ეძღვნება რეზოს
ის სულ სხვანაირი იყო. მისი სხვანაირობა ძირითადად ამპარტავნობაში გამოიხატებოდა. თუმცა, ზოგი ოდნავ უფრო იდეალისტურად უდგებოდა მისი სხვანაირობის საკითხს, რადგან მართლაც ძნელია საქართველოში ქედმაღლობით გამოირჩეოდე! სულ გაიძახოდა, მე, მე, მე, მე… ჰოდა, ერთხელაც მწერალთა ყრილობაზე, სადაც დეკადენტური მწერლობის რომელიღაც დასავლური მიმდინარეობა უნდა დაეგმოთ მისი მავნე ზეგავლენის გამო გზასაცდენილ პოეტთა ვიწრო ჯგუფზე, ომახიანად დაიწყო: „მეო“… და პახ!.. ოღონდ ისე სწრაფად არა, სიცოცხლის აზრზე დაფიქრება რომ ვერ მოესწრო. მიდუმდა, მიყუჩდა, მოიმჩვარა, მაგრამ ჩაფიქრდა. არ გეგონოთ, ამ დროს ადამიანი თავისი იდეების ერთგული რჩებოდეს, ყველა ლენინი ხომ ვერ იქნება?
მწარედ დაასკვნა, ოღონდ ახლა არა და ნაბუქოდონოსორივით ცის ფრინველებთან და ველის ცხოველებთან დავიდებ ბინასო! (იმ მწერლებთან ერთად ყოფნას, მგონი, ერჩივნა).
რომ მოძლიერდა, ალაპარაკდა და ჩვეულებრივ, როგორც ადამიანებს გვჩვევია ხოლმე, ფრაზებში შიგადაშიგ „მეც“ გამოურია, ოღონდ ჯერ თავს არ უტყდებოდა. სწორედ ამ დროს მოინახულა პატრიარქმა.
– შენზე ძალიან ვწუხდით, შვილო, მაგრამ, როგორც ჩანს, უფალმა ჯერ არ ინება… მადლობა მას! მართლაც რომ შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი, თუმცა ჩვენ უკვე ვფიქრობდით…
ნეტა რას ფიქრობდა? – გაიფიქრა მწერალმა – განა ამით ღმერთმა არ მიმითითა რომელიმე უდაბნოსკენ ან მივარდნილი მონასტრისკენ, რათა ამასოფლის ამაო ფაციფუცს განვერიდო და წმინდა მამათა სავანეში თვითჩაღრმავების გზით ჭეშმარიტებას ვეზიარო?!
– იმას ვფიქრობდი – განაგრძო პატრიარქმა – როგორ დაგვეყოლიებინა შენი ოჯახი, მთაწმინდის პანთეონში დაგვესაფლავებინე. შენ უგონოდ იყავი, მამაშენი კი, მოგეხსენება, ჯიუტი კაცია, თქვენი სოფელი, თარგამეული ჰქონდა დაჩემებული.
ალბათ ამიტომ არ დაუშვა ღმერთმა ჩემი სიკვდილი – ჩაიბუტბუტა მწერალმა, ისე, რომ პატრიარქმა ვერ გაიგო. – ვფიქრობ, დღესვე მომიწევს ანდერძის შედგენა, რადგან…
– რადგან რა, შვილო ჩემო?
– რადგან ის, რომ დღეს გაირკვევა საბოლოოდ ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი. ანალიზების პასუხს წუთი-წუთზე ველოდები. – ეს თქვა და ფიქრი განაგრძო, ოჰ, ნეტავ ცუდი პასუხები იყოს, ერთხელ ხომ მაინც უნდა მოვკვდე, განა არსებობს ამაზე ხელსაყრელი დრო?
პატრიარქი თითქოს მიუხვდა და არ იჩქარა საავადმყოფოდან წასვლა.
– შენ დიდი საუნჯე შეჰქმენი, შვილო, ქართული კულტურის ამაგდარი ხარ. ვინც დედამიწაზე თავისი ერის სულიერ კულტურას ამდიდრებს, იგი ზეცაშიც კურთხეული იქნება.
პატრიარქის სიტყვებმა მწერალში უნებლიეთ გააღვიძა თითქოს ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებული ამპარტავნება და მან სრული სისავსით მიანიჭა უპირატესობა დღევანდელ კვერცხს, ანუ დედამიწას, და მის შემაღლებულ ადგილებს. ისე მოეშალა ფანტაზია, წარმოიდგინა, რომ იქ, მთაწმინდაზე, რაღაცნაირად დახვეწილი გემოვნების მატლები შეჭამდნენ… რა ათონი, რის უდაბნო, რომელი მონანიება, ახლა ხომ სიკვდილისაც აღარ ეშინია, მთავარია, პატრიარქმა არ დაასწროს!..
და ამ დროს ელვის უსწრაფეს გაიღო პალატის კარი და აფრიალებული ფურცლებით ხელში აღტყინებული ექთანი შემოვარდა: თქვენ გადარჩით, გესმით, ეს აღარავის აღარ ეგონა! თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ!
– გილოცავ, შვილო, მშვიდად მიმართა პატრიარქმა, მაგრამ მწერალს სასოწარკვეთილს ჩაერგო თავი ხელებში და ერთი აზრი უტრიალებდა: ღმერთო, რად დამღუპე, პატრიარქი ხომ ძალზე მოხუცია!.. მე მთაწმინდა მიხ… და გულზე იტაცა ხელი, ინფარქტი გაუმეორდა, თუმცა არ გაუმართლა, იგი კვლავ გადარჩა და დღესაც ცოცხალია…
© არილი