„ქუჩა ყოველთვის თავისუფლებას გულისხმობს“, ქალაქური სიბრძნე
„თამაშს შეუძლია სილამაზისა და ღვთაებრიობის ისეთ მწვერვალებს მიაღწიოს, სერიოზულობა რომ ახლოსაც ვერ გაეკარება“
იოჰან ჰაიზინგა
ჯერ იყო ბურთი და მერე ყველაფერი სხვა: კეტები, ბუცები, გამაშები, ნომრიანი მაისურები და თვით სათამაშო მოედანიც კი.
ცხადია, თუ ბურთი გაქვს, გასაგორებელ ადგილსაც იპოვი ყველგან, მათ შორის ასფალტის უდაბნოში – ქალაქში, სადაც ბალახზე მეტი ადამიანია, სადაც ხეები ვერ იკეთებენ ჩრდილს და უწყლობით დამსკდარ მიწას ასფალტის სიმყარე აქვს, მაგრამ თუ ბურთს მიჰყვები, თუ მზეც ცაში ასროლილი ცეცხლოვანი ბურთი გგონია, მაშინ მთელი სიმძაფრით, სისრულითა და სილაღით შეიგძნობ სიცოცხლეს და სათამაშოდ შერჩეული ნებისმიერი ადგილი ეზოში, გარაჟებს შორის თუ მიტოვებული შენობის დერეფანში, პატარა ოაზისად გექცევა: აღარც სიცხე შეგაწუხებს და აღარც – უწყლობა…
პირველი მოჯადოება ბურთიდან იწყება, მისი შეკუმშული სიმრგვალიდან, მისი გეომეტრიიდან, რომელიც უფრო მეტად სახალისო და თვალსაჩინოა, ვიდრე კოლმოგოროვის რედაქციით შედგენილი სკოლის სახელმძღვანელო თავისი აქსიომებით, დაშვებებით, ლიმებითა და თეორემებით, თუმცა ჩვენი ბავშვობის პირველი ტყავის სფერო – σφαῖρα (ბერძნ. ბურთი, სფერო, ბირთვი) ვერ გამოირჩეოდა იმგვარი იდეალური ფორმით, როგორიც აღაფრთოვანებდა არქიმედესა და არისტოტელეს, რადგანაც კამერის ჩადებისა და გაბერვის შემდეგ, ერთ-ერთ პანელზე დატანებული ჭრილი (ე.წ. „პიპკის“ წინაპარი) ზონარით უნდა შეგეკრა, კამერის გადაკეცილი ყელი და ზონარის კვანძი კი უხეშად არღვევდა ბურთის ზედაპირის სიგლუვესა და ერთგვაროვნებას, რაც კვალს ამჩნევდა როგორც ბურთის მოძრაობის ტრაექტორიას, ასევე მოთამაშის გვარიანად შეწითლებულ შუბლსაც.
სულ სხვა იყო, „პიპკიანი“, ნემსით გასაბერი 9 და 11-მანეთიანი ბურთები, სამ-სამად ჩაწყობილი მართკუთხა ტყავის პანელებით, რომლებიც ხან ჭრელი, ხანაც სრულად წითელი, ყვითელი ანდა თეთრი იყო, მაგრამ, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ვერცერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივიდოდა ისეთ სრულყოფილებასთან, როგორიც ადიდასის ე.წ. კოპლებიანი, 25-მანეთიანი ბურთი იყო: თეთრი ექვსკუთხედების (ჰექსაგონების) ალყაში მოქცეული შავი ხუთკუთხედები (პენტაგონები) პროპორციით 5/3-ზე, ანუ 20 ექვსკუთხედი 12 ხუთკუთხედის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ გეომეტრიაში კი არა, „ტყავის“ ხარისხშიც იყო განსხვავება: მძიმე, კოპლებიანი ბურთი დიდხანს არ იხეოდა და ფორმა-ზომასაც ძნელად იცვლიდა. მომნუსხველი იყო მისი სიმკვრივე, დრეკადობა და დაჭიმულობა, რომლის ერთგვაროვნება ირღვეოდა მხოლოდ გადაბმის ხაზების ოდნავ შესამჩნევ სიღრმეებში, სადაც ზემკვრივი ძაფის ხაზები ჩაკარგულიყო…
სწორედ ასეთი ბურთი იყო იმ სამყაროს გრავიტაციის ცენტრი, რომელსაც ქუჩის ფეხბურთი ერქვა! სწორედ ასეთი ბურთის მიზიდულობა და ერთმანეთში არეული ტყავისა და საღებავის მათრობელა სურნელი ქმნიდა დღესასწაულს, რომელიც გვეგონა, რომ არასოდეს დასრულდებოდა. ბურთს გამოდევნებული ადამიანისთვის კაცობრიობა ხომ ორი ნაწილისგან შედგება! პირველი – ისინი, ვინც ფეხბურთს თამაშობენ და მეორე – ისინი, ვინც ფეხბურთს უყურებენ! ან ფეხი გაგირბის, ან – თვალი, აბა, სხვანაირად როგორ?
თუმცა იმ სამყაროში სულ იყვნენ ისეთი კაცები, რომლებიც ტერიტორიებს საზღვრავდნენ და საზღვრის დარღვევის გამო პატარა ბიჭებს ბურთებს უჭრიდნენ. ამ კაცებს სულ მუდამ პაჟამოები ეცვათ და სულ მუდამ უხასიათოდ ახალგაღვიძებულები იყვნენ. ამასთან, აუცილებელი არ იყო ფანჯარა ჩაგემსხვრია ან ავტომობილის სარკე გაგეტეხა. მთავარი სხვა ვნება იყო: ვერ იტანდნენ თამაშს, სიცოცხლის ზეიმს და სერიოზულობის სამსხვერპლოზე კლავდნენ ბურთს, რომლის სულისგან დაცლილ სხეულს, ისეთსავე უსახურს, როგორიც მაწანწალის ქუდი შეიძლება იყოს, მიასვენებდნენ ეზოს ბიჭები. ძველი დიდების ნაშთად მოჩანდა პირდაფჩენილ ტყავში ჩაკარგული წითელი ან ყვითელი კამერა, რომელიც რამდენიმესაათიანი გლოვის შემდეგ, „რაგატკის“ მასალად იჭრებოდა… დანიანი კაცი კი იდგა და იმუქრებოდა: ბურთი რაა, თავებს დაგაჭრით, თუ თამაშს არ შეწყვეტთ და აქედან არ გადაიკარგებითო… მაგრამ ამ კაცებს, მრისხანებისა და მეწაღის დანის ტრიალის მიუხედავად, არსებითად არაფერი შეეძლოთ. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, თამაშის უარყოფა შეუძლებელიაო. ადამიანს შეუძლია ყოველგვარ აბსტრაქციაზე თქვას უარი: სამართალზე, სილამაზეზე, ჭეშმარიტებაზე, სიკეთეზე, გონზე, ღმერთზე, მაგრამ თამაშზე კი – არაო!
ცხადია, ბურთის გორების, თამაშის იდეას დანით ვერ მოკლავ, ამ სამყაროს სულ სხვა მტერი ჰყავს – სერიოზულობა, რომლიც ასაკთან ერთად ემატება ადამიანს, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როცა პატარა ბიჭებს თავს მოახვევენ დიდების სამყაროსთვის დამახასიათებელ ქცევასა და საფიქრალს!
წიგნებში ამოგვიკითხავს, რომ თამაში (თავისი მოგება-წაგებით), სიმბოლურად, სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია. კაცობრიობას ჰქონდა ეპოქა, რომელშიც სპორტი საკრალიზებული იყო და რელიგიური კულტის ნაწილად მიიჩნეოდა. ათასობით წელი დასჭირდა სპორტის გათავისუფლება-განჯადოებას. თანამედროვე სამყაროში სპორტულ შეჯიბრში დამარცხება გაიგივებულია რიტუალური მსხვერპლშეწირვის მხოლოდ სიმბოლურ ჩანაცვლებასთან. ამიტომაც არის, რომ დამარცხებული გუნდის ქომაგი ისე იქცევა, როგორც დანაკარგით განადგურებული ჭირისუფალი. ცხადია, წაგება ყოველთვის სამწუხაროა და იმ სამყაროშიც გულსატკენი იყო, რომელიც ქუჩის ფეხბურთის სახით ჩვენს ბავშვობაში დარჩა, მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, სულ სხვა ტკივილი იყო – პერსონალური, სხვას რომ არ ეკითხებოდა ისეთი! აქ, სერიოზულ სამყაროში კი, ამ ტკივილს ერთი ათად აძლიერებს გარე ფაქტორები…
ჩვენ ვუმღერთ სამყაროს, რომელიც თავისუფალია გამარჯვებამოწყურებული სასტიკი გულშემატკივრის, ყოვლისშემძლე მწვრთნელის, უსამართლო მსაჯისა და ყოველგვარი მატერიალური სარგებლისგან!
ვუმღერთ სამყაროს, რომელშიც თამაში, ბურთის გაგორებაა ყველაფერი – ალფაც და ომეგაც და ამ სამყაროს ქუჩის ფეხბურთი ჰქვია. ეს არის სამყარო, სადაც არც ვარჯიში არსებობს იმ გაგებით, როგორადაც „სერიოზულ ძიებს“ ესმით: კროსი, აჩქარება, საერთო ფიზიკური მომზადება და ასე შემდეგ. აქ თვითონ თამაშია ვარჯიში! უფრო ზუსტად, ყოველი თამაში თავად არის ვარჯიში და მზადება მომდევნო თამაშისთვის! ყოველი თამაში ხომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი მოქმედებაა. ნაბრძანები თამაში თამაში აღარაა!
…და კიდევ, ამ სამყაროში მსაჯის გარეშე უფრო სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღება. საჯარიმო დარტყმა, კუთხური თუ პენალტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუკი ორივე გუნდის წევრები შეთანხმდებიან. პატარა მოთამაშეებმა იციან, რომ თამაშის წესების დარღვევითა და უსამართლობით თვით თამაშის სამყარო დაინგრევა. თუ ერთხელ იჭინჭყლებ (შეუვალად უსამართლო და მიკერძოებული იქნები), შეიძლება გეპატიოს კიდეც, მაგრამ თამაშის სისტემატური ჩაშლის შემთხვევაში, აღარ გათამაშებენ, არჩევან-არადნის დროს, უარს იტყვიან შენზე!
ვარსკვლავობასა და ფულის შოვნაზე ოცნებაც დიდების, ანუ სერიოზული სამყაროს ნაწილია!
ქუჩაში მოთამაშე ბიჭი, რომელიც 10 ნომერს იწერს ზურგზე, კემპესის, ყიფიანის, ზიდანის, პლატინისა და მარადონას ფინტებსა და მოხერხებულობაზე ოცნებობს და აზრად არ მოსდის დიდი ფეხბურთელების ფულების თვლა!
დიდების სამყაროში პირიქითაა: მუქთად „აუტჩიკებსაც“ აღარ მოაქვთ ბურთები!
ასფალტის უდაბნოში მობურთავე ბიჭს დედა დასდევდა, უშლიდა თამაშს, დროისა და ჯანმრთელობის ფლანგვად მიაჩნდა. ეს უფრო ბუნებრივი იყო, ვიდრე ახლანდელი დედების ქცევა, ვარჯიშზე პირსახოცებით რომ დაჰყვებიან შვილებს, ვიტამინებითაც რომ ამარაგებენ და ტრენერის (დინამოს დუბლების განაცხადში ორჯერ რომ მოხვედრილა, მაგრამ მენისკის გამო რომ დაუნებებია თავი თამაშისთვის) კეთილგანწყობაზეც ზრუნავენ, თუმცა საკმარისია ეჭვი შეეპაროთ შვილების ვარსკვლავურ მომავალში, ჩათვალონ, რომ მათი 12 წლის ბიჭისგან, რაც უნდა ფული ხარჯონ, არც ზიდანი გამოვა, არც პელე და არც მესი, რომ უყოყმანოდ, არც დაფიქრდებიან, ისე დაუჭრიან ბურთს!
პატარა ბიჭებისთვისაც კი ფეხბურთი აღარ არის თამაში ამ სიტყვის ყველაზე ტრადიციული გაგებით! შეიძლება უფრო ძლიერად ურტყამდნენ ან უფრო სწრაფად დარბოდნენ, ვიდრე ქუჩაში მობურთავე მათი თანატოლები ოცი და მეტი წლის წინ, მაგრამ აღარ აქვთ უმთავრესი – თავისუფლება, სპონტანობა და უზრუნველობა, რასაც ჯამში თამაშის განწყობა ჰქვია! არადა, დიდი ფეხბურთელიც ის არის, ვინც სკაუტებით, მწვრთნელებით, გუნდის მფლობელებით, სათამაშო სქემებითა და ფსონების მოანგარიშე ხალხით დაბინძურებულ გარემოშიც არ კარგავს თვითმყოფადობას და, ვისაც ტექნიკური ორგანიზაციის, მატერიალური აღჭურვილობისა და მეცნიერული გააზრებულობის მიუხედავად, შენარჩუნებული აქვს თამაშობრივი განწყობა და თამაშის დროს ბავშვად გადაქცევა შეუძლია!
„ნუ მოკლავ ბავშვს!“ – ეს უნდა იყოს საფეხბურთო სამყაროს უმთავრესი პრინციპი, რომელიც თამაშს დააბრუნებს სტადიონებზე, დააბრუნებს შთაგონებას, გულწრფელობას, აღტაცებას, სიხარულსა და გმირობას!
აკი, ფეხბურთის მშობელი ცივილიზაციის, მაიას ტომთა ლეგენდებიც ამტკიცებენ, რომ ბურთის გაგორებაში ბადალი არ ჰყავდათ ბავშვებს და, რომ არა ბავშვები, სამყარო ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არისო.
ერთ-ერთი მითის თანახმად, ფეხბურთის თამაშის საბაბი გამხდარა ტყუპი ძმების სურვილი, შეჯიბრში გამოეწვიათ მიწისქვეშა ღმერთები, მაგრამ ძმები დამარცხდნენ და მოუწიათ სიცოცხლის სახით საფასურის გადახდა.
მაიას მითოლოგია გვეუბნება, რომ ღმერთებმა ერთ-ერთი ძმის თავი ხის ტოტზე დაკიდეს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხეზე იმყოფებოდა ნორჩი ქალწული, რომელიც დაფეხმძიმდა ბაგეებიდან ამოფრქვეული თესლით. შედეგად, იშვნენ ბავშვები, რომლებმაც ხელახლა გამოიწვიეს მიწისქვეშა ღმერთები ფეხბურთის მოედანზე. ამჯერად ბავშვებმა გაიმარჯვეს, ტყუპი ძმების მოკვეთილი თავები კი ზეცად ამაღლდნენ და იქცნენ მზედ და მთვარედ!
სამყაროს ამ მოდელში, სადაც ბურთის სათამაშო მოედანი გაიგივებულია ცასთან, მოთამაშე ბიჭების გარეშე ჰარმონია ვერ იქნება! შესაბამისად, ვერც მზე და მთვარე იბრწყინებენ სტადიონების თავზე და, ვერც მიწისქვეშა ღმერთები დამარცხდებიან ადამიანებთან ჭიდილში. ჰოდა, ნუ ვატკენთ ამ ბიჭებს გულებს და ნუ დავუჭრით ბურთებს, ვაცადოთ ბავშვობა, ვაცადოთ თამაში!
© “არილი”