ესე

ზურაბ ქარუმიძე – დიდი თამაშის დასასრული ანუ გოდო აკაკუნებს

2001 წლის 11 სექტებმერს, მანჰეტენზე, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენთან ტერორისტების მიერ გატაცებული “ბოინგის” შეჯახებით დასრულდა პოსტმოდერნიზმი: კულტურის მდგომარეობა, რომელიც ორმოც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. დასრულდა ეს თამაში, რომელიც ქმნიდა გამოგონილი ორიგინალების აბსოლუტურად იდენტურ ასლებს; დასრულდა ონტოლოგიური მუშაითობა ნამდვილსა და შეთხზულს შორის გაბმულ ბაწარზე; დასრულდა ორაზროვან და განუსაზღვრელ ნიშანთა ღია სისტემებში როგორც ლაბირინთებში ხეტიალი…
პოსტმოდერნიზმის დასასრული ერთობ მოდერნისტული კი გამოდგა: სწორედ მოდერნიზმი გამოირჩეოდა ირაციონალური დესტრუქციულობით და სისტემათა ნგრევისადმი მიდრეკილებით… მაგრამ ეს არ გულისხმობს მოდერნიზმში დაბრუნებას, არც შუასაუკუნეებში დაბრუნება იგულისხმება ამ შემთხვევაში… აქ საერთოდ არა გვაქვს საქმე რაიმენაირ დაბრუნებასთან. ეს წინსვლაა, ხოლო თუ საით – არავინ იცის. ეს არის ტერორით დაფეთებული ცივილიზაციის ბრმა ნაბიჯი რაღაცა ახლისაკენ… რაღაცა სხვისაკენ… ფაუსტური გარღვევა, რომლის აუცილებლობაზე ადრეც ითქვა, განხორციელდა…
ტ.ს. ელიოტისეული პროგნოზისაგან განსხვავებით (იხ. მისი “ფუტურო კაცები”) არც ღნავილით და არც ქვითინით, არამედ ზათქით და ნგრევით, და კიდევ კასტრაციით და თავისკვეთით დასრულდა პოსტმოდერნიზმი.
ჯერ კასტრაციისა ვთქვათ, – უფრო მოკლეა. ორ პენისს, ვეება, ასათსართულოვან პენისს, ორი “ბოინგი” გაშლილი მაკრატელივით დაეტაკა და წაჭრა…
ეს მოხდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, მაშინ წარიკვეთა ორი ვეება, ასათსართულოვანი თავი პოსტმოდერნისა – ტერორის მათრობელა როკვაში გადარეული ფანატიკოსების ახირებით, როგორც სალომემ იცეკვა შვიდი საფარველის ცეკვა ჰეროდეს წინაშე, ნათლისმცემლის სანუკვარი თავის სანაცვლოდ. ილუზიების, სიმულაციური ხატების შვიდი საფარველი აეხადა თანამედროვე კულტურას და გამოჩნდა ის უტყუარი, უპირობო და ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ამ ეტაპზე რეალობის სახელი დაერქმევა. მარტივად რომ ვთქვათ, რეალობის გრძნობა დაგვიბრუნდა.
რას შეიძლება ეწოდოს “რეალობა” პოსტმოდერნიზმის დაცემის შემდგომ? რეალობა არის იქ სადაც დაგვარი ხვდება მისდამი სრულიად სხვას.
თამაში, რომელიც პოსტმოდერნიზმის პირობებში გასცდა ესთეტიკის სფეროს და ყოველდღიურობა მოიცვა იმდენად, რომ სხვაობა ყოველდღიურობასა და ესთეტიკას შორის მოიშალა, ამჯერად იქცა დაგვარის დამოკიდებულებად სხვაგვარის მიმართ – სხვაგვარის დათმენა იქნება ეს, თუ ძალადობის აქტების ერთობლიობა მის წინააღმდეგ. დაგვარის მიმართება სხვაგვართან – ტოლერანტული დიალოგის თუ აგრესიული ფორმით: ერთიც და მეორეც გულისხმობს რეალობის შესაძლებლობას – რეალობა განიცდება იქ, სადაც მე ვხვდები ჩემდამი სრულიად სხვას; რეალობა, სინამდვილე ამ შეხვედრაშია – ამ შეხვედრის “ალაგია”.
მავანი შენიშნავს, კი მაგრამ, განა სხვაგვარობისადმი და სხვისადმი ღიაობა არ წარმოადგენდა პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ ძირეულ პრიორიტეტს?!.. გნებავთ სექსუალური ორიენტაციის “სხვაგვარობა”, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური უმცირესობისადმი, თუ სხვა რამ ალტერნატიულისადმი გახსნილობა და დიალოგისათვის მზადყოფნა – განა ამას არ ქადაგებდა პოსტმოდერნიზმი?!
დასტურ, რომ ამას ქადაგებდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ პოსტმოდერნიზმის “სხვა” და “სხვაგვარი” ე.წ. “თავისი” სხვა და სხვაგვარია. პოსმოდერნისტული (დასავლური) ცივილიზაცია თავადვე ქმნიდა “თავის” სხვას, როგოც მისაღებსა და ხელმისაწვდომს, გასაგებსა და განმარტებისათვის კომფორტულს. ეს იყო შეთხზული სხვა (შდრ.: “ხელოვნური სხვა”, რომეზეც წერდა ბოდრიარი. იხ. მისი ესსე ქალაქი და სიძულვილი, “არილი”, ¹ 16, 2001), გამოგონილი სხვაგვარობა, რომელსაც პოსტმოდერნიზმი თავის დაგვარობაში ისევე ეთამაშებოდა, როგორც პოსტმოდერნისტი მწერალი თამაშობდა შეთხზული და “ნამდვილი” სამყაროებით.
ეს “თავისი სხვაგვარობა” იმდენად “გათავისდა” პოსტმოდერნისტულ სისტემაში, რომ ოდესღაც მარგინალური და ალტერნატიული ორიენტაცია ლამის ცენტრალურად იქცა ამ სამყაროსათვის. სხვა როგორც იდუმალი, როგორც ის, რაც ხელიდან გისხლტება, რომლის გაგებაც გარკვეულ გასაღებს საჭიროებს – ჰერმენევტიკულ ძალისხმევას – ასეთი სხვა გაუხშოვდა და გაქრა. იგი განქარდა კომპიუტერული ტექნოლოგიების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ტოტალურ ექსჰიბიციონიზმში, პორნოგრაფიულ გამჭვირვალებაში; მოხდა მისი ტირაჟირება, სავაჭრო მარკად ქცევა; მოხდა მისი დემპინგი, ჭარბწარმოების შედეგად გაუფასურება და საბოლო ჯამში მასობრივი მოხმარების ნაგვად გადაიქცა.
და აი, მანჰეტენზე დატრიალებული კოშმარიდან, დასავლური ცივილიზაციის წინაშე აღიმართა ჭეშმარიტი სხვა, რომელთან შეხვედრაც რეალობის დაკარგულ გრძნობას აცოცხლებს და განაპირობებს რეალობას როგორც ასეთს. და როგორც ჭეშმარიტი შეხვედრა ნამდვილ სხვასთან, დასავლური ცივილიზაციის ეს შეხვედრაც ამ სხვასთან ქალაქში მოხდა – ქალაქთა ქალაქში, ქალაქთა ქალაქის გულში, მანჰეტენზე.
ამ შეხვედრის სირთულე, ამ განცდის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სხვა და მისი სახე ჯერ გაურკვეველია. განვლილ წელთა გამოცდილების ინერციით ეს შეხვედრა ისახება როგორც რელიგიურ-იდეოლოგიური ფანატიზმის ბრძოლა ლიბერალურ-დემოკრატიულ პრაგმატიზმთან. მავანი ცდილობს იგი დასახოს კონკრეტულ პიროვნებად (ბენ ლადენი, სადამ ჰუსეინი), ქვეყნად (ავღანეთი), ქვეყნების ერთობად (ე.წ. ნაძირალა სახელმწიფოები), თუ რელიგიურ-ფსიქოპათურ გადახრად (თალიბური ტერორიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი, ანტიგლობალისტური ანარქიზმი), და ა.შ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ახლად მოვლენილი “რეალური სხვა” ამ ჩარჩოებში ვერ თავსდება, მისი განმარტება და განსაზღვრა ხელიდან გვისხლტება, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან რაიმეს განსაზღვრა მისი ნეგაციაა, – Omnis determinatio est negatio. აბსოლუტური სხვა არ წარმოადგენს არც კონკრეტულ ადამიანს, არც შეთქმულთა ორგანიზაციას, თუმცა შესაფერისი წარმოსახვისა და მისტიკური მიდრეკილებების მქონე კაცმა შეიძლება რომ ვიღაცა შემხვედრის, კონკრეტული ადამიანის გამოხედვაში ამოიკითხოს მისი ნაკვთები, ისევე როგორც რაიმე ფარული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში, თუ ვიდეომასალაში.

ჭეშმარიტი, აბსოლუტური და არა “შენი” სხვა, თვითონ გამოდის კონტაქტზე, (“გარედან მოდის” – ბოდრიარი), თავს გახვევს ურთიერთობას, და ამდენად მისი “ერთი ნახვით” შეცნობა ილუზიაა. მას ვერ შეიცნობ, ვიდრე საკუთარ კლიშეებს და სტერეოტიპებს არ დაანგრევ, – ისევ და ისევ სხვის მეშვეობით.
რაკიღა ეს სხვა მოუხელთებელია განმარტებითი თვალსაზრისით (არანაკლებ, ვინემ სემუელ ბეკეტის გოდო), აჯობებს ისევ იმ რეალობის განცდიდან გამოვიდეთ, რომელიც ამ სხვასთან შეჯახებისას გამოჩნდა. სწორედ ამ განცდაში უნდა ამოვიკითხოთ გარედან მოსული სხვის ნიშნები.
რეალობის ახალი განცდა სცილდება იმ ურბანიზირებული და ვირტუალური სიძულვილის ფარგლებს, რომელთა გამოც ღაღადებს ბოდრიარი. დასავლური ეკლეკტური კულტურის melting pot დაიმსხვრა და საკუთრ თავზე მიმართული ვირტუალური სიძულვილის ვექტორები გარეთ გაიფანტა. ერთი მხრივ, ეს სიძულვილი დაკონკრეტდა: სიძულვილი ბენ ლადენის, თალიბანის, ანტიგლობალისტების, და ა.შ. მიმართ; ხოლო მეორე მხრივ, სისტემის აღვსილობის და უნივერსალობის განცდას დაუცველობის და მოწყვლადობის განცდა ჩაენაცვლა, რასაც დაერთო განადგურების შიში და აგრესია პოტენციური მოწინააღმდეგის მიმართ. ნეგატიურობა, კონფლიქტურობა, სიკვდილი კვლავ დაუბრუნდა იმ საზოგადოებას, რომელიც ბოდრიარისავე სიტყვით ემყარებოდა გადარწმუნების, დაშოშმინების, ნეიტრალიზაციის, კონტროლის ძალადობას.
პოსტმოდერნიზმი გამოირჩეოდა უკიდურესი რელატივიზმით – იგი არ ცნობდა მყარ ღირებულებებს; იგი ახდენდა მათს დეკონსტრუქციას, და ამგვარად ადგენდა ღირებულებათა რელატიურ ბუნებას, ანუ რაიმე ღირებულება ამგვარი იყო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არსებობდა მისი საწინააღმდეგო, ანტი-ღირებულება.
ამჟამად, პოსტმოდერნიზმის ნანგრევებში მოხეტიალე თაობისათვის კვლავ დგება სტაბილურ ღირებულებათა პრობლემა. მავანი თავშესაფარს პოულობს ათი მცნების და ისეთი ტრადიციული ღირებულებების წიაღში, როგორიცაა (ისაია ბერლინის ნუსხით) ადამიანურობა, მშვიდობა, ომი, სტაბილობა, თავისუფლება, ძალაუფლება, ამაღლება, დაცემა, და ა.შ. ანუ, ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი ენა და სიმბოლოები უკრიტიკოდ ღებულობენ, როგორც უპირობოს და იმთავითვე გასაგებს – ჩვენი ყოფიერების საფუძველშივე მყოფს. ესეგვარ ლტოლვილთა შემთხვევაში რეალობის ახალი განცდა კარგად დავიწყებული ძველის ბანალური შემობრუნებაა. ასევე, მავანნი ანტი-ისლამურ და ანტი-ანარქისტულ აგრესიაში მოიოხებენ გულს.

ხოლო მათთვის, ვინც არ აპირებს, ან ვერ ახერხებს ტრადიციულ ღირებულებათა თავშესაფარში დაყუდებას, ანდა აგრესიულ განმუხტვას, ახლად განცდილი რეალობა უკიდურესად არამდგრად, არაპროგნოზირებად სივრცედ რჩება, – გამრუდებულ, პარადოქსულ, აპორეტიკულ სივრცედ. სწორედ ამგვარ სივრცეში მოუწევთ ქმედება კრიტიკული აზრის და ხელოვნების ხალხს. და რაც მთავარია, სწორედ მათ ეკისრებათ დიალოგი ამ აბსოლუტურ სხვასთან – მისი განსიტყვება და გამოსახვა. ეს კი, თავის მხრივ, შესაბამის კორექტივებს შეიტანს როგორც ხელოვნებაში, ისე კრიტიკულ თუ თეორიულ აზრში საერთოდ.
ციტირებული ესეის ბოლოში ბოდრიარი აღნიშნავს: – “აპოკალიფსის ავტორები მეთოდური ადამიანები იყვნენ. ისინი ეპისტოლეებს უგზავნიდნენ ერთმანეთს, იმის ნაცვლად, რომ თავად ანტიქრისტეს აზრი გაერკვიათ.” ახალ ხელოვნებასაც და ფილოსოფიასაც მოუწევს თავი დაანებოს შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი “ეპისტოლეების” წერას და “ანტიქრისტეს აზრის” გარკვევა სცადოს, ცხადია, ტრადიციული რელიგიურ-ესქატოლოგიური კონოტაციის გარეშე, რადგან “ანტიქრისტე” ქრისტიანობის მიერ “შეთხზული” სხვაა, “თავისი სხვა”და არა აბსოლუტური სხვა.
2001
© “არილი”

Facebook Comments Box