Uncategorized

ჯაბა ზარქუა – დაულაგებელი „დამლაგებელი“

damlagebeli deisadze

ერეკლე დეისაძე, დამლაგებელი, სიესტა, 2012.

მტერს და ავს, მწერალი თუ რამეზე განაწყენდა და შენი დაცინვა გადაწყვიტა, ფურცლიდან მერე რაღას ამოშლი შენს კარიკატურას… საუბარი ერეკლე დეისაძის მცირე რომანზე მაქვს, რომელსაც „დამლაგებელი“ ჰქვია და რომელიც გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა 2012 წელს. აქვე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ რეცენზიის წაკითხვის შემდეგ ავტორის რომელიმე პერსონაჟის პროტოტიპი გავხდები მომავალში, თუმცა იმედს ვიქონიებ, რომ ის ნაწარმოები ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, „დამლაგებელი“ ვერ სცდება იაფფასიან კარიკატურას – დაახლოებით ისეთს, ბორჯომის პარკში ზაფხულობით დიდძალი რაოდენობით რომ ხატავენ ხოლმე.

მთელი წიგნი ეძღვნება გამომცემლობის, მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ამ ადამიანებთან დაკავშირებული ისტორიების აღწერა-დაცინვას, რამდენად კარგად გამოსდის ეს ავტორს, სხვა საკითხია. ფაქტი კი ისაა, რომ ხსენებული თემა, რბილად რომ ვთქვათ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. წიგნის პირველსავე თავებში ერთმა ასეთმა ფრაზამ მომჭრა ყური გამომცემელ კუკურის დახასიათებისას, რომ მას თურმე მწერლების დაოსტატება და ბრენდად ქცევა შეეძლოო. ბოდიში, რა ბრენდი, რა დაოსტატება, რა მწერალი? ქართული რეალობა ხომ აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს ნაწარმოები კი ამ რეალობის დაცინვა-გაშარჟებას ისახავს მიზნად და ამიტომაც ვამახვილებ მასზე ყურადღებას. ჩვენ ერთი რეალურად ბრენდად ქცეული მწერალიც კი არ გვყავს, დიახ, აკა მორჩილაძეც კი. „ბრენდში“ ამ სიტყვის ლოკალურ-კნინობით-მოკრძალებულ განმარტებას არ ვგულისხმობ, ცხადია. ეს თემა იმდენად არააქტუალურია და ისეთ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი, რომ ავტორი დიდი რუდუნებით უნდა მოჰკიდებოდა მის იმგვარად წარმოჩინებას, რათა „ჩვეულებრივი მოკვდავი მკითხველიც“ დაეინტერესებინა – საქმეში ჩაუხედავი, შიდა სამზარეულოს არმცოდნე. მოდი პირდაპირ გეტყვით, რომ მან ეს ვერ მოახერხა – ნაწარმოები ერთი მუჭა მწერლების ინტერესს თუ აღძრავს მხოლოდ… და გამომცემლების… გამომცემლობაში მომუშავე გოგონებისაც, ჯანდაბას. ისიც იმიტომ, რომ ქალაქში ხმა გავარდა, ერეკლე დეისაძემ წიგნი დაწერა, რომლის პროტოტიპიც სულაკაურის გამომცემლობაა (ვიყოთ გულწრფელები) და ბევრ თემას გაჰკრა კბილიო, არიქა. ბასტა, ესაა და ეს მთელი ინტრიგა.

არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად, მაგრამ ნაწერი უკიდურესად ეგოისტურია და მოდი, ბარემ ამ ბუნდოვანი ცნების განმარტებაც გავაკეთოთ უცბად, რომ მკითხველი არ დაიბნეს. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა მთხრობელს. თხრობა მიდის პირველ პირში, ორი გმირი მონაცვლეობით ჰყვება თავის ამბავს. ერთი მდივანი და ერთიც დამლაგებელი. ორივენი ქალები არიან და ორივენი მეტ-ნაკლებად საინტერესოებიც, თუმცა ავტორი ვერ/არ ახერხებს პერსონაჟებთან გამიჯვნას და ხშირად ეჩრება მათ საუბარში. ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ ზოგჯერ გიჩნდება სურვილი გაბრაზებულმა დაიძახო: „ეკო, გადი იქითა ოთახში, აცადე გოგოებს ისტორიის მოყოლა“. ყველა თავში ავტორს სადავეები ხელიდან გაურბის და მაშინ, როცა მზად ხარ ამ ორი გოგონას ტვინში და არამხოლოდ ტვინში იქექო, ხელში გრჩება ავტორი, რომელიც არღვევს მყუდროებას და გაყრის თავის აზრებს და მსოფლმხედველობას, თან აბსოლუტურად ყველა თემაზე. ზუსტად არ მახსოვს ეროვნული ყვავილოვანი კომბოსტოს მრეწველობაზე იყო თუ არა რაიმე აზრი გამოთქმული, მაგრამ არ გამიკვირდება რომ ყოფილიყო ასეთიც. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი მინუსია, რამაც გამოიწვია ერთადერთი რამე – მწერალმა თავი ვერ გაართვა ორიოდე პერსონაჟს და არ აცალა მათ განვითარება.

თავად ამ აზრთა ფრქვევაზეც ვთქვათ. ბეგბედერი და პალანიკი ვისაც წაგიკითხავთ, „დამლაგებლის“ წაკითხვის შემდეგ დაგრჩებათ განცდა, რომ რაღაცა ნაცნობია და არც შეცდებით, რადგან ნაცნობია ავტორის მაქსიმები, რომლებიც წიგნში უხვადაა გაბნეული. მოკლე, ლაკონური, თამამი, ადვილად გასაგები მაქსიმები, რომლებიც აღწერენ ტექნოკრატიული სამყაროს საშინელებებს, კონსუმერული ადამიანის ვნებებს, რელიგიის დევალვაციას და მის ჩანაცვლებას ჰამბურგერით და ა.შ. და ა.შ. კინაღამ გამომრჩა, რომ ზაზა ბურჭულაძესაც უყვარს მკითხველთან ამგვარად საუბარი. გემოვნების ამბავია, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას – არა. მე პირადად არ მომწონს, როდესაც ვატყობ, რომ ავტორს თვითირონია ღალატობს ხშირ შემთხვევაში და მთელი გზნებით ფილოსოფოსობს ხოლმე, მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ ერეკლეს ეს თვისება ნამდვილად არ აკლია, რაც დასაფასებელია.

თხრობა იწყება ძალიან გვიან, სიუჟეტი დიდი ხანი დგას ერთ ადგილას. ეს ძირითადად ზემოთ ნახსენები მიზეზითაა განპირობებული – ავტორს პატარ-პატარა სათქმელი დაუგროვდა ბევრ თემაზე და რაღა ფეისბუქზე დაესტატუსებინა, ბარემ ნაწარმოებში მოაქუჩა ერთიანად. მკითხველი ნელ-ნელა იჭერს სიუჟეტს, მწერლები ქრებიან, გამოძიება, ყვავილების ბუკეტზე მიწერილი უცნაური წერილი გამქრალი მწერლისგან – თხრობაში შემოდის დეტექტივი. ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, რომ ავტორი დეტექტიურ ნაწილს ცოტა მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით  მოჰკიდებოდა, რადგან ეს ხიბლს შესძენდა ნაწარმოებს. აი, როგორც ანა კორძაიამ გააკეთა „ჩაიკაში“ – დეტექტივიცაა და სხვა რაღაცეებიც, ერთმანეთს ხელს არ უშლიან. აქ კი დეტექტივი უნდა იყოს, მაგრამ არ არის, „სხვა რაღაცეები“ კი უხვადაა და ამ მეორე კომპონენტის გარეშე, საერთოდაც კარგავენ მიმზიდველობას. ძლივძლივობით, მაგრამ სიუჟეტი მაინც ვითარდება. თითქოს ერთგან ინტრიგაც კი გიჩნდება და სვამ კითხვას – „მართლა და, ვინ იტაცებს ამ მწერლებს?“, მაგრამ როდესაც ფინალში გადიხარ, ხვდები, რომ ან სათაური უნდა ყოფილიყო სხვანაირი, ან ცოტა მეტად ჩახლართული დეტექტივის კომპონენტი. ძალიან უგემურად იხსნება კვანძი, რაც ასევე დიდ მინუსად მიმაჩნია. ფიქრები, ფიქრები, ფიქრები ყველგან. პერსონაჟები ფიქრობენ და ამ ფიქრებს მკითხველიც ეცნობა. ეს ფიქრები ეხებიან ყველაფერს და პერსონაჟებს კი არ ეკუთვნიან, არამედ ეკუთვნიან პირდაპირ ავტორს. თხრობის გაწელვის ძირითადი მიზეზიც ხომ ესაა.

გავიგეთ მკვლელის ვინაობა, მერე? მერე არაფერი – სასწრაფოდ მიფუჩეჩებული საქმე. არადა, ავტორს ბოლოშიც კი ჰქონდა შანსი, რომ ცოდვები გამოესყიდა ერთგვარად და ცოტათი მეტი ეშრომა მკვლელობის მოტივაციაზე, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ვინმემ არასწორად არ გამიგოს და არ იფიქროს, რომ ავტორს დოსტოევსკისეულ წიაღსვლებს ვთხოვდი მკვლელის ფსიქოლოგიაში, რა სისულელეა, მას ხომ ეს არც ჰქონია მიზნად. მას უნდოდა, რომ მწერლების გატაცება და მკვლელობა ერთგვარ მეტაფორად გამოესახა, თუმცა ეს მეტაფორა იმდენად არადამაჯერებელი და უგერგილოა, რომ დიდად ვერ აღგაფრთოვანებს. არადა, ამ კუთხით შეიძლებოდა ბევრი საინტერესო განვითარების მოძიება, თუმცა ავტორმა თავი აარიდა ამას და ერთგვარი ნახევარფაბრიკატი შემოგვაპარა მკითხველებს. თითქოს ზემოთ არაერთხელ ხსენებული აზრების ერთად თავმოყრა უნდოდა თავიდან და მერეღა გაახსენდა, რომ წიგნია მაინც და ფაბულა მოუძებნა ნაუცბათევადო.

სამართლიანობისთვის დადებითი მხარეებიც აღსანიშნია. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა ავტორის უნარს, გარემოებები და მიკროსიტუაციები აღწეროს ფოტოგრაფიული სიზუსტით და თვალწინ გაგიცოცხლოს კადრებად. ეს მკაფიოობა კარგი და დაკვირვებული თვალის დამახასიათებელია, თვალის, რომელიც დეტალებზეა კონცენტრირებული და არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოეპარება. ბიკას პერსონაჟიც აღსანიშნავია, რომელიც ყველაზე საინტერესო და სრულყოფილია წიგნში. როდესაც მისი და მდივნის ფსევდოფილოსოფიურ და ცხოვრებისეული სიბრძნეებით გაჯერებულ დიალოგს ვკითხულობდი, დიდად არ მომწონდა, მაგრამ როდესაც ეს პერსონაჟი ამოიწურა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა და მივხვდი, რომ ბიკას სწორედ ასეთი მეტყველება, აზრები და ქცევა უნდა ჰქონდეს. გადამწყვეტ მეილსაც ამგვარი სტილით უნდა წერდეს. სხვა საქმეა, რომ იდეაში ბიკა არაფერში საჭირო არ იყო და ცოტათი ჩაკვეხებულსაც კი ჰგავს მთელი თავისი თავგადასავლით, მაგრამ კარგადაა ჩაკვეხებული. და კიდევ, წიგნში კარგი და ადეკვატურია ასევე მისი ყდა. იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ფასზე (ვერაფრით გავიგებ, რატომ აფასებენ ასე ძვირად ერთი ციცქნა წიგნებს, თუ მაინცდამაინც პაპირუსზე არ ბეჭდავენ).

წიგნის გამოსვლამდე ერეკლე ხშირად აღნიშნავდა, რომ ამ რომანით მან ახალი იმიჯი შეიქმნა, რომ გაიზარდა, აღარ სჯერდება მარტივ პროვოკაციებს და ერთგვარად მზადაა ნამდვილი ლიტერატურით დაკავდეს, რაც მარტივს არა, მაგრამ უფრო რთულ პროვოკაციებს სულაც არ გამორიცხავს. საბოლოო ჯამში კი ეს წიგნი ზრდის ინდიკატორად ძნელად თუ გამოდგება. ის, რომ წიგნი ტვინახურებული მართლმადიდებელი მშობლების თუ მათი დამქაშების გასაღიზიანებლად არ არის განკუთვნილი, აპრიორი ზრდას არ ნიშნავს. დავიტოვოთ იმედი, რომ ერეკლეს მომდევნო ნაწარმოებები მართლა იქნება მომდევნო ნაბიჯები მის ლიტერატურულ საქმიანობაში. ასევე ვუსურვოთ ავტორს, რომ მომდევნო წიგნებისთვის კარგი და პედანტი დამლაგებლის თვალით შეეხედოს.

© “არილი

Facebook Comments Box