ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა
1962 წელს “გალიმარმა” გამოსცა რომენ გარის ნოველების კრებული ‘’ჩიტები პერუში კვდებიან’’. კრებულში შესულია 16 პატარა ნოველა. ნოველა ‘’ჰუმანისტი’’ ერთ-ერთია ამ კრებულიდან.
მაშინ, როცა გერმანიის ხელისუფლებაში ფიურერი ადოლფ ჰიტლერი მოვიდა, მიუნხენში ცხოვრობდა სათამაშოების ფაბრიკის მეპატრონე ვინმე კარლ ლოვი, სიცოცხლით სავსე, ოპტიმისტი კაცი, რომელსაც სწამდა ჰუმანურობის, უყვარდა კარგი სიგარები, სჯეროდა დემოკრატიის და თუმცა არიელი არ ყოფილა, სერიოზულად არ ეკიდებოდა ახალი კანცლერის ანტისემიტურ გამონათქვამებს. დარწმუნებული იყო, რომ გონიერება, ზომიერება და სამართლიანობის ერთგვარი თანდაყოლილი გრძნობა, რაც ყველაფრის მიუხედავად, მაინც იყო გავრცელებული ადამიანთა გულებში, სძლევდნენ დროებით გადახვევას სწორი გზიდან.
თანამოძმეები ხშირად აფრთხილებდნენ და სთავაზობდნენ მათთან ერთად წასულიყო ემიგრაციაში. ჰერ ლოვი გულიანად იცინოდა, პირში სიგარაგარჭობილი სავარძელში მოიკალათებდა და 1914-18 წლების ომის დროს სანგრებში შეძენილ მეგობრებს იხსენებდა. ზოგი მათგანი დიდი კაცი იყო და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ამოუდგებოდა მხარში. სტუმრებს ჭიქა ლიქიორით უმასპინძლდებოდა, თავის ჭიქას ასწევდა და “ჰუმანურობის’’ სადღეგრძელოს სვამდა. როგორც თავად ამბობდა, ძალიან სჯეროდა ადამიანების, მიუხედავად იმისა, ნაცისტის უნიფორმა ეცმებოდათ თუ პრუსიელის, ტიროლური ქუდი ეხურებოდათ თუ უბრალო მუშის კეპი. ფაქტია, რომ რეჟიმის პირველი წლები ჩვენი მეგობარი კარლისთვის არც ძალიან სახიფათო იყო და არც სამძიმო. ცხადია, იყო ცოტა შევიწროება, ცოტა წყენა. რადგან სანგრების მეგობრები თავშეკავებულად, მაგრამ მაინც მის სასიკეთოდ მოქმედებდნენ, შესაძლოა მისი ჭეშმარიტად გერმანული ხალისისა და სანდომიანი იერის გამოც, მისი ამბების ძიება ცოტათი დააგვიანდათ. მაშინ როცა ყველა, ვისი წარმომავლობაც სასურველია უკეთესი ყოფილიყო, გადასახლების გზას გაუდგა, ჩვენი მეგობარი მშვიდად ცხოვრობდა თავისი სათამაშოების ქარხნითა და ბიბლიოთეკით, თავისი სიგარებითა და სარდაფით გარშემორტყმული. ამას ხელს უწყობდა მისი ურყევი ოპტიმიზმი და ნდობა ადამიანთა მოდგმის მიმართ. მერე ომი დაიწყო და საქმე ცოტა წახდა. ერთ მშვენიერ დღეს თავხედურად აუკრძალეს საკუთარ ქარხანაში შესვლა, მეორე დღეს უნიფორმიანი ახალგაზრდები დაესხნენ თავს და ძალიან უხეშად მოექცნენ. ბატონმა კარლმა ამას დაურეკა, იმას დაურეკა, მაგრამ ,,ფრონტელი მეგობრები’’ ტელეფონზე აღარ პასუხობდნენ. პირველად ეტკინა გული. თავის ბიბლიოთეკაში შევიდა, თვალი გადაავლო კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ წიგნებს, მერე დიდხანს შესცქეროდა მათ სერიოზული სახით. მთელი ეს შეგროვილი განძი ადამიანთა სასარგებლოდ მეტყველებდა, იცავდა მათ და ბატონ კარლს ევედრებოდა, გული არ გაეტეხა, სასო არ წარეკვეთა. პლატონი, მონტენი, ერაზმი, დეკარტი, ჰაინე, როგორ შეიძლებოდა მათ არ ნდობოდა. მოთმინება უნდა მოეკრიბა, ჰუმანურობისთვის დრო მიეცა თავის გამოსავლენად, ამ არეულობასა და გაუგებრობაში გასარკვევად და გასამარჯვებლად. ფრანგებს ამისათვის მშვენიერი გამოთქმა გააჩნიათ: ,,ადამიანის ბუნებრივი თვისებები კარიდან რომ გააგდო, ფანჯრიდან შემოვაო’’. დიდსულოვნება, სამართლიანობა, გონიერება ამჯერადაც გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ცხადი იყო, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. არც ნდობა უნდა დაეკარგა და არც ყურები ჩამოეყარა. თუმცა, ცოტა სიფრთხილის გამოჩენა მაინც არ იქნებოდა ურიგო.
ბატონი კარლი სავარძელში ჩაჯდა და დაფიქრდა.
ჩამრგვალებული, ვარდისფერლოყება კაცი იყო, სათვალეს ატარებდა. თითქოს, მისმა თხელმა ბაგეებმა ყველა მისი ნათქვამი კეთილი სიტყვა შემოინახა.
კარგა ხანს შესცქეროდა თავის წიგნებს, სიგარების კოლოფებს, სასმელების ბოთლებს, მისთვის ახლობელ საგნებს, თითქოს მათ რჩევას ეკითხებაო. მერე მზერა თანდათანობით გამოუცოცხლდა, სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. თხელი მინის ჭიქა თავისი ბიბლიოთეკის ათასობით წიგნისკენ ისე გაიშვირა, თითქოს თავის ერთგულებაში არწმუნებდა.
ბატონ კარლს ერთი ყოჩაღი მიუნხენელი წყვილი ემსახურებოდა. ისინი უკვე თხუთმეტი წელი ზრუნავდნენ მასზე. ცოლი მნე და მზარეული იყო, საყვარელ კერძებს უმზადებდა. ქმარი მძღოლად, მებაღედ და სახლის დარაჯად ჰყავდა. ჰერ შულცს ერთადერთი გატაცება ჰქონდა: წიგნების კითხვა უყვარდა. ხშირად, საქმეს რომ მორჩებოდნენ და მისი ცოლი საქსოვს მიუჯდებოდა, იგი საათობით ჩაჰკირკიტებდა ჰერ კარლისგან ნათხოვარ წიგნს. მისი საყვარელი ავტორები იყვნენ გოეთე, შილერი, ჰაინე, ერაზმი. ბაღის ბოლოში ჩადგმულ პატარა სახლში ხმამაღლა უკითხავდა ცოლს ამაღლებულ და შთაგონებით სავსე პასაჟებს. ხშირად, როცა ბატონი კარლი თავს მარტოსულად გრძნობდა, მეგობარ შულცს თავის ბიბლიოთეკაში უხმობდა, სიგარას აბოლებდნენ და დიდხანს საუბრობდნენ სულის უკვდავებაზე, ღმერთის არსებობაზე, ჰუმანიზმზე, თავისუფლებასა და იმ მშვენიერ რამეებზე, მათ გარშემო ჩამწკრივებულ წიგნებში რომ ამოეკითხათ და რომლებსაც მადლიერებით გადახედავდნენ ხოლმე.
სწორედ მეგობარი შულცისა და მისი ცოლისკენ გაიხედა ჰერ კარლმა იმ ხიფათიან დროს. ერთი კოლოფი სიგარები და ბოთლი შნაპსი წაიღო და ბაღის ბოლოში მდებარე პატარა სახლისკენ გასწია, მეგობრებს თავისი გეგმა გაუზიარა.
მეორე დღესვე ჰერ და ფრაუ შულცები საქმეს შეუდგნენ.
ბიბლიოთეკაში ხალიჩა აკეცეს, იატაკი გახვრიტეს და სარდაფში ჩასასვლელი კიბე ჩადგეს. სარდაფის ძველი შესასვლელი ამოქოლილი იყო. ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი და სიგარების კოლოფები სარდაფში ჩაზიდეს. ღვინო და ლიქიორები უკვე ჩატანილი იყო. ფრაუ შულცმა სამალავი ყველა შესაძლო კომფორტით მოაწყო და რამდენიმე დღეში სარდაფი პატარა, მყუდრო, კარგად გამართულ ოთახად აქცია. იატაკში გაკეთებული ხვრელი გულდასმით დაფარეს კარგად მორგებული ფილით. ზედ ხალიჩა გადააფარეს. მერე ჰერ კარლი უკანასკნელად გავიდა ქუჩაში ჰერ შულცთან ერთად რაღაც საბუთების მოსაწესრიგებლად. თავისი ფაბრიკა და სახლი კონფისკაციისგან რომ ეხსნა, ფიქტიურად გაყიდა. სხვათა შორის, ჰერ შულცმა დაიჟინა მისთვის გადაეცა საბუთები და მათი გამაბათილებელი აქტი, რომელიც, როცა საამისო დრო დადგებოდა, კანონიერ მეპატრონეს საკუთარი ქონების დაბრუნების საშუალებას მისცემდა. მერე ორი თანამზრახველი შინ დაბრუნდა. ჰერ კარლს ბაგეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა, კარგი დროის დაბრუნებას უსაფრთხოდ რომ დალოდებოდა, თავის სამალავში ჩავიდა.
დღეში ორჯერ, შუადღისას და საღამოს შვიდ საათზე ჰერ შულცი ხალიჩას ასწევდა, ფილას ამოიღებდა და მის ცოლს სარდაფში გემრიელად მომზადებული უბრალო კერძი და ბოთლი კარგი ღვინო ჩაჰქონდა. ჰერ შულცი ყოველ საღამოს ჩადიოდა თავის დამსაქმებელსა და მეგობართან რაიმე ამაღლებულ საკითხზე, ადამიანის უფლებებზე, შემწყნარებლობაზე, სულის მარადიულობაზე, კითხვისა და აღზრდის სიკეთეზე სასაუბროდ და პატარა სარდაფს ამ დიდსულოვანი და შთაგონებით სავსე საუბრისგან ბრწყინვალება ემატებოდა.
თავიდან ბატონი კარლი გაზეთებსაც აზიდვინებდა, გვერდით რადიომიმღებიც ედგა, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, როცა ახალი ამბები სულ უფრო და უფრო უიმედო გახდა, ქვეყანა კი დასაღუპად განწირული აღმოჩნდა, რადიო მოახსნევინა, რათა ახალი ამბების ხანმოკლე გამოძახილს არ შეერყია ის ურყევი რწმენა, რომელსაც ჰუმანიზმის მიმართ ინარჩუნებდა. გულხელდაკრეფილი, ბაგეზე ღიმილით, მტკიცედ იდგა თავის რწმენაზე, უარს ამბობდა ყოველგვარ შემთხვევით და უმომავლო კავშირზე. გაზეთების კითხვასაც თავი ანება და თავისი ბიბლიოთეკის შედევრების კითხვით დაკმაყოფილდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მარადიული სძლევდა დროებითს და ეს რწმენის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
ჰერ შულცი და მისი ცოლი დაბომბვისგან სასწაულით გადარჩენილ მის სახლში გადავიდნენ. ფაბრიკაში ჯერ ცოტა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საბუთები გააჩნდა, რომლებიც ჰერ კარლის საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ მის კანონიერ მეპატრონეობას ამტკიცებდნენ.
ხელოვნურ განათებაზე ცხოვრებისა და სუფთა ჰაერის უკმარისობის გამო ჰერ კარლმა კიდევ უფრო მოიმატა წონაში. წლების მანძილზე მისმა ლოყებმაც დაკარგეს ფერი, მაგრამ მისი ოპტიმიზმი და ადამიანებისადმი რწმენა ურყევი დარჩა. სარდაფში თავი ყოჩაღად ეჭირა და ელოდა, რომ სულგრძელობა და სამართალი იზეიმებდნენ დედამიწაზე და თუმცა ამბები, რომლებიც მეგობარ შულცს გარესამყაროდან მოჰქონდა, ძალიან ცუდი იყო, ის მაინც გულს არ იტეხდა.
ჰიტლერული რეჟიმის დამარცხებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შილერშტრასეზე, ჰერ კარლის სახლის კარზე ერთმა ემიგრაციიდან დაბრუნებულმა მეგობარმა დააკაკუნა.
კარი მოსული ტანის, ბეჭებში ოდნავ მოხრილმა ჭაღარა კაცმა გაუღო. ხელში გოეთეს წიგნი ეჭირა. არა, ჰერ ლოვი იქ აღარ ცხოვრობდა, არც ის იცოდნენ, რა მოუვიდა. არავითარი კვალი არ დაუტოვებია და ომის შემდგომი ყოველგვარი ძიება უშედეგო აღმოჩნდა. კარგად ბრძანდებოდეთ! კარი დაიხურა. ჰერ შულცი სახლში შებრუნდა და ბიბლიოთეკისკენ წავიდა. ცოლს უკვე მოემზადებინა ლანგარი. ახლა, როცა გერმანიაში სიუხვე დაბრუნდა, ქალი ჰერ კარლსაც ანებივრებდა და უგემრიელეს კერძებს უმზადებდა. ხალიჩა აკეცეს, იატაკიდან ფილა ამოიღეს. ჰერ შულცმა გოეთეს ტომი მაგიდაზე დადო და სინით ხელში სარდაფში ჩავიდა.
ჰერ კარლი საკმაოდ დაუძლურდა. ფლებიტი სტანჯავდა. მეტიც, გულმა უღალატა, ექიმი იყო საჭირო, მაგრამ შულცებს ასეთ საფრთხეში ვერ ჩააგდებდა; დაიღუპებოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ ისინი წლების მანძილზე ჰუმანისტ ებრაელს მალავდნენ სარდაფში. საჭირო იყო მოთმინება, ეჭვის აცილება; სამართლიანობა, გონიერება და ბუნებრივი სულგრძელობა მალე გაიმარჯვებდნენ. მთავარი იყო, გული არ გაეტეხა. მართალია, ბატონი კარლი ძალიან მოტყდა, ოპტიმიზმს მაინც არ კარგავდა და ადამიანების მიმართ ურყევი რწმენა შემორჩა. ყოველდღე, როცა ჰერ შულცი სარდაფში ცუდი ამბებით ჩადიოდა – განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო ჰიტლერის მიერ ინგლისის ოკუპაცია, – ჰერ კარლი ამხნევებდა და რამდენიმე კეთილი სიტყვით ცდილობდა მის გახალისებას. აჩვენებდა კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ წიგნებს და არწმუნებდა, რომ საბოლოოდ მაინც ჰუმანიზმი გაიმარჯვებდა, რომ ასე, ამ რწმენით შეიქმნა უდიდესი შედევრები. ჰერ შულცი სარდაფიდან მუდამ გულდამშვიდებული ამოდიოდა.
სათამაშოების ფაბრიკა მშვენივრად მუშაობდა. 1950 წელს ჰერ შულცმა შეძლო მისი გაფართოება და საქონელბრუნვის გაორმაგება. საქმეს ცოდნით ეკიდებოდა.
ფრაუ შულცს ყოველდღე ჩაჰქონდა ცოცხალი ყვავილების თაიგული ჰერ კარლთან და სასთუმალთან უდგამდა. ბალიშს უსწორებდა, ეხმარებოდა გადაბრუნებაში, კოვზით აჭმევდა, რადგან საკუთარი ხელით ჭამა აღარ შეეძლო. ახლა უკვე ძლივს ლაპარაკობდა; მაგრამ, ზოგჯერ თვალები ცრემლით ევსებოდა, მადლიერების გრძნობით შესცქეროდა ამ კეთილ ხალხს, რომლებმაც მისი ნდობა და საერთოდ, მისი რწმენა ადამიანებისადმი გაამართლეს.
იგრძნობოდა, რომ ბედნიერი წავიდოდა იმ ქვეყანას, თავის ერთგულ მეგობრებზე ხელიხელჩაკიდებული და კმაყოფილი, რომ ყველაფერს სწორად ხედავდა.
© “არილი”