ესე

ზაზა ფირალიშვილი – ფიქრის თავგადასავალი

parjiani irakli

ფრაგმენტი წიგნისა „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“.

ერთი წლის განმავლობაში, ირაკლის ნახატებს კიდევ და კიდევ ვუბრუნდებოდი. რაღაც მომენტისთვის, ეს ყოველდღიურ რიტუალად იქცა – თვალი უნდა გადამევლო მთელი კატალოგისთვის. ეს, თითქოს, ერთგვარი მედიტაცია იყო, საშუალებას რომ მაძლევდა, წამიერად გაღვიძებული ინტუიციები კიდევ ერთხელ მომესინჯა და მათთვის გზის გახსნა მეცადა. დაბრუნება სხვა მნიშვნელობითაც ზუსტად გამოხატავს იმას, რაც ამ დროს ხდებოდა. როგორც წესი, შენ მეტყველებ საგნის შესახებ და გამოთქვამ მას. ცენტრალური ადგილი გიკავია შენ და იმას, შენ გამოთქვამ ამ საგნის შესახებ. კვლავდაკვლავ დაბრუნება კი იწვევს იმას, რომ თანდათან ეჩვევი, თავად საგანს მიმართო და შანსი მისცე, შენით გამოთქვას საკუთარი თავი. შემეცნება და გაგება, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, ერთი შეხედვით, გარე მდებარე საგანს შანსი მისცე შენით ამეტყველდეს.

ამ აზრით, წამიერად გაღვიძებული ინტუიციაც გამოცდილებაა იმისა, რომ შენამდე თავად საგნიდან მოდის უწყება. ამგვარ წამებს ჰიპნოტური ძალა აქვს და კიდევ და კიდევ უბრუნდები საგანს, მერე გადადებ, სამოგზაუროდ გასწევ და ისევ უბრუნდები. წამიერი გამოცდილების ამ მცირე დროის განმავლობაში, საგანი გაუწყებს იმას, რაც, თითქოს, აქამდეც იცოდი, მაგრამ ცნობიერების ზედაპირზე ვერ ამოგეტანა და მისთვის ადეკვატური სიტყვიერი ქსოვილი ვერ მოგეძებნა.

მას შემდეგ, რაც კატალოგის ელექტრონული ვერსია ვიშოვე, სურვილი გამიჩნდა, ნახატები თემატურად დამელაგებინა. როგორც კი ხელი მოვკიდე ამ საქმეს, თავისთავად დაიბადა აზრი – თითოეული თემის დროში განლაგებისთვის მიმედევნებინა თვალი. სრულიად თვალშისაცემად ჩანდა რამდენიმე თემა, რომელიც, სწორედ რომ, მუსიკალური ფუგის პრინციპით მეორდებოდა წლების განმავლობაში. ამგვარი განმეორებადობა ფერთა განსხვავებულ დრამატურგიასა და სხვა თემათა კონტექსტში იძლეოდა მთელი ამ მხატვრული პანორამის ისეთ სურათს, რომელიც, შესაძლოა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს მხატვრის ამოსაცნობად, უფრო კი, მინიშნებად იმ გზაზე, რომელსაც უნდა შევუდგეთ მის ამოსაცნობად, ვიდრე რაიმე სხვა, ვიდრე, თუნდაც, მისი რამდენიმე ავტოპორტრეტი, რომლებიც, უმალ, მინიშნებაა დირიჟორის იმ უხილავ ჯოხზე, რომლის მეშვეობითაც მთელი ეს ფერთა და თემათა დინამიზმით ნიშანდებული პანორამა იქმნება. შევეცდები, დავაზუსტო, რას ვგულისხმობ.

 

არსებობს თემები, რომლებიც მუდმივად პულსირებენ ჩვენში. მაშინაც კი, როდესაც მივიწყებული ან ამოწურული გგონია, თურმე, იდუმალ, პარალელურ გამოცდილებაში განაგრძობენ არსებობას და კვლავ და კვლავ გახსენებენ თავს. ხანგამოშვებით, ფიქრის ამორფული მასა, თუ გნებავთ, ფიქრის ამორფული ენერგია გარკვეული თემატური ცენტრების ირგვლივ კრისტალიზდება უკვე ჩვეული, თუ ჯერაც, ამოცანად მყოფი ტროპების, აზრებისა და მეტაფორების ირგვლივ. ცნობიერება, თითქოს, ერთგვარი, ალქიმიური კოლბაა, რომელშიც, წინასწარ მოცემული ენერგეტიკული ცენტრების მეშვეობით, ფორმას იძენს ის, რაც იმთავითვე უფორმოა. ცნობიერების ამ ალქიმიის შედეგად კი ვიღებთ ნაყოფა – სიმპათიკური და ანტიპათიკური ძალების, სტიქიებისა და სულების გამოძახებისა, ფიქრთა ურთიერთზედდებისა, შედეგს იმ მაგიური სიმბოლოებისა თუ ცოცხალი მეტაფორებისა, ყოველდღიურობაში მოფიქრებას რომ ვუწოდებთ, ფიქრთა განსხვავებულ ჰორიზონტს რომ წარმოადგენს და რომელიც, შემდგომ, ლოგიკის, სახეთა, ბგერათა თუ ფერთა საკომუნიკაციო მატრიცაში განთავსდება.

თითქოს, ერთი და იგივე ენერგეტიკული ცენტრები საშენ მასალად იყენებენ ყველაფერს, რაც ცნობიერების ველზე ხდება. თავის მხრივ, განმეორებადი ფიქრიც ისევე შეიძლება იქცეს საშენ მასალად და დაექვემდებაროს ფიქრების სვლას საიმისოდ, რომ შემდეგ ისევ საკუთარ თავს მიუბრუნდეს და კიდევ ერთხელ მოგვევლინოს ირაციონალური ენერგიის ყალიბად. თითქოს ეს ის შემთხვევაა, როდესაც განსხვავებული ნივთიერებები ერთმანეთის მეშვეობით კრისტალიზდებიან, მყისიერად ჰკარგავენ მყარ ფორმებს და შემდეგ კვლავ ჩნდებიან სხვა დროს და სხვა ადგილას, უკვე ახალი ელფერებითა და ჟღერადობით. ესაა უცნაური კალეიდოსკოპი, რომელშიც მიმართებებია დარღვეული და კრისტალი ისევე განსაზღვრავს ფორმას, როგორც ფორმა – კრისტალს; როცა შეუძლებელია გაარკვიო, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე, განსაზღვრო, თუ რა იბადება და რა ქრება ამ მოუსვენარ და მოუხელთებელ დინამიკაში, რადგან მყისიერად სხვაც იჩენს თავს – ეს უკანასკნელი კი, იგივეცაა და არც არის იგივე. ამ სამყაროში ფერი ხომ ისევეა ფიქრი, როგორც ფიქრი თავისთავად და, პირიქით, ფიქრიც იმავე უფლებით არის ფერი ან კონტური და ისინი ერთმანეთის მეშვეობით პოულობენ საკუთარ თავს და გადამუშავდებიან გონების კოლბაში, პრიზმაში გატარებული თეთრი სინათლის მსგავსად, კვლავ შეიძლება დაიშალონ ახალ ფიქრებად, ფერებად, ბგერებად, აზრებად, კვლავ შეჯგუფდნენ და ასე შემდეგ. და ყველაფერი ეს არყოფნის წიაღში ჩაიძირებოდა, თუ არა ნება, როგორც დირიჟორის ჯოხი, როგორც წყარო ერთგვარი წესრიგისა და გარკვეულობისა, იდენტობის ერთგვარი ნიშნებისა თუ მინიშნებებისა. წმინდა სახით თუ ავიღებთ, სწორედ ის თუ იქნება მეგზური – ნება სვლისა და გარკვეულობისა, ნება იმისა, რომ არ დასჯერდე იმას, რაც საკუთარ თავს გთავაზობს, როგორც თავის მისაყუდებელს და უარი არ თქვა იმ ბოლოვადი მოგზაურობისთვის, გამზადებულ ნავზე, დანისლულ ნაპირთან ტალღებზე რომ ირწევა; ნება, რომელიც ფუგირებულად გამოხატავს თავს ბედითი რიტმით განმეორებული თემების მეშვეობით.

თუმცა კი, სულის ამ ალქიმიაში ხანგამოშვებით თავადაც ვერ გაგირკვევია, სად მთავრდება შენი ნებელობა და საიდან იწყება იმ იდუმალი ძალების – ფერის, ბგერის, სიტყვის თუ ფიქრის – ნება, რომლებიც ამ იდუმალი პროცესის სუბსტანციით უზრუნველგყოფენ, როდის განაგებ შენი ფიქრების მდინარებას თავად და როდის გაწვდიან მათ გარედან – თანაც იმ წამს, როდესაც თავადაც მზად ხარ მის აღსაქმელად გრძნობის ორგანოდ ქცეული შენი გონებით. თუმცა კი, ბედნიერ წუთებში, გრძნობ, თუ როგორ ფარავენ ერთმანეთს შენი და მისგან განსხვავებული ნებელობები ერთმანეთს, რომ სინამდვილეში, არც გარე ნება არსებობს და არც შიგა და, თუკი რაიმე არსებობის ყველაზე ცხადი და ნათელი მნიშვნელობით, მათი კვეთაა.

ყოველივე ამით იმის თქმაც გვინდოდა, რომ თემას, ფიქრს, განწყობას, თურმე, თავისი თავგადასავალი აქვს. მოცემული ტექსტის მეშვეობით, თავისთავად, ეს სახედ ქცეული აზრიც საკუთარ თავგადასავალს გადის. ამდენად, საქმე ორმაგ თავგადასავალთან გვაქვს: აზრის თავგადასავალთან იმის შესახებ, რომ აზრს თავისი თავგადასავალი აქვს და იმ მასალასთან, რითაც მისი დღევანდელი სხეულის მანიფესტირება მოხდება. ამ ორმაგ თავგადასავალში მოძრაობა საკმაოდ რთული ამოცანაა. მითუმეტეს, სირთულეს ქმნის ის ინსტრუმენტები, რომელთაც ამ ტექსტის მთავარი პერსონაჟი ირაკლი ფარჯიანი, მანამდე კი, მისი დიდი წინამორბედი ფიროსმანი, იმარჯვებდა თავისი სათქმელის გადმოსაცემად: ერთგვარი, ზღაპრისა თუ სალოსის ლინგვისტიკა, ერთგვარი, პირველადი სიცხადეების ენა, შეძლებისდაგვარად რომ არის თავისუფალი ინტელექტუალური თუ ინტელექტუალისტური ტვირთის, იმთავითვე გაზიარებული სიცხადეებისა თუ ვალდებულებებისგან და იმ სისადავის ქსოვილს ქმნის, რომელშიც მორწმუნეთათვის ანგელოსები სუფევენ. არადა, სწორედ ამ ინსტრუმენტებითაა გადმოცემული თემათა აზრთა და განწყობათა ის პულსაციები, რომლებიც კატალოგში თვალსაჩინოდ ამოიცნობა და მხატვრის პარალელური, ფარული ბიოგრაფიის სრულიად გარკვეულ რელიეფს ქმნის.

თავისთავად გაჩნდა ორი მეტაფორა, როგორც მინიშნება იმაზე, რის გამოთქმასაც ვლამობთ: ზღაპარი და თავგადასავალი. ამით, თითქოს, ახალ განზომილებებში განვათავსებთ მას. მაშასადამე, თემას, ფიქრს, მეტაფორას თავისი ბიოგრაფია აქვს. წარმოიდგინეთ, გზად გამოსული ზღაპრის გმირი, მზეთუნახავთან მისტიკური ქორწინებისა თუ ნატვრისთვლის მოსაპოვებლად მტრებითა და მოყვარეებით, დევებითა და ფერიებით, ავი და კეთილი სულებით დასახლებულ გზას რომ გასდგომია. წარმოიდგინეთ მისი მეტამორფოზები ამ გზაზე მას შემდეგ, რაც ნაცართან ან დედის გარდაცვალებამდე უზრუნველი ყოფიდან გამოაგდებდნენ ათასგვარი ხიფათითა და მართალი თუ ცრუ გზისმაჩვენებლებით მოფენილ გზაზე და ერთადერთი, რაც მას მიუძღვის წინ, მისი ნებაა. ყოველი შეხვედრის შემდეგ იგი იგივეა, რაც იყო და არც არის იგივე. ყოველი შეხვედრა მას უკვე ახალ ჰორიზონტში განათავსებს. თუ ძმობილს გაიჩენს, იმ წამიდან, ის უკვე გაორებულია და გაორმაგებული ძალისხმევის გაღებაც ძალუძს. თვალთმაქცურად ვითომც ნებდება გარემოებებს, მაგრამ მხოლოდ საიმისოდ, რომ მრავალი სხვა, თავისნაირის მეშვეობით, ახალი ძალები მოიკრიფოს და გზას ისე გაუდგეს. და მთელ ამ ჯადოსნურ თავგადასავალში მხოლოდ ერთი რამ არის იმთავითვე ნათელი: გმირი აუცილებლად მიაღწევს მისტიკურ ქორწინებას, აუცილებლად მოიპოვებს მოსაპოვებელს, თუ დაცულია პირობა: როგორც უნდა თრგუნავდნენ გარემოებები, როგორც უნდა შეითქვას მთელი სამყარო მის წინააღმდეგ, როგორ უიმედოდაც უნდა ჩანდეს მისი მდგომარეობა, ვერავინ წაართმევს უმთავრეს მადლს, რომელიც დაჰყოლია – სვლის ნებას და პატიოსანი აზროვნების უნარს (მამარდაშვილი). ერთადერთი არსება ამქვეყნად, რომელსაც ამგვარი წართმევა და, რაც, ალბათ, იგივეა, თვითმკვლელობა ძალუძს, მხოლოდ თავადვეა.

აზრებისა და თემების ამ პულსაციაში თუკი რაიმე მჟღავნდება, პირველ რიგში, სწორედ – თავგადასავალი სიკვდილამდე გარდაცვალების, თავგადასავალი ზღაპრული მისტიკური ქორწინების იმ ვნებისა, რომელიც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, როგორც მთავარი რამ, მთავარი ხელჩასავლები, მხატვრის პარალელურად სვლის უნარს რომ გვანიჭებს. სწორედ, თემათა და ფიქრთა ეს პულსაცია მიგვანიშნებს იმ შინაგან რელიეფზე, სადაც ის მოძრაობდა, იმ ყველას თვალისგან დაფარულ ბიოგრაფიაზე, რომლის აღსრულებაც მას ეწერა და რომლითაც უნდა გამჟღავნებულიყო, როგორც უფლის ჟესტი, როგორც პირველადი ლოგოსის ჟღერადობა და მისთვის, როგორც შემოქმედისათვის ბოძებული საგანგებო კომპეტენციის წყალობით, ამ ჟღერადობის რეზონანსიც უნდა აღეძრა ჩვენში. ჩვენ გვაქვს საშუალება, შორიდან, მაგრამ მაინც ვადევნოთ თვალი, თუ როგორ განეფინება მხატვარი, როგორც უფლის ჟესტი, ფუგირებული ფიქრების სიმფონიურობად, ფერების მელოდიურობად, თუ როგორ ცდილობს იგი ფერებისა და კონტურების მეშვეობით მოახდინოს იმიტირება უფლის სიტყვისა, რათა, თუ ვერ ამოხსნის, ამოიცნოს მაინც ის ამოცანა, რომელიც მისი სახით გაჩნდა ამქვეყნად.

ასეა თუ ისე, თემები და ფიქრები წლების განმავლობაში პულსირებენ, გახსენებენ თავს და, რაც მთავარია, იმას გაუწყებენ, რომ საგნებთან, ადამიანებთან და გარემოებებთან ერთად, ისინიც ის საშენი მასალაა, რომლითაც აიგები, როგორც გზა და ბედისწერა და რომლის წყალობითაც განეფინები შენი არსებობის ქრონოტოპში. ფიქრები და თემები პულსირებენ და საგნებთან თუ ადამიანებთან ერთად, გარკვეულობასა და თვითობას განიჭებენ და, კიდევ, იმედს იმისა, რომ უფალს შენთვისაც უწყალობებია სფინქსის ამოცანა, შენს გზაზე რომ გაბნეულა და ერთი და იმავე თემის მრავალფეროვნებაში ქმნის ამ სადღაც და ოდესღაც დასმული კითხვის ერთიან, ერთჯერად აქტში გამოუთქმელ რაობას. ჩემი სული ხომ უფლის ჟესტია, როგორც კითხვა, ის ხომ კითხვად გამოთქმული უფლის ჟესტია, რომლის ამოწურვასაც დროში გაჭიმული ფიქრებისა და თემების პულსაციით ვცდილობ, ფიქრთა, თემათა და მეტაფორათა პულსაციითა და ურთიერთმონაცვლეობით, ცნობიერების ერთიან პანორამაში რომ განთავსდება.

 

კიდევ ერთხელ: რა არის ფიქრის თავგადასავალი? როგორ შეიძლება ეს აღვწეროთ? როგორ შეიძლება მოვხაზოთ კონტური იმ გზისა, რომელსაც ის გადის თავისი ჩასახვის პირველი წამიდან იმ მომენტამდე, როდესაც პირველად გამოანათებს მთელი თავისი ძალმოსილებით, როგორც მოფიქრებული, თითქოს საიმისოდ, რომ კვლავ მიიმალოს აზრის იმიტაციებსა და ფიქრის მახინჯ ორეულებს შორის? როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ სიცხოველე იმისა, რაც წამიერად მოგვიცავს და მთელი თავისი სიცხოველით გაგვაჯერებს? როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ფიქრის ფანტომებს, რომლებიც თვალთმაქცურად ცდილობენ მის ჩანაცვლებას და პომპეზური მანჭვა-გრეხით ლამობენ მისი ადგილის დაკავებას? სად არის მისი ადგილი და აქვს კი მას ის ადგილი, სადაც შეიძლება გვეგულებოდეს მთელი თავისი დიდებულებით დაბრძანებული, თუ ის ისეთივე მოუხელთებელია და მხოლოდ წამიერად საცნაური, როგორც ნებისმიერი სხვა რამ, რისი იმედითაც გავნაგრძობთ არსებობას? თუკი რაიმე ამართლებს ჩვენს არსებობას, ხომ სწორედ ეს იმედია – რომ მოუხელთებელ-მოხელვადი სადღაც ახლოსაა, სადღაც, ხელის გაწვდენის მანძილზე და მიუხედავად მისი თვალთმაქცობისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩამნაცვლებელთა კარნავალშია მიმალული, მაინც მყარად ვფლობთ მას, როგორც ჩვენი არსებობის საზრისსა და გამართლებას. მისი მოხელვა არ შეგვიძლია, მხოლოდ ძალგვიძს, თვალი მივადევნოთ, თუ როგორი ორგიასტული ვნებათაღელვით იცვლის ის თავაწყვეტილ კარნავალში ნიღბებს და როგორ ულმობლად იშორებს ნებისმიერ ნიღაბს, რომელიც მის დაუფლებას, დაურვებასა და რიგით სიცხადედ ქცევას ლამობს. შესაძლოა, მისი ამოცნობა ვერ შევძლოთ, მაგრამ შეუძლებელია, ვერ ვიგრძნოთ, თუ როგორ ვნებიანად უფლობს იგი აზრის თვალთმაქც ორეულებს შორის და როგორ თამაშობს ამ ორეულებით. ალბათ, ასეა, მის არსებობას სწორედ ამ ორეულებით ვცნობთ და სწორედ ეს ორეულებია ის კვალი, რომელიც ფიქრის თავგადასავლიდან რჩება, მის არსებობაზე რომ მიგვანიშნებს და მის არსებობას გვიდასტურებს. და, ალბათ, ამიტომაცაა ფიქრის თავგადასავალი მის ორეულთა თავგადასავალი, მისი ორეულების გამჟღავნების გზა, გზად დატოვებულ საბუდართა რიგი.

არის რაღაც განმეორებადი ჟესტი, რომელიც მიგვანიშნებს ფიქრის ამ პულსაციასა თუ თავგადასავალზე, ერთი, რომელიღაც, დაფარული და გამჟღავნების მცდელი ჟესტი, თითქოს, ერთი, რაღაც, ყოვლისმომცველი სიტყვა, თავისი უსასრულო მრავალსახეობით. ალბათ, დაკვირებიხართ, რომ ხალხური მელოდიები რომელიღაც, ერთ, უკიდურეს შემთხვევაში, ორ ან სამ მუსიკალურ ჟესტზეა აგებული. ალბათ, დაკვირვებიხართ, როგორ მჟღავნდება ის მრავალსახეობასა და მრავალფეროვნებაში, ელფერთა პალიტრაში და, მაინც, საკუთარ თავად რჩება, უფრო კი, საკუთარ თავს გვიტოვებს როგორც გამოცანას, როგორც გამოუთქმელი მელოდიის გამოთქმის მცდელობათა დროში გაჭიმულ მრავალსახეობას. სრულიად ასევე, როდესაც აზრისა და თემების პულსაციებსა და თავგადასავალს ვადევნებთ თვალს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე რაღაც მსგავსთან გვაქვს, რაღაც გამოუთქმელის გამოთქმის მცდელობასთან, რომ გაუვალ თუ იოლად გადასალახ გზათა დალაშქვრით, ბედისწერის სიმბოლოებად გამოგზავნილ ადამიანებთან და საგნებთან შეხვედრით, მსუბუქად თუ უკიდურესი ძალისხმევით გამოითქვას ერთადერთი სიტყვა, ის ერთადერთი განწყობა, რომელთან იგივეობის დადგენაც მხატვრის ამოცანად ქცეულა და რაც მას უფლის ჟესტად ყოფნას უდასტურებს. მე, როგორც უფლის ჟესტი, ამ უკანასკნელთან იგივეობისკენ ვცდილობ სვლას ფერებისა და კონტურების, როგორც ინსტრუმენტების მეშვეობით. მე, როგორც უფლის ჟესტი ყველაზე ნათლად, ალბათ, სწორედ აზრისა და ფიქრის ამ პულსაციებში ვჩანვარ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი – იმ გზაში, რომელსაც ესა თუ ის ფიქრი გადის დაბადებიდან ცხოვრების ბოლო წამამდე, სანამ არ გაქრება ის ადგილიც კი, სადაც ეს აზრი შეიძლება პულსირებდეს.

 

უკვე ვთქვით, რომ დროში გაჭიმული ფიქრის თავგადასავალი მუსიკალური თემის ფუგირებულ მოძრაობას ჰგავს. სხვადასხვა კონტექსტში ის მჟღავნდება, როგორც იგივე, როგორც მოძრაობა, ღიმილისმომგვრელად რომ გახსენებს საკუთარ თავს და, ამასთანავე, როგორც რაღაც სხვა. ის, ჰერაკლიტესეულ მდინარესავით, იგივეცაა და არც არის იგივე იმდენად, რომ ერთსა და იმავე ნაწარმოების გრძეობაში შეუძლებელია მისი ორჯერ მოსმენა. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარი თვითობისთვის ვერც ერთ გამჟღავნებაში ვერ მიუგნია. საიმისოდ, რომ რაღაც ერთხელ და სამუდამოდ გამჟღავნდეს, მას საკუთარი თვითობა უნდა ჰქონდეს მოპოვებული. ვერც ფიქრი მოიპოვებს თავის თვითობას ისევე, როგორც ვერ აღწევენ ამას მისი ინსტრუმენტალიები (ფერები, კონტურები, ბგერები, სიტყვები), რომელთა მონაცვლეობითაც ცდილობს ის დაბადებას. ესეც მოგზაურობაა, ოღონდ ფიქრის მოგზაურობა საკუთარ ინსტრუმენტალიებსა და ნიღბებს შორის. ესეც მოგზაურობაა საკუთარი ფიქრის, როგორც მის წინაშე სადღაც და ოდესღაც წარმომდგარი კითხვის მიმდევარი ადამიანისა. კითხვა ფიქრებად დაშლილა და შემდეგ ეს უკანასკნელები საკუთარ გამჟღავნებათა კალეიდოსკოპით ცდილობენ იმ უნივერსალური ფორმის ძიებას, სადაც სფინქსის ამოცანასავით არის ჩამალული ის პირველადი და მთავარი კითხვა, რომლის პასუხშიც შეიძლება საკუთარი თავი დაიგულო. ამით, ადამიანის არსებობა თითქოს თემებად დაშლილ ფიქრთა თავგადასავალია.

თუ ასეთი თვალით შევხედავთ ფარჯიანის მხატვრობას, მაშინ ამ ფიქრთა პულსაციებსაც შეიძლება მივაგნოთ იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება გარკვეულ თემათა მონაცვლეობა და რა კონტექსტში იჩენენ ისინი თავს. თავად ფიქრებს კი მათი გამოხატვის ინსტრუმენტალიებით თუ მივაგნებთ, იმ თემებით, რომლებიც 15-20 წლის განმავლობაში ჩნდებოდნენ, ერთმანეთში გადადიოდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, თანაარსებობას ლამობდნენ და ასე შემდეგ. მუსიკალური ფუგისგან განსხვავებით, ამ, ფუგირებულ ვიზუალურ ბიოგრაფიაში ზოგი თემა მხოლოდ ერთხელ ან სულ რამდენჯერმე გვხვდება (ვთქვათ, მუსიკოსები, შეხვედრები, შობა, საიდუმლო სერობა, რომელსაც მხატვარი ცხოვრების ბოლოს მიუბრუნდა რამდენჯერმე); ზოგი – მრავალჯერ (ადამი და ევა, ნავი, ყვავილები, ხარება, ჯვარცმა, მეტაფიზიკური ლანდშაფტი, აბსტრაქცია). გვაქვს თემათა ზედდებაც. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორი თემა სრულიად თვალსაჩინოდ თანამყოფობს (ვთქვათ, 1988 და 1989-90 წლების “ყვავილები ნავით”, 1989 წლის “ყვავილები ჩიტით”), სხვადასხვა წლების აბსტრაქციებში, კომპოზიციებსა და მეტაფიზიკურ ლანდშაფტებში თითქმის ყველა ძირითადი თემა თანამყოფობს და გარკვეულობასა და კონტურებდაკარგულ ფიგურებს შორის ამოცნობადია ნავი, ყვავილები, გრაალი, ანგელოზთა ფიგურები და ა. შ. ამით, თითქოს ხანგამოშვებით, თავად თემებიც ჰკარგავენ გარკვეულობას და ახალი თემისა თუ სათქმელის მასალად იქცევიან.

ხარების თემა პირველად 1979 წელს გვხვდება. მთავარანგელოზი გაბრიელისა და ღვთისმშობლის თოჯინური ესთეტიკით შესრულებული ფიგურები ცნობადის ხის ფონზე არიან. ხარების ნიშნად მთავარანგელოზს ხელში ყვავილი უჭირავს. შემდეგი წლების განმავლობაში მისი გამჟღავნების სიხშირე მცირეა და 1986 წლამდე სულ რამდენჯერმე გვხვდება. 1986 წელს ზედიზედ რამდენჯერმე უბრუნდება მას და შემდეგ ისევ ერთგვარი პაუზაა, სულ რამდენიმე განმეორებით. 1989 წლიდან ცხოვრების ბოლომდე კი ის კვლავ ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცევა. ზედიზედ იქმნება რამდენიმე ნახატი, მათ შორის ორ -“ახარა” და “გაფრინდა” – ბიოგრაფიის რაღაც იდუმალ მომენტზე მიმანიშნებელი. 1989 წლის ნახატებიდან ორში მთავარანგელოზიც, ღვთისმშობელიცა და ყვავილიც ჰკარგავენ კონტურებს და, უმალ, მთვლემარების ხილვებს გვაგონებენ. ფიგურები, თითქოს, ნათლისაგან იშვება და არ იქსოვება ფერის სუბსტანციით, როგორც ეს სხვა ნახატებშია. ამავე წელს იქმნება რამდენიმე “ნავის მეტამორფოზა”. ნავის, როგორც თემის გამჟღავნების რიტმი სხვა წლების განმავლობაში თუ შედარებით თანაბარი იყო, ამ წელს იგი ზედიზედ მიმართავს მას და თანაც, აღარ სჯერდება ნავს, როგორც ნივთს და მის მეტამორფოზებში ეძებს ამ თემასთან ინტიმს.

სრულიად ასევე, ჯვარცმა, რომელიც თითქმის არ ჩანს ადრეულ ნამუშევრებში, რაღაც უცნობი გარდუვალობით მხოლოდ ერთხელ იჩენს თავს 1985 წელს, ხოლო 1989 წლიდან მოყოლებული, კვლავ და კვლავ მეორდება, რათა ნახატთა სიმრავლის წყალობით გამოითქვას ფიქრის ის მუხტი, რომელიც ერთ დღეს ფარჯიანმა მისი წყალობით იგრძნო. თანაც, ყველა შემთხვევაში მეორდება ფერთა განსხვავებული დრამატურგიით, განსხვავებული კოლორისტიკით, მაგრამ ყველა შემთხვევაში, განმეორებადი, სამტოტიანი, ვერტიკალურ განზომილებას მოკლებული ჯვრით, რომელსაც ზეცის მთელი უსასრულო სიმძიმე დასწოლია და რაც თითქოს აათმაგებს ჯვარცმის თანაგანცდის სიმძიმეს და მაცხოვრის სიტყვებს ეხმიანება: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი – ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტეობ მე? სრულიად ასევე, საიდუმლო სერობა თავის მრავალფეროვნებაში ფარჯიანის სიცოცხლის ბოლო სამი წლის განმავლობაში იჩენს თავს და მისი შინაგანი ბიოგრაფიის რაღაც, ღერძულ მომენტზე მიგვანიშნებს.

როგორც ჩანს, 1989 წელი ირაკლი ფარჯიანისათვის განსაკუთრებული წელი იყო.

ნახატებზე ეს ზერელე თვალის გადავლებაც გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ ვიზუალურ ბიოგრაფიაზე, მხატვრის ფუგირებულ არსებობაზე, რომელშიც რამდენიმე თემა ურთიერთმონაცვლეობს, თანაც ისე, რომ ხანგამოშვებით ჰკარგავენ თავის მკაფიო კონტურებს. თითოეული თემის დროში გაჭიმული სვლა თავგადასავალია ფიქრებისა, ამ თემათა მეშვეობით რომ ცდილობდა გამჟღავნებას, თავგადასავალია იმისა, თუ როგორ მყოფობდა მხატვარი თავის “შინ”-ში. სხვაგვარადაც შეიძლებოდა გვეთქვა: სიკვდილამდე გარდაცვალებაა სწორედ ის, რის განსხვავებულ თემებად დისპერსიასაც ვადევნებთ თვალს, ოღონდ ეს უკანასკნელი ხორციელდება არა სივრცეში, არამედ დროში და კიდევ იმით განსხვავდება სინათლის დისპერსიისგან, რომ მის შედეგად გაჩენილი ყველა თემა ნოსტალგიურად მიიწევს თავდაპირველი მთლიანობისკენ.

მხატვრის ხელი ისევე ამთლიანებს და წარმართავს ამ თემებს, როგორც დირიჟორისა – ორკესტრის მრავალხმიანობას. მრავალხმიან თემათა განვითარება წარმოადგენს მხატვრის მისტიკურ სხეულს, როგორც სიმფონია – დირიჟორისა, საკუთარ სხეულში რომ არეკლავს მუსიკალურ ნაწარმოებში გამჟღავნებულ ლოგოსს. ესეც ხომ სიკვდილამდე გარდაცვალებაა, ოღონდ ბგერის ჰორიზონტში. ამით ფუგის მნიშვნელობა სცილდება მუსიკის სფეროს და ათვალსაჩინოებს იმას, თუ კონკრეტული მხატვრის კონკრეტული ცხოვრების პრიზმაში სულის პირველადი ნათელი როგორ იშლება თემა-სახეებად, თემა-ნიღბებად და, ბედნიერ წუთებში, თემათა ურთიერთგადასვლითა და ურთიერთზედდებით როგორ უბრუნდება ის საკუთარ თავს, როგორც მრავალხმიანობის სიმფონიურ მთლიანობას. არსებითად, ნებისმიერი მხატვრის მიზანიც ხომ ესაა: საკუთარი ნების კოჰერენციის მიღწევა ბგერის, ფერისა და სიტყვის ნებელობასთან, რათა ეს განსაკუთრებული წამები იქნას მოპოვებული. ამ მცდელობების რიგი ქმნის მისი ცხოვრების პანორამას – უსასრულო მარტოობით თუ ყოფიერებასთან მოულოდნელი შეხვედრის სიხარულით, თავისი უმწეობითა და დემიურგული ძალმოსილებით, არსებობის საზრისის დაკარგვითა და მისი კვლავმოპოვებით იქ, სადაც ადრე არც კი ეგულებოდა. ესაა მისი ბიოგრაფია, რომელიც მხატვრის და, ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაშიც, მუსიკალური ნაწარმოების ანალოგია იმ განსხვავებით, რომ მის საშენ მასალას წარმოადგენს არა მხოლოდ ბგერებში გამჟღავნებული ლოგოსი, არამედ – ფიქრებში, განცდებში, შეხვედრებში, ბედით გარემოებებში და ასე შემდეგ.

და თუ ყველაფერი ეს მართლაც ასეა, მაშინ ქრონოლოგიურად განლაგებული ნახატების თვალის გადავლებით ვიზუალურ ბიოგრაფიაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ – თავისი აზრის კონცენტრირების წერტილებით, თემათა და ფიქრთა პულსაციებით, ფერთა და ფიქრთა თავგადასავლებით და ასე შემდეგ, მაგრამ, ალბათ, უნდა ვილაპარაკოთ სწორედ რომ ბიოგრაფიაზე და არა ავტობიოგრაფიაზე, რადგან მხატვრისთვის ის კონკრეტული ნახატი, რომელსაც იგი მოცემულ მომენტში ქმნის, წარმოადგენს არა ერთ-ერთს სხვა ნახატებს შორის, არამედ იმედს იმისა, რომ სწორედ აქ შეძლებს შექმნას ფოკუსი მთელი თავისი ფიქრებისა, გამოცდილებებისა და განცდებისა, რომ ბოლოს და ბოლოს, მისი ნებელობა დაეუფლება მისი სულის კალეიდოსკოპს და ერთიან, ერთი მიზნისკენ მიმართულ დინამიკად მოაწესრიგებს, მთლიანობად აქცევს იმას, რისთვისაც აქამდე ვერა და ვერ მოეყარა თავი. მხოლოდ მოგვიანებით, შემდეგ, როცა იძულებულია, აღიაროს ამ მცდელობის მარცხით დამთავრება, თავს იმშვიდებს, რომ სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი რიგითი მცდელობაა და არა საბოლოო, უხარია იმ მლოცველივით, რომელსაც ვერა და ვერ მიუღწევია ლოცვის სიმხურვალისთვის და საკუთარი წარსული არ აძლევს მოსვენებას, ვერა და ვერ მოუწესრიგებია საკუთარი ფრაგმენტირებული არსება აქ და ახლა. ქრონოლოგიურ რიგში დალაგებული ნახატები სწორედ ამგვარი ფრაგმენტებია, ნიმუშებია მარცხიანი მცდელობისა, რომ ყოფიერების მთელი სისავსე აქ და ახლა განცდილიყო. ალბათ, სწორედ ეს აიძულებდა მას, რომ, როგორც ახლობლები იგონებენ, მუდმივად ფანქარი სჭეროდა ხელში და მუდმივად ემუშავა მაშინაც კი, როდესაც ამას მუშაობა არ ერქვა, მუდმივად ეკაკუნებინა იმ კარზე, რომლის მიღმაც იდუმალი მოგზაურობისთვის გამზადებული ნავი ეგულებოდა, კიდევ და კიდევ დაბრუნებოდა თემებს, რომლებშიც საკუთარი თავის ამოწურვას ლამობდა: ხარებას, ჯვარცმას, ყვავილებს და ასე შემდეგ, კიდევ და კიდევ დაბრუნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ იგი თემათა მონაცვლეობითა და განმეორებით ქმნიდა არა თავის ბიოგრაფიას, არამედ მეთოდურად და თანმიმდევრულად აკაკუნებდა ერთსა და იმავე წერტილზე, რათა კარის გაღების მადლი მოეპოვებინა, წყლის წვეთებივით, მეთოდურად და თანმიმდევრულად ცდილობდა ორი ათეული წლის განმავლობაში ამოჩემებული რამდენიმე წერტილის გალღობას. ასე იქმნებოდა ის, რასაც მისი ბიოგრაფია ჰქვია და რაც ძნელია ერთიან ნარატივში მოვაქციოთ. ჩვენს მიერ აღქმული ეს ვიზუალური ბიოგრაფია ყოველთვის მეტი, ან, სულ მცირე, სხვა იქნება, ვიდრე ნებისმიერი ნარატივია თავისი ქრონოლოგიური და ცხოვრების ლოგიკას დაქვემდებარებული დინამიკით. ეს ბიოგრაფია არ განლაგდება წლების ჰომოგენურ თანმიმდევრობაში. ვერავითარი ტრადიციული თუ არატრადიციული ქრონოგეომეტრია ვერ აღწერს ამ უცნაურ რელიეფს, სადაც მნიშვნელობები და ინტენსივობები ჩნდება, ქრება და შემდეგ კვლავ ჩნდება, თითქოს საქმე გვქონდეს არა ერთხელ და საბოლოოდ შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებთან, არამედ ისეთთან, რომელიც ყოველ წამს შეიძლება შესრულდეს, როგორც კი ამ ვიზუალური ბიოგრაფიის რომელიმე ფრაგმენტს, რომელიმე კონკრეტულ ნახატს შევავლებთ თვალს. ესაა ტოპოსი, რომლის ყოველი წერტილიც მთელს მოიცავს და არ საჭიროებს სხვებს, ანუ აღსრულებულია ის, რასაც მხატვარი მთელი ცხოვრების განმავლობაში ესწრაფოდა და რაც აღუსრულებელი ეგონა. ჩვენი მდგომარეობის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მისგან განსხვავებით, გვაქვს საშუალება, დავინახოთ ეს აღსრულებული აღუსრულებელი, მის იდუმალ ჟღერადობასაც დავუგდოთ ყური და მასში მთელის ყოველი განზომილება ამოვიცნოთ; შემდეგ გადავიდეთ სხვა წერტილზე და კვლავ ამოვიცნოთ მთელი. საბოლოოდ, ჩვენ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ აღვიქვათ ის, რის აღქმასაც მხატვარი, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამაოდ ცდილობდა: დოსტოევსკი რომ მოვიშველიოთ, აღვიქვათ ის, რის შექმნასაც უფალი მისი მეშვეობით ცდილობდა და ამით მივეშველოთ, დაამთავროს თავისი ცხოვრების დიდი საქმე – საკუთარი სულის ალქიმია. ჩვენს გარეშე იგი ამას ვერასოდეს გააკეთებდა და გააკეთებს. ამით, ჩვენ, ერთი შეხედვით, უბრალო აღმქმელები, იმ საქმის თანამონაწილენი ვხდებით, რომლის აღსრულებასაც მხატვრის დაბადებით ცდილობდა კოსმოსი. ადამიანური არსებობა სხვა არაფერია, თუ არა უფლის ჟესტი, დროში განფენილ ბედისწერად გამოთქმული, საგნებად, მოვლენებად, ფიქრებად თუ შეგრძნებებად განფენილი თუ მათი მეშვეობით კონსტრუირებული ჟესტი. მხატვარი იმდენადაა მხატვარი, რამდენადაც იგი საკუთარ თავს ამგვარ ჟესტად აღიქვამს და ადამიანებში, საგნებში, მოვლენებსა და ისტორიებში მის ამოცნობას ლამობს. ესაა ის იდუმალი ინტუიცია, რომელიც მას, როგორც მხატვარს, მადლად მისცემია და ამითვეა იგი მარადი ადამიანური მეტაფორის – მოხეტიალის განსახიერება. გზად შემოყრილთა მეშვეობით, იგი შინისკენ ცდილობს სვლას და “არა აქუს, თავი სადა მიიყუდოს”. იგი ვაჟასეულ მინდიასავითაა, რომელიც ციბრუტივით ტრიალებს, რათა ნამგალი მიაშველოს ყოველ თავთავს, მისგან ხსნას და პირველადი ყოფნის წიაღში დაბრუნებას რომ ითხოვს. ძახილი ყველა მხრიდან მოდის, რადგან მე, როგორც უფლის ჟესტი, საკუთარ თავს დავადასტურებ მხოლოდ მაშინ, თუ მოვიცავ ტოტალობას იმ კონტექსტისა, რომელშიც დაბადებისთანავე აღმოვჩნდი. კონტექსტს არ ქმნიან უსიცოცხლო ფენომენები. თითოეული მათგანი იმ მორევივითაა, რომელმაც შეიძლება თავისი ყოვლადსისავსით გამახევოს და მომხიბლოს. და ის- ისაა, ჩავიძირები შემხვედრის ხიბლში, რომ წამიერადვე, მეორე მომიხმობს, მერე – მესამე და ასე შემდეგ. ასე გადადის მხატვარი მეტაფიზიკური ლანდშაფტიდან პორტრეტზე, პორტრეტიდან – ნატურმორტზე, ნატურმორტიდან – ყვავილებზე, ყვავილებიდან – ილუსტრაციებზე და მერე მისი ბედისწერის უცნაური რიტმით კვლავ უბრუნდება ძველს და, თითქოს, უკვე გავლილს. ამგვარ შეხვედრათა ბედისწერას ხომ თავისი რიტმი აქვს, რომლის ამოცნობაც, ალბათ, შეიძლება, თუ ერთმანეთს შევადარებთ – როდის უბრუნდებოდა მხატვარი ერთსა და იმავე თემას, როდის ივიწყებდა მას საკმაოდ ხანგრძლივად, რათა შემდგომ, თითქოს, მოულოდნელად, კვლავ მიბრუნებოდა. ესაა ადამიანური ცხოვრების ფარული და ძნელად ამოსაცნობი რიტმი, ფარული და ძნელად ამოსაცნობი მუსიკალობა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, როგორც უფლის ჟესტი, ერთ მუსიკალურ თემად გვირგვინდება, სწორედ მაშინ, როდესაც “დღეგრძელობით განმძღარი” მავანი ამოწურავს თავის ხეტიალს და საკუთარი თავის, როგორც უფლის ჟესტის ტოტალობაში დაივანებს.

 

გზადაგზა კი ცთუნებაა საკუთარი თავის მიგნებისა. გზადაგზა ცთუნებაა იმისა, რომ მოსინჯო ეს ტოტალობა და საკუთარ თავს გადაეყარო და სწორედ ამ დროს ჩნდება ავტოპორტრეტი, როგორც საკუთარი თავის, როგორც უფლის ჟესტის სიცხადესა და უშუალობაში ხილვის მცდელობა. ხეტიალიც ხომ სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავისკენ მიმართული სულის არქეოლოგია და დროში გაფანტული შეხვედრები საკუთარ თავთან – ხან როგორც მთვლემარე გონებასთან, რომელიც მონსტრებს შობს, როგორც ეს გოიასთანაა, ხან როგორც უსიცოცხლო სხეულთან, დემონების ტყვეობაში რომ მოქცეულა (როგორც ეს ბოსხის ტრიპტიხშია – “თივის გადაზიდვა”), ხან როგორც ხიდზე მოულოდნელად გამოჩენილ “სხვასთან” (“სალამი, ბატონო გოგენ”), ხან კიდევ, მცდელობა იმისა, რომ საკუთარი თავი ფერებითა და კონტურებით მოქსოვილი იხილო, როგორც ეს ფარჯიანთანაა. მხატვრებს შორის, ალბათ, რემბრანტი იყო ის, ვინც მეთოდურად და თანამიმდევრულად ადევნებდა თვალს, თუ როგორ ცვდებოდა მისი სხეული და ამ ცვეთის ჰიპნოტური ხიბლი აიძულებდა კიდევ და კიდევ მიბრუნებოდა მას და ასე განეცადა საკუთარი თავი, როგორც უფლის ჟესტი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: თითქოს, თავისთავად ჩნდება აზრი, რომ ამ ვიზუალური ბიოგრაფიის აღწერა შეიძლება, როგორც ერთგვარი ფუგის – ჯვარცმის, ხარებისა და ყვავილების დომინანტური თემებით, სამი გენერალური თემით, რომელთაც მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა, წერტილებს, სადაც, როგორც ჩანს, სიკვდილამდე გარდაცვალების დამტევი “ყუდრო” ეგულებოდა, ესაა ერთგვარი, ორი ათწლეულის განმავლობაში გაჭიმული მედიტაცია, როდესაც ცნობიერება კვლავ და კვლავ უბრუნდება განაზრების ერთსა და იმავე საგნებს თუ დაუნჯების ერთსა და იმავე წერტილებს, რათა თემები მისი მეშვეობით ამეტყველდნენ და გამოთქვან საკუთარი თავი. ის, რაც თავდაპირველად მხოლოდ ცნობიერების დაუნჯების წერტილები იყო, თანდათან თავისუფლდება და თავის უსასრულო და საზრისით სავსე პერსპექტივას აჩენს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ახერხებ, თავს აღწევ გარემოებებს, რომლებიც საგანგებოდ ზრუნავენ იმაზე, რომ ეს ვერ შეძლო და კიდევ და კიდევ უბრუნდები ამ წერტილებს, უბრუნდები, როგორც მამასთან მიბრუნებული უძღები შვილი, უბრუნდები იმის აღიარებით, რომ მნიშვნელობათა და ღირებულებათა სიმძიმის ცენტრი უნდა ეძიო არა სადმე სხვაგან, არამედ სწორედ იმ ბედით თემებში, რომლებიც, თურმე, მთელს შენს არსებობას სახსრავენ და ფუგირებულ პანორმად აქცევენ – აქცევდნენ ერთგვარ ფუგად, რომელც აგებულია სხვადასხვა თემებად დასახსრულ სიკვდილამდე გარდაცვალების თემაზე. თუ ამ თვალით შევხედავთ, სიკვდილამდე გარდაცვალება სხვა არაფერია, თუ არა უფლისგან ბოძებული დომინანტური თემების ამეტყველება – კაცის სულის მეშვეობით, თუ არა შეხვედრა იმ ტოტალურ მეტყველებასთან, რომელიც, თურმე, ამ თემების მეშვეობით შენამდე მოდიოდა და სრულიადაც არ ყოფილა შემთხვევითი, თუკი ისინი გამუდმებით მოითხოვდნენ მათთან მიბრუნებას. ისინი ყოფილა ის ბედითი თემები, რომლებიც შენი არსებობის საზრისს ქმნიდნენ და გადასტურებდნენ შენ, როგორც უფლის ჟესტს. ხსნაც, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ერთ დღესაც უფლის ჟესტს საკუთარ თავში აღმოაჩენ.

© “არილი

Facebook Comments Box