Uncategorized

მანანა კობაიძე – ლექსები

manana kobaidze copy

* * *

ჩემს თავს ისე ვუფრთხილდები

და ვეფერები,

დამყავს სასეირნოდ,

ბაღებში, კონცერტებზე,

კერამიკის და გობელენის გამოფენაზე.

საღამოობით ერთად მივდივართ

მზის ჩასვლისფერი ღრუბლების საყურებლად.

ვასმევ ჩაის, სადილს ვუმზადებ,

ვურეცხავ და ვუუთოებ.

ჩვენ ისე კარგად ვართ ერთმანეთთან,

მშვიდად და თბილად.

ზოგჯერ, ერთმანეთი როცა მოგვბეზრდება,

ვიძინებთ, და სიზმარში ვმღერით.

როცა დანის წვერს მივაბჯენ ყელზე,

მაკრთობს მისი მრგვალი სინატიფე და სიმრთელე,

და ხელი აღარ მიბრუნდება მის დასარღვევად.

ვიცი, მით უფრო ძნელი იქნება ეს სიბერეში:

სუსტი და ნაოჭიანი ყელის გამოჭრა.

ამიტომ ვენდობით ერთმანეთს

და დავცინით კიდეც.

და ისევ ერთად გამოვდივართ სავსე ქუჩაში.

ორივენი შენ დაგეძებთ.

შენში გვინდა ერთმანეთის

შეყვარება

და დავიწყება.

 

 

* * *

ღმერთო, მასწავლე, როგორ გავჩუმდე,

როგორ დავბრუნდე უსიტყვო სიმართლეში,

სადაც სამყარო ბრუნავს გარინდებული,

და რიტმისა და დარდის

ურთიერთშეხვედრით

ბრწყინდებიან შუშაბანდები

სამყაროსი –

სადაც მარადიული დედა გვეგულება

ღმერთთან შუამავლად

და თვით ღმერთის ლმობიერ დედად.

მარადიული სილბოს იმედით

მივეახლებით დედამიწას

და ჩავადნებით,

ჩონჩხებად შევაშრებით,

ჩვენი ძვლებით კალთას ავუვსებთ.

ამასაც გვაპატიებს,

გადაგვივლის მწვანე, ნათელი ყვავილებით აჭრელებული მდელოებით –

ვარსკვლავებს ავხედავთ

ყვავილების ბუტკოებიდან.

გრძელი საღამოები

დაგვაღონებენ.

 

 

* * *

გალეული განთიადების

მძიმე ტყეებში

თავდახრილი ჭერი, გაურანდავი,

სველი სოკოები…

გაიხსნა კედელი ელვის კვეთით,

გამოვიდა ქალი,

გამოიბადა,

ქალი პირმშვენიერი,

თმაგრუზი და

მკერდთბილი და

მკერდსაამოდმოსახილველი.

გამოუჩნდა

ქვედა კაბის კალთიდან ფეხი

– წვივი შემკრთალი,

შავ წინდაში გამოკვეთილი,

ტერფი, შემოსილი დედაჩემის ქალიშვილობის

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და,

იღიმებოდა.

კედლიდან მისი გამოსვლა ჰგავდა

ტვინის უეცარ განათებას – ეს არის სიკვდილი.

განათებას, რომელიც წამიერია და მოუხელთებელი,

და გვიტოვებს მხოლოდ ხსოვნას

თავის შესახებ.

 

* * *

ღმერთო, დაბადებულთაგანს

სიკვდილს ნუ ანატრებ,

მიცვალებულთაგანს – ამ ცხოვრებას.

 

ყველა თავის ხვედრში დააამე,

თავის სახლში დაამშვიდე,

და აჩვენე სიმდიდრის გული.

 

ყველას ასწავლე თავისი წილი განსაცდელის

მშვიდად შეტკბობა,

და მოჰფინე მათ ცხოვრებას

მწიფე ნაყოფთა წმინდა სხივები.

 

საფლავთ ნუ აღაშფოთებ,

ნუ გამოიხმობ

სულთა სამეფოს მკვიდრთ ამ მიწაზე,

და თვითმკვლელობის თესლს ნუ ჩასთეს

მარტომყოფთა არსობის პურში.

 

ბრმებსაც მიარგე ცეცხლისა და მდინარის წილი,

თვალთა ახელის საშიში წამი,

ვარსკვლავთა და გულთა ცნობით

თავზარდაცემა.

 

უბედოებს ბედი მიაგე.

გულნაკლულებს აუვსე გული,

გაუხსენ ყველას

შენი სიზმრის მოწყალება –

სამოთხის ხილის ყვავილობა

და მწიფობის ძვირფასთვლოვანი

მდინარება დედამიწაზე.

 

 

* * *

ვინ გვიპატრონებს!

ღვთისმშობლის ოქროს შარავანდედს

ნუთუ სიბერის

შავი ქარი

აშარიშურებს?

 

თივის ზვინების

ოქროს ბზინვას ასდევს მოწყენა

ასსევდიანი,

ასთავიან დევზე ბოროტი.

 

ზაფხულის ფრესკის ლურჯ ღვინოს და მკრთალ თაიგულებს

ღამე ჩაიშრობს.

მოწყვეტილი გული ვარდებად

აჰყვება შენს ხელს, ტკბილო უფალო!

 

შენ ჰკრეფ ჩვენს თვალებს,

ვარსკვლავებად იყრი კალთაში,

როგორც ზაფხულის ოქროს თესლებს და ფერად მარცვლებს

აგროვებს სოფლად

დაბერებული დედაჩემი და სიმჭვირვალის

 

წითელ ღრუბლებში და ლილისფერ მთებში შემოდის

ქარვისფერ ქარის სიმსუბუქე და ახლო ხმათა

მტკივნეული სიშორეულე.

შორეული და ალისფერი

ყივილი მამლის.

 

 

* * *

ჩავმყუდროვდები

გარინდების ძველ სინათლეში.

და მივენდობი

ტკივილებს შორის ნეტარებით

გულის დამტვრევას.

 

ერთ მტვრიანაზე ყვავილობდა ჩემი სიცოცხლე

საზღვრის კიდეზე თავმიხრილი შემოდგომებით,

და გაზაფხულის მარადისი გარდამავლობით.

 

ერთ მტვრიანაზე ეტეოდა ჩემი ბინდების

შავ ფიჭვებს შორის მოელვარე გამჭვირვალობა,

დღე ძილბურანში მიბინდული

მიხვევდა ძილში,

და ვარსკვლავებსაც,

დედამიწის მფარველ ხეებსაც,

ბალახის ღერსაც,

ქვეყნის კიდეზე გადაკარგულს, შიშით შერხეულს,

შავი კლდის ძირში მიტოვებულს ქართა ამარა,

და სიცივესაც, წყალთა და ქვათა ღამეებში მოხეტიალეს,

მე ვიფარავდი,

ყოველივეს გარს ვეხვეოდი

ალერსის ნაღვლად,

დედისფერი სევდის ბურუსად,

და არ შემეძლო დავიწყება არცერთი კენჭის,

თევზის ფარფლის და

ვარსკვლავის და

გზის და ქვირითის,

არც ჩემი ბაღის მწუხარების გამსუბუქება

დედისმძებნელი უსუსური ჭიამაიას

მტკივნეულ გულში ჩაქცეული ცივი ობლობის

მოუსმენლობით.

 

* * *

დაიმახსოვრე

გალობის და

საკმევლის სურნელს

რა შორეთიდან შემოჰქონდა მარადი სუნთქვა,

როგორც ხსოვნაში გაელვება დავიწყებული

დილის ბრწყინვისა –

ბავშვობის ფსკერზე შენახული ვარდი და ლილა,

ლაჟვარდი მუქი.

© “არილი

Facebook Comments Box