კრებულიდან “ამერიკული ლიტერატურა და სხვა ესეები”
Leggere. La letteratura americana e altri saggi: © 1968, 1991 e 2014 Giulio Einaudi editore S.p.A., Torino
იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
აუცილებელია, მუდამ შევახსენოთ მწერლებს მკაფიოობა, სიმარტივე, იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც არ წერენ, მაგრამ ხანდახან ეჭვი გიჩნდება, რომ კითხვა ყველას არ შეუძლია. კითხვას რა უნდაო, იტყვის ის, ვინც ისეა გაშინაურებული წიგნთან, რომ ნაწერი სიტყვისადმი არანაირი პატივისცემა აღარ შერჩენია. მაგრამ როცა წიგნს გადაშლის ადამიანი, რომელსაც ადამიანებთან, საგნებთან უფრო უწევს შეხება, ვიდრე წიგნებთან, რომელიც უთენია გადის სახლიდან და გვიან ბრუნდება, დაღლილი და გაუხეშებული, ის ხვდება, რომ რაღაც რთული, უჩვეულო, ბუნდოვანი და თან ძალიან ძლიერი უჭირავს ხელში; რაღაც, რაც აფრთხობს, აშინებს. ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ სწორედ ასეთი ადამიანია უფრო ახლოს კითხვის ჭეშმარიტ არსთან, ვიდრე წიგნიერი.
წიგნებს, ისევე, როგორც ადამიანებს, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე, რომ კერპად, ანუ საკუთარივე სიზარმაცის ინსტრუმენტად არ ვაქციოთ ისინი. ამ თვალსაზრისით ადამიანს, რომლისთვისაც წიგნი ყოველდღიურობის ნაწილი არაა, რომლისთვისაც წიგნის გადაშლა ძალისხმევაა, მოკრძალების, თავმდაბლობის ულევი რესურსი აქვს, გაუცნობიერებელი ძალის საოცარი მარაგი (და მხოლოდ ასეთი ძალაა ნამდვილი და ღირებული), რომელიც საშუალებას აძლევს, ისეთი მოწიწებითა და გულისფანცქალით ჩაუკვირდეს სიტყვებს, როგორსაც განსაკუთრებული, ძვირფასი ადამიანის სიახლოვე იწვევს. და ეს შეგრძნება ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი “კულტურა”. უფრო მეტიც, სწორედ ესაა ნამდვილი კულტურა: სხვისი გაგების, სხვისი შეყვარების მოთხოვნილება, რაც სინამდვილეში საკუთარი თავის გაგებისა და შეყვარების ერთადერთი საშუალებაცაა. კულტურა სწორედ აქ იწყება. წიგნი ადამიანი არაა, წიგნი ადამიანამდე მიღწევის საშუალებაა. ვისაც წიგნი უყვარს, მაგრამ არ უყვარს ადამიანი, ან სულელია, ან დაწყევლილი.
კითხვას – ისევე, როგორც ადამიანის არსებობის ნებისმიერ სფეროს – ერთადერთი რამ აბრკოლებს: ზედმეტი თავდაჯერება, მოკრძალების უკმარისობა, სხვისი, უბრალოდ განსხვავებულის, მიღების უუნარობა. ყოველთვის მტკივნეული, ძნელი ასატანია, გააცნობიერო, რომ ვიღაცამ შენგან განსხვავებული რამ დაინახა. შეიძლება, შენზე მეტიც, ან უფრო შეუმჩნეველი, მთავარია – განსხვავებული. ადამიანი პაწაწინა, უბადრუკი არსებაა. გაოცება ბავშვივით გვახარებს, მაგრამ არა – მეტისმეტი. როცა გაოცება გაოგნებაში გადაიზრდება, გვაბნევს, წონასწორობას გვაკარგვინებს (სანაცვლოდ შეიძლება რაღაც ახალ წონასწორობას გვთავაზობდეს, მაგრამ ის ყოველთვის მყიფედ და არასანდოდ მოგვეჩვენება). ვჯანყდებით, წინააღმდეგობას ვიჩენთ, ფეხებს ვაბაკუნებთ: მართლა ბავშვებად გადავიქცევით. არადა, ბავშვის აღარც გულწრფელობა გვაქვს და აღარც სისუფთავე.
სამწუხაროდ, რაღაც ყველას წაგვიკითხავს. ცნობილია, რომ წვრილი ბურჟუა უფრო ებღაუჭება და თავგადაკლული იცავს ყალბ გარეგნულ ფორმებსა და კლასობრივ შეხედულებებს, ვიდრე გამჭრიახი, თავგადასავლების მაძიებელი დიდგვაროვანი. ასეა უვიციც: უვიცი, რომელსაც რაღაც წაუკითხავს, ბრმად ებღაუჭება მოწონება-არმოწონებას, ბანალურობას, სტერეოტიპებს, რომლებიც წაკითხულიდან ამოკრიბა და შეითვისა და მომავალში, თუ კიდევ შემოეკითხა რამე, ყველაფერს ამ საზომით გაკიცხავს ან მოიწონებს. ბანალურ ხედვაზე მობღაუჭება, მისი გათავისება ძალიან ადვილია, რადგან ზუსტად იცი, რომ უმრავლესობა შენს მხარეს იქნება. კომფორტულია, დაიჯერო, რომ უკვე ყოველგვარი ძალისხმევა გაღებულია და საბოლოოდ გაცხადებულია მშვენიერებაც, ჭეშმარიტებაც, სამართლიანობაც. მოხერხებულია და თან ლაჩრული. ეს იგივეა, მოწყალებისა და კაცთმოყვარეობის მარადიული და ცოტა არ იყოს, შიშისმომგვრელი ვალი დროდადრო მათხოვრისთვის რამდენიმე გროშის მიგდებით მოიხადო. პატივისცემისა და თავმდაბლობის გარეშე ისევ არაფერი გამოვა: თავმდაბლობისა, რომელიც საკუთარი სიამაყითა და სიზარმაცით დახშულ კარს გვიღებს და პატივისცემის, რომელიც სხვის, განსხვავებულის, უბრალოდ მოყვასის, ღირსებას დაგვანახვებს.
ხშირად ლაპარაკობენ წიგნებზე. ცნობილია, რომ რაც უფრო ჩუმი, კამკამა ხმით მეტყველებს წიგნი, ავტორის მით მეტი ტკივილი და განცდა დევს მასში. ასე რომ, აზრი არ აქვს წიგნში ჩხრეკას, თუ ჯერ საკუთარი საფასური არ გაქვს გაღებული. კითხვა ადვილი არაა. ხშირად ნასწავლი, გემოვნებიანი, ვისთვისაც ცოდნის სამყარო საკუთარი სახლია და ვისაც კითხვის დროც აქვს და საშუალებაც, სულგამოცლილი, მკვდარია ადამიანის სიყვარულისთვის, ჯავშანგადაკრული, გახისტებული და წიგნიერთა კასტურ ეგოიზმში ჩაკირული. მას კი, ვინც ხარბად ელტვის აზროვნების, ფანტაზიის სამყაროს, ვისაც სიცოცხლესავით სწყურია ცოდნა, ხშირად არაფრის საშუალება არ აქვს: თვითგამოხატვის ანა-ბანაც კი არ იცის და თან არც დრო აქვს და არც ძალა საამისოდ. ან, კიდევ უარესი: გზასაცდენილი, წამხდარია ყალბი ცოდნით, პროპაგანდით, რომელიც ფასეულობებს უზღუდავს და უმახინჯებს. როცა ადამიანი ფიზიკის, ბუღალტერიის ან გრამატიკის წიგნს გადაშლის, იცის, რომ გარკვეული საწყისის მომზადება, აუცილებელი ცნებების მინიმალური ცოდნაა საჭირო, რომ ამ წიგნიდან სარგებელი მიიღოს. მაგრამ რამდენი აცნობიერებს იმას, რომ ასეთი მარაგი რომანის ან ლექსის წასაკითხადაც საჭიროა? და რომ ეს მარაგი განუზომლად ვრცელი, კომპლექსური, ფაქიზი და ძნელად ხელმოსაჭიდია, არც რომელიმე სახელმძღვანელოში მოიპოვება, არც ბიბლიაში წერია და არც სადმე დაისწავლება? ყველას ჰგონია, რომ რადგან მოთხრობა და ლექსი ფიზიკოსის, ბუღალტრის ან ენათმეცნიერისთვის კი არაა დაწერილი, არამედ ადამიანისთვის, რომელიც ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელშია, ამიტომ იგი ჩვეულებრივი ადამიანური გონებისა და მგრძნობელობისთვის ბუნებრივად გასაგები და ხელმისაწვდომია. სწორედ ესაა შეცდომა. “ადამიანი” ერთია, “ადამიანები” – მეორე. თუმცა, ისიც სულელური მითია, რომ პოეტები, მწერლები და ფილოსოფოსები რაღაც აბსოლუტურ, აბსტრაქტულ ადამიანს მიმართავენ, ზოგადად – ადამიანს. ისინი კონკრეტულ ეპოქასა და პირობებში არსებულ ინდივიდს მოიაზრებენ, რომელსაც კონკრეტული პრობლემები აქვს და თავისებურად ცდილობს მათ მოგვარებას მაშინაც კი (უფრო სწორად, სწორედ მაშინ), როცა რომანს კითხულობს. ამრიგად, რომანის გაგებისთვის აუცილებელია, შესაბამისი ეპოქა და პრომლემები გესმოდეს. ეს კი, პირველ რიგში, გამოხატვის ენების ცოდნას, მათი ნაირგვარობის აღიარების აუცილებლობას გულისხმობს. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მწერალი გარკვეულ სიტყვებს, უჩვეულო ტონალობას, გამოთქმებს, აქცენტებს არჩევს, იმის უფლება მაინც აქვს, სხვა თუ არაფერი, რომელიღაც სხვა, ადრე წაკითხული წიგნის სახელითა და ზეგავლენით არ შეაფასოს და განსაჯოს მკითხველმა, წიგნისა, რომელშიც, შეიძლება, სიტყვებიცა და აქცენტებიც უფრო მოწესრიგებული, უფრო მარტივი და გასაგები (თუნდაც უბრალოდ განსხვავებული) ჩანდა. ენის საკითხი ყველაზე ხილულია, მაგრამ არა ყველაზე მტკივნეული. ცხადია, მწერლის ენა ყოველთვის არის მისი თავისებურების ნაწილი, მაგრამ საკმარისია, ეს ვაღიაროთ, რომ უაღრესად ცოცხალ და კომპლექსურ სამყაროში აღმოვჩნდებით, სადაც თითოეული სიტყვა, აქცენტი თუ მინიშნება ზნეობისა და ეთიკის საკითხი ხდება. უფრო მეტიც, პოლიტიკისაც კი.
ჰოდა, ესეც კმარა. ხელოვნება სერიოზული რამაა, ბატონებო. იმდენად სერიოზული მაინცაა, რამდენადაც მორალი და პოლიტიკა. და თუ ამ ორ უკანასკნელში სავალდებულოა მოკრძალება, მკაფიოობა, სხვათა მიტევება და საკუთარი თავისადმი სიმკაცრე, გაუგებარია, რა უფლებით გვავიწყდება მხატვრული ტექსტის წინაშე, რომ ადამიანები ვართ და რომ ადამიანი გველაპარაკება.
20 ივნისი, 1945.
© არილი