნამყოფი, ან შეგნებულად ცრუობს. თუ ლიტერატურულ კაფეებს “სუფთა” წიგნის მაღაზიებად არ ჩავთვლით (რაშიც არის რაციონალური მარცვალი), თბილისში არსებული 40-ზე მეტი მაღაზიიდან სად ნახა ნამცხვარი, იქნებ დაასახელოს, ანდა რომელი საკანცელარიო საქონლის მაღაზია ჰგონია წიგნის მაღაზია? ის, რომ წელს რამდენიმე საკანცელარიო საქონლის მაღაზიამ წიგნების გაყიდვაც დაიწყო (ისევე, როგორც ეს მოხდა სუპერმარკეტებში და თქვენ წარმოიდგინეთ, აფთიაქებშიც კი), მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ წიგნისადმი ინტერესი იზრდება და წიგნების სარეალიზაციო წერტილების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ამიტომ სრულიად გაუგებარი პანიკის ატეხა, რომ ქალაქი წიგნებისაგან დაიცალა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ესთეტიკური საკითხები
რას ერჩიან წიგნებს, განა წიგნი ქალაქის იერსახეს აუშნოებს? _ მკითხა “ფეისბუქზე” ერთ-ერთმა აქტივისტმა. საკითხი არასწორადაა დასმული: რა თქმა უნდა, წიგნი ქალაქის იერსახეს ვერ დაააუშნოვებს, მაგრამ ჭუჭყიან ცელოფანში შეფუთული წიგნები, რომლებიც განთავსებულია დაუმუშავებელი ფიცრებისა და ფანერებისაგან კუსტარულად შეკრულ, ჟანგიანი ლურსმნებით შეჭედილ სტენდებზე, არაა მაინცადამაინც ლამაზი სანახავი.
ზოგიერთებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ ასე ხდება ევროპის ქალაქებში. მაგალითად მალხაზ ხარბედია წერს: “ნუთუ არ გინახავთ წიგნების უბნები ლონდონში, პარიზში, რომში…” დიახ, მინახავს და არც ერთ ამ ქალაქში ცენტრალურ გამზირებზე არასოდეს თვალიც არ მომიკრავს წიგნებით გარევაჭრობისთვის. ის უბნები, რაზეც მალხაზი წერს ან წიგნის მაღაზიების უბნებია (ოქსფორდ სტრიტი ლონდონში, ლათინური კვარტალი პარიზში და ა.შ.) ან ბუკინისტებს გამოყოფილი აქვთ სპეციალური ადგილი სანაპიროს გასწვრივ (ზუსტად ისეთი, მერია რომ სთავაზობს ჩვენს “ბუკინისტებს”).
წიგნი ბადრიჯანი ხომ არაა, ასე რომ მოექცეო! – შესძახა ვიღაცამ “ფეისბუქზე”. მართლაც არაა წიგნი ბადრიჯანი და მას აქვს თავისი ადგილი, ოღონდ ეს ადგილი არამც და არამც არაა მტვრიან გამზირებზე, ჭუჭყიან ცელოფანებქვეშ.
“არ გვინდა სტერილური და უსულო ქალაქი – დავაბრუნოთ ბუკინისტები” – დაწერა “ფეისბუქზე” შორენა შავერდაშვილმა. საოცარი სიტყვაა ეს “სულიერება”. რამდენი ხანია ვცდილობ, მაგრამ მისი ზუსტი მნიშვნელობა ვერ დავადგინე, ვისაც როგორ უნდა, ისე ესმის. რაც შეეხება ბუკინისტებს, კი ბატონო, დავაბრუნოთ, ოღონდ ერთ გამოყოფილ ადგილას და არა _ ცენტრალურ გამზირებზე.
რა შედეგებს გამოიღებს მერიის ღონისძიებები
ამ ღონისძიების შედეგად (გარევაჭრობის გადატანა დედაენის პარკში), წიგნი არ გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი, მკითხველები არ დაზარალდებიან და საბოლოოდ წიგნის ბაზარიც გაცილებით სწრაფად განვითარდება. ბუკინისტებისთვის, წესით, ეს საოცნებო შეთავაზებაა, ხოლო არაბუკინისტებისთვის მართლაც არის გარკვეული “უხერხულობა” – მათი საქმიანობა შეიზღუდება, თუმცა ეს ისეთი მარიფათიანი ხალხია, გარწმუნებთ, არ დაიკარგებიან.
© liberali.ge
One Comment
Internet Business Promoter
me cota skeptikurad vuyureb am yvelafers