გაგა ლომიძე
“ალქიმიკოსის” მაგიური სინამდვილე
პაულო კოელო. ალქიმიკოსი. ინგლისურიდან თარგმნა დავით აკრიანმა. თბ. ტრიადა, 2002. პირველი გამოცემა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.
“…ნარცისის სიკვდილის შემდეგ, ნიმფებმა იპოვეს ტბა. წინათ ანკარა წყალი ახლა უკვე ცრემლების ტბად ქცეულიყო. “რა გატირებს?” ჰკითხეს მათ. “ნარცისის გამო ვტირი” – უპასუხა ტბამ. “ეს ხომ ისედაც ცხადია, რადგან ჩვენ სულ მუდამ დავდევდით მას ტყეში, მხოლოდ შენ შეგეძლო ახლოს გეხილა შენი მშვენიერება”. “ნუთუ ლამაზი იყო ნარცისი?” – იკითხა ტბამ. “შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს?” – თქვეს გაოცებულმა ნიმფებმა, – “ის ხომ ყოველდღე შენს ნაპირებთან მოდიოდა და ტკბებოდა საკუთარი თავით!” ტბა ერთხანს დუმდა. ბოლოს თქვა: “მე ნარცისისთვის ვტირი, მაგრამ არასდროს შემიმჩნევია, რომ მშვენიერი იყო. ყოველთვის, როცა მუხლს მოიყრიდა ჩემს ნაპირებთან, მისი თვალების სიღრმეში საკუთარ სილამაზეს ვჭვრეტდი”.
“ალქიმიკოსის” პროლოგიდან
ვის არ უოცნებია შორეულ ქვეყნებში თავგადასავლების ძიებაზე… მაშინაც კი, როცა მზე იყო ღმერთი, სულიერი მოგზაურობის მომლოდინე ქურუმებს ძაღლისთავიანი ანუბისი სირიუსისკენ წარუძღვებოდა…
“წადი, საკუთარი ფარა იყიდე და მთა-ბარი მოიარე. ერთხელაც მიხვდები, რომ ჩვენი მხარე საუკეთესოა, ჩვენი ქალები – ულამაზესნი” – ამ სიტყვებით ისტუმრებს მამა საკუთარი ბედის ძიებით შეპყრობილ უძღებ შვილს – სანტიაგოს და რომან “ალქიმიკოსის” ავტორი, ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელო ჩვენც მასთან ერთად გვამოგზაურებს სიზმრებისა და ნიშნების სამყაროში. “სამყარო, როგორც ტექსტი” – ასე შეიძლება განვსაზღვროთ ჩარჩო რომანისა, რომელიც სამყაროს სემიოტიკურ აღქმის იდეას გვთავაზობს. “მიჰყევი ნიშნებს” – არაერთხელ გვაფრთხილებს რომანი. სამყაროს ტექსტუალიზაცია ერთი მხრივ წიგნის, ან თეორიული ცოდნის სასრულობაზე მიგვითითებს და მეორე მხრივ მოქმედებისკენ, პრაქტიკული “ცოდნისკენ” განგვაწყობს. მოდით, მივყვეთ ნიშნებს.
ამ თვალსაზრისით კოელოს ენაც თითქოს ცდილობს “ღმერთის ენას” დაუახლოვდეს. მის მეტაფორებს გარკვეულ იდეამდე მივყავართ, იდეიდან კი ღმერთის მიერ მოცემულ კონკრეტულ ნიშნამდე, რაც ჩვენს ბედს განაპირობებს და რაზე მინიშნებასაც რომანში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ყველაფერი კი მიმართულია საკუთარი სრულყოფისკენ. “როდესაც უკეთესები ვხდებით, ვიდრე ვართ, ჩვენს ირგვლივაც ყველაფერი უმჯობესდება”. ეს ცხადდება ჭუჭყიანი ბროლის გაწმენდის მეტაფორაშიც. საკუთარი თავის სრულყოფა არის “ალქიმიის შესწავლა ყოველდღიურ ცხოვრებაში”, რაც მსოფლიო სულსაც სრულქმნის. სამყაროს სიყვარული მართავს. კოელოს თქმით, სიყვარული არის ის, “რაც ნადავლს შავარდნად აქცევს, შავარდენს – ადამიანად, ადამიანს კი – უდაბნოდ. ეს ის არის, რაც ტყვიას ოქროდ აქცევს, ოქროს კი მიწას უბრუნებს”. და მეტამორფოზა ხდება არაორგანული ბუნებიდან, ორგანულის გავლით ადამიანამდე, როგორც კოელო ამბობს, სამყაროს ამ “გვირგვინ-ქმნილებამდე”, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. აქ შეიძლება გავიხსენოთ ეპიზოდი, სადაც ბიჭი ქარად უნდა გადაიქცეს – ნაწილი, რომლის დაწერასაც ავტორმა ყველაზე დიდი დრო დაუთმო. “დღესავით ნათლად მახსოვს მასზე მუშაობის პროცესი… მაგრამ სამყარო შეითქვა ჩემს დასახმარებლად” – იგონებს კოელო.
პოეტური მეტაფორებითა და ალაგ ჩართული იგავებით სავსე მისი ტექსტი ერთი ამოსუნთქვით გვაკითხებს თავს. პაულო კოელო შეიძლება მივიჩნიოთ მაგიური რეალიზმის გამგრძელებლად, სადაც ფანტასტიკა ნორმადაა მიჩნეული, ყოველგვარი ეჭვის თუ გაოცების გარეშე; ყოველდღიური მოვლენები და იგავური სამყარო ერთსა და იმავე განზომილებაშია. კოელოს lo real maravilloso თავისი პოეტიკით ზოგჯერ ბორხესს მოგვაგონებს (განსაკუთრებით მისი “უკვდავი” მახსენდება), სადაც ყოველგვარი საოცრება შეიძლება მოხდეს და ეს ჩვენც ისე უნდა მივიღოთ, როგორც ბავშვებს ჩვევიათ ხოლმე. “ზოგჯერ ვცდილობთ, რომ უფროსებივით მოვიქცეთ” – აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში კოელო – “და ვერ ვხვდებით, რომ, როგორც ეს იესომ თქვა, ბავშვებისთვისაა სასუფეველი.ამიტომ უნდა ვიყოთ ბავშვები, რომ ყოველ დილას მზის ამოსვლას და ღამით მთვარეს შევხაროდეთ. ამით უაღრესად დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მივიღებთ”.
ამ ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად რომანში ერთმანეთს ხვდება პრაქტიკა და თეორია, გული და გონება, მოქმედება და ოცნება… (იქნებ ოქციდენტური და ორიენტალისტური მსოფლხედვაც). კოელოს აზრით, ადამიანი, რომელიც საკუთარ სიზმარს არ მიჰყვება, უარს ამბობს ღმერთის ხილვაზეც, ვინაიდან ბედნიერი ადამიანები საკუთარ თავში ატარებენ ღმერთს. ალბათ ამ მოსაზრებალო კოელო საკუთარ გამოცდილებასაც გულისხმობს. იგი ბავშვობიდანვე ოცნებობდა მწერლობაზე, თუმცა დედამისისი დაჟინებით სამართლის სკოლაში ჩააბარა. “1960-იანი წლების ჰიპურმა მოძრაობამ გამბედაობა შემმატა, რომ უარი მეთქვა ყველაფერზე და საკუთარ ოცნებას გავყოლოდი” – იგონებს კოელო. ერთ-ერთ ინტერვიუში, ცოტა არ იყოს, პროვოკაციული შეფერილობის რევოლუციური სულისკვეთებით აღნიშნავს: “მე იმედი მაქვს, გვეყოფა გამბედაობა, რომ უარი ვთქვათ სამუშაოზე, ყოველგვარ ფორმალობებზე… და მივყვეთ ჩვენს ბედს”.
“ალქიმიკოსის” წარმატება, ნაწილობრივ ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მისთვის დამახასიათებელია სადა და პოეტური ენა (და ეს თარგმანშიც იგრძნობა). ზოგჯერ პაროდიამ, მაგ., მელქისედეკის მონოლოგში, შეიძლება გაგვახსენოს კლასიკური ნაწარმოებების ჰოლივუდური “რიმეიკი”. შესანიშნავია სანტიაგოსა და ფატიმას შეხვედრის ეპიზოდი, სადაც ერთი ნახვით სიყვარული კოსმიურ ხარისხშია აყვანილი და სიყვარულის ახსნა საოცრად პოეტური: “მე შენ მიყვარხარ, რადგან მთელი სამყარო შეითქვა და დამეხმარა, რომ მეპოვნე”. როცა ხილული სამყაროს მიღმა სულიერ მოვლენებს ვჭვრეტთ, მაშინ ღმერთის ენაც გასაგები ხდება; ჩვენ მის ნიშნებს ვკითხულობთ. ღმერთის ენა – სიყვარულის ენაა, რასაც სანტიაგო არაერთხელ აცნობიერებს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის გზაზე. “არსებობს უნიკალური ენა, ყველასთვის გასაგები, თუმცა ამჟამად დავიწყებული” – ვკითხულობთ რომანში. აღმოსავლურ მისტიკასთან “დაბრუნება”, ეგვიპტეში მოგზაურობა, ერთგვარად, წარსულისკენ, ფესვებისკენ, იმ კულტურისკენ რეტროსპექციაა, სადაც ყველასთვის საერთო – პრაენა – სიყვარული ეგულებათ. ამ ინტუიციური, უსიტყვო მეტყველებისვის “უცხოს” გაგება არ არსებობს. მთელი ეს მოგზაურობა სანტიაგოსთვის თვითშემეცნების გზა-მეტემფსიქოზია, სადაც იგი “იგონებს”, რომ თვითონაც ღმერთის ნაწილია და ყველაფერი – ერთია. კოელოს ანთროპოლოგიური ძიებანი მთავრდება იმით, რასაც შეიძლება გლობალური ჰუმანიზმი თუ ჰუმანისტური გლობალიზაცია დავარქვათ: რომანის მთავარი გმირის სახელი – სანტიაგო პირველად დასასრულს ჩნდება, როცა იგი შინ ბრუნდება, საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს და შეიმეცნებს, რომ მართალია სამყარო “ერთი ხელითაა დაწერილი”, მაგრამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
“ალქიმიკოსის” კითხვისას (იქნებ სიტყვა ალქიმიის წყალობით) მკითხველი და გმირი იმანენტურია. სანტიაგოსთან ერთად, ჩვენც ვჭვრეტთ ქვიშის მარცვალში შესაქმის საიდუმლოს. ეს უაღრესად ოპტიმისტური რომანი საკუთარი ძალის რწმენას გვმატებს (“როცა რაღაც გსურს, მთელი სამყარო შეითქმება, რათა ამ სურვილის განხორციელებაში დაგეხმაროს”) და შეგვახსენებს, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა წუთი, როცა ბედი საკუთარ არჩევანს გვთავაზობს; ის, ვინც მას მიჰყვება – ბედნიერია.
მაგრამ იქ, სადაც ყველაფერი თითქოსდა წესრიგშია, ეჭვი თავის ხლართებს აგებს. ბორხესი წერდა: “სამყარო ჩვენ გამოვიგონეთ, როგორც მუდმივი, იდუმალი, ხილული, სივრცესა და დროში მყოფი; მაგრამ მისი აგებისას დავტოვეთ უგუნურების უმნიშვნელო, მარადიული ნაპრალი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სამყარო – ჩვენი წარმოსახვაა”. იქნებ კოელომ სასურველი რეალობად (ან, უარეს შემთხვევაში, შესაძლებლობად მაინც) წარმოგვიდგინა, რომ ჩვენს სანუკვარ ოცნებებზე ეთამაშა… იქნებ სამყაროს ენაც ისეთივე უტყვი და გაქვავებულია, როგორც ეგვიპტური იეროგლიფები “ალქიმიკოსის” გარეკანზე.
© “წიგნები – 24 საათი”