წელს, მაისის დასაწყისში, ლონდონში მომიწია ჩასვლა. ჩასვლის ძირითადი მიზანი ღვინო და ღვინის განათლება იყო (ამაზე ცალკე მოგიყვებით სხვა პერიოდული გამოცემის ფურცლებზე), თუმცა წინა ვიზიტისგან განსხვავებით, რომელმაც მთლიანად ტრენინგებსა და გადარბენებში ჩაიარა, ამჯერად, გადავწყვიტე ლიტერატურული ვნებებისთვისაც დამეთმო დრო და ერთი-ორი შეხვედრის დაგეგმვაც ვცადე. ინგლისში რამდენიმე თანამედროვე მწერალი ცხოვრობს, რომლის შემოქმედებასაც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს და ვისაც სიამოვნებით შევხვდებოდი, ვისაუბრებდით მის ძველ და ახალ წიგნებზე, საყვარელ თემებზე, წარსულის, თანამედროვე და მომავლის ლიტერატურაზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, იმედგაცრუებად მაინც ღირს ასეთი შეხვედრები, თუმცა, უფრო მეტად, ცხადია, ზუსტ პასუხებს ან ვრცელ, საინტერესო წიაღსვლებს მოველი კარგად ნაცნობი მწერლისგან.
სამწუხაროდ, ამ შეხვედრების დაგეგმვა გვიან დავიწყე, თუმცა მაინც გამიმართლა. დაგეგმვას მე და ჩემი მეგობარი, ნიკი თარხან-მოურავი, აპრილიდან შევუდექით, ჯერ იან მაკიუენის აგენტს მიწერა ნიკიმ, რომელმაც ძალიან ზრდილობიანი უარი შემოგვითვალა, თანაც დასძინა, მაკიუენი ახალ რომანზე მუშაობას ამთავრებს და ახლა ვერ მოიცლისო, შემდეგ კი თამრიკო ლებანიძეს დავურეკე „დიოგენეში“ და ვუთხარი, არიქა, თამარ, ლონდონში მივდივარ და მოდი რამენაირად იქნებ ჯულიან ბარნსთან შეხვედრა დავგეგმოთ- მეთქი. თამარს ძალიან მოეწონა იდეა, თანაც ბოლო 2 წლის მანძილზე ბარნსის ორი უმნიშვნელოვანესი ტექსტი გამოსცა ქართულად, „ფლობერის თუთიყუში“ (ნინო ქაჯაიას თარგმანი) და „დასასრულის განცდა“ (ზაზა ჭილაძის თარგმანი), ეს წიგნები კი საუკეთესო მიზეზი იყო ამ გამორჩეულ მწერალთან შესახვედრად, მწერალთან, რომლის შემოქმედებასაც კარგად ვიცნობ და იმ ათამდე რომანიდან, რომელიც წაკითხული მქონდა, ათეულობით საინტერესო შეკითხვის გამოდნობა შეიძლებოდა. მოკლედ, ბარნსის იმედად დავრჩი და გამომცემლობა „დიოგენეს“ პროექტების მენეჯერის, ზაზა შენგელიას ცხადმა და გამომცემლობის რედაქტორის, გურამ ბერაძის ფარულმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო, ბარნსის აგენტისგან დადებითი პასუხი მოვიდა. არადა, ზაზას პირველ წერილზე აგენტმა მოიწერა, ტყუილად გაქვთ იმედი, მაინც არ დათანხმდება, თუმცა მე მაინც გადავცემო. მოკლედ, ორ დღეში გაკვირვებული აგენტი დაგვიკავშირდა და მაგარი ამბავი გვახარა, 4 მაისს, კვირა დილას, ბარნსი თავის სახლში გველოდებოდა.
ჩემი და ნიკის მზადება ახალ ფაზაში შევიდა. წინასწარ მომზადებული კითხვები ინგლისურად გავაშალაშინეთ, აგენტს გადავუგზავნეთ: ნიკი ლონდონშია, მე თბილისში, იქით ნიკი უტრიალებს ბარნსის წიგნებს, აქეთ მე გადმოვალაგე ჩემი ბარნსის თარო და ვათვალიერებ სხვადასხვა წლებში დაფანქრულ რომანებს.
3 მაისს, გვიან ღამე მიწევდა ლონდონში ჩაფრენა (უკვე 4 მაისს), და ეგრევე, მეორე დღეს, დილასვე უნდა მივსულიყავი ბარნსთან. 4-ში დილას ნიკიმ გამომიარა, ჰოქსტონში. გამოუძინებელი ვიყავი, მაგრამ ანთებული. დიდხანს ველოდეთ ავტობუსს, შემდეგ მეტროთი გავაგრძელეთ მგზავრობა და ნახევარ საათში ჩრდილოეთ ლონდონის უმყუდროვეს, გორაკებიან უბანში ამოვედით.
ბარნსთან კარგ ხასიათზე მივედით, იმიტომ, რომ გზად ერთ სიმპატიურ ოჯახს გადავეყარეთ, რომლებსაც მისამართის დაზუსტება ვთხოვეთ და როცა გაიგეს, ქართველები ვიყავით, ღვინოზე ჩამოაგდო ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა სიტყვა. მოკლედ, ერკვეოდა კაცი საკითხში, ქართული ღვინო გაცილებით კარგად იცოდა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ. სამწუხაროდ, იმ მომენტში ჩემი Georgian Wine Guide 2014-ის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი მედო ჩანთაში, ბარნსისთვის, თორემ, აუცილებლად ვაჩუქებდი.
კარი ჯულიან ბარნსმა გაგვიღო, სახლში მარტო იყო, ნიკის სახე შეეფაკლა სიხარულისგან, მეც კმაყოფილი ვიყავი და კარგი წინათგრძნობა მქონდა. დავსხედით მისაღებ ოთახში და ინტერვიუს ჩაწერას სანამ დავიწყებდით, ბარნსს ეგრევე ვაჯახე, უნდა მაპატიოთ, ვერა ვარ მაინცდამაინც სხარტი მოინგლისურე-მეთქი და ასე მიპასუხა: მაგაზე არ იდარდო, My Georgian is terrible-ო. გავიცინეთ და დავიწყეთ.
– პირველ რიგში მინდა თქვენი რომანების ქართული გამოცემების შესახებ გკითხოთ, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჩვენთან. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის, რომ მაგ. „ფლობერის თუთიყუში“ ან „დასასრულის წინათგრძნობა“ ითარგმნა ისეთ „მცირე“ ენაზე, როგორიც ქართულია? და კიდევ, რომელია თქვენთვის წიგნი (სულერთია მხატვრული თუ არამხატვრული), რომლითაც ისურვებდით, რომ არაინგლისურენოვან მკითხველს გაეცნო თქვენი შემოქმედება?
– ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იშვიათ ენაზე გამოცემა. ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდები ყოველ ახალ გამოცემას. როცა წერა დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი წიგნები ინგლისის გარდა კიდევ სადმე გამოიცემოდა. ჩემი წიგნების თარგმნა, ჩემი მეოთხე რომანით, „ფლობერის თუთიყუშით“ დაიწყეს და დღემდე აღმაფრთოვანებს ყოველი ახალი თარგმანის გამოცემა. ჩემი სამყარო ინდივიდუალური კავშირებისგან შედგება, ხოლო როგორც მწერალს, ეს კავშირები მკითხველთან მაქვს გაბმული, მე არ აღვიქვამ სამყაროს როგორც ერთი მთლიანობას, ამიტომაც არის ასეთი გასაოცარი, როცა მესმის, რომ სადღაც საქართველოში იმ რომანით დაინტერესდნენ, რომელიც მე ოცი წლის წინ დავწერე ინგლისურად. მე ვფიქობ, ეს შესანიშნავია.
– და თქვენს რომელ წიგნს ურჩევდით უცხოელ მკითხველს, პირველ რიგში წასაკითხად?
– ძნელია ამაზე გიპასუხოთ, რადგან ჩემი წიგნები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაძლოა, ერთი წიგნი მოგეწონოს, მეორე არა, მკითხველი ყოველთვის რისკავს. ალბათ უფრო „ფლობერის თუთიყუშს“ ვურჩევდი. როცა დავწერე, მეგონა, მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს მოეწონებოდა, სპეციალისტებს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა. და მეორეს, რასაც ვურჩევდი, ალბათ ამისგან ძალიან განსხვავებული რომანია, Talking it over, რადგან ეს რომანი სიყვარულზეა და სიყვარული, მისი სირთულეები, ყველას აინტერესებს. ამიტომ მგონია, რომ ამ წიგნით დაწყება ადვილი იქნებოდა. სხვათა შორის, მინდოდა მეკითხა, ერთიდაიგივე მთარგმნელმა თარგმნა ორივე წიგნი?
– არა, „ფლობერის თუთიყუში“ ნინო ქაჯაიამ თარგმნა, „დასასრულის განცდა“ ზაზა ჭილაძემ… აქვე გკითხავთ, საიდან გაჩნდა ფლობერის თუთიყუშის დაწერის იდეა?
– ფლობერი ყოველთვის მიტაცებდა, მას შემდეგ რაც პირველად წავიკითხე 15 წლის ასაკში. სულ მინდოდა მის შესახებ რამე დამეწერა. ის ჩემთვის მწერლის სიმბოლოა, ერთგვარი ტოტემური მწერალია, და პირველი თანამედროვე რომანისტი. მაგრამ, ზუსტად ვიცოდი, რომ რამე განსაკუთრებული უნდა მომეფიქრებინა და არა ჩვეულებრივი ბიოგრაფია ან მისი ცხოვრების ამსახველი ცოტა შემხატვრულებული ვერსია. ეს არ მაინტერესებდა. სწორედ მაშინ მივაგენი განსაკუთრებულ ფორმას – ფაქტობრივ სუპერსტრუქტურას და მხატვრულ ინფრასტრუქტურას, რასაც მივაღწიე ფაქტებისა და გამონაგონის შერწყმით. პირველად მაშინ გამოვიყენე ეს მეთოდი და მივხვდი, რომ თურმე შესაძლებელია გამოგონილისა და ნამდვილის აღრევა ერთ წიგნში. და შემდეგ ეს მეთოდი მოგვიანებით არაერთხელ გამოვიყენე.
– სარტრის წიგნზე რას იტყვით ფლობერის შესახებ რაც დაწერა?
– სარტრის ამ წიგნის წაკითხვა ფაქტობრივად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ადამიანი იყო.
– თქვენს ბოლო რომანში, „დასასრულის განცდა“ პირველივე გვერდზე ვხვდებით ასეთ სიტყვებს, რომელიც დროს შეეხება: „[დროს] ზოგი განცდა აჩქარებს, სხვა, პირიქით, აუტანლად ანელებს“. ძალიან მომწონს დროისადმი თქვენი ასეთი მგრძნობიარე დამოკიდებულება და ასე მგონია ამაში თხრობაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თხრობის ტემპებიც ხომ ასევე იმართება? გავიხსენოთ შაჰერეზადა, რომელიც თხრობით თავისი აღსასრულის გადავადებას ახერხებდა… თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ, დროისა და თხრობის განცდის შესახებ?
– ცხადია, რომ თხრობა და დრო ერთმანეთთან კავშირშია. მაგრამ ისიც ვიცით, რომ თხრობა ვერ აყვება დროს. თხრობა სხვადასხვა სიჩქარით შეიძლება განვითარდეს, განსხვავებით დროისა. შეუძლებელია წიგნის დაწერა, სადაც მოვლენები იმავე სიწრაფით განვითარდება, როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება. ნორვეგიელმა ნოველისტმა, სახელი დამავიწყდა, კ-ზე იწყება[1], დაწერა ოთხტომეული, სადაც ისე დეტალურად აღწერს ყველაფერს, რომ თხრობის რიტმი არაფრით ჩამოუვარდება მისი ცხოვრების რიტმს. რა თქმა უნდა, ამასაც აქვს დადებითი მხარე, მაგრამ ლიტერატურული თხრობის მთელი არსი იმაშია, რომ ის განსხვავებულად უდგება და აღიქვამს დროს. ფლობერის „გრძნობათა აღზრდაში“ ერთ-ერთი თავი იწყება ასე: „ის მოგზაურობდა“. გადასარევია! ორ სიტყვაში გავიდა 5 წელი. მწერალი ნელ-ნელა სწავლობს, როგორ მართოს რომანში ან მოთხრობაში დრო. ახალბედა მწერლებს ეს კარგად არ გამოსდით. მაგალითად ჯონ აპდაიკი და ალის მანრო, უკვე გვიანდელ ასაკში დროით მანიპულირების დიდოსტატები გახდნენ. კითხულობ მათ ნაწერს და უცებ აღმოაჩენ, რომ თურმე 40 წელი გავიდა. „დასასრულის განცდა“ იწყება იმ ეპიზოდიდან, როცა მთავარი გმირი 15 წლისაა და 5 წლის მანძილზე ვითარდება ამბავი და შემდეგ 40 წელი მთლიანად გამოტოვებულია. ძირითადი ამბავი სწორედ მაშინ იწყება, როცა მთავარი გმირი 60 წლისაა.
– და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ასევე ლიტერატურის თეორიის საკითხს შეეხება მეტ-ნაკლებად. როდესაც თქვენი ბოლო რომანის სათაური გავიგე პირველად, სანამ წავიკითხავდი, მაშინვე ფრენკ კერმოდის წიგნი გამახსენდა, „დასასრულის განცდა“ (The Sense of an Ending: Studies in the Theory of Fiction). და სხვათა შორის, მალე დავრწმუნდი, რომ ეს მსგავსება შემთხვევითი არ იყო. რატომ გადაწყვიტეთ ლიტერატურის თეორიის კლასიკური ნაშრომის სათაური მიგეცათ რომანისთვის?
– გეტყვით როგორ იყო. თავდაპირველად სულ სხვა სახელწოდებაზე ვფიქრობდი, რომელიც მოკლე იყო, ერთსიტყვიანი – ესაა ბოლო სიტყვა რომანიდან. შფოთვა (unrest). მაგრამ სათაური ისე ჟღერდა, როგორც სტეფან ცვაიგის მოთხრობის სათაურის თარგმანი და ამიტომ გადავწყვიტე სხვა სახელწოდებაზე მეფიქრა. ბოლოს, მეგონა რომ რაღაც განსაკუთრებული, ორიგინალური მოვიფიქრე, რომელიც აქამდე არავის გამოუყენებია – „დასასრულის განცდა“ (Sense of an ending) და ვეკითხებოდი ადამიანებს, თუ როგორ მოსწონდათ სათაური. არააკადემიური წრეებიდან ყველას ძალიან მოეწონა სათაური, აკადემიური განათლების ადამიანებმა კი მაშინვე მითხრეს, ო, ეს ხომ კერმოდის წიგნის სათაურია! მე თავად არაფერი მსმენოდა ამ წიგნის შესახებ, რადგან უნივერსიტეტში რუსულ და ფრანგულ ლიტერატურას და ფილოსოფიას ვსწავლობდი. ვიფიქრე, კერმოდმა ხომ ამ სათაურით 50 წელი ისარგებლა, ახლა ცოცხალიც აღარ არის (მხოლოდ შორიდან ვიცნობდი და დიდ პატივსაც ვცემდი), და რადგან სათაურებზე არაა საავტორო უფლება დაცული, გადავწყვიტე ჩემი წიგნისთვის ასე დამერქმია.
– მაგრამ ამ ორ წიგნს შორის არის რაღაც კავშირი…
– მე არ წამიკითხავს, ამიტომ ვერ გეტყვით. როცა ჩემი წიგნი გამოვიდა, მხოლოდ მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ კრიტიკოსები კერმოდის წიგნის კონტექსტში განიხილავდნენ ჩემს წიგნს, თუმცა არამგონია იყოს რაიმე კავშირი.
– რა განსხვავებას ხედავთ „ფლობერის თუთიყუშის“ და „მსოფლიო ისტორია 10/2 თავად“ ავტორ ჯულიან ბარნსსა და Love, etc და Talking It Over-ის ავტორ ჯულიან ბარნსს შორის? უკაცრავად ასეთი დაჯგუფებისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ტექსტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რამ გამოიწვია ჯერ Talking It Over-ში და შემდეგ Love, etc-ში ასეთი რადიკალური ცვლილებები?
– როგორც ადრე ვთქვი, ჩემი წიგნები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ-ორ ნაწარმოებში სიუჟეტი თანმიმდევრულად ვითარდება, ხოლო ბოლო ორში, რადიკალური, დატეხილი ფორმა ავირჩიე. Love etc და Talking it Over სიყვარულის, მეგობრობის და ღალატის ამბებია ძალიან ახლოდან დანახული, ხოლო დანარჩენ ორს უფრო ფართო სპექტრი აქვთ და ბევრ არამხატვრულ, ესეისტურ მომენტსაც შეიცავს. მაგრამ რადგან ყველა ჩემი დაწერილია, მე უფრო მსგავსებას ვხედავ მათ შორის და არა განსხვავებას. ერთ-ერთი მთავარი მსგავსება ამ ოთხივე წიგნში ის არის, რომ თხრობის ფორმაა ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხივე მათგანი ერთი პრინციპით დაიწერა: წერის დაწყებამდე უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორ მიმეწოდებინა კონკრეტული ამბავი მკითხველისთვის ახალი მეთოდით. მაგალითად, ამ ორ რომანში Love etc და Talking It Over წიგნის გმირებს პირდაპირ მკითხველთან აქვთ ურთიერთობა, ისე რომ ავტორი საერთოდ არ ერევა. ვფიქრობ, რომ ეს ფორმა უფრო ლიბერალურს ხდის თვითონ ამბავს. საერთოდ, ძალიან ძნელია ავტორმა საკუთარი წიგნი გააკრიტიკოს, მაგრამ ერთსაც დავამატებდი, შეგვიძლია ორ ჯგუფში გავაერთიანოთ ეს ოთხი წიგნი. პირველ კატეგორიაში მთავარი გმირის ხმა ჩემსას ჰგავს, ხოლო მეორე ჯგუფში, Love etc და Talking It Over, ავტორი არ მონაწილეობს, მისი ხმა არ ისმის, მხოლოდ გმირები ყვებიან ამბავს და ერთმანეთში დავობენ. აქ არავინ იჭრება, რომელიც იტყოდა, ერთმა თქვა, რომ დღეს წვიმდა, მეორემ თქვა, რომ მზიანი დღე იყო და მე გეტყვით სიმართლეს… სიმართლე მკითხველმა უნდა გაარკვიოს. ასე რომ, მკითხველი თვითონ იქცევა ამ წიგნების ავტორად.
– არაერთხელ წამიკითხავს მიმოხილვებში და ინტერვიუებშიც, რომ თქვენ ბრიტანელები ევროპელად აღგიქვამენ და პირიქით, ევროპაში, ევროპელი მკითხველის თვალში ბრიტანელობის კვინტესენციას წარმოადგენთ (სხვათა შორის, ჩემთვისაც). რაში ხედავთ მთავარს ბრიტანელებში, ინგლისელებში და რა არის მთავარი ევროპელებში. მაგალითად, უმბერტო ეკო ერთგან შეგვახსენებს, რომ ევროპის ფესვები ბერობამდე მიდის და იგი ფრანცისკანელთა ორდენსაც ახსენებს. ხოლო ე.წ. საერო ღირებულებები, მისი აზრით, ევროპის შედარებით ახალი მონაპოვარია, საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი. ბრიტანელობის ფესვები სად უნდა ვეძებოთ?
– ძალიან რთული ისტორიაა. პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ ბრიტანული და ინგლისური ერთმანეთისგან, რადგან ეს ორი რამ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მე თუ მკითხავთ, ჩემს თავს პირველ რიგში ინგლისელთან ვაიგივებ, შემდეგ ევროპელთან და ბოლოს ბრიტანელთან. ბრიტანეთი პოლიტიკური, სამხედრო და კომერციული წყობაა, რომელიც მე-17 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა და რომელიც ოთხ ეროვნებას აერთიანებს, ინგლისელებს, უელსელებს, შოტლანდიელებს და ირლანდიელებს, ოთხ სრულიად განსხვავებულ ერს სხვადასხვა ტემპერამენტით. მე არ ვიცი როგორია ბრიტანელი, ბრიტანელის ფესვები პოლიტიკულ-ეკონომიკური წყობიდან მოდის. ინგლისელობას უფრო ახასიათებს ეროვნული ნიშნები. ინგლისელი გამოირჩევა თავშეკავებულობით, ოფიციალურობით, აქვს ირონია და სპეციფიკური იუმორის გრძნობა. ასევე ახასიათებთ ემოციების შეკავება, ჩვენ არა ვართ ფეთქებადი ხალხი. ჩვენ ნელ-თბილი ხალხი ვართ. ინგლისელობა ენასაც უკავშირდება და ამიტომაც ვარ პირველ რიგში ინგლისელი. შემდეგ მოდის გარემო პირობები და ლანდშაფტი, და ყველაფერი ამის შემდეგ ისტორია, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნება ბრიტანეთის ისტორიად. ასევე დავამატებდი, რომ ინგლისელებს მაინცდამაინც არ უყვართ საკუთარი თავის შეფასება და ანალიზი (ანუ არ აღელვებთ რას ფიქრობენ მათზე). ისტორიულად ინგლისელს უფრო უადვილდება, გაემიჯნოს ვიღაცას ან რაღაცას, ვიდრე მიამსგავსოს თავი. შემდეგ, უკვე ბრიტანელებიც ამ გზით წავიდნენ – ყოფილიყავი ბრიტანელი, ნიშნავდა არ ყოფილიყავი ფრანგი, არ ყოფილიყავი გერმანელი. და ნაწილობრივ ეს განაპირობა იმანაც, რომ ბრიტანეთი მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა იყო. რაც უფრო დიდი ძალაუფლება გაქვს, მით ნაკლებს ფიქრობ, როგორი ხარ. მაგალითად ამერიკელები ახლა ყველაზე ნაკლებად თვით-რეფლექსური ხალხია მთელს მსოფლიოში, იმიტომ, რომ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოში ცხოვრობენ და ყველა მათზე ფიქრობს და მათ აღარ უწევთ ფიქრი. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა დაკარგა ძველი სტატუსი, ვფიქრობ რომ, ადამიანებმა უფრო დაიწყეს საკუთარი კულტურული იდენტობის ძიება, რამაც შესაძლოა სახელმწიფოს დანაწევრებამდე მიგვიყვანოს – მაგალითად, მალე შეიძლება შოტლანდია გამოეყოს და ა.შ.
– მოდით ლიტერატურას დავუბრუნდეთ. მინდა გკითხოთ, თანამედროვე ავტორებიდან ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდით? და რატომ? რითია მნიშვნელოვანი და ახალი მათი შემოქმედება?
– ყველაზე მნიშვნელოვანსა და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს შორის განსხვავებაა. 2-3 წლის წინ გეტყოდით ჯონ აპდაიკი, მისი განსაკუთრებული უნარის გამო, გაეხადა ჩვეულებრივი ამბავი არაჩვეულებრივად. ბევრი ცოცხალი ავტორია ჩემთვის მნიშვნელოვანი და გამიჭირდება საუკეთესოს დასახელება. ეს არაა კონკურსი. ხანდახან როცა ვამბობ, ეს კარგია, ეს ისე რა, ჩემი მეგობარი, ღვინის მწერალი ჯენსის რობინსონი ყოველთვის ასე მპასუხობს, ეს არაა კონკურსი. შენ უნდა დაინახო ღირსება თითოულ ღვინის ჭიქაში. მგონია, რომ ძალიან ჭკვიანური ნათქვამია. ახლა, როცა ასაკი მემატება, მითუმეტეს მიჭირს ნომერ პირველი მწერლის დასახელება. ცოცხალი ავტორებიდან ძალიან ვაფასებ ფილიპ როთს, მიშელ ტურნიეს, ალის მანროს და ასე შემდეგ.
– მიშელ უელბეკზე რას ფიქრობთ?
– მე ადრე დამიწერია უელბეკზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ძალიან ფრანგულ შემთხვევასთან. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ არა მგონია, რომ ის იყოს ძალიან ჭკვიანი მწერალი (რომანისტი). მგონია, რომ პროვოკატორია და შესანიშნავად ჯდება ნამდვილი ფრანგი პროვოკატორების ტრადიციაში. მე მსიამოვნებს მისი რომანების კითხვა, მაგრამ არა მგონია, როგორც მწერალი ტექნიკურად ისეთივე მაგარი იყოს, როგორიც ინტელექტუალია.
– ფრანგულად წაიკითხეთ თუ ინგლისურად?
– ერთი რომანი ფრანგულად, ორი ინგლისურად.
– მისი ბოლო რომანი თუ წაიკითხეთ, „რუკა და ტერიტორია“?
– არა, არ წამიკითხავს.
– მე ვფიქრობ, შეიძლება ეს მისი საუკეთესო რომანიც იყოს.
– ძალიან კარგი.
– არ შემიძლია კულინარიაზეც არ გკითხოთ. რატომ დაინტერესდით თავის დროზე ამ თემით? ხანდახან მგონია, რომ საფრანგეთი გასტრონომიული და ღვინის კულტურის გამო გიყვართ ასე.
– როცა პირველად ჩავედი საფრანგეთში, ფრანგული სამზარეულოსი და ღვინის შემეშინდა, საერთოდ არ მომეწონა: მაგალითად ვინეგრეტმოსხმული სალათი ან სისხლიანი ხორცი. მითუმეტეს, იმ დროს ბრიტანელები ხორცს მანამდე წვავდნენ, სანამ არ დანახშირდებოდა. თანაც 17-18 წლის ასაკში საერთოდ არ მიყვარდა ღვინო, ნელ-ნელა შემიყვარდა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ისეთი ოჯახიდან გამოვედი, სადაც სამზარეულოში ქალი ტრიალებდა. ოჯახში ვიყავით მე, ჩემი ძმა და მამაჩემი, სამი მამაკაცი და ერთი ქალი და ისე გამოვიდა, რომ სამზარეულო მხოლოდ მისი ტერიტორია იყო. არასდროს დამჭირვებია საჭმლის მომზადება, სანამ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე და ლონდონში არ გადმოვედი საცხოვრებლად… როცა მარტო ცხოვრობ, ხვდები, რომ სახლში მომზადება უფრო იაფია, ვიდრე გარეთ ჭამა, და მერე იწყებ კერძების მზადებას. გარდა ამისა, აქ რესტორნის კრიტიკოსად ვმუშაობდი და ჟურნალისთვის ვწერდი.
ღვინისადმი ინტერესი საკმაოდ გვიან გამიჩნდა, ალბათ უფრო 30 წლის ასაკში. ტრადიციულად ბრტანელები ალკოჰოლს ეტანებიან უფრო დასათრობად, ვიდრე სიამოვნების მისაღებად. ჩემს ახალგაზრდობაში ეს ორი ერთმანეთს ემიჯნებოდა: დასათრობი და სნობური, საწრუპავი ღვინო, დახვეწილი ღვინო. ეხლა ეს ორი თემა ერთმანეთს რადიკალურად აღარ ემიჯნება და ადამიანებს ბევრად მეტად აინტერესებთ ღვინო, რაც ნაწილობრივ ჯენსის რობინსონის დამსახურებაცაა, რომლის პუბლიკაციებსაც ძალიან დემოკრატიული შედეგი მოჰყვა ხალხის ღვინისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რომ ერთი ღვინო ჯობდა მეორეს და სხვადასხვა ეფექტი ჰქონდათ პირში. აი მაშინ დავინტერესდი ღვინით. პირველი ღვინო, რომელიც მომეწონა, ფრანგული იყო. შემდეგ დავიწყე ფიქრი, საფრანგეთის რომელი კუთხიდან მოდიოდა ესა თუ ის ღვინო. ამაზე ფიქრი მსიამოვნებდა, აი, მაგალითად, ეს ღვინო არის რონის ნაპირებიდან, ეს ბორდოდან, ლუარადან და ასე შემდეგ… შემდეგ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, რომელიც შესანიშნავი მზარეული იყო. მისი გავლენით დავოსტატდი. ახლა ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც საჭმლის და ღვინის ინდუსტრიაში არიან. აი, მაგალითად, ამ მაგიდის გარშემო მწერლები რომ ისხდნენ, ატყდებოდა ჩხუბი და აყალ-მაყალი, მეღვინეების გარემოცვაში კი სულ სხვაგვარადაა საქმე. ღვინის ინდუსტრიაში ხალხი ძალიან კეთილგანაწყობილია ერთმანეთის მიმართ. ცხადია, არის კონკურენციაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის თანამშრომლობის და ურთიერთგაზიარების სამყარო. ღვინო და სამზარეულო ადამიანებს ეხმარება კარგი, მეგობრული ემოციების გამოხატვაში, ღვინო არის არაჩვეულებრივი გზა, ირიბად უთხრა ადამიანს რას ფიქრობ მასზე.
– დღეს დამავიწყდა წამოღება და ამ დღეებში აუცილებლად გამოგიგზავნით ერთ კარგ, ძლიერ საფერავს.
– მე ხომ უფასოდ ვიძლევი ინტერვიუს და ვფიქრობ, ამაზე კარგ ანაზღაურებას ვერც წარმოვიდგენდი (იცინის).
– და ბოლოს, ფეხბურთზე. წელს “ლესტერ სიტი” გადმოდის პრემიერ ლიგაში, თქვენი საყვარელი გუნდი, და მინდა მოგილოცოთ. არ მავიწყდება თქვენი ფინალური ეპიზოდი რომანიდან „მსოფლიო ისტორია 10/2 თავად“, როცა მთხრობელი აღმოაჩენს, რომ “ლესტერ სიტიმ” ასოციაციის თასი აიღო.
– თქვენც ლესტერ სიტის გულშემატკივარი ხომ არ ხართ?
– არა, მე “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მიხარია ამ გუნდის დაბრუნება. ასეთ პატარა და მებრძოლ გუნდებს დიდ პატივს ვცემ.
– დიახ.
– ამიტომ მინდა გკითხოთ ფეხბურთის შესახებაც, ამასთანავე მახსენდება კამიუს და პაზოლინის სიტყვებიც ფეხბურთზე, ორივე საკმაოდ განსხვავებულად აღიქვამდა ამ თამაშს… თქვენთვის რა არის ფეხბურთი? მხოლოდ თამაში?
– სიმართლე გითხრათ, არ მაქვს არანაირი ფეხბურთის ფილოსოფია. ფეხბურთის გულშემატკივრობა ჩემთვის ტანჯვის ერთ-ერთი ფორმაა. კამიუმ თქვა, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებისეული მორალის შესახებ იცის, ადამიანური ზნეობისა და ვალდებულების შესახებ, ფეხბურთიდან ისწავლა. არა მგონია, ჩემთვის რამე მაგდაგვარი ესწავლებინა ფეხბურთს. უბრალოდ, ბავშვობაში ვთამაშობდი ფეხბურთს. ბოლოს, როცა ვითამაშე, კარში ვიდექი, ჟურნალ New Statesman-ის ღირსებას ვიცავდი. კარგად არასდროს ვთამაშობდი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უსწავლებია ფეხბურთს, ამას მხოლოდ სიამოვნებისთვის ვაკეთებდი, განსატვირთად. წელიწადში ორჯერ მივდივარ ხოლმე დიდ თამაშებზე, სტადიონზე. ხვალ ვაპირებ მაგალითად, „კრისტალ პალასისა“ და „ლივერპულის“ თამაშის სანახავად წასვლას…
– ეს გადამწყვეტი თამაშია ლივერპულისთვის…
– დიახ, ძალიან. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, სხვათა შორის, ღვინით მოვაჭრე, ამ გუნდის, “კრისტალ პალასის” 25%-ს ფლობს და მან დამპატიჟა, ასე რომ, წელიწადში ერთხელ მას მივყავარ ხოლმე “კრისტალ პალასის” თამაშზე. ასევე ჩემი ბუღალტერი “არსენალის” თამაშებზე მეპატიჟება წელიწადში ერთხელ. მომავალ სეზონზე ალბათ ლესტერი-კრისტალ პალასის და ლესტერი-არსენალის თამაშზეც მოვხვდები. „ლესტერ სიტის“ გულშემატკივრობას რაც შეეხება, უნდა ვთქვა, რომ ეს ყოველთვის დიდი ტკივილი და ნერვიულობაა, რადგან მათ არასდროს არაფერი მოუგიათ და 10 წელია პრემიერ ლიგიდან გავარდნილები იყვნენ და ჩემპიონშიპში თამაშობდნენ. თასის ფინალში ოთხჯერ გავიდნენ, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გაიმარჯვეს. ჯერ “არსენალთან” წააგეს, მერე “ტოტენჰემთან”, მოკლედ, ამ გუნდს ძალიან კარგად გამოსდის მაგარ გუნდებთან წაგება. ლესტერ სიტის გულშემატკივრობა მოსამზადებელი ვარჯიშივითაა, თუკი გსურს ინგლისის ნაკრებს უგულშემატკივრო. საუკეთესო რეპეტიციაა. რადგან ინგლისი მხოლოდ რაღაც ეტაპამდეა კარგი გუნდი, მაგრამ მათ აკლიათ ხოლმე ალღო, წარმოსახვის უნარი და პოეზია. წელს ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშებთ მსოფლიო თასზე: იტალიასთან წავაგებთ, შემდეგ ურუგვაისთანაც, რადგან მათ ჰყავთ საუკეთესო თავდამსხმელი ინგლისში, ლუის სუარესი, კოსტა-რიკასთან, რომელიც ასევე საკმაოდ კარგი გუნდია, ფრედ ვითამაშებთ, 1:1 და წამოვალთ სახლში. ასეთია ჩემი პროგნოზი.
© “არილი”
[1] სავარაუდოდ იგულისხმება კარლ ოვე კნაუსგაარდი და მისი რომანი Min kamp (2009–2011).
One Comment
Pingback: