ესე (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

რობერტო ბოლანიო – ლაბირინთი

bolano-9878

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

წინამდებარე ფოტოსურათზე აღბეჭდილი არიან (მარცხნიდან მარჯვნივ): ჟ. ანრიკი, ჟ-ჟ. გუ, ფ. სოლერსი, ი. კრისტევა, მ.ტ. რევეიე, პ. გიიოტა, კ. დევადი, მ. დევადი.

ისინი მაგიდასთან სხედან. კამერას უყურებენ. ჩვეულებრივი მაგიდაა, ხის ან პლასტმასისა. შესაძლოა, ლითონისფეხებიანი მარმარილოს მაგიდაც იყოს, მაგრამ არ ვაპირებ, დეტალურად აღვწერო. ბოლოს და ბოლოს, მაგიდა მაგიდაა. მთავარი ისაა, რომ: 1. მაგიდა საკმარისად დიდია; 2. მას ზემოდასახელებული ადამიანები უსხედან და 3. ის კაფეში დგას. შესაძლოა, მართლაც კაფეში იდგეს. დავუშვათ, რომ ის კაფეში დგას.

რვა ადამიანი, რომელთაც ფოტოსურათისთვის პოზირება განუზრახავთ, მაგიდას შემოსხდომიან ნახევარმთვარის ან ნალის ფორმით, ისე, რომ თითოეულ მათგანს მკაფიოდ ვხედავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავინ არიდებს მზერას კამერას. მათ წინ ან, უფრო სწორად, მათსა და ფოტოგრაფს შორის (რაც რამდენადმე უცნაურია) მოჩანს ქოთნებში ჩარგული სამი მცენარე – როდოდენდრონი, ფიკუსი და უკვდავა – ერთგვარი ბარიერი (თუმცა, შესაძლოა, ვცდები) კაფეს სხვადასხვა ნაწილს შორის. სავარაუდოდ, ეს ფოტო გადაღებულია 1977 წელს ან დაახლოებით იმ ხანებში.

დავუბრუნდეთ მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს. როგორც ვთქვი, მარცხნივ ზის ჟ. ანრიკი, ანუ მწერალი ჟაკ ანრიკი (დაიბადა 1938 წელს), ავტორი ნაშრომებისა: “თაღები”, “არტო ჩინეთს ემსახურება” და “ნადირობები”. ანრიკი ჩაფსკვნილი, მხარბეჭიანი, დაკუნთული მამაკაცია.  ალბათ, არც ისე მაღალია. უჯრულა პერანგი აცვია. სახელოები ცოტათი აუკაპიწებია. ლამაზ მამაკაცს ვერ ვუწოდებთ – კვადრატული სახე ფერმერს ან კალატოზს მიუგავს. ხშირი წარბები და მუქი ნიკაპი აქვს, ისეთი ნიკაპი, დღეში ორჯერ რომ უნდა გაიპარსოს (ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთის აზრით). ფეხი ფეხზე აქვს გადადებული. მუხლებზე ხელები შემოუხვევია.

მის გვერდით ვხედავთ ჟ.-ჟ გუს, რომლის შესახებ არაფერი ვიცი. ალბათ, ჟან-ჟაკი ჰქვია, მაგრამ სიმარტივისთვის, უბრალოდ, ინიციალებით მოვიხსენიებ. ქერათმიანი ახალგაზრდაა. სათვალეს ატარებს. არც ისე მიმზიდველია (თუმცა, ანრიკთან შედარებით, არა მარტო უფრო ლამაზი, არამედ უფრო ინტელექტუალური გარეგნობაც აქვს). სხვა რა ვთქვათ? სიმეტრიული ნიკაპი. სავსე ტუჩები. მაღალყელიანი სვიტერი. მუქი ტყავის ქურთუკი..

ჟ.-ჟ.-ს გვერდით უზის ფ. სოლერსი – ფილიპ სოლერსი (დაიბადა 1936 წელს), “ტელ კელის” რედაქტორი, ავტორი რომანებისა: “დრამა”, “რიცხვები”, “სამოთხე”. ამ საზოგადო მოღვაწის სახელი ყველასთვისაა ცნობილი. სოლერსს ხელები გადაუჯვარედინებია, მარცხენა ხელი მაგიდაზე უდევს, მარჯვენა ხელით კი მარცხენა იდაყვს ჩასჭიდებია. მრგვალი სახე აქვს. მსუქანი არაა, მაგრამ, ალბათ, რამდენიმე წელიწადში ქონი მოეკიდება: სახეზე ეტყობა, რომ გემრიელი კერძები უყვარს. ტუჩებზე ჭკვიანი და ირონიული ღიმილი დასთამაშებს. თვალები უფრო პატარა და უფრო მეტყველი აქვს, ვიდრე ჟ.-ჟ.-ს. კამერას უყურებს და შეშუპებული უპეები მის მრგვალ სახეს ერთდროულად სერიოზულ, თავდაჯერებულ და ხალისიან გამომეტყველებას ანიჭებს. ჟ.-ჟ.-ს მსგავსად, მაღალყელიანი სვიტერი აცვია. ამასთან, მისი სვიტერი ქათქათა თეთრია, ჟ.-ჟ.-ს სვიტერი კი, როგორც ჩანს, ყვითელი ან ბაცი მწვანე ფერისაა. სოლერსს სვიტერზე შავი ტყავის პიჯაკი აცვია, თუმცა, შესაძლებელია, პიჯაკი ნატისა იყოს. მაგიდასთან მსხდომთა შორის მხოლოდ სოლერსი ეწევა სიგარეტს.

სოლერსს მისჯდომია ი. კრისტევა – იულია კრისტევა, ბულგარელი სემიოლოგი, სოლერსის ცოლი, ავტორი გამოკვლევებისა “პოეტიკის განადგურება”, “შიშის ძალები”, “ენა – შეუცნობლის სფერო”. ამ გამხდარ, მაღალყვრიმალებიან ქალს შუაზე გაყოფილი შავი თმა კეფაზე შეუკრავს. ისეთივე შავი და მეტყველი თვალები აქვს, როგორც სოლერსს, თუმცა, კრისტევას დიდრონი თვალები უფრო თბილია (და უფრო თვინიერი). ფართოყელიანი სვიტერი აცვია, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სხეულზე. გრძელი მძივი ხაზს უსვამს მისი სხეულის ფორმას. ერთი შეხედვით, ვიეტნამელს წააგავს, თუმცა, უფრო სავსემკერდიანია, ვიდრე – საშუალოსტატისტიკური ვიეტნამელი ქალი. მაგიდასთან მსხდომთა შორის მხოლოდ კრისტევა იღიმება ისე, რომ კბილებს აჩენს.

კრისტევას გვერდით ვხედავთ მ. ტ. რევეიეს. მის შესახებ არაფერი ვიცი. ალბათ, მარი-ტერეზა ჰქვია. ვივარაუდოთ, რომ ასეა. მარი-ტერეზა ერთადერთია, ვისაც მაღალყელიანი სვიტერი არ აცვია. ანრიკსაც არ აცვია, მაგრამ მოკლე კისერი აქვს (თუკი მის კისერს შეიძლება კისერი ვუწოდოთ), ხოლო მარი-ტერეზა რევეიეს მაღალი ყელი მთლიანად მოუჩანს მუქი ტანსაცმლიდან. სწორი და გრძელი თმა აქვს, რომლის შუა ნაწილი წაბლისფერი ან, შესაძლოა, ქერა ფერისაა. იმის წყალობით, რომ მარი-ტერეზას სახე მარცხნივ მიუბრუნებია, საყურე ყურისგან განცალკევებით აღიქმება, როგორც გზააბნეული სატელიტი.

მარი-ტერეზა რევეიეს გვერდით უზის პ. გიიოტა – ანუ პიერ გიიოტა (დაიბადა 1940 წელს), ავტორი რომანებისა: “საფლავი ხუთასი ათასი ჯარისკაცისთვის”, “ედემი, ედემი, ედემი” და “პროსტიტუცია”. გიიოტა მელოტია, რაც მისი ყველაზე ღირსშესანიშნავი თავისებურებაა. გარდა ამისა, ყველაზე ლამაზი მამაკაცია ჯგუფში. გიგანტური მელოტი თავი ულაპლაპებს. საფეთქლებთან შერჩენილი შავი თმა ძალზე წააგავს დაფნის ფოთლებს, რომლებითაც გამარჯვებულ მხედართმთავრებს ამკობდნენ ძველ რომში. არც სახე მიუტრიალებია, არც შთამბეჭდავი პოზა მიუღია. შავი ქურთუკი, პერანგი და მაისური აცვია. შავზოლებიან თეთრ მაისურს (რაიმე ხომ არ მეშლება?) საყელოზე უფრო ფართო შავი ზოლი აქვს შემოვლებული, ისეთი, როგორიც ბავშვების ან საბჭოთა პარაშუტისტების ტანსაცმელზე შეგიძლიათ ნახოთ. მკაფიოდ მოხაზული წარბები გამოყოფს მის უზარმაზარ შუბლს სახისგან. ცნობისმოყვარეობით იმზირება, მაგრამ, შესაძლოა, ვცდები. როგორც ჩანს, ტუჩები საგანგებოდ არ მოუკუმავს. ეს მისი ჩვევა უნდა იყოს.

გიიოტას გვერდით კ. დევადია. კაროლინა? კაროლი? კარლა? კოლეტი? კლოდინი? ვერასოდეს შევიტყობთ. სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ მას კარლა დევადი ჰქვია. მოკლე თმა უკან გადაუვარცხნია. ჩვენ წინაშე შავ-თეთრი ფოტოა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კარლა შავგვრემანია და, ალბათ, სამხრეთელი – ხმელთაშუა ზღვის აუზის რომელიმე ქვეყნიდან. შეიძლება, კარლა დევადი წარმომავლობით სამხრეთ საფრანგეთიდან, კატალონიიდან ან იტალიიდან იყოს. მხოლოდ იულია კრისტევას აქვს ასეთივე შავგვრემანი კანი, მაგრამ კრისტევას კანი – შესაძლოა, ეს განათებით გამოწვეული ეფექტი იყოს – უსწორმასწოროა, მაშინ, როდესაც კარლა დევადის კანი აბრეშუმივით გლუვი და მკვრივია. პერანგი და მუქი ფერის სვიტერი აცვია, რომელსაც მრგვლად ამოჭრილი საყელო აქვს. ტუჩებითა და თვალებით ოდნავ იღიმება. ალბათ, ვიღაცას ესალმება.

კარლა დევადის მეზობლად მ. დევადი ზის. ეს, როგორც ჩანს, მწერალი მარკ დევადია – “ტელ კელის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. კარლა დევადის ქმარი უნდა იყოს. იქნებ, ძმაა? შესაძლოა, მაგრამ თვალშისაცემია ფიზიკური განსხვავება მათ შორის. მარკ დევადს (მერიდება, უბრალოდ, მარკი ვუწოდო. ვამჯობინებდი, ეს “მ” მარსელად ან მაქსად გამეშიფრა) ქერა თმა, ფაფუკი ლოყები და ბაცი ფერის თვალები აქვს. ამიტომ ლოგიკური იქნება დავასკვნათ, რომ ჩვენ წინაშე ცოლ-ქმარია. თავისი ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად დევადს მაღალყელიანი სვიტერი აცვია (ისევე, როგორც ჟ.ჟ. გუს, სოლერსს და კრისტევას), სვიტერზე კი – მუქი ფერის პიჯაკი. დიდრონი და ლამაზი თვალები აქვს, გრძელი ქერა თმა (უფრო გრძელი, ვიდრე – დანარჩენ მამაკაცებს) კოხტად გადაუვარცხნია უკან. ფართო შუბლი, შესაძლოა, ცოტათი მომრგვალებული. ჩაჩვრეტილი ნიკაპი (გამოსახულების დეფექტი ხომ არაა?).

რამდენი მათგანი უმზერს უშუალოდ ფოტოგრაფს? ცოტანი. ჟ.-ჟ. გუ, სოლერსი და მარკ დევადი, მარი-ტერეზა რევეიე და კარლა დევადი მარცხნივ იყურებიან, ჟაკ ანრიკის მიღმა. გიიოტა მარჯვნივ იყურება, ფოტოგრაფისგან ერთი ან ორი იარდის მოშორებით. კრისტევა (რომლის მზერა ყველაზე უფრო უცნაურია) თითქოს პირდაპირ კამერას უყურებს, მაგრამ აშკარაა, რომ სინამდვილეში ის უცქერის ფოტოგრაფის მუცელს ან, თუ უფრო დავაზუსტებთ, ცარიელ სივრცეს ფოტოგრაფის თეძოს მახლობლად.

ფოტოსურათი გადაღებულია ზამთარში ან შემოდგომაზე ან, შესაძლოა, ადრიან გაზაფხულზე, მაგრამ, ზაფხულში რომ არა, ეს უეჭველია. ვის აცვია ყველაზე უფრო თბილად? რა თქმა უნდა, ჟ.-ჟ. გუს, სოლერსსა და მარკ დევადს, რომლებიც, მაღალყელიანი სვიტერების გარდა, ქურთუკებში გამოწყობილან, თანაც სქელ ქურთუკებში, განსაკუთრებით – ჟ.-ჟ. და დევადი. კრისტევა ცალკე შემთხვევაა: მას მხოლოდ თხელი, ელეგანტური სვიტერი აცვია. გადავიდეთ გიიოტაზე, რომელსაც შეიძლებოდა ისევე თბილად სცმოდა, როგორც ზემოხსენებულ ოთხ ადამიანს, მაგრამ გიიოტა ერთადერთია, ვისაც სამი ფენა ტანსაცმელი აცვია: შავი ტყავის ქურთუკი, პერანგი და ზოლიანი მაისური. ადვილად წარმოსადგენია, რომ მას ეს ტანსაცმელი შეიძლებოდა სცმოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფოტოსურათს ზაფხულში გადაიღებდნენ. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ გიიოტა ისეა ჩაცმული, თითქოს გზად ვინმესთან შეიარა. რაც შეეხება კარლა დევადს, მისი პერანგი, რომლის საყელო სვიტერიდან მოუჩანს, თითქოს რბილი და თბილია; სვიტერი, თავისთავად, არაფრით გამოირჩევა, მაგრამ კარგი ხარისხისაა, არც ძალიან თბილი და არც ძალიან თხელი. ბოლოს, დაგვრჩა ჟაკ ანრიკი და მარი-ტერეზა რევეიე. ანრიკი აშკარად არ მიეკუთვნება მცივანა ადამიანებს, თუმცა, მისი პერანგი (ისეთი, კანადელ ხისმჭრელებს რომ აცვიათ ხოლმე) საკმაოდ თბილი უნდა იყოს. ყველაზე უფრო ხალვათად შემოსილია მარი-ტერეზა რევეიე, რომელსაც თხელ სვიტერში მკერდი – თეთრი ან შავი ბიუსტჰალტერით ზეაწეული – მოუჩანს.

ყველა ეს ადამიანი, რომლებსაც ფოტოსურათის გადაღების მომენტში (1977 წელს ან დაახლოებით იმ ხანებში) მეტ-ნაკლებად თბილად აცვიათ, მეგობრები არიან, ზოგიერთ მათგანს კი ერთმანეთთან უფრო ინტიმური ურთიერთობებიც აკავშირებს, მაგალითად, სოლერსსა და კრისტევას, აგრეთვე – ორ დევადს, მარკსა და კარლას. შეიძლება ითქვას, რომ ეს მყარი წყვილებია. და მაინც, ფოტოსურათზე შეიმჩნევა ამ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებული რთული და ფაქიზ ურთიერთმიმართებების დამადასტურებელი ნიშნები (მაგალითად, ჯგუფის წევრების განლაგება მაგიდასთან; ის, რომ როდოდენდრონის ორი ფოთოლი იმგვარად იჭრება ფიკუსის სივრცეში, როგორც ღრუბელი – ღრუბლებში; რომ ქოთნებში დარგული ბალახი უფრო ცეცხლს წააგავს, ვიდრე – ბალახს; რომ უკვდავა უცნაურად იხრება მარცხნივ, ხოლო სათვალე მაგიდის ცენტრში დევს და ყველაზე უფრო ახლოსაა კრისტევასთან, თითქოს ჯგუფის დანარჩენ წევრებს ეშინიათ, სათვალე ძირს არ დავარდეს).

მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ჟ.-ჟ. გუ, რომელიც გვიყურებს თავისი სქელმინიანი სათვალიდან (როგორიც მყვინთავებს უკეთიათ ხოლმე) ტოვებს იმ ადგილს, ფოტოსურათზე რომ უკავია, და სამედიცინო ინსტიტუტის ქუჩაზე გადის (იღლიის ქვეშ ორი წიგნი ამოუჩრია). სენ-ჟერმენის ბულვარზე ის მაბიიონის მეტროსკენ იღებს გეზს, მაგრამ თავდაპირველად ბართან ჩერდება, მაჯის საათს უყურებს, ბარში შედის და დახლთან კონიაკს უკვეთს. რამდენიმე ხნის შემდეგ ჟ.-ჟ. ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ჯდება. რას შვრება? წიგნს შლის. ჩვენ არ ვიცით, რა წიგნია ეს, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ჟ.-ჟ.-ს უჭირს ყურადღების კონცენტრირება. ყოველ ოც წამში ან დროის დაახლოებით ამგვარ შუალედში ის თავს მაღლა წევს და სენ-ჟერმენის ბულვარს გაჰყურებს. სულ უფრო იღუშება. წვიმს. ქოლგებმომარჯვებული ადამიანები სწრაფად მიდიან ქუჩაზე. ჟ.-ჟ.-ს ქერა თმა მშრალია, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ წვიმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ბარში შევიდა. ბნელდება. ჟ.-ჟ. ადგილიდან არ იძვრის და ახლა მის წინ ორი ჭიქა კონიაკი და ორი ფინჯანი ყავა დგას. თუ მივუახლოვდებით, დავინახავთ, რომ ჩამუქებული უპეები ბრძოლის ველს მიუგავს. სათვალეს არ იხსნის. საბრალო სანახავია. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ის ქუჩაში გამოდის და კანკალებს, შესაძლოა, სიცივის გამო. წამით ყოვნდება ტროტუარზე და აქეთ-იქით იყურება, შემდეგ მაბიიონის მეტროსკენ მიემართება. მეტროს შესასვლელთან ჟ.-ჟ. რამდენიმეჯერ ისვამს ხელს თმაზე, თითქოს უეცრად ხვდება, რომ თმა ასწეწია, თუმცა, ეს ასე არაა. შემდეგ კიბეზე ჩადის და ისტორია მთავრდება ან იყინება ცარიელ სივრცეში, სადაც მოვლენები თანდათან უჩინარდებიან. ვის ელოდებოდა ჟ.-ჟ. გუ? ვისზეა ის შეყვარებული? ვისთან აპირებდა ღამის გატარებას? როგორ იმოქმედებს მის ფაქიზ ნერვებზე ის, რომ შეყვარებული ვერ ნახა?

წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი, რომელიც პაემანზე არ მოვიდა, ჟაკ ანრიკია. სანამ ჟ.-ჟ. მას ელოდებოდა, ანრიკი მოტოციკლ “ჰონდათი” მიემგზავრებოდა იმ სახლისკენ, სადაც დევადები ცხოვრობენ. მაგრამ – არა. ეს შეუძლებელია. ჯობია წარმოვიდგინოთ, რომ ანრიკი, უბრალოდ, თავის “ჰონდას” მოაჯდა და პარიზში გააქროლა, პაემანზე მისვლას კი იმავე სტრატეგიული მიზნის გამო აარიდა თავი, რომლის კარნახითაც, ზოგადად, პაემნებზე არ მიდიან ხოლმე.

ახლა კვლავ ჩამოვთვალოთ წყვილები: კარლა დევადი და მარკ დევადი, სოლერსი და კრისტევა, ჟ.-ჟ. გუ და ჟაკ ანრიკი, მარი-ტერეზა რევეიე და პიერ გიიოტა. წარმოვიდგინოთ ღამე. ჟ.-ჟ. გუ ზის ბარში, სენ-ჟერმენის ბულვარზე, და კითხულობს წიგნს (რომლის სათაურს ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს). ნახევრად შიშველი ჟაკ ანრიკი თავის საწოლზე გაშოტილა, ეწევა და ჭერს მიშტერებია. სოლერსი თავის კაბინეტში ჩაკეტილა და წერს (კვლავ მაღალყელიანი სვიტერი აცვია, ალმური ასდის და სცხელა). იულია კრისტევა უნივერსიტეტშია. მარი-ტერეზა რევეიე ფრიდლანდის ავენიუსა და ბალზაკის ქუჩის გზაჯვარედინზე იმყოფება. გიიოტა ბოტანიკური ბაღის მახლობელ ბარში ზის და მეგობრებთან ერთად სვამს. კარლა დევადი თავის სამზარეულოშია და არაფერს აკეთებს; მარკ დევადი ტელ-კელის ოფისში იმყოფება და ტელეფონით თავაზიანად ესაუბრება თავის სათაყვანებელ პოეტს, რომელიც, იმავდროულად, სძაგს; მალე სოლერსი და კრისტევა თავიანთ ბინაში მივლენ, ისადილებენ და წიგნებს აიღებენ წასაკითხად. ამაღამ სიყვარულისთვის არ ეცლებათ; მალე მარი-ტერეზა რევეიე და გიიოტა თავიანთ საწოლ ოთახში სოდომური ცოდვის სიტკბოებას მიეცემიან და დილის ხუთ საათზე დაიძინებენ, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს რამდენიმე სიტყვას ეტყვიან სააბაზანო ოთახში; მალე კარლა დევადი და მარკ დევადი წაკინკლავდებიან. კარლა დაწვება და დაიწყებს  რომანის კითხვას – ნებისმიერი რომანის, მარკი კი საწერ მაგიდას მიუჯდება და შეეცდება რამე დაწეროს, მაგრამ – ამაოდ. კარლა ღამის პირველ საათზე დაიძინებს, მარკი – სამის ნახევარზე; მალე ჟაკ ანრიკი მიწისქვეშა გარაჟში ჩავა, თავის “ჰონდას” მოაჯდება, პარიზის გაყინულ ქუჩებში გააქროლებს და თვითონაც გაიყინება. ის თვითონ წარმართავს საკუთარ ბედს და იცის, ან, ყოველ შემთხვევაში, სჯერა, რომ იღბლიანია. ჯგუფის წევრთაგან მხოლოდ ანრიკი იხილავს, როგორ გაუჩინარდებიან ცაზე განთიადისას ღამის ყარიბნი, რომელთაგან თითოეული – იდუმალი ასოა ფანტასტიკურ ანბანში; მალე ჟ.-ჟ. გუ გაიგონებს ხმას, რომელიც გააფრთხილებს მისი მოსალოდნელი დაღუპვის შესახებ. მას გაეღვიძება და ღამეს თეთრად გაათენებს.

თენდება. ფოტოსურათი კვლავ საჩინარია. მარი-ტერეზა რევეიე და კარლა დევადი მარცხნივ იყურებიან და უმზერენ მავან სუბიექტს, რომელიც ანრიკის ფართო მხრების უკან დგას. კარლას თვალებში მისალმება ან თანხმობა იკითხება: ამას ააშკარავებს მისი ოდნავ შესამჩნევი ღიმილი და ნაზი მზერა. მარი-ტერეზა შეშფოთებულია: პირი დაუღია, თითქოს სუნთქვა უჭირს, ხოლო მზერით ცდილობს, მიიპყროს ყურადღება ამ სუბიექტისა, რომელიც, სავარაუდოდ, წასასვლელად ემზადება. ქალები ერთი და იმავე მიმართულებით იყურებიან, მაგრამ აშკარაა, რომ სხვადასხვაგვარ ემოციებს განიცდიან..

ჟ.-ჟ. გუ დაძაბულია. ხმა, რომელმაც ის გააფრთხილა მოსალოდნელი დაღუპვის შესახებ, ჯერ კიდევ ჟღერს (თუმცა კი, ყრუდ) მის გონებაში. ამასთან, ჟ.-ჟ.-ს მზერა მარცხნივ არაა მიპყრობილი; ის არ უმზერს ობიექტს, რომელიც ქალების ყურადღებას იზიდავს, არამედ პირდაპირ უყურებს კამერას და ოდნავ შესამჩნევად იღიმება.

როდესაც ღამე კვლავ ეშვება ფოტოსურათზე, ჟ.-ჟ. გუ თავის ბინას მიაშურებს, მოიმზადებს სანდვიჩს, ზუსტად თხუთმეტი წუთის განმავლობაში უყურებს ტელევიზორს, შემდეგ სასტუმრო ოთახის სავარძელში ჩაჯდება და ფილიპ სოლერსს დაურეკავს. ტელეფონი ხუთჯერ დაიწკრიალებს. ჟ.-ჟ. ყურმილს მარჯვენა ხელით ფრთხილად დაკიდებს, მარცხენას კი ტუჩებთან მიიტანს და ორი თითით შეეხება, თითქოს იმის შესამოწმებლად, ჯერ კიდევ არსებობს თუ არა თვითონ. წიგნებით გადაჭედილ სასტუმრო ოთახში, რომელიც არც ძალზე დიდია და არც ძალზე პატარა, ბნელა.

რაც შეეხება კარლა დევადს, მას შემდეგ, რაც სახიდან ნაზი ღიმილი წაეშლება, ის დაურეკავს მარი-ტერეზა რევეიეს. ქალები ისაუბრებენ იმ საკითხების შესახებ, რომელთა შესახებ საუბარიც, არსებითად, არ სურთ და შეთანხმდებიან, რომ სამი დღის შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან კაფეში, გალანდის ქუჩაზე. ამაღამ მარი-ტერეზა შინიდან გავა და გაურკვეველი მიმართულებით გაემართება, კარლა კი, როგორც კი გაიგონებს, როგორ აღებს კარს მარკი, თავის ოთახში ჩაიკეტება. მაგრამ ამჯერად არავითარი ტრაგიკული მოვლენა არ მოხდება. მარკ დევადი წაიკითხავს ბულგარელი ლინგვისტის სტატიას; გიიოტა წავა ჟაკ რივეტის ფილმის სანახავად; იულია კრისტევა გვიანობამდე წაიკითხავს წიგნებს; ფილიპ სოლერსი გვიანობამდე წერით იქნება გართული და თითქმის არ დაელაპარაკება ცოლს; ჟაკ ანრიკი თავის საბეჭდ მანქანასთან იჯდება, მაგრამ – უნაყოფოდ, ამიტომ ოცი წუთის შემდეგ ჩაიცვამს თავის ტყავის ქურთუკსა და ჩექმებს და მიწისქვეშა გარაჟში ჩავა თავისი “ჰონდას” მოსაძებნად; რატომღაც მოეჩვენება, რომ გარაჟი საკმარისად კარგად არაა განათებული, მაგრამ გაიხსენებს, სად დატოვა თავისი მოტოციკლი, ამიტომ უშიშრად ივლის ვეშაპის ბნელ მუცელში, სანამ, დაახლოებით შუა გზაზე, უჩვეულო ხმაურს გაიგონებდეს (ეს არაა წყლის ხმაური მილებში ან ავტომანქანის კარის დახურვის ან გაღების ხმა). ის შეჩერდება და მიაყურადებს. მაგრამ ხმაური არ განმეორდება. გარაჟში აბსოლუტური სიჩუმე გამეფდება.

ღამე იწურება და დილის შუქი ისე ეხვევა ფოტოსურათს, როგორც – ბინტი ჭრილობას. და აი, კვლავ ის – გიიოტა, თავისი ვეება მოლაპლაპე თავითა და ტყავის ქურთუკით (ამგვარი ქურთუკები ანარქისტების ან ესპანეთის სამოქალაქო ომის კომისრების საყვარელი სამოსი იყო). ის ფოტოგრაფის უკან, მარჯვნივ უმზერს ვიღაცას, ვინც, სავარაუდოდ, ზურგშექცევით დგას ან, შესაძლოა, ზის, და რომლის სახეს გიიოტა ვერ ხედავს, თუკი (რაც ნაკლებსავარაუდოა), ბარის დახლს უკან სარკე არ ჰკიდია. შეიძლება, ეს ქალი იყოს. შეიძლება, ახალგაზრდა ქალიც კი იყოს. გიიოტა აკვირდება ამ ქალის ანარეკლს სარკეში და, განსაკუთრებით, მის კისერს. ამასთან, გიიოტას მზერა იმდენად დაძაბული არაა, როგორიც ამ ქალისა, რომელიც თითქოს უძირო უფსკრულს ჩაჰყურებს. აქ შეგვიძლია სამართლიანად დავასკვნათ, რომ როდესაც გიიოტა უყურებს უცნობს, მარი-ტერეზა და კარლა უყურებენ ნაცნობ მამაკაცს, თუმცა, რაც ბუნებრივია (ან, ფაქტობრივად, გარდაუვალიც კი), ამ მამაკაცს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.

მოდით, ფოტოსურათის საზღვრებს მიღმა დარჩენილ ამ ორ პიროვნებას X და Z ვუწოდოთ. X – ბარში მყოფი ქალია, Z კი – მამაკაცი, რომელსაც მარი-ტერეზა და კარლა იცნობენ, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ისე ახლოს იცნობენ. კარლას გამომეტყველების მიხედვით (რომელიც არა მარტო ნაზი, არამედ – ქედმაღლურიცაა) შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მამაკაცი პოტენციურად სახიფათო პიროვნებაა. კიდევ ვინ იცნობს Z-ს? არაფერი მოწმობს, რომ მისი იქ ყოფნა სხვებისთვის ოდნავ მაინც საინტერესოა. შესაძლოა, ესაა ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ცდილობდა დაებეჭდა თავისი თხზულება “ტელ კელში”; ან, შესაძლოა, ის ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი ჟურნალისტია, რომელსაც სურდა დაეწერა სტატია “ტელ კელის” ჯგუფის შესახებ. ის, ასევე, შეიძლება პატივმოყვარე ახალგაზრდა იყოს. თუკი პარიზში ჩამოსული სამხრეთამერიკელია, მაშინ არა მარტო პატივმოყვარე, არამედ ფიცხიც იქნება. მაგიდასთან მსხდარი ადამიანებიდან ის მხოლოდ მარი-ტერეზას, კარლას, სოლერსს და მარკ დევადს იცნობს. წარმოვიდგინოთ, რომ ის ერთხელ მივიდა “ტელ კელის” ოფისში, სადაც ნახა ეს ოთხი ადამიანი (ის, აგრეთვე, ხელს ჩამოართმევდა მარსელ პლეინეს, რომელიც ფოტოსურათზე არაა აღბეჭდილი). მას არასოდეს უნახავს სხვები ან უნახავს მხოლოდ საავტორო ფოტოსურათზე (გიიოტა და ჟაკ ანრიკი). შეიძლება წარმოვიდგინოთ, ფიცხი ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი “ტელ კელის” ოფისში და ისიც, თუ როგორ ართმევენ მას ხელს დაბნეული ფილიპ სოლერსი და მარკ დევადი და რაოდენ გულგრილად უსმენენ. ალბათ, კარლა დევადი იქ შემთხვევით აღმოჩნდა; ალბათ, მან მიიტანა სტატია, რომელიც მარკს თავის საწერ მაგიდაზე დარჩა, ან მივიდა იმის გამო, რომ გაუჭირდა მარტო ყოფნა ბინაში და ა.შ. მაგრამ ძნელად წარმოსადგენია (და გაუმართლებელია) მარი-ტერეზას ყოფნა ოფისში, ის გიიოტას საყვარელია, “ტელ კელში” არ მუშაობს და არავითარი მიზეზი არა აქვს, რომ იქ იყოს. და მაინც, ის იქაა და ახალგაზრდა სამხრეთამერიკელს ხედავს. იქნებ, მარი-ტერეზა კარლა დევადმა დაიბარა იმის გამო, რომ იცის – მარკი საღამოს შინ არ იქნება? ან, იქნებ, მარი-ტერეზა იქ იმიტომ მოვიდა, რომ სხვა ვინმეს შეხვედროდა? დეტალურად წარმოვიდგინოთ საღამო, როდესაც სამხრეთამერიკელი მივიდა “ტელ კელის” ოფისში ჯგუფის წევრებისადმი თავისი პატივისცემის გამოსახატავად.

სამუშაო დღე დამთავრდა. მდივანი უკვე წავიდა და სტუმარს მარკ დევადი უღებს კარს და ისე უშვებს რედაქციის ოფისში, რომ არც კი უყურებს. სამხრეთამერიკელი შემოდის და მარკ დევადს დერეფნის ბოლოსკენ მიჰყვება. ტანსაცმლიდან წყლის წვეთები სცვივა და ხის იატაკს ასველებს, თუმცა, წვიმა უკვე კარგა ხანია, შეწყდა. დევადი, რა თქმა უნდა, ამ დეტალს ყურადღებას არ აქცევს. ის ესაუბრება სტუმარს ნეიტრალურ თემებზე – ამინდზე, ფულზე, ყოველდღიურ სამუშაოზე – ისე თავაზიანად, როგორც მხოლოდ ზოგიერთ ფრანგს სჩვევია. ვრცელ ოფისში, სადაც დგას მაგიდა, რამდენიმე სკამი და ორი სავარძელი, სოლერსი ჩუმდება და ლაპარაკს მყისვე სამხრეთამერიკელი იწყებს. ის სოლერსს გენიოსს, საუკუნის უდიდეს მოაზროვნეს უწოდებს. ეს საქებარი სიტყვები ჩვეული რამაა ზოგიერთ ტროპიკულ ქვეყანაში, მაგრამ “ტელ კელის” ოფისში და ფილიპ სოლერსისთვის მიუღებელია. როგორც კი სამხრეთამერიკელი ლაპარაკს იწყებს, სოლერსი და დევადი ფიქრობენ, ჩვენი სტუმარი შერეკილი ხომ არააო, თუმცა, სულის სიღრმეში, სოლერსი ოთხმოცი პროცენტით ეთანხმება სამხრეთამერიკელის შეფასებას. და, რადგანაც ვერ წარმოუდგენია, რომ სამხრეთამერიკელი შეიძლება დასცინოდეს, ამიტომ საუბარი მეგობრულად მიმდინარეობს, გარკვეული დროის განმავლობაში მაინც. სამხრეთამერიკელი საუბრობს იულია კრისტევას შესახებ (და თვალს უკრავს სოლერსს, როდესაც ახსენებს “შესანიშნავ ბულგარელ მეცნიერს”), ახსენებს მარსელენ პლეინეს (რომელსაც უკვე შეხვდა) და დენი როშს (რომლის ნაშრომების თარგმნასაც აპირებს). დევადი სტუმარს ცალყბა ღიმილით უსმენს. სოლერსი უსმენს და დროდადრო თავს უქნევს. სულ უფრო მეტად სწყინდება. უეცრად დერეფანში ფეხის ხმა გაისმის, კარი იღება და შემოდის კარლა დევადი, რომელსაც ველვეტის ვიწრო შარვალი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. მარკ დევადი სკამიდან დგება; კარლა და მარკი ჩურჩულით ესაუბრებიან ერთმანეთს. სამხრეთამერიკელი ჩუმდება; სოლერსი მექანიკურად ფურცლავს ინგლისურ ჟურნალს. სამხრეთამერიკელი სკამიდან დგება და გადაჭარბებული თავაზიანობით ეცნობა ახალშემოსულს. საუბარი მაშინვე გრძელდება, მაგრამ სამხრეთამერიკელის ლაყბობა ახალი მიმართულებით წარიმართება. ის ხოტბას ასხამს ფრანგი ქალების უზადო სილამაზესა და გრაციას. აქ სოლერსი მთლიანად კარგავს ინტერესს მის მიმართ. ვიზიტი მთავრდება: სოლერსი საათს უყურებს და ამბობს, რომ უკვე გვიანაა; დევადი სამხრეთამერიკელს კარს უჩვენებს, ხელს ართმევს და სტუმარი, იმის ნაცვლად, რომ ლიფტს დაუცადოს, კიბეზე ჩარბის. მეორე სართულის ბაქანზე ის მარი-ტერეზა რევეიეს ეჯახება. სამხრეთამერიკელი ხმამაღლა (ესპანურად) ილანძღება. ორივენი ბოდიშს იხდიან. ისინი უყურებენ ერთმანეთს და მარი-ტერეზა ამჩნევს, რომ სამხრეთამერიკელი შიშითა და ძრწოლით იტანჯება.

ამგვარად, ფოტოსურათის გადაღების მომენტში სამხრეთამერიკელი, ანუ Z, კაფეში იმყოფება, და კარლა და მარი-ტერეზა სცნობენ მას. იხსენებენ მას; შესაძლოა, ახლახან შემოვიდა. შესაძლოა, იმ მაგიდის მახლობლად იმყოფება, რომელსაც ჯგუფის წევრები უსხედან და ესალმება მათ. მაგრამ, ამ ორი ქალის გარდა, არავის ახსოვს, ვინაა ის; რა თქმა უნდა, ასე ძალზე ხშირად ხდება ხოლმე. მაგრამ ამგვარ მოპყრობას სამხრეთამერიკელი უდრტვინველად ვერ აიტანს. ის აქ დგას. მაგიდისგან მარცხნივ, რამდენიმე სამხრეთამერიკელ მეგობართან ერთად, ან, შესაძლოა, უცდის მათ, და აღშფოთებულია სინათლის ქალაქის გულგრილობითა და აგდებული დამოკიდებულებით, ღვარძლითა და გულგრილობით. ამასთან, კარლა დევადს ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს ის სამხრეთამერიკელის უფროსი და იყოს და უნდა დაიცვას თავისი ძმა, ხოლო მარი-ტერეზა რევეიეს სამხრეთამერიკელი ბუნდოვან ეროტიკულ სურვილებს უღვიძებს.

შემდეგ კვლავ დგება ღამე, ფოტოსურათის გამოსახულებები მქრქალდება; და სოლერსი მუშაობს თავის კაბინეტში; მუშაობს კრისტევაც, იქვე, თავის კაბინეტში. ესაა ბგერათშეუღწევადი კაბინეტები და ცოლ-ქმარს არ ესმის ერთმანეთის საბეჭდი მანქანების კაკუნი, არც სკამიდან ადგომის ხმა, როდესაც ისინი წიგნებში ციტატებს ეძებენ, არც ხველება; ხოლო კარლა და მარკ დევადები კინოთეატრიდან გამოდიან (მათ ნახეს რივეტის ფილმი), დუმან, თუმცა, ესალმებიან ნაცნობებს; ხოლო ჟ.-ჟ. გუ შეექცევა თავის ღარიბულ ვახშამს – პურს, პაშტეტს, ყველსა და ერთი ჭიქა ღვინოს; ხოლო გიიოტა აშიშვლებს მარი-ტერეზა რევეიეს და დივანისკენ ისეთი გააფთრებით ისვრის, რომ მარი-ტერეზა წამით ჰაერში ყოვნდება, როგორც ვნების ქსელში გაბმული ჭრელი პეპელა; ხოლო ანრიკი მიწისქვეშა გარაჟში ჩადის და კვლავ ჩერდება, როდესაც ქრება ნათურები, თავდაპირველად ქუჩაში გამავალი კარის თავზე, შემდეგ კი – მთელს გარაჟშიც; გარაჟის შორეულ კუთხეში უმწეოდ ციმციმებს ერთადერთი ნათურა, რომელიც ანათებს ანრიკის ჭრელ ჰონდას, შემდეგ ისიც ქრება; ანრიკს ეჩვენება, რომ მისი მოტოციკლი ასურელთა ღმერთს წააგავს და გრძნობს, რომ ფეხები აღარ ემორჩილება; ხოლო მარი-ტერეზა თვალებს ხუჭავს, ერთი ფეხი დივანზე უდევს, მეორე – ხალიჩაზე, გიიოტა კი მას თავის პატარა ძუკნას უწოდებს; ხოლო ჟ.-ჟ. გუ მაგიდას უზის, პურის ნაჭერზე პაშტეტს უსვამს, შემდეგ პირთან მიაქვს და ღეჭავს, თავდაპირველად მარჯვენა ყბით, შემდეგ კი – მარცხენათი. წინ რობერ პენჟეს რომანი უდევს, რომელიც მეორე გვერდზეა გადაშლილი. ტელევიზორი გამორთულია, მაგრამ მის ეკრანზე ირეკლება ფაფუკლოყებიანი ჟ.-ჟ., რომელიც უაზრო გამომეტყველებით შეექცევა ვახშამს; ხოლო კარლა დევადი და მარკ დევადი სიყვარულს მისცემიან ერთადერთი ნათურის შუქზე, რომელსაც ისინი, ჩვეულებრივ, არ აქრობენ; კარლა კვნესის და ცდილობს არ შეხედოს თავისი ქმრის სახეს, ქერა (ახლა აწეწილ) თმას, ცისფერ თვალებს, ფართო და მშვიდ სახეს, ნატიფ, მოვლილ ხელებს, რომლებიც ქალის თეძოებს ჩაბღაუჭებიან; ხოლო კრისტევა და სოლერსი დაძინებას აპირებენ; თავდაპირველად იძინებს კრისტევა, რომელსაც მომდევნო დილას ლექციები აქვს, შემდეგ კი – სოლერსი; ორივენი კითხულობენ წიგნებს, სანამ ძილი მოერეოდეთ; ფილიპ სოლერსს ესიზმრება, რომ ის ბრეტანში იმყოფება და ზღვის ნაპირას ბოლთას სცემს მეცნიერთან ერთად, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა გაანადგუროს მთელი სამყარო; შემდეგ ისინი დასავლეთის მიმართულებით გაემართებიან ამ გრძელ, უკაცრიელ სანაპიროზე, რომელსაც შავი ქარაფები ესაზღვრება, და უეცრად სოლერსი მიხვდება, რომ ეს მეცნიერი (რომელიც ლაპარაკობს და განმარტავს) თვითონაა, ხოლო გვერდით მიმავალი კაცი მკვლელია; ამას მაშინ მიხვდება, როდესაც ძირს – სველსა და ბლანტ ქვიშაზე დაიხედავს და შეამჩნევს, რომ კიბორჩხალები აქეთ-იქით გარბიან, მაგრამ ორი მათგანის ანაბეჭდი ქვიშაზე რჩება (ამაში გარკვეული ლოგიკაა: მკვლელის დადგენა მისი ნაკვალევის მიხედვით); ხოლო იულია კრისტევას ესიზმრება პატარა ქალაქი გერმანიაში, სადაც წლების წინ სემინარში მონაწილეობდა; ის იხილავს ქალაქის გაკრიალებულსა და ცარიელს ქუჩებს და სკვერში გაიგონებს ფრინველის შორეულ ჟღურტულს და დაინტერესდება, ფრინველი გალიაშია თუ თავისუფლად დაფრინავს; იგრძნობს, როგორ მოელამუნება სახეზე ნიავი, რომელიც არც ცხელია და არც ცივი, და ლავანდისა და ფორთოხლის სურნელი აქვს. შემდეგ გაახსენდება თვით სემინარი და საათს დახედავს, მაგრამ ის გაჩერებული იქნება.

ამგვარად, სამხრეთამერიკელი ფოტოსურათის საზღვრებს გარეთ იმყოფება – უბიწო და მაცდურ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც გიიოტას მზერის ობიექტი – უცნობი ქალი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სილამაზითაა შეიარაღებული. ისინი ერთმანეთს არ უყურებენ, ერთმანეთისთვის მხოლოდ აჩრდილებს წარმოადგენენ და მხოლოდ მოკლე ხნით ეზიარნენ ერთსა და იმავე სახიფათო სივრცეს – პარიზის ყველგანმყოფ თეატრს. სავსებით შესაძლებელია, რომ სამხრეთამერიკელი კაცი მკვლელი იყოს. შესაძლოა, თავის ქვეყანაში დაბრუნებისას (და არა აქ) მის მფლობელობაში იყოს მხოლოდ სისხლი, რომლის დაღვრაც მას ძალუძს. ეს პოლ პოტი არავის მოკლავს პარიზში. რეალურად, ტეგუსიგალპასა ან სან-სალვადორში დაბრუნებისას ის, ალბათ, ბოლოს, უნივერსიტეტში დაიწყებს მუშაობას. რაც შეეხება უცნობ ქალს, ის გიიოტასეულ აზბესტის ქსელში არ გაებმება. ეს ქალი ბარში იმყოფება და უცდის მამაკაცს, რომელსაც მალე ცოლად გაჰყვება (მას ან სხვას), და ეს ქორწინება უიღბლო იქნება. ლიტერატურა ამ ლიტერატურულ არსებებს ჩაუვლის და ეამბორება, მაგრამ ისინი ამას ვერც კი შეამჩნევენ.

რესტორნის თუ კაფეს გაბოლილი სექციის სხვადყოფნად წარმოგვიდგება სოლერსის მიღმა არსებული სივრცე. იქ ვხედავთ სამ მამაკაცს, რომელთა სახეებსაც ფრაგმენტულად აღვიქვამთ: მარცხნივ მდგარი მამაკაცის შუბლს, ცალ წარბს, ყურის ბიბილოს უკანა ნაწილს, კეფას; მარჯვნივ მდგარი კაცის შუბლის მცირე ნაწილს, ლოყასა და შავი თმის კულულს; შუაში მდგარი კაცის შუბლს, რომელსაც სამი ნაოჭი აჩნევია, წარბებს, ცხვირის ფუძეს და შუბლზე ჩამოშლილ თმას. მათ უკან მოჩანს მინის პანელი, ხოლო პანელის მიღმა – მრავალი ადამიანი, რომლებიც კიოსკებსა და საგამოფენო სტენდებს შორის დადიან და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ მათ. ჩვენი პერსონაჟები და სტენდების დამთვალიერებლები ერთმანეთს ვერ ამჩნევენ, თუ არ ჩავთვლით მრგვალსახიან ბავშვს, რომელსაც ძალზე ვიწრო ჟაკეტი აცვია და კაფესკენ იყურება, თითქოს ესოდენ შორ მანძილზე შეუძლია დააკვირდეს ყველაფერს, რაც კაფეში ხდება, ეს კი შეუძლებელია.

მარჯვენა კუთხეში მოჩანს კაცი, რომელიც იცდის, და კაცი, რომელიც მას უსმენს. ამ უკანასკნელის სახე მარკ დევადის ქერათმიანი თავის ზემოთ ილანდება. გამხდარია, ხშირი შავი თმა და მსხვილი წარბები აქვს. ცალ ხელში (რომელსაც მარჯვენა საფეთქლით ეყრდნობა) სიგარეტი უჭირავს. კვამლის სპირალი ჭერამდე აღწევს და მოჩვენებას წააგავს. ტელეკინეზი. ექსპერტი წამიერად განსაზღვრავდა სიგარეტის მარკას, რომელსაც ის ეწევა. რა თქმა უნდა, “გოლუაზია”. ის ობიექტივში კი არა, მარჯვნივ იყურება – ესე იგი, თითქოს ვერ ამჩნევს, რომ ფოტოსურათს უღებენ, მაგრამ საგანგებო პოზა მიუღია.

თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ გიიოტას კისრიდან, სიმსივნის მსგავსად, რაღაც ამოშვერილა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ცხვირი, შეჭმუხნილი შუბლი და ზედა ტუჩის კონტური – პროფილი ადამიანისა, რომელიც იმავე მიმართულები იყურება, რომლითაც – მწეველი კაცი. თუმცა, მათი მზერა განსხვავებულია.

ფოტოსურათი უკვე ამომწურავად აღვწერეთ. დაგვრჩა მხოლოდ “გოლუაზის” კვამლი, რომელიც ჰაერში ირიბად ადის, ისე, თითქოს ფოტოაპარატის სამიზნებელი უეცრად მარჯვნივ, შემთხვევითობის შავი ხვრელისკენ გადაქანდა; ხოლო სოლერსი უეცრად ჩერდება ქუჩაში, ვაგრამის მოედნის მახლობლად და ხვდება, რომ თავისი ბლოკნოტი სადღაც დატოვა ან დაკარგა; ხოლო მარი-ტერეზა რევეიე მალერბის ბულვარზე, ვაგრამის მოედნის მახლობლად მისეირნობს; ხოლო ჟ.-ჟ. გუ ტელეფონით ესაუბრება მარკ დევადს (ჟ.-ჟ.-ს ხმა უთრთის, დევადი დუმს); ხოლო გიიოტა და ანრიკი სენტ-ანდრეს ქუჩაზე მიაბიჯებენ და შემთხვევით ხვდებიან კარლა დევადს, რომელიც მათ ესალმება და უერთდება; ხოლო იულია კრისტევა აუდიტორიიდან გამოდის სტუდენტთა თანხლებით, რომელთა შორის ბევრი უცხოელია (ორი ესპანელი, მექსიკელი, იტალიელი, ორი გერმანელი), ხოლო ფოტოსურათი კიდევ ერთხელ განზავდება არყოფნაში.

შიშისმომგვრელი რიჟრაჟი. ისინი თითქმის გამჭვირვალე თვალებს ახელენ. რუხი ფერის პიჟამაში გამოწყობილი მარკ დევადი თავის საწოლში ოცნებობს გონკურების აკადემიის შესახებ; ჟ.-ჟ. გუ თავისი ფანჯრიდან გაჰყურებს ღრუბლებს და ფიქრობს, რომ ისინი ვერ შეედრება პისაროს მიერ დახატულ ღრუბლებს ან იმ ღრუბლებს, თვითონ რომ იხილა ღამეულ კოშმარში; იულია კრისტევას სძინავს და მისი მშვიდი სახე ასურულ ნიღაბს წააგავს. როდესაც ეღვიძება, ფილიპ სოლერსი სამზარეულოში ნიჟარაზეა დაყრდნობილი და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითიდან სისხლი სდის. კარლა დევადი თავისი ბინისკენ იჩქარის, მას შემდეგ, რაც ღამე გიიოტასთან გაატარა. მარი-ტერეზა რევეიე ყავას ხარშავს და თან წიგნს კითხულობს. ჟაკ ანრიკი ჩაბნელებულ გარაჟში მიაბიჯებს, სადაც მისი ფეხის ხმის ექო გაისმის.

მას წარმოუდგება ფორმების სამყარო, მოესმის შორეული ხმების ექო. შიში ისე უახლოვდება, როგორც უახლოვდება ხოლმე ქარი ამა თუ იმ დედაქალაქს. ანრიკი ჩერდება. გული ძალუმად უცემს. ცოტა ხნის წინ ჩრდილებსა და სილუეტებს მაინც არჩევდა გარაჟის შორეულ კუთხეში, ახლა კი აქ ჰერმეტული წყვდიადია, ისეთი, როგორიც – ღრმად ჩაფლულ ცარიელ კუბოში. ანრიკი ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს. გულისცემა თანდათან უნელდება. მეხსიერება გასული დღის სურათებს წარმოუდგენს. ის იხსენებს გიიოტას, რომელიც ფარულად მოსწონს, თუმცა ვითომდა ეარშიყება კარლას. კიდევ ერთხელ ხედავს მათ მომღიმარ სახეებს, იმას, თუ როგორ მიდიან ქუჩაში, სადაც ყვითელი შუქი სრულიად უსისტემოდ, დროდადრო ანათებს ამა თუ იმ საგანს. თუმცა, ანრიკმა კარგად იცის, რომ მიზეზშედეგობრიობა ყველაფერშია და რომ ადამიანის ბუნება ძალზე ცოტა ადგილს ტოვებს შემთხვევითობისთვის. ანრიკი თავის ბოქვენს ეხება. ამ მოძრაობით გაოგნებულია. ერექციის მიუხედავად, არავითარ სექსუალურ აღგზნებას არ განიცდის.

© არილი

Facebook Comments Box