პროზა (თარგმანი)

ელის მანრო – სახე

ALICE_MUNRO01656

ინგლისურიდან თარგმნა ალექსანდრე ჭელიძემ

მე მჯერა, მამაჩემმა მხოლოდ ერთხელ შემომხედა, ნამდვილად დამინახა და უმალ მიხვდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე.

იმხანად მამებისთვის აკრძალული იყო კაშკაშა შუქით განათებულ სამშობიარო ოთახში შესვლა, მათ ასევე უკრძალავდნენ ფეხმძიმეთათვის განკუთვნილ მოსაცდელში ყოფნას, სადაც მომავალი დედები ცდილობდნენ მშობიარობის ტკივილებს გამკლავებოდნენ – ზოგი გმინავდა, ზოგიც თავს იკავებდა. მამებს მხოლოდ მაშინ შეეძლოთ დედების ხილვა, როცა მათ ცნობაზე მოიყვანდნენ და მოაწესრიგებდნენ. ისინი საერთო, ან განცალკევებულ პალატებში იწვნენ  პასტელისფერებიან საბნებში გახვეულები. დედაჩემს ცალკე ოთახი გამოუყვეს, როგორც მის საზოგადოებრივ მგომარეობას შეეფერებოდა, და საერთოდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო.

არ ვიცი, ინახულა თუ არა მამაჩემმა დედა მანამ, სანამ ბავშვების ოთახის ფანჯარაში პირველად მომკრავდა თვალს. ვფიქრობ, რომ ეს მერე მოხდა, დედას  მისმა ნაბიჯებმა აგრძნობინა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე,  ბრაზიც მოერია, თუმცა ამის მიზეზი ჯერ არ იცოდა. ბოლოს და ბოლოს,  ვაჟიშვილი გააჩინა, პატარა ამბავი ხომ არ იყო,  – სავარაუდოდ, ყველა მამისთვის სასიხარულო და სასურველი ამბავი.

მე ვიცი, თუ რა თქვა მამამ მაშინ. ყოველ შემთხვევაში, დედა ასე მომიყვა.

„დაკეპილი ღვიძლის ნაჭერს გავს“ – მერე კი დაამატა – „არც იფიქრო ამის სახლში მოყვანა“.

ჩემის სახის ნაწილი, ისევე როგორც ახლა, მაშინაც ბუნებრივად გამოიყურებოდა. და მთელი ჩემი სხეული, თავით ფეხებამდე, არაფრით იყო გამორჩეული. ჩემი სიმაღლე ოცდაერთი ინჩი იყო, წონა რვა ფუნტი და ხუთი უნცია. ჯანმრთელი, თეთრკანიანი ბიჭუნა გახლდით… თუმცა ამქვეყნად ახლადმოვლენილი ვიყავი და შეიძლება ჯერ კიდევ მოწითალო ფერი დამკრავდა.

ჩემი ტყირპი უფრო მეწამული იყო, ვიდრე წითელი. ჩვილობისას და ყრმობისას საკმაოდ მკვეთრად ჩანდა, შემდგომ კი, როცა გავიზარდე, გაფერმკრთალდა, თუმცა ისე არა, რომ უცხო ადამიანებს არ შეემჩნიათ, არ შეშფოთებულიყვნენ. ვინც კი მარცხნიდან მომიახლოვდებოდა, ასე ემართებოდა. მეწამული ლაქა  იყო პირველი, რასაც სხვები ჩემს გარეგნობაში ამჩნევდნენ. ისე გამოვიყურები თითქოს ვიღაცამ ყურძნის წვენი გადამასხა სახეზე, დიდი ლაქა, რომელიც პატარა წვეთებად ჩაუყვება კისერს.  ცხვირს არ შეხებია, თვალის მარცხენა ქუთუთო კი სრულიად დაფარა.

„სამაგიეროდ, შეხედე, როგორი ლამაზი და კრიალა თვალი გაქვს?!“ – ეს ერთ-ერთი სულელური ნათქვამი და საპატიებელი რამ იყო, რასაც დედაჩემი მეტყოდა ხოლმე, იმ იმედით, რომ საკუთარი თავით აღვფრთოვანდებოდი. და მოხდა საოცარი რამ. სანამ დედაჩემი მმფარველობდა, თითქმის მჯეროდა მისი.

რა თქმა უნდა მამაჩემმა ვერაფრით შეუშალა ხელი ჩემს სახლში მოსვლას. და რა თქმა უნდა, ჩემმა ყოფნამ, არსებობამ საშინელი უფსკრული წარმოშვა ჩემს მშობლებს შორის. თუმცა არ მჯერა, რომ მათ შორის მანამდე ყველაფერი რიგზე იყო – არ არსებობდა რაიმე უთანხმოება, ან სულ მცირე, იმედგაცრუება მაინც.

მამაჩემი ერთი გაუნათლებელი კაცის შვილი იყო, რომელიც ჯერ ტყავის გადამამუშავებელ ქარხანას ფლობდა, ხოლო შემდეგ ხელთათმანების ფაბრიკას. ჟამთა სვლამ  მისი წარმატებები  წარსულს ჩააბარა, ბოლო დროს საქმეები არც თუ ისე კარგად მისდიოდა, თუმცა ოჯახმა შეინარჩუნა ბაბუაჩემის მიერ აშენებული დიდი სახლი,  მზარეულიცა და მებაღეც. მამაჩემმა  კოლეჯში ჩააბარა, გაწევრიანდა სტუდენტთა  საძმოში, ცხოვრობდა ძველი დროების სულისკვეთებით, შემდგომ კი, როცა ხელთათმანების ფაბრიკა გაკოტრდა, სადაზღვევო ბიზნესი წამოიწყო (მე დამავიწყდა მეხსენებინა, რომ ჩვენ ჰურონის ტბაზე,  კლდის პირას აშენებულ ვიქტორიანული სტილის სახლში ვცხოვრობდით, საიდანაც შესანიშნავად ჩანდა მზის ჩასვლა.).

სახლში, მამაჩემის ყველაზე მეტად გამოხატული თვისება ზიზღი და სიძულვილი გახლდათ – უფრო ხშირად კი –  ორივე ერთად. მას სძულდა რომელიღაცა საჭმელი,  რომელიღაცა ავტომობილის მარკა, განსაზღვრული მუსიკა, მეტყველების მანერა, ჩაცმის სტილი, რადიო-კომიკოსები, ხოლო შემდგომ სატელევიზიო პროგრამების წამყვანები, ასევე განსაზღვრული რასის და საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები, რომლთა მიმართ სიძულვილიც იმხანად ჩვეულებრივი მოვლენა იყო (თუმცა, შეიძლება,  ისე ყოვლისმომცველი არა, როგორსაც  მამა ამჟღავნებდა). ფაქტობრივად, მის აზრს ცოტა ვინმე თუ შეეწინააღმდეგებოდა ჩვენს ქალაქში, მისი ამხანაგები, ვისთან ერთადაც ზღვაოსნობას მისდევდა, ანდა სტუდენტური საძმოს წევრები, დუმილს ამჯობინებდნენ. მისი პიროვნული სიძლიერე, რომელიც ბევრს ხშირად აშფოთებდა, ზოგში, არც თუ იშვიათად,  აღფრთოვანებასაც იწვევდა.

ყველაფერს თავის სახელს არქმევსო – ასე ამბობდნენ მამაზე.

რა თქმა უნდა, ჩემისთანა ბავშვის დაბადება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო, და ამ განცდას ყოველ ცისმარე დღეს უნდა გამკლავებოდა, როცა კი სახლის კარს შემოაღებდა.  მარტო საუზმობდა და ლანჩისთვის სახლში არ ბრუნდებოდა. ლანჩისა და ვახშმის ნაწილს დედა ჩემთან ერთად შეექცეოდა, ნაწილს მხოლოდ მამასთან ერთად.  ვფიქრობ, ბოლოს მათ ამაზე ჩხუბი მოუვიდათ, რის შემდეგაც დედა მეთვალყურედ იჯდა ხოლმე ჩემს გვერდით, სანამ გამზადებულ კერძს მოვათავებდი, ჭამით კი მამასთან ერთად ჭამდა.

ნათელია, რომ მათ თანაცხოვრებას ვერაფერი სასიკეთო შევმატე.

მაგრამ, ისიც საკითხავია, საერთოდ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. დედას კოლეჯში არ უსწავლია, ფულის სესხება დასჭირდა, რომ მასწავლებელთა მოსამზადებელ სკოლაში ევლო. მას ეშინოდა ღია ზღვაში ნაოსნობის, მოუხერხებლად თამაშობდა გოლფს, და თუკი ლამაზი ეთქმოდა, როგორც ამას სხვები მიმტკიცებდნენ (რთულია, საკუთარი დედის გარეგნობა შეაფასო), ის არ მიეკუთვნებოდა ქალთა იმ კატეგორიას, მამა აღტაცებაში რომ მოჰყავდათ. მამა ზოგიერთ ქალს „ტურფას“ ეძახდა, ხოლო შემდგომში, ხანში რომ შევიდა – „კუკლას“. დედა ტუჩის საცხს არ ხმარობდა, საკმაოდ მოკრძალებულ ბიუსჰალტერს ატარებდა და  თმას გვირგვინად იწნავდა თავზე, რაც მის ფართო, თეთრ შუბლს მოხდენილად აჩენდა. დედაჩემის ჩაცმულობას მოდურს ნამდვილად ვერ დაარქმევდა კაცი, მისი სამოსი უფორმოს გავდა, მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირად დიდებული იყო; კარგად რომ წარმოიდგინოთ, დედა  იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც მარგალიტის დახვეწილი ყელსაბამი უხდება. თუმცა, ვფიქრობ,  მას   მსგავსი სამკაული ყელზე არასდროს  შეუბნევია.

როგორც ჩანს,  მშობლებს შორის არსებული მუდმივი ჩხუბის და უთანხმოების საბაბი გავხდი, გადაუჭრელი პრობლემა – რაც მათ პიროვნულ განსხვავებულობას სულ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა და რაც, გამორიცხული არაა, ღვთიურ მადლადაც კი მოევლინათ. ალბათ თავს ასე უფრო მოხერხებულად და მშვიდად გრძნობდნენ.  მე პირადად, მშობლიურ ქალაქში განქორწინების არცერთი შემთხვევა არ მახსოვს. სავსებით შესაძლებელია, რომ იყვნენ სხვა წყვილებიც, რომლებიც ერთ ჭერქვეშ განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ქალები და კაცები, რომლებმაც აღიარეს, რომ ჩაიდინეს (ან თქვეს), ისეთი რამ,  რისი  პატიებაც შეუძლებელია და რომ არსებობს ბარიერები, რომელთა გადალახვასაც ვერასდროს შეძლებენ.

მამაჩემი ბევრს სვამდა და ეწეოდა, რაც მსგავს შემთხვევაში სრულებით არაა გასაკვირი, მით უფრო რომ მისი მეგობრებიც ბევრს სვამდნენ და ეწეოდნენ, განურჩევლად მათი მდგომარეობისა. ჯერ სამოცი წლისაც არ იყო, როცა ტვინში სისხლი ჩაექცა, ლოგინად ჩავარდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. რაღა თქმა უნდა, დედაჩემი მას მთელი ამ ხნის განმავლობაში  უვლიდა. მამა, იმის მაგივრად რომ სინაზე და მადლიერება გამოემჟღავნებინა, უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა დედას.  მარცვლებს გასაგებად ვერ ანაწევრებდა, თუმცა დედა ყოველთვის ხვდებოდა მის ნათქვამს და ეს მამას დიდ სიამოვნებას გვრიდა.

დაკრძალვაზე ერთმა ჭაღარათმიანმა ქალმა მითხრა, „დედაშენი წმინდანია“. მე ის მაშინვე შემძულდა.  უკვე მეორე წელი იყო, რაც კოლეჯში ვსწავლობდი. მე სტუდენტურ საძმოში არ შევსულვარ, რომლის წევრი ერთ დროს  მამაჩემიც იყო. სიმართლე გითხრათ, არც არავის მივუწვევივარ იქ. ჩემს მეგობრებს სურდათ მწერლები და მსახიობები გამოსულიყვნენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ენამახვილობდნენ, დროს უაზროდ ფლანგავდნენ, თავგამოდებით აკრიტიკებდნენ სოციალურ სისტემას და არ სწამდათ ღმერთის. მე პატივს არ ვცემდი ისეთ ხალხს, ვინც ცდილობდა, წმინდანივით მოქცეულიყო. და გულწრფელად რომ ვთქვა, არც დედაჩემს  ჰქონია მსგავსი განზრახვა. ის რელიგიური წარმოდგენებისგან იმდენად შორს იყო, რომ ერთხელაც არ  უთხოვია ჩემთვის, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ სახლში დაბრუნებული, შევსულიყავი მამის ოთახში და  რაიმე მეთქვა ან მომემოქმედა შესარიგებლად.

დედამ თავი მომიძღვნა (ეს სიტყვა არცერთს არ გვიხსენებია, მაგრამ ვფიქრობ, დედამ სწორედ რომ მე მომიძღვნა თავისი ცხოვრება). სანამ ცხრა წელი  შემისრულდებოდა, სახლში ვყავდი და თავად მასწავლიდა. შემდეგ სკოლაში გამაგზავნა, რაც თითქოს უბედურების მომასწავლებლად  ჟღერს. წარმოიდგინეთ, დედის მიერ განებივრებული მოწითალო სახის ბიჭუნა,  მარტო რომ დარჩა პატარა ველურებს შორის, რომლებიც მზად არიან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე თავს დაესხან და შეურაცხყონ. მაგრამ, მართალი რომ გითხრათ, სკოლაში გატარებული დრო ცუდად არ მახსოვს.  დღესაც არ ვიცი ზუსტად, რა იყო ამის მიზეზი.   ასაკის კვალობაზე საკმაოდ მაღალი და ძლიერი ვიყავი, რაც უთუოდ დამეხმარა. გარდა ამისა, მგონია, რომ მშობლიური სახლის დამთრგუნველმა ატმოსფერომ და იმ ზიზღმა, ლამის უჩინმაჩინი  მამა  ყოველდღიურად რომ აფრქვევდა, ყველა სხვა ადგილი ჩემთვის ასატანი გახადა, ასატანი და სამართლიანი. სკოლაში მეტსახელი შემარქვეს – თავყურძენა. მაგრამ იქ თითქმის ყველას ქონდა დამამცირებელი მეტსახელი; მახსოვს, ერთ ბიჭს, რომელსაც ფეხზე საშინელი სუნი ასდიოდა და არც დაბანა შველოდა და არც არაფერი – მყრალო შეარქვეს. მოკლედ, ყველაფერს როგორღაც თავს ვაბამდი. დედას ხუმრობის კილოთი ვწერდი და ისიც შესაბამისად მპასუხობდა, ცოტა დამცინავადაც კი მიყვებოდა ქალაქისა და ეკლესიის ამბებს. მახსოვს, ერთხელ მომწერა, მე და მამამ ვიჩხუბეთ, ვერ მოვრიგდით, ჩაიზე მისაყოლებლად სენდვიჩები როგორ დაგვეჭრაო. დედა ცდილობდა, თავის წერილში გულისწყრომა არ გამოემჟღავნებინა და ხუმრობით „მის ბრწყინვალებადაც“ კი მოიხსენია მამა.

ამ მონაყოლით,   მამაჩემი ალაბათ მონსტრად გეჩვენებათ, ხოლო დედა – ჩემს მხსნელად და დამცველად. მჯერა, რომ ეს მართლაც ასე იყო. თუმცა, სანამ სკოლაში წავიდოდი, ისინი ერთადერთები  არ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში და არც მხოლოდ მშობლიური სახლის ატმოსფერო შემიგრძნია.   ჩემი ცხოვრების დიდ დრამაში  სხვა ადამიანიც გამოჩნდა.

დიდი დრამა-თქო. მრცხვენია კიდეც, ამას რომ ვწერ. იქნებ ეს მხოლოდ იაფფასიანი სატირა ან საკუთარი თავის განდიდების მცდელობაა. მაგრამ ვფიქრობ,  სწორედ ამგვარად უნდა მოგიყვეთ ჩემს წარსულზე, რათა ნათლად გაგაგებინოთ,   როგორ მოვაწყვე შემდგომში ჩემი ცხოვრება.

მე მსახიობი გავხდი. გაგიკვირდათ? კოლეჯში სწავლის პერიოდში, რა თქმა უნდა,  სტუდენტთა იმ წრეში ვტრიალებდი, თეატრთან რომ  მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და სწავლის ბოლო წელს პიესაც  დავდგი. იმხანად  ერთი  ხუმრობა იყო გავრცელებული, რომელიც თავად გამოვიგონე: თუ როგორ უნდა ვმდგარიყავი პროფილით მაყურებელთა წინაშე,   ტყირპი რომ არ შეემჩნიათ.  თუ საჭირო იქნებოდა, სცენაზე აუდიტორიისგან ზურგშექცევითაც უნდა მევლო. თუმცა ასეთი ენერგიული მანევრები აღარ დამჭირდა.

მაშინ საზოგადოებრივ არხზე მუდმივად დგამდნენ რადიოსპექტაკლებს, და ყოველკვირეული ამბიციური გადაცემებიც არ იყო იშვიათობა. რომანების ადაპტაციები. შექსპირი. იბსენი. ჩემი ხმა ბუნებრივად რბილი იყო და ცოტაოდენი ვარჯიშის შემდგომ უფრო დაიხვეწა. თავდაპირველად მხოლოდ მცირე როლებს მაძლევდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ რადიო თანდათანობით ჩაანაცვლა, უკვე თითქმის ყოველ კვირა მქონდა სამუშაო და ჩემი სახელი მსმენელთა მცირე, მაგრამ   ერთგული წრისთვის ცნობილი გახდა.

როდესაც სამსახიობო კარიერა დავასრულე, ჯერ ვინიპეგში, ხოლო შემდეგ კვლავ ტორონტოში ამიყვანეს დიქტორად – ჩემმა ხმამ აქაც კარგი სამსახური გამიწია. ბოლო ოცი წელი მუსიკალური გადაცემის წამყვანად ვმუშაობდი, რომელიც უქმეების გარდა,  ყოველ ნაშუადღევს გადიოდა პირდაპირ ეთერში. ხალხს კი ეგონა, მაგრამ სიმღერებს თავად არ ვარჩევდი, რადგან მუსიკის საკითხებში არც თუ კარგად ვიყავი გაცნობიერებული. ამის მიუხედავად, მოვახერხე და შევიქმენი რადიოწამყვანის სასიამოვნო, თუმცა ცოტა უცნაური  იმიჯი. გადაცემას ფართო გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი წერილი შემოგვდიოდა. ჩვენ გვისმენდნენ მოხუცთა ან უსინათლოთა სახლებში, გვისმენდნენ ადამიანები, რომელთაც სამუშაოს გამო მუდმივად უწევდათ მანქანით დამღლელი მგზავრობა, ასევე დიასახლისები, რომლებსაც ნაშუადღევს ან საუთოო ქონდათ, ან სამზარეულოში საქმიანობდნენ. კიდევ ფერმერები, მთელი დღის მანძილზე რომ ხნავდნენ ან ფარცხავდნენ აკრობით მიწას.  გვისმენდნენ  ქვეყნის მასშტაბით, ყველა მხარეში.

როცა რადიოდან წამოვედი, მსმენელებმა გულისამაჩუყებლად გამოხატეს თავიანთი გრძნობები. ამბობდნენ, რომ მათ ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი დაკარგეს. ალბათ გულისხმობდნენ, რომ მათი ცხოვრების გარკვეული ნაწილი, კვირაში ხუთი დღის მანძილზე, რამდენიმე საათით საიმედოდ იყო შევსებული.  თავს მიტოვებულად აღარ ვგრძნობდითო, და ამის გამო გულწრფელად, მორიდებულად გამოხატავდნენ მადლიერებას.  ჩემდა გასაკვირად, მათმა განცდებმა ჩემზეც იმოქმედეს. როცა პირდაპირ ეთერში მსმენელთა წერილებს ვკითხულობდი, ყელში ბურთივით მომაწვა რაღაც და ძალისხმევა დამჭირდა, რომ არ გავჩერებულიყავი.

და მაინც, რადიოგადაცემა  სულ მალე დავიწყებას მიეცა. მეც დამივიწყეს. მსმენელებს ახალი კუმირები გამოუჩნდათ. რადიოსთან კავშირი საერთოდ გავწყვიტე, ნოსტალგიური გამოსვლებისგან თავს ვიკავებდი და საქველმოქმედო ღონისძიებების გაძღოლაზეც უარს ვამბობდი.  დედა სულ რამდენიმე წლის წინ ღრმადმოხუცებული გარდამეცვალა, მაგრამ მშობლიური სახლი არ გამიყიდია, მხოლოდ გავაქირავე. ახლა მე მისი გაყიდვა გადავწყვიტე და მდგმურებსაც ვაცნობე ამის შესახებ. მინდოდა, ცოტა ხანი მე თვითონ მეცხოვრა სახლში და ყველაფერი, განსაკუთრებით კი ბაღი, წესრიგში მომეყვანა.

ახალგაზრდობაში არ ვიყავი მარტო. მსმენელების გარდა მყავდა მეგობრები. მყავდა ქალებიც. ზოგი ქალი ხომ იმ კატეგორიის მამაკაცებზე მონადირეა, მათივე წარმოდგენით, ცოტა გამოცოცხლება, ცოტა შეჯანჯღარება რომ სჭირდებათ. ასეთები თავის ნადავლს ყველას სიამაყით ანახებენ ხოლმე, ვითომ აი, როგორი არაჩვეულებრივი უშურველობა  და ლმობიერება გამოვავლინეთო. ასეთი ქალებისგან თავი შორს მეჭირა. იმ წლებში ძალიან დავუახლოვდი რკინიგზის სადგურის მოლარეს, რომელიც არაჩვეულებრივად რბილი, მგრძნობიარე პიროვნება იყო. ის ოთხ შვილთან ერთად ქმარმა მიატოვა სრულიად ბედის ანაბარა. ვითომ ერთად გადავწყვიტეთ ცხოვრება, მხოლოდ მას მერე, რაც ყველაზე უმცროსი წამოიზრდებოდა.  მაგრამ ყველაზე უმცროსი გოგონა იყო, რომელმაც მოახერხა და თავად გააჩინა ბავშვი. სახლიდან არც წასულა.  თავისთავად მოხდა, ჩვენი ურთიერთობა და მოლოდინები ნელ-ნელა გაქრა. მას მერე, რაც სამსახურიდან წამოვედი და მშობლიურ სახლში დავბრუნდი, ერთხელ ტელეფონითაც ვისაუბრეთ. ჩემთან დავპატიჟე. მან კი უცებ გამომიცხადა, რომ თხოვდებოდა და ირლანდიაში აპირებდა გადასვლას. ისე შემძრა ამ ამბავმა, რომ ვეღარც ვკითხე, უმცროსი ქალიშვილიც ხომ არ აპირებს, ბავშვთან ერთად ირლანდიაში გამოგყვეს-მეთქი.

ბაღი ძალზე მოუწესრიგებელი იყო. მრავალწლოვან ნარგავებს შორის სარეველა ბალახი ამოსულიყო. სამოცი-სამოცდაათი წლის შელახული რევანდის ძირიც იქცევდა ყურადღებას, რომელსაც ქოლგისხელა ფოთლები ჰქონდა. რამდენიმე ვაშლის ხეც დარჩენილიყო, ჭიანი, წვრილი ნაყოფი რომ ესხა. ზოგიერთის სახელი ზუსტად აღარც მახსოვს. ბილიკების გასუფთავებაზე დიდი ჯაფა არ დამდგომია, მაგრამ სარეველა ბალახის და ნაგვის უზარმაზარი გროვა კი დახვავდა, რომელიც ჩემი ხარჯებით უნდა გამეტანა ეზოდან, რადგან  ქალაქში ცეცხლის დანთება ნებადართული აღარ იყო.

ყველაფერ ამას ადრე მებაღე პიტი უვლიდა. მისი გვარი აღარ მახსოვს. სიარულისას ერთ ფეხს  ითრევდა და თავი მუდმივად ცალ მხარეს ჰქონდა გადახრილი. შესაძლოა, რაიმე უბედურება დაემართა, ანდა გულმა უმტყუნა თავის დროზე –  ზუსტად არ ვიცი. ის ნელა, მაგრამ ბეჯითად მუშაობდა და მეტნაკლებად ყოველთვის ცუდ ხასიათზე იყო. მასთან საუბრისას, დედა მუდამ ამჟღავნებდა პატივისცემას და სინაზეს, თუმცა პიტი ნაკლებ ითვალისწინებდა დედის სურვილებს ყვავილნართან დაკავშირებით. პიტს არ ვუყვარდი, რადგან ჩემს სამბორბლიან ველოსიპედს ყოველთვის იქ დავატარებდი, სადაც არ უნდა მეტარებინა. თანაც გაგონილი ჰქონდა ალბათ, რომ ზურგსუკან მშიშარა პიტს ვეძახდი. არ ვიცი, საიდან მოვიფიქრე ეს სახელი,  რომელიმე კომიქსში თუ ამოვიკითხე.

სხვა შესაძლო მიზეზი, მებაღე პიტის ჩემდამი მტრული დამოკიდებულებისა, ახლახან მომივიდა თავში. საოცარია, ასეთი რამ ადრე როგორ არ მომაფიქრდა. ჩვენ ორივეს ფიზიკური ნაკლი გვქონდა, ორივეს არ გაგვიმართლა ცხოვრებაში. თქვენ იფიქრებთ, რომ  ასეთმა ადამიანებმა შესაძლოა უფრო გამონახონ ერთმანეთთან რაიმე საერთოო, მაგრამ ხშირად ასე  არ ხდება. ერთმანეთს უნებურად შეიძლება ისეთი რამ გაახსენონ, რაც,  კარგა ხანია, დავიწყებული აქვთ, რის შესახებაც ფიქრი არ სურთ.

მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაშიც ამგვარად იყო საქმე. დედამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ დროის უმეტესი ნაწილი ჩემს ნამდვილ მდგომარეობას ვერ ვაცნობიერებდი. ის მარწმუნებდა, თითქოს სკოლაში იმიტომ არ დავყავდი, რომ ბრონქიალური დაავადება მქონდა და მიკრობებისაგან დაცვა მჭირდებოდა. ხოლო რაც შეეხება მამაჩემის მტრულ დამოკიდებულებას, რითიც ოჯახური ურთიერთობები ესოდენ გაჯერებული იყო, ვფიქრობ, ერთადერთი არ ვიყავი, ვინც ამას განიცდიდა.

აქ საფრთხის წინაშე ვდგავარ, რომ იგივე არ გავიმეორო, თუმცა ეს მაინც უნდა ვთქვა. მაინც ყოველწუთს იყო მოსალოდნელი, უცაბედად დამტყდომოდა თავს სასტიკი დევნა და დაცინვასა და ჩემს ნაკლზე ყურადღების გამახვილებას ვერსად გავქცეოდი, რადგან ჯერ საკმაოდ პატარა ვიყავი ამისათვის. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, დღეს ჩემისთანა ბავშვი გარიყულად და შეურაცხყოფილად არ იგრძნობდა თავს, პირიქით, მის მიმართ მზრუნველობას გამოამჟღავნებდნენ, ხოლო მის მტანჯველებს სათანადოდ გაკიცხავდნენ. იმხანად კი ცხოვრება სხვანაირად იყო მოწყობილი: მახვილგონიერება, ფოლკლორი, მხიარულება ხშირად უზნოებასა და სისასტიკეს ერწყმოდა.

რამდენიმე ათწლეულის – შეიძლება მეტის წინ ჩვენს მფლობელობაში კიდევ ერთი შენობა იყო, პატარა კოტეჯი, სადაც პიტი თავის ხელსაწყოებს ინახავდა, და სადაც ასევე გამოუყენებელ ძველ ნივთებს ვაწყობდით, სანამ გადავწყვეტდით,  მათთვის რა მოგვეხერხებინა. კოტეჯი მაშინ დავანგრიეთ, რაც პიტი ახალგაზრდა ენერგიულმა წყვილმა, ჯინიმ და ფრანცმა ჩაანაცვლა, მათ ახალი ხელსაწყოები მოიტანეს თავიანთი სატვირთო მანქანით. შემდგომში მებაღეობას და მოწეული ნაყოფის ბაზარზე გაყიდვას მიჰყვეს ხელი, მაგრამ იმ დროისთვის შვილები წამოეზარდათ და უკვე ისინი უვლიდნენ გაზონს. დედაც მეტს აღარაფერს მოითხოვდა მათგან.

მაგრამ, მოდი,  ისევ იმ შენობას დავუბრუნდეთ (თითქოს ძალიან  აღელვებული ვარ და ვცდილობ ამ თემას გვერდი ავუარო). სანამ კოტეჯს საწყობად გადავაკეთებდით,  იქ ხალხი ცხოვრობდა. პირველი ბელზების ოჯახი იყო, ქალბატონი ბელზი შინამოსამსახურისა და მზარეულის მოვალეობას ითავსებდა, ხოლო მისი ქმარი მებაღე და პაპაჩემის მძღოლი იყო. ბაბუას პაკარდი ყავდა, რომლის ტარებაც ვერაფრით ისწავლა. იმხანად როცა მე მოვევლინე ქვეყანას, პაკარდი წარულს ჩაბარდა და ცოლ-ქმარიც დავითხოვეთ, მაგრამ შენობამ მაინც შეინარჩუნა ბელზების კოტეჯის სახელი.

ჩემს ბავშვობაში, რამდენიმე წლის მანძილზე კოტეჯი შერონ სათლზმა და მისმა ქალიშვილმა ნენსიმ დაიკავს. შერონი ქალაქში ქმართან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ექიმი იყო და თავისი პრაქტიკის დაწყებას სწორედ აქ გეგმავდა, თუმცა ერთ წელიწადში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად ქალაქში მარტო, სრულიად უსახსროდ დარჩა და როგორც თვითონ ამბობდა, „კაციშვილი არ ყავდა“, ალბათ იმ ადამიანებს გულისხმობდა ვინც თავისთან შეიფარებდა. შერონმა მამაჩემის სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო მუშაობა და ბელზების კოტეჯში გადავიდა საცხოვრებლად – ზუსტად არ ვიცი  როდის. რამდენი წლის იყო ნენსი, როდესაც გავიცანი? სავარაუდოდ ოთხის. ის ნახევარი წლით უმცროსი იყო ჩემზე. მაგრამ ვერ ვიხსენებ, თუ როდის შესახლდა დედა-შვილი კოტეჯში და ის დროც არ შემომრჩა მეხსიერებაში, როცა იქ აღარავინ ცხოვრობდა. კოტეჯი ვარდისფრად იყო შეღებილი, მაშინ მეგონა, ასე მისის სათლზმა მოინდომა, თითქოს მას არ შეეძლო სხვა ფერად შეღებილ სახლში ცხოვრება.

შერონს მისის სათლზს ვეძახდი, თუმცა მისი სახელიც ვიცოდი, რაც სხვა შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებდა ხოლმე. იმ დროს შერონი არ იყო გავრცელებული სახელი, თანაც საკვირაო სკოლაში ნასწავლ ჰიმნსაც მაგონებდა. დედა არ მიშლიდა საკვირაო სკოლაში სიარულს, რადგან იქ ყველაფერს მკაცრად აკონტროლებდნენ და თან გაკვეთილებს შორის შესვენებები არ გვქონდა. ჩვენ ვმღეროდით ჰიმნს, რომლის სიტყვებიც დიდ ეკრანზე ჩნდებოდა. ჩემი აზრით, მრავალმა ჩვენგანმა გარკვეულწილად  ლექსის მნიშვნელობა და ფორმა  იქამდე გაიგო, ვიდრე კითხვას ისწავლიდა.

სილოამის გრილ წყაროსთან

ლამაზი შროშანი ჰყვავის

შერონის ცვრიანი ვარდიც

საამო სანახავი არის.

ახლაც არ ვიცი ზუსტად,  ეკრანის კუთხეში ვარდი მართლა ჩნდებოდა თუ არა. თუმცა მე მას ვხედავდი – ახლაც ვხედავ მკრთალ ვარდისფერს და ეს ატმოსფერო კვლავ შერონის სახელს მახსენებს.

ვერ ვიტყვი, რომ შერონ სათლზი მიყვარდა. თუმცა რაც ცოტა წამოვიზარდე, ჩვენი მოახლე ბესი შემიყვარდა, რომელიც ბიჭს უფრო გავდა და პარკში სეირნობის შემდეგ საქანელაზე ისე მარწევდა ხოლმე, ლამისაა ამოვყირავებულიყავი. მოგვიანებით დედაჩემის მეგობარი მომწონდა, რომელსაც ხავერდის საყელო ემაგრა პიჯაკზე და  ხმაც ხავერდოვანი ქონდა. შერონ სათლზი არ იყო ის ქალი, ვისაც ისე უბრალოდ შეიყვარებდით. მის ხმასაც  ვერ დაარქმევდი ხავერდოვანს, თან მცირედი სურვილიც არ გამოუმჟღავნებია – ჩემთვის რამეთი მაინც ესიამოვნებინა. ის მაღალი და ძალიან გამხდარი იყო – დედობა არ ეტყობოდა. მას ირისისფერი თმა ქონდა, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი მოკლედ შეკრეჭილი, თმის ბოლოები – მოოქროსფრო. სავსე ტუჩები წითლად შეეღება, იმ კინოვარსკვლავების მსგავსად,  აფიშებზე რომ მენახა. სახლში ყოფნისას, ჩვეულებრივ კიმონოს ატარებდა, რომელზეც თეთრი ფრინველები იყო გამოსახული, – იქნებ წეროები? მათი ფეხები შერონისას მაგონებდა. ის ეწეოდა და დიდ დროს ატარებდა ტახტზე წამოწოლილი და ხანდახან საკუთარი თავის, თუ ჩვენ შესაქცევად ჯერ ერთ, მერე მეორე ფეხს ჰაერში გააქნევდა და ჩუსტებს გვერდზე მოისროდა. მაშინაც კი, როცა ჩვენზე არ ბრაზობდა, ხრინწიან ხმაში უკმაყოფილება ეტყობოდა, არამეგობრულიაო ვერ იტყოდი, თუმცა მისი ხმა არც სინაზეს და  არც დიდ გონიერებას ამჟღავნებდა, არც გულშიჩამწვდომ სევდას, რასაც ზოგადად დედისგან მოველოდი.

„თქვე სულელებო, ჩერჩეტებო“ – ასე გვეძახდა.

„აქედან დაიკარგეთ და მშვიდად მამყოფეთ, დამასვენეთ, რამ გაგაშტერათ!“

ტახტზე წამოწოლილს უკვე საფერფლე ედო მუცელზე და ეწეოდა, მაშინ როცა ჩვენ ნენსის სათამაშო მანქანას დავაქროლებდით იატაკზე. რომელ სიმშვიდეზე იყო ლაპარაკი?

ის და ნენსი თავისებურად იკვებებოდნენ – განსხვავებულ დროს, ისე არა,  როგორც ჩვეულებრივ იყო მიღებული. შერონს შეიძლება თავისთვის წაეხემსა, თუმცა ჩვენთვის არასდროს გამოუტანია სამზარეულოდან კაკაო ან კრეკერები. სამაგიეროდ, ნენსის არ ეკრძალებოდა, პირდაპირ ქილიდან შეეჭამა ბოსტნეულის სუპი, ან ყუთიდან ჰაეროვანი ბრინჯი („რაის კრისპი“) მუჭით ამოეღო.

იყო თუ არა შერონი მამაჩემის საყვარელი? მას ხომ მამაჩემის კომპანიაში მიცეს სამსახური და ვარდისფერი კოტეჯისთვისაც არასდროს გადაუხდია ქირა.

დედას ცუდი არასდროს უთქვამს მასზე, არც თუ იშვიათად ახსენებდა ხოლმე შერონის ტრაგედიას, ახალგაზრდა ქმრის გარდაცვალებით რომ დაატყდა თავს. დედა მასთან მოსამსახურეს ატანდა ხოლმე ახლადამოღებულ კარტოფილს, ჟოლოს თუ გამომარცვლულ ბარდას, ბაღში რომ მოგვყავდა. განსაკუთრებით, ყველაზე მეტად ბარდა დამამახსოვრდა. ახლაც თვალწინ მიდგას, ტახტზე წამოწოლილმა შერონმა  როგორ აისროლა ბარდის მარცვალი საჩვენებელი თითით ჰაერში და თქვა: „ამას რაღა ვუყო?“

„შეგიძლიათ წყალში ჩაყაროთ, ღუმელზე შემოდგათ და ისე მოხარშოთ“ -ზრდილობიანად მივუგე.

„მართლა?“

რაც შეეხება მამას, ის შერონთან ერთად  არასდროს მინახავს. მამა გვიან მიდიოდა სამსახურში და ადრე რჩებოდა ხოლმე სამუშაოს,  სპორტული ამბებისთვის ხელი რომ არაფერს  შეეშალა.

რაღა თქმა უნდა, ხდებოდა ისეც, რომ ნენსის დედა თავისი განუყრელი კიმანოთი ტახტზე არ იყო წამოწოლილი. იყო დღეები, როცა შერონი  სახლიდან გადიოდა და, სავარაუდოდ, სიგარეტის მოწევისა და დასვენების ნაცვლად, მამაჩემის ოფისში მუშაობდა – იმ ლეგენდარულ ადგილას, არასდროს რომ მინახავს და არც არასდროს ვყოფილვარ იქ სასურველი სტუმარი.

ასეთ დროს კოტეჯის სამზარეულოს ბუზღუნა ქალბატონი, სახელად მისის კოდი დაეპატრონებოდა ხოლმე – ის  ყველაფერს ჭამდა რაც ხელში მოხვდებოდა და თან საპნის ოპერებს უსმენდა, რადიოთი რომ გადასცემდნენ. არასდროს მომსვლია თავში,  სანამ მე და ნენსი ერთად ვატარებდით დროს, დედას შეეძლო, რომ თავად მოექცია ყურადღება ჩვენთვის, ანდა მოსამსახურისთვის ეთხოვა ამის გაკეთება. მაშინ მისის კოდის დაქირავება  აღარ გახდებოდა საჭირო.

ახლა მგონია, რომ ჩვენ სულ ერთად ვთამაშობდით, როცა კი არ გვეძინა. ნენსის  ხუთი წლიდან დავუახლოვდი, ჩვენმა მეგობრობამ იქამდე გასტანა, სანამ ცხრა წელი შემისრულდებოდა. უმეტესწილად, გარეთ ვთამაშობდით, და სავარაუდოდ, წვიმდა ხოლმე, როცა ვარდისფერ კოტეჯში გადავინაცვლებდით და ნენსის დედას თავს ვაბეზრებდით. ჩვენ გვეკრძალებოდა ბოსტნეულის ბაღში თამაში და ყვავილების გადათელვა, სამაგიეროდ კენკროვანში და ვაშლის ხეებზე ვატარებდით უმეტეს დროს – გაველურებულ ადგილას კოტეჯის უკან, სადაც გერმანელების საჰაერო თავდასხმებისაგან დასაცავად თავშესაფრებს ვაშენებდით.

ჩვენი ქალაქის ჩრდილოეთით მართლაც იყო საწვრთნელი ბაზა, და ნამდვილი თვითმფრინავები მუდმივად ტრიალებდნენ ცაში. ეს ყველაფერი ომს გვახსენებდა, და გადავწყვიტეთ პიტი არა უბრალო მტრად, არამედ ნაცისტად, ხოლო მისი გაზონის საკრეჭი მანქანა ტანკად წარმოგვესახა. ხანდახან პიტს ვაშლის ხიდან, ჩვენს ბანაკს რომ იცავდა, ვაშლებს ვესროდით. ერთხელ ამის გამო დედასთანაც კი დაიჩივლა, რაც სანაპიროზე გასეირნებად დაგვიჯდა.

დედას სანაპიროზე ჩემთან ერთად ხშირად მოჰყავდა ხოლმე ნენსი. ოღონდ იმ პლაჟზე არა, ჩვენი სახლიდანაც რომ შეიძლებოდა ჩასვლა, თუკი კლდეს დაღმა დაუყვებოდი. ცოტა მოშორებით უფრო პატარა სანაპირო იყო, სადაც  ხმაურიან მოცურავეებს თუ სერფერებს ვერ შეხვდებოდით და არც წყლის ატრაქციონები იყო გამართული. სამაგიეროდ იქამდე მანქანით გვიწევდა მისვლა. დედა ორივეს ცურვას გვასწავლიდა. ნენსი უფრო უშიშარი იყო და არ ფრთხილობდა, რაც მე მაღიზიანებდა. ერთხელ პირდაპირ ტალღაში შევაგდე და თავზე მოვექეცი, მან ფეხი გამკრა, სუნთქვა შეიკავა და თავი გაითავისუფლა ჩემგან.

„ნენსი პატარა გოგოა“, გამკიცხა დედამ. „ის პატარა გოგოა და ისე უნდა მოეპყრა, როგორც უმცროს დას“.

ასე ვეპყრობოდი კიდეც.  არ ვფიქრობდი, რომ ის ჩემზე სუსტი იყო – ტანით პატარა იყო, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს  უპირატესობას ანიჭებდა, რადგან ხის წვრილ ტოტებზე, მე რომ ვერაფრით დამიკავებდნენ, შეეძლო, მაიმუნივით ამძვრალიყო. ერთხელ, ჩხუბის დროს, ხელი დამიჭირა და ისე მიკბინა, რომ სისხლი წამომივიდა. დაახლოებით ერთი კვირით დავშორდით, ფანჯრიდან ბრაზიან მზერას თუ ვესროდით ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ეს ყველაფერი ერთად ყოფნის მძაფრმა სურვილმა გადაწონა, ერთმანეთს ვაპატიეთ და მალევე დავზავდით.

ზამთრობით მთელს ეზოში გვაძლევდნენ ხეტიალის უფლებას. ჩვენ ვაშენებდით თოვლის ციხესიმაგრეებს, ვიმარაგებდით ფიჩხსა და თოვლის გუნდების მთელ არსენალს, რომ ყველას, ვინც კი ჩვენს ქუჩაზე გამოივლიდა თოვლის გუნდით გავმასპინძლებოდით. თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა, რადგან ჩიხში ვცხოვრობდით. საბოლოოდ თოვლის ბაბუის გაკეთება გვიწევდა, რომ მერე მუშტები დაგვეშინა მისთვის.

რაც შეეხება სექსუალურ თამაშებს, გაგიკვირდებათ და, ესეც იყო. ზაფხულის ერთ ცხელ დღეს თვალს მოვეფარეთ და შემაღლებულზე, სწორედ რომ კოტეჯის უკან გაშლილ (წარმოდგენა არ მაქვს რატომ)  კარავში გავმარტოვდით. განზრახული გვქონდა ერთმანეთი შეგვესწავლა. ბრეზენტიც თითქოს ეროტიკული, მაგრამ მაინც ბავშვური სუნით იყო გაჟღენთილი, ჩვენივე საცვლების მსგავსად, მაშინვე რომ გავიძვრეთ. ბევრჯერ შევეხეთ ერთმანეთს, რამაც ჯერ აღგვაგზნო, მერე კი გაგვაღიზიანა და მალე სულ მთლად გაოფლილები და დარცხვენილები გამოვძვერით კარვიდან. რაღაც განგვასხვავებდა ერთმანეთისგან – ამას ვგრძნობდით და ერთმანეთთან უფრო მეტად ვფრთხილობდით, ვიდრე ჩვეულებრივ. აღარ მახსოვს, მსგავსი რამ იმავე შედეგით  განმეორდა თუ არა, თუმცა არ გამიკვირდებოდა,  ასე კვლავ რომ მომხდარიყო.

ნენსის სახე ისე გამოკვეთილად არ მახსოვს, როგორც დედამისისა. მისმა ღია თმამ, რომელიც კიდევ უფრო გაღიავდა მზეზე ხანგრძლივად ყოფნის გამო,  საბოლოოდ ალბათ უფრო მუქი შეფერილობა მიიღო. ნენსი იმ დროს დედას ჰგავდა. ვარდისფერი, შეიძლება ცოტა მოწითალო კანი. დიახ. თვალწინ წარმომიდგება მისი წითელი, თითქოს ფერადი ფანქრით მოხატული ლოყები. ესეც იმის ბრალი იყო,  გარეთ დიდ დროს რომ ვატარებდით, და კიდევ ალბათ მისი დაუდგრომელი ხასიათისაც.

უთქმელადაც ნათელია, რომ სახლში ჩვენთვის განკუთვნილი ოთახების გარდა სხვაგან შესვლა გვეკრძალებოდა. ზედა სართულზე ასვლაზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო, არ გვიშვებდნენ ასევე სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახში. ვარდისფერ კოტეჯში კი ყველაფერი ნებადართული იყო და სარდაფი შესანიშნავ ადგილს წარმოადგენდა, სიცხისგან გათანგულებს და დაღლილებს თავი რომ შეგვეფარებინა. ჩვენ სარდაფში ჩასასვლელ უმოაჯირო კიბიდან პირდაპირ ბინძურ, მყარ იატაკზე ვხტებოდით. ეს თამაში თანდათან უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. როცა მოგვწყინდებოდა, ძველ საბავშვო ეტლში გადავინაცვლებდით, ზედ ხტუნვას ვიწყებდით,  და წარმოსახვით, არარსებულ  ცხენს ხანდახან წკეპლასაც გადავკრავდით ხოლმე. ერთხელ ნენსის დედას კოლოფიდან სიგარეტი მოვპარეთ და მოწევა ვცადეთ. (ერთზე მეტის აღება ვერ გავბედეთ.) ნენსის უკეთ გამოუვიდა, ეტყობა, მეტი გამოცდილება ჰქონდა.

სარდაფში კიდევ ხის ძველი ბუფეტი იყო, სადაც საღებავშემხმარი ქილები, ფუნჯები, საღებავის მოსარევად განკუთვნილი ჯოხები და დაფა ეწყო, რომელზეც სავარაუდოდ ფერთა შეხამება და დასვრილი ფუნჯების გაწმენდაც შეიძლებოდა. რამდენიმე ქილას ჯერ კიდევ მჭიდროდ ეხურა თავსახური, ძლივძლივობით, წვალებით მოვხსენით და შიგ თხევადი საღებავი აღმოვაჩინეთ, ცოტაოდენი მორევა რომ სჭირდებოდა  გასასქელებლად.  შემდეგ შევეცადეთ ფუნჯებიც გაგვეწმინდა, ამისათვის ისინი საღებავის ქილაში ამოვურიეთ და  ბუფეტის ხის კედლებს დავკარით, გარშემო ყველაფერი დავსვარეთ. მაინც ვერაფერს გავხდით.  ერთ-ერთ ქილაში სავარაუდოდ ტერპენტინი ესხა და იმან  იმოქმედა – როგორც იქნა ფუნჯები გავალღვეთ და ხატვა დავიწყეთ. მაშინ რვა წლის ვიყავი და დედაჩემის წყალობით,  გარკვეულწილად  წერა-კითხვა უკვე შემეძლო. ნენსისაც შეეძლო, რადგან უკვე მეორე კლასი ჰქონდა დამთავრებული.

„სანამ არ მოვრჩები ხატვას, იცოდე, არ მოიხედო“, ვუთხარი ნენსის და მსუბუქი ხელის კვრით გზიდან ჩამოვიშორე. უნდა მომეფიქრებინა,  რა დამეხატა. ნენსი მაინც თავისთვის იყო გართული – საკუთარ ფუნჯს წითელი საღებავის ქილაში ღონივრად ურევდა.

მე დავწერე, „ამ სარდაფში იყო ნაცისტი“.

„ახლა მოიხედე“, ვუთხარი ნენსის.

ჩემგან ზურგით იყო შეტრიალებული და სხეულზე რაღაცას იხატავდა.

„დაკავებული ვარ“, მომიგო.

როცა მოტრიალდა, მთელი სახე წითელი საღებავით ჰქონდა დათხაპნილი.

„ახლა ხომ გგავარ?“ ლამის დაიკივლა ნენსიმ, თან საღებავში ამოვლებულ ფუნჯს კვლავ სახეზე ისვამდა. „მითხარი, ახლა ხომ გგავარ?“

ეტყობოდა, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა, თითქოს რაიმე მაგიური და ყოვლად წარმოუდგენელი ჩაიდინა – საოცარი მეტამორფოზა. შეიძლება გეფიქრათ, რომ ამ წამს ნენსი მთელი ცხოვრება ელოდა.

ახლა უნდა მოგიყვეთ, თუ რა მოხდა შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში. პირველყოვლისა, ვიფიქრე, რომ ის საშინლად გამოიყურებოდა.

არ მჯეროდა, რომ სახის რომლიმე ნაწილი წითლად მიჩანდა. და ფაქტობრივად, ასე არც იყო. სახეზე  ჩვეულებრივი, მუქი მოწითალო ტყირპი მქონდა.

მაგრამ ჩემი წარმოდგენით ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა. მჯეროდა, რომ ლაქა ღია, მოყავისფრო ფერისა იყო.

დედაჩემი ნამდვილად არ გახლდათ ისეთი სულელი, რომ მთელ სახლში სარკეები ჩამოეხსნა – ასეთი საბედისწერო შეცდომა მას არ დაუშვია. მაგრამ იქნებ სარკეები საკმაოდ მაღლა ეკიდა, იმისთვის რომ ბავშვს შიგ საკუთარი სახის  დანახვა შესძლებოდა. ასე იყო მაგალითად სააბაზანოში. ერთადერთი სარკე, სადაც საკუთარი ანარეკლის დანახვა შემეძლო, ჰოლის მოპირდაპირე მხარეს ეკიდა, სადაც დღისით მზის შუქი მკრთალად აღწევდა, ხოლო ღამე ოთახი სუსტად იყო განათებული. შეიძლება სწორედ ამის გამო ავიკვიატე, რომ ჩემი სახის ნაწილი  შედარებით ღია ფერის იყო, როგორც მკრთალი ჩრდილი, თითქმის თაგვის ბეწვის მაგვარი.

ასე ვფიქრობდი და  სწორედ ამიტომ აღვშფოთდი ასე ნენსის ნახატზე, მის ბოროტ ხუმრობაზე. მთელი ძალით მივანარცხე ხის ბუფეტს და კიბეზე ავირბინე. ვფიქრობ, მაშინ მსურდა მეპოვა სარკე, ან თუნდაც ვინმე შემხვედროდა  და დავერწმუნებინე, რომ ნენსი ცდებოდა. და როგორც კი  ეჭვი გამიქარწყლდებოდა, მას მთელი არსებით შევიძულებდი. მასზე შურს ვიძიებდი, სასტიკად დავსჯიდი. მერე გადავწყვეტდი თუ როგორ და რა გზით, იმწუთას დრო არ მქონდა ამაზე მეფიქრა.

მთელი კოტეჯი გავირბინე – ნენსის დედას ვერსად მოვკარი თვალი, მიუხედავად იმისა, რომ შაბათი დღე იყო. ჯერ ხრეშმოყრილ, ხოლო შემდგომ ფილებით მოპირკეთებულ ბილიკს გავუყევი სირბლით გლადიოლუსების მწკრივში. თვალი მოვკარი, დედა შუშაბანდში იჯდა, დავინახე, როგორ დაანება თავი კითხვას და დაწნული სკამიდან წამოდგა.

„წითელი არ ვარ“, მთელი ხმით ვყვიროდი და გულამოვარდნილს ცრემლი მახრჩობდა.  „წითელი არ ვარ“. დედა შეშინებული დაუყვა კიბეს,  ჯერ ვერ გაეგო, რა ხდებოდა. მერე ნენსი გამომყვა კოტეჯიდან, მკვეთრ წითელ ფერში ამოსვრილი და გაოცებული.

დედა მიხვდა.

„შე, საზიზღარო, პატარა მხეცო“, ისე დაუყვირა ნენსის, რომ მსგავსი დედისგან არ მსმენია – ძლიერი, მთრთოლვარე ხმით დაუყვირა. დედა განრისხებული იყო.

„ახლოს არ გაგვეკარო, არც კი გაბედო. საზიზღარო ბავშვო. ადამიანური სიკეთისა გცხია საერთოდ რამე? არავის უსწავლებია და რა გეცოდინება“.

ამ დროს კოტეჯიდან ნენსის დედა გამოვიდა, აჩეჩილი, სველი თმა ქონდა. ხელში პირსახოცი ეჭირა.

„ეშმაკმა წაგიღოთ, როგორია, თმის დაბანასაც არავინ გაცდის წესიერად“.

დედამ ახლა მას დაუყვირა.

„არ გაბედო და მასე არც მე და არც ჩემს შვილს, აღარ დაგველაპარაკო!“

„კარგი ერთი,“ ნენსის დედამ მაშინვე მიაყოლა. „ნეტა შენი თავისთვის მოგასმენინა, ისე ყვირი, ყურები წამჭამე“.

დედამ ღრმად ჩაისუნთქა.

„სულაც არ ვყვირი. უბრალოდ ერთს გეტყვი: შენს სასტიკ ბავშვს სახლში აღარასდროს შემოვუშვებ. ის სასტიკი და ავია. ჩემს შვილს დასცინის ბუნების შეცდომის გამო, რაშიც თავად მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ვერ აღგიზრდია კარგად შენი გოგო. ამდენი ხანია სანაპიროზე დამყავს და ერთხელაც კი არ უთქვამს ჩემთვის მადლობა – ალბათ მადლობის და გეთაყვას თქმაც არ გისწავლებია მისთვის. არც გამიკვირდება შენნაირი დედისგან, მთელი დღე პენუარმოსხმული რომ დადიხარ წინ და უკან“.

დედამ ეს ყველაფერი გადმოანთხია, თითქოს ტკივილის და ბრაზის დაუცხრომელ ნაკადს ვერაფერი შეაჩერებდა. მე უკვე კაბის ბოლოზე ვექაჩებოდი: „არ გინდა, დედა, გაჩერდი“.

მერე უფრო ცუდი რამ მოხდა. დედას ცრემლი ახრჩობდა, სიტყვებს გარკვევით ვეღარ წარმოთქვამდა, ბოლოს საერთოდ კანკალი დააწყებინა.

შერონს თმები გადაეწია თვალებიდან. ის ყველაფერს აკვირდებოდა.

„ერთ რამეს გეტყვი,“ თქვა მან, „თუ ასე გააგრძელე, იცოდე, საგიჟეთში დაგამწყვდევენ. მე რა გიშველო, როცა ქმარს სძულხარ, თან კიდე ასეთი მახინჯი ბავშვი გააჩინე?“

დედაჩემმა თავი ხელებში ჩარგო. ატირდა, „ოჰ, ღმერთო“, თითქოს აუტანელმა ტკივილმა დაუარა მთელს ტანში.

ამ დროს ვერანდაზე ველმა გამოვიდა, რომელიც იმხანად ჩვენი მოსამსახურე იყო. ის შეეცადა დედა დაემშვიდებინა. „კარგით რა, მისის, გეყოფათ“. მერე შერონზე აიმაღლა ხმა. „შენ კი წადი აქედან! შენს სახლში შეეთრიე!“

„შენ ნუ ღელავ, ასეც მოვიქცევი. თავი ვინ გგონია, ამ ტონით რომ მელაპარკები? და საერთოდ, ამ ბებერ კუდიანთან როგორ ძლებ, ვერ ხედავ სულ მთლად გარეკა?“ მერე ნენსის მიუბრუნდა. „ღმერთო ჩემო, ერთი მითხარი, როგორ მოგაშორო ეს სახიდან?“ შემდეგ ხმას უფრო აუწია, აშკარად სურდა მისი ნათქვამი გამეგო. „შეხედე ერთი, ალბათ ჯერი ისევ ძუძუს ჭამს, როგორ ეფარება დედის კალთას. აღარასდროს დაგინახო მასთან სათამაშოდ წასული. ლამისაა თავის ბებერ დედიკოს შეუძვრეს“.

მთელი ეს დრო ნენსი გახევებული იდგა და სიტყვა არ უთქვამს.

ცალკე მე, ცალკე ველმა, ვცდილობდით, დედა დაგვეწყნარებინა და სახლში შეგვეყვანა. დედა აღარ ოხრავდა. თავს ძალა დაატანა და ვითომ ხასიათზე მოსულმა, ისე რომ მისი ხმა კოტეჯშიც გაეგოთ,  სთხოვა ველმას: „ჩემი ბაღის მაკრატელი მომიტანე, სანამ აქ ვარ გლადიოლუსებს მინდა მივხედო. ზოგიერთი მათგანი დამჭკნარია“.

როცა საქმეს მორჩა, ყველა გლადიოლუსი ბილიკზე ეყარა,  აღარცერთი შეარჩინა, არც დამჭკნარი, არც აყვავილებული.

ეს ყველაფერი შაბათს უნდა მომხდარიყო, რადგან ნენსის დედა და ველმაც სახლში იყვნენ, ველმა კვირაობით არ მოდიოდა ჩვენთან. ორშაბათისთვის და შეიძლება კიდევ უფრო ადრეც, კოტეჯი დაცარიელდა. შეიძლება ველმამ მამაჩემი კლუბში, მდელოზე, ან სადმე სხვაგან მოძებნა. მამა სახლში პირგამეხებული დაბრუნდა, თავიდან უხეშობდა, თუმცა ბოლოს ბედს შეურიგდა, დაჰყვა დედის ნებას, რაც  იმაში გამოიხატა,  რომ ნენსი და შერონი კოტეჯიდან გადავიდნენ.   მგონი, არც  შერონს  აუტეხია ხმაური ამის გამო.

თანდათან გავაცნობიერე, რომ ნენსის ვეღარასდროს ვნახავდი. თავიდან არ მენაღვლებოდა, რადგან გაბრაზებული ვიყავი. შემდგომ, როცა ნენსიზე ვეკითხებოდი, დედა გაურკვეველ პასუხს მაძლევდა, ალბათ არ სურდა, რომ ჩემთვის და ალბათ მისთვისაც მტკივნეული მოგონება კვლავ გაეცოცხლებინა. იმ დროს დედა უკვე სერიოზულად ფიქრობდა, სადმე სკოლაში გავეგზავნე და შესაფერის ადგილს ეძებდა. შესაძლოა, ვარაუდობდა, რომ ვაჟთა სკოლა დამავიწყებდა ჩემს ბავშვობის მეგობარს, რომ ნელ-ნელა ჩემი მოგონება გაფერმკრთალდებოდა და ბოლოს საერთოდ გაქრებოდა, ეს ამბავი მომავალში სასაცილოდ აღარ მეყოფოდა.

ერთ დღეს, მამაჩემის დაკრძალვის შემდეგ, დედამ გამაკვირვა, როცა მთხოვა, რომ ტბის პირას სადმე რესტორანში სასადილოდ წამეყვანა  (თუმცა, რასაკვირველია, თავად მპატიჟებდა).

„ამ სახლში სამუდამოდ დამწყვდეულად ვგრძნობ თავს“. მითხრა მან. „ჰაერზე გავლა მჭირდება“.

რესტორანში სიფრთხილით მიმოიხედა გარშემო და მითხრა, რომ იქ არავის იცნობდა.

„დალევ ჩემთან ერთად ჭიქა ღვინოს?“ – მკითხა მან.

ნუთუ მთელი ეს გზა მხოლოდ იმისთვის გამოვიარეთ, რომ მას ხალხში  ღვინო დაელია?

როცა ღვინო მოგვიტანეს და შეკვეთაც მივეცით, მითხრა, – არის რაღაც, რაც ვფიქრობ, უნდა იცოდეო.

ეს სიტყვები ალბათ ყველაზე უსიამოვნოა, რისი გაგონებაც ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში მოუწიოს. მოსალოდნელია, ახალი ამბავი თქვენთვის მძიმე ტვირთად გადაიქცეს, და როცა ამას გეუბნებიან, მიგანიშნებენ, რომ სხვები უკვე ეზიდებოდნენ ამ ტვირთს მაშინ, როცა თქვენ არანაირი საზრუნავი არ გქონდათ.

„მამაჩემი ჩემი ნამდვილი მამა არაა?“ – ვთქვი მე. „ღმერთო ჩემო.“

„ნუ სულელობ. გახსოვს ნენსი, შენი პატარა მგობარი?“

სიმართლე გითხრათ, წუთით დავფიქრდი და ვერ მოვიგონე. შემდეგ ვუთხარი, „ბუნდოვნად“.

დედასთან საუბრის დროს ხერხს მივმართე. თავი უდარდელ, გულგრილ ხუმარად წარმოვაჩინე. მის ხმაში სევდა იგრძნობოდა, სახეზეც სევდის მკრთალი კვალი აღბეჭდვოდა. დედას არასდროს დაუჩივლია თავის მდგომარეობაზე, მაგრამ მისი მონათხრობიდან  მსმენია უმანკო ადამიანებზე, ცუდად, უსამართლოდ რომ მოეპყრნენ, და ასეთი საუბრების მერე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩემს ჩვეულ ცხოვრებას და მეგობრებს გულდამძიმებული ვუბრუნდებოდი ხოლმე.

დედას საუბარში არ ავყევი. თუმცა შესაძლებელია მას მხოლოდ სურდა სიმპათია, ანდა სინაზე გამომემჟღავნებინა, ამას კი  არ ვაპირებდი. ის დახვეწილი ქალი იყო, წლებს ჯერ კიდევ ვერაფერი დაეკლო მისთვის. მაგრამ მე გავურბოდი დედას, თითქოს რაღაც გადამდები დაავადება სჭირდა. ჩემს ფიზიკურ ნაკლზე საუბრისგან, დედა ასე მზრუნველობით რომ ეკიდებოდა, განსაკუთრებით შორს დავიჭერდი ხოლმე თავს – ამ ბორკილისგან გათავისუფლება შეუძლებელი იყო. ეს მე დაბადებიდან დამყვა და დედასთან ამან დამაკავშირა.

„სახლში რომ ყოფილიყავი, ალბათ გაიგებდი ამ ამბავს,“ მითხრა მან. „თუმცა ეს მას მერე მოხდა, რაც სკოლაში გაგგზავნეთ“.

ნენსი და დედამისი სწორედ იმ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, მამაჩემს რომ ეკუთვნოდა. იქ, შემოდგომის ერთ ნათელ დღეს შერონმა თავის ქალიშვილს სამართებლით ხელში წაასწრო – ნენსი ლოყას ისერავდა.  ის მთლად გასისხლიანებული იყო, იატაკიც და ნიჟარაც სისხლით იყო მოსვრილი. მაგრამ წამითაც არ აპირებდა გაჩერებას და ტკივილისგან ერთიც არ დაუყვირია.

საიდან შეიტყო დედაჩემმა ამის შესახებ? შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო, რომ ამ სისხლიანმა დრამამ მთელი ქალაქის ყურადღება მიიქცია.  ხალხმა  დაწვრილებით გამოიძია,  რა მოხდა.

ნენსის დედამისმა პირსახოცი შემოახვია და როგორღაც მიიყვანა საავადმყოფომდე. იმხანად ჩვენს ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანები არ იყო. შესაძლოა, შერონს გზაზე მანქანის გააჩერება მოუწია. რატომ არ დაურეკა მან მამას? მნიშვნელობა არ აქვს – რატომ. ნენსის ჭრილობები ღრმა არ იყო. არც ბევრი სისხლი დაუკარგავს, არც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი არტერია დაუზიანებია. შერონი არ წყვეტდა ბავშვის ლანძღვას, ეკითხებოდა ჭკუიდან ხომ არ გადახვედიო. „გამართლებაც ამას ჰქვია“, ამბობდა იგი. „შეშლილი ბავშვი“.

„მაშინ რომ სოციალური მუშაკები ყოფილიყვნენ სადმე“, თქვა დედამ, „საბრალოს ალბათ მაშინვე წაიყვანდნენ“.

„ნენსიმ სწორედ ის ლოყა გაიჭრა,“ თქვა მან, „შენ რომ ხალი გაქვს“.

შევეცადე სიჩუმე შემენარჩუნებინა, თითქოს ვერ ვხვდებოდი, თუ რაზე საუბრობდა დედა. მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა.

„მაშინ  მთელი სახე მოიხატა“ – ვთქვი.

„ჰო, მაგრამ მეორე ჯერზე უფრო გულდასმით მოეკიდა საქმეს, მხოლოდ ერთი ლოყა გაიჭრა. ძლიან ეცადა, რომ ბოლომდე  დაგმსგავსებოდა“.

ამჯერად შევძელი სიჩუმე შემენარჩუნებინა.

„ბიჭებისთვის ყველაფერი სხვანაირადაა“, თქვა დედამ. „მაგრამ წარმოიდგინე, რა საშინელებაა, როცა ეს გოგოს ემართება“.

„პლასტიკური ქირურგია დღეს სასწაულებს ახდენს“.

„ჰო, ალბათ“.

ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა. „როგორი ღრმა განცდები აქვთ ბავშვებს“.

„მათ ეს გაუვლით ხოლმე“.

მითხრა, რომ არ იცოდა, თუ როგორ მოეწყო შემდგომში დედა-შვილის ცხოვრება. უხაროდა, რომ არასდროს მიკითხავს  მათ შესახებ, რადგან სანამ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ძალიან გაუჭირდებოდა ჩემთვის ამ სამწუხარო ამბის მოყოლა.

არ ვიცი ამას რა კავშირი აქვს  ყველაფერთან, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დედა სრულიად გამოიცვალა სიბერეში – უხამსი და ახირებული გახდა. ის ირწმუნებოდა, რომ მამაჩემი შესანიშნავი საყვარელი იყო, ხოლო თავად – „ცუდი გოგონა“. მან გამომიცხადა, მე „ის გოგო უნდა შემერთო ცოლად, სახე რომ დაისახიჩრა“, იმიტომ რომ ვერცერთი ჩვენგანი დაიტრაბახებდა, ამით კეთილი საქმე ჩავიდინეო.  დედამ ჩაიხითხითა – ორივე ერთნაირი სულელები იქნებოდით.

რამდენიმე დღის წინ, როცა ბებერი ხის ძირს დამპალი ვაშლებისგან ვასუფთავებდი, თვალზე კრაზანამ  მიკბინა, ისე რომ ქუთუთო დამისივდა და საერთოდ ვეღარ ვახელდი. საავადმყოფომდე მანქანით მივედი, საღი თვალით ვუყურებდი გზას (ნაკბენი სახის „ჩვეულებრივ“ ნახევარზე მქონდა). გაკვირვებული დავრჩი, როცა საავადმყოფოში ღამით დარჩენა მომთხოვეს. საქმე იმაში იყო, რომ ინექციის გაკეთების მერე სახე შემიხვიეს, რათა ჯანსაღი თვალი არ გადამღლოდა.

მთელი ღამე, რასაც ქვია, ვერ მოვისვენე, ხშირად ვიღვიძებდი. რა თქმა უნდა, საავადმყოფოში არასდროსაა სიწყნარე, თან თვალშეხვეულს სმენა განსაკუთრებით გამიმახვლდა. როცა ჩემს ოთახში ნაბიჯების ხმა გავიგე, მივხვდი რომ ვიღაც ქალი შემოვიდა, თუმცა ვიგრძენი – ეს მედდა არ უნდა ყოფილიყო.

„თქვენ ალბათ გღვიძავთ“. თქვა მან. „იმისთვის მოვედი, რომ წაგიკითხოთ“. ვიფიქრე, სიცხის ან პულსის გაზომვას აპირებს-მეთქი და  ხელი გავიწვდინე მისკენ.

„არა, არა“, მითხრა წვრილი, დაჟინებული ხმით. „მე მოვედი, რომ წიგნი წაგიკითხოთ, ადამიანებს ხანდახან ბეზრდებათ ასე წოლა, როცა თვალები აქვთ ახვეული“.

„წიგნებს თქვენ ირჩევთ, თუ ისინი?“

„ისინი. მთელი შეკვრა დამაქვს ხოლმე თან“.

„მე პოეზია მიყვარს“, ვუთხარი.

„რაღაცა, აღფრთოვანებული არ ჩანხართ“.

მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა და ვიცი რატომაც. რადიოში პოეზიის მხატვრული კითხვის გარკვეული გამოცდილება მქონდა. და სხვისი დაყენებული ხმის მოსმენა ზოგჯერ მსიამოვნებდა, ზოგჯერ კი მეხამუშებოდა.

„მაშინ მოდი, ვითამაშოთ“, თქვა მან, თითქოს მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი. „მე ლექსის რამდენიმე ბწკარს წაგიკითხავთ შემდეგ გავჩერდები და თქვენ დაასრულებთ. კარგი?“

თავში გამიელვა, რომ იგი შეიძლება საკმაოდ ახალგაზრდა ყოფილიყო. ალბათ მსმენელი სჭირდებოდა, რომ თავის საქმეში უფრო  გაწაფულიყო.

მე დავთანხმდი, მხოლოდ ვთხოვე, ძველი ინგლისურით ნურაფერს წაიკითხავ-მეთქი.

„მეფე ზის ქალაქ დამფერლინში“, დაიწყო მან, ახლა უკვე ჩემგან მოელოდა პასუხს.

„და სისხლისფერ ღვინოს ეწაფება“, ავყევი მეც, და ასე ხუმრობის კილოთი გავაგრძელეთ. ის საკმაოდ კარგად, თუმცა ბავშვურად ჩქარა კითხულობდა. მე მსიამოვნებდა ჩემი ხმის ტემბრის მოსმენა, მერე თანდათან როლში შევიჭერი და მსახიობური ინტონაციებითაც შევამკე.

„კარგია“, თქვა მან.

„მე გაჩვენებ, თუ შროშანები როგორ ჰყვავიან, / მდინარის პირას იტალიაში“.

„ზუსტად როგორაა, იზრდებიან თუ ყვავიან?“ – მკითხა. „მართალი რომ გითხრათ, წიგნი არ მაქვს თან, თუმცა წესით, უნდა მახსოვდეს. არა უშავს, მაინც კარგია. ყოველთვის მსიამოვნებდა რადიოთი თქვენი ხმის  მოსმენა“.

„მართლა მისმენდით?“

„რა თქმა უნდა. ბევრი გისმენდათ“.

მას მეტი აღარაფერი წაუკითხავს და სრული თავისუფლება მომცა. წარმოიდგინეთ – „დუვრის სანაპირო“, „კუბლა ხანი“, „დასავლეთის ქარი“, „ველური გედები“ და „განწირული ახალგაზრდობა“. შეიძლება, ყველა მათგანი არ წამიკითხავს, ან ზოგიერთის კითხვისას ბოლომდე არც ჩავსულვარ.

„თქვენ ძლივს სუნთქავთ“, მითხრა მან და უცებ თავისი პატარა ხელი პირზე დამადო. მერე კი  სახით, ან სახის მხოლოდ ნახევრით მოეყრდნო ჩემსას. „ახლა უნდა წავიდე. მაგრამ სანამ წავალ კიდევ ერთს გეტყვით, ოღონდ ცოტა უფრო გავართულებ და შუიდან დავიწყებ: ‘არავინ შენზე  დიდხანს არ იგლოვებს / აღარც ილოცებს, არც მოგინატრებს / შენი ადგილი დაცარიელდა‘ “.

„არასდროს მსმენია,“ ვუთხარი.

„ნამდვილად?“

„ნამდვილად. შენ მოიგე“.

რაღაც ვიეჭვე,  დაბნეული ჩანდა, ალბათ ცოტა ნაწყენიც. გავიგონე, იხვები როგორ გაეხმიანენ ერთმანეთს და საავადმყოფოს  გადაუფრინეს. წელიწადის ამ დროს ისინი შორი ფრენისთვის ემზადებიან და ერთ დღესაც საერთოდ ტოვებენ აქაურობას. მერე კი გაკვირვებულს და გულნაკლულს გამეღვიძა, ისე ცხადი იყო სიზმარი. მინდოდა კვლავ განმეცადა მისი სახის შეხება, უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ სიზმარში ყველაფერი შენს ნებაზე როდი ხდება.

როცა უკვე მხედველობა აღმიდგა და სახლში დავბრუნდი, დიდხანს ვეძებდი იმ სიტყვებს, გოგონამ რომ მითხრა სიზმარში და გამშორდა. რამდენიმე ანთოლოგიას გადავხედე, თუმცა მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს სტროფი შეიძლება არცერთ ლექსს არ მიეკუთვნებოდეს, რომ ის უბრალოდ სიზმარში ჩემს დასაბნევად შეიქმნა.

მაგრამ ვინ შექმნა?

უფრო მოგვიანებით, გვიან შემოდგომაზე, რამდენიმე ძველი წიგნი საქველმოქმედო ბაზრისთვის შესაწირად გავამზადე. რომელიღაციდან ძველი მოყავისფრო ფურცელი გადმოვარდა. ზედ ფანქრით ეწერა ლექსი. დედაჩემის ხელწერას ვერ მივამსგავსე, ისიც ნაკლებ სარწმუნოა, რომ მამაჩემისა ყოფილიყო. მაშ ვისი? ამაზე პასუხი არ მაქვს. უცნობს ფურცლის ბოლოს ლექსის ავტორის სახელი მიეწერა: ვალტერ დე ლა მარი. უსათაურო. ამ პოეტს ნაკლებად ვიცნობდი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ლექსი წამიკითხავს, ოღონდ არა ამ ეგზემპლარში, არამედ უფრო სახელმძღვანელოში. ლექსის სიტყვები ჩემი გონების ბნელ ხვეულებში ჩავმარხე, კი მაგრამ რისთვის? სიზმარში გოგონას ფანტომურ ჩვენებას რომ გავეჯავრებინე?

არ არსებობს დარდი

რასაც             დრო ვერ კურნავს

არც რამ დანაკარგი,

ან ღალატი ავი.

სულს ბალზამად ედება,

თუმც სიკვდილი გაჰყოფს

საყვარელს საყვარლისგან,

სიცოხლეს – სამარისგან.

ნახე,  მზე  ანათებს,

წვიმამ გადაიღო,

ყვავილები ყვავიან,

საოცარი დარია.

ნუ იდარდებ ძალზე

ჩავლილ სიყვარულზე.

ძველი მეგობრები,

დავიწყებულები,

დაგიცდიან სანამ,

სიკვდილი არ შეგყრით.

არავინ შენზე  დიდხანს არ იგლოვებს

აღარც ილოცებს, არც მოგინატრებს

შენი ადგილი დაცარიელდა

აღარ ხარ უკვე.

ლექსს არ დავუთრგუნივარ, თუმცა თავისებურად იმოქმედა და გადაწყვეტილება გამიმყარა, რომელიც  იმ დროისთვის უკვე მიღებული მქონდა – სახლი კი არ გამეყიდა, არამედ აქ საბოლოოდ დავმკვიდრებულიყავი.

აქ რაღაც მოხდა. ადამიანის ცხოვრებაში ალბათ რამდენიმე, ან მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც ნამდვილად ხდება რაღაც. ხოლო სხვა ადგილები –  უბრალოდ სხვა ადგილებია.

დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ნენსი სადმე, მაგალითად ტორონტოს მიწისქვეშა გადასასვლელში რომ შემხვედროდა – ჩვენ ხომ ორივეს ადვილადსაცნობი ნიშანი გვაქვს – დარცხვენილები ალბათ უაზრო საუბარს წამოვიწყებდით, სწრაფად ჩამოვთვლიდით ბიოგრაფიულ ფაქტებს. მე შეიძლება აღმენიშნა მისი ნაოპერაციები, ჩვეულებრივისგან თითქმის არაფრით განსხვავებული ლოყა, ანდა ჯერ კიდევ შესამჩნევი ნაიარევი. მაგრამ საუბრისას ამაზე დიდხანს არ დავყოვნდებოდით. ჩვენ ვილაპარაკებდით შვილებზე. არაა გამორიცხული რომ პლასტიკურ ოპერაციაზეც ჩამოგვეგდო სიტყვა, ვისაუბრებდით შვილიშვილებზე, სამუშაოზე. შეიძლება ჩემს შესახებ არაფრის მოყოლა არ დამჭირვებოდა. ჩვენი შეხვედრა ამაღელვებელი და მეგობრული იქნებოდა, თუმცა  საკუთარი გზით წასვლას ორივე ვიჩქარებდით.

ფიქრობთ, ეს რამეს შეცვლიდა?

გიპასუხებთ: რა თქმა უნდა. გარკვეული ხნით. ვერასდროს.

© არილი

Facebook Comments Box