პოეზია (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

ჰომეროსი – ილიადა – მეხუთე და მეექვსე სიმღერა

iliada 143434

ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო

ლევან ბერძენიშვილმა

დასაწყისი იხ. „არილი“, #6, #8.

მეხუთე სიმღერა

დიომედეს გმირობანი

მაშინ ტიდევსის ძე დიომედეს ათენა პალასმა მისცა სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყველა არგოსელისგან გამორჩეულიყო და ბრწყინვალე სახელი მოეპოვებინა. დაუოკებელი ცეცხლი დაუნთო მუზარადსა და ფარზე გვიანი ზაფხულის ვარსკვლავის მსგავსად, რომელიც განსაკუთრებით გაცისკროვნებით ბრწყინავს, ოკეანეში განბანილი. ასეთი ცეცხლი დაუნთო თავსა და მხრებზე და შეუშვა ბრძოლის შუაგულში, სადაც ათასები ირეოდნენ.

ტროელთა შორის იყო ვინმე დარესი, მდიდარი და სახელმოხვეჭილი, ჰეფესტოსის ქურუმი, ორი შვილი ჰყავდა, ფეგევსი და იდაიოსი, ყველანაირი ბრძოლის მცოდნენი. ეს ორი გამოეყო თანამებრძოლებს და დაიძრა მის წინააღმდეგ ორცხენიანი ეტლით, დიომედე კი ქვეითად იყო. როდესაც ერთმანეთისკენ მიმავალნი ახლოს აღმოჩნდნენ, ფეგევსმა პირველმა სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი. ტიდევსის ძეს მარცხენა მხართან ჩაუარა შუბის ბუნიკმა, მაგრამ ვერ მისწვდა, ხოლო შემდეგმა ტიდევსის ძემ აღმართა სპილენძი და მისი ხელიდან ამაოდ არ გამოფრენილა იარაღი, პირდაპირ მკერდში მოხვდა ძუძუსთავებს შორის და ჩამოაგდო ეტლიდან. იდაიოსი ჩამოხტა, მიატოვა ულამაზესი ეტლი, ვერ გაბედა, დაეცვა მოკლული ძმა. თავადაც ვერ გაექცეოდა შავ ბედისწერას, მაგრამ ჰეფესტოსმა დამალა, ღამის საფარი გადააფარა და გადაარჩინა, რომ ბერიკაცი მთლად უნუგეშოდ არ დარჩენილიყო. ცხენები კი გამოხსნა დიდგულოვანი ტიდევსის ვაჟმა და მეგობრებს ჩააბარა, რომ გაერეკათ ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ.

როდესაც დიდგულოვანმა ტროელებმა დარესის ორი ვაჟიდან ერთი გამოქცეული და მეორე ეტლთან მოკლული დაინახეს, ყველა შიშმა აიტანა, მაგრამ თვალსხივოსანმა ათენამ ხელი ჩაავლო დაუოკებელ არესს და უთხრა: „არეს, არეს, მოკვდავთმმუსვრელო, სისხლისმსმელო, გალავანთა დამაქცეველო! ხომ არ ვაცალოთ ტროელებსა და აქაველებს, იბრძოლონ და მამა ზევსმა, ვისაც სურს, დიდება იმას მოუტანოს, ჩვენ ორმა კი ერთად დავიხიოთ უკან და ზევსის რისხვა ავიცილოთ თავიდან?“

ეს ბრძანა, ბრძოლიდან გაიყვანა დაუოკებელი არესი და შემდეგ დასვა სკამანდროსის მაღალ ნაპირზე. ტროელები მოიგერიეს დანაელებმა; თითო კაცი მოკლა თითოეულმა წინამძღოლმა; პირველმა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა ჰალიძონების მეთაური დიდი ოდიოსი ჩამოაგდო ეტლიდან, როგორც კი გაქცევა დააპირა, ზურგში ჩასცა შუბი მხრებს შორის და მკერდთან გამოუტარა; ხმაურით დაეცა იგი და აბჯარმა დაცემისას გაიჟღრიალა.

იდომენევსმა მოკლა ფაისტოსი — მეონიელი ბოროსის ძე, რომელიც ნაყოფიერი ტარნედან იყო ჩამოსული. იდომენევსმა, სახელოვანმა შუბოსანმა, თავისი გრძელი შუბი მას მარჯვენა ბეჭში ჩასცა, როდესაც ეტლზე ადიოდა; ჩამოვარდა ეტლიდან და საზარელმა წყვდიადმა მოიცვა, ხოლო იდომენევსის მსახურებმა მას აბჯარი აჰყარეს[1].

სტროფიოსის ძე, სკამანდრიოსი, ნადირობაში გაწაფული, ატრევსის ძე მენელაოსმა მოკლა ბასრი შუბით; ბრწყინვალე მონადირე იყო, მას თავად არტემისმა[2] ასწავლა ყველანაირი ნადირის დახოცვა, რაც კი მთიან ტყეში ბუდობს; მაგრამ ვერც ისართმტყორცნელმა არტემისმა გადაარჩინა და ვერც უზადო მშვილდოსნობამ, რომლითაც ადრე გამოირჩეოდა. სახელგანთქმულმა შუბოსანმა მენელაოსმა, ატრევსის ძემ, როდესაც მის წინ მირბოდა, ბეჭებშუა ჩასცა შუბი და მკერდში გაუტარა. პირჩაღმა დაეცა და მისმა აბჯარმა გაიჟღრიალა.

მერიონესმა მოკლა ფერეკლოსი, დურგალ ჰარმონიდესის ძე, რომელსაც ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა და იგი განსაკუთრებით უყვარდა ათენა პალასს; სწორედ მან აუგო ალექსანდროსს კარგად გაწონასწორებული ხომალდები, უბედურების სათავე[3], რომლებმაც დაღუპეს ტროელები და თვითონაც შეიწირეს, რადგან ღმერთების ჩანაფიქრს ვერ ჩასწვდა. მას დაედევნა მერიონესი, მისწვდა და მარჯვენა დუნდულში დაჭრა, ბუნიკმა ძვალი გაუგლიჯა და საშარდე ბუშტი გაუხეთქა. ღრიალით დაეცა მუხლებზე და სიკვდილი გადაეფარა.

მეგესმა მოკლა  პედაიოსი, ანტენორის ვაჟი; თუმცა ბუში იყო, მზრუნველობით გაზარდა ღვთაებრივმა თეანომ საკუთარ შვილებთან ერთად, რომ მეუღლისთვის ეამებინა. მას ფილევსის სახელგანთქმული შუბისმტყორცნელი ძე მიუახლოვდა და კეფაში ჩასცა ბასრი შუბი, კბილებს შუა გაიარა სპილენძმა და ენა გაგლიჯა; დაეცა მტვერში, ცივი სპილენძი ეჭირა კბილებით.

ევრიპილოსმა, ევაიმონის ძემ, მოკლა ღვთაებრივი ჰიფსენორი, უმამაცესი დოლოპიონის ძე, რომელიც სკამანდროსის ქურუმი გახდა და, როგორც ღმერთს, ისე სცემდა პატივს ხალხი; ამ კაცს ევრიპილოსი, ევაიმონის ბრწყინვალე ვაჟი, გაქცეულს დაეწია, მხარში ხმლით მისწვდა და მოჰკვეთა მძლავრი ხელი; სისხლმა იფეთქა და მიწაზე დაეცა ხელი, მის პატრონს კი ორივე თვალში ჩაუდგა მეწამული სიკვდილი და დაუმარცხებელი ბედისწერა.

ასე იღვწოდნენ მძიმე ბრძოლაში; ტიდევსის ძეს კი ვერ შეატყობდით, რომელ მხარეს იბრძოდა, ტროელებთან ერთად იყო თუ — აქაველებთან. იგი ველზე მიედინებოდა, ზამთარში ადიდებულ მდინარესავით, რომელსაც სწრაფი დინებით მიაქვს ხიდები, რომელსაც ვერც მყარად ნაგები ხიდი დააკავებს და ვერც აყვავებული ბაღის ჯებირი გააჩერებს, როცა უეცრად მოასკდება ზევსის თქეშით აზვირთებული და წალეკავს ყმავილკაცების საუკეთესო ნამუშევარს. ასე ტიდევსის ძე ავიწროებდა ტროელების მჭიდრო რაზმებს და მტრებიც, თუმცა მრავალნი იყვნენ, წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.

მაგრამ შემდეგ ლიკაონის ბრწყინვალე ვაჟმა შეამჩნია იგი, როდესაც ბრძოლის ველს უტევდა და ავიწროებდა საბრძოლო რაზმებს, იმავწამს ტიდევსის ძის საწინააღმდეგოდ მოზიდა მოხრილი მშვილდი და ესროლა, ცდილობდა, აბჯრის მარჯვენა მხარში მოერტყა, გაფრინდა ბასრი ისარი, შეაღწია და სისხლით მოითხვარა აბჯარი. მაშინ ხმამაღლა შესძახა ლიკაონის ბრწყინვალე ვაჟმა: „გამხნევდით, ცხენების მჭენებელო დიდგულოვანო ტროელებო! დაჭრილია აქაველთაგან საუკეთესო და, მგონი, დიდხანს ვეღარ გადაიტანს მძლავრ ისარს, თუკი  სწორად მომიწოდა უფალმა, ზევსის ძემ და ლიკიიდან ჩამომიყვანა“.

ასე ამბობდა ტრაბახით: მაგრამ სწრაფმა ისარმა ვერ მოკლა გმირი, მხოლოდ უკან დაიხია, თავისი ცხენებისა და ეტლის წინ დადგა და სთენელოსს უთხრა, კაპანევსის ძეს: „იჩქარე, კაპანევსის ძვირფასო ძეო, ჩამოხტი ეტლიდან, რომ მხრიდან ამომაძრო ეს ბასრი ისარი“.

ასე უთხრა და სთენელოსი ეტლიდან მიწაზე ჩამოხდა, გვერდით დაუდგა და სწრაფი ისარი მხრიდან სუფთად ამოაძრო. სისხლმა იფეთქა ნაქსოვ ქიტონზე. და მაშინ შესძახა საომარი ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „მისმინე, ეგიდისმპყრობელი ზევსის უძლეველო ასულო, თუკი ოდესმე კეთილი ფიქრით გვერდში გვედექი მე და მამაჩემს საზარელ ომში, ახლაც შემეწიე, ათენა! მომაკვლევინე და შუბით დამალეწინე ის კაცი, რომელმაც დამასწრო, დამჭრა და ახლა ტრაბახობს, რომ მეტად ვეღარ ვიხილავ მზის ბრწყინვალე შუქს“.

ასე თქვა ღაღადით და უსმინა მას პალასმა ათენამ, სხეულის ნაწილები, ფეხები და ხელები მსუბუქი გაუხადა, გვერდით დაუდგა და ფრთოსანი სიტყვები უთხრა:

„ახლა გამბედავად შეები, დიომედეს, ტროელებს, რადგან მკერდში მამისეული უშიშარი ძალა ჩაგიდგი, რაც ჰქონდა ფარისმპყრობელ მხედარ ტიდევსს. ნისლი, რომელიც ადრე გქონდა, თვალებიდან მოგაშორე, რათა შეძლო, განასხვაო ღმერთი და ადამიანი; თუკი რომელიმე ღმერთი შეეცდება, იქ მოვიდეს, შენ ხელდახელ არც ერთ უკვდავ ღმერთს არ შეებრძოლო, თუ ეს ზევსის ასული აფროდიტე არ იქნება; — თუ ის შემოვიდა ბრძოლაში, მისწვდი ბასრი სპილენძით“.

ეს თქვა და წავიდა თვალსხივოსანი ათენა. ტიდევსის ძე კი ისევ პირველ რიგებს შეერია და თუ მანამდეც სულითა და გულით მოწადინებული იყო, ტროელებს შებმოდა, ახლა სამჯერ უფრო მეტი ძალა მიეცა, როგორც იმ ლომს, რომელიც მინდორში თავისი უხვმატყლიანი ცხვრების მცველმა მწყემსმა ეზოს გარეთ მსუბუქად დაჭრა, მაგრამ ვერ მოკლა, პირიქით, მასში ახალი ძალა გააღვივა; მწყემსმა თავს უშველა და ბოსელში შეიჭრა, ფარა კი უპატრონოდ მიატოვა, ცხვრები შეჯგუფდნენ და ერთმანეთს მიაწყდნენ, გამძვინვარებული ლომი კი ყორეს გადაევლო; სწორედ ასე გააფთრებული შეუვარდა ტროელებს მძლავრი დიომედესი.

იქ მოკლა ასტინოოსი და ხალხთა მწყემსი ჰიპეირონი, პირველს ძუძუსთავს ზემოთ ჩასცა სპილენძის შუბი, ხოლო მეორეს დიდი ხმალი ლავიწის ძვალთან დაჰკრა და დააცილა ბეჭი კისერსა და ხერხემალს. შემდეგ ესენი მიატოვა და თავს დაეცა აბასსა და პოლიიდოსს, სიზმართა ამხსნელი მოხუცი ევრიდამასის ძეებს. ისინი ვერ დაბრუნდნენ ომიდან და მოხუცმა ვერ აუხსნა მათ სიზმარი, რადგან მძლავრმა დიომედესმა დახოცა ორივე. შემდეგ მიადგა ქსანთოსსა და თოონს, ფაინოფსის ორ უსაყვარლეს ძეს, დაამწუხრა ბერიკაცი, — მეტი შვილი აღარ ჰყავდა, ვისაც ქონებას დაუტოვებდა. ორივეს ძვირფასი სული ამოჰხადა დიომედესმა და აბჯარი აჰყარა, მამას კი ქვითინი და მძიმე მწუხარება დაუტოვა, რადგან არ ეღირსა, რომ ცოცხლები და შინ მობრუნებული ენახა, შორეულ ნათესავებს კი ერგოთ მისი ქონება.

შემდეგ დარდანოსის ძის, პრიამოსის ორი ვაჟი შეიპყრო, რომლებიც ერთ ეტლში იყვნენ, — ექემონი და ქრომიოსი. როგორც ლომი, რომელიც თავს ესხმის ხარებს და კისერს უმტვრევს ხბოს ან ხარს, რომელიც ტევრში ძოვს, ასევე ტიდევსის ძემ ორივე ძალით ჩამოჰყარა ეტლიდან, აბჯარი აჰყარა, ხოლო ცხენები მეგობრებს მისცა, რომ ხომალდებთან წაეყვანათ.

დაინახა ენეასმა, რომ დიომედესი ანადგურებდა ტროელთა რაზმებს, შევიდა ბრძოლასა და შუბების სიმრავლეში, რათა მოეძებნა ღვთისდარი პანდაროსი; იპოვა ლიკაონის სახელოვანი და მძლავრი ძე, წინ დაუდგა და ასეთი სიტყვით მიმართა: „პანდაროს, სად არის შენი მშვილდი, ფრთოსანი ისრები და დიდება?! ვერც ერთი კაცი ვერ შეგეჯიბრება შენ ვერც აქ და ვერც ლიკიაში მოიძებნება ვინმე შენზე უკეთესი; მაგრამ, მოდი, ზევსს აღუმართე ვედრებით ხელები და ისარი ესროლე ამ კაცს, რომელიც ასე მძლავრობს და რომელმაც მრავალი უბედურება მოუტანა ტროელებს მას შემდეგ, რაც უამრავ მძლავრ ვაჟკაცს მუხლები დაულეწა. ნეტავ რომელიმე ღმერთი ხომ არ არის ტროელებზე განაწყენებული და მსხვერპლშეწირვის გამო განრისხებული? მძიმეა ღმერთის რისხვა!“

მას ისევ მიუგო ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: „ენეას, სპილენძისსამოსიანი ტროელების მრჩეველო, იმ კაცს ტიდევსის მამაც ძეს ვამსგავსებ ყველაფრით, — ფარითაც ვცნობ, კოპიანი მუზარადითაცა და ცხენებითაც, რომლებსაც ვხედავ, თუმცა ცხადად არ ვიცი, რომ ღმერთი არ არის. თუ ეს კაცი, როგორც მე ვამბობ, ტიდევსის მამაცი ძეა, ღმერთის გარეშე არ მძვინვარებს იგი, არამედ ვიღაც უდგას ახლოს უკვდავთაგან, რომელსაც ღრუბელი აუფარებია მხრებზე და რომელმაც სრაფ ისარს, მე რომ მოვარტყი, გეზი შეუცვალა; მე ხომ უკვე ვესროლე ისარი და მოვარტყი მარჯვენა მხარში, პირდაპირ აბჯრის ფურცელში და მე უკვე ვაცხადებდი, რომ იგი აიდონევსთან[4] გავაგზავნე, მაგრამ ვერ გავაგზავნე, — ცხადია, რომელიღაც ღმერთია ჩემზე განრისხებული. ცხენები არ მყავს და ეტლი არ მაქვს, რომ მასზე ავიდე, თუმცა ლიკაონის სასახლეში თერთმეტი ეტლი მაქვს მშვენიერი, ჯერ უხმარი, სულ ახალთახალი, შალითებით დაფარული; თითოეულთან თეთრი ქერით და ჭვავით ნაკვები წყვილი ცხენი დგას. მართლაც, მოხუცი შუბოსანი ლიკაონი მრავალ რჩევას მაძლევდა, როდესაც ჩემი კეთილნაგები სახლიდან მოვდიოდი. მან მიბრძანა, ცხენებითა და ეტლით წავძღოლოდი ტროელებს უსასტიკეს ბრძოლებში. მე არ დავუჯერე, არადა, ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა. ცხენები მინდოდა დამენდო, რომ არ დაჰკლებოდათ საკვები ალყაშემორტყმულ ხალხში, როცა კარგ კვებას იყვნენ დაჩვეული. ისინი დავტოვე და ქვეითად ჩამოვედი ილიონში, მივენდე ჩემს მშვილდს, მაგრამ იგი მე ვერ დამეხმარა. მანამდე ხომ ორ მეთაურს ვესროლე ისარი, ტიდევსის ძესა და ატრევსის ძეს, ორივე ნამდვილად დავჭერი, სისხლი ვადინე და ამით მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ კიდევ უფრო განვარისხე. ცუდ დროს ჩამოვხსენი საკიდიდან ჩემი მოხრილი მშვილდი, ცუდად გამითენდა ის დღე, როდესაც საყვარელ ილიონში ჩამოვედი, როდესაც ტროელებს გამოვუძეხი ღვთაებრივი ჰექტორის გულის საამებლად. თუკი მეღირსა შინ დაბრუნება და საკუთარი თვალით სამშობლოს, მეუღლისა და მაღალჭერიანი დიდი სასახლის დანახვა, ვინმე უცხომ მომაჭრას თავი მაშინვე, თუ საკუთარი ხელით არ დავლეწე ეს მშვილდი და ისრები და ელვარე ცეცხლში არ ჩავყარე, რადგან ტყუილად მიტარებია“.

მას მიმართა ჰექტორმა, ტროელთა ბელადმა: „ამას ნუ ამბობ, მანამ არ იქნება სხვაგვარად, სანამ ჩვენ ორნი ამ კაცს ცხენებითა და ეტლებით არ დავუპირისპირდებით და იარაღით არ გამოვცდით. აბა, ამოდი ჩემს ეტლზე, რათა ნახო ტროსის[5] ცხენებმა როგორ იციან ველზე სწრაფად აქეთ-იქით დადევნება და გამოქცევა. ისინი ჩვენ ორსაც უსაფრთხოდ დაგვაბრუნებენ ქალაქში, თუკი ზევსი ტიტევსის ძე დიომედეს ისევ გამარჯვებას არგუნებს. აბა, აიღე მათრახი და ელვარე სადავეები, მე კი საბრძოლველად ეტლიდან ჩამოვალ; ან შენ გააკეთე ეს და მე ცხენებზე ვიზრუნებ“.

მას კი უპასუხა ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: „ენეას, თავად გქონდეს შენი სადავეები და გყავდეს შენი ცხენები. უმჯობესია, ნაჩვევ მეეტლეს დაემორჩილონ და გააქანონ მოხრილი ეტლი, როდესაც ტიდევსის ძეს დავედევნებით, რათა არ შეშინდნენ, არ შეფერხდნენ და არ ისურვონ, გამოგვიყვანონ ბრძოლიდან, როცა შენს ხმას არ გაიგონებენ; მაშინ თავს დაგვეცემა  ტიდევსის დიდგულოვანი ძე, დაგვხოცავს ორივეს და წაიყვანს მუხლად ცხენებს. ასე რომ, შენ თვითონ მიხედე ეტლსაცა და წყვილ ცხენსაც, მე კი თავდამსხმელს ბასრ შუბს შევაგებებ“.

ეს თქვეს და ავიდნენ მშვენიერ ეტლზე და ტიდევსის ძისკენ წარმართეს სწრაფი ცხენები. მათ თვალი მოჰკრა სთენელოსმა, კაპანევსის სახელგანთქმულმა ძემ და უმალ ტიდევსის ძეს მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ტიდევსის ძეო, დიომედეს, ჩემი გულის გამხარებელო, ორ მძლავრ კაცს ვხედავ, შენთან საომრად მოეშურებიან, უზომო ძალის მქონენი; ერთი მშვილდის დიდოსტატია, პანდაროსი, რომელიც ამაყობს ლიკაონის შვილობით, მეორე ენეასია, სახელოვანი ანქისესისა და აფროდიტეს ვაჟი. მაშ ახლა ეტლზე ავიდეთ, არ შეიჭრა პირველ რიგებში საბრძოლველად, არ დაიღუპო თავი“.

მას ქვემოდან ამოხედა და უთხრა მძლავრმა დიომედესმა: „გაქცევაზე სიტყვაც არ დაძრა, მაინც ვერ დამარწმუნებ! სისხლში არ მაქვს ბრძოლისთვის თავის არიდება ან შიშისგან მოკუნტვა, ჩემი სიმტკიცე ურყევია. არც ვაპირებ ეტლზე ასვლას, ასე პირდაპირ მივადგები თვითონ, გაქცევის ნებას არ მომცემს ათენა პალასი. მაგათ ორივეს უკან ვეღარ წაიყვანენ სწრაფი ცხენები, ერთ-ერთი თუ მოახერხებს და გამექცევა; სხვა რამეს გეტყვი და შენ გულში ჩაიდე: თუკი რჩევამრავალი ათენა დიდებას მომანიჭებს და ორივეს მომაკვლევინებს, შენი სწრაფი ცხენები აქ გააჩერე, სადავეებით ეტლს გამოაბი; არ დაგავიწყდეს, ენეასის ცხენებს დააცხრე და ტროელებისგან ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ გააქანო. ეს ცხენები იმ მოდგმის არიან, რომლებიც შორსმხედველმა ზევსმა ტროსს მისცა მისი ვაჟის, განიმედესის[6] გამოსასყიდის სახით; ეს ცხენები ეოსისა და ჰელიოსის ქვეშ საუკეთესონი არიან. ამ ცხენების ჯიში მოიპარა ხალხთა მეუფე ანქისესმა, რომელმაც ლაომედონისგან[7] ფარულად შეაჯვარა ისინი თავის ფაშატებს; ამ ჯიშის ექვსი კვიცი დაიბადა მის სასახლეში, ამათგან ოთხი თავად დაიტოვა და ბაგაში გამოზარდა, ეს ორი კი ენეასს მისცა, თუ ამ ორს ხელში ჩავიგდებთ, დიდ სახელს მოვიპოვებთ. ასე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, როდესაც უეცრად მოადგნენ მტრები სწრაფი ცხენებით. პირველმა შესძახა ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: „გულმაგარო და მამაცო, სახელოვანი ტიდევსის ძეო, თუმცა ვერ დაგაზიანა ჩემგან ნასროლმა ბასრმა ისარმა, ახლა ისევ ვცდი, ამჟამად შუბით, თუკი მოგწვდი“. თქვა, უმალ შეარხია და სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა ტიდევსის ძეს ფარზე; შეაღწია სპილენძის შუბმა და აბჯარს მისწვდა.

ხმამაღლა შესძახა ლიკაონის სახელოვანმა ძემ: „მოგარტყი ფერდის გავლით და არ მგონია, დიდხანს გაუძლო კიდევ, დიდი სახელი მომიტანე“.

არ შეუშინდა მას და ბრძანა მძლავრმა დიომედესმა: „ააცილე და ვერ მოარტყი; მე კი მგონია, რომ ვერც ერთი ვერ დაისვენებთ, სანამ თქვენგან ერთ-ერთი არ დაეცემა და სისხლით არ გააძღებს არესს, ხარისტყავისფარიან მეომარს“. ეს ბრძანა და ისროლა; შუბი წარმართა ათენამ თვალებშუა ცხვირისკენ, დალეწა თეთრი კბილები, ენის ძირი მოჰკვეთა მტკიცე სპილენძმა, ბუნიკი კი გამოვიდა ქვედა ნიკაპის გვერდით. ჩამოვარდა ეტლიდან, უმალ გაიჟღრიალა ელვარე აბჯარმა, შიშისგან დაფრთხნენ ფეხმარდი ცხენები, ხოლო მას სულიც ამოხდა და ძალაც დაეცალა. ენეასი ჩამოხტა ფარითა და გრძელი შუბით იმის შიშით, რომ არ წაეთრიათ გვამი აქაველებს. გადაეფარა, როგორც საკუთარ ძალას მინდობილი ლომი, წინ შუბი დაიჭირა და ყოველმხრივ თანაბარი ფარი, აპირებდა, ყველა მოეკლა და საზარლად უყვიროდა, თუკი ვინმე მიახლოებას გაუბედავდა. ტიდევსის ძემ კი ხელი დაავლო ლოდს, რომელსაც დღეს მცხოვრები ორი კაციც ვერ დაძრავდა, მან კი იოლად აიღო მარტომ და ესროლა ენეასს და მოარტყა თეძოში იმ ადგილას, სადაც თეძო ბარძაყში გადადის, რომელსაც მენჯის ძვალს უწოდებენ, დაულეწა მენჯი და გაუწყვიტა ორივე ძარღვი და წვეტიანმა ლოდმა კანი გაგლიჯა, გმირი მუხლებზე დაეცა, დაეყრდნო მძლავრი ხელით მიწას და ორივე თვალზე შავი ღამე გადაეფარა.

და აქ და ახლა დაიღუპებოდა კაცთა მეუფე ენეასი, მისთვის თვალი რომ არ მოეკრა ზევსის ასულ აფროდიტეს, დედამისს, რომელმაც ის უშვა ანქისესს, რომელსაც ხარები ჰყავდა საძოვარზე გამოყვანილი. ორივე ხელი შემოაჭდო საყვარელ შვილს, გადააფარა ელვარე პეპლოსის ნაკეცები, რომ ზღუდედ ჰქონოდა შუბებისა და ისრებისათვის, სწრაფცხენიანი დანაელებიდან ვინმეს რომ მკერდში არ მოერტყა სპილენძი და არ ამოერთვა სული. შემდეგ კი თავისი საყვარელი ძე ბრძოლის ველს გაარიდა.

კაპანევსის ძეს კი არ დაავიწყდა ის ბრძანება, რომელიც მას მისცა საომარი ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა; მან გააჩერა საკუთარი მუხლადი ცხენები, სადავეებით მიამაგრა ეტლის მოაჯირს, გაარიდა აურზაურს, მივარდა ენეასის ლამაზფაფრიან ცხენებს და ტროელებისგან ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ გააქანა. ჩააბარა დეიპილოსს, საყვარელ მეგობარს, რომელსაც თანატოლთაგან ყველაზე მეტ პატივს სცემდა, რადგან სულით მსგავსნი იყვნენ და უბრძანა, ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ გაერეკა, თავად გმირი კი ეტლზე ავიდა, დაიჭირა ელვარე სადავეები და ტიდევსის ძისკენ სწრაფად გააქანა მძლავრჩლიქიანი ცხენები, სულანთებულმა; ის კი კვიპროსელ ქალღმერთს[8] მისდევდა სასტიკი სპილენძით; იცოდა, რომ სუსტი იყო ეს ღმერთი, იმ ქალღმერთთა რიცხვში არ იყო, ვინც გამოცდილია კაცთა ომებსა და ბრძოლებში, როგორც ათენა და ქალაქთა მაოხრებელი ენიო[9]. გაარღვია მჭიდრო ბრბო და მისწვდა მას, აქ დიდგულოვანი ტიდევსის ძემ წინ გაიშვირა შუბი და ბასრი სპილენძით ნაზი ხელის მტევანი დაუჭრა; და შუბმა გაუკაწრა უკვდავს კანი და მტევნის ზემოთ გაფხრიწა მისი პეპლოსი, რომელიც ქარისებმა[10] მოქსოვეს და უკვდავი სისხლი წამოუვიდა ქალღმერთს — იქორი, რომელიც ნეტარი ღმერთების ძარღვებში მიედინება; ისინი ხომ პურს არ ჭამენ და არ სვამენ შუშხუნა ღვინოს, ამიტომ არ გააჩნიათ ჩვენნაირი სისხლი და იწოდებიან უკვდავებად. ქალღმერთს ყვირილი ამოხდა და შვილი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ის ხელით დაიჭირა სხივოსანმა აპოლონმა და შემოავლო  შავი ღრუბელი, რომ ვინმეს სწრაფცხენიან დანაელთაგან მკერდში არ მოერტყა შუბი და სული არ ამოერთვა. მას შესძახა საომარი ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „გაერიდე, ზევსის ასულო, ომსა და ბრძოლას! საკმარისი არ არის, სუსტ ქალებს რომ აცდუნებ? ხოლო თუ ბრძოლაში კიდევ გაერევი, ასე მგონია, თავზარი დაგეცემა, ომზე ლაპარაკს რომ გაიგონებ“.

ასე თქვა, ხოლო ქალღმერთი გაოგნებული წავიდა, იტანჯებოდა საშინლად; ქარისფეხება ირისმა ხელი ჩასჭიდა და გამოიყვანა ბრძოლიდან, ტკივილით დამძიმებულს გაუშავდა მშვენიერი კანი. იპოვა ბრძოლის მარცხენა ფლანგზე ჩამომჯდარი მძვინვარე არესი, ჰაერში ედო შუბი და იქვე ჰყავდა ცხენების სწრაფი წყვილი. მუხლებზე დაეცა საყვარელი ძმის წინაშე და შეევედრა, მიეცა მისთვის ოქროსაღვირიანი ცხენები: „საყვარელო ძმაო, მიხსენი და მომეცი ცხენები, რათა ოლიმპოსზე მივიდე, სადაც უკვდავთა სავანეა. საშინლად მტანჯავს ჭრილობა, რომელიც მოკვდავმა კაცმა მომაყენა, ტიდევსის ძემ, რომელიც ახლა თვით მამა ზევსსაც კი შეებრძოლებოდა“.

ასე თქვა და მისცა მას არესმა ოქროსაღვირიანი ცხენები. და ისიც ავიდა ეტლზე დამწუხრებული გულით, მასთან ერთად ავიდა ირისი და სადავეებს ჩაავლო ხელი, გადაჰკრა მათრახი ცხენებს და ისინიც მორჩილად გაფრინდნენ. უმალ მიადგნენ ღმერთთა სავანეს, მაღალ ოლიმპოსს, აქ ცხენები გააჩერა ქარისფეხება სწრაფმა ირისმა, ჩახსნა ეტლიდან და უკვდავი საკვები დაუყარა, მუხლებში ჩაუვარდა დიონეს[11] ღვთაებრივი აფროდიტე, თავის დედას, და მანაც გულში ჩაიკრა ქალიშვილი, ხელით მოეფერა, სახელით იხმო და სიტყვა უთხრა: „ზეციურ ღმერთთაგან რომელი მოგექცა ასე უსაფუძვლოდ, საყვარელო შვილო, თითქოს რამე ბოროტება ჩაგედინოს?“

მას უპასუხა მაშინ მარად მოღიმარმა აფროდიტემ: „ტიდევსის ძემ, სულმაღალმა დიომედემ დამჭრა, რადგან საყვარელი შვილი გამომყავდა ბრძოლიდან, ენეასი, რომელიც ყველაზე უფრო საყვარელია ჩემთვის. ახლა ხომ ტროელებსა და აქაველებს შორის კი აღარ არის სასტიკი ომი, არამედ დანაელები უკვე უკვდავებს გვეომებიან“.

მას უპასუხა მაშინ დიონემ, ღმერთთაგან გამორჩეულმა: „გამაგრდი, ჩემო შვილო, და გადაიტანე განსაცდელი! რადგან მრავალი ტანჯვა გადაგვიტანია ოლიმპოსზე სასახლეთა მქონეებს ადამიანებისგან, მრავალი ტკივილი მოუყენებიათ მათ, როდესაც ერთმანეთს ერჩოდნენ. ასე დაიტანჯა არესი, როდესაც ოტოსმა და ეფიალტესმა, ალოევსის შვილებმა მძლავრი ბორკილები დაადეს და სპილენძის დილეგში გამოამწყვდიეს ცამეტი თვე. იქ დაიღუპებოდა ომით გაუმაძღარი არესი, ძმების დედინაცვალს, ულამაზეს პერიბოიას რომ არ შეეტყობინებინა მისი ამბავი ჰერმესისთვის; სწორედ მან  მოიპარა არესი, რომელიც უკვე დავარდნილი იყო, რადგან ბორკილებმა ძალა გამოაცალა. ასე დაიტანჯა ჰერაც, როდესაც ამფიტრიონის მძლავრმა ვაჟმა[12] მარჯვენა ძუძუსთან სამწვერიანი ისრით დაჭრა; გააწამა უსასტიკესმა ტკივილმა. გოლიათური ჰადესიც დატანჯა სწრაფმა ისარმა, როდესაც იმავე კაცმა, ეგიდისმპყრობელი ზევსის ძემ, პილოსში მკვდრებში დაჭრა და ტკივილი მიაყენა. მაშინ მან მიაშურა ზევსის სასახლეს დიდ ოლიმპოსზე გულით დამწუხრებულმა და ტკივილით გაწამებულმა, რადგან ისარი მძლავრ მხარში ჰქონდა გარჭობილი და სულს უწამებდა; მაგრამ მას პაიანმა[13] ტკივილთმკვლელი წამლები ასხურა და მოარჩინა, რადგან მოკვდავად არ იყო შობილი. უხეში და მოძალადე კაცი, რომელიც უდარდელად თესდა ბოროტებას, თავისი ისრებით ჭრიდა ოლიმპოსზე მცხოვრებ ღმერთებს. შენ კი ეს კაცი თვალსხივოსანმა ღმერთმა ათენამ მოგიგზავნა, ტიდევსის უბადრუკი ძე, რომელმაც არც იცის, რომ ხანმოკლეა მისი სიცოცხლე, ვინც უკვდავებს შეებრძოლება, მას შვილები მუხლებზე ვერ დაუსხდებიან და ვერ ეტიტინებიან, ომიდან და სასტიკი ბრძოლებიდან შინ დაბრუნებულს. ხომ ძალიან ძლიერია ახლა ტიდევსის ძე, ხომ ჰგონია, რომ არავინაა უფრო მძლავრი, რომ მას შეებრძოლოს, ერთხელაც იქნება და აიგიალეია, ადრასტოსის გონიერი ასული, კივილით გააღვიძებს საყვარელ შინაურებს და თავის კანონიერ მეუღლეს, აქაველთაგან საუკეთესო ვაჟკაცს, დაიტირებს ცხენების მხედნელი დიომედესის სახელოვანი მეუღლე“.

ასე უთხრა, ორივე ხელით მოუწმინდა იქორი მკლავზე, გამთელდა მკლავი და გაყუჩდა მწარე ტკივილი.

ამას უყურებდნენ ათენაც, ჰერაც და ზევსს, კრონოსის ძეს, გულისმომკვლელი სიტყვებით ეხუმრებოდნენ; პირველმა ლაპარაკი წამოიწყო თვალსხივოსანმა ათენამ: „მამა ზევსო, ხომ არ გამიბრაზდები, რაღაც რომ გითხრა? როგორც ჩანს, კვიპროსის ქალბატონმა რომელიღაც აქაველი ქალი გაიყოლა ტროელებთან, რომლებიც ასე განსაცვიფრებლად უყვარს და ლამაზად ჩაცმული აქაველი ქალის მოფერებისას ოქროს ქინძისთავი შეერჭო უნაზეს ხელში“.

ასე თქვა და გაიღიმა ადამიანებისა და ღმერთების მამამ, თავისთან მოუხმო ოქროს აფროდიტეს და უთხრა: „შენი საქმე არ არის, შვილო ჩემო, ომის ამბები, იფიქრე მხოლოდ ქორწინების, საყვარელი საქმის, მოწყობაზე, ომის ამბები კი სწრაფ არესსა და ათენას  დაუთმე“.

ასე საუბრობდნენ ერთმანეთში, მაგრამ საომარი ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი ენეასს დაეცა თავს; იცოდა, რომ ხელში ჰყავდა აყვანილი აპოლონს, მაგრამ არც დიდი ღმერთის შიში ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ ფიქრობდა ენეასის მოკვლას და მისი სახელგანთქმული საჭურვლის ხელში ჩაგდებას. სამგზის დაეცა თავს და დაუპირა მოკვლა, სამგზის მოიგერია აპოლონმა მისი მოელვარე ფარი, მაგრამ როდესაც მეოთხეჯერ დაიძრა ღმერთს მიმსგავსებული, საშინელი ხმით შესძახა შორს მიმწვდომმა აპოლონმა: „ფრთხილად იყავი, ტიდევსის ძეო და უკან დაიხიე, ღმერთებთან გატოლებას ნუ დააპირებ, ვერასოდეს შეიქნება მსგავსი უკვდავი ღმერთებისა და მიწაზე მოსიარულე ადამიანების მოდგმა!“

ასე ბრძანა და ტიდევსის ძემ ოდნავ უკან დაიხია, გაერიდა შორსმსროლელი აპოლონის რისხვას. ენეასი გამოარიდა ბრბოს და დაასვენა წმინდა პერგამოსისზე, სადაც მისი ტაძარი იყო აგებული. იქ ლეტომ და ისრისმტყორცნელმა არტემისმა დიდ სალოცავში უმკურნალეს და მოუარეს.

ამ დროს ვერცხლისმშვილდიანმა აპოლონმა შექმნა აჩრდილი, რომელიც იერითა და შეიარაღებით ენეასს ჰგავდა, ამ აჩრდილის ორივე მხარეს ტროელები და ღვთაებრივი აქაველები ერთმანეთს უჩეხდნენ ხარის ტყავს, რომლებიც დიდ, მრგვალ და უხეშტყავიან პატარა ფარებზე ჰქონდათ გადაკრული და მკერდს უფარავდათ. მაშინ დაუოკებელ არესს უთხრა სხივოსანმა აპოლონმა:

„არეს, არეს, მოკვდავთმმუსვრელო, სისხლისმსმელო, გალავანთა დამაქცეველო! ხომ არ მობრძანდებოდი და არ გაიყვანდი ბრძოლიდან ამ კაცს, ტიდევსის ძეს, რომელიც ახლა მამა ზევსსაც კი შეებრძოლებოდა?! სულ ახლახან კვიპროსის დედოფალი ხელში, მაჯაში დაჭრა და შემდეგ მეც თავს დამეცა დაიმონივით[14]“.

ეს თქვა და დაბრძანდა პერგამოსის მწვერვალზე, ხოლო თრაკიელთა წინამძღოლს, აკამასს მიმსგავსებული, დამღუპველი არესი შეუდგა ტროელთა რიგების აღგზნებას და მოუხმო პრიამოსის ზევსის გამოზრდილ ვაჟებს: „ზევსის აღზრდილი მეფე პრიამოსის ძეებო, ნუთუ ნებას დართავთ აქაველებს, ხალხი დაგიხოცონ? თუ მანამდე აცლით, სანამ ბრძოლით არ მოადგებიან კეთილნაკეთებ კარიბჭეს? წევს კაცი, რომელსაც ღვთაებრივი ჰექტორის დარად ვცემთ პატივს, ენეასი, დიდგულოვანი ანქისესის ძე. მაშ, მოდით, ხოცვა-ჟლეტისგან ვიხსნათ საუკეთესო მეგობარი!“ ეს თქვა და აღუგზნო სული და შემატა ძალა თითოეულს. მაშინ სარპედონმა ძლიერ გაკიცხა ღვთაებრივი ჰექტორი: „ჰექტორ, სად წავიდა შენი ძალა, რომელიც აქამდე გქონდა? ხომ ამბობდი, რომ ხალხის გარეშე და მოკავშირეთა გარეშე, მარტოც დაიცავდი ქალაქს, ძმებთან და სიძეებთან ერთად? აქ ახლა ვერც ერთს ვერ ვხედავ და არც ვიცი, სად არიან; მიწაზე არიან განრთხმული, როგორც ძაღლები ლომის წინაშე, ჩვენ კი ვიბრძვით, ჩამოსული მოკავშირეები! მეც მოკავშირე ვარ და თქვენს დასახმარებლად შორიდან ჩამოვსულვარ; შორსაა აქედან ლიკია და ხშირმორევიანი ქსანთოსი. იქ დავტოვე საყვარელი მეუღლე, ჩვილი ვაჟი და მთელი ქონება, რაც ყველა უპოვარს ენატრება. და მაინც ჩემს ლიკიელებსაც მოვუწოდებ და თავადაც მზად ვარ კაცთან საბრძოლველად, თუმცა კი აქ არაფერი მაბადია, რასაც ჩემგან წაიღებდნენ ან წაიყვანდნენ აქაველები. შენ კი თავადაც დამდგარხარ და სხვასაც არ უბრძანებ შენი ხალხიდან, რომ წინააღმდეგობა გასწიონ და საკუთარი ცოლები დაიცვან! არ დაუშვა, რომ გამძვინვარებულმა მტერმა ყოვლისმომცველ სელის ქსელში გაგახვიოთ და მის ტყვედ და ნადავლად შეიქმნეთ; მაშინ ისინი სრაფად დააქცევდნენ თქვენს კეთილნაგებ ქალაქს. გმართებს ყველაფერ ამაზე დღედაღამ ზრუნვა, უნდა სთხოვო მოკავშირეთა მეთაურებს, რომელთა სახელი შორსაა განთქმული, შეუჩერებლად იბრძოლონ და საყვედურებს თავი დაანებონ“.

ასე თქვა სარპედონმა და მისმა სიტყვამ გული ატკინა ჰექტორს. იმავწამს შეიარაღებული ჩამოხტა ეტლიდან მიწაზე, შეარხია ბასრი შუბები, დაუარა მთელ ლაშქარს, საბრძოლოდ აღაგზნო და გააღვივა სასტიკი ომი. საომარი ყიჟინა დასცეს ტროელებმა და აქაველებს პირისპირ დაუდგნენ, არგოსელებს კი შეკრული ჰქონდათ რიგები და უკან დახევას არ აპირებდნენ.

როგორც ქარს გადააქვს ბზე წმინდა კალოზე, როდესაც ხალხი ანიავებს და ოქროსთმიანი დემეტერი აღძრული ქარებით ერთმანეთისგან არჩევს ნაყოფსა და ბზეს, ხოლო ბზის ხვავი ოდნავ თეთრდება, სწორედ ასევე გათეთრდნენ აქაველები მტვრისგან, რომელიც მრავალსპილენძიან ცამდე[15] ავარდა ცხენების ფლოქვებიდან, როგორც კი განახლდა ბრძოლა და ეტლები უკან მოაბრუნეს მეეტლეებმა და ხელების ძალით მიმართეს მტრისკენ; ღამით დაფარა დაუოკებელმა არესმა ბრძოლის ველი ტროელთა დასახმარებლად და შემოიარა ყველა ადგილი, იგი აღასრულებდა ოქროსხმლიანი სხივოსანი აპოლონის ბრძანებას, რომელმაც მოუწოდა, ტროელები გაემხნევებინა, როდესაც დაინახა, რომ წავიდა პალასი ათენა, რომელიც იყო დანაელთა მცველი.

აპოლონმა კი ენეასი მდიდარი სამლოცველოდან შორს გაგზავნა და მკერდში ხალხთა მწყემსს ვაჟკაცობა ჩაუდგა. ენეასი მეგობრებს შეერია; მათ გაიხარეს, როცა ნახეს, რომ ცოცხალი, უვნებელი და სულით მხნე დაბრუნდა, კითხვით კი ვერაფერი ჰკითხეს, — ამის საშუალება არ მისცა სხვა გარჯამ, რომლისკენაც ვერცხლისმშვილდიანი ღმერთი, ხალხთამმუსრავი არესი და მრისხანებით გაუმაძღარი ერისი[16] მოუწოდებდნენ.

ორივე აიასი, ოდისევსი და დიომედესი დანაელებს ბრძოლისკენ მოუხმობდნენ, თუმცა მათ ისედაც ტროელთა არც ძალა აშინებდათ და არც მათი დადევნება; ამიტომ დარჩნენ, სადაც იყვნენ, ღრუბლებივით, რომლებიც კრონოსის ძის მიერ უქარო ამინდში ამართულ მთებზე მოფენილი უძრავად დგას, სანამ სძინავს ბორეასისა[17] და სხვა ბობოქარი ქარების ძალებს, რომლებიც ხმაურიანი ამოსუნთქვით მუქ ღრუბლებს მიერეკებიან ხოლმე; ასე მტკიცედ იდგნენ დანაელები ტროელების წინააღმდეგ და უკან არ იხევდნენ. ატრევსის ძე  ხალხში დადიოდა და ბრძანებებს გასცემდა: „მეგობრებო, ვაჟკაცები იყავით და მამაცი გული ჩაიდგით, არ შერცხვეთ ერთმანეთთან მძიმე ბრძოლებში! ვისაც შერცხვენის ეშინია, ის უფრო გადარჩება, ვიდრე მოკვდება, ხოლო გაქცეული სახელსაც დაკარგავს და სიცოცხლესაც“.

და შუბი სწრაფად სტყორცნა და მოარტყა პირისპირ მდგომ ვაჟკაცს, დიდგულოვანი ენეასის მეგობარს, დეიკოონს, პერგასოსის ძეს, რომელსაც ტროელები პრიამოსის ვაჟების დარად სცემდნენ პატივს, რომელიც მუდამ მეწინავეთა შორის ბრძოლისკენ მიისწრაფოდა. მას ფარში მისწვდა მძლავრი აგამემნონი, ფარმა ვერ გაუძლო, სპილენძმა მასში შეაღწია, ქამარი გაგლიჯა და ქვემო მუცელში ჩაეფლო, დაცემისას ყრუ ხმა გამოსცა და გაიჟღრიალა მისმა აბჯარმა.

მაშინ ენეასმა დახოცა დანაელთა საუკეთესო ვაჟკაცები — დიოკლევსის ორი ძე, კრეთონი და ორსილოქოსი, მათი მამა კეთილნაგებ ფერეში ტკბებოდა მდიდრული ცხოვრებით, მისი მოდგმა მომდინარეობდა მდინარე ალფეიოსისგან, რომელიც ფართოდ მოედინება პილოსელთა მიწაზე; სწორედ მან შვა ორტილოქოსი, მრავალი ვაჟკაცის მეუფე, ორტილოქოსმა კი შვა დიდგულოვანი დიოკლევსი, ხოლო დიოკლევსისგან ტყუპი ბიჭები იშვნენ, კრეთონი და ორსილოქოსი, ყველანაირი ბრძოლის მცოდნენი. ისინი, დავაჟკაცებულები, შავი ხომალდებით ერთმანეთს წამოჰყვნენ არგოსელებს ცხენებით მდიდარ ილიონში, რათა შურისძიებით პატივი ეცათ ატრევსის ძეების, აგამემნონისა და მენელაოსისათვის, მაგრამ აქ ორივე სასიკვდილო აღსასრულს მიადგა. ლომის ეს ორი ბოკვერი, რომლებიც მთის მწვერვალზე დედა ლომმა გამოზარდა უსიერი ტყის სიღრმეში, თავს ესხმოდა ხარ-ძროხასა და მსუქან ცხვრებს, კაცთა სადგომებს ანადგურებდა, სანამ კაცთა ხელით თვითონაც არ დაიხოცნენ ბასრი სპილენძით, ასევე ეს ორი, ენეასის ხელით ძლეული, მოცელვით დაენარცხა მიწას მაღალი ფიჭვივით.

მათმა დაცემამ გული მოუკლა არესის რჩეულ მენელაოსს, მეწინავე მებრძოლებში შეიჭრა ელვარე სპილენძის მუზარადით შემოსილი, შუბის მრხეველი: რისხვა აღუძრა მას არესმა, იმედოვნებდა, იქნებ, ენეასის ხელით დაიღუპოსო. იგი დაინახა ანტილოქოსმა, დიდგულოვანი ნესტორის ვაჟმა, შეიჭრა მეწინავეთა შორის, რადგან ეშინოდა, ხალხთა მწყემსს რამე არ მოსვლოდა და მთელი მათი შრომა წყალში არ ჩაეყარა. ენეასი და მენელაოსი კი ხელაღმართულნი ბასრი შუბებით პირისპირ იდგნენ და ბრძოლას აპირებდნენ; ანტილოქოსი კი გვერდში ამოუდგა ხალხთა მწყემსს. ენეასი კი არ დარჩა, თუმცა სწრაფი მეომარი იყო, როცა გვერდიგვერდ მდგარი ორი ვაჟკაცი დაინახა. მათ კი მკვდრები გაათრიეს აქაველი ხალხისკენ და საბრალონი იქ დატოვეს, მეგობრების ხელში, თავად კი მობრუნდნენ მეწინავეთა შორის საბრძოლველად.

იქ პილემენესი მოკლეს, არესის სწორი, დიდგულოვანი პაფლაგონიელი ფაროსნების წინამძღოლი. იგი ატრევსის ძემ, შუბოსნობით განთქმულმა მენელაოსმა შუბით განგმირა, ლავიწში მისწვდა; ანტილოქოსმა მის მეეტლესა და მსახურ მიდონს, ატიმნიოსის ღირსეულ ძეს, რომელიც მიუბრუნდა მუხლად ცხენებს, ლოდი მოარტყა შუა იდაყვში; ხელიდან მტვერში დაუვარდა სპილოსძვლიანი თეთრი სადავეები. ანტილოქე კი პირდაპირ მიეჭრა და ხმალი საფეთქელში ჩასცა, მძიმედ ამოიხრიალა, ჩამოვარდა კეთილად ნაკეთები ეტლიდან, თავითა და მხრებით პირჩაღმა დაეცა მტვერში. ძალიან დიდხანს იყო ასე ჩავარდნილი ღრმა ქვიშაში, სანამ მისმა ცხენებმა არ გააქანეს მიწაზე მტვერში დაცემული. მათრახი გადაჰკრა მათ ანტილოქოსმა და აქაველების ბანაკისკენ გააქანა.

ისინი მეომართა რიგებში შეამჩნია ჰექტორმა და მათკენ ყიჟინით გაიჭრა და მას გაჰყვნენ ტროელთა მძლავრი რიგები, მათ მიუძღოდნენ არესი და დედოფალი ენიო, რომელსაც ახლდა დაუნდობელი ბრძოლის ღრიანცელი; არესი კი ხელში ათამაშებდა უზარმაზარ შუბს და ხან წინ დაუდგებოდა ჰექტორს, ხანაც უკან.

ღმერთი რომ დაინახა, შეძრწუნდა საომარი ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი და როგორც კაცი, რომელიც უიმედოდ მიდის დიდ ველზე, დადგება, როდესაც ზღვაში ჩამდინარე ქაფით მოელვარე სწრაფ მდინარეს მოჰკრავს თვალს და უკან დაიწევს, ზუსტად ასე ტიდევსის ძემ უკან დაიხია და ხალხს უთხრა: „მეგობრებო, უნდა გვიკვირდეს, რომ ღვთაებრივი ჰექტორი შუბოსანი და გამბედავი მეომარია! მუდამ გვერდში უდგას რომელიღაც ღმერთი და დაღუპვისგან იფარავს; ახლაც გვერდს უმშვენებს არესი, მოკვდავ კაცს მიმსგავსებული. ტროელებისკენ გქონდეთ მიქცეული სახე, მაგრამ უკან დაიხიეთ, რადგან ღმერთებთან ომს ვერ გავბედავთ“.

ასე თქვა და ტროელები ახლოს მოვიდნენ მათთან. იქ ჰექტორმა საომარი ჟინის მცოდნე ორი კაცი მოკლა, ერთ ეტლში მდგომნი — მენესთესი და ანქიალოსი. როდესაც დაეცნენ ისინი, შეებრალა ტელამონის ძეს, დიდ აიასს, ახლოს მოვიდა, დადგა და სტყორცნა ელვარე შუბი, განგმირა ამფიოსი, სელაგოსის ძე, რომელიც პესოსში ცხოვრობდა, დიდი ქონებისა და მრავალი მინდვრის პატრონი, მაგრამ ბედისწერამ პრიამოსისა და მისი ვაჟების მოკავშირედ ჩამოიყვანა. ქამარში მოარტყა მას ტელამონის ძე აიასმა, ქვემო მუცელში ჩაეფლო გრძელჩრდილიანი შუბი, მძიმე ხმა გამოსცა დაცემისას, მოირბინა სახელგანთქმულმა აიასმა, რომ აბჯარი აეყარა, მაგრამ ტროელებმა ბასრი შუბები დააყარეს და ფარმა ბევრი მიიღო. ფეხით შედგა ცხედარზე და სპილენძის შუბი ამოაძრო, მაგრამ ვერ შეძლო, აეყარა ლამაზი აბჯარი მხრებიდან, რადგან ისრები დააყარეს. შეშინდა, დაუოკებელ ტროელებს მძლავრი ალყა არ დაერტყათ, ისინი ხომ შუბებით შეიარაღებული მრავლად და მამაცურად მოადგნენ, და, თუმცა, დიდიც იყო, მძლავრიც და სახელოვანიც, გამოდევნეს მათ, უკან დაიხია და შედრკა.

ასე დაშვრნენ ისინი მძიმე ბრძოლაში; ხოლო ტლეპოლემოსი სახელოვანი და გოლიათი, მძლავრმა ბედისწერამ აღძრა ღვთისდარ სარპედონთან საბრძოლველად. როდესაც დაიძრნენ და ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ღრუბელთშემკრები ზევსის შვილი და შვილიშვილი[18], ტლეპოლემოსმა პირველმა ბრძანა სიტყვა: „სარპედონ, ლიკიელთა მრჩეველო, რამ გაიძულა, აქ რამ ჩამოგიყვანა და აგაცახცახა ეს ომის უმეცარი კაცი?! ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ ეგიდისმპყრობელი ზევსის მოდგმისა ხარ, ბევრად უფრო დაბალი ხარ, ვიდრე ზევსის შთამომავალი ჩვენი წინა თაობის ხალხი ან, როგორიც იყოო, ამბობენ, ჰერაკლესის ძალა, მამაჩემისა, რომელიც იყო უგამბედავესი და ულომისგულესი, ის ხომ ოდესღაც აქ მოვიდა ლაომედონის ცხენებისთვის, სულ რაღაც ექვსი გემით და ცოტაოდენი ხალხით, ილიონი დაამხო და ქუჩები დააცარიელა. შენ კი სულმოკლე ხარ და შენი ხალხიც სასიკვდილოდაა განწირული. არ მგონია, რომ ბურჯად გამოადგე ტროელებს, [5.645] ტყუილად ჩამოხვედი ლიკიიდან, უფრო ძლიერიც რომ ყოფილიყავი, ჩემი ხელით მაინც მოგაშთობდი და ჰადესის კარიბჭეში გაგატარებდი“.

მას საპასუხოდ უთხრა სარპედონმა, ლიკიელთა წინამძღოლმა: „ტლეპოლემოს, ჰერაკლემ მართლაც დააქცია წმინდა ილიონი ერთი კაცის, სახელოვანი ლაომედონის უგუნურების გამო, — მან ხომ თავისი კეთილისმყოფელი ბოროტი სიტყვით გაკიცხა და არ მისცა ცხენები[19], რომელთა გულისთვისაც ის შორიდან იყო მოსული. შენ კი გპირდები, აქ სიკვდილსა და შავ აღსასრულს მიიღებ ჩემგან, ჩემი შუბით განგმირული, მე სახელს მომიტან, ხოლო ცხენებით სახელგანთქმულ ჰადესს — სულს“.

ეს ბრძანა სარპედონმა, ხოლო ტლეპოლემოსმა ზე ასწია იფნის შუბი და ერთდროულად ორი გრძელი შუბი გამოფრინდა მათი ხელებიდან. შიგ კისერში მოარტყა სარპედონმა, მტანჯველმა შუბისპირმა უკან გააღწია და ტლეპოლემოსის თვალები ბნელმა ღამემ დაფარა. თავად ტლეპოლემოსმა კი მარცხენა თეძოში მოარტყა სარპედონს  უზარმაზარი შუბი, გამალებული შუბისპირი შეიჭრა და ძვალს მისწვდა, მაგრამ მამამ დაღუპვას გადაარჩინა. ღვთაებრივმა მეგობრებმა ღვთისდარი სარპედონი ბრძოლას გაარიდეს, ეწამებოდა, დიდ შუბს რომ მიათრევდა, არავის უთქვამს და არც არავის უფიქრია, ჭრილობიდან ამოეღოთ იფნის შუბი, რომ წამომდგარიყო: ისე ჩქარობდნენ და ერთად თავმოყრილნი საქმეს ისე აკეთებდნენ.

მეორე მხრიდან ლამაზსაბარკულიანმა აქაველებმა ტლეპოლემოსი ბრძოლიდან გაიტანეს; ღვთაებრივმა ოდისევსმა თვალი მოჰკრა, მტკიცე სულის კაცმა და აღეძრა კეთილი გული; ორი განზრახვა გაუჯდა გულსა და სულში: ან ხმაურიანი ზევსის ძეს დასდევნებოდა, ან მრავალი ლიკიელისთვის ამოერთვა სული. არ იყო დიდგულოვანი ოდისევსის ხვედრი, ზევსის მძლავრი ძე განეგმირა ბასრი სპილენძით; მისი მრისხანება ათენამ ლიკიელების გუნდისკენ მიმართა. იქ დახოცა კოირანოსი, ალასტორი, ქრომიოსი, ალკანდროსი, ალიოსი, ნოემორი, პრიტანისი და კიდევ ბევრ ლიკიელს გამოასალმებდა სიცოცხლეს ღვთაებრივი ოდისევსი, უმალ რომ არ მოეკრა თვალი მუზარადმოელვარე ჰექტორს: წინა რიგის მებრძოლებში შეიჭრა ელვარე ბრინჯაოს მუზარადით შემოსილი და ძრწოლა მოჰგვარა დანაელებს; ზევსის ძემ, სარპედონმა, გაიხარა, მომავალი რომ დაინახა და შესაბრალისი სიტყვით მიმართა: „ჰექტორ, ნუ მისცემ ნებას დანაელებს, რომ მათს ნადავლად ვიწვე, დამიცავი! შემდეგ კი, დაე, მოვკვდე თქვენს ქალაქში, რადგან ვეღარ დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, საკუთარ სახლში, მშობელ მიწაზე, რომ გავიხარო საყვარელი მეუღლითა და ჩვილი ვაჟით“.

ასე თქვა და მისთვის არ უპასუხია მუზარადმოელვარე ჰექტორს, არამედ წინ გაიჭრა, მოწადინებული, რაც შეიძლება, სწრაფად მოეგერიებინა არგოსელები და ბევრი მათგანისთვის ამოერთვა სული. ამასობაში ღვთისდარი სარპედონი ღვთაებრივმა მეგობრებმა დასვეს ეგიდისმპყრობელი ზევსის უმშვენიერესი მუხის ქვეშ, ხოლო თეძოდან იფნის შუბი ამოაძრო მძლავრმა პელაგონმა, რომელიც მისი საყვარელი მეგობარი იყო. სულმა დატოვა გმირი და თვალებს დაეღვარა წყვდიადი, მაგრამ სუნთქვა დაუბრუნდა და ბორეასის დაქროლვამ დაუბრუნა სიცოცხლე სულთმობრძავს.

არგოსელებს არესისა და სპილენძისაბჯრიანი ჰექტორისთვის ზურგი არ შეუქცევიათ და შავი ხომალდებისკენ არ დაძრულან, პირისპირ დაუდგნენ საბრძოლველად, მაგრამ უკან იხევდნენ, როცა შეიტყვეს, რომ  ტროელებს არესი მოუძღოდათ. იქ კი ვინ იყო პირველი და ვინ უკანასკნელი, ვინც მოკლეს პრიამოსის ძე ჰექტორმა და სპილენძის არესმა? ღვთისდარი ტევფრასი და ცხენთა გამრეკი ორესტესი, ტრექოსი, ეტოლიელი შუბოსანი და ოინომაოსი, ოინოფსის ძე ჰელენოსი და ჭრელქამრიანი ორესბიოსი, რომელიც ჰილეში ცხოვრობდა და დიდ სიმდიდრეს უვლიდა კეფისისის ტბასთან და მის მახლობლად მდიდარი მიწების პატრონი სხვა ბეოტიელებიც ცხოვრობდნენ. როდესაც შეამჩნია თეთრხელებიანმა ჰერამ , რომ არგოსელებს ხოცავდნენ სასტიკ ბრძოლაში, იმავწამს ათენას მიმართა ფრთოსანი სიტყვებით: „ო, ეგიდისმპყრობელი ზევსის ასულო ატრიტონე, ამაოდ მიგვიცია პირობის სიტყვა მენელაოსისთვის, რომ კეთილგალავნიან ილიონს დააქცევდა და შინ დაბრუნდებოდა, თუ ასე შევარჩენთ მძვინვარებას დამღუპველ არესს. მოდი, ჩვენც გავიხსენოთ ჩვენი დაუოკებელი სიმამაცე!“

ასე ბრძანა და დაემორჩილა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა. მაშინ მიუახლოვდა შუბლზე ოქროს ლენტით შემოსილ ცხენებს ჰერა, დიდებული ქალღმერთი, დიდი კრონოსის ასული. ჰებემ სწრაფად მიამაგრა ეტლს სპილენძის მოხრილი რვასოლიანი თვლები რკინის ღერძის ორივე მხარეს. თვლებს უჭკნობი ოქროს ფერსოები ედოთ, ზემოდან კი სპილენძის ფენა ამშვენებდათ — საოცარი სანახავი იყო! ვერცხლის მორგვები ბრუნავდა ორივე მხარეს; თავად ეტლი კი იყო ოქროსა და ვერცხლის ღვედებით დაწნული და ორი ფერსო ბრუნავდა; ძარიდან გამოდიოდა ვერცხლის ხელნა, მას ბოლოში ჰებემ მიამაგრა ლამაზი, ოქროს უღელი, გადაავლო ლამაზი ოქროს თასმები, უღელში შეაბა სიძულვილსა და ბრძოლას მოწყურებულმა ჰერამ ფეხმარდი ცხენები.

ამასობაში ეგიდისმპყრობელი ზევსის ასულმა ათენამ მოხატული პეპლოსი გაიხადა და იგი დაეცა მამისეული სამყოფლის იატაკზე; ეს კაბა თავად შექმნა, საკუთარი ორი ხელით. შემდეგ მან ჩაიცვა ღრუბელთშემკრები ზევსის ქიტონი და საბრძოლო აბჯარი აისხა ცრემლის მომგვრელი ომისთვის. ორივე მხარზე გადაიკიდა საშინელი ფოჩიანი ფარი, რომელზეც გამოსახული იყო ძრწოლა, განხეთქილება, ბრძოლა და მძლავრი დევნა; იქვე იყო საშინელი ურჩხულის, გორგოს[20] თავი, საზარელი და მრისხანე, ეგიდისმპყრობელი ზევსის მომასწავებელი ნიშანი. თავზე დაიხურა ოქროს ორჯიღიანი და ოთხბუდიანი მუზარადი, ასი ქალაქის მებრძოლთაგან ნაჭედი. მოელვარე ეტლზე შედგა ფეხი, აღიჭურვა მძიმე, დიდი, სქელი შუბით, მებრძოლ გმირთა იმ რაზმების მუსრის გამვლები, რომლებიც მძლავრი მამის ასულს განარისხებდნენ. ჰერამ მათრახი სწრაფად გადაჰკრა ცხენებს; თავისით გაიჟღრიალა ზეცის კარიბჭემ, რომელიც ჰორებს[21] უპყრიათ, მათ მიბარებული აქვთ დიდი ზეცა და ოლიმპოსი, რომ გააღონ სქელი ღრუბელი ან დაახშონ ისევ. მათი გავლით გაიყვანეს ქალღმერთებმა სადავეგადაკრული ცხენები და იპოვეს კრონოსის ძე, სხვა ღმერთების გარეშე, მჯდომი მრავალთხემიანი ოლიმპოსის უმაღლეს მწვერვალზე. აქ ცხენები გააჩერა თეთრხელებიანმა ჰერამ, უზენაეს ზევსს, კრონოსის ძეს ჰკითხა და უთხრა: „მამა ზევსო, არ განრისხდი, არესმა ეს სასტიკი ამბები რომ ჩაიდინა, ამდენი და ასეთი აქაველი მეომარი რომ ამოხოცა დაუფიქრებლად, წესების საწინააღმდეგოდ ჩემდა ჭირად, მშვიდად რომ ტკბებიან ამით კვიპროსის დედოფალი და ვერცხლისმშვილდიანი აპოლონი, მიშვებული რომ ჰყავთ ეს უგუნური, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სამართლიანობაზე?! მამა ზევსო, გამიბრაზდები, თუკი მე არესს მძიმედ დავარტყამ და ბრძოლიდან გამოვათრევ?!“

მას მიუბრუნდა და ბრძანა ღრუბელთა შემკრებმა ზევსმა: „მიდი ახლა და აღძარი ათენა, ნადავლზე მონადირე, რომელსაც ყველაზე უფრო სჩვევია მისთვის ტკივილის მიყენება“.

ასე ბრძანა და მას დაემორჩილა თეთრხელებიანი ქალღმერთი ჰერა, მათრახი გადაჰკრა ცხენებს და ისინიც ხალისით გაფრინდნენ მიწასა და ვარსკვლავიან ზეცას შორის. რამოდენა სივრცესაც მოიცავს მაღალ ბორცვზე მჯდომი ადამიანი საკუთარი თვალებით, როდესაც ღვინისფერ ზღვას გაჰყურებს, იმოდენა სივრცეს ფარავდნენ ერთი ნახტომით ღმერთების მოგრიალე ცხენები. და ახლა ისინი მიადგნენ ტროას, სადაც ორი მდინარე მიედინება და ერთმანეთს ერწყმის სიმოისისა და სკამანდროსის ნაკადები, იქ ცხენები გააჩერა თეთრხელებიანმა ქალღმერთმა ჰერამ, გამოხსნა ეტლიდან და სქელი ნისლით დაფარა, ხოლო სიმოისმა ამბროსია აღმოუცენა საკვებად. ორი ქალღმერთი კი გაუბედავი მტრედებივით პატარა ნაბიჯებით გაემართა არგოსელებისაკენ, მათს დახმარებას მოწყურებულნი.

და როდესაც იქ მივიდნენ, სადაც მრავალი საუკეთესო ვაჟკაცი იდგა ცხენებისმხედნელი დიომედესის ირგვლივ უმი ხორცის მჭამელი ლომებივით ან გარეული ტახებივით, რომელთაც არასოდეს აკლდებათ ძალა, იქ დადგა თეთრხელება ქალღმერთი ჰერა სპილენძისხმიან დიდგულოვან სტენტორს დაემსგავსა და იმოდენა ხმით შესძახა, რაც სხვა ორმოცდაათს თუ ექნებოდა: „სირცხვილი თქვენ, არგოსელებო, იერით ბრწყინვალენო და სინამდვილეში საზიზღარნო! სანამ ომში იბრძოდა ღვთაებრივი აქილევსი, მაშინ ტროელები ვერ ბედავდნენ დარდანული კარიბჭიდან გამოსვლას, რადგან ყველას აშინებდა მისი მძიმე შუბი, ახლა კი ქალაქიდან შორს, ღრმამუცლიან ხომალდებთან იბრძვიან!“

ასე თქვა და თითოეულს სული შთაბერა და ყველა მრისხანებით აღაგზნო. ტიდევსის ძეს მიეჭრა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა, იპოვა მეფე ცხენებთან და ეტლთან მდგარი, ჭრილობას იგრილებდა, რომელიც პანდაროსმა მიაყენა ისრით. ოფლი სდიოდა ფართო ღვედის ქვეშ, რომელსაც მრგვალი ფარი ეჭირა, ოფლი ასველებდა და ხელი ეღლებოდა, მაგრამ ღვედს ატარებდა და ღრუბელივით შავი სისხლი სდიოდა.

ცხენების უღელს ჩაავლო ხელი ქალღმერთმა და ბრძანა: „მართლაცდა, შვილი ნაკლებად დამსგავსებია ტიდევსს; ტიდევსი პატარა იყო ტანად, მაგრამ ის მეომარი იყო. მაშინაც კი, როდესაც ნება არ დავრთე, ეომა და წინ გაჭრილიყო, მაინც წავიდა, აქაველთა გარეშე, მაცნედ თებელეში აურაცხელ კადმოსიანთან. მე მას ვუბრძანე, მშვიდად ენადიმა სასახლეში, მაგრამ მას მძლავრი სული არ ასვენებდა, როგორც ყოველთვის, — კადმოსიანთა ყმაწვილები გამოიწვია და ყველა იოლად დაამარცხა, რადგან მეც მხარში ვედექი. ახლა გვერდით შენ გიდგავარ, შენ გიცავ და მოგიწოდებ, მტკიცედ შეებრძოლო ტროელებს, მაგრამ ან დაღლამ დაგიძაბუნა სხეული, ან ლაჩრული შიში მოგერია, აღარ ხარ ბრძენი ოინევსის ძის, ტიდევსის ნაშიერი!“

მას უპასუხა და ბრძანა მძლავრმა დიომედესმა: „გიცანი, ქალღმერთო, ეგიდისმპყრობელი ზევსის ასულო. გულწრფელად გეტყვი სათქმელს და არაფერს დაგიმალავ. არც ლაჩრულ შიშს შევუპყრივარ და არც ქანცი გამწყვეტია, მაგრამ მახსოვს, რაც შენ თვითონ მიბრძანე, როდესაც ნება არ დამრთე, სხვა ნეტარი ღმერთების წინააღმდეგ მებრძოლა, გარდა ზევსის ასული აფროდიტესი, თუკი ის ჩაერთვებოდა ომში, შემეძლო დამეჭრა ბასრი სპილენძით. ახლა სწორედ ამის გამო დავიხიე უკან და სხვა აქაველებსაც ვუბრძანე, აქ მოგვეყარა თავი ყველას, რადგან გავიგე, რომ ბრძოლას არესი ხელმძღვანელობდა“.

მას მიუბრუნდა მაშინ თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა: „ტიდევსის ძეო, დიომედეს, ჩემი გულის გამხარებელო, მეტად ნუღარ შეგაშინებს ნურც არესი და ნურც რომელიმე სხვა უკვდავთაგანი, რადგან მე გყავარ მფარველად. მიდი, პირველად სწორედ არესზე მიუშვი ერთჩლიქიანი ცხენები, ახლოს მიდი და თავს დაეცი, არ შეუშინდე დაუოკებელ არესს, ეგ მძვინვარე ბოროტმოქმედი, პირის გამტეხი, ვინც ჯერ მე და ჰერას გვპირდებოდა და გვეუბნებოდა, ტროელებს შევებრძოლები და არგოსელებს ამოვუდგები მხარშიო, ახლა კი ტროელებისთვის იბრძვის, საკუთარი სიტყვა კი დაივიწყა“.

ასე ბრძანა და სთენელოსი ჩამოსვა ეტლიდან მიწაზე, ხელით შეეხო ისევ და ისიც სწრაფად ჩამოხტა. ავიდა ეტლზე და ღვთაებრივ დიომედესს დაუდგა გვერდით განრისხებული ქალღმერთი, სიმძიმისაგან მძიმე ხმა გამოსცა მუხის ღერძმა, როდესაც მიიღო სასტიკი ქალღმერთი და საუკეთესო ვაჟკაცი. ხელში ჩაიგდო მათრახი და სადავეები ათენა პალასმა და პირველად სწორედ არესისკენ წარმართა მუხლადი ცხენები. ამ დროს არესი ბუმბერაზ პერიფასს ჰყრიდა საჭურველს, ეტოლიელთაგან საუკეთესო ოქესიოსის ბრწყინვალე ვაჟს. მას ძარცვავდა სისხლისმსმელი არესი, ხოლო ათენამ ჰადესის მუზარადი[22] დაიხურა, რომ არ დაენახა მძლავრ არესს.

როდესაც მოკვდავთმმუსვრელმა არესმა დაინახა ღვთაებრივი დიომედესი, დატოვა ბუმბერაზი პერიფასი იქ, სადაც იწვა, თუმცა მანამდე მოკლა და სულიც ამოართვა, დაიძრა პირდაპირ ცხენთამხედნელი დიომედესისკენ. ახლა ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ, პირველმა არესმა შეუტია ცხენების უღლისა და სადავის ზემოდან სპილენძის შუბით, ეწადა, სული ამოერთვა, მაგრამ ხელი შეახო შუბს თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ და ააცილა იგი ეტლს და დარტყმა უსარგებლოდ აქცია. მეორედ უკვე საომარი ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი მისწვდა მტერს სპილენძის შუბით, ხოლო პალასმა ათენამ წარმართა ბოქვენის სიღრმისკენ, სადაც ღმერთს საბრძოლო სარტყელი ერტყა. იქ მოარტყა, გაუფლითა მშვენიერი ხორცი, უკან ამოგლიჯა შუბი ისევ, ხოლო სპილენძის არესმა დაიღრიალა იმოდენა ხმით, რამოდენათიც ცხრა ათასი ან ათი ათასი მეომარი დაიღრიალებდა მძვინვარე ბრძოლაში შესვლისას. შიშისგან კანკალი დააწყებინა აქაველებსაც და ტროელებსაც, ისე იღრიალა ომით გაუმაძღარმა არესმა.

როგორც მუქი სვეტი, რომელიც ღრუბლისგან წარმოიშვება და ტრიალებს ცხელი დღის შემდეგ, როცა ქარიშხალი ამოვარდება, ასევე მოეჩვენა ტიდევსის ძე დიომედესს სპილენძის არესი, რომელიც ღრუბლებთან ერთად აიჭრა ფართო ცაში. მალე მიაღწია ღმერთების სამყოფელს ციცაბო ოლიმპოსზე, ჩამოჯდა კრონოსის ძე ზევსის გვერდით მჭმუნვარე სულით, აჩვენა უკვდავი სისხლი, რომელიც ჭრილობიდან სდიოდა და დამწუხრებულმა ფრთოსანი სიტყვით მიმართა:

„მამა ზევსო, არ მრისხანებ, ამ ძალადობის საქმეს რომ უყურებ? მუდამ შემზარავ ტკივილს ვაყენებთ ღმერთები ერთმანეთს ადამიანებისთვის სიხარულის მოსატანად. შენ გემართლებით ყველა, რადგან შენ შვი უგუნური ასული, დამღუპველი, რომელიც მუდამ უკეთურ საქმეებზე ფიქრობს. ყველა სხვა ღმერთი, ვინც კი ვართ ოლიმპოსზე, შენი მორჩილი და დამჯერი ვართ თითოეული. მხოლოდ ამ ერთს ვერასოდეს ვერ აოკებ ვერც სიტყვით და ვერც საქმით, პირიქით, დაბადებიდანვე მიშვებული გყავს ეს დამღუპველი ბავშვი. ახლა ტიდევსის ვაჟს, თავხედ დიომედესს მოუწოდა, რისხვა თავს დაეტეხა უკვდავი ღმერთებისთვის. ჯერ კვიპროსის დედოფალი დაჭრა მაჯაში პირისპირ ბრძოლისას, შემდეგ მე დამეცა თავს, დემონს მიმსგავსებული, მაგრამ მე გამოვექეცი სწრაფი ფეხებით, თორემ დიდხანს მომიწევდა გდება და ტანჯვა საზარელი მკვდრების გარემოცვაში ან ცოცხლად, მაგრამ უძლურად დარჩენილს უნდა ამეტანა სპილენძის დარტყმები!“

მას ქვემოდან ამოხედა და უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „რას მომიჯექი, პირისგამტეხო და რას წუწუნებ? ყველა ოლიმპოსელ ღმერთზე მეტად შენ მძულხარ, რადგან მუდამ მხოლოდ განხეთქილება, ომები და ბრძოლები გიზიდავს. დედაშენის, აუტანელი და ჯიუტი ჰერას სული მოგდევს, რომელსაც მე თვითონაც ძლივს ვარჯულებ სიტყვებით. ასე მგონია, ახლაც დედაშენის ხრიკების გამო იტანჯები; მაგრამ მეტად ვეღარ ავიტან, რომ შენს ტკივილს ვუყურო, რადგან ჩემი ნაშიერი ხარ, დედაშენს შენ ჩემგან ჩაესახე. სხვა ღმერთისგან რომ დაბადებულიყავი და ასე დამღუპველი რომ ყოფილიყავი, ურანოსის შვილებსაც[23] კი შენზე მაღლა დააყენებდნენ“.

ასე თქვა და პაიანს უბრძანა, განეკურნა. ჭრილობას პაიანმა მალამო დაადო ტკივილის დასაამებლად და მოარჩინა, რადგან არ იყო მოკვდავად დაბადებული. როგორც ლეღვის ხის წვენით თეთრი რძე შედედდება და სწრაფი მორევით სითხე შესქელდება, სწორედ ასეთი სისწრაფით განიკურნა დაუოკებელი არესი. ჰებემ განბანა და უმშვენიერესი სამოსი ჩააცვა. კრონოსის ძის, ზევსის გვერდით დაბრძანდა, ამ პატივით გაამაყებული.

ამასობაში დიადი ზევსის სასახლეში დაბრუნდნენ არგოსელი ჰერა და მფარველი ათენა, მას შემდეგ, რაც შეაწყვეტინეს კაცთამმუსვრელ არესს თავისი დამღუპველი შრომა.

 

მეექვსე სიმღერა

ჰექტორისა და ანდრომაქეს შეხვედრა

მარტონი დარჩნენ ტროელები, აქაველები და მათი საშინელი საბრძოლო ყიჟინა: აქა-იქ ველზე კიდევ ბევრმა შეტაკებამ იფეთქა, ერთმანეთს თავს დაესხნენ მეტოქეები სპილენძის შუბებით, სიმოეისისა და ქსანთოსის ნაკადებს შორის. პირველმა აიას ტელამონის ძემ, აქაველთა ბურჯმა, გაარღვია ტროელთა რაზმები და იმედი მოუტანა მეგობრებს, დაამხო კაცი, ვინც კი საუკეთესო შობილა თრაკიელებში, — დიდი და მძლავრი აკამასი, ევსოროსის ძე. ცხენისძუიანი მუზარადის კოპში ჩასცა შუბი და შუბლი შეულეწა, ძვალში შეაღწია სპილენძის ბუნიკმა და წყვდიადმა მოიცვა თვალები. აქსილოსს მისწვდა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი, ტევთრასის ძეს, რომელიც სახლობდა კეთილად ნაგებ არისბეში, მდიდრულად ცხოვრობდა და ხალხთან მეგობრობდა. გზისპირას ცხოვრობდა და ყველა სტუმარს ხელგაშლილად მასპინძლობდა; მაგრამ არც ერთი მათგანი იქ არ იყო, როდესაც მტერს წააწყდა და ვერავინ იხსნა განსაცდელისგან: ორივეს ამოჰხადა სული დიომედემ, მასაც და კალესიოსსაც, მის მეეტლეს, და ერთად ჩავიდნენ მიწაში.

ევრიალოსმა შეიწირა დრესოსი და ოფელტიოსი და გაეშურა აისეპოსისა და პედასოსისკენ, რომლებიც ოდესღაც მდინარის ნიმფა აბარბარემ უშვა უმწიკვლო ბუკოლიონს. ბუკოლიონი კი იყო დიდებული ლაომედონის ვაჟი, ყველაზე უფროსი, რომელიც დედამ ფარულად შვა. ფარას მწყემსავდა, სიყვარულით დაუწვა ნიმფა, მუცლად იღო მისგან და ორი ტყუპი ვაჟი უშვა. და მათ სულიც ამოხადა, სხეულიც დაულეწა და აბჯარიც ააცალა მხრებიდან მეკისტევსის ძემ.

ასტიალოსი კი მოკლა ბრძოლაში უკანდაუხეველმა პოლიპოიტესმა, პერკოტელი პიდიტესი ოდისევსმა განგმირა სპილენძის შუბით, ტევკროსმა კი — ღვთაებრივი არეტაონი. ნესტორის ძე ანტილოქოსმა ელვარე შუბით დასცა აბლეროსი, ხოლო ელატოსი — ხალხთა ბელადმა აგამემნონმა; იგი ცხოვრობდა წყალუხვი სანტიოეისის ნაპირზე, მაღალ პედასოსში. გაქცეული ფილაკოსი დაიჭირა გმირმა ლეიტოსმა, ხოლო ევრიპილოსმა ბოლო მოუღო მელანთიოსს.

შემდეგ ადრასტოსი საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა ცოცხლად დაიჭირა; რადგან დაფეთებული ცხენები მინდვრად გაიჭრნენ, იალღუნის რტოს წამოედნენ და დალეწეს მოხრილი ეტლის ხელნა, თავად კი გაჭენდნენ ქალაქისკენ, როგორც სხვა დაფეთებულები გარბოდნენ, თავად კი გადმოვარდა ეტლიდან, ბორბალთან პირქვე ჩავარდა მტვერში და იმავწამს თავზე დაადგა ატრევსის ძე მენელაოსი გრძელჩრდილიანი შუბით ხელში. ადრასტოსი უმალვე მუხლებზე მოეხვია და შეევედრა: „მაჩუქე სიცოცხლე, ატრევსის ვაჟო, და ღირსეული გამოსასყიდი მიიღე. მდიდარი მამაჩემის სახლში დიდი საგანძური დევს: სპილენძი, ოქრო თუ კარგად დამუშავებული რკინა, არ დაგამადლიდა მამაჩემი უზომო გამოსასყიდს, თუკი გაიგებდა, რომ ცოცხალი ვარ აქაველთა ხომალდებთან“.

ეს თქვა და შეძრა მენელაოსის მკერდში სული და იგი უკვე აპირებდა, მსახურისთვის ჩაებარებინა, რომ აქაველთა სწრაფ ხომალდებთან წაეყვანა, როდესაც აგამემნონი მოიჭრა სირბილით და მრისხანედ დაუყვირა: „გულჩვილო მენელაოს, რას ეფერები ამ კაცს?! კარგად მოგექცნენ საკუთარ სახლში ტროელები?! ვერავინ გაექცევა ჩვენი ხელიდან უტყუარ დაღუპვას, დედის მუცელში რომ ბავშვია, ისიც კი! ვერავინ გაიქცეს, ერთად დაიღუპოს ყველა ილიონელი, დაუმარხავად და უპატრონოდ!“

ასე თქვა და სამართლიანი სიტყვით გმირმა ძმას განზრახვა შეაცვლევინა და მანაც ხელი ჰკრა ადრასტოსს, ხოლო მეუფე აგამემნონმა ბოქვენში ჩასცა შუბი, იგი დაეცა, ხოლო ატრევსის ძე ფეხით შესდგა და მკერდიდან ამოგლიჯა იფნის შუბი.

ამასობაში ნესტორმა მაღალი ხმით მოუხმო არგოსელებს: „მეგობრებო, დანაელო გმირებო, არესის მსახურნო! მოკლულების აბჯრის ასაყრელად ჯერ უკნიდან არავინ წამოიწიოს, რომ ხომალდებისკენ გააქანოს ყველაფერი, არა, ჯერ დავხოცოთ ხალხი, მერე კი წყნარად შეგეძლებათ აჰყაროთ აბჯარი მოკლულებს“.

ასე თქვა და აღიძრა თითოეული ძალითა და ვაჟკაცობით. მაშინ არესის რჩეულ აქაველებს ილიონში შეასწრებდნენ შიშით დათრგუნვილი ტროელები, რომ არ წამომდგარიყო და ენეასისა და ჰექტორისათვის არ მიემართა პრიამოსის ძე ჰელენოსს, საუკეთესო ფრინველთმისანს: „ენეას და ჰექტორ, თქვენ გეკისრებათ უმთავრესად ზრუნვა ტროელებსა და ლიკიელებზე, რადგან საუკეთესონი ხართ ბრძოლისა და ბჭობის ყველა საქმეში, აქ დადექით, ყოველი მხრიდან თავი მოუყარეთ და კარიბჭეებთან დააკავეთ ხალხი, რომ არ გაგექცეთ, ცოლებს არ ჩაუვარდნენ ხელებში და მტერი არ გაახარონ; ხოლო როდესაც ყველა ფალანგს აღძრავთ საომრად, ჩვენ დანაელებს შევებრძოლებით აქ დარჩენილები, თუნდაც ძალიან გაგვიჭირდეს, აუცილებლობა გვაიძულებს. შენ კი, ჰექტორ, ქალაქს მიაშურე და დედაჩვენს უთხარი, თავი მოუყაროს ასაკოვან ქალებს ქალაქის ციხესიმაგრეში თვალსხივოსანი ათენას ტაძართან, გახსნას გასაღებით წმინდა სახლის კარი და პეპლოსი, რომელიც ყველაზე უფრო მომხიბვლელად და დიდად მიაჩნია, რაც კი სახლში აქვს და რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, დაუდოს მუხლებზე ლამაზკულულებიან ათენას, შეჰპირდეს თორმეტი ერთწლიანი, სახრედაურტყმელი უშობლის შეწირვას ტაძარში, თუკი შეიბრალებს ტროელების ქალაქს, ცოლებსა და ჩვილ ბავშვებს. მას შეუძლია, მოაშოროს წმინდა ილიონს ტიდევსის ვაჟი, ველური შუბოსანი, შიშის მთესველი, ყველაზე ძლიერად აქაველებში სწორედ ის მიმაჩნია. ასე არ შეგვშინებია აქილევსისაც კი, ხალხთა წინამძღოლისა, რომელზეც ამბობენ, ქალღმერთის შობილიაო; მაგრამ ეს უფრო მეტად მძვინვარებს, ვერც ვერავინ შეეჯიბრება ვაჟკაცობაში“.

ასე თქვა და ჰექტორმა დაუჯერა ძმას. იმავწამს ეტლიდან შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე, ორი ბასრი შუბის რხევით დაუარა მთელ ლაშქარს, ბრძოლისთვის აღძრა და გამოაღვიძა საომარი გრიალი. მათაც ყიჟინა დასცეს და აქაველებს პირისპირ დაუდგნენ. არგოსელებმა უკან დაიხიეს, შეწყვიტეს მკვლელობა, თქვეს, ეტყობა, ვარსკვლავიანი ციდან რომელიღაც უკვდავი ჩამოვიდა ტროელების დასახმარებლად, ისე გამოცოცხლდენო.

ჰექტორმა კი დიდი ხმით შესძახა ტროელებს: „მამაცო ტროელებო და სახელგანთქმულო მოკავშირეებო, ჩემო საყვარელო ხალხო, გაიხსენეთ დაუოკებელი სიმამაცე, სანამ წავალ ილიონში და იქ უხუცეს მრჩევლებსა და ჩვენს მეუღლეებს ვუთხრა, რომ ღმერთებზე ილოცონ და მათ ჰეკატომბეს შეჰპირდნენ“.

ეს თქვა და წავიდა მუზარადმოელვარე ჰექტორი. ორივე მხრიდან კოჭსა და კისერზე სცემდა ბუნიკიანი ფარის გარეთა ფერსოს შავი ტყავის ბოლოები.

გლავკოსი, ჰიპოლოქოსის ძე და ტიდევსის ძე ერთმანეთს შეხვდნენ არმიებს შორის სივრცეში; ორივე აღძრული იყო ბრძოლისთვის. როდესაც ერთმანეთს მიუახლოვდნენ, პირველმა ბრძანა საომარი ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „ვინ ხარ, ვაჟკაცო, მოკვდავ ადამიანთა შორის? მე ხომ ჯერ არ მინახიხარ სახელის მოსახვეჭ ბრძოლაში დღემდე, მაგრამ ახლა ყველასთვის გაგისწრია გამბედაობით, რაკი არ გაურბიხარ ჩემს გრძელჩრდილიან შუბს. უბედურები არიან ისინი, ვისი შვილებიც ჩემს მძვინვარებას გადააწყდებიან; მაგრამ თუ უკვდავთაგანი ხარ ვინმე და ციდან ხარ ჩამოსული, მე არ შევებრძოლებოდი ზეციურ ღმერთებს, რადგან დრიასის ვაჟს, მძლავრ ლიკურგოსს დიდხანს არ უცოცხლია მას შემდეგ, რაც ზეციურ ღმერთებს შეერკინა. იგი ოდესღაც, გაშმაგებული, დიონისეს[24] ძიძებს დაედევნა უწმინდეს ნისაზე, იმათაც ყველას ბაკქოსის ნივთები მიწაზე დაუცვივდათ კაცისმკვლელი ლიკურგოსის სახრეთი გარეკილებს: შეძრწუნებულმა დიონისოსმა ზღვის ტალღას მისცა თავი, თეტისმა ჩაიკრა უბეში შეშინებული, რადგან ძლიერ აცახცახებდა კაცის ღრიალი. მაშინ უდარდელად მცხოვრები ღმერთები განურისხდნენ მას და კრონოსის ძემ დააბრმავა იგი. და ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია, რადგან ყველა უკვდავ ღმერთს სძულდა იგი. ასე რომ, ნეტარ ღმერთებთან ომი არ მინდა, მაგრამ თუ ვინმე მოკვდავი ხარ და მიწის ნაყოფს ჭამ, ახლოს მოდი, რომ სწრაფად გაგაგზავნო დაღუპვის პირას“.

მას უმალ უპასუხა ჰიპოლოქოსის ბრწყინვალე ვაჟმა: ტიდევსის დიდგულოვანო ძეო, რატომ მეკითხები მოდგმაზე? როგორიცაა ფოთოლთა მოდგმა, ისეთივეა ადამიანებისაც. ქარი გაიფენს ფოთლებს მიწაზე, მაგრამ ტყე ისევ შეიფოთლება, როგორც კი გაზაფხულის დრო მოვა. ასე იბადება კაცთა ახალი თაობაც და ძველი კვდება. თუკი გსურს, გეტყვი, რომ კარგად გაიგო ჩვენი მოდგმის ამბავი, თუმცა ეს ბევრმა ისედაც იცის; საძოვარმრავალი არგოსის მყუდრო ადგილას არის ქალაქი ეფირა; იქ ცხოვრობდა სისიფოსი, კაცთაგან ყველაზე საზრიანი, სისიფოსი, ეოლოსის ძე, რომელმაც შვა ვაჟი გლავკოსი, ხოლო გლავკოსმა შვა სახელოვანი ბელეროფონტესი, რომელსაც ღმერთებმა უბოძეს სილამაზე და მომაჯადოებელი სიმამაცე; მაგრამ პროიტოსმა სიავე ჩაიდო გულში, და თავისი მიწიდან გააძევა, — ბევრად უფრო მძლავრი იყო არგოსში, რადგან ზევსმა თავისი კვერთხით გაამარჯვებინა.

პროიტოსის მეუღლე, ღვთაებრივი ანტეია აღიძრა ბელეროფონტესისადმი ვნებით და მოინდომა, საიდუმლოდ გაეზიარებინა სარეცელი, მაგრამ ვერ აცდუნა პატიოსანი ვაჟკაცი. მაშინ სიცრუეს მიმართა ქალმა და მეფე პროიტოსს უთხრა: „მოკვდი, პროიტოს, ან მოკალი ბელეროფონტესი, რომელმაც ჩემი ძალადობით დაუფლება განიზრახა“.

ასე თქვა და ამის გამგონე მბრძანებელი რისხვამ შეიპყრო, მაგრამ მოკვლას მოერიდა, რადგან გული ეთანაღრებოდა; ლიკიაში გაგზავნა და სასიკვდილო ნიშნები გაატანა, დასაკეც ფირფიტაზე დაწერა ბევრი საშინელი ნიშანი და უთხრა, მისი ეს ფირფიტა სიმამრისთვის ეჩვენებინა, რომ ასე დაეღუპა. ისიც წავიდა ლიკიაში ღმერთების ბრწყინვალე ამალის თანხლებით. როდესაც მიადგა ლიკიასა და ქსანთოსის ნაკადს, დიდი პატივით მიიღო ვრცელი ლიკიის მბრძანებელმა. ცხრა დღე მასპინძლობდა და ცხრა ხარი დაუკლა, მაგრამ როდესაც მეათე დღეს გამოჩნდა ვარდისფერთითებიანი ეოსი, გამოჰკითხა და სთხოვა, ეჩვენებინა ნიშნები, რომლებიც სიძემ, პროიტოსმა გამოატანა; ხოლო როდესაც სტუმარმა გადასცა სიძის ცუდი ნიშანი, ჯერ გააგზავნა და უბრძანა, მოეკლა უძლეველი ქიმერა, რომელიც ღმერთების მოდგმისა იყო და არა ადამიანებისა. წინიდან ლომი, უკნიდან დრაკონი, შუაში კი თხა, სუნთქავდა საზარელი მწველი ცეცხლის ალით; იგი მოკლა ღმერთების ნიშნებს მინდობილმა. მეორედ სახელგანთქმულ სოლიმებს შეებრძოლა. ასე თქვა, კაცებთან ამაზე უფრო მძიმე ბრძოლაში არც შევსულვარო; მესამედ კი დახოცა კაცისმაგვარი ამორძალები. უკან მობრუნებულს ახალი სასიკვდილო მახე დაუგო მეფემ: ვრცელი ლიკიის საუკეთესო ვაჟკაცები ჩაუსაფრა, მაგრამ ისინი შინ ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ, რადგან ყველა დახოცა უზადო ბელეროფონტესმა. მაშინ კი მიხვდა მეფე, რომ იგი სახელოვანი ღვთაებრივი წარმომავლობისა იყო, თავისთან დაიტოვა, ქალიშვილის ხელს შეჰპირდა და მთელი სამეფო პატივის ნახევარი უბოძა. და ლიკიელებმა გამოუყვეს მას მიწის ნაკვეთი, რომელიც ყველას აღემატებოდა, საუკეთესო მიწა ბაღებისა და საძოვრებისათვის. მეუღლემ სამი შვილი უშვა მამაც ბელეროფონტესს: ისანდროსი, ჰიპოლოქოსი და ლაოდამეია. ლაოდამეიას შეერთო ბრძენი ზევსი და მანაც შვა სპილენძისმუზარადიანი ღვთისდარი სარპედონი; მაგრამ შემდგომში ბელეროფონტესიც საძულველი გახდა ყველა ღმერთისათვის[25], იგი მარტო დახეტიალობდა ალეიოსის ველზე, სულიერად იტანჯებოდა და გაურბოდა ადამიანთა ნაკვალევს. ომით გაუმაძღარმა არესმა ვაჟი ისანდროსი მოუკლა სახელგანთქმულ სოლიმებთან ბრძოლაში, ხოლო ოქროს სადავეებიანმა განრისხებულმა არტემისმა ქალიშვილი მოუსპო. ჰიპოლოქოსმა კი მე მშვა და ვამაყობ, რომ მისგან ვიშვი, მან გამომგზავნა ტროაში და დამავალა, ვყოფილიყავი ყველაზე უკეთესი და მამაცი, არ შემერცხვინა წინაპართა მოდგმა — უდიდესი ხალხი ეფირესა და ვრცელ ლიკიაში. ასეთია ჩემი წარმომავლობა და ამ სისხლით ვამაყობ მე“.

ასე თქვა და გაიხარა საომარი ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა. შუბი ჩაარჭო მრავალთა გამომკვებ მიწაში და ტკბილი სიტყვით მიმართა ხალხთა მწყემსს: „ჩვენი მამების დროინდელი სტუმარი[26] ყოფილხარ ჩემთვის! ოდესღაც ღვთაებრივი ოინევსი ხომ სახელგანთქმულ ბელეროფონტესს თავის სასახლეში ოცი დღე გაუმასპინძლდა; შემდეგ ერთმანეთს მეგობრულად გაუცვალეს საუკეთესო საჩუქრები. ოინევსმა სტუმარს მიუძღვნა ბრწყინვალე წითელი სარტყელი, ბელეროფონტესმა კი ოქროს ორმაგი თასი, რომელიც ჯერაც ჩემს სახლში იყო, მე რომ წამოვედი. ტიდევსი კი არ მახსოვს, რადგან ჩვილი ბავშვი ვიყავი, როცა დამტოვა და თებეში ამოწყდნენ აქაველი ვაჟკაცები. ასე რომ, ახლა შენი მეგობარი და მასპინძელი ვარ არგოსში, შენ კი ლიკიაში იქნები ჩემი მასპინძელი, თუ შენთან ჩამოვედი. ერთმანეთს ავარიდოთ შუბები, თუნდაც ხელჩართულ ბრძოლაში შევხვდეთ, უამრავი ტროელი და სახელგანთქმული მოკავშირე მყავს მოსაკლავი, თუკი ღმერთმა მომცა და მივაღწიე, ასევე უამრავი აქაველი გყავს დასახოცი, თუკი შეძლებ. აღჭურვილობა ერთმანეთს გავუცვალოთ, რომ ყველამ იცოდეს — ჩვენი წინაპრებიდან დაწყებული მეგობრები ვართ ჩვენ“.

ასე თქვეს და ეტლიდან ჩამოხტა ორივე, ხელები ჩაავლეს ერთმანეთს და ძმობა შეჰფიცეს. და აქ გლავკოსს კრონოსის ძემ გონება დაუბნიდა და მან ტიდევსის ძე დიომედეს ოქროს საჭურველი მისცა, სპილენძის სანაცვლოდ, ასი ხარის საფასურისა — ცხრა ხარის ფასის ნაცვლად.

ჰექტორი მივიდა სკაიას კარიბჭესთან და მუხასთან. მას დაეხვივნენ ტროელი მეუღლეები და მათი ქალიშვილები, ეკითხებოდნენ შვილებზე, ძმებზე, მეზობლებსა და ქმრებზე; მან კი ურჩია ღმერთებისთვის ელოცათ, ყველასთვის, მიყოლებით, რადგან უამრავი ადამიანი წუხილს ჰყავდა შეპყრობილი. ამის შემდეგ იგი მიადგა პრიამოსის თლილი ქვით ნაგებ დერეფნიან უმშვენიერეს სასახლეს, რომელშიც განლაგებული იყო ასევე თლილი ქვის ორმოცდაათი საძინებელი, გვერდიგვერდ განლაგებული, — აქ პრიამოსის ვაჟებს ეძინათ თავიანთ კანონიერ მეუღლეებთან, იმავე შიდა ეზოს მოპირდაპირე მხარეს ქალიშვილებისთვის ჰქონდა თლილი ქვის თორმეტი საძინებელი, გვერდიგვერდ განლაგებული, აქ პრიამოსის სიძეებს ეძინათ თავიანთ მორცხვ მეუღლეებთან; აქ შეხვდა ჰექტორს სულგრძელი დედა, მის ქალიშვილთაგან უმშვენიერეს ლაოდიკესთან ერთად. ხელი ჩაავლო, სახელით იხმო და უთხრა: „შვილო, რამ მოგიყვანა, რამ მიგატოვებინა სასტიკი ომი? ალბათ, აქაველთა საძულველმა შვილებმა შეგვავიწროვეს და ქალაქის გალავანთან მოგვიმწყვდიეს! შენ კი აქ გამოგიწია გულმა, ციხესიმაგრეში, რომ ზევსისკენ აღმართო სალოცავად ხელები! მომიცადე და მოგიტან თაფლივით ტკბილ ღვინოს, რომ წაუქციო ზედაშე მამა ზევსსა და სხვა უკვდავებს ჯერ, შემდეგ კი თავადაც შესვა და მომაგრდე. გადაღლილ კაცს ძალას უბრუნებს ღვინო, შენ კი დაქანცული იქნები თანამოქალაქეების დაცვით“.

მას უმალ უპასუხა ელვარე მუზარადიანმა დიდმა ჰექტორმა: „არ მომიტანო ტკბილი ღვინო, დედა ბატონო, არ დამაკლოს ვაჟკაცობა და არ შემიმციროს ძალა. განუბანელი ხელით ვერც გავბედავ, შუშხუნა ღვინო დავუღვარო ზევსს, წესი არ არის, კრონოსის შავღრუბლიან ძეს, სისხლით და ჭუჭყით მოთხვრილმა, ლოცვით მივმართო; შენ კი ახლა ნადავლის დამპყრობი ათენას ტაძარში შესაწირავით უნდა მიხვიდე, ერთად თავმოყრილი დედაბრების თანხლებით. ყველაზე ლამაზი და დიდებული პეპლოსი, რაც სასახლეში გაქვს და ყველაზე უფრო გიყვარს, სწორედ ის დაუდე მუხლებზე ლამაზთმიან ათენას და შეჰპირდი, რომ თორმეტ ხარს შესწირავ ტაძარში, თორმეტ ერთწლიან და უღელდაუდგმელ უშობელს, რომ შეიწყალოს ქალაქი, ტროელთა მეუღლეები და ჩვილი ბავშვები, რომ მოაცილოს ტიდევსის ძე წმინდა ილიონს, ეს ველური შუბოსანი, ეს სასტიკი მრჩეველი გაქცევისა. ახლა შენ ნადავლის დამპყრობი ათენას ტაძარში წადი, მე კი პარისს ვნახავ, რომ ვუბრძანო, თუკი ყურს დამიგდებს. დაე, აქვე შთანთქას მიწამ, რადგან ეს დიდი უბედურება გაგვიზარდა ოლიმპოსელმა ტროელებს, დიდგულოვან პრიამოსსა და მის შვილებს. ნეტავ მანახვა, როგორ გაეშურება ჰადესისკენ! — მაშინ ვიტყოდი, რომ ჩემმა გულმა უსიხარულო უბედურება დაივიწყა.

ასე თქვა, ხოლო ჰეკაბე შევიდა დარბაზში და მოახლეებს დაავალა, რომ თავი მოეყარათ მთელი ქალაქის დედაბრებისთვის. თავად კი ჩავიდა საგანძურის თაღოვან ოთახში, იქ იყო უამრავი სხვადასხვანაირი პეპლოსი, სიდონელი ქალების ნახელავი, რომლებიც თავად ღვთისდარმა ალექსანდროსმა ჩამოიტანა სიდონიდან, როდესაც ვრცელი ზღვა გადმოცურა და მაღალი წარმომავლობის ჰელენე ჩამოიყვანა. ჰეკაბემ ერთ-ერთი შეარჩია და ათენას წაუღო, ეს იყო დიდებული და ულამაზესი პეპლოსი თავისი ნაქარგებით, იგი ვარსკვლავივით ბრწყინავდა და ყველაზე ქვემოთ იდო. ეს პეპლოსი აიღო და წავიდა, მრავალი დედაბერი კი აჩქარებული გაჰყვა უკან.

როდესაც ისინი მივიდნენ ციხესიმაგრეში, ათენას ტაძარში, მათ კარი გაუღო ლამაზღაწვებიანმა თეანომ, კისევსის ასულმა, ცხენების მხედნელი ანტენორის მეუღლემ, იგი დასვეს ტროელებმა ათენას ქურუმად. ქალებმა ხელები გაიშვირეს ათენასკენ და შეჰღაღადეს, ლამაზღაწვებიანმა თეანომ აიღო პეპლოსი, ლამაზთმიან ათენას მუხლებზე დაუდო და ლოცვით მიმართა დიდი ზევსის ასულს: „დედოფალო ათენა, ქალაქის მფარველო, ღვთაებრივო ქალღმერთო, დაულეწე შუბი დიომედესს და თვითონაც დაამხე პირჩაღმა სკაიას კარიბჭის წინ, ჩვენ კი ტაძარში ახლა თორმეტ ხარს შემოგწირავთ, ერთწლიანს და უღელდაუდგმელს, თუკი შეიბრალებ ქალაქს, ტროელთა ცოლებსა და ჩვილ ბავშვებს“.

ასე ამბობდნენ ლოცვაში, მაგრამ არ მიიღო ეს ლოცვა ათენამ.

სანამ ქალები დიდი ზევსის ასულს ევედრებოდნენ, ჰექტორი მივიდა ალექსანდროსის მშვენიერ სახლში, რომელიც მას აუგია საუკეთესო ხუროთმოძღვრების ხელით, ვინც კი მოიძებნებოდა ნაყოფიერ ტროაში, მათ აუგეს საძინებელი, დარბაზი და შიდა ეზო პრიამოსისა და ჰექტორის სასახლეების გვერდით ქალაქის ციხესიმაგრეში. იქ შევიდა ზევსის საყვარელი ჰექტორი, ხელში ეჭირა თერთმეტი წყრთის სიგრძის შუბი და მის წინ ელვარებდა შუბის სპილენძის წვერი, რომელსაც შემორტყმული ჰქონდა ოქროს ბეჭედი.

პარისი იპოვა საძინებელში, ფუსფუსებდა თავის მშვენიერ აღჭურვილობასთან, ფართან და აბჯართან, მოხრილ მშვილდს სინჯავდა. არგოსელი ჰელენე ტყვე ქალებთან ერთად იჯდა და მათს სახელგანთქმულ ხელსაქმეს წარმართავდა. ჰექტორმა ძმის მზერა დაიჭირა და გამკიცხავი სიტყვით მიმართა: „საცოდავო! ამაოდ ჩაგიდევს გულში ეგ ბრაზი! ხალხი იხოცება ქალაქისა და მაღალი გალავნის ირგვლივ ბრძოლაში; შენ გამოა ეს საბრძოლო ყიჟინა და ომი, რომელიც გაჩაღებულია ქალაქთან! შენ თავადაც გაკიცხავდი სხვას, თუ დაინახავდი, რომ გაურბოდა საძულველ ომს; მაგრამ ახლა იჩქარე, სანამ ქალაქს ცეცხლი გადაბუგავდეს.

მას უპასუხა ღვთისდარმა ალექსანდროსმა: „ჰექტორ, სწორიც ხარ ჩემს გაკიცხვაში და სამართლიანიც, მაგრამ მაინც გეტყვი, შენ კი დაფიქრდი და მომისმინე. ტროელებზე ბრაზისა და აღშფოთების გამო კი არ ვიჯექი ოთახში, არამედ მსურდა, სევდას მივცემოდი. ახლა კი დამიყოლია მეუღლემ ალერსიანი სიტყვებით და საომრად აღმძრა, თავადაც ვგრძნობ, რომ ასე აჯობებს — გამარჯვება ხომ ხელიდან ხელში გადადის; მაგრამ, თუ შეგიძლია, დამიცადე, სანამ არესის საჭურველს ავისხამ ან წადი და მეც მოგყვები, მგონი, დაგეწევი კიდეც“.

ასე თქვა და არაფერი უთხრა მუზარადმოელვარე ჰექტორმა. მას კი მიმართა ჰელენემ ტკბილი სიტყვით: „ჩემო მაზლო, მავნე და ყველასთვის საძულველი ძუკნის მაზლო! ნეტავ იმ დღეს, როდესაც დედამ მშობა, ამოვარდნილიყო ბოროტი ქარიშხალი და გავეტაცე მას მთისკენ ან მოგრიალე ზღვის ტალღებისკენ, სადაც წყალი დამნთქავდა და ეს ამბები აღარ მოხდებოდა; მაგრამ რაკი ეს უბედურება დაატრიალეს ღმერთებმა, მაშინ დაე, ვიყო ცოლი იმ საუკეთესო ვაჟკაცისა, რომელიც იგრძნობდა, რომ თავი არ უნდა შეირცხვინოს მრავალი ადამიანის წინაშე და მათი გულისწყრომა არ უნდა გამოიწვიოს; მაგრამ ეს კაცი მერყევია და მომავალშიც ასეთი დარჩება და ამიტომაც მგონია, რომ ერთხელაც საკადრისი მიეზღვევა. ახლა კი მობრძანდი, ჩემო მაზლო, დაბრძანდი ამ სავარძელში, რადგან ყველაზე მეტი გარჯა შენს სულს აწვალებს ჩემისთანა ძუკნისა და ალექსანდროსის სიგიჟის გამო. აი, ასეთი ხვედრი გვარგუნა ზევსმა და ამიტომ მომავალი თაობებისთვის სიმღერების საგნად დავრჩებით“.

მას შემდეგ უპასუხა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: „ვერ დავჯდები, ჰელენე, ვიცი, რომ წრფელად მეუბნები, მაგრამ მაინც ვერ დავჯდები, რადგან გული უკვე მიმიწევს ტროელების დასახმარებლად, ისინი უკვე დარდობენ, მათთან რომ არ ვარ. შენ კი ეს კაცი აღძარი, თვითონაც აჩქარდეს, რომ, ჯერ კიდევ ქალაქში მყოფს, დამეწიოს. მე კი სახლში შევივლი, რათა ვნახო შინაურები — საყვარელი ცოლი და ჩვილი ვაჟი, რადგან არც ვიცი, შევძლებ, კიდევ დავუბრუნდე მათ, თუ ღმერთები დამღუპავენ დანაელების ხელით“.

ასე თქვა და წავიდა მუზარადმოელვარე ჰექტორი; სწრაფად მიაშურა თავის კეთილნაგებ სასახლეს, მაგრამ ვერ იპოვა დარბაზში თეთრხელებიანი ანდრომაქე, იგი ბავშვთან და ლამაზკაბიან მსახურთან ერთად კოშკზე იდგა მტირალი და მოქვითინე. ჰექტორმა სახლში რომ ვერ ნახა სწორუპოვარი მეუღლე, სვლა შეაჩერა და მსახურებს უთხრა: „აბა, სიმართლე მითხარით, მოახლეებო, სად წავიდა თეთრხელებიანი ანდრომაქე სასახლიდან? ჩემს რომელიმე დასთან თუ ლამაზკაბიან რძალთან? თუ სხვა ლამაზთმიან ტროელ ქალებთან ერთად ათენას მიაკითხა სასტიკი ქალღმერთის გულის მოსაგებად?“

მას სიტყვა უთხრა სწრაფმა მეკუჭნავე ქალმა: „ჰექტორ, რაკი მომიწოდე, სიმართლე გითხრა, იგი არ არის არც თავის რომელიმე მულთან და არც ლამაზკაბიან რძალთან, არც ათენასთვის მიუკითხავს, სადაც სხვა ლამაზთმიანი ტროელი ქალები მივიდნენ სასტიკი ქალღმერთის გულის მოსაგებად, არამედ დიდი ილიონის კოშკზე ავიდა, რადგან გაიგონა, რომ ტროელები დამარცხდნენ და აქაველებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს. იგი გალავნისკენ გაიქცა გონებადაკარგულივით, ხოლო ძიძა გაეკიდა ბავშვთან ერთად“.

ასე თქვა მეკუჭნავე ქალმა, სასახლიდან გამოვარდა ჰექტორი და ისევ იმ გზით დაბრუნდა კეთილადნაგები ქუჩებით. გაიარა დიდი ქალაქი და მიადგა სკაიის კარიბჭეს, რომლის გავლასა და ველზე გასვლას აპირებდა, როდესაც მეორე მხრიდან სირბილით მოიჭრა მდიდრულმზითვიანი მეუღლე ანდრომაქე, დიდგულოვანი ეეტიონის ასული; ეეტიონი კი ცხოვრობდა ტყიანი პლაკოსის ძირას, პლაკოსის ქვემო თებეში, კილიკიელი ხალხის მბრძანებელი. მისი ქალიშვილი მიეცა სპილენძისმუზარადიან ჰექტორს. აქ მოვიდა მისი მეუღლე და მოჰყვა მოახლე, რომელსაც გულში ჰყავდა ჩახუტებული უდარდელი ჩვილი ბავშვი, ჰექტორის ვაჟი, საყვარელი, ლამაზი ვარსკვლავის სადარი. ჰექტორი მას სკამანდრიოსს ეძახდა, ხოლო სხვები ასტიანაქსს — ქალაქის მბრძანებელს[27], რადგან მხოლოდ ჰექტორს შეეძლო ილიონის ხსნა. ჰექტორს უთქმელად გაეღიმა ბავშვის დანახვისას, ანდრომაქე გვერდით დაუდგა ცრემლის მღვრელი, ხელი ჩასჭიდა, სახელით მიმართა და სიტყვა უთხრა: „უბედურო, ეგ სიმამაცე დაგღუპავს; არ გებრალებით არც ჩვილი ბავშვი, არც მე, უბედური, რომელიც მალე შენი ქვრივი ვიქნები, რადგან აქაველები მალე ერთად მოიყრიან თავს და მოგკლავენ; ჩემთვის კი უკეთესი იქნება, მიწაში ჩავიდე, შენ რომ დაგკარგავ, რადგან არ მექნება სხვა ნუგეში, ბედისწერა რომ მოგწვდება, მე მხოლოდ მწუხარება დამრჩება — არც მამა მყავს და არც ბატონი დედა. მამაჩემი ხომ ღვთაებრივმა აქილევსმა მოკლა, როდესაც კილიკიელთა კარგად დასახლებული ქალაქი მოსპო — მაღალკარიბჭიანი თებე. მოკლა ეეტიონი, თუმცა აბჯარი არ აჰყარა, პატივი სცა მკვდარს, არამედ დაწვა ცხედარი ოსტატურად ნაკეთები აღჭურვილობით. დაადგა ყორღანი საფლავს და ირგვლივ აღმოუცენეს თელის ხეები მთის ნიმფებმა, ეგიდის მპყრობელი ზევსის ასულებმა. შვიდი ძმა მყავდა სასახლეში და შვიდივე ერთ დღეს ჩავიდა ჰადესში, რადგან ყველა გაწყვიტა ღვთაებრივმა ფეხმარდმა აქილევსმა მოუხეშავი ხარებივით და თეთრი ცხვრებივით. ხოლო დედაჩემი, ტყიანი პლაკოსის დედოფალი, ტყვედ წაიყვანა და მთელი ქონებაც გაიყოლია, ბოლოს კი, უზარმაზარი გამოსასყიდის საფასურად, გაათავისუფლა, მაგრამ მამისეულ სასახლეში შეიწირა მოისარმა არტემისმა. ჰექტორ, შენ ხარ ჩემთვის მამაცა და ბატონი დედაც, ძმაცა და ჭაბუკი ქმარიც! შემიბრალე ახლა და დარჩი ამ კოშკზე, ნუ დააობლებ შვილს და ნუ დააქვრივებ ცოლს. ხალხი დააყენე ველური ლეღვის ხესთან, იქიდან ყველაზე უფრო იოლია ქალაქზე თავდასხმა და გალავანზე იერიშის მიტანა. სამგზის მოვიდნენ და სამგზის სცადეს მათმა საუკეთესო მეომრებმა, ორივე აიასმა და სახელგანთქმულმა იდომენევსმა, ატრევსის ორივე ძემ და ტიდევსის მებრძოლი ვაჟმა. ან ვიღაცამ ურჩია, ნათელმხილველობის კარგად მცოდნემ, ან იქნებ, საკუთარმა გამოცდილებამ უკარნახა ასე მოქცევა“.

მას უპასუხა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: „ჩემო მეუღლევ, ყველაფერი ეს მეც მაწუხებს, მაგრამ საშინლად შემრცხვებოდა ტროელი ვაჟკაცებისა და გრძელკაბიანი ტროელი ქალებისა, ვინმე ლაჩარივით ომს რომ გამოვქცეოდი. გული არ მიზამდა, რადგან ვაჟკაცობასაც მივეჩვიე და ტროელების პირველ რიგებში ბრძოლასაც, მამაჩემისა და საკუთარი თავისთვის დიდი სახელის მოსახვეჭად. გულის სიღრმეში კარგად ვიცი, რომ დადგება დღე, როდესაც დაეცემა წმინდა ილიონიც, პრიამოსიცა და იფნისშუბიანი პრიამოსის ხალხიც; მაგრამ იმდენად ტროელთა ტკივილი არ მიკლავს გულს, არც თავად ჰეკაბესი და მბრძანებელი პრიამოსისა, არც ჩემი მრავალი ვაჟკაცი ძმისა, რომლებსაც საძულველი მტრები მტვერში დაამხობენ, რამდენადაც შენი, როდესაც რომელიმე სპილენძისსამოსიანი აქაველი აცრემლებულს მოგიტაცებს და თავისუფლების დღეს წაგართმევს. სადმე, არგოსში, საქსოვ დაზგასთან დაგაყენებს ვიღაც უცხო ქალი, მესეისის ან ჰიპერეიას წყაროებიდან წყალს მოგატანინებენ, გული მოგიკვდება, მაგრამ სასტიკი გასაჭირი გაიძულებს. ვიღაცა დაგინახავს ცრემლისმღვრელს და იტყვის: „ეს იმ ჰექტორის ცოლია, რომელიც ბრძოლებში ყველას აღემატებოდა ცხენებისმხედნელ ტროელებს შორის, როდესაც ილიონისთვის ომი იყო“. ასე იტყვის ვიღაც, შენთვის კი ეს ახალი ტკივილი იქნება, რადგან იმ კაცის ქვრივი იქნები, რომელსაც შეეძლო, მონობის დღე აერიდებინა შენთვის; მაგრამ დაე, მოვკვდე და მიწამ დამფლას, რომ ტყვედ წაყვანისას შენი კივილი არ გავიგონო!“

ეს თქვა და ბავშვისკენ გაიწვდინა ხელები ბრწყინვალე ჰექტორმა, უკან გაიწია ბავშვი და ლამაზსარტყლიანი ძიძის მკერდში ტირილით ჩარგო თავი, გააოგნა საყვარელი მამის იერმა, შეაშინა სპილენძმა და ცხენის ძუის ჯიღამ, როცა დაინახა, რომ ის შეირხა მუზარადის თავზე. მაშინ გაეცინა საყვარელ მამასა და ბატონ დედას, იმავწამს მოიხადა ბრწყინვალე ჰექტორმა მოელვარე მუზარადი და მიწაზე დადო; ხელში აიყვანა საყვარელი ვაჟი, აკოცა და ვედრებით უთხრა ზევსსა და სხვა ღმერთებს: „ზევსო და სხვა ღმერთებო, გახადეთ ეს ჩემი შვილი ჩემსავით გამორჩეული ტროელებში, მიეცით დიადი ძალა და მძლავრად გააბატონეთ ილიონში! ვიღაცას ეთქვას ომიდან მობრუნებულზე, მამაზე ბევრად უკეთესიაო, შინ მოეტანოს მოკლული მტრის სისხლიანი აბჯარი და დედის გული გაეხარებინოს!“

ასე თქვა და საყვარელ ცოლს ხელში გადასცა ბავშვი და მანაც სურნელოვან მკერდში ჩაიკრა თვალცრემლიანი ღიმილით, ქმარმა ეს დაინახა, შეებრალა, ხელი მოხვია, მოეფერა, სახელით მიმართა და სიტყვა უთხრა: „საბრალოვ! ჩემ გამო იმედს ნუ გადაიწურავ, ვადაზე ადრე ვერც ერთი კაცი ვერ ჩამიშვებს ჰადესში, თუმცა ისიც ვიცი, რომ დაბადებულთაგან ვერავინ გაექცევა ბედისწერას, გინდ მხდალი იყოს და გინდ ვაჟკაცი. ახლა შინ დაბრუნდი და შენს საქმეებს მიხედე, ქსოვასა და ქარგვას მიხედე, უბრძანე მოახლეებს, თავიანთი საქმე აკეთონ, ომი კი კაცების საზრუნავი იყოს, ყველასი, ვინც ილიონში დაბადებულა, განსაკუთრებით კი — ჩემი“.

ეს თქვა და მუზარადი აიღო ბრწყინვალე ჰექტორმა ცხენისძუიანი, საყვარელი ცოლი კი სახლში წავიდა, ხშირად იხედებოდა უკან და ცრემლი უხვად სდიოდა. როდესაც სწრაფად მიადგა კაცისმკვლელი ჰექტორის კეთილნაგებ სასახლეს, იქ მრავალი მხევალი შეხვდა და მისმა დანახვამ ყველა აატირა, მათ ჯერაც ცოცხალი ჰექტორი დაიტირეს საკუთარ სახლში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ომიდან შინ ვერასოდეს ვეღარ მობრუნდებოდა, ვეღარ გაექცეოდა აქაველთა მძვინვარებასა და ხელებს.

პარისი აღარ დაყოვნებულა თავის მაღალ სასახლეში, აისხა სპილენძით გაწყობილი სახელგანთქმული აბჯარი და გაიჭრა ქალაქის გავლით, თავის სწრაფ ფეხებს მინდობილი. როგორც ცხენი, თავლაში ნადგომი და კარგად ნაპატივები, სადავებაწყვეტილი, ველზე ფლოქვების ცემით მიქრის უხვწყლიანი მდინარისკენ ჩვეულ ადგილას განსაბანად, ამაყად მაღლა უჭირავს თავი, ფაფარი მხრებზე ეცემა და თავის მშვენიერებას მინდობილი, სწრაფი მუხლებით მიექანება ნაცნობი ადგილებისა და ცხენთა საძოვრებისკენ, ასე პრიამოსის ძე პარისი პერგამოსის სიმაღლიდან, საჭურვლით მოელვარე და მზესავით გაბრწყინებული, ლაღად მიქროდა, მიაქანებდნენ სწრაფი ფეხები. მალე დაეწია ღვთაებრივ ჰექტორს, თავის ძმას, როცა ის აპირებდა, მობრუნებულიყო იმ ადგილიდან, სადაც თავის მეუღლეს ესაუბრა.

პირველად მიმართა ღვთაებრივმა ალექსანდროსმა: „აშკარად დავიგვიანე და გაცდევინე, შევყოვნდი და ვერ მოვედი დროულად, როგორც შენ მიბრძანე!“

მას მიუბრუნდა და უთხრა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „უცნაურო კაცო! ვერც ერთი წესიერი კაცი ვერ დაგიწუნებს მებრძოლობას, მამაცი კაცი ხარ, ოღონდ სულ ფეხს ითრევ და თავს არიდებ ბრძოლას, გული მიკვდება, როცა შენი ცუდი მესმის ტროელებისგან, რომლებსაც ამდენი უბედურება დაატყდათ თავს შენ გამო. ახლა კი წავიდეთ: ეს კი შემდეგ მოვაგვაროთ, თუკი ოდესმე ზევსი, მარადმყოფ ციურ ღმერთებთან ერთად, თავისუფლების სასმისს დაგვადგმევინებს ჩვენს სასახლეებში, როდესაც ტროიდან მოვიგერიებთ ლამაზსაბარკულიან აქაველებს.


[1] აბჯარი აჰყარეს — მოკლული მეომრის საჭურველი გამარჯვებულის საბრძოლო ნადავლის ყველაზე უფრო საპატიო ნაწილს წარმოადგენდა.

[2] არტემისი — ნადირობის ქალღმერთი, მარადიული ქალწული; ლეტოსა და ზევსის ასული, აპოლონის და. რომაულ მითოლოგიაში მას დიანა შეესატყვისება. ჰომეროსი მას ასე მოიხსენიებს: „ველური მიწის არტემისი, ნადირთა დედოფალი“.

[3] უბედურების სათავე — ხომალდები, რომლებითაც პარისი სპარტაში ჩავიდა ელენეს მოსატაცებლად.

[4] აიდონევსი — საიქიოს ღმერთ ჰადესის სახელის პოეტური ვარიანტი.

[5] ტროსი — ტროელთა ეპონიმი; ერიქთონიოსის ძე, დარდანოსის შვილიშვილი, ზევსის შთამომავალი, ტროელ მეფეთა წინაპარი; ილოსის, ასარაკოსისა და განიმედესის მამა, პრიამოსის დიდი ბაბუა. მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ ტროელსაც, რომელიც აქილევსმა გამოსალმა სიცოცხლეს.

[6] განიმედესი — ტროსისა და კალიროეს ვაჟი; ჰომეროსის მიხედვით, ყველაზე ლამაზი მოკვდავი. იმდენად ლამაზი ყოფილა, რომ ზევსმა მამას ცხენებში გაუცვალა (მითის სხვა ვერსიით, ზევსმა არწივს მოატაცებიანა იდის მთიდან, სადაც ცხვრებს მწყემსავდა) და თავის მერიქიფედ დაიყენა.

[7] ლაომედონი — ილოსის ძე, ტროის მეფის, პრიამოსის, მამა.

[8] კვიპროსელი ქალღმერთი — აფროდიტე, „კვიპროსს შობილი“.

[9] ენიო — ომის ქალღმერთი, არესის საყვარელი და თანამებრძოლი.

[10] ქარისები (ქარიტები) — მომხიბვლელობის, სილამაზის, ბუნების, შემოქმედებისა და ნაყოფიერების სამი ქალღმერთი: აგლაია („სილამაზე“), ეფროსინე („სიხარული“) და თალია („სიუხვე“), რომაული გრაციები.

[11] დიონე — ერთ-ერთი ტიტანი; ჰომეროსის მიხედვით, აფროდიტეს დედა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით კი — ზევსის ძველი მეუღლე.

[12] ამფიტრიონის ვაჟმა — ჰერაკლემ. ამფიტრიონი ალკმენეს ქმარი იყო და, ამდენად, ზევსისა და ალკმენეს ძის, ჰერაკლეს, მამადაც მოიხსენიებოდა.

[13] პაიანი — მკურნალობის ღმერთი, ღმერთების ექიმი. შემდგომში ეს სახელი და ფუნქცია შეერწყა აპოლონს.

[14] დაიმონი — ღვთაებრივი სული. ჰომეროსი ახსენებს ღმერთებსა და დაიმონებს, განასხვავებს მათ, მაგრამ, ამავე დროს, თანასწორ ძალებად განიხილავს.

[15] მრავალსპილენძიანი ცა — ჰომეროსის წარმოდგენით, ცა ლითონის (სპილენძის ან რკინის) ნახევარსფეროა.

[16] ერისი — განხეთქილების ქალღმერთი, მას უპირისპირდება ჰარმონია.

[17] ბორეასი — ჩრდილოეთის ქარი.

[18] ზევსის შვილი და შვილიშვილი — სარპედონი ზევსის შვილია და ჰერაკლეს ძე ტლეპოლემოსი — შვილიშვილი.

[19] არ მისცა ცხენები — ტროის მეფე ლაომედონმა, პრიამოსის მამამ, უარი თქვა, გადაეხადა პოსეიდონისა და აპოლონისთვის ილიონის ირგვლივ გალავნის აგების საზღაური; განრისხებულმა პოსეიდონმა ტროას ურჩხული მოუვლინა, რომლისთვისაც ლაომედონის ასული, ჰესიონე უნდა შეეწირათ. ჰერაკლესმა იკისრა ქალიშვილის გადარჩენა, მაგრამ სანაცვლოდ ტროსის სახელგანთქმული ცხენები მოითხოვა. როდესაც გმირმა მოკლა ურჩხული და დაპირებული ჯილდოსთვის მოვიდა, ლაომედონმა იგი ხელცარიელი გააძევა. რამდენიმე წლის წემდეგ ჰერაკლესი დაბრუნდა, აიღო ტროა, ამოხოცა ლაომედონი და მისი შვილები, უმცროსის, პრიამოსის, გარდა, რომელიც ჰესიონემ გამოისყიდა. მას შემდეგ ეწოდება ლაომედონის უმცროს შვილს პრიამოსი ანუ „ნაყიდი“.

[20] გორგო — გველისთიანი ურჩხული, ზღვის ღმერთ ფორკისისა და მისი დის, კეტოს, ასული. გადმოცემის მიხედვით, სამნი ყოფილან, თუმცა ჰომეროსი იცნობს მხოლოდ ერთ მათგანს, მედუსა გორგოს.

[21] ორები — წელიწადის დროთა ქალღმერთები, ზევსისა და ფემისის ასულები, ოლიმპოსის მცველები, რომლებიც აღებდნენ და ხურავდნენ მის ღრუბლოვან კარიბჭეს.

[22] ჰადესის მუზარადი — ბერძნული მითოლოგიის „უჩინმაჩინის ქუდი“; ჰადესის სახელი „უხილავს“ ნიშნავს.

[23] ურანოსის შვილები — ურანოსისა და გაიას ანუ ზეცისა და მიწის შვილები — ტიტანები, რომლებიც ზევსის წინააღმდეგ აჯანყდნენ თავისი ძმის, კრონოსის, დასაცავად. ზევსმა დაამარცხა ტიტანები და ტარტაროსში დაამწყვდია, დედამიწის პირქუშ სიღრმეებში.

[24] დიონისე — ყველაზე უმცროსი ოლიმპიელ ღმერთთაგან, მცენარეთა, ვენახის, ღვინის, შთაგონებისა და რელიგიური ექსტაზის ღმერთი.

[25] ბელეროფონტესიც საძულველი გახდა ყველა ღმერთისათვის. — იმისთვის, რომ ქიმერა მოეკლა, ბელეროფონტესმა შეიპყრო და დაიმორჩილა ფრთოსანი ცხენი პეგასოსი; შემდეგ, პეგასოსის დახმარებით, გმირმა ოლიმპოსზე აფრენა მოინდომა, მაგრამ ცხენმა ჩამოაგდო და ღმერთებისგან მოძულებული ბელეროფონტესი დიდხანს ხეტიალობდა მიწაზე დაბრმავებული და დაკოჭლებული.

[26] ჩვენი მამების დროინდელი სტუმარი ყოფილხარ ჩემთვის — „შენ ხარ ადამიანი, რომელთანაც სტუმარ-მასპინძლობის წესი (პროქსენია) მაკავშირებს“. უცხოელის სახლში მიღებით, გამასპინძლებითა და საჩუქრების მიცემით მასპინძელი თავად ხდება საკუთარი სტუმრის „სტუმარი“ და მის სამშობლოში იმავე პატივს დაიმსახურებს. სტუმარ-მასპინძლობა უდიდეს როლს ასრულებდა უძველეს ეპოქაში, როდესაც უცხოელები სხვა არანაირი სამართლებრივი დაცვით არ სარგებლობდნენ. სტუმარ-მასპინძლობით ნაკისრები მოვალეობა შთამომავლობას გადაეცემოდა: დიომედესისა და გლავკოსის პროქსენია ორივე გმირის წინაპრებამდე ადის.

[27] ჰექტორი მას სკამანდრიოსს ეძახდა, ხოლო სხვები ასტიანაქსს — ქალაქის მბრძანებელს — ტროელები პატარა ბავშვს „სკამანდრიოსს“ (მდინარე სკამანდროსის ღმერთის საპატივცემულოდ) ვერ უწოდებდნენ, რადგან ეს სახელი, მოქალაქეთა აზრით, გმირ მამას უფრო შეეფერებოდა, თუმცა ისინი ბავშვს არანაკლებ საპატიო სახელით, ასტიანაქსით („ქალაქის ბელადი“) მოიხსენიებდნენ.

© არილი

Facebook Comments Box