თორნიკე მოდებაძე
იმირ მამედლი. ფიქრთაღრიცხვა (ლექსები), რედაქტორი ბესიკ ხარანაული, თბ. “ინტელექტი” 2003.
მოულოდნელობა, მახვილგონიერება, აზრის დინამიკური მოძრაობა – აი, ის ნიშნები, რომელიც მძაფრად აღიბეჭდა იმირ მამედლის ლექსების კრებულში “ფიქრთაღრიცხვა”. ამ კრებულს სახელწოდებაც შესაფერისი აქვს. აქ მართლაც ფიქრებია შეგროვილი. მხოლოდ, ეს ფიქრები ავტორის გულსა და გონებაშია გამოტარებული.
იმილ მამედლი ეძებს და პოულობს კიდეც იმ ერთადერთ, განუმეორებელ სიტყვებს, რომლითაც წამიერად გაღვიძებული განცდა უნდა გადმოსცეს. და აი, აქ იბადება სწორედ სიტყვისადმი პროფესიული დამოკიდებულების აუცილებლობა. უნდა იპოვო ზუსტად ის სიტყვა, შენს განცდას რომ გაამჟღავნებს და სხვებისთვისაც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. იმირ მამედლი ამას შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად კი ახერხებს. როცა ლექსი “ზუსტი სიტყვებისგან” შედგება, უკვე სხვისთვისაც მისაწვდომი ხდება თავდაპირველი იმპულსი. აი, ვთქვათ, ასეთი სტრიქონები: “როცა ცასგაკრულ ძერას ჩრდილივით / მხრებზე გვეცემა სიძულვილის და გაუტანლობის ამხელა ღამე; / როცა მძორის და ხაშლამის სუნი / უდის ქვეყანას, / გულწრფელად მიკვირს, / რატომ აღარ ჭამს / კაცის ხორცს კაცი?”
იმირ მამედლის თამამად შეაქვს პოეზიაში თანამედროვე ყოფით-ცხოვრებისეული რეალიები. თავისუფალი ლექსი თითქოს უფრო კარგად იტანს ამგვარ ფერისცვალებას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მამედლის კონვენციური ლექსიც თავისუფალია გაქვავებული სტერეოტიპებისაგან. დროთა მანძილზე მართლაც გაჩნდა ერთგვარი სტერეოტიპი, რომელმაც ფეხი მოიკიდა სწორედ კონვენციურ ლექსში. თითქოს სისხლის გადასხმა და განახლება იყო საჭირო. და აი, სწორედ აქ ითამაშა გადამწყვეტი როლი თავისუფალმა ლექსმა, ე.წ. ვერლიბრმა. მისი მეშვეობით ისეთი რეალიები, საგნები და საერთოდ ყოველდღიურობის ანტურაჟი შემოიჭრა ქართულ პოეზიაში, რომელიც ადრე მხოლოდ პროზაულ ნაწარმოებებში ჰპოვებდა ადგილს. ასე და ამგვარად გაფართოვდა დღევანდელი ქართული პოეზიის ლირიკული თვალსაწიერი, დაიბადა ახალი რიტმიკა, ინტონაციური მიმოხრა, ახალი პოეტური აზრი. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმირ მამედლიც ამ გზას მიჰყვება და საკმაოდ წარმატებულადაც: “მთავარი არის, / ზურგიდანაც იმას თუ ვგევარ, / ვინც ვარ წინიდან. / მთავარი არის, / წინიდანაც იგივე თუ ვარ, / ვინც ვარ ზურგიდან. / სხვა დანარჩენი, / სააქაო-საიქიოს მსგავსებაც კი / მეორადია”.
მართლაც ეს არის მთავარი.
იმირ მამედლის პოეზია რაკურსთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთიანი სტიქიური ნიშნით არის აღბეჭდილი. მისი ენა სადაა და უბრალო, ფრაზა ექსპრესიულია და მოკვეთილი, ცალკეული სიტყვები ყოველთვის მკაცრად განსაზღვრული, ნათლად წარმოჩენილი მიზნისკენაა მიმართული. მოკლედ რომ ვთქვათ, პოეტს თავისი გამოკვეთილი ხელწერა აქვს.
იმირ მამედლი პეიზაჟებსაც ხატავს, მხოლოდ აქაც პარადოქსი და მოულოდნელი აზრის ექსპრესიულობა იჩენს თავს: “სულგანაბული დგანან ზღვები, ოკეანენი / და ბოლო წარღვნას ელოდებიან. / მდინარეებს კი ჩააქვთ ამბები / და სისხლისფერი ინფორმაციით / მუხტავენ ღრუბლებს”. ანდა ვთქვათ, ასეთი ლექსი: “იმდენი ღორღი ჩამოიტანა ღვარცოფმა გუშინ / რომ კიდევ ერთი ნაბიჯითაც მიუახლოვდა / მინდორი ზეცას / ოღონდ მთის ხარჯზე”.
იმირ მამედლი ხშირად ცდილობს, ლირიკა და ფსიქოლოგიზმი შეუთანადოს ერთმანეთს: “რამხელა ბედნიერებაა, / ავს იზრახოდე, / მიდიოდე სისრულეში მოსაყვანად და / შუა გზაში გადავიფიქრო. / ვინც კეთილია, / ვინც სიკეთეზე ფიქრობს და ზრუნავს, / ვერასდროს იგრძნობს ასეთ უეცარ ბედნიერებას”.
იმირ მამედლის წიგნს ბესიკ ხარანაულის წინასიტყვაობა უძღვის. ესეც ნიშანდობლივია. ბესიკ ხარანაულის თავისუფალმა ლექსმა გასაქანი მისცა ახალი თაობის პოეტებს უაღრესად საინტერესო ძიებებისთვის. ერთი მათგანი სწორედ იმირ მამედლია. პროზაული ნაკადის შეჭრა პოეზიაში იმ საკითხთაგანია, რომელიც ზოგადად არ განიხილება. აქ უპირველესი მნიშვნელობა კონკრეტულ მაგალითებს აქვს. ყოველი ამ გზაზე დამდგარი პოეტი, მეტად თუ ნაკლებად ექსპერიმენტს მიმართავს, ჯერ კიდევ გაუკვალავ სივრცეს კვალავს. მათ შორის არის იმირ მამედლიც და მისი კრებული “ფიქრთაღრიცხვა” სწორედ ამ ძიებათა ნიშნით არის საგულისხმო.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“