ღაღადის სიტკბოება
მე ვიცნობ ადამიანებს,
რომლებიც სიკვდილს ჰგვანან.
ვათვალიერებ ჩვენს ფოტოსურათებს
და მიტანს შიში –
როცა წყალი მომინდება ვერ მომაწვდი ჭიქას,
როცა კოცნა მომინდება ვერ მომიშვერ ტუჩებს,
როცა ძილი მომინდება ვერ გამითბობ ლოგინს,
როცა სიცოცხლე მომინდება ვერ გამაცოცხლებ.
ის ადამიანები კი, თითქმის ყოველდღე მხვდებიან
მეტროს სადგურებთან,
გზაჯვარედინებზე, ეკლესიებთან,
ბორდელში, სახურავებზე,
აფთიაქში, სახლის კარებთან
და ჩემზე ადრე მიემგზავრებიან,
ჩემზე ადრე იწერენ პირჯვარს,
ჩემზე ადრე ტკბებიან სიყვარულით,
ჩემზე ადრე იკლავენ თავს,
ჩემზე ადრე კაიფობენ,
ჩემზე ადრე გხედავენ შენ.
მათი თვალის უპეები ნაცრისფერია,
გარშემოწირულობა დღეების
უტოლდებიან ჩემსას.
გზაზე ვდგავარ, დილაა.
მოძრაობა დინამიკურად ქაოსში გადადის.
აქაც ვხედავ იმათ,
რომლებიც სიკვდილს ჰგვანან.
როცა მომინდება წმინდა ვიყო,
ვერ დამბან ატმორით გამთბარი წყლით.
მხოლოდ დამაბრმავე,
და ნუ მანახებ.
სიკვდილი არ მინდა.
ამ ღამით
ამ ღამით სავსეა ჩემი გული
ათასგვარი ჭრიჭინობელათი,
სათამაშოებით, სიყვარულით,
რომელსაც პირობითად ვუწოდებ სიყვარულს,
და ფერადი საჭრეთლებით.
კრისტალური დიფერენციაციით ვგრძნობ
ტარაკნების საცეცთა ტრაექტორიის
მოსალოდნელ ცვალებადობას,
რომელიც კედელზე მიხოხავს
და მეშინია შენი,
რომ გამსრისო.
ჰანტერზ დრო
მძიმე პერიოდი,
როგორც ქვები მძიმე.
დასასრულიდან წამოსული ქარი თბილია.
გამოცარიელებულ ქვაბულში მყოფ
ოდესღაც ძლიერ მეომარივით.
მორიგმა დღემაც დააპირა თავის მოხრჩობა.
ეკრანი მხოლოდ წარსულს გადმოსცემს,
ბევრი რამეა წარსულიდან გადმოსაცემი,
სანამ ცა გაგვიხდება ფქვილის ფერი და
მიწა იქნება დედაჩემის ძველი საცერი.
ძილის წინ
გეძებ, რადგან არ ვიცი
სად უნდა გიპოვო.
არ ვიცი, როგორ წავიდე ისე,
რომ კოვზში ჩაწვეთებული სიყვარული არ დამეღვაროს.
ჩემი ნირვანა ბერდება
და მომჩვარულ კანზე მოჩანს სვირინგი
,,დიდება მეფეს,
რომელმაც ნოტეტრეიმისგან მწვადი გააკეთა“.
ბავშვობიდან შემრჩა ალბათ
კოვზის ლითონიანი გემო პირში.
შენ ფიქრობ, რომ რკინის ვარ,
როდესაც გკოცნი.
სიყვარული კი არც მომწაროა
და არც უგემური.
– გადაყლაპე –
დედა მეტყვის,
შუბლზე მაკოცებს,
საბანს გადამაფარებს პატარა მხრებზე
და მოკვდება.
საჭიროება
რად გინდა ლექსები წერო?!
ბინის ფულს ვეღარ იხდი.
ხიდის ქვემოთა ხედი
ხიდი – ახალი სახლი.
რად გინდა ლექსები ჯღაბნო,
ისინი ნისიებს გიწერენ.
დილით მშიერი… ღამით
დილაზე მეტად გშია.
სარკეში ჩანხარ ისევ.
პოეტი უშვებს წვერებს.
კვირაში ერთხელ შხაპი,
კვირას კი მასტურბაცია.
ისევ წუწუნებ ამინდზე,
ისევ ზიხარ და ჯღაბნი.
ისევ არავინ გკითხულობს,
ისევ არავინ ამოდის.
რა მშვიდი იყო კაფე
და მისი მუხლისთავები,
მაგრამ მორიგი საღამო
ახალს არაფერს მოიტანს.
მამაჩემს სძინავს
ჩუმად იყავით, მამაჩემს სძინავს.
ხმა ჩაუწიეთ ტელევიზორს.
კარი მიხურეთ, უდროოდ ყინავს.
დღე უკვე გაქრა. დატბორეს ეზო.
ფარდა დასწიეთ, ნათურა კივის.
ის სათამაშო მაიმუნია,
თავისით ტირის.
უყურადღებო მელანქოლია განაგრძობს ფარფატს,
კარების იქით შუქი ანთია
და მამაჩემი ხმელი ხელებით სიბნელეს ფატრავს,
კედლების შიგნით იღიმის მისი ფოტოგრაფია.
დრო ისე გავა, ვერ იგრძნობ ტკივილს.
ნავების სევდა ჩაჰყვება დაისს.
ჩუმად იყავით, მამაჩემს სძინავს
ნუ მოუდუღებთ უშაქრო ჩაის.
ყინულის ჭირხლი დაეტყო მინას.
ფანჯრის რაფაზე ილოკავს თათებს
შავ-თეთრი კნუტი.
ცარიელ ფურცლებს, უძრავ საათებს
არ ახლოთ ხელი.
რამოდენიმე, მშიერი წუთით
ოთახში სევდა დაცურავს გედად.
ჩუმად იყავით, მამაჩემს სძინავს,
ძვირფასო დედა.
© არილი