პოეზია

დათო ყანჩაშვილი – ლექსები

kanchashvili

* * *

ის კი არ მიყვარს –  შენში რაც არის,

ის მიყვარს შენში, რაც არ არის,

რაც უნდა იყოს.

შენში – ეს ჩემთვის განკუთვნილი სიცარიელე,

შესავსებად რომ დამიტოვე.

 

და რამდენჯერაც შემოგხედავ

ვიხედები ფანჯარიდან სახლში

რომელიც ჩემთვის შეგიძლია იყო.

და ასეთ დროს,

თვალს ნუ ხუჭავ

ნურც ახამხამებ.

 

სიყვარულმა ასე იცის:

ადამიანი  ხდება სახლი

რომელშიც ცხოვრობ

და რომელსაც შენში აცხოვრებ –

 

ყველაფერი კი იწყება – სიცარიელით,

შესავსებად რომელსაც ტოვებ.

 

* * *

აი ასე ვკვდებით, თვინიერად და დამყოლად
ვიცინით, სამახსოვრო ფოტოებს ვიღებთ,
ვმღერით, ვსვამთ და დავწანწალებთ
ღამით ვარსკვლავების ქვეშ ვდგებით
ცალ თვალს ვხუჭავთ და მთვარეს თითს ვაფარებთ
მზის სხივებს ხელებზე ვისვამთ
რომლითაც დღის მანძილზე ერთმანეთს უნდა შევეხოთ,
წყალში ვდგებით ტერფებამდე და ზღვაზე დავაბიჯებთ,
ვეწევით და რგოლებს ვუშვებთ
აი ასე ვკვდებით, სიცილით და უდარდელად
თან თადარიგს ვიჭერთ,
ფოტოებს ვიღებთ, ვარჩევთ რომელი გავადიდოთ,
მიწას ვეძებთ სადაც ჯერ ზემოდან უნდა ვიცხოვროთ, მერე პირიქით
ადგილებს ვიყოფთ, ჩემი ადგილი უფრო დიდია
ფეხშიშველი დავაბიჯებთ, წინდაწინ ვეჩვევით,
აი ასე ვკვდებით, ვსვამთ, დავწანწალებთ და მიწას ვეჩვევით,
წვიმაში ვყოფთ სხეულებს, ფეხებს გუბეებში ვაბაკუნებთ
და ღმერთზე ვლაპარაკობთ, რომელიც ჩვენში ჯერ ისევ ცოცხლობს
და ფოტოებშიც შეიძლება დაინახო, თუ დააკვირდი,
რომლებსაც ვიღებთ,
რომლებიც ჩვენს შემდეგ იცოცხლებენ კიდევ დიდხანს,
რომ მოყვნენ როგორ ლაღად ვკვდებოდით.
და როდესაც ერთმანეთს მივუწვებით
და მოვა წვიმა რომელიც ვეღარ დაგვასველებს
და მოვა თოვლი, რომლშიც არ შეგვცივდება
და იკაშკაშებენ ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენთვის აღარ მოწყდებიან
და დაგვფარავენ შემოდგომის ფოთლები, რომლებშიც ვეღარ ჩავეფლობით ფეხებით,
იქნებიან ფოტოები, ფოტოებში ვიქნებით ჩვენ.
სადაც ჯერ ვკვდებით,
წვიმაში, თოვლში, შემოდგომის ფოთლებში, ვარსკვლავებში, მზის ხივებში,
ვკვდებით და ვიცინით
ვკვდებით და გვიხარია
ვკვდებით საოცრად.
და რა მშვენიერია კვდომა, რა მშვენიერია სიკვდილთან მიახლოება, როდესაც რამდენიმე ნაბიჯში დგახარ,
და შეგიძლია ყველაფერი განიცადო, ყველაფერი ჩაიდინო, სიყვარულის ჩათვლით.

 

* * *

ჩვენამდე იყვნენ სხვა ლექსებიც,

რომლებმაც განა უკეთესი ცხოვრება წერეს,

განა ისინი არ ახვევდნენ სიტყვებში ტკივილს

ან რითმიდან ამომხტარი სიყვარული

მათ არ სდევნიდათ.

ჩვენამდე იყვნენ სხვა ლექსებიც,

რომლებმაც ცხოვრება სხვანაირად დაასრულეს

არა ისე როგორც წერდნენ,

არამედ როგორც კითხულობდნენ.

განა წერისთვის მემეტები, როცა ვახსენებ

შენს სხეულში ჩაჭედილ თვალებს,

მე სულ სხვა ლექსი მინდოდა შენთვის,

რომელშიც ფეხიც კი არ შედგი

გადაფურცლე და გაგვეღვიძა.

სახლი იყო ჩვენ რომ გვიტევდა,

გზა ფეხებში გაბლანდული.

ღმერთი იყო ცოტასშემძლე

და შინაური

ხოლო ცხოვრება – სიტყვებივით, რომელსაც თავს ვარიდებდით –

არ აგვხდენოდა.

 

ჩვენამდე იყვნენ სხვა ლექსებიც,

რომელთაც სცადეს არ ეწერათ,

სცადეს სიზმრები,

სცადეს ღამე,

სცადეს ღმერთი,

სცადეს სიკვდილიც…

ხოლო დუმილი ირღვეოდა ღამის ცასავით

და სიტყვები ვარსკვლავივით ცვიოდა დაბლა.

 

* * *

მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი
როცა ერთმანეთს ტუჩებით ვხედავთ
და სამყარო გვენგრევა თავზე.

რეალობა ემსგავსება შემოდგომას, ყველაფერი ცვივა დაბლა
ქვეყნები ისევ თამაშობენ ომობანას
და მაინც –
მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი ვართ ჩვენ.

სადღაც შორს კი სხვა პატარა ერებთან ერთად
იწვის ჩვენი თავისუფლებაც
და ევროპა ბებერ ხელს ითბობს.

და ჩვენ განვითარებადი ქვეყნის შვილები ვართ
და ვუყურებთ დასავლეთთან ინტეგრირებულ ტელევიზორს
რომელშიც ცხოვრებას გვიჩვენებენ.

მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი
როცა გადარჩენის ახალ კანონპროექტს განიხილავს პარლამენტი
როცა გრძელდება ტბაში ჩაძირული გემის ძიება
და მომავლის იმედი ასეთი შესაძლებელი ხდება.

და როცა ჩვენი სხეულები ნავებივით ირწევიან
და სიყვარული წვიმასავით გვასველებს
და თვალებს ვახელთ
ვხედავთ სამყაროს ავღანელი ბავშვის თვალით
და ვხედავთ სამყაროს ერაყელი გოგონას თვალით
და ვხედავთ სამყაროს სერბი პენსიონერის თვალით
და ვხედავთ სამყაროს ირანელი მოხუცის თვალით
და ვხედავთ სამყაროს სომალელი მეკობრის თვალით
და ვხედავთ სამყაროს ამერიკელი ვეტერანის თვალით
და მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი ვართ ისევ.

და სანამ ფოთლებივით ცვივა ირგვლივ ყველაფერი
სანამ სამყარო თავზე გვენგრევა
და სანამ ომი ახალი წლის ფეიერვერკს გავს
და სანამ სისხლიანი ალმასები ღამის ვარსკვლავებივით ანათებენ
და სანამ დედამიწა ტრიალს შეწყვეტს
მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი
როცა ტუჩებით გიყურებ
და ნავებივით ვირწევით
სანამ შემოდგომა გადაიღებს.

 

ის რაც ვიცხოვრეთ

 

მერამდენე ღამე ავანთეთ ფანჯარასთან

და ერთმანეთს შევეკედლეთ შუა ოთახში –

სადაც სახლია

და სიჩუმე ცასავით დიდი,

რომელსაც სიტყვები გადამფრენი ჩიტებივით

ტოვებენ და უბრუნდებიან

და  ჩვენს შორის თოკივით გაბმულ დუმილზე სხდებიან.

ასეთ დროს ალბათ, შენ უყურებ ჩემს თვალებში გავლილ ცხოვრებას,

რომელსაც არ ჰყავს სხვა შენს გარდა მაყურებელი, არც მონაწილე,

რომელსაც გიყვები ყოველდღე და თანაც უსიტყვოდ.

ეს სახლია ჩემი სცენა,

ეს სახეა ჩემი ნიღაბი,

რომელითაც მცნობ,

რომლითაც მყვარობ,

და რომლითაც ეს ცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

მე ხომ ამ ცხოვრებას შენთვის ვყვები,

სადაც ერთმანეთს ვეხვევით და ფოტოებში ვიფანტებით

შემოდგომის ფოთლებივით,

ჩვენი ცხოვრება კინოსავით, უწარსულო

ჩვენი ცხოვრება – მუდამ აწმყო, რამდენჯერაც უნდა შეესწრონ.

მერამდენე მონატრებაა ერთმანეთს ვეკედლებით,

მერამდენე დუმილია ერთმანეთს ვამბობთ,

მერამდენე ღამეს ვაქრობთ ფანჯარასთან

და ვუყურებთ ერთმანეთის თვალებში გავლილ ჩვენ ცხოვრებას

სადაც ცასავით დიდია სიჩუმე

და სადაცაა

დაიწყებენ სიტყვები  გადაფრენას.

და მოყვებიან იმას რაც არ ვთქვით

რაც ვიცხოვრეთ.

 

* * *

 

 

როგორ იცვლებიან საგნები
ადამიანის გარეშე –
გამორთული მაგიდა,
ჩამქრალი საწოლი,
რომლებიც საკუთარ გამოსახულებაში,
და ფიზიკურ გამოხატულებაში არსებობენ.

შეგიძლია თქვა, აი სკამი,
რომელზეც შეგვიძლია დავსხდეთ.
და, აი ადამიანი,
რომელზეც შეგვიძლია დავსხდეთ ასევე,
შეგვიძლია ფეხები შემოვალაგოთ,
შეგვიძლია ტკივილი მივაყენოთ.

აი პოეტი
და შეგვიძლია ვთქვათ –
რასაც პოეზია იტანს, იმას ვერ იტანენ პოეტები.

როგორ იცლებიან ფილმები პერსონაჟებისგან,
აი ფილმების სასაფლაო.
მე მინდა ვიყო შენი ცხოვრების მონაწილე
როგორც ფილმის,
პერსონაჟი რომელიც შეგხვდა და გზა გასწავლა,
რომელიც შეგხვდა და გაგატარა.
რომელიც მონაწილეობდა შენს ცხოვრებაში,
როგორც ფილმში, რომელიც არ ქონდა ნანახი.
შეგიძლია ადამიანს შეხედო და იცნო –
მისი ცხოვრება იმ კაცზეა ვინც ვერ გადარჩა,
მისი არის სიყვარულზე.
ტროტუარზე ჩამომჯდარის კი სიმშვიდეზე,
რომელსაც გადმობრუნებულ ქუდში აგროვებს.

ჩვენ, ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები,
ერთმანეთის ფილმებშიც ვჩნდებით
მეორეხარისხოვან პერსონაჟებად
და არაფერი გვიშლის ხელს რომ
მის ცხოვრებაში როლი ვიცვალოთ,
და შემთხვევით გამვლელივით კი არ მოვიქცეთ,
არამედ ისე რომ შეხვდა და სიტყვები მისცა,
არამედ ისე და არამედ სხვანაირად
ვიდრე ყოველთვის, ვიდრე მუდამ, ვიდრე გასწავლეს.
საკუთარი როლით გართული, რომ ვეღარ ამჩნევ როლს, არამთავარს,
რომელიც გერგო.

ანდა იქნებ, ადამიანი ასეთია,
და მხოლოდ
მთავარი როლის შესრულება შეუძლია –
სხვა არაფერი.

როგორ იცვლებიან ადამიანები
ერთმანეთთან,
როდესაც ცხოვრება სხვაზეა,
იმდენად, რომ შეგიძლია თქვა –
აი ადამიანი,
რომელიც დაცლილია მნიშვნელობისგან.

© არილი

Facebook Comments Box