გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკა რაისნერმა
ისინი იყვნენ ეგოცენტრულები, თვითირონიულები, მედიაქსელის მფლობელები და სექსუალურად განსხვავებულები, ისინი სხვა გერმანიას წარმოადგენდნენ – და ამ ყველაფერს ქალი ხელმძღვანელობდა. რატომ ტოვებს თომას მანის ოჯახი დღესაც ესოდენ თანამედროვე შთაბეჭდილებას?
1949 წლის მაისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებამდე ცოტა ხნით ადრე, კლაუს მანს მშვენიერი იდეა დაებადა: სამხრეთ საფრანგეთიდან, სადაც მან ის-ის იყო დაასრულა ანტინარკოტიკული მკურნალობა, დედასა და უფროს დას, ერიკას, მოსწერა: ხომ კარგი იქნებოდა, მამას ახალი სახელმწიფოს პრეზიდენტობა რომ შესთავაზონო. მომავალი საპრეზიდენტო ოჯახის ფუნქცია-მოვალეობებიც იოლად გადაანაწილა: „მე ვიზრუნებდი იმაზე, რომ მხოლოდ ჰომოსექსუალებს მიეღოთ კარგი თანამდებობები, სამკურნალო მორფის გაყიდვას დავუშვებდით, ერიკა რუხ კარდინალად მოგვევლინებოდა გოდესბერგში, ამ დროს მამა ბონში რუს ელჩთან ერთად რაინის ღვინოს დააგემოვნებდა“.
განდიდების მანიამდე მისული თავდაჯერებულობა, თვითირონია, ნარკოტიკებისადმი დადებითი განწყობა, პოლიტიკური მერყეობა, ტენდენციური ჰომოსექსუალიზმი და საკუთარი სამშობლოს მთელი მსოფლიოსთვის წარდგენის დაუოკებელი წყურვილი – ასეთები იყვნენ ისინი, მანები. და კიდევ: ეს იყო წარჩინებული ოჯახი სხვა, კარგი, უკეთესი გერმანიისა. ასე ხედავდნენ საკუთარ თავს და ასე ხედავდნენ მათ სხვებიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნაცისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ მანები საკუთარი სამშობლოდან გააძევა. Where I am, there is Germany (სადაც მე ვარ, იქ არის გერმანია) – უკარნახა თომას მანმა 1938 წლის თებერვალში ამერიკაში ჩასვლისთანავე გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსს“. ის თავად იყო გერმანია და მისი ოჯახიც მასთან ერთად. მარსელ რაიხ-რანიცკიმ ერთხელ მანებს გერმანელი უინძორები უწოდა, ბატონები გერმანული სულის რაიხში, გერმანიის ხელისუფალნი, მათი განადგურება ვერც ნაცისტებმა შეძლეს და ვერც მოკავშირეთა ბომბებმა.
მას მერე დიდი ხანი გავიდა. 60 წლის წინ თომას მანი გარდაიცვალა, 13 წლის წინ – მისი ბოლო შვილი, ელიზაბეთი. საყვარელი შვილიშვილი ფრიდო, რომელიც რომანში „დოქტორი ფაუსტუსი“ ავტორმა დიდი სიყვარულით აღწერა და სასტიკი სიკვდილით მოკლა, დღეს უკვე 75 წლისაა. ამ ოჯახის ისტორია სულ უფრო მეტად ეძლევა დავიწყებას, მაგრამ მანები მაინც ძალიან ახლობლებად რჩებიან ჩვენთვის. თავიანთი წიგნებით, წერილებით, დღიურებით, მთელი ცხოვრებით ისინი ყველა ჩვენგანს, ჩვენს გერმანიას და ჩვენს დროს წარმოადგენენ.
მაშინვე ინუსხები, როგორც კი მათ ისტორიებსა და ახალ წიგნებს კითხულობ, მათაც, წელს რომ იხილეს დღის სინათლე: გაზაფხულზე გამოვიდა მანფრედ ფლიუგეს წიგნი „მანების საუკუნე“, ისტორიკოსისა და გერმანისტის ტილმან ლამეს „მანები. ერთი ოჯახის ისტორია“ კი სულ ახლახან მიიღო მკითხველმა. ლამემ თავისი წიგნისთვის ციურიხის მანის არქივში დღემდე უყურადღებოდ დარჩენილი ათასობით წერილი და დოკუმენტი გადაამუშავა. წერისას სრულიად განსხვავებული მეთოდი აირჩია. ეს არის წიგნი რვა გმირით, ერთის ნაცვლად. ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ერთ-ერთი მათგანია. ოჯახის დანარჩენი წევრების გვერდით თომას მანის რიგითმა წევრობამ ნაწარმოებში აღწერილი ისტორია ყველა დროის დიდ გერმანულ საოჯახო საგად აქცია.
უამრავი ფაქტი განაპირობებს იმას, რომ ის ძველი მანები ლამის ჩვენს თანამედროვეებად გვევლინებიან: მათი დიდი შეცდომები, ეგზჰიბიციონისტური მიდრეკილებები, სურვილი, რომ ყველაფერი მაშინვე გამოაქვეყნონ, საკუთარი თავის ინსცენირების უნარი, მშობლების პრობლემები შვილების აღზრდაში, შვილებისთვის მინიჭებული თავისუფლება, რომელიც თითქმის ყველას შემთხვევაში კატასტროფით დასრულდა, მშობლების კაპიტულაცია და შვილების სკოლა-ინტერნატებში ჩაბარება, ექვსიდან ოთხი შვილის ფსიქოთერაპიები, ერთი ლტოლვილადქცეული ოჯახის (მართალია, ძალიან მდიდარი ოჯახის) ბედი, რომლის წევრებსაც დროდადრო უნგრული, ჩეხოსლოვაკური, ბრიტანული, ამერიკული პასპორტებიც კი ჰქონდათ, მაგრამ გერმანული არ ჰქონიათ, მუდმივი ფინანსური დამოკიდებულება შვილებისა მშობლებზე, შვილების პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ გაზრდილიყვნენ და საკუთარ თავზე აეღოთ გარკვეული პასუხისმგებლობები, მეორე თაობის მთელი ეს დისფუნქციური, კრახით დასრულებული ოჯახები. ამას ემატებოდა სიკვდილისადმი ლტოლვა, ნარცისიზმი და ისევ და ისევ მოთხოვნილება ყველაფრის, მართლაც ყველაფრის შესახებ წერისა. ამასთან, უმთავრესის შესახებ დუმილისა. ასეთები იყვნენ ჩვენი მანები.
მათ ძალიან ადრე დაიწყეს საკუთარი ოჯახის, როგორც ბრენდის წარმოჩენა, მსოფლიო პრესა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ისინი ერთად შეებრძოლნენ ჰიტლერის გერმანიას, ამიტომაც უწოდეს amazing family. ყველაზე მეტად უფროსი შვილები კლაუსი და ერიკა ცდილობდნენ, მაგრამ ნობელის პრემიის ლაურეატ თომას მანსაც სერიოზული წვლილი შეჰქონდა თავისი საჯარო გამოსვლებით, ლექციებითა და წიგნებით ჰარმონიული, გენიალური, პოლიტიკურად ერთიანი ლიტერატორების ოჯახის იმიჯის შექმნაში. სინამდვილეში რა ხდებოდა? „მართლაც რა ძაღლური ბავშვობა გვქონდა“, წერდა მესამე შვილი გოლო თავის დღიურში. მსგავსი, ან დაახლოებით მსგავსი რამ აქვს დაწერილი ლამის ექვსივე შვილს თავიანთი ცხოვრების ადრეულ თუ გვიანდელ პერიოდში.
ერიკა, კაბარეს მსახიობი და მწერალი, რომელმაც მოგვიანებით მამამისის მეორე ცოლის მსგავსი როლი იტვირთა.
კლაუსი, როგორც უფროსი შვილი, ცდილობდა მამასავით ეწერა, ის მთელი ცხოვრება იტანჯებოდა დიდი კაცის პატარა შვილისა და უმაქნისის იმიჯით.
გოლო, რომელმაც მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ მიაღწია წარმატებას, როგორც ისტორიკოსმა და მწერალმა.
მონიკას პატარაობიდან მუდმივად დასცინოდნენ და აწვალებდნენ ოჯახის წევრები, ყველა, პირველ რიგში მამა ხედავდა მას, როგორც სამარცხვინოს, ზარმაცსა და სულელს, თანაც ამ ყველაფერს ღიად აგრძნობინებდნენ. უსამართლობა ცხოვრების ნაწილიაო, ბრძანებდა მამა, ამიტომ სწორი იქნება ბავშვები თავიდანვე თუ მიხვდებიანო.
შემდეგ ბოლოსწინა შვილი, ელიზაბეთი, რომელსაც თომას მანი აღმერთებდა და რომელსაც საშინლად ბანალურ ჰიმნს Gesang vom Kindchen საჯაროდ უმღეროდა. გარდატეხის ასაკის დაწყებასთან ერთად მამის სიყვარული ელიზაბეთისადმი განელდა, მოგვიანებით მან ოკეანეების გადარჩენის საქმესა და ძაღლებისათვის საბეჭდი მანქანის გამოგონებას მიუძღვნა თავი.
და ბოლოს, მიხაელი, რომელიც მამას არ ჰყვარებია, დედას კი პირიქით, ძალიან უყვარდა. მიხაელი დედას ყველა წერილში ფულს სთხოვდა. ის საკმაოდ წარმატებული ალტისტი იყო მანამ, სანამ ერთ-ერთი გამოსვლის წინ თავის კოლეგას, პიანისტ იალტაჰ მენუჰინს, იეჰუდი მენუჰინის დას, დანით არ დაესხა თავს, რის შემდეგაც თავისი მუსიკალური კარიერის დასრულება მოუწია. მიხაელმა გერმანისტობა გადაწყვიტა, თავისი პირველი ნაშრომი „დოქტორ ფაუსტუსზე“ დაწერა. ნაწარმოებზე, რომელშიც თომას მანმა თავისი შვილიშვილი და მიხაელის შვილი ფრიდო, ლიტერატურული ხერხების გამოყენებით მოკლა. თომას მანმა შვილს მადლობა გადაუხადა „საუცხოო კრიტიკისთვის“.
მიხაელმა და მისმა მეუღლემ, გრეტმა, შვილები, ფრიდო და ტონი, ადრეულ ასაკშივე ბებია-ბაბუასა და ინტერნატს გადააბარეს. სამაგიეროდ, მოგვიანებით, ინდოელი ობოლი გოგონა იშვილეს. ერთ დღესაც მიხაელ მანმა ფრიდოს მისეული აღზრდის პრინციპები ასე აუხსნა: „დისტანციამ, რომლის დაცვაც გადავწყვიტეთ, ცხოვრებაში ხელი არ უნდა შეგიშალოს. მამები და შვილები იმაზე მეტად უნდა მოერიდონ ერთმანეთს, ვიდრე ეს ზოგადად მიღებულია. მე ვთვლი, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს შედარებით უკეთ გავართვით თავი“.
მანების ყველა შვილის ცხოვრებაში არსებობს მთავარი მოტივი – სიცივე, დისტანცია და მამის მხრიდან უარყოფა, შვილებში ტანჯვას რომ იწვევდა. მამის უმთავრესი თვისებები ყველაზე ზუსტად სწორედ დანარჩენებისგან მოძულებულმა მონიკამ აღწერა, ოჯახში დაცინვით „მიონლეს“ რომ ეძახდნენ: „როდესაც მას სცივა, „ბრრ“-ს არ ამბობს და კანკალებს, მაგრამ მის გარშემო სიცივე ისადგურებს.“ მანს სცივა, მაგრამ ამას არ აჩვენებს, ის ამ სიცივეს ღრმად ატარებს საკუთარ სხეულში, იქამდე, სანამ არ გამოზრდის და თავის გარემოცვას, გარშემომყოფებს არ გადასდებს, ნელ-ნელა მათაც არ გააციებს. თომას მანი – ყინულის მეფე. მას შეეძლო უცებ ისე გაეყინე, რომ არც კი შეგხებოდა.
ეს არის თომას მანის ცხოვრებისეული დრამა. მან ყველაფერი თავის ნაწარმოებებში აღწერა, მაგალითად, გოეთეს შესახებ დაწერილ რომანში „ლოტე ვაიმარში“, ანდა „დოქტორ ფაუსტუსში“. სიყვარულის დიდი აკრძალვა, საკუთარი თავისთვის ბედნიერების აკრძალვა, რათა ნამდვილ შემოქმედად ქცეულიყო. მისი ცხოვრების სიყვარულს კაცები წარმოადგენდნენ. პაულ ერენბერგისადმი სიყვარულიდან 40 წლის შემდეგ – ეს დაახლოებით „ბუდენბროკების“ დრო იყო, წინის წინა საუკუნის მიჯნაზე, ქორწინებამდე რამდენიმე წლით ადრე, თომას მანი დღიურში წერდა: „უფრო მეტად სიყვარული შეუძლებელია“. და კიდევ: „ბოლოს მაინც შევძლებ საკუთარ თავს ვუთხრა, რომ ყველაფერი ვიგემე. ხელოვნება იყო ამ ყველაფრის ხელოვნებისეულად წარმოსახვა“. 75 წლის ასაკში ოფიციანტი ფრანცლი რომ შეუყვარდა, მაშინაც თავისი ცხოვრებისთვის შექმნილი ფორმულის მეშვეობით ცდილობდა საკუთარი თავის ხელში აყვანას, ამის შესახებ დღიურში წერდა: „მუშაობას დავუბრუნდი და ამით ჩავანაცვლე ბედნიერება. ასეც უნდა იყოს. ეს არის მოწოდება ყველა გენიისა“.
თომას მანმა გადაწყვიტა, ცოლად მოეყვანა მდიდარი, ლამაზი და ჭკვიანი კატია პრინგსჰაიმი, ამ გზით საკუთარი ყოფის „ჩარჩოებში მოქცევას“, ფარული ვნებების ჩახშობასა და ბიურგერივით ცხოვრებას ცდილობდა, უნდოდა მთლიანად ხელოვნებისთვის მიეძღვნა თავი. მაგრამ წარმატებულ ხელოვანად ქცევის ფორმულამ ის ცივ, უკარება, უნდობელ ადამიანად და მამად აქცია.
ამასთან საოცარია, როგორ ღიად საუბრობდნენ მამისა და ქმრის ჰომოსექსუალობაზე ოჯახში, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჯიუტად სდუმდნენ. 1927 წელს მანს კლაუს ჰოიზერი, დიუსელდორფელი ხელოვნებათმცოდნის შვილი შეუყვარდა და ეს პიროვნება ორი კვირით თავის სახლში, ანუ მიუნხენის პოშინგერშტრასეზე მდებარე სახლში დაპატიჟა. თომას მანი უფროს შვილებს წერდა: „შენობით მივმართავ, დამშვიდობებისას მისი ერთმნიშვნელოვანი თანხმობით გულში ჩავიკარი.“ კლაუს მანს კი, რომელსაც ოჯახში აისის ეძახდნენ, მოუწოდებს, შენი ნებით დაიხიე უკან, ჩემს წრეში შემოჭრა არ გაბედოო. მე უკვე ბებერი და სახელგანთქმული ვარ, მარტო თქვენ რატომ უნდა სცოდავდეთო. რა უფრო გასაოცარია ამ წერილში – ის, თუ როგორ ღიად საუბრობს მამა თავის ფარულ ვნებაზე თუ ის, რომ ჰომოსექსუალ შვილს ეხვეწება, საყვარელი არ წამართვაო?
მისი მეუღლე, კატია, ცოტა არ იყოს დააფიქრა მეუღლის ასეთმა ახლებურმა გულღიაობამ სტუმრის მიმართ და ერიკას მისწერა: „საყვარელი ბიჭი კია, მაგრამ ჯადოქარი მეტისმეტად იაკობისეულად მიეცა გრძნობებს.“ მათი მეორე შვილი გოლო, რომელიც მამის საყვარლის სტუმრობისას ასევე სახლში იმყოფებოდა, წერს, ამ დროის განმავლობაში ეჭვიანობისგან გონება მქონდა დაბინდულიო. ვისზე ეჭვიანობდა? მამაზე? ჰოიზერზე? სიმამაცეზე, გახსნილობასა და გრძნობების გამოვლენაზე?
გოლო მანიც ჰომოსექსუალია, მაგრამ ამას თავისი ძმის, კლაუსისგან განსხვავებით „დიდ და გადამწყვეტ უბედურებად“ აღიქვამს. საკუთარი თავი სძულს, ინტერნატ „სალემში“ცოდვისგან უნდა დაიხსნან, დირექტორის რჩევით ფსიქოლოგთან აგზავნიან, რათა ეს უკანასკნელი ავადმყოფური ლტოლვის დაძლევაში დაეხმაროს. მამა არაფერში ერევა, თუმცა ერთხელ შვილს სთხოვს, გამოუგზავნოს ყველაზე სიმპათიური თანაკლასელი ბიჭის სურათი. ლიტერატურული მიზნით.
ამ ოჯახში ყველას უსაზღვროდ და დაკომპლექსებულად უყვარს. კლაუსი ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში ეგუება საკუთარ ორიენტაციას. ის ხომ მისია, ამით ცხოვრობს, ამაყია, ურცხვი, თავდაჯერებული და თავისუფალი. უფროსი და ერიკა ბისექსუალია, და-ძმას კონვენციები სასაცილოდ არ ჰყოფნის. ზედმეტი სიმამაცის, ინსცენირებისადმი სიყვარულისა და მათ მიერვე დაარსებული თეატრალური დასის რეკლამისთვის ადრეულ ასაკში დაინიშნენ: კლაუსი მწერალ ვედეკინდის ქალიშვილ პამელაზე, ერიკა კი მომავალ ვარსკვლავზე – მსახიობ გუსტავ გრიუნდგენსზე. უკვე საქორწინო მოგზაურობის დროს ერიკა საკუთარი ძმის დანიშნულს – პამელას სწერს,რომ მას, ერიკას, ცხადია, მხოლოდ ის უყვარს. ხოლო კლაუსი კი მოგვიანებით თავისი დის მეუღლის, გუსტავის წინააღმდეგ დაწერს თავის ყველაზე სკანდალურ წიგნს „მეფისტო. რომანი ერთი კარიერის შესახებ“. დიახ, შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ დაწერო რომანი, თუ ამ ადამიანს ისე აღწერ, რომ ის ყველამ იცნოს. ეს რომანი დიდი ხნის განმავლობაში გერმანიაში იკრძალებოდა, ან იქნებ სიმხდალის გამო არ ბეჭდავდნენ. ეჭვიანობაა ერთ-ერთი იმ მოტივთაგანი, რომლის გამოც კლაუს მანმა ამ რომანის დაწერა გადაწყვიტა.
კი, მაგრამ ვისზე ეჭვიანობდა? გთავაზობთ ოჯახური სიყვარულების მოკლე ჩამონათვალს: კლაუსს პირველ რიგში ერიკა უყვარს. მისი დღიური სავსეა მინიშნებებით, რომ მხოლოდ ამის გამო ვერ ახერხებს სტაბილური ურთიერთობების აწყობას, რადგან პრინციპში საკუთარი და უყვარს. ელიზაბეთი ისეთი აღფრთოვანებულია ერიკათი, რომ ამ უკანასკნელზე უსაზღვროდ და უიმედოდ შეყვარებულ გამომცემელ ფრიტც ლანდჰოფსიქამდე უგზავნა სასიყვარულო ბარათები, სანამ ოჯახმა ისიც თერაპევტთან არ გაუშვა ამ ავადმყოფური ვნებისგან გათავისუფლების მიზნით. მიხაელი, რომელსაც და-ძმა ბიბის ეძახის, იმხელა ლტოლვას განიცდის კლაუსისადმი, რომ კლაუსი, რომლისთვისაც არანაირი ვნება უცხო არ არის, დაბნეული წერს დღიურში : „ბიბი გატრეტილი და უცნაურად აბეზარი იყო. რა კომპლექსები აქვს?“ ხოლო გოლომ ერთხელ მიხაელი ციურიხის ტბაზე ნავზე შეიტყუა, რათა ტბის შუაგულში, უფროსი ძმის თანდასწრებით ძილის წამლები დაელია და თავი მოეკლა. თუმცა, მხოლოდ ცუდად გახდა.
სხვა დროს მიხაელი გოლოს გამოუტყდება: ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი ვაჟი ტონი სინამდვილეში შენი შვილი იყოო. ბოლოს ადგილი ჰქონდა ყველაზე უცნაურ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც თომას მანის სიცოცხლის უკანასკნელ ათწლეულში ერიკა მანმა მამამისის საუკეთესო მეგობართან, დირიჟორ ბრუნო ვალტერთან გააბა. ეს ის პერიოდია, როცა ერიკა სულ უფრო მეტად ირგებს თომას მანის მეუღლის, კატიას როლს, ის მამისთვის წერილებს წერდა და ა.შ. რა გასაკვირია, რომ ეს სასიყვარულო ისტორია ვალტერთან მისი შვილების ისტორიებიდან ერთადერთი იყო, რომელიც მეტისმეტად ტოლერანტულ დედას არ მოსწონდა: „არა მგონია, ამ კავშირმა დიდხანს გასტანოს. ეს ყველაფერი დიდ შეცდომად მეჩვენება, თითქოს ქალიშვილი საკუთარ მამას მიჰყვებოდეს ცოლად.“
მხოლოდ მიონლე არ ერეოდა შიდა ოჯახურ არეულობაში. ან როგორ ჩაერეოდა, როდესაც ის არავის უყვარდა. მოგვიანებით, ოცდაათიან წლებში, როგორც იქნა იპოვნა ერთი პატივსაცემი კაცი, რომელმაც ის შეიყვარა და ხელი სთხოვა. ოჯახის წევრები ერთმანეთთან მიმოწერაში გაკვირვებას ვერ მალავენ. როგორ? მიონლე? ნუთუ შეიძლება ის ვინმეს უყვარდეს? ამ ტრაგიკული სიცოცხლის განსაკუთრებული ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მონიკა დაკარგავს მეუღლეს ძალიან ადრე და თანაც განსაკუთრებულად ტრაგიკულად. გემი, რომლითაც მონიკა თავის ქმართან, უნგრელ ხელოვნების ისტორიკოს ჯენო ლანიისთან ერთად 1940 წლის სექტემბერში ევროპიდან ამერიკაში მიემგზავრებოდა, გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა. მონიკა შუა ოკეანეში რამდენიმე საათის განმავლობაში ეჭიდებოდა ხის ნაჭერს, სანამ გადაარჩენდნენ. ერიკა უვლის შოტლანდიის საავადმყოფოში მოთავსებულ დას და მომხდარის დეტალებს წერილებში ასე აღწერს: „მონიკას კიდევ სამჯერ შემოესმა ჯენოს ხმა ტალღებიდან, მაგრამ მესამედ უკვე ძალიან სუსტად. ის დარწმუნებულია (ალბათ მართალიც არის), რომ ჯენომ ბრძოლა შეწყვიტა, რადგან მონიკა დაღუპული ეგონა“.
ამ სიტყვების წაკითხვისთანავე კლაუს მანის გონებაში მაშინვე ტრაგიკომიკური იდეა იბადება. ხომ შეიძლება, ჯენო სადმე გამოჩნდეს, მაგალითად ჩრდილოეთ პოლუსთან, ხის ნაჭერს ჩაჭიდებული, შიშით თმაგათეთრებული“. მოგვიანებით მან მართლაც დაწერა პიესა ამ უბედურებაზე, მაგრამ არ დაუბეჭდეს.
ეს უჩვეულო ამბავია, ძალიან უჩვეულოა ამ ოჯახისთვის, რადგან, მართალია ბევრ რამეზე არ საუბრობენ, მაგრამ ყველაფერზე წერენ. მანების ოჯახი ხომ ყველაზე მეტად მწერლების ოჯახია, ოჯახი შემდგარი ასო–ნიშნებისგან, თავიანთი წიგნებისთვის საჭირო მასალას ყველა პირდაპირ საკუთარ ცხოვრებაში პოულობს. თომას მანი „ბუდენბროკებით“ გახდა პოპულარული. პერსონაჟებად მან საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყენა, სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი წერის ამ მეთოდს. კლაუს მანი 25 წლის ასაკში წერს თავის პირველ ავტობიოგრაფიას. გოლო მანის პირველი მოთხრობა მოგვითხრობს ინტერნატის მოსწავლეზე, რომელიც მას ძალიან ჰგავს, და რომელიც ძალიან განიცდის საკუთარ ჰომოსექსუალობას. მანამდე გოლოს თითქმის არავისთან უსაუბრია ამ პრობლემაზე. მისი მეგობარი პიერ ბერტრო, ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვინც ამის შესახებ იცოდა. მოთხრობა რომ წაიკითხა, მშობლებს მისწერა: „ღმერთო ჩემო, ეს რატომ გამოაქვეყნა?“ და თვითონვე უპასუხა: „მანების ოჯახის მანია წერაზე მეტად დაწერილის გამოქვეყნებაა“.
ყველაფერი უნდა გამოქვეყნდეს. კლაუს მანის პირველივე მოთხრობაში მოქმედება ოლდენვალდის სკოლაში ვითარდება, იმ ინტერნატში, სადაც თავად სწავლობდა. ლიტერატურულად სუსტად შენიღბული ინტერნატის დირექტორი სკოლის მოსწავლეებს შეუფერებლად უახლოვდება. ამის გამო ოდენვალდის ინტერნატის დირექტორმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა ყოფილი მოსწავლის მამას. წერილში საუბარი იყო შვილისა და ახალგაზრდა მწერლის პასუხისმგებლობაზე, იმ სხვაობაზე, რომელიც ლიტერატურასა და სინამდვილეს შორის არსებობს, ამ სინამდვილეში კი მე არანაირი სექსუალური გადაცდენები არ მქონიაო – წერდა დირექტორი.
ოჯახში ლიტერატურა სიმართლის აგრეგატად მიიჩნეოდა. თუ შვილებს სურთ, გაიგონ რას ფიქრობს მამა მათზე, ამისთვის მის წიგნებში ჩახედვაც კმარა. მოთხრობაში „რია–რია და ნაადრევი წუხილი“ თომას მანს ოჯახის წევრებიდან ყველა საკუთარ ამპლუაში ჰყავს აღწერილი. ერიკა, რომელსაც ინგრიდი ჰქვია, სკოლის დამთავრებას თვალების პაჭუნითა და მასწავლებლების მოხიბვლით ახერხებს. კლაუსს, ბერტის სახით, საერთოდ არ სურს სკოლის დამთავრება, მეოცნებეა და სანუკვარ პროფესიად ქაიროში მოცეკვავეობა ან ოფიციანტობა მიაჩნია. ამ მოთხრობას კლაუსმა „საბავშვო ნოველით“ უპასუხა, სადაც თავისი ძმა გოლო, რომელსაც ფრიდოლინს არქმევს, გამოყვანილი ჰყავს ინტელიგენტ, მაგრამ პატარა, მახინჯ, დემონურ, მლიქვნელ და უცნაური პატივმოყვარეობით შეპყრობილ ბიჭად.
ეს ოჯახი სწორედ იმიტომ არის დღესაც ჩვენთვის ასეთი ახლობელი, რომ ყველას ახასიათებდა მოყოლის ეს თანამედროვე მანია. ისინი ხშირად იფანტებოდნენ მთელ მსოფლიოში, ამიტომ მუდამ იქით-აქით აგზავნიდნენ წერილებს, ისე, როგორც დღეს მეილები იგზავნება. დედისადმი მიწერილ წერილებში შვილები ძირითადად ფულზე საუბრობენ. ტილმან ლამე ამას მანების ოჯახის მიმოწერის „ოქროს წესს“ უწოდებს: არც ერთი წერილი არ მისწერო დედას ფულის მოთხოვნის გარეშე.
მიხაელი თხოვნის წერილების წერის ნამდვილი დიდოსტატი იყო. 18 წლის რომ გახდა, დედამ დაბადების დღის საჩუქრად საკმაოდ დიდი თანხა გადმოურიცხა ფიატის საყიდლად. მან ამ ფულით ბუგატი იყიდა და ზედმეტად გადახდილი თანხის ანგარიში ისევ დედას გაუგზავნა. დედის მხრიდან შვილის ოდნავი გაკიცხვის მცდელობასაც კი პასუხად მაშინვე მოსდევს: საყვედური შენ გეკუთვნის ჩემდამი გამოჩენილი სირბილის გამო: „რა გგონია, შენი სისუსტეები ჩემ მიმართ მსიამოვნებს?“
ესეც, ანუ მათხოვრობა, ალბათ მამისაგან ისწავლეს შვილებმა. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ თომას მანი ამერიკაში მილიონერის ცოლს, აგნეს ე. მაიერს იყენებს, სარგებლობს იმით, რომ ქალი მწერალს აღმერთებს და ალბათ უყვარს კიდეც, სულ უფრო და უფრო თავხედურად სთხოვს ფულსა და საჩუქრებს, ფულს ახალი სახლის მშენებლობისთვის, ზურმუხტის ბეჭედს, წერილობით აცნობებს იმასაც, რა საჩუქრები სურთ საშობაოდ მის შვილებს, და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ოჯახში ქალზე ამრეზით საუბრობენ, კატია „მდიდრების მზარდ თავხედობაზე“ ბრაზდება, ხაზს უსვამს თავიანთ გასაოცარ სიამაყესა და მილიონერებისადმი თავდაჯერებულ ზიზღს.
ამასთან არც მანებს აკლდათ სიმდიდრე. თომას მანი ხომ ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანი ემიგრანტებიდან, ვინც უცხოეთშიც მშვენივრად აიწყო ცხოვრება საკუთარი შემოსავლებით. და ეს სიმდიდრე დღესაც მიმზიდველს ხდის ამ ოჯახს. თანამედროვე, უზარმაზარი სახლი პალმების ქვეშ კალიფორნიაში, საუცხოო მანქანები, რომელთაც, რა თქმა უნდა, ქალები მართავდნენ, თომასი არასდროს ჯდებოდა საჭესთან, კლაუსი მოგვიანებით ცდილობდა მართვას, მაგრამ სავალალო შედეგებით. საჭესთან ძირითადად კატია იჯდა, ეს უზომოდ ამაყი, ძლიერი ქალი. ის ცხოვრობს კაცთან, რომელიც (რადგან ფულზე ვსაუბრობთ) შეკვეთას კურიერს უკან ატანდა ( სახლში მარტო თუ დახვდებოდა), რადგან არ იცოდა, სად იდო ფული.
კატია ამ ოჯახურ ფირმას მთელ მსოფლიოში მიუძღოდა: ქმარს, რომლისთვისაც ყოველდღიური ცხოვრება უცხო იყო, ამ თავისებურ შვილებს, რომლებიც ასე დიდხანს რჩებოდნენ ბავშვებად. მანების ოჯახს ქალი მართავდა. ქალური თავდაჯერებულობა გადასცა უფროს ქალიშვილსაც, რომელიც ადრეულ ასაკშივე პრაგმატულად წერდა: „დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს მწერალი ქალის ახალი ტიპი, რომელიც ყველაზე პერსპექტიულად მეჩვენება ამჟამად: ქალი, რომელიც რეპორტაჟებს აკეთებს, წერს სტატიებს, პიესებსა და რომანებს. ის იცნობს სამყაროს, ყველაფერში ერკვევა, აქვს იუმორის გრძნობა, ჭკვიანია, საიმისო ძალაც შესწევს, რომ გაჩერდეს“.
ეს ბოლო ძალა ერიკას, ისევე, როგორც მისი და-ძმების უმეტესობას, არ გააჩნდა. ეს ძალაც უფრო დედის თვისებაა. მთელი მისი უანგარო სიბრძნე თუნდაც იმ გადაწყვეტილებაში გამოიხატა, რომ ამ ეგზჰიბიციონისტების ოჯახიდან ერთადერთს მას არ აუღია კალამი ხელში, არც მხატვრული ტექსტები უწერია და არც მემუარები. ეს, ცხადია, ოჯახის სხვა წევრებს არ უშლიდა ხელს იმაში, რომ მისი საუბრებიდან და მომხდარი ამბებიდან შეექმნათ მისივე „დაუწერელი მემუარები“. ის ფაქტი, რომ ისიც მუშაობდა ამ amazing family-ს დიად მისტიფიკაციაზე, აქაც მშვენივრად ჩანს: ჰყვება, რომ ნაცისტების მთავრობამ გერმანიაში სამგზავრო თვითმფრინავები აიძულა ძალიან დაბლა ეფრინათ, რათა მგზავრების ამოცნობა შესაძლებელი ყოფილიყო. თურმე ერთ-ერთი ასეთი ფრენისას, მიწიდან ნასროლი ტყვიით მოკლეს კაცი, რომელიც მისი მეუღლე ეგონათ. ეს ამბავიც ლეგენდების იმ აურაცხელი საგანძურიდანაა, რომელმაც ეს ოჯახი ესოდენ ბუმბერაზი გახადა.
ისინი ისტორიების დიდი მთხრობელები იყვნენ, ამ ოჯახმა ჰიტლერის წინააღმდეგ გამოსვლა გაბედა. თომას მანი დიდხანს ყოყმანობდა, ბავშვებმა და მეუღლემ ერთად დაიყოლიეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ღია ბრძოლაზე, ისინი იყვნენ პატივმოყვარე, საკუთარ თავზე შეყვარებული, ჭორაობის მოყვარული, უსამართლო ადამიანები და წერდნენ ფანტასტიკურ წიგნებს. რა დასანანია, რომ ახალი გერმანიის სათავეში კლაუს მანის იდეის მიხედვით ამ ოჯახის საბჭო არ მოვიდა და თომას მანი პრეზიდენტი არ გახდა. კლაუს მანმა მანების ოჯახის სახელმწიფოში პირველი საოჯახო სტატუსის გამოგონებიდან რამდენიმე დღეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სინამდვილეში ისინი ჩვენს საპრეზიდენტო ოჯახად დარჩნენ. და ჩვენ ისევ ისე ვპოულობთ საკუთარ თავს ამ წინააღმდეგობრივ, დისფუნქციურ, უცნაურ, ნარცისულ, მარცხით სავსე ოჯახში. მანები ჩვენ ვართ.
© არილი