თმა და სიყვარულის დათმენა
როცა სიყვარული მომედება,
ვიჭრი თმას და ვლოცულობ სარკეში:
„მონადებო დედიანო,
მონადებო მამიანო,
ამ ნანას გაეყარე,
სხვა ნანას შეეყარე…“
რაც უფრო მოკლედ ვიჭრი,
მით უფრო გრძელდება მანძილი
ჩემსა და არასაჩემო სიყვარულებს შორის…
ამიტომაც არასოდეს მეზრდება თმა.
მაგრამ მეზრდება შიში:
რომ ერთხელაც მაკრატელი დამიჟანგდება და
ბებიაჩემის ის ლოცვაც – მონადებზე – დამავიწყდება…
…..
დღეს, როცა ასე დამოკლდა ჩემი თმა,
ვდგავარ სარკესთან და გხედავ შენ,
ხელში – ჩემი თმებისგან დაწნული თოკით,
რომელსაც ან ყულფად მიქცევ, ანდა – საბელად,
და ვფიქრობ: ღირს თუ არა ლოცვა…
ამის პატრონმა, რა ვქნათ
მოდი, ასე ვქნათ:
როცა მკითხავ – „რა ვქნათ“
და დახვავებულ ყოველდღიურობას იგულისხმებ,
მე წარმოვიდგენ,
როგორ გვიყვარს ერთმანეთი აკრძალული სიყვარულით
და კითხვაზე კითხვით გიპასუხებ:
„ამის პატრონმა, რა ვქნათ?“
ახლა შენ უნდა წარმოიდგინო
ამ სიყვარულის შეუძლებლობა –
ნახევარი ქალაქი რომ უნდა დაანგრიო
და ისევ მკითხო: „რა ვქნათ?“
ასე ვქნათ ამის პატრონებმა.
ყოველდღიურობა მოიცდის.
თუ არადა – გადავავადებთ,
სიყვარული კიდევ – არასოდეს –
არც ნამდვილი, არც წარმოსახვითი, არც აკრძალული და არც – გამხელილი.
მოგივლის და თუ არ გაყვები, გადაგივლის…
თუ გაყვები – მაშინაც…
ამიტომ „რა ვქნათ“ერთადერთი საშველია.
ეს „რა ვქნათ“ აკავშირებს სამყაროს.
„რა ვქნათ“-ზე დგანან ოჯახები და კლანები.
„რა ვქნათზე“ დგას ღმერთიც –
გვიყურებს და ამბობს:
რა მარტივი იყო ყველაფერი სიყვარულის სახელით…
ახლა ძალით არავინ ტყუვდება.
ნებით თუ მოვიტყუებთ თავს
და როცა მკითხავ „რა ვქნათ“ –
გიპასუხებ:
„მიყვარხარ.“
ლამაზი მკვდარი არ გინახავთ?
მინდა, ლამაზი მკვდარი ვიყო,
რომ კაცს, რომელსაც არასდროს ვუყვარდი,
მოუნდეს არამარტო კოცნა…
(ეს ვითომ არ მითქვამს –
მკვდარზე ასეთი „არამარტოები“ არ შეიძლება)…
მინდა, ლამაზი მკვდარი ვიყო –
ერთადერთი – ეს ბონუსი მივიღო სიცოცხლისგან,
რომ ღირდეს სიკვდილამდე მოცდა –
(ვითომ არც ეს მითქვამს –
ასე ძაღლუმადურად ყოფნაც არ შეიძლება).
მინდა, ლამაზი მკვდარი ვიყო:
ისეთი ლამაზი, რომ ჰაერი შედედდეს ჩემს გარშემო
და კაცი, ვისაც არ ვუყვარდი,
შავტარიანი დანით ჭრიდეს ჰაერს,
მერე კი იმ დანას სასთუმალქვეშ იდებდეს, რომ ვესიზმრო…
ნიშანი
აღარ თქვა ეს სიტყვა – მომენატრე;
ნიშნავს:
ჩიტები სხედან დენის მავთულზე და
მაღალ ძაბვას კენკავენ ჩემი ხელისგულებიდან,
დასრესილ პურთან და მსგავს სიტყვებთან ერთად.
ჩიტებს უჭირთ მათი მონელება;
აღარ თქვა ეს სიტყვა – სიყვარული;
ნიშნავს:
ბავშვები თამაშობენ დამალობანას.
სამალავებში ეშვებიან, როგორც ჭებში
და ვშეშდები – მეშინია, არ მიაგნონ იმ ჭას,
რომელშიც მე ვარ ჩამარხული,
და ვყვირი: ბავშვებო, გამოდით!
არ თქვა ეს სიტყვა – შეხვედრა;
ნიშნავს:
საშობაო სანთლები აღარ ენთება ჩემს ფანჯრებზე,
რადგან ფანჯრები – უკან ჩაბრუნებული თვალებია,
საკუთარ ტყავში მომზირალი,
ნიშანი კი წაშლილია,
ბოლო მგზავრი რომ უნდა მოეყვანა ჩემამდე.
აღარ თქვა ეს სიტყვები!…
შეაგროვე, გასანთლე და მარყუჟი გამონასკვე –
შემინახე იმ დროისთვის,
როცა ჩიტები აღარ აკენკავენ დასრესილ პურს ჩემი ხელებიდან,
ბავშვები იმ ჭას მიაგნებენ,
ბოლო მგზავრს კი ნიშანი მიეცემა…
გადავადება
„გადავადება ერთადერთია,
რაც შეგვიძლია, შემოგთავაზოთ“ –
ამბობს ჩემი ცხოვრების ბანკირი.
გადავავადე.
მეც მერე ვიცხოვრებ,
როცა ამ ცხოვრებიდან ამოვალ.
ვალის ჩამოწერის ნაცადი გზა
დღეს არ გამოვა – პროცენტები გაიზრდება,
რადგან თვითმკვლელობა ცოდვაა.
ამიტომ ხვალ ვიცხოვრებ.
დღეს ვერა.
დღევანდელი დღე ხვალინდელის ანგარიშშია გაცემული…
© არილი