დასაწყისისკენ
ყველა ვერ მივა, შორია იგი – სათავე,
ცოცხალი დედა უღამებელი სიცოცხლის.
სადაც, ბჭობენ და სიტყვები გემებს მართავენ,
იალქნებს შლიან ვით სივრცეების მათრახებს,
კილებს ადგამენ სხეულებს, მზეთა საწნახლებს,
ყველა ვერ მივა, შორია იგი – სათავე.
რამდენს დაინთქავს ლურჯი ქარიშხლის ვეშაპი,
გზებზე იქნება მორევები და ზვირთები.
ღმერთებს კი არა, საკუთარ სიტყვებს ვეძახდი,
და მოჰყვებოდა თევზი ბადეებს. ვეძაწყლის
გემო სწყუროდა სივრცეში შებმულ ვეშაგებს.
რამდენს დაინთქავს ლურჯი ქარიშხლის ვეშაპი.
რა მაცდურია უსასრულობის სიდიდე.
ზღვების ხმაურსაც რამდენი შეუფარია.
ქვების გულებში ნაჟურამდე თუ ვიდინე,
წვეთად თუ ვიქეც, მღვიმე თუ გადავიბინდე
თუ დავიდინე სიმჭვირვალე და სიფითრე…
ზღვების სივრცესაც რამდენი შეუფარია.
ვეწყისას აღარ ვუწყი და აღარც დავეძებ.
თავს ავდევ, ასე ჩემივე დასაწყისისკენ.
მინდა ყინულის პირველ წვეთებად დავეცე.
ლოდებს გალიგვულს უმზეო მხრებზე დავეწვე
წყლის წკაპუნის ხმად – სიცოცხლის ჩქამის საძვალედ,
თავს ავდევ, ასე ჩემივე დასაწყისისკენ.
მახეში
იბადები და თან მოგაქვს ცოდნა სხეულად,
გაბმულხარ, ხედავ, მკვდარი სიცოცხლის მახეში
და ხელებს, როგორც ფრთებს ან ძნებს ისე შეკონავ,
წუთებს რომ კონავ, დროების გადანახვევში.
რომ ყველაფერი თავადაც მოხდეს უშენოდ,
არ შეუშალო, არ აუქნიო შენ ხელი.
არარსებობის ანგელოზების შემყურე,
თავს, თუ – ღმერთს ვერა, გადააწყდები შემთხვევით.
მახეში გმართებს თანდაყოლილი სიფრთხილე
სანამ გამოგხსნის ხელი, სივრცეთა მფარავი,
არ გაგიხარდეს და არ გიმტყუნოს გუმანმა,
არ აგერიოს პატრონში უცხო მპარავი.
არ დაიხუთო ცოდნით, თავი არ წააგო,
არ გადაიღრღნა ლეგა მგელივით ეგ ხელი.
ზედ დაითენო უნდა დილა და დაღამდე,
და ყანას ჰგავდე სიმწიფისაგან შედღვებილს.
ყველას ეგონოს, მისი ხარ, მისად სამყოფი,
შენ კი მახეში ფრთებს იზრდიდე და ლესავდე
სივრცეს თვალებით, სანამდე გადაიფრენდე
გეშით სინჯავდე, მზის სხივში როგორ შეზავდე.
სხვას სხვად ეგონოს ეგ მახე, ვისთვის საკანი,
შენ მორჩილების თოკს არ სანთლავდე იმედით.
ლურჯი ტყეების სიშორიდანაც გესმოდეს
სად მყვირალობენ შენი სიტყვების ირმები.
ხედავდე მწვერვალს, სადაც ნისლივით ირთვები
და ფაცახივით გწეწავს ტაროსი საავდრო.
დაბადებულის ყველა უფლების ერთობით
მე მეცოდები და მებრალები საამდროდ.
ისუნთქე!
ჩაპირქვავებულ პირამიდებში გროვდება
სხივის ნაჟური ადამიანურ ძიების.
ცის იქით ალბათ აღარფერი მოხდება,
იყვავილებენ ქარისფერული იები.
ღობე მზის სხივის შემოევლება ჩვენს ეზოს,
მთვარის შამბნარში დრო იხმაურებს – ჭრიჭინა.
ცის იქით, ალბათ, აღარფერი მოხდება,
გაგვშორდა ღმერთი და თავი გადაირჩინა.
გაიძრო კვართი და მისეულებს მოგვიგდო
ვჯიჯგნით წამებს და ვჯიჯგნით სივრცეთა ნაოჭებს.
ცის იქით, ალბათ, აღარაფერი მოხდება,
ჩვენც ახლა უკვე ეს არაფერი გვაოცებს
ამ არაფერმა აგვაღავღავა, ვგუმანობთ,
რომ არაფერი შიმშილზე მეტად გვაყმუვლებს.
ცის იქით, ალბათ, აღარაფერი მოხდება
მარადისობა გადაეწვნება სამუმებს
ჩაპირქვავებულ პირამიდებში ნაწვეთი
საკუთარ თვალებს ჩახედავ, სიზმრის ნიშანით,
ყველა თავისთავს მხეცური გეშით მოძებნის
შეკრებს საწმისზე ოქროს, მდინარის ქვიშაში.
აღარაფერი, აღარაფერი მოხდება,
ადგები, ახალ დილის საძებნად აისხამ
თავს, ოდესღაც, რომ შეაგუნდავე სივრცისგან,
თავს ოდესღაც რომ ამოიკვერე ალისგან.
ხელმოცარული დარჩა სამყარო შენს გამო
ისევ ეცდება თავის ზვირთებში მოგხელოს
რამდენი რამე გამოაირე, ადამო,
უკან ნურავის და ნუღაფერს მოხედავ.
წინ სხვა აღდგომა და სხვა მიწები გელიან,
დამშეულები, შენი ძვლის გემოს ნატრულნი,
ცის იქით უკვე აღაფერი მოხდება,
ღმერთი თავისი ბავშვობითაა გართული.
წადი, ადამო, წადი შენივე თავისკენ,
უნდა იძლიო შენითვე, იქცე ადამად.
ცის იქით უკვე აღაფერი მოხდება,
დიდი ხანია დაღლილი დღე რომ დაღამდა.
ფრთით სივრცესა ვჭრით უსამართლობის უფსკრულზე,
დიდი ხანია სიზმარს ვუცქერით მღვიძარნი,
წამი თუ მთელი საღვთო დრო გაგვიხარჯია,
სანამ ყველაში ჩვენივე თავი ვიცანით?
ცის იქით უკვე აღაფერი მოხდება,
მარტონი დავრჩით, ქარის და სიტყვის ამარა.
ნუ გეშინია, მას მუდამ ვემახსოვრებით,
სიცოცხლისათვის სხვა დროში ვინც გადაგვმალა.
ვინც გადაგვმალა ჩვენივე გულის ლენჯოში,
ვინც მოგვისროლა მიწაში, ხნარცვის სისრულედ,
ნუ გეშინია, მას მუდამ ვემახსოვრებით,
ჰა, მიდი, ეგრე, თამამად, ადამ, ისუნთქე!
© “არილი”