ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

ლაშა მილორავა – მოწყენილი მწერალი

uelbeki 11 copy

,,მე ვარ რეალისტი და ვწერ იმაზე, რაც არის.’’

მიშელ უელბეკი, ,,ინტერვიუ მიშელ უელბეკთან და ალენ რობ-გრიიესთან’’

არაერთხელ დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა: ,,რატომ გახდა მიშელ უელბეკი ფენომენალური მასშტაბების ავტორი?’’ რთულია, მხოლოდ და მხოლოდ ნატურალისტური პორნოგრაფიული სცენებითა და ძალადობის ამსახველი პასაჟებით ფონს გასვლა, – მსგავსი რამ უამრავ ავტორს გაუკეთებია თავის დროზე და რაიმე ახალი აქ არც არაფერია. შემდეგ დავფიქრდი, რა პასუხს გამცემდა თვითონ უელბეკი. თავში მხოლოდ ერთი ვარიანტი მიტრიალებს – ,,იცი, მე უბრალოდ მოვიწყინე’’. ერთია წერა იმაზე, რასაც ხედავ, რასაც აღიქვამ, რაც საზოგადოებას ჭრილობაზე მარილს აყრის, მეორეა გრძნობდე ამას, ისისხლხორცებდე და ალბათ სწორედ ეს შეძლო მიშელ უელბეკმა – დანახვა იმის, თუ როგორი ინდიფერენტული, მოწყენილი გახდა ხალხი.

როცა უელბეკს კითხულობ, გექმნება შთაბეჭდილება, რომ მას  საერთოდ არაფერი ადარდებს. და არც აინტერესებს. მოწმის სტატუსმორგებული, გამართული სამეტყველო ენით, ხშირად დიდი დრამატიზმით, მგრძნობიარედ, მაგრამ ასევე ცივადაც აღწერს ადამიანის, როგორც ასეთის, ვიტალურ პრობლემებსა და ფატალურ აღსასრულს. დაბადებიდან გარდაცვალებამდე არაფერი ხდება. ვიცვლებით მხოლოდ ფიზიკურად, დროგამოშვებით სექსით ვკავდებით, ვუყურებთ ტელევიზორს და ერთ დღესაც ბრახ – საწოლზე გაჭიმულს, გაცივებულს გპოულობენ.

უელბეკის (ძირითადად ადრინდელი) რომანების კითხვისას, ხვდები, რომ მას დაბერება არ სურს. ხანში შესულთაც, შესაბამისად, ვერ იტანს, მაგრამ იცის, ამას ვერ გაექცევა – ოდესღაც მათ დაემსგავსება, ჩამოხმება, კანი დაულპება და ძლივს იმეტყველებს. ერთადერთი გამოსავალი სუიციდია, ამის გამბედაობა კი რეალურ ცხოვრებაში არ ყოფნის, ასე რომ, ისევ ლიტერატურაში იკლავს თავს – მისი თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი ბოლოში იმ ქვეყნად მიემგზავრება.

,,ორმოცდაათის მერე ცხოვრება მხოლოდ იწყება, ეს მართალია. მაგრამ აი, მთავრდება იგი ორმოცში”, წერს უელბეკი ,,კუნძულის შესაძლებლობაში”.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საქმე მწერალთან, რომელიც თვალს უსწორებს თანამედროვე ეპოქის თავისებურებებიდან გამომდინარე ტანჯვას და ხვდება, რომ ასაკის მომატებასთან ერთად ეს მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ გართულდება, – ხოლო ბუნებრივი პროცესის შეუქცევადობიდან გამომდინარე, ხსნას ლიტერატურაში პოულობს. ასე რომ, გარკვეულწილად მიშელ უელბეკის ტექსტები შეგვიძლია ერთ დიდ ინდივიდუალურ უტოპიად აღვიქვათ, უარის ნიშნად დადგენილი კანონების მიმართ. ესეში ,,თავიდან – ტანჯვა’’ უელბეკი წერს: ,,ცხოვრება ამტანობის შესამოწმებელი ტესტების რიგია. ჩააბარეთ პირველი ტესტები, ჩაიჭერით დანარჩენებში. გაიფუჭეთ ცხოვრება, მაგრამ ბოლომდე არა. და იტანჯეთ, ყოველთვის იტანჯეთ. ყველა უჯრედით ტკივილის შეგრძნება უნდა ისწავლოთ. სამყაროს თითოეული ნამსხვრევი პიროვნულ ჭრილობად აქციეთ. მიუხედავად ამისა, სიცოცხლე გააგრძელეთ – გარკვეული დროის განმავლობაში მაინც’’, რითაც, ფაქტობრივად, მთელი თავის შემოქმედების აჯამებს  (ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ეს შემოქმედება სათავეს აიღებდა). მიშელ უელბეკის პერსონაჟები, მის მსგავსად, ცხოვრებაზე გულაცრუებული, მოწყენილი, სევდიანი, ხალისდაკარგული, მხოლოდ და მხოლოდ მეტაბოლურად აქტიური ადამიანები არიან, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ, თუმცა მაინც არ სურთ სიკვდილი. რაღაც შინაგანი ძალა უბიძგებთ ცხოვრება განაგრძონ, იმედი არ დაკარგონ, უკეთესის მოლოდინში გაატარონ უკანასკნელი დღეები. გამოდის, არც იმდენად პესიმისტთან გვაქვს საქმე, რამდენადაც უბრალოდ იმედგაცრუებულ, ნაწყენ ადამიანთან, რომლის მთავარი მიზანიც, სხვების მსგავსად, მაქსიმალურად დიდხანს ცხოვრებაა. ასე რომ, არასწორი იქნება უელბეკის ტექსტების აღქმა როგორც პირდაპირი მოწოდება თვითგვემისკენ, – მისი ნაწარმოებები იმედისმომცემად, ნაპერწკლის ჩამსახველად უნდა მივიღოთ, რომლის გაღვივებაც უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. და განა ყველა მწერლის მოვალეობა უპირველეს ყოვლისა მკითხველისთვის იმედის მიცემა არ არის?

თუმცა, მგონი, უკეთესი იქნება, თუ ამ ნაპერწკლის გაღვივებას, პარალელურად კი – ავტორის დაბერებას, მისსავე შემოქმედებაში მივადევნებთ თვალს, რისთვისაც რამდენიმე საფეხურის გავლა იქნება საჭირო.

საფეხური 1 – საკუთარი თავის რწმენა

,,ბრძოლის ველზე მიშელ უელბეკთან ერთად’’

ამ ბრძოლაში თქვენ არ დაგჭირდებათ იარაღი და მძიმე არტილერია. არ დაგჭირდებათ მოკავშირეები, რადგან ის უშუალოდ ცალკეულ ინდივიდებს ეხება და საწყისშივე წაგებულია.

,,პარასკევ საღამოს კოლეგამ მეგობრულ ვახშამზე მიმიწვია. ოცდაათამდე მაინც ვიყავით, ოცდახუთიდან ორმოც წლამდე საშუალო რგოლის მოსამსახურენი. ერთიც ვნახოთ და ვიღაც წაკლამ გაშიშვლება იწყო”, – როცა რომანი საშუალო რგოლის წარმომადგენელთა წვეულებით იწყება, თან ვიღაც წაკლა უმალ გაშიშვლებას იწყებს, შეუძლებელია შემდეგში რაიმე ცუდი, უფრო კონკრეტულად – დარდსა და სიკვდილთან ასოცირებული არ მოხდეს. და ასეც ხდება. მთელი ისტორიის განმავლობაში ნატანჯ–ვაი-უშველებელ გამოვლილი, პრომისკუიტეტისგან გატანჯული უშნო ტისერანი ბოლოს ავარიაში მოყვება და ადგილზევე გათავდება. ოღონდ ტისერანი მთავარი გმირი არაა, – ერთ–ერთი რიგითი, ოდნავ მსხვილი  რგოლია, გრძელ, უსაშველოდ გაჭიმულ სიყვარულის, ფულისა და სექსუალობის მაძიებელ ჯაჭვში, რომელსაც ევროპული (ცოდვა გამხელილი სჯობსო – არა მარტო ევროპული) საზოგადოება ეწოდება. ,,ბრძოლის ველის განვრცობის’’ კითხვისას ხვდები, რომ საქმე გაქვს გამოუსწორებელ პესიმისტთან, უკიდურეს მიზანთროპთან, ყველასგან (ამ შემთხვევაში საკუთარი ნებით) გარიყულ ადამიანთან, – ანტაგონისტთან, რომელსაც სხვა არაფერი დარჩენია ხელჩასაჭიდი, გარდა საკუთარი თავისა, რომელსაც ფაქტობრივად, ვერ იტანს. უელბეკი რომ გაიმეორო, ან უსაზღვროდ კაცთმოძულე და ხელჩაქნეული უნდა იყო, ან –  უელბეკი. ,,ბრძოლის ველის განვრცობა’’ არის წიგნი, სადაც ჯერ კიდევ ლიტერატურულად ნორჩი უელბეკი, პირდაპირ, მეტაფორებისა და ზედმეტი მონდომების გარეშე საკუთარ აზრს აფიქსირებს: ,,არ მიყვარს ეს სამყარო. რა დაგიმალოთ და მეზიზღება. საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, გულს მირევს. რეკლამა რწყევის გუნებაზე მაყენებს…”. შემდეგ კი: ,,…სიმართლე თუ გსურთ, გულის გასახარს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი შავ ფერებში მესახება. ნეირონების უთავბოლო ხარჯვაა და მეტი არაფერი”. და ერთი შეხედვით, ხელჩასაჭიდი აქ არაფერია, რაც, შეიძლება ითქვას, მართალიცაა, რადგან წიგნში კარგი თითქმის არაფერი ხდება, თუმცა არის ერთი რამ, რასაც ზემოთ ხაზი გავუსვით – საკუთარი თავის რწმენა. ,,ბრძოლის ველის განვრცობა’’ საუკეთესო მაგალითია მიშელ უელბეკის შემოქმედებაში, სადაც ნათლად ჩანს, თუ რამდენს ნიშნავს იმედის ქონა და რწმენა, რომ ბოლოს ყველაფერი შეიცვლება. არ აქვს მნიშვნელობა ფუნდამენტური იქნება ეს ცვლილება თუ  მიზერული, მთავარი არც ისაა, როგორი დასასრული გელის, – საჭიროა მხოლოდ ტისერანის მაგალითზე, უკიდურესი დეპრესიის ზღვარზეც კი, აუტანელი მორალური სპაზმების უფსკრულთან იმედი არ დაკარგო და პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ძალ-ღონე არ დაზოგო.

საფეხური 2 – მეცნიერება, როგორც გადარჩენის ერთადერთი საშუალება

,,ელემენტარული ნაწილაკები’’

ტერმინი ,,ელემენტარული ნაწილაკი” ეხება მიკროობიექტებს სუბატომურ მასშტაბში, რომელთა შემადგენელ ნაწილებად გახლეჩაც შეუძლებელია. მიშელ უელბეკი კი, 1998 წელს გამოცემულ, მსოფლიო ბესტსელერად ქცეულ ,,ელემენტარულ ნაწილაკებში” ადამიანებს მოიაზრებს (თუმცა წიგნში ფიზიკაც ბლომადაა!). წიგნი ავტორის ყველაზე გამორჩეულ ტექსტად ითვლება, რადგან აქ უფრო ფართოდ არის განხილული ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, 60–იანი წლებიდან მოყოლებული ევროპის განვითარება, სექსუალური რევოლუცია. უელბეკიც თითქოს უფრო გახსნილია, ის უმნიშვნელო ჯაჭვიც გაწყვეტილი აქვს, რომელიც ,,ბრძოლის ველის განვრცობაში” ასე თუ ისე ბოჭავდა.

წიგნში ორი მთავარი გმირია – ძმები – ბრუნო და მიშელი, პირველი ლიტერატურის მასწავლებელია, მეორე – მეცნიერი. ბრუნო უელბეკს ჰგავს, – დეპრესიული, განდეგილი, სოციოპათი ტიპაჟი. ამ ყველაფერს დაუმატეთ გამოუსწორებელი რასიზმი და მივიღებთ ერთი გადარეული ფრანგი ავტორის ფსიქიკურად აშლილ პერსონაჟს. მიშელი (ბრუნოს ძმა) შედარებით გაწონასწორებულია, რაც გასაკვირი არცაა – ის ხომ მეცნიერია და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია კლონირების სფეროში. მეორე საფეხურზე ავტორი ფსონს მეცნიერებაზე აკეთებს, კერძოდ კი – კლონირებაზე, და დიდი იმედი აქვს, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანები ისეთი მოდიფიცირებული კლონებით, ჰარმონიაში თანამოარსებე ჰუმანოიდებით ჩანაცვლდებიან, რომელთაც არ ექნებათ გრძნობები და მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული აზროვნებით იხელმძღვანელებენ. ,,ელემენტარულ ნაწილაკებში’’ უელბეკი პირველად ასაჯაროებს საკუთარ უტოპიურ სურვილებს, რომელთაც შემდგომში ,,კუნძულის შესაძლებლობაში’’ უფრო ფართო გასაქანს მისცემს. წაკითხვისას ადვილად მიხვდებით, თუ რატომ ითვლება ,,ნაწილაკები’’ ავტორის საუკეთესო ნაწარმოებად – ის ზიზღი და აღშფოთება, უკმაყოფილება, რაც პერვერსიული კაცობრიობის მიმართ წიგნში ავტორის მიერაა წარმოჩენილი, მის არცერთ შემდგომ ტექსტში არ განმეორებულა მსგავსი მასშტაბებით. ძირითადი აქცენტი მაინც პრომისკუიტეტისგან გატანჯული ბრუნოს ცხოვრებაზე კეთდება, – საშუალო რგოლის ერთ-ერთ რიგით, შუა ხნის კრიზისით დემორალიზებულ წარმომადგენელზე, რომელსაც, ფაქტობრივად, არანაირი სექსუალური ცხოვრება არ გააჩნია და ამის გამო სპეციალურ ბანაკში მიდის, სადაც დეპრესია მხოლოდ უღრმავდება. მანამ, სანამ კრისტიანს არ გაიცნობს. თუმცა თავიდანვე ნათელია – მათი სასიყვარულო ისტორია დიდხანს ვერ გასტანს და საწყისშივე ტრაგიკული დასასრულისთვისაა განწირული. საბოლოოდ, საკუთარი სურვილების მონად ქცეულ ბრუნოს, სწორედ ეს სურვილები დაღუპავს.

,,ეს წიგნი ადამიანს ეძღვნება’’ – ამ სიტყვებით მთავრდება ,,ელემენტარული ნაწილაკები’’, წიგნი, რომელიც  კაცობრიობის წინააღმდეგ ილაშქრებს.

საფეხური 3 – კუნძული ,,ადამიანი’’

,,არდადეგები ქვეცნობიერში’’

     ლანსაროტე კუნძულია ესპანეთის მახლობლადპატარა, ვულკანური წარმოშობის უღიმღამო, უფერული კუნძული, სადაც მიუხედავად ლანდშაფტის ერთფეროვნებისა, მაინც შესაძლებელია, შვებულების გატარება ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდეს.

,,ლანსაროტე’’ მიშელ უელბეკის მცირე რომანია, სინამდვილეში არც იმდენად რომანი, რამდენადაც – შემზადება მომავალი, ტრიუმფალური შემოსვლისთვის.  ცალკე წიგნის კვალობაზე, ,,ლანსაროტე” ,,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია”. ამ ერთ ამოსუნთქვაში კი სექსუალური ტურიზმი, რაელიზმი, დაცემული ევროპა და, შესაბამისად, ევროპელების გადაგვარებულობა თავისუფლად ეტევა.

უელბეკის ეს ტექსტი გარკვეულწილად დოკუმენტურ პროზას წარმოადგენს და გეოგრაფიული დახასიათებებისა თუ აღწერის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. სინამდვილეში, უელბეკს ,,ლანსაროტეს” წერისას არც ჰქონია ამბიცია უმაღლესი ხარისხის ნონ–ფიქშენი, თუ მხატვრული ნაწარმოები შეექმნა, – კუნძულზე უბრალოდ დასასვენებლად იყო ჩასული (რასაც ორიგინალურ, ფრანგულ ვერსიაში წიგნის ბოლოს დართული თავად უელბეკის მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს) და თან ,,კუნძულის შესაძლებლობისა” და ,,პლატფორმის” ჯერ მხოლოდ ჩანასახში მყოფ იდეებს სწორედ ამ წიგნში მისცა ,,გზა ფართო”, ან არც ისე ფართო – სულ რაღაც 108 გვერდი.

პირველ რიგში, მიშელ უელბეკი არაჩვეულებრივი კულტუროლოგი და თანამედროვე ცხოვრების რეალიების ანალიტიკოსია. იგი მშვენივრად ახერხებს, მთავარი პერსონაჟის ტურისტული მარშრუტების მონოტონურ აღწერას თან დაურთოს თავისი შეხედულებები  ერთსქესიანთა ქორწინებაზე, თანამედროვე პოეზიასა და მეცნიერულ მიღწევებზე, ისლამზე, სექტებსა და დანაშაულებრივ სამყაროზე და, რაც მთავარია – მილენიუმსა და ევროპულ ერებზე.

,,ლანსაროტეს’’ წაკითხვისას მიხვდები, რომ ეს კუნძული სხვა არაფერია, თუ არა – სიმბოლო, და მასზე მომხდარი მოვლენები მხოლოდ და მხოლოდ კულტუროლოგიულ მოსაზრებათა და მეოცე საუკუნის ბოლოსკენ მომხდარი, ფართო მასების ქვეცნობიერში დალექილი სკანდალური ფაქტების პროექციაა.

კუნძულს პირობითად ,,ადამიანიც’’ შეგვიძლია ვუწოდოთ, მასზე განვითარებულ მოვლენებს კი – კუნძულის სივრცობრივი საზღვრების ფარგლებში დროში მოგზაურობა.

საფეხური 4 – სიყვარული და ძალადობა

,,პლატფორმაზე ყოფნის ხიბლი’’

ყველანი ერთ პლატფორმაზე ვდგავართ და მატარებელს ველით, რომელიც იმ სამყარომდე მიგვიყვანს, მთელი ცხოვრებაა რომ ვეტრფით. თუმცა იმდენი არ გვესმის რომ მოთხოვნილება ყველას სხვადასხვანაირი აქვს და ერთი მატარებელი ამდენს ვერ გასწვდება. სინამდვილეში კი მატარებელი არც არსებობს. პლატფორმაზე ყოფნის ხიბლიც სწორედ ესაა – უსასრულო ლოდინი, სანამ ბოლოს და ბოლოს იმ ქვეყნად არ გაემგზავრები

,,პლატფორმა” უელბეკის მეოთხე და მისი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული რომანია. წიგნს გამოსვლისთანავე კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს და ადამიანების განსხვავებული დამოკიდებულება გამოიწვია. მთავარი თემა სექსუალური ტურიზმია, ამდენი წლის განმავლობაში ერთ–ერთ უაქტუალურეს და მტკივნეულ თემად რომ რჩება ფართო მასებში. – რისთვის მივდივართ დასასვენებლად? ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად? უცხო ტრადიციებისა და კულტურის გასაცნობად? ან იქნებ განსატვირთად? ალბათ ყველაფრისთვის ერთად, პლუს უმთავრესი – გასართობად. გართობის ყველაზე გავრცელებული სახეობა კი, მოგეხსენებათ, სექსია; განსაკუთრებით ოცდაათს გადაცილებულ საშუალო ეკონომიკური რგოლის წარმომადგენელთათვის. და რა ჰქვია იმ ადგილს, სადაც ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებსა და კულტურას, განტვირთვასა და დასვენებას სექსი ყველაზე ავთენტურად ერწყმის? – თავისთავად ცხადია, ტაილანდი. მთავარი პერსონაჟიც – ავტორის სეხნია მიშელი, მამის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ტაილანდში მიდის დასასვენებლად, სადაც უბრალოდ ლამაზ ვალერის გაიცნობს, რომელიც შემდგომში სააგენტო ,,ნუველ ფრონტიერის” წარმომადგენელი აღმოჩნდება. მიშელი ძალაუნებურად ჟან-ივის, – ვალერის ბოსისა და თვითონ ვალერის საქმიანობაში ერთვება და სექსუალური ტურიზმის წინა პლანზე წამოწევას გეგმავს, რაც საბოლოო ჯამში დაღუპავს კიდეც. თუ კარგად დავაკვირდებით, მიშელ უელბეკის ტექსტებში მთავარი პერსონაჟები საბოლოოდ სწორედ საკუთარი მისწრაფებებისა და სურვილების განხორციელებისას ინგრევენ ცხოვრებას, რითაც, სავარაუდოდ, ავტორი გვაფრთხილებს – უპირველეს ყოვლისა, ყველაფრის კარგად გააზრება და სასწორის ორივე მხრის გათანაბრებაა საჭირო, რადგან უკვე შემდგომ, რეტროსპექტივაში, მომხდარის გაანალიზებისას სინდისის ქენჯნა არ იგრძნო, ან უარესი – სუიციდის ზღვრამდე არ მიხვიდე.

,,პლატფორმა’’ პირველი წიგნია, სადაც უელბეკი ნამდვილად იწამებს სიყვარულს. ან, ყოველ შემთხვევაში, სენტიმენტალური ავტორის ნიღაბს ირგებს და აქამდე უარყოფილი გრძნობის ლობირებაც შესანიშნავად გამოსდის. მიშელის და ვალერის სასიყვარულო ურთიერთობა ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილის თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია, თუმცა ეს ბედნიერება იმდენად დიდხანს  იწელება, ისეთი სათუთი და სიყვარულით აღსავსეა, რომ ბუნებრივია,  გიჩნდება კითხვა – სადამდე გასტანს ეს ყველაფერი? აღმოჩნდება, რომ არც ისე დიდ ხანს – ვალერის უეცარი სიკვდილის შემდეგ ფაქტობრივად მიშელიც კვდება, გარე სამყაროს მოწყდება, საკუთარ თავში ჩაიკეტება და ბოლოს… თქვენ თვითონ განსაჯეთ: ,,სხვა აზიელი ხალხებისგან განსხვავებით, ტაილანდელებს აჩრდილების არ სჯერათ და ნაკლებად აღელვებთ, რა ბედი ეწევათ გარდაცვლილებს. მათ უმთავრესად საერთო სასაფლაოზე მარხავენ ხოლმე. რადგან ანდერძად არაფერს ვიბარებ, მეც ასე მომექცევიან. გარდაცვალების მოწმობას შეადგენენ და აქედან ძალიან შორს, საფრანგეთში, სამოქალაქო აქტების ჩანაწერთა წიგნში შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდება. ერთი-ორი გარე მოვაჭრე, რომელიც ამ უბანში მხედავდა ხოლმე, თავს გადააქნევს. ჩემს ბინას ახალ მდგმურს მიაქირავებენ. დამივიწყებენ. სწრაფად დამივიწყებენ”. კითხულობ და არ გჯერა, რომ ეს შესაძლებელია, – ასეთი ძლიერი, ორმხრივი, ვნებით აღსავსე გრძნობის წამებში გაწყვეტა. ყველაფრის უკუღმა შემოტრიალება. მიშელ უელბეკი ,,პლატფორმაში’’ ერთმანეთს ორ უდიდეს მამოძრავებელ ძალას – სიყვარულსა და ძალადობას უპირისპირებს და ორივეს თანაბარ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, – შეიძლება ერთმა მეორე გარკვეულ მომენტში დაჩრდილოს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ერთ დონეზე რჩება, მეხსიერების ზედაპირზე ილექება და წარუშლელ კვალს ტოვებს პიროვნების როგორც შინაგან, ისე – გარეგან სამყაროზე.

,,პლატფორმა’’ არის რომანი, რომელშიც უელბეკს თმაში ჭაღარა გამოერია.

 

საფეხური 5 – კუნძულის შესაძლებლობა, ანუ რატომ ,,გადაშენდაკაცობრიობა

,,საუკეთესო ფრანგული რომანი’’                                                                                                  

       ,,კუნძულის შესაძლებლობა’’ 2005 წელს გამოიცა და ,,ინტერალეს” პრიზი მოიპოვა. წიგნი შეგვიძლია ერთგვარ ,,ფრანგულ საი-ფაიდ” მივიჩნიოთ, ერთი მხრივ იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისათვის, რაც სამეცნიერო ფანტასტიკას სჭირდება, და მეორე მხრივ იმ მკვეთრად გამოხატული (აქვე უნდა ვთქვათ – უელბეკის ნაწარმოებებს შორის ყველაზე მკვეთრად. ალბათ ეს მისი ყველაზე დეპრესიული წიგნია) სოციალური დრამისა და საკმაოდ ძლიერი პორნოგრაფიული პასაჟების, უცნაური სტრუქტურისა და წერის მანერის გამო სიტყვა ,,ფრანგული” დავუმატოთ, რადგან იშვიათად თუ შეხვდებით ,,კუნძულის შესაძლებლობის” მსგავს ნაწარმოებს სადმე, საფრანგეთის გარდა.

რომანის მთავარი პერსონაჟები დანიელი, წარმატებული კომიკოსი და მისი ორი კლონია მომავლიდან. ჩვეულებრივი დანიელი ჩვეულებრივი ევროპელია, ინტელექტუალურ იუმორს აწვება, მასას თავის ნებაზე ატრიალებს, რეპ–ალბომსაც კი ჩაწერს, მაგრამ აი, ნამდვილი სიყვარულის პოვნაში, ცოტა არ იყოს, არ უმართლებს. ესპანეთში გაცნობილ ნიმფეტ ესტერთან გაბმული მხოლოდ და მხოლოდ ნეტარებითა და სიამოვნებით შემოფარგლული დროებითი სასიყვარულო–ავხორცული ურთიერთობები კი, შეიძლება ითქვას, დანიელს საბოლოოდ დაასვამს დაღს, და ისიც მიხვდება რომ ბერდება.

,,როდესაც მკაცრი რელიგიური მორალის მქონე საზოგადოება იშლება, დასაწყისში მოკლე იდეალური პერიოდი დგება – ახალგაზრდობას სინამდვილეში უჩნდება თავზეხელაღებულად, თავისუფლად, მხიარულად ცხოვრების სურვილი. შემდეგ ეს პერიოდი სუსტდება, ნარცისიზმში შეჯიბრება უმთავრესი მიზანი ხდება და შედეგად ისინი ჟიმაობენ იშვიათად, ვიდრე მკაცრი რელიგიური მორალის დროს”, წერს უელბეკი ,,კუნძულის შესაძლებლობაში”. და მართლაც, ალბათ ეს წიგნი ახალგაზრდებსა და ზოგადად ახალგაზრდობაზეა, აცქვიტებულ–აცუნდრუკებულ, ყველანაირ მორალურ საფუძველ– თუ ზნეობრივ ვალდებულება–მიტოვებულ, ცხოვრების მთავარ პოსტულატად ხორციელ ნეტარება–აღიარებულ თაობაზე, რომელიც უელბეკს მთელი სხეულით სძულს, რადგან თვითონ უკვე აღარ შესწევს უნარი, უხეშად რომ ვთქვათ – ,,ახალ ხორცს დაეწაფოს”. მას შურს, რომ აღარ შემორჩა იმდენი შარმი, რომელიც დაკუნთული სხეულებისა და ნიჰილისტური მისწრაფებების გადაფარვას შეაძლებინებდა. თუ წინა რომანში იგი ჯერ კიდევ მამაკაცსა და ქალს შორის არსებულ ნამდვილ სიყვარულზე ლაპარაკობდა, ახლა, უკვე დაბერებული, უარყოფს ,,პლატფორმისეულ’’, ერთი შეხედვით მარადიულ გრძნობას და ფსონს ამჯერად ცხოველის მიმართ სიყვარულზე დებს, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო რომანამდე შეინარჩუნებს. თუმცა იმის თქმა, რომ უელბეკი ზოგადად სიყვარულს უკუაგდებს, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა, – იგი მხოლოდ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებებზე საუბრობს და ამ გრძნობის ძირითადი ფორმის, – კაცსა და ქალს შორის – არარელევანტურობაზე მიგვითითებს. სავსებით შესაძლებელია ის სიყვარული, რომელიც პარტნიორისთვის უნდა გაგვეზიარებინა, იმავე დოზით ცხოველს გავუზიაროთ. ცხოველი ვაქციოთ ცხოვრების მეგზურად.

დანიელი ამასობაში რაელიტებს გაიცნობს და მათთან საცხოვრებლადაც კი გადავა კუნძულზე, რომლის შესაძლებლობაც სწორედაც რომ (გვ)აოცებს. ლანსაროტეზე რაელიტთა მთავარ სექტას აქვს ბინა დადებული, თვითონ რაელიზმი კი, პირველ რიგში, წარმატებულ ბიზნეს–პროექტად, შემდეგ კი – გაცუცურაკებისა და თაღლითობის ყველაზე ნათელ მაგალითად გვესახება. კითხვისას ხვდები, რომ ეს კუნძული, ეს სასახლე, სხვა არაფერია, თუ არა პანდორას ყუთი და ცოტა ხანში მოხდება ის, რაც გარკვეულწილად გარდამტეხ ცვლილებებს მოახდენს კაცობრიობის ისტორიაში. მართლაც, დანიელი თავისდაუნებურად ორმაგი მკვლელობის მოწმე გახდება. საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება, ასე რომ, დანიელი სამარედ იქცევა, საკუთარ თავში ჩაკლავს, მიივიწყებს იმ ფატალურ შემთხვევას, რომლის მომსწრეც გახდება, საჩუქრად კი რაელიტები მისი და მისი ძაღლის დნმ–ებს ჩაიბარებენ, რათა, ბოლოს და ბოლოს, ,,კლონირებაში სერიოზული წარმატების მიღწევის შემდეგ” რეგულარულად განახლებადი, უფრო სწორად – დროის გარკვეულ შუალედში უფრო მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლებადი კლონებით ,,დააჯილდოვონ’’, რომელთა ხელშიც აღმოჩნდება საბოლოოდ პლანეტა. ბოლო თავებში, როცა უკვე თხრობა აბსოლუტურად პოსტაპოკალიპტურ მომავალში გადადის, ადამიანები მხოლოდ პრიმიტიულ არსებებად გვესახებიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ფაქტობრივად, ქვის ხანის პერიოდში ვბრუნდებით, ოღონდ ერთი განსხვავებით, – კაცობრიობა აქ, უელბეკისეულ მომავალში, ატომური ბომბების აფეთქებისა და რადიაციული ტალღის მთელ დედამიწაზე გავრცელების შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილებების ხელშეწყობითაა გადაშენებული.

,,კუნძულის შესაძლებლობაში’’ მთელ სამყაროზე დაბოღმილი, დაბერებისგან შეწუხებული უელბეკი შურს იძიებს, ადამის მოდგმას ბოლოს უღებს და უკეთესი ცხოვრების შანსს კლონებს აძლევს, – ჩვენ კი ხელთ უზომოდ ტრაგიკული, დინამიკური, ალბათ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფრანგეთში დაწერილი საუკეთესო  რომანი გვრჩება.

 

საფეხური 6 – დანიშნულების ადგილი – სიბერე

,,თვითირონიის გაკვეთილები მიშელ უელბეკთან ერთად’’

,,ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები”, წერს უელბეკი ,,პლატფორმაში”. ეს სიტყვები, ფაქტობრივად, მთელი მისი შემოქმედების ძირითად სათქმელადაც თავისუფლად გამოდგება და გამონაკლისი არც ,,გონკურის”, საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის 2010 წლის გამარჯვებული რომანი ,,რუკა და ტერიტორიაა”.

ქართულ გამოცემაში, უკანა ყდაზე, წიგნის ანოტაცია იუწყება: ,,…რომანი ,,რუკა და ტერიტორია” თითქოს განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისგან, თითქოს უელბეკი თავის თავს არ ჰგავს, აღარ იტყუებს მკითხველს სექსუალური ტურიზმითა და სხვა მსგავსი თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რომანის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კვლავ ეუფლება უელბეკისეული დეპრესიული განწყობა.” დიახ, ამ წიგნში ვერ შეხვდებით დეტალურად აღწერილ პორნოგრაფიულ სცენებს, აშკარა ბიძგს ,,სექსუალობისა და ხორციელი ნეტარებისკენ”. და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ,,რუკა და ტერიტორია” უელბეკის სხვა ნაწარმოებებისგან თითქოს განცალკევებით დგას (მიუხედავად მისთვის დამახასიათებელი ,,დეპრესიონიზმისა”). ,,ლანსაროტეში” წამოჭრილი სექსუალური ტურიზმი, რომელიც შემდგომში ,,პლატფორმაში” უფრო განვრცობილია და ფართო სპექტრიდან განიხილება, და ასევე პირველად ,,ლანსაროტეში” დაყენებული ,,რაელიტების თემა”, რომელიც უკვე ,,კუნძულის შესაძლებლობაში” იმკვიდრებს ადგილს და მის მთავარ თემად იქცევა, – ,,რუკა და ტერიტორია” ამ ყველაფრისგან ნამდვილად განცალკევებით დგას, ირგვლივ ჰერმეტული, ,,ირონიული’’, უკვე განსხვავებული უელბეკისეული სივრცე აქვს შექმნილი. ეს უკანასკნელი, ავტორის სხვა ნაწარმოებებიდან ასევე უფრო გამოკვეთილი ავტორისეული ენაკვიმატობითა და თვითირონიით გამოირჩევა. ირონიით, რომელიც ბოლოსკენ უკვე სარკაზმში იზრდება. რომანში შეხვდებით გაპერსონაჟებულ ფრედერიკ ბეგბედერს, თვითონ უელბეკსა და ფრანგული ელიტის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს. და შენც ხვდები, რომ ავტორი, რომელიც მთელი თავისი ლიტერატურული კარიერის განმავლობაში თავს გულახდილობითა და რეალობიდან გაქცევის სურვილით გაყვარებდა, – თვალსა და ხელს შუა შემოგაბერდა. ჯერ კიდევ ,,ელემენტარულ ნაწილაკებში’’ უელბეკი წერდა: ,,იუმორი ვერ გადაგვარჩენს; საბოლოოდ, იუმორს არანაირი სარგებელი არ მოაქვს. შეიძლება დიდხანს რეალურ მოვლენებს იუმორით უყურო, ხანდახან ეს წლობითაც კი გრძელდება; ზოგ შემთხვევაში იუმორის შენარჩუნება თითქმის კუბოს ფიცრამდე ხდება; მაგრამ საბოლოოდ ცხოვრება თქვენ გულს გიტეხთ; თავდადება, ცივსისხლიანობა და იუმორი რა დოზითაც არ უნდა იყოს, – თუ გინდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩამოიყალიბე ეს თვისებები, – ყოველთვის ამთავრებ ისე, რომ გული გაქვს გატეხილი. ანუ, კმარა სიცილი! ბოლოს მხოლოდ მარტოობა, სიცივე და დუმილი რჩება. საბოლოოდ არაფერი არსებობს, გარდა სიკვდილისა”. მაგრამ, როგორც ჩანს, თორმეტი წლის შემდეგ იგი ასე აღარ ფიქრობს და ჯერჯერობით უკანასკნელ რომანში, სწორედ იუმორს უპირისპირებს ბინძურ აწმყოს.

წიგნის მთავარი პერსონაჟი ხელოვანი ჟედ მარტენია, რომელიც სახელს ფირმა ,,მიშლენის” რუკების ფოტოგრაფირებით გაითქვამს, შემდეგ კი ეს ხელობა მოსწყინდება და მხატვრობაში გადაინაცვლებს, სადაც ის ,,ძირითადი პროფესიების სერიას” შექმნის და კარიერის აპოთეოზსაც მიაღწევს. თუმცა, სანამ ამ სერიის გამოფენა მოეწყობა, რომელიც, შემდგომში ჟედის ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდება, მხატვარი თავის გალერისტთან ერთად გადაწყვეტს კატალოგის ტექსტი მიშელ უელბეკს დააწერინოს. ასე იწყება ისტორია, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ,,სატირულ თრილერს” მივაკუთვნოთ. ეს ნამდვილად არ არის ის წიგნი, რომელიც უელბეკისეულ ჩახუთულ გარემოს გაგრძნობინებს. მიუხედავად ამისა, რომანში კარგად ჩანს, თუ როგორი მოწყენილია მწერალი ამდენი წლის შემდეგაც კი. და ხვდები, რომ უკვე თვითონ უელბეკიც აღარ მალავს – წინა წიგნებში რეალობიდან გაქცევის, სიბერის უკუგდების მცდელობამ არ გაამართლა და ისევე როგორც ყველა სხვას, მასაც მოუწევს ეგზისტენციალურიდან ყოფით, ვიტალურ პრობლემებზე გადმორთვა, დიაბეტის რეგულირება და თვეში ერთხელ ექიმის მონახულება.

მწერლის დაბერებისთვის თვალის მიდევნება, მზის ამოსვლის ყურების ტოლფასია – ნანახით ტკბები, თავში ათასი ფიქრი გიტრიალებს, ხშირ შემთხვევაში აღრთოვანდები, ხოლო როცა ყველაფერი დამთავრდება, ცხოვრებას აგრძელებ, ვითომ არც არაფერი ყოფილა და ახალ საკბილოს ეძებ, – მწერლებსა და მზის ამოსვლებს კი რა გამოლევს. და არა აქვს მნიშვნელობა, მიშელ უელბეკი გამოსცემს ახალ რომანს თუ ყველაფერს თავს დაანებებს, ,,ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში ფართხალს’’ დაიწყებს და განდეგილი გახდება; მთავარია, მისი ლიტერატურული კარიერა ერთი რიგითი ევროპელი ადამიანის ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა სტადიაზე დიფერენცირებული ფსიქიკური მდგომარეობის ამსახველ საუკეთესო მაგალითად დაგვრჩება.

საბოლოოდ, უელბეკის ყველა წიგნის წაკითხვისას (გი)ჩნდება კითხვა – რა არის ადამიანის დანიშნულება და რისკენ ილტვის კაცობრიობა? პასუხი შეიძლება უამრავი იყოს: ძალაუფლებისკენ, ფულისკენ, სიამოვნების მიღებისკენ, ბედნიერებისკენ, ან სულაც – გამიზნული უბედურებისკენ, თვითგვემისკენ, ევოლუციისაკენ. მაგრამ ალბათ ერთადერთი ,,ნაღდი”, სიმართლესთან ყველაზე მიახლოებული პასუხია – სრულყოფილებისკენ. ყველას სურს სხვას აღემატებოდეს. სწორედ ამ დაუწერელი კანონის ფურცელზე გადატანა შეძლო მიშელ უელბეკმა, ავტორმა, რომელიც ჩვენი საუკუნის ,,მთავარ მოწმედ” ითვლება.

© “არილი

Facebook Comments Box