ესე,  კრიტიკა

ემზარ ჯგერენაია – ZOON POLITIKON, შტრიხები ედუარდ შევარდნაძის პორტრეტისათვის

zoon politikon-55

ედუარდ შევარდნაძეს (1928-2014) განგებამ ხანგრძლივი ცხოვრება არგუნა. ის საბჭოთა, კომუნისტური სახელმწიფოს  სიმწიფისა და მიხრწნილების ასაკს მოესწრო და მსოფლიო კომუნისტური სისტემის დასაფლავებაშიც გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სრულებით ახალ რეალობაში – „კაპიტალიზმსა“ და „დემოკრატიაში“ ცხოვრება არგუნა ბედისწერამ. მან საბჭოთა კავშირისა და „პოსტსაბჭოთა საქართველოს“ – „ჩანასახოვანი დემოკრატიის“ – ქვეყნის მოქალაქეობა გამოსცადა.

ედუარდ შევარდნაძის „პატრიარქის ასაკი“ შესაძლებლობას გვაძლევს თვალი გავადევნოთ მთელ მის ცხოვრებას, მოვხაზოთ მისი პოლიტიკური პორტრეტის კონტურები, რომელიც ორი სისტემის მოქალაქეობის ჩარჩოშია მოქცეული.

 ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა (1930-1990) თავის ერთ ლექციაზე თქვა: საბჭოთა კავშირიდან, ისევე როგორც საკუთარი სიზმრებიდან, გამოცდილების გამოტანა შეუძლებელია. მერაბ მამარდაშვილს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ საბჭოთა კავშირი ადამიანის გამოცდილების მრავალგვარობას, მრავალფეროვნებას არათუ არ აძლევდა პრაქტიკულ გასაქანს, არამედ ადამიანურ გამოცდილებათა მრავალფეროვნების ენობრივ, ნარატიულ-თეორიულ გამოვლენასაც ბორკავდა. სიტყვებს საზრისები ჰქონდათ გამოცლილი, ის რასაც ომი უნდა აღენიშნა, „ინტერნაციონალურ დახმარებად“ იწოდებოდა, „სიყვარული“ „სექსუალობის“ გარეშე არსებობდა, ხოლო „მუშურ-გლეხური სახელმწიფო“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანებისათვის შრომას ყოველგვარი საზრისი დაეკარგა. ის, ვინც „კომუნისტურ რწმენაში“ იყო ჩავარდნილი, მართლაც ცხოვრობდა მხოლოდ იდეოლოგიით შემოღობილ ერთგანზომილებიან სამყაროში. მაგრამ შევარდნაძე არ იყო რწმენის ადამიანი, მას არ აწუხებდა ინდოქტრინებული ბოდვითი აშლილობა, ის კონტექსტის ადამიანი იყო.

ერთ სისტემაში დაგროვილი გამოცდილების მეორეში გადატანას საუკეთესოდ მხოლოდ ის ახერხებს, ვისაც სინამდვილეში არც ძველი სისტემის იდეოლოგიისა სჯერა და არც ახლით არის შთაგონებული. მრწამსის, იდეოლოგიის, პატრიოტიზმისა და ისტორიის მსგავსი ტვირთებისგან თავისუფლება ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკოსისათვის აუცილებელ იმ სიმსუბუქეს და მოქნილობას ანიჭებდა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების მღელვარე და მოულოდნელობით აღსავსე ოკეანეში ცურვისთვის არის აუცილებელი.

სხვაგვარად წარმოუდგენელია ედუარდ შევარდნაძეს დაეძლია შექმნილი ვითარების კომიკურობა, რომელშიაც საბჭოთა სახელმწიფოს “მიძინების” შემდეგ თვითვე აღმოჩნდა: ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმომადგენლებს ე.წ. “დელეცებს”, “ცეხავიკებს” და “კომბინატორებს”, რომელთაც ის  რამდენიმე წლის წინ კომუნისტურ საქართველოში სასტიკად დევნიდა, პოსტსაბჭოთა საქართველოში თვალსა და ხელს შუა “მეწარმეებად” და “მრეწველებად” გარდაქმნა მოესწროთ, ხოლო კომუნისტურ ინტელიგენციის მხარდაჭერილ კანონიერ ქურდებს პოლიტიკოსთა, ხალხის წინამძღოლთა კვერთხი აეღოთ ხელში. სოციალურ სტრუქტურაში მომხდარი ასეთი ტრანსფორმაცია მას აიძულებდა “გუშინდელთა” ახალი სოციალური როლები სერიოზულად აღექვა და ახალი ვითარებით მოსარგებლეთა წესების გარეშე ბრძოლა ძალთა ბალანსის პოლიტიკით მოეგვარებინა. თუმცა ცხადი იყო, რომ ძალთა ბალანსის პოლიტიკა პოლიტიკაში ჩაბმულ სუბიექტებსა და პარტიისმაგვარ წარმონაქმნებს შორის კონფლიქტის რაციონალური გზით გადაწყვეტას კი არ უწყობდა ხელს, არამედ მის კონსერვაციას უფრო უზრუნველყოფდა. და მიუხედავად ამისა, ბალანსის პოლიტიკას ამოფარებულმა მოახერხა პოლიტიკიდან ჩამოეშორებინა უახლესი ქართული ისტორიის “შავი წლების” შემოქმედნი: ჯაბა იოსელიანი და მისი მხარდამჭერნი.

მრწამსის დაცვის წმინდათაწმინდა უფლება მან დაუბრუნა კომუნისტურ ინტელიგენციას, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მმართველობისას ამ უფლების დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნო და ამით ინტელიგენციას კომუნისტური რეჟიმის მიერ დაწესებული სტატუსი და პატივი აღუდგინა. ამგვარი მოქმედებით ედუარდ შევარდნაძემ ინტელიგენციას ძველი სათამაშო მისცა ხელში, ხოლო პოლიტიკა ინტელექტუალური ბოდვებისაგან გაათავისუფლა.

ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 80-იან წლებში მიხვდა, თუ „საითკენ უბერავდა ქარი“ და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა კლიმატის განმსაზღვრელთა წრეში (პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი – 1985) მოხვედრილიყო და ამისათვის უკვე ძირმომპალი სისტემის ყველა მეთოდი გამოიყენა. ხუთწლედი გეგმების გადაჭარბებით შესრულებით, „მავნე ტრადიციებთან“ და კორუფციასთან ბრძოლით, „აბაშის ექსპერიმენტითა“ და კიდევ მრავალი სხვა „საბჭოთა ინოვაციით“ კრემლის თვალში მადლი ჰპოვა.

პოლიტიკური ქარის მიმართულების გამოცნობის ალღო, პოლიტიკური კლიმატის ცვლილებებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ტაროსის შეგრძნება მას პლატონის პოლიტიკოსის იდეალთან, „გემის მესაჭესთან“, აახლოვებდა, ხოლო მისი მოქნილობა და გამბედაობა (1978 წელს ქართული ენის დასაცავად გამართული მიტინგის მხარდაჭერა, 1992, 1995, 1998 წლების თავდასხმებში ემოციური მდგრადობის შენარჩუნება) ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) მიერ პოლიტიკოსისათვის აუცილებლობად მიჩნეული „ლომისა“ და „მელიის“ ხასიათის არაჩვეულებრივ სინთეზს იძლეოდა. მას უხვად ჰქონდა მომადლებული ის თვისება, რომელსაც მაკიაველი virtù-ს, ზოგადად „სათნოებას“, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, „ძალას“, „გამბედაობას“, „შრომისმოყვარეობა/სიყოჩაღეს“ უწოდებდა. „თეთრი მელა“ – დიპლომატიურ წრეებში მისთვის შერქმეული მეტსახელი და შემდგომ ხალხში ფართოდ გავრცელებული – მისი პოლიტიკური პორტრეტის ზუსტი გამოხატულება იყო. ედუარდ შევარდნაძის მთავარ ღირსებად უნდა მივიჩნიოთ, რომ მას შინაგანი ცხოვრება არ გააჩნდა და თუ გააჩნდა, ის სრულებით უჩინარი და უცნობი იყო საზოგადოებისათვის. ის უაღრესად ზედაპირული ადამიანი იყო ამ სიტყვის ყველაზე მაღალი აზრით.

ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის პიროვნებას, ერთი შეხედვით, კარგად დაახასიათებდა ცნობილი გერმანელი სოციოლოგის, მაქს ვებერის (1864-1920) ორი კონცეპტი: მრწამსის ეთიკა (Gesinnungsethik) და პასუხისმგებლობის ეთიკა (Verantwortungsethik) (მ. ვებერის მოხსენება: Politik als Beruf, 1919).

მრწამსის ეთიკის პოლიტიკოსი ყოველთვის გარკვეული მრწამსით, მისიით, თეორიით, გნებავთ, ესქატოლოგიური წარმოდგენებით მოქმედებს. მისი მთავარი პრინციპია: „სამყარო რომც დაინგრეს, ჩემი ღირებულებები უნდა განხორციელდეს“. მრწამსის ეთიკის საფუძველზე მოქმედი პოლიტიკოსები თითქმის ყოველთვის კარგავენ რეალობის, კონტექსტის განცდას და საბოლოოდ ისე ასრულებენ პოლიტიკურ კარიერას, როგორც დაამთავრეს ჯიროლამო სავონაროლამ (1452-1498) ან, გნებავთ, ადოლფ ჰიტლერმა (1889-1945).

სხვაგვარად იქცევა პასუხისმგებლობის ეთიკით მოქმედი პოლიტიკოსი. ის ყოველთვის აანალიზებს საჭადრაკო დაფაზე ფიგურების განლაგებას. მისი მთავარი კითხვებია: რა შეიძლება მოყვეს ჩემს ქმედებას? როგორ მოიქცევიან სხვები, თუ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ? ჩემი ქმედება ზიანს ხომ არ მოუტანს სხვებს? მაგრამ არა! ედუარდ შევარდნაძე სინამდვილეში პრაგმატიკოსი და ეთიკებისაგან თავისუფალი ადამიანი იყო. მას არ ჰქონდა „უკვდავი ცოდნა“, არ ცნობდა უკვდავ სახელებს, მისი ღმერთი იყო დრო, ხოლო მისი დევიზი – „ახლა ასეა საჭირო“! ძალაუფლების თეორიტიკოსთა “ჭკუის სწავლებანი” (თუკი მათი არსებობის შესახებ საერთოდაც იცოდა) მას უსათუოდ ირონიულს თუ არა, მოწყალე ღიმილს მაინც მოჰგვრიდა; ღიმილს, რომელიც მილიარდერს აქვს ხოლმე, როცა ეკონომიკის პროფესორის ლექციას ისმენს.

ედუარდ შევარდნაძის წინაშე არასოდეს იდგა ისეთი დილემა, როგორიც კონრად ადენაუერს (1876-1967) ჰქონდა. კონრად ადენაუერი ერთგან ამბობდა: „…მაგრამ ადამიანი ბჭობს, გეგმებს სახავს, და შემდეგ რაღაც სხვა ძალა აიყვანს მას და ატარებს. ვფიქრობ, ადამიანი ვერაფერს გააკეთებს უკეთესს, თუ არა თავი ამართვინოს ამ ძალას, რათა გადაჭრას ყველა დიდი თუ პატარა ამოცანა, რომელიც მას დაეკისრა. ამ ამოცანების გადაჭრა არსებითია ადამიანებისათვის და ასევე არსებითია ქრისტიანისათვის. მაგრამ ამოცანების გადაჭრა ასევე არსებითია პოლიტიკოსისათვისაც, თუმცა, ჩემი გამოცდილებით, პოლიტიკოსები ცუდი ქრისტიანები არიან. მე ჩემს თავს პოლიტიკოსად მივიჩნევ და გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ამ წესს არ ემორჩილებოდეს“[1]. აქ ადენაუერი ერთმანეთს უპირისპირებს ქრისტიანს, რომელიც მორალისა და მრწამსის თანახმად უნდა მოქმედებდეს, როცა კონკრეტული ამოცანის გადაჭრას ცდილობს და პოლიტიკოსს, რომელსაც ყოველთვის როდი აქვს ფუფუნება პრობლემის მოგვარებისას მორალის სფეროში დარჩეს.

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი გამოდგება: 1976 წელს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ამხანაგებო, საქართველოს მზიურ ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი მზე აღმოსავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ამობრწყინდა, ამობრწყინდა ლენინური იდეების მზე, საქართველო სამხრეთის თბილი რესპუბლიკაა, მაგრამ ჭეშმარიტი სითბო ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთიდან, დარიალის ხეობიდან. იგი – ლენინური იდეების სითბო – ჩვენთან მოვიდა ისტორიული საქართველოს სამხედრო გზით, რუსეთ-საქართველოს გზით“[2]. დღეს ამ სიტყვებში ადვილი შესაძლებელია დავინახოთ საქართველოს ორასწლოვანი ტრაგიკული არსებობის (და არა ისტორიის) კონტურები. ერთადერთი არჩევანი – ხმელეთი, ერთადერთი გზა – რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზა და ასტრონომიის ურყევი კანონების მითოსური ამოყირავება როგორც საქართველოს უსუსურობის მეტაფორული გამოხატულება.

მაგრამ გაივლის წლები და ამ სიტყვების ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: „დაახლოებით 2005 წლისთვის, ანუ ჩემი პრეზიდენტობის ვადის ბოლოსთვის, ჩვენ ნატოს კარს დავუკაკუნებთ. არ მითქვამს, რომ კარს გავაღებთ და ნატოში შევიჭრებით. კარგად მესმის, რომ ნატოს წევრობა ქვეყანას ბევრ მოთხოვნას უყენებს, მათ შორის, შეიარაღების მომზადების ხარისხთან, ეკონომიკის მდგომარეობასა და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ნატოს წევრობაზე ვსაუბრობდი, როგორც შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი სტრატეგიული კურსის შესახებ.“[3]

ედუარდ შევარდნაძე არათუ თვით იყო კონტექსტის ადამიანი, არამედ ქვეყნის ახალ საერთაშორისო კონტექსტში მოქცევასაც ცდილობდა. მისთვის სრულებით უცხო იყო იზოლაციონიზმი, რომელსაც ხშირად ქადაგებენ ხოლმე ახალგაზრდა, იმპერიიდან ახალდახსნილი ქვეყნების ლიდერები.  მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა ქვეყნის საერთაშორისო პროექტებში ჩართვასთან, ამ პროექტებისათვის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელოვნების დემონსტრირებასთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ის აღნიშნავდა: „აქ შევიკრიბეთ, რათა ვაშენოთ ევროპის მომავალი, ისეთი ევროპისა, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები. ევროპის კავშირის ეგიდით გამართულ „აღორძინებული დიდი აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ისტორიულ სამიტში ბალტიის სახელმწიფო – პოლონეთიც მონაწილეობდა და ბაქოს დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. ამ მარშრუტის მთელი მონაკვეთები უკვე მუშაობს, მათ შორის, ბათუმისა და ფოთის შავი ზღვის სხვა ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გადასასვლელები და კასპიის ადრეული ნავთობის მილსადენი სუფსის ახალი ტერმინალის გავლით.“[4]

„კავკასია როგორც გეოგრაფიულად, ასევე, კულტურული თვალსაზრისით, ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპამ უკვე აღიარა და კანონიერად სცნო კავკასიელ ხალხთა გულწრფელი სწრაფვა, დაუბრუნდნენ მშობლიურ გარემოს, ჩამოაყალიბონ დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთა უზენაესი პრინციპი პიროვნების თავისუფალი განვითარება, ადამიანის უფლებათა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება. ასეთია ჩვენი ხალხების ურყევი არჩევანი.“[5]

ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ამგვარად გაგებულ ვერსიაში ადვილად გასაგები ხდება მისი პიროვნული ტრანსფორმაცია, რომელიც ირონიულიც იყო და სერიოზულიც. 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე მოინათლა და მან ნათლობის სახელად გიორგი აიღო. ამიერიდან იგი ორი სახელით აღიჭურვა. მისი მხრიდან (და არამარტო მისი მხრიდან) ეს ნათლობა ირონიული ქმედება იყო, რადგან მას დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაულის, სავლეს პავლედ ქცევის მისტერიის, არ სჯეროდა;  და  სერიოზულიც, რადგან ეკლესიაში მან ის სოციალური ინსტიტუტი ამოიცნო, რომელიც მისი ხელისუფლების განმტკიცებას მხოლოდ წაადგებოდა. ნათლობა მას უსათუოდ იმ დროს გაახსენებდა, როცა რეკომენდაციებით აღჭურვილი ყმაწვილი კომუნისტურ პარტიაში შედიოდა (1948). სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ ედუარდ შევარდნაძეს ერთ ანეკდოტს მიაწერენ: „აღსარების შემდეგ მღვდელმა მას სურათის გადაღება სთხოვა. ექსპრეზიდენტი ენთუზიაზმით დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მღვდელს ფოტო აქ გამოადგება, მას კი – იქ.“

ედუარდ შევარდნაძის იუმორი და ამ იუმორის პოლიტიკური იმპლიკაციები ცალკე განსჯის საგანია.

ედუარდ შევარდნაძეს სტალინის ჩრდილი ეცემოდა. მხარდამჭერთა თვალში ის სტალინის მსუბუქ რეინკარნაციას წარმოადგენდა. “დიდი კაცი”, “კაცი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს მასშტაბები არ ჰყოფნის” – ქართველთა პოლიტიკური მითის სათაყვანო პერსონაჟად ქცეულიყო. “დიდი კაცის”, “სამშობლოში ვერდატეულის” ფიგურა ხანგრძლივად კვებავდა ქართულ ნაციონალიზმს და უსახელმწიფოებრიო კულტურისათვის კომპენსატორულ ფუნქციას ასრულებდა: “სახელმწიფო არ გვაქვს, მაგრამ ნახეთ, რა ბუმბერაზ შვილებს ზრდის ქართველი ხალხი”. ეს გაუკუღმართებული სიამაყე ედო საფუძვლად საკუთარი წესრიგის შექმნის უუნარობას, საკუთარი თავისადმი უნდობლობას და გარედან “გამოგზავნილის” მოლოდინს. შევარდნაძის ფიგურა ამ მოდელში სრულებით თავსდებოდა. ის კვებავდა მის პოლიტიკურ კაპიტალსაც და მისი, როგორც ხელისუფლის ლეგიტიმაციასაც უზრუნველყოფდა.

ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკოსის სამ აუცილებელ თვისებათა – ნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და წინდახედულება/სიფრთხილე (მ. ვებერი) – შორის ძალაუფლების ნება ყველაზე მოჭარბებულად ჰქონდა. მისთვის ძალაუფლება იყო არა ფლობის საგანი, არამედ პროცესის ნაწილი. მან იცოდა, რომ შეუძლებელია ძალაუფლების „პყრობა“, მისი ნივთივით ფლობა, რადგან მთელი სოციალური სამყარო ძალაუფლების ნებით არის გაჟღენთილი. ძალაუფლება ყველგან და ყველაფერშია. ზოგს მეტი ძალაუფლება აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ მეტიცა და ნაკლებიც ერთმანეთთან ინტერაქციაში, პროცესში იძენს აზრს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ედუარდ შევარდნაძე საკუთარ ძალაუფლებას ყოველთვის სხვათა ძალაუფლების ფონზე აღიქვამდა.

პოლიტიკოსისათვის ოდენ virtù (ძალა, გამბედაობა, შრომისმოყვარეობა/სიყოჩაღე) როდია საკმარისი. აუცილებელია, Fortuna-მაც (ბედისწერის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში) გაუღიმოს. პოლიტიკის ენაზე „ფორტუნა“ ხალხის განწყობას ნიშნავს. ისევე, როგორც შეუძლებელია ქალღმერთ ფორტუნას გუნება-განწყობის განჭვრეტა, ასევე შეუძლებელია ხალხის ცვალებადი ხასიათის გამოცნობა. ხალხის განწყობა პოლიტიკოსის ბედისწერაა. რაზე გაბრაზდება ხალხი, რა მოეწონება, რის გამო მიგატოვებს – ისევე გამოუცნობი და იდუმალებითაა მოცული, როგორც ქალღმერთ ფორტუნას წყალობა თუ მრისხანება. დემოკრატიულ საზოგადოებაში „ხალხის-ფორტუნის“ მუდმივი კეთილგანწყობის შენარჩუნება პოლიტიკოსის დაუძლეველი ამოცანაა. ფორტუნამ ედუარდ შევარდნაძესაც უმტყუნა. მან უკვე იცოდა, თუ რა ერქვა „ხალხი-ფორტუნას“ უზენაესი ნების გამომხატველს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „მიხეილ სააკაშვილი უაღრესად საინტერესო და პერსპექტიულ ახალგაზრდა მოღვაწედ მიმაჩნია… ამასთან, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ასპარეზზე გამოვიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მთელი პლეადა, რაც დიდ იმედებს და რწმენას გვინერგავს, და ჩემდათავად ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ იმისათვის, რომ რამდენადაც შემიძლია, დავეხმარო მათ ამ ზრდასა და ფორმირების პროცესში.“[6] ამ სიტყვებით მან, ჯერ ერთი, ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის გზა დაიტოვა (“დავეხმარო მათ ამ ზრდა­სა და ფორმირების პროცესში“); მეორე, “ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მთელი პლეადა” საკუთარი პოლიტიკური კულტურის  მემკვიდრეებად გამოაცხადა; მესამე, ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისა და პოლიტიკურ ოპონენტთა თანაარსებობის ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.

მშობლიურ მამათში ფეხის ადგმიდან მოყოლებული ედუარდ შევარდნაძე არასოდეს ყოფილა წარუმატებელი (თუ წარმატებაში ძალაუფლებაში მუდმივ ყოფნას ვიგულისხმებთ). პრაქტიკულად მან ყველა დაბრკოლება გადალახა, თუმცა სოხუმის დაცემამ მას როგორც არა მხო­ლოდ პოლიტიკოსს, არამედ როგორც ადამიანს ღრმა ტკივილი განაცდევინა. ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებას მისი მომხრეები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებას უკავშირებდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. საბჭოთა იმპერიის მემკვიდრემ, ახალმა რუსულმა იმპერიამ ედუარ შევარდნაძე ძველი იდეალების ღალატის, შესაძლოა, სულაც ბოროტების იმპერიის დანგრევაში მიღებული წვლილის  გამო დასაჯა.  მას აშკარად არ სურდა თავისი პატარა და მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიაში „აფხაზეთის დამკარგავის“ სახელით დარჩენილიყო. ამიტომ პოლიტიკოსისათვის უჩვეულო გულწრფელობით საუბრობდა აფხაზეთის პრობლემაზე როგორც ქართველებისა და აფხაზების საერთო სატკივარზე: „ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩემთვის უმძიმესი მტკივნეული თემა – აფხაზეთია. არ არსებობს სიკვდილის არც ერთი ფორმა, გარდა ფიზიკურისა, რომელიც მე ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგიდან არ გადამეტანოს. მიუხედავად ამისა, შორს ვარ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის ცდუნებისაგან, ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლების უმაღლეს მიზნად ქართველთა და აფხაზთა (ისევე როგორც, ქართველთა და ოსთა) შერიგება მიმაჩნია”[7].

აფხაზეთში მარცხზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში წარუმატებლობა იყო. ედუარდ შევარდნაძე უძლური აღმოჩნდა კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში. პრაქტიკულად, ქვეყანა კანონმდებლობით, ფორმალური ინსტიტუტებით კი არ იმართებოდა, არამედ მართვა ადამიანთა (მოხელეთა) „კეთილგონიერებას“ იყო მინდობილი. მოქალაქეებს ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ცხოვრობდნენ არა სახელმწიფოში, არამედ  ანტიუტოპიაში, ანარქიის საუფლოში, სადაც  ნებისმიერს ნებისმიერი ქცევის ჩადენის უფლება ჰქონდა მინიჭებული. ამ არაფორმალურ მმართველობას ხალხის მიერ მისთვის შერქმეული მეორე ზედმეტი სახელი – ბაბუ – გამოხატავდა. ეს მართლაც პატრიმონალურ მზრუნველობაზე პრეტენზიის მქონე „ბაბუს  მმართველობა“ იყო.

პარადოქსულად, ამ მთვლემარე უძლურებიდან დაიბადა ახალი ქართული სახელმწიფო.

ედუარდ შევარდნაძემ ვერ შეძლო ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა. “ძველმა ტიკმა” ვერ დაიტია “ახალი ღვინო”. ბალანსის პოლიტიკა, რომელსაც ის მიმართავდა, ძალიან ჰგავდა აკვნის რწევას. “აკვნის რწევამ” კი კოშმარებით აღსავსე ღრმა, ლამის ლეთარგიულ ძილში ჩააგდო საზოგადოება. ამ ძილიდან გამოღვიძების ერთადერთი საშუალება რჩებოდა: ძლიერი შენჯღრევა – რევოლუცია. ასეც მოხდა.

ედუარდ შევარდნაძე ცხოვრობდა „პოლიტიკისთვის“ და არა „პოლიტიკით“. მას (პირადად მას) არ აინტერესებდა სიმდიდრე და ფულის მოხვეჭა. ძალაუფლების იქით მისთვის სხვა უფრო მაღალი მიზანი და ღირებულება არ არსებობდა. ეს მისი „ასკეტურობა“, პრაქტიკული ცხოვრების მინიმალიზმი, მომხვეჭელობაზე სრული უარი კიდევ უფრო ნათელს ხდის მის მთავარ ცხოვრებისეულ მიზანს: იყო და დარჩე ძალაუფლებაში.

მას არ სურდა წამებულის გვირგვინით შესულიყო რომელიმე ქრესტომათიაში, მაგრამ, ამავე დროს, ის სულაც არ იყო არაქრესტომათიული ტიპი. ის არ იყო უწინაპრო პოლიტიკოსი. მისი წინაპრები ორსახა, თავჩალმიანი, გულზეჯვრიანი, იმპერიის წარმოგზავნილი და მისი მსახური  მეფეები იყვნენ. ედუარდ შევარდნაძემ კარგად იცოდა, თუ რომელი ხალხის მმართველი იყო და რა დუღდა მისი ხალხის გულისგულში. მას სჯეროდა, რომ  მისი ხალხის სულისკვეთებას შუა საუკუნეებში შემუშავებული ფორმულა – „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ – გამოხატავდა (არც თუ უსაფუძვლოდ) და ისიც იცოდა, რომ ეს ფორმულა თვით პოლიტიკოსისაგან „რწევა-რყევას“, მრწამსის უქონლობას მოითხოვდა.  ამგვარი ქცევის წარმატებულობას მას  მოდისიდენტო პოეტებისათვის ქალაქის პრესტიჟულ უბანში სამოთახიანი ბინის გადაცემით პირის ამოქოლვის პრაქტიკა უდასტურებდა. ამ ფონზე მას სულაც არ სჭირდებოდა იდეურ და მრწამსის მქონე ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ბრძოლა (თუკი ასეთი ვინმე საერთოდაც არსებობდა). ეს უკვე მისი საქმე არ იყო. იდეურებს გიჟებად და მარგინალებად „სამოთახიანგადაცემულთა“ (ინტელიგენტ-ბურჟუათა) კასტა გამოაცხადებდა და ჩაქოლავდა. უიდეობა და ღირებულებებისაგან თავისუფლება მისი ჰაბიტუსის მთავარი შემადგენელი იყო.

და მაინც, მის ცხოვრებაში იყო უმთავრესი ღირებულება და, ვფქრობ, რომ ეს იყო ოჯახი. არც კომუნისტურ ეპოქაში და არც შემდეგ შევარდნაძის სახელს არ შეჰხებია არც ადიულტერი და არც მისი პირადი ეკონომიკური ინტერესების დაცვას შეუბღალავს მისი სახელი.

დაბოლოს, მისი ანდერძის თანახმად, საკუთარ სახლში, კრწანისში, დაკრძალეს. ამ უკანასკნელი აქტით მან კვლავ „კონტექსტის“ უზენაესობას გაუსვა ხაზი: მას თვალწინ ჰქონდა მაგალითი, თუ რა უყო „მადლიერმა თაობამ“ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულ “რევოლუციის რაინდების” საფლავებს, როგორ ჩამოხსნა პიედესტალებიდან მის წინამორბედთა ძეგლები.

ოჯახი მისთვის ყველაზე დაცული ტერიტორია იყო. ამიტომ კარიერის დასასრულს (2003 წლის 23 ნოემბერი), ხელისუფლებას ჩამოხსნილმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტის კითხვას – „სად მიდიხართ, ბატონო ედუარდ?“ მშვიდი პასუხი გასცა: „სახლში!“.


[1]  Konrad Adenauer mit Selbstzeugnissen und Bilddokumenten dargestellt von Gösta v. Uexkül, 11. Auflage, Hamburg, 2009, S.27

[2] ციტატა ე. შევარდნაძის სიტყვიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXV ყრილობაზე 1976 წელს. გაზეთი „კომუნისტი“, 27 თებერვალი, 1976.

[3]  „საქართველოს რესპუბლიკა“, 1999 წ., 2 ნოემბერი.

[4] საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე: „ბალტია – შავი ზღვის თანამშრომლობა: ინტეგრირებული ევროპისაკენ, სადაც არ იქნება გამყოფი ხაზები“ : იალტა, 1999 წლის 10-11 სექტემბერი // საქართველოსრესპუბლიკა. –

თბილისი, 1999. – 12-13 სექტემბერი.

[5] საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე სემინარის „კანონმდებლობა კავკასიის ქვეყნებში: განხორციელება და ჰარმონიზაცია“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. – თბილისი, 1999. – 16 სექტემბერი.

[6] “საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდრა მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი  ქვეყნის სტატუსი“ / ედუარდ შევარდნაძე ; ჩაიწერა ნატო ონიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. – 1997. – 30 დეკემბერი.

[7] საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება : ხუთი წლის წინათ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. – თბილისი, 1998. – 29 სექტემბერი.

© არილი

Facebook Comments Box