Uncategorized

მიშა ბახსოლიანი – ნადირობა ძაღლზე

nadiroba dzaglze copy

უფულოდ  ვეყარეთ. გიო იდგა და ამბობდა, დილით ისეთი იდეა გავაძრე ყველა გავმდიდრდებითო.

– მთავარია ,,ზადნი” არ მივცეთ, –  დააყოლა ბოლოს.

სად იყო მისაცემი.

მიდი, დაიწყე –  გავამხნევეთ ბიჭებმა და გოგოც იყო ერთი, მაშინ  ხმა არ ამოუღია ოღონდ, ამთქნარებდა.

ამან კიდევ პლაკატი გააძრო ჯიბიდან. პლაკატი რა, ფურცელი. ზედ  მუქი პუდელი ეხატა. ქვემოთ წარწერა: დაიკარგა პუდელი. მპოვნელი  დასაჩუქრდება 100 ლარით. იქვე ტელეფონის ნომერი. 599 15 47 .. და მეორე ნომერიც. ეგ იყო სულ, მეტი არაფერი. ექვსნი ვიყავით, კაცზე 15 ლარი გამოდიოდა, იქაც თუმანი გზის ფული და სიგარეტი. ჰუჰ. ეგრევე ავდექით და კარებისკენ გავიწიეთ. ამან კიდევ შიგ ხომ არ გაქვთ სად მიდიხართ, ბაზარს ახლა ვიწყებთო. რაღა იყო საბაზრო, მაგრამ ყოფილა თურმე. ფირმის ბაზარი იყო. ,,ტოესტ” ფირმის შექმნის ბაზარი. ფირმის, რომლიც დაკარგულ  ძაღლებს მოუძებნიდა პატრონებს და კატებსაც და ,,მამენტ” და ვინმეს რამე სხვაც თუ გაექცეოდა, არც მაშინ დაიხევდა უკან და სად იყო დასახევი, დავსხედით და ეგრევე შევქმენით. მერე მაღაზიიდან ექვსი ბოთლი არაყი ამოვიტანეთ და როგორც გვიყვარდა, სათითაოდ გავინაწილეთ, ადგილებზე მივეწყვეთ და ჩუმად, ყლუპყლუპით დავლიეთ. ორ საათში ყველას  ეძინა. მარტო მე და გიო ვიდექით აივანზე, ზიარ სიგარეტს  დატოვებით ვაბოლებდით  და სიბნელეზე დაწეპებულ, ალაგ-ალაგ განათებულ კორპუსებს ვუყურებდით.

– იცი რამდენი ძაღლი ცხოვრობს ამ ქალაქში? – იკითხა გიომ და ბიჩოკი კორპუსებისკენ წკიპურტით გაისროლა.

– ყველანი ძაღლები  ვცხოვრობთ.  –  ჩავილაპარაკე ჩემთვის და აივანზე მიყუდებულმა ჩავიძინე. მესიზმრა თითქოს შერლოკ ჰოლმსთან ერთად ჭაობის ზედაპირზე მშვიდად მივსეირნობდი. შორს, პატარა კუნძულზე კი თეთრად განათებული იესო იდგა და ხელით რაღაცას გვანიშნებდა. საიდანღაც ძაღლის ყმუილი ისმოდა, უფრო საიდანღაც კაცის სიმღერა, თუ რაღაც მსგავსი… ბოხი ხმა იყო, ვისაც ყელში ბუასილგაჩენილი მასტების ღიღინი ევასება, გაუსწორდებოდა. მე კი საშინლად შემაწუხა და ჰოლმსს ბამბა ვთხოვე ყურებში ჩასატენად, მაგრამ ჰოლმსმა რატომღაც ელარჯიანი თეფში ამოიღო ჯიბიდან და მომაწოდა.

– გასინჯე, გემრიელია, – მითხრა და თან ისე გამიცინა, თავი კოლგეიტის რეკლამის გადაღებაზე მეგონა.

– რა დროს ელარჯია? – ვკითხე გაკვირვებულმა და ცოტა ნაწყენმაც.

– ელარჯი კი არა გებჟალიაა. როგორ ვერ იცანი? სპეციალურად შენთვის მოვამზადე, – გაკვირვებული და ცოტა ნაწყენი ჩანდა ჰოლმსიც.

– მაპატიე ჰოლმს, გადავიღალე, თან მგონი ფეხი დამისველდა, ალბათ ქალამანს ძირი გაუხვრიტეს.

– ამათგან მეტს რას უნდა ელოდე, – ჩაიქნია ხელი ჰოლმსმა და მეორე ხელით თეფში ხელახლა მომაწოდა.

გამოვართვი. ჩანგალი არ აღმოგვაჩნდა, ამიტომ ხელით ვჭამდი. გემრიელი იყო. ფეხიც თითქოს გამითბა. იესო უფრო ახლოდან მოჩანდა. ხელით ისევ რაღაცას გვანიშნებდა, მეორე ხელი კვართის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი.

–  კვართს ჯიბეები ჰქონდა? – მკითხა ჰოლმსმა

მხრები ავიჩეჩე.

– დაიკიდე, – დამამშვიდა ჰოლმსმა, – ხანდახან ყველას გვავიწყდება რაღაცები.

ისედაც მეკიდა. თითქმის მისულები ვიყავით, იესოს ნათელი უკვე ისე გვანათებდა, რომ ერთმანეთის სახეებს კარგად ვარჩევდით და ერთმანეთის ტანსაცმელსაც და ჰოლმსს რატომღაც კილტი ეცვა და ყვითელი ვარსკვლავებით გაწყობილი მწვანე სვიტერი.  მე კი – ლურჯი სპორტული, წარწერით პუმა და ნაცრისფერი მაისური, წარწერით Haze Days და ალბათ ქალამნებზეც მქონდა წარწერა, მაგრამ არ ჩანდა და ვფიქრობდი, რა შეძლება მწერებოდა ფეხებზე. უცბად ძაღლის ყმუილი ძალიან ახლოს გაისმა,  მერე ვიგრძენით როგორ გადაგვახტა თავზე უზარმაზარი პუდელი და  სანამ თავზე დასხმულ მყრალ წვეთებს ვიწმენდით, ის კუნძულზე ავარდა და იესო შეჭამა. შუქი ჩაქრა. ჩამობნელდა.

– ახლა რა ვქნათ? – ვკითხე ჰოლმსს, მაგრამ არავინ მიპასუხა.

– ჰოლმს! ჰოლმს! – ვღრიალებდი და ვღრიალებდი და ვღრიალებდი და ვიღაცამ  მხარზე ხელი დამადო და შემანჯღრია.

– რა გჭირს ბლინ, რა გაკივლებს? – მკითხა გიომ. დილა იყო, აივანთან უსაქმური ან, პირიქით, საქმიანი მეზობლები შეკრებილიყვნენ და გაკვირვებულები მიყურებდნენ.

– ქრისტე შეჭამეს, – ვუთხარი ჩუმად.

– ააა, – დაამთქნარა გიომ, – მაგისთვის მაღვიძებ. აივნის რიკული ააფუმფულა და ისევ მიიძინა.

ოთახში გავედი. ყველანი უფულოდ ისხდნენ. ხმაჩაწეულ ტელევიზორს უყურებდნენ და ფირმის სახელზე ფიქრობდნენ.

– რა ვარიანტები გაქვთ და მარკერი ხომ არ გაქვთ? – ერთდროულად ვიკითხე.

– მარკერი ტელევიზორზე დევს და ვარიანტებია ჯეკა, ძაღლსერჩი, ომარას ძაღლი, წითელი ძაღლი, წითელი ნახევარძაღლი, ძაღლ 22, ძაღლატამა, მისტერ ძაღლი, ალიბაბა და 40 მამაძაღლი, 1001 ძაღლი, თეთრყურა შავი ძაღლი, ლესი, ძაღლი გამოძახებით, ხელმარჯვე ძაღლი, მრავალძაღლიერი, ქარავანი მიდის, აისვენტურა, ცხელი ძაღლი.

– ეგ უკვე არის.

– სად?

– სერიალში.

– დაიკიდე მაშინ. კიდევ არის ვარიანტები, გავაგრძელო? – მკითხა გოგომ, რომელიც ბიჭს გავდა, ოღონდ აღარ ამთქნარებდა.

– გააგრძელე, – დავეთანხმე და ტელევიზორზე ჩამოთვლილი ვარიანტების დაწერა დავიწყე.

–  ძაღლყურძენა, ძაღლაურა, …

–  მგონი საკმარისია, –  შევაჩერე მარი.

 

ტელევიზორზე 20 ვარიანტი ეწერა, აქედან ჯერ 15  წავშალე, მერე 2  მივაყოლე და ბოლოს ყველაზე კარგები დავტოვე: ძაღლ 22, წითელი ნახევარძაღლი და ძაღლსერჩი. ლიჩნად მე მინდოდა ძაღლსერჩი აგვერჩია, მაგრამ კენჭისყრაზე ძაღლ 22–მა გაიმარჯვა და გიო გავაღვიძეთ.

– სახელი არის, ახლა რას ვშვებით? – ვკითხე და თვალი ჩავუკარი. იასნი იყო უნდა დაგველია, მაგრამ გიომ სლოგანის მოფიქრებაც მოინდომა და მანდ დაგვენძრა. ყველას ეზარებოდა უბენზინოდ მუშაობა.

ბოლოს ორი კაცი გაფუჭებული გიტარების ჩასაბარებლად გავუშვით დინამოზე და სასმელის ამოტანა დავავალეთ, დანარჩენები კი სლოგანს ჩავუჯექით. ბევრი ვუჯექით თუ ცოტა ვუჯექით, დავიღალეთ და გავიარ-გამოვიარეთ.

– ძაღლ 22, ეძიე ცხოველი შენი, – თქვა მარიმ.

– ძაღლ 22, თქვენი ძაღლი ჩვენს ხელშია, – თქვა გიომ და დავცინეთ და დაიძინა ისევ.

– ძაღლ 22, ძაღლით ან ძაღლზე, – თქვა გაგამ.

– ძაღლ 22, 100 ლარად პინგვინსაც მოგიყვანთ, – ვთქვი მე.

მარიმ მოიგო. ბიჭებმა არაყი ამოიტანეს, დავლიეთ. აივანზე აღარ გავსულვარ, მარის მივუწექი გვერდით, გასაშლელ მწვანე ლოგინზე. რობოკოპივით იწვა, ელემენტ გამოცლილი რობოკოპივით. მიკვირდა აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდი, რომ მომწონდა. გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი, მგარამ მისი გაღვიძების ლოდინში თვითონ ჩამეძინა.

მესიზმრა ჰოლმსთან ერთად ფოთის ,,კოლხეთისა” და რუსთავის ,,ოლიმპის” თამაშს ვუყურებდი. ჰოლმსმა ჯიბიდან ჭიქა, თერმოსი,  ჩაის ფერი, შაქარი და მრგვალი ბუბლიკები ამოიღო.

– რა დროს ესაა, ჰოლმს, – ვკითხე გაკვირვებულმა და ცოტა ნაწყენმა.

– გამომართვი, ცოტა კონიაკს ჩაგიმატებ და გაგისწორდება, მე ვეღარ ვსვამ, კუჭი მტკივა.

– აბა კონიაკს რაღას დაათრევ? – ავყვირდი გაბრაზებული, ნერვები მეშლებოდა წინა ღამე რომ მახსენდებოდა.

– ნუ ჯიჯღინებ დალიე, მეც დამწყდა გული იესოზე, მაგრამ რაც არის არის, ვეღარაფერს უშველი. იმ ძაღლს კიდევ ვიპოვი და ცხვარივით გავატყავებ. გუშინაც მთელი ღამე ვსდიე, მაგრამ ვერაფრით დავიჭირე. არადა, შორიდან მოკვლაც არ მინდა. ცოცხლად უნდა დავიჭირო – დამპირდა ჰოლმსი.

კონიაკს ვსვამდი. ჩაი და ბულკები დავიკიდე. ,,ოლიმპმა” პენალტი გაიტანა. ისიც დავიკიდე. მერე სტადიონზე ვიღაც შიშველი მასტი შემოვარდა, მსაჯს პანჩური ამოარტყა და ყველა მისდევდა. ისიც დავიკიდე.

– მგონი ვიცი სადაც უნდა ვეძებო, – მითხრა ჰოლმსმა.

– სად? – ვკითხე და ფეხსაცმელებზე დავიხედე, ჩინურად მეწერა რაღაც, მეხატა უფრო.

– ქალია, ზოოპორნოს იღებს. დისკი ვიყიდე დღეს. ნახე ყდაზე რა ახატია.

ის იყო. უზარმაზარი პუდელი, ქალისთვის პირში ჩაედო და კამერისკენ გამომწვევად იყურებოდა, ტოესტ თესლურად. ნერვები ბოლომდე მომეშალა, კონიაკის ბოთლი მსაჯს ვესროლე და სანამ ადგომას მოვიფიქრებდი, დამიჭირეს. ნახევარ საათში კამერაში ვიჯექი, გვერდით ის მასტი მედგა, მსაჯს რომ პანჩური ამოარტყა და მეუბნებოდა, მარკერი მიშოვე და აქედან 15 წუთში გავალთო. ვუშოვე. ჯიბიდან ამოვიღე და მივაწოდე. კედელზე რაღაც სმაილი დახატა, ცოტა ხანს თვალებში უყურა, მერე კი იქ, სადაც შეიძლება სმაილს შუბლი ქონდეს თითი დაუკაკუნა და უთხრა:

– დაგენძრა ბრატ, – შუბლში შუბლი ჩაარტყა და კიდევ ჩაარტყა და კიდევ და კიდევ და გაანგრია კედელი და გავიდა გარეთ და გავედი მეც. დილა იყო, პახმელია მტანჯავდა.

– დღეს რას ვშვებით? – ვკითხე მარის, რომელიც შუბლზე თითით ნაზად მიკაკუნებდა და ისე დობრად მიყურებდა, ვიცოდი სადმე გაგზავნას მიპირებდა.

– დღეს ვრეგისტრირდებით და რეკლამას ვიფიქრებთ, მაგრამ რადგანაც ფული არ გვაქვს, სატელევიზიო რეკლამას ვერ გავქაჩავთ, ამიტომ რამე იაფფასიანი პრინტები გვჭირდება, რასაც აქვე კომპიუტერიდან ამოვბეჭდავთ და მერე იმავე ბოძებზე გავაკრავთ, სადაც ხალხი დაკარგული ცხოველების ფოტოებს აკრავს.

– მერე?

– მერე ვინმე იპოვის ჩვენს პრინტებს და დაგვირეკავს, ჩვენ კიდევ წავალთ და მოვძებნით იმ ძაღლებსა და კატებს და მაჩვებსა და თუთიყუშებს და ვიშოვით ფულს.

– მერე?

– მერე სატელევიზიო რეკლამის ფულს შევაგროვებთ და შეძლება „ბიზნესკურიერშიც“ მიგვიწვიონ და ცოტა ხანში იმდენი ზარი შემოგვივა, რომ თვითონ ვეღარ გავწვდებით და ჩინელებს დავიქირავებთ. ოღონდ დაიმახსოვრე კორეელებისა და ვიეტნამელების ნდობა არ შეიძლება. ისინი ძაღლებს ჭამენ.

– მერე?

– მერე იმდენ ფულს ვიშოვნით, რომ ამ სოროდან ავიბარგებით და სადმე ნორმალურ ადგილზე გადავიტანთ ოფისს, იქ გალიებიც გვექნება, რომ დაჭერილი ცხოველები მანამდე ვიყოლიოთ, სანამ პატრონები არ მოაკითხავენ და ვისაც პატრონი არ მოაკითხავს, იმათ გავასუქებთ და ახალ პატრონებს მივყიდით.

– მერე?

– მერე გავმდიდრდებით და ერთმანეთს დავცხებთ. შენ და გიო ცალკე წახვალთ და საკუთარ ,,ძაღლ 22”–ს გააკეთებთ. მე გიჩივლებთ, რადგან ეგ ჩემი მოფიქრებული სახელია და იძულებული გახდებით სხვა სახელი მოიფიქროთ.

– მერე?

– თქვენ სმის გარდა არაფრის აზრზე არ ხართ, მთელ ფულს არაყში გაუშვებთ ან მოსაწევში, ან წამალში და გაკოტრდებით. ჩემთან მოხვალთ, მაგრამ მე უკვე მაგრად მეკიდებით და ახლოს აღარ გაგიკარებთ. თუ შეშინებას დამიპირებთ, ჩემი ჩინელი ბრუსლი და შანხაის ლომები და მანდარინები და კიდევ ვიღაცები მიგაჩმორებენ და ისევ ამ სახლში დაბრუნდებით. გიო უფრო ადრე მოკვდება, იმიტომ რომ სუსტი ნერვები აქვს, შენ  ცოტას იფართხალებ და დაიკიდებ, მაგრამ რამდენჯერაც სადმე ძაღლს დაინახავ, იმდენჯერ გაგახსენდები და ბოლოს შეიძლება თავიც მოიკლა.

– მერე?

– რაღა მერე, კასანდრა კი არ ვარ, მეტი რაღა გითხრა.

– კარგი, დაიკიდე, წამო პრინტი მოვიფიქროთ. ესენი ეტყობა გაღვიძებას არ აპირებენ.

– მე მღვიძავს, – თქვა დათომ.

– მეც, – თქვა გაგამ.

– მეც, – თქვა ზაზამ.

– მე მძინავს, – დაიძახა გიომ.

და მართლა ეძინა.

ხალიჩაზე დავსხედით. ბევრი ვიფიქრეთ. ძალიან ბევრი, მაგრამ ბოლოს ისევ მარიმ გვიშველა. გიოს ის განცხადება მოატანინა, რითაც მთელი ეს ბაზარი დაიწყო, ზედ ,,ძაღლ 22”, ეძიე ცხოველი შენი, რამდენიმე ნომერი და მისამართი მიაწერა და პლაკატიც მზად იყო. გადავამრავლეთ და ყველგან გავაკარით. ყველგან, პოლიტიკოსების სახეებზე, თავისუფლება ცოტნეზეც, მისტერ მასტერზეც, კუნფუს პლაკატებზეც, კინოს აფიშებზეც, მაღაზიების ვიტრინებზეც, მშენებარე სახლების ხის ღობეებზე, ყვითელ ავტობუსებზე, თუმცა იქიდან მალევე ჩამოხიეს, ხიდის მოაჯირებზეც,  საგზაო ნიშნებზეც, გივის ოთახის კარებზეც და კიდევ ბევრი ოთახის  კარებზეც, მერე ფურცლები გამოგველია და სმა დავიწყეთ.

– კარგი დღე იყო, – მოდი ჩვენ საქმეს გაუმარჯოს თქვა გიომ და არაყი მოყლუპა. ყელი ისე ქონდა გამომხმარი, არც დაჯღანულა, პირიქით, თითქოს ცხელ შოკოლადს სვამდა, კატასავით კრუტუნებდა და ტუჩებს ილოკავდა.

– გაუმარჯოს, – ვთქვით ჩვენც, ერთმანეთს ბოთლები მივუჭახუნეთ და დავლიეთ.

როდესაც ყველა ბოთლი დაიცალა, გიო აივნზე გავიდა და გამოგვძახა:

– ხვალ ტელეფონები არ გათიშოთ, ყურადღებით იყავით, გული მიგრძნობს ვინმე აუცილებლად დარეკავს. ვინც პირველი გაიღვიძებს, დანარჩენები გაგვაღვიძოს.

ცოტა ხანში მეც გავყევი:

– გიო, რაღაც მინდა გკითხო, გღვიძავს?

– ისეთ პონტში, მითხრა გიომ და თვალები გაახილა.

– როგორ ფიქრობ, ხვალ რომას ორიანი წამოვა?

– კი და ტოტენჰემისაც ევერტონთან. პროსტა არსენალი მეეჭვება,  სამივე მეკარე დამტვრეული ყავს, კარებში ალბათ დენილსონს დააყენებს ვენგერი.

ოთახში დავბრუნდი. მარის ისევ ეძინა. შიგადაშიგ ხვრინავდა. თავი ცუდად ედო. ბალიში გავუსწორე. ისე წყნარად ვიქცეოდი, გული ამიჩუყდა. ცოტა ხანს ახალ ზელანდიაზე ვფიქრობდი. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ძალიან მინდოდა ველინგტონთან ახლოს, რომელიმე პატარა სოფელში დასახლება და კურდღლების ან ცხვრების ფერმის გაკეთება. მერე გამიარა, არადა არ იყო ძალიან ცუდი აზრი. უფრო უაზროო თემებზეც მიფიქრია. გამთენიისას ჩამეძინა.

ჰოლმსი დაფნის ბუჩქში იდგა. თვალები და დურბინდი ერთსართულიანი, ფანჯრებგანათებული და დიდგალავნიანი სახლისთვის მიეშვირა.

– სახლშია, სახლშია ეს ბოზი, – ბუტბუტებდა თავისთვის და კბილებს აღრჭიალებდა.

– კარგი რა ჰოლმს, ობრაზს კარგავ, – ვუთხარი გაკვირვებულმა და ოდნავ ნაწყენმა.

– იდი ნახუი, ბიჭო, იჯექი მანდ და შენი ხმა არ გავიგონო, – ჩაიბუზღუნა აშკარად ძალიან ნაწყენმა. უცბად სახლისკენ მიმავალი ძაღლი შეამჩნია და დამიძახა:

– მოდი ერთი შეხედე, მგონი ეს უნდა იყოს.

შევხედე. ძაღლი ორ ფეხზე იდგა და გალავნის კარებზე აკაკუნებდა.

– ჰოლმს, მგონი გეშლება, კაცია ვიღაც.

– კარგად დააკვირდი.

დავაკვირდი. ისევ ორ ფეხზე იდგა. არსენალის ფორმა ეცვა, ზურგზე ალმუნია ეწერა.

– კარგი რა, ჰოლმს, ხაიაზე ხარ, – გავბრაზდი მეც, რას ერჩი ალმუნიას.

– ალმუნიას დედას მოვტყნავ, – გადმოიღო შაშხანა, ტრანკვილიზატორებით გატენა და ესროლა. დაწვა კაცი კარებთან, ფეხსაწმენდზე. იმსიმძიმე იყო ძლივს გამოვათრიეთ.

ერთი საათი ეძინა, მერე თვალები გაახილა, მერე ისევ დახუჭა. ველოდეთ, აღარ გაახილა.

– ნახე ხომ არ მოკვდა! – მითხრა ჰოლმსმა.

პულსი გავუსინჯე, არ ქონდა, არც საფულე, არც პირადობა. ლუდის სახსნელი და ტოტალიზატორის ბილეთი ედო უკანა ჯიბეში.

– ეტყობა გული გაუსკდა, – დავუსვი დიაგნოზი და სიტყვის დამთავრებაც ვერ მოვასწარი, სახლისკენ გაქცეულ ჰოლმსს გავეკიდე. ქალი კარებთან გამოსულიყო და აქეთ-იქით იყურებოდა. ეტყობოდა, ახალი ნაბანავები იყო, პირსახოცში ასტერიქსივით იყო შეფუთული. ძაღლიც იქვე იყო.

– რა გნებავთ? – იკითხა ქალმა?

– ავტოგრაფი, – უპასუხა ჰოლმსმა და ჯიბიდან დისკი ამოიღო.

– მარკერი გაქვთ თუ გამოვიტანო? – შეწუხდა ქალი.

მივეცი.

სანამ ქალი ხელის მოწერას იხსენებდა, ჰოლმსმა ჯიბიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო და ძაღლს შვიდჯერ ესროლა. შვიდივე ტყვია მოარტყა, ძაღლმა დაწკმუტუნებაც ვერ მოასწრო. ამასობაში ქალმა დისკი დაგვიბრუნა და დაფნის ბუჩქებისკენ წავედით. ჰოლმსი მთელი გზა ელოდებოდა, როდის დაიწყებდა ქალი კივილს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

– იცოდე რომ მე სხვანაირად მინდოდა, – მითხრა ჰოლმსმა და მარცხნივ გაუხვია. მე ბუჩქებში დაყრილი ნივთების აგროვება დავიწყე. მერე რატომღაც დურბინდიდან სახლს გავხედე და დავინახე, რომ ქალი ძაღლს ეფერებოდა. ძაღლი კი კუდს აქიცინებდა და დარწმუნებული ვარ, ნაბოზვრულად იცინოდა.

დილით არავის დაურეკავს. პირველი ზარი ერთი თვის მერე შემოვიდა. ვიღაც გოგომ გვთხოვა, ჩემი სტაფი დაიკარგა და მომიძებნეთო. შევპირდით, მაგრამ საძებნელად არ წავსულვართ. სტაფი ჟუტკი ცხოველია. თან ერთი კბენა და ექვსი თვე ვერ დალევ. აი, ვინმე პუდელის მოძებნას თუ გვთხოვს, სხვა საქმეა, სპანიელიც შეიძლება, ჩიხუახუაც.

ჰო, ჰოლმსს რაც შეეხება, აღარ მინახავს, არადა სულ მინდა იმ ძაღლის ამბავი ვუამბო. ვინმეს თუ დაგესიზმრებათ უთხარით, რომ პალიასტომის შავი პუდელი ცოცხალია.

© “არილი

Facebook Comments Box